15/02/2017 კატეგორია: სტატიები,

„ოქროს საუკუნის ძიებაში“

დიაკონი ანდრეი კურაევი

%e1%83%9d%e1%83%a5%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a3%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%ab%e1%83%98%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%98
გადმოწერა:

ზოგჯერ ადამიანის ცნობიერებაში ჩნდება აზრი იმის შესახებ, რომ ეკლესია – ეს არის ფარისევლთა, ვერცხლისმოყვარეთა და გახრწნილთა ადგილი. შესაბამისად ყალიბდება დასკვნა: „ალბათ გესმის, რომ შენისთანა წესიერი ადამიანი ამ საზოგადოებაში არ უნდა ტრიალებდეს!“

მაგრამ ზოგიერთი სრულიად საწინააღმდეგო მოტივითაც დგას ხოლმე ეკლესიის გარეთ, რადგან ეჩვენება, რომ ეკლესია მხოლოდ წმინდა ადამიანების კრებულია (ამასთანავე სიწმინდე აღიქმება როგორც აბსოლუტური უცოდველობა და „ანგელოზური თავმდაბლობა). „იქ ისეთი სულიერებით გამორჩეული ადამიანები არიან, აი მე კი… არა ჩემი ადგილი იქ არ არის. ამგვარად, ადამაინს ექმნება მეტისმეტად იდეალური წარმოდგენა ეკლესიის ცხოვრებაზე…

მახსოვს, მეც ასეთ იდეალიზებულ სურათს ვხატავდი მორწმუნე ადამიანებზე იმ დროს, როცა თავად ვიყავი, ასე ვთქვათ, რწმენის ზღვარზე. ბერები, ვფიქრობდი მე, ყველანი ისეთი ასკეტები არიან… ისინი დღეში მხოლოდ ერთ სეფისკვერს და ერთ ჭიქა ნაკურთხ წყალს იღებენ… მღვდლები ტუალეტით არ სარგებლობენ… სემინარისტები კი მთელი დღე გულზე ხელებდაკრეფილნი დადიან და ლოცულობენ (კათოლიკურ სურათებზე გამოსახული მადონებივით). და აი, ერთხელ, როცა მოსალოცად ჩამოვედი სერგის ლავრაში, უცებ ჩემს წინ ვხედავ წარმოსადეგ, სოლიდური აღნაგობის მქონე ბერს. გაოცებული ვუყურებ მას და ვფიქრობ: როგორი ასკეტი უნდა იყოს ის?! ეს ბერი მოდის ჩემთან და მეკითხება: „შენ ფიქრობ, რატომ ვარ ასეთი მსუქანი არა? ეს იმიტომ, რომ მსუქანი ბერი განვიკითხე!“ უნდა შევნიშნო რომ მაშინ მე საკმაოდ გამხდარი ვიყავი…

მოგვიანებით ერთი ეპისკოპოსი მიყვებოდა მსგავსი ყოფითი საცდურის შესახებ, რომლის გამოც კინაღამ სემინარიაში ჩაბარება გადაიფიქრა, რადგან ლიტურგიაზე დაუნახავს, რომ ერთ-ერთი დიაკონი თავისი კვერექსის მოლოდინში ამთქნარებდა. „არა, მორჩა, ვხედავ, როგორი მლოცველები და წმინდანები არიან! – გაუელვა მომავალ სემინარისტს თავში, – ყველაფერი ეს თვალთმაქცობა და სიყალბეა“. ამის შემდეგ მისთვის ადვილი როდი იყო იმის გამოცნობა, თუ საიდან მოდიოდა ეს “ღვთივსათნო” აზრები…

ასე რომ თუ არ გაქვს უნარი ფხიზლად აღიქვა ყველა ის მოვლენა, რომელიც გარშემო ხდება, მაშინ ადვილია ხიბლში ჩავარდნა, მათ შორის იმ ხიბლშიც, რომლის ტყვეც ზედმიწევნით, წვრილად ითვლის „ანტიქრისტეს გამეფების ნიშნებს“ და გაზეთიდან ამ თემაზე დაწერილ ახალ ამბებსაც აგროვებს. „შეხედე, აი, კვლავ თვითმფრინავი ჩამოვარდა! ნამდვილად ახლოსაა მეორედ მოსვლა! და მეზობელ მრევლში მომხდარი ამბავი გაიგე? რადგან სასულიერო პირები უკვე ასეთები არიან, აუცილებლად ახლოსაა სამყაროს აღსასრული“. საეკლესიო ცხოვრებაზე არაადეკვატურ შეხედულებებს შეუძლია ადამიანი აიძულოს, დატოვოს ეკლესია, უარი თქვას მასზე, ხოლო ამგვარი შეხედულებები მით უფრო გამუქებულია, რაც უფრო გასხივოსნებულად წარმოგვიდგენია ეკლესიის ისტორია.

სასულიერო სემინარიის კურსებზე ეკლესიის ისტორიას ასწავლიან, როგორც წმინდანების ისტორიას, ამიტომ ამ კურსების მსმენელთა მეხსიერებაში მხოლოდ წმინდანებისა და ერეტიკოსების სახელები რჩება. ახსოვთ მიტროპოლიტი ფილიპე და პატრიარქი გერმოგენე, წმ. სერგი და მოწამე არსენი, მაგრამ არ ახსოვთ, რომ სწორედ დანარჩენ ეპისკოპოს-თანამოძმეთა კრების მიერ იქნენ განკვეთილნი ფილიპეც, გერმოგენეც და არსენიც (პარალელის გავლება შეიძლება მსოფლიოს მამებთანაც, იოანე ოქროპირთან, ათანასე ალექსანდრიელთან, მაქსიმე აღმსარებელთან, სვიმეონ ახალთან… დ.თ.)

ეკლესიის ისტორიის ლექტორთა სწორედ ასეთი “სულგრძელობის” მიზეზით (რომელიც არასასიამოვნო ისტორიული ფაქტების დამალვაში გამოიხატება, დ.თ.) მათ მიერ აღზრდილ სტუდენტებში ყალიბდება უკიდურესად აპოკალიფტური განწყობები… ადრე, თითქმის ყველა ბერი წმ. მოღვაწე იყო, ყველა ეპისკოპოსი – წმინდანი, ახლა კი თითქმის აღარავინაა ასეთი და უკვე შეუძლებელია არ გახვიდე სქიზმაში (პროტესტის ნიშნად)…

ყოველივე ამის გამო დიდი მნიშვნელობა აქვს გავიხსენოთ ის გლოვა-გოდება (და უკიდურესი დაპირისპირებები, დ.თ.), რომელიც წითელ ზოლად გასდევს მამათა ნაშრომებს, მაგრამ რომელმაც ვერაფრით შეაღწია ეკლესიის ისტორიის სახელმძღვანელოებში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ არ ყოფილა არც ერთი საუკუნე, რომელიც თავისთავად ჩაითვლებოდა “ოქროს” საუკუნედ, რადგან შეუძლებელია ეკლესიის ისტორიაში ისეთი ასწლეულის პოვნა, რომლის განმავლობაშიც არ იყო სერიოზული პრობლემები…

ჯერ კიდევ მოციქულებს უწევდათ საკმაოდ მწარე სიტყვების წერა თავიანთი მოწაფეების შესახებ: „თუკი ერთიმეორეს ჭამთ და შეურაცხყოფთ, ფრთხილად იყავით ერთმანეთი არ გაწყვიტოთ” (გალატ. 5.15). „კეთილად მიდიოდით და ახლა ვინ შეგაფერხათ, რომ აღარ მორჩილებთ ჭეშმარიტებას“ (გალატ. 5.7). „ყველა თავისას ეძიებს და არა იმას, რაც სათნოა ღვთისათვის“ (ფილიპ. 2,20-21). ასევე მკაცრი სიტყვების მოსმენა მოუწია მოციქულ იოანესაც უკვე პირველი ქრისტიანული ეკლესიების შესახებ (მიმართვა ლაოდიკიის ეკლესიისსადმი; გამოცხ. 3,15-17).

არც მომდევნო საუკუნეებში ყოფილა უკეთესი მდგომარეობა. მოვუსმინოთ ეკლესიის მამთა შეფასებებს:

ჰერმესი: „თქვენ მოგმართავთ, რომელნიც მეთაურობთ და თავჯდომარეობთ ეკლესიაში: ნუ იქნებით ბოროტმოქმედთა მსგავსნი! ბოროტმოქმედნი თავიანთ შხამს ჭურჭლით მაინც ატარებენ, თქვენ კი თქვენს საწამლავს გულში ინახავთ”.[1]        


წმ. კლიმენტი რომაელი:
„მთელი დიდება თქვენ გებოძათ და აღსრულდა დაწერილი: „ჭამდით და სვამდით, გასუქდით და დამრგვალდით, და დაივიწყეთ ღმერთი” (II რჯულ. 32,15). ამის გამო იქმნა გულფიცხობა და შური, მტრობა და განხეთქილება, დევნა და აღშფოთება, ომი და ტყვეობა. განგვშორდა სიმართლე და მშვიდობა, რადგან დაუტევეთ უფლის შიში, დაგიჩლუნგდათ რწმენა და აღარ ცხოვრობთ უფლის მცნებებით“.[2]     

ორიგენე დაუფარავად საუბრობდა იმის შესახებ, რომ მისი თანამედროვე ეკლესია უფრო უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე ეს ადრე იყო (იხ. 4 საუბარი იერემიას წიგნზე, 3; მათეს სახარების განმარტება, 17,24). იგი ასევე მწუხარებით აღნიშნავდა ეკლესიაში ფეხმოკიდებული დესპოტიზმის შესახებ, იმის შესახებ, რომ ეპისკოპოსები აღარ იყვნენ ქრისტეს მოწაფეები, არამედ იქცნენ ერთგვარ ბატონებად ეკლესიაში, რომ დაივიწყეს ქრისტეს მცნება თავმდაბლობის შესახებ, ხოლო ის მოძღვრები, ვისაც გლახაკთა დაპურება ჰქონდათ დავალებული, თავად ნადიმობდნენ სასმელის მოყვარულებთან ერთად და სხვებსაც აძლევდნენ ამის ნებას. დიაკონები, რომლებიც საეკლესიო ქონების მართვაში მონაწილეობდნენ, ხშირად პირადი სარგებლისათვის იყენებდნენ მას. ასევე ანგარების, გამდიდრების მიზნით, ისინი სარგებლით ასესხებდნენ სხვებს ამ ფულს (მათეს განმარტება, 16,12; PG 13, 1449).[3]

წმ. კვიპრიანე კართაგენელი: „მრავალმა ეპისკოპოსმა, რომლებმაც სხვები უნდა შეაგონონ და მათთვის მაგალითი იყვნენ, მიატოვა ღვთაებრივზე ფიქრი და ამქვეყნიურ საქმეებზე ზრუნვა დაიწყო: მიატოვეს კათედრა და ხალხი, დაწანწალებენ უცხო მხარეებში და ცდილობენ არ გამოტოვონ სავაჭრო დღეები, რათა მოიპოვონ მატერიალური შემოსავალი. მაშინ, როდესაც ძმები ეკლესიაში შიმშილობენ, მოხვეჭის ვნებით გატაცებული ეპისკოპოსები ავაზაკურად ეუფლებიან საერთო შემოსავალს…“[4]     

ევსევი კესარიელი, რომელიც პირველი საეკლესიო ისტორიკოსია, ყოველგვარი პირფერობის გარეშე საუბრობს ეკლესიის ცხოვრებაზე: „…ჩვენი მოჩვენებითი მწყემსები, დაივიწყეს რა ღვთისმოშიშება, მთელი აღტკინებით ჩაებნენ ერთმანეთთან კამათში და ამით განამრავლეს მხოლოდ ერთი – მტრობა და სიძულვილი… ისინი ძალაუფლებისკენ ისევ ხარბად მიისწრაფიან, როგორც ტირანები ტირანიისკენ“.[5]      


წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი:
„არ ვაქებ ჩვენში არსებულ არეულობასა და უწესრიგობას. ჩვენს დროში იქმნება იმის საშიშროება, რომ ყველაზე წმინდა ხარისხი ყველას დასაცინი გახდეს, რადგან წინამძღვრობა უკვე ქველი საქმეებით კი არ მოიპოვება, არამედ ხერხით, ხრიკით… სამღვდელო ხარისხისთვის ყოველგვარი მომზადების გარეშე… ერთ დღეში აგვყავს ისინი წმინდანთა ხარისხში და სიბრძნეს ვთხოვთ მათ, ვისაც არაფერი უსწავლიათ და თვითნებობის გარდა არაფერი შეუძლიათ, როდესაც სამღვდელო ხარისხს ღებულობენ. ასეთი მღვდელი ფიქრობს, რომ ძალაუფლების მიღებასთან ერთად ბრძენიც გახდა – იმდენად ცუდად იცნობს საკუთარ თავს, იმდენად წაართვა ძალაუფლებამ აზროვნების უნარი“.[6]

სხვა ადგილას წმ. გრიგოლი ამბობს: „ზოგიერთი მღვდელმსახურებისთვის პირდაპირ იმ მაგიდიდან მოემართება, რომელზედაც ფული იცვლება, ზოგი გუთანზე მუშაობისაგან გარუჯულა, ზოგმაც ახლახან დაანება თავი თოხს, რომელთანაც მთელი დღე გაატარა… და ამგვარი ხალხი ახლა მსაჯულებად და მეორე წინასწარმეტყველ დანიელებად გვევლინებიან… მაგრამ ძნელია დაიჯერო, რომ მათ ასე ადვილად შეძლეს ცხოვრების წესის შეცვლა“.[7]

წმ. გრიგოლი ასევე იერარქიის გასაგონად ამბობდა: „მე არ ვარ შეპყრობილი ეპისკოპოსთათვის დამახასიათებელი სულით და თქვენსავით არ ვემზადები საჩხუბრად“…[8]

ასევე ცნობილია მისი პესიმისტური სიტყვები ეკლესიის მაშინდელ მდგომარეობაზე: „კითხულობ, როგორ არის ჩვენი საქმეები? უკიდურესად მძიმედ. ეკლესიები მწყემსების გარეშე არიან: კეთილი იღუპება, ბოროტება კი ყველგან იჩენს თავს. ჩვენ ღამით გვიწევს ცურვა, მეგზური ვარსკვლავები კი არსად ჩანს. ქრისტეს სძინავს“.[9]

მისივე სიტყვებია: „ლომი, იქედნე, გველი უფრო დიდსულოვანნი და თავმდაბალნი არიან ამპარტავან ეპისკოპოსებთან შედარებით, რომლებშიც სიყვარულის ნაპერწკალიც კი არ არის. კარგად შეხედე და შენ ცხვრის ტყავში მგელს აღმოაჩენ. და თუ იგი მგელი არ არის, მაშინ დამიმტკიცოს ეს არა სიტყვებით, არამედ საქმით. ჩემთვის ფასი არა აქვს იმ სწავლებას, რომელიც ეწინააღმდეგება ცხოვრებას… მაგალითად, მღვდლები უმწეოებს ლომებივით ექცევიან, ხოლო ძლიერებს კი – ძაღლებივით, რომლებიც ყველგან ყოფენ ცხვირს და უფრო მეტად გავლენიანი ადამიანების კართა არიან ატუზულნი, ვიდრე ბრძენი ადამიანების კართან. ერთი თავისი კეთილშობილური წარმომავლობით ტრაბახობს, მეორე – მჭევრმეტყველებით, მესამე – სიმდიდრით, მეოთხე – ყოვლისშემძლე ახლობლებით, ხოლო ვისაც არაფერი აქვს სატრაბახო, თავისი ცოდვებით მოაქვს თავი”.[10]

წმ. ბასილი დიდი: „ეკლესია თითქმის ისეთსავე მდგომარეობაშია, როგორშიც ჩემი სხეული: არანაირი იმედი არ ჩანს, ვითარება თანდათან უარესისკენ იცვლება.”[11]

წმ. ბასილისათვის ზოგჯერ გაუგებარი იყო იერარქიის საქციელი: „ეპისკოპოსები, რომლებსაც ჩემთან აქვთ ურთიერთობა, სიზარმაცის თუ ჩემს მიმართ არაგულწრფელი დამოკიდებულების გამო, არ მიწყობენ ხელს უმნიშვნელოვანეს საქმეებში”.[12]    

წმ. ეფრემ ასური: „ეკლესიაში დაისადგურა დამღუპველმა უზრუნველობამ”.[13]

        


წმ. იოანე ოქროპირი:
„შურის, ყოვლისშთანმთქმელ ცეცხლს მოუცავს მღვდლები. როგორც ტირანს ეშინია თავისი მცველების, ასევე მღვდლებსაც ყველაზე მეტად თავისი ახლობისა და მსახურების ეშინია, რადგან ისე არავინ ელტვის მის ძალაუფლებას და ისე არავინ იცნობს მის საქმეებს, როგორც ისინი”.[14]

მასვე ეკუთვნის შემდეგი მკაცრი შეფასება ეკლესიის იერარქიისა: “დიდ განსხვავებას ვხედავ წარსულ და თანამედროვე მწყემსმთავრებს შორის. ისინი მებრძოლები იყვნენ, ესენი კი ზარმაცები არიან; ისინი წიგნიერებითა და სწავლებებით ხდებოდნენ სრულყოფილნი, ესენი კი მორთვა-მოკაზმვით სრულყოფენ თავს. მათ თავი ცხოვართათვის გაწირეს, ესენი კი, დაქირავებულ მწყემსთა მსგავსად, სამწყსოს ტოვებენ და გარბიან”.[15]

მისივე სიტყვებია: „მღვდლებად აკურთხებენ ვიღაც უვიცებს და მათ ადგენენ იმ საგანძურის, მონაპოვარის ზედამხედველებად, რომლისთვისაც ძე ღვთისამ თავისი სისხლი დაღვარა”.[16] 

წმ. ილარიონ პიქტავიელი: „ხალხის სასმენელი უფრო წმინდა აღმოჩნდა, ვიდრე იერარქთა გულები”.[17]         


ნეტარი იერონიმე:
„ყველა ეპისკოპოსი არ არის ჭეშმარიტი ეპისკოპოსი. გახსოვდეს, რომ მოციქული იყო როგორც პეტრე ასევე იუდაც. საეკლესიო ხარისხი ადამაინს არ აქცევს ნამდვილ ქრისტიანად”.[18]   

    

როგორც წმ. ისიდორე პელუსიოტი ამბობდა: „ეპისკოპოსობას მხოლოდ ისინი იმსახურებენ, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მის არსს მამობრივი მზრუნველობა წარმოადგენს და არა თვითნებობა… ასეთები (თავნებანი) ზოგიერთებზე ბატონობენ, ხოლო ზოგიერთებს ემონებიან, სხვებზე მბრძანებლობენ, ხოლო სხვების წინაშე კი მლიქვნელობენ, ზოგს ავიწროვებენ, ზოგიერთების წინაშე კი მიწაზე ხოხავენ. ამიტომ ნუ გიკვირს, რომ მღვდელი იერაქსი, ჭკვიანი კაცი, გაექცა ამ წოდებას, როგორც ყველაზე მძიმე დაავადებას”.[19]    

წმ. მაქსიმე აღმსარებელი: „იმას რაც უფალმა ფარისევლებთან დაკავშირებით თქვა, მე დღევანდელ მლიქვნელებს მივუსადაგებდი. მძიმე და აუტანელ უღელს ხომ არ ვადებთ ადამიანებს, თვითონ კი თითის განძრევაც არ გვინდა მის სატარებლად? ჩვენს საქმეებს მხოლოდ ადამიანების დასანახად ხო მარ ვაკეთებთ? ხომ გვიყვარს ნადიმებზე საუკეთესო ადგილის დაკავება, მათ კი, ვინც უხალისოდ მოგვაგებს ასეთ პატივს, სამკვდო-სასიცოცხლოდ გადავეკიდებით ხოლმე… გარედან ხომ არ ვწმენდთ ჭურჭელს, შიგნით კი მტაცებლობით, სიხარბით და თავშეუკავებლობით აღსავსეს ვტოვებთ? საფლავებზე ქვებს ხომ არ აღვმართავთ და მოციქულთა სამარხებს ვამკობთ, თავად ჩვენ კი მათ მკვლელებს ვემსგავსებით?”[20]  


წმ. გრიგოლ დიოლოგოსი:
„შეხედეთ, ქვეყანა სავსეა მღვდლებით, მაგრამ იშვიათად თუ შეხვდებით ღვთის ჭეშმარიტ მსახურს, რადგან ეპისკოპოსის ხარისხის მიღება კი გვსურს, მაგრამ ამ ხარისხის შესაბამისი მოვალეობების შესრულება არ გვინდა. შაყვარელო ძმებო! ეპისკოპოსების ცხოვრებაში დიდი საშიშროება დევს, რომლის გამოც ძალიან ვწუხვარ… ჩვენ მხოლოდ ეპისკოპოსის სახელს ვატარებთ, ღირსებებს კი – არა. ისინის, ვინც ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ არიან, ღმერთს შორდებიან, ჩვენ კი ვდუმვართ; ისინი ბოროტების მსხვერპლნი ხდებიან, ჩვენ კი მათ ხელსაც არ ვუწოდებთ. წუთისოფლის საქმეებით დაკავებულებს აღარ გვაღელვებს ადამინთა ბედი”.[21]   

წმ. იოანე დამასკელი: „ჩვენი დროის ეპისკოპოსები მხოლოდ ცხენებზე, მიწის მოსავალზე, ცხვრის ფარებსა და ფულად შემოსავალზე ზრუნავენ, ასევე ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ გაასაღონ უფრო მომგებიანად თავიანთი ხორბალი, ზეთი, როგორ დააყენონ უკეთ ღვინო, სარფიანად გაყიდონ მატყლი და აბრეშუმი, აზუსტებენ მხოლოდ ძვირფასეულობის ფასსა და მონეტების წონას; მონდომებით ზრუნავენ იმაზე, რომ მატი ყოველდღიური სუფრა იყოს გემრიელი და ნოყიერი, ფუფუნებით სავეს, სურნელოვანი ღვინითა და საკვირველი ზომის თევზებით. ხოლო რაც შეეხება სამოძღვრო საქმიანობას, ეპისკოპოსები ოდნავადაც არ ფიქრობენ თავიანთი სამწყსოს სულებზე. ისინი, სახარებისეული შედარებით, მართლაცდა მგლებად იქცნენ. როგორც კი გაიგებენ, რომ ვინმემ მათი სამწყსოდან ჩაიდინა თუნდაც მცირედი შეცდომა მეყსეულად განურისხდებიან და ყველანაირ ეპიტემიებს დაატეხენ თავს”.22 

წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი: „რა ვუთხრათ მათ, რომლებსაც უყვართ მნიშვნელოვან პირებად ყოფნა და ამიტომ მიილტვიან მღვდლობისკენ, იღუმენობისა თუ ეპისკოპოსობისკენ, როდესაც ვხედავ, რომ ამისათვის აუცილებლად საჭირო ცოდნა არ გააჩნიათ და საღვთო საქმეებისა არაფერი გაეგებათ…”[23]      

მე – 16 საუკუნეში წმ. მაქსიმე ბერძენი რუსეთის შესახებ იმავე ინტონაციით საუბრობს, რომლითაც ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები ისრაელს მიმართავდნენ: „დიადი და ძლიერი ბერძნული სამეფოს უეცარმა დაღუპვამ, თუკი არ გინდათ, რომ მისი ბედი გაიზიაროთ, დაე, შეგაჩეროთ, რომ თავს არ დაგატყდეთ ჩემი (იგულისხმება უფლის, დ.თ.) მრისხანება. გაიხსენეთ, როგორი დიდებული გალობით, უზარმაზარი ზარებითა და კეთილსურნელოვანი საკმევლით მემსახურებოდნენ ყოველდღე იქ, რამდენი ღამისთევა აღსრულდა საეკლესიო დღესასწაულებზე, როგორ უზარმაზარ და მშვენიერ ტაძრებს მიშენებდნენ… და ამ ყველაფერმა მათ (ბიზანტიელებს, დ.თ.) არავითარი სარგებელი არ მოუტანა, რადგან “ქვრივსა და ობოლს ჩაგრავდნენ და ხიზანს ხოცავდნენ…” (ფს. 93.6). ასევე სამღვდელო ხარისხში აჰყავდათ არა ისინი, ვინც ამისი ღირსნი იყვნენ, არამედ ისინი, ვისაც ყველაზე უფრო დიდი ძღვენი მოჰქონდათ და მათ ადგენდნენ ჩემი ხალხის წინამძღვრებად. გეშინოდეთ ამ მაგალითის, შეწყვიტეთ ურჯულოება! რომელი მსახურებით მოიწონებთ თავს ჩემს წინაშე?! როცა ჩემს გამოსახულებას ხედავთ ხატებზე, დიდი მოწიწებით ამკობთ მას ოქრო-ვერცხლით, ხოლო თავად მე, რომელიც თქვენს შორის ვმყოფობ, მტოვებთ მშიერს სიცივეში მაშინ, როდესაც თქვენ თავად გემრიელად ჭამთ, სვამთ და თავს იმკობთ სხვადასხვა შესამოსლით. მე არ გთხოვთ ოქროს გვირგვინებსა და ჩუქურთმებს, რადგან ჩემი მორთულობა და დაწნული გვირგვინი არის ის, რომ მიხედოთ ღარიბებს, ობლებს და ქვრივებს… რა სიხარული უნდა მომიტანოს მე თქვენმა ტკბილად გალობამ, რომელიც მე ღატაკთა გოდებასა და ოხვრასთან ერთად მესმის?”[24]

XVII საუკუნის ბერძენი მქადაგებელი წმ. ილია მინიატისი თავის სამწყსოზე საუბრისას იხსენებს დიოგენეს, რომელიც მზიან დღეს ლამპრით დაეძებდა ადამიანს. „ჩემთვის ძნელია შედარება მაგრამ სიმართლის თქმა საჭიროა. იმ დროს როდესაც მზესავით ანათებს მართლმადიდებლობა, მეც ვანათებ ლამპარს, მოვდივარ ეკლესიაში და ვიწყებ ქრისტიანის ძებნას. მე მინდა ამ ხალხმრავალ ქრისტიანულ ქალაქში ვიპოვო მხოლოდ ერთი მათგანი, მაგრამ ვერ ვპოულობ. მე ქრისტიანს ვეძებ, ქრისტიანს. მივდივარ ერთი ადგილიდან მეორეზე, ვეძებ მოედნებზე, მაგრამ ყველგან მხოლოდ სიამაყეს ვხედავ. ვეძებ ქრისტიანს ბაზარში, ვაჭრებს შორის, მაგრამ აქაც მხოლოდ დაუცხრომელ სიხარბეს ვაწყდები. ვეძებ ქრისტიანს ქუჩაში, ახალგაზრდებს შორის, აქაც მხოლოდ გახრწნილებაა გამეფებული. გავდივად ქალაქის კედლებს გარეთ და ვეძებ სხვადასხვა დასახლებებს შორის, მაგრამ აქაც მძლავრობს ამა ქვეყნის მთელი სიცრუე… ყველა მღვდელმა და ერისკაცმა, თავადმა და ღატაკმა, კაცმა, ქალმა და ბავშვმა, ახალგაზრდამ თუ მოხუცმა დაუტევა რწმენა, არც ერთი მათგანი არ ცხოვრობს რწმენის მიხედვით. ქრისტიანებო, ვინც ცრემლის გარეშე ისმენთ ამ სიტყვებს! თუ თქვენ მწუხარების გამო არ ტირით, სირცხვილის გამო მაინც იტირეთ”.[25]

XIX საუკუნეში წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი სულიერი დეგრადაციის სურათს ხატავს: „სულიერი ცოდნის სიმწირემ, რომელიც მე თქვენს მონასტერში აღმოვაჩინე, ძლიერ გამაოგნა. მაგრამ სად, რომელ მონასტერში არ გამაკვირვა მე ამან? საერო ადამიანებმაც კი, რომლებმაც სერგის უდაბნოდან მიიღეს თავიანთი სულიერ ცოდნა, გაცილებით უფრო მეტი იციან, ვიდრე ამ მონასტრის მკვიდრებმა. რთულ დროს გვიწევს ცხოვრება. “აღარ არიან წმინდანები მიწის პირზე”. ღვთის სიტყვის შიმშილია გამეფებული… გონიერების გასაღები მწიგნობრების და ფარისევლების ხელშია, თვითონაც არ შედიან და სხვებსაც არ უშვებენ. ქრისტიანობა და მონაზვნობა სულს ღაფავენ. ღვთისმოშიშების სახე როგორღაც შენარჩუნებულია, მაგრამ მის შინაარსს ადამიანებმა ზურგი აქციეს. უნდა ტიროდე და დუმდე”.[26]
 

წმ. ნიკოლოზი, იაპონიის განმანათლებელი, მწუხარებით საუბრობს ქადაგებისა და მისიონერობის მიმართ მართლმადიდებლების გულგრილი დამოკიდებულების შესახებ და ამ ფონზე პროტესტანტების შესახებ ამბობს „ღმერთო, რამდენი ადამიანი ჰყავთ ამ პროტესტანტებს, როგორი შესანიშნავი და ენერგიულები არიან! ჯერ კიდევ ცოცხალი და ქმედითია მათ შორის ქრისტიანობა! ღვთის შემწეობის გარეშე, რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქნება”.[27]       

ეს კი მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორის, წმ. არქიმანდრიტ ილარიონის (ტროიცკი) დაკვირვებაა: „მეათე წელია, თვალყურს ვადევნებ აკადემიის ცხოვრებას და სევდით და მწუხარებით ვამჩნევ, რომ აკადემიის სტუდენტები ძალიან მცირე დროს უთმობენ ღვთისმეტყველებას. საბოლოოდ სახეზე გვაქვს საკმაოდ არანორმალური მდგომარეობა: სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულს აქვს გარკვეული შეხედულებები ფილოსოფიურ, ისტორიულ და პოლიტიკურ პრობლემებზეც კი, მაგრამ არ გააჩნია შესაბამისი საღვთისმეტყველო ცოდნა, წმინდა საღვთისმეტყველო საკითხები მას არ აღელვებს…”   

წმ. ლუკა ვოინი-იასენციევი მწყემსების შესახებ წერს: „… მოძღვრები ვერ დგანან თავიანთი მოწოდების სიმაღლეზე და სწორედ ასეთი მწყემსების გამო მიდის ხალხი სხვადასხვა სექტაში… მე ხშირად მესმის ასეთი პასუხი: ”ჩვენ არ გვაქვს სახელმძღვანელო საქადაგებლად”. სირცხვილი არ არის ამის თქმა? განა ქადაგება სხვისი ქადაგების გამეორებას ნიშნავს? განა არ გსმენიათ მოციქულ პავლეს სიტყვები: „ჩემი სიტყვა და ქადაგება ხორციელდება არა ადამიანური სიბრძნისათვის დამახასიათებელი დამაჯერებელი სიტყვებით, არამედ სულისა და ძალის გამოვლენით”. მაშასადამე, არ არის თქვენში არც სული და არც ძალა… რაში გჭირდებათ სხვისი ქადაგების კრებულები თუ სახელმძღვანელოები, როდესაც თავად ბიბლია არის ამოუწურავი სახელმძღვანელო საქადაგებლად? თქვენდა სამარცხვინოდ, მე სექტანტებზე უნდა მიგითითოთ, რომლებიც დაუღლელად ქადაგებენ მხოლოდ ბიბლიით, რომელსაც ყოველდღე კითხულობენ დიდი გულმოდგინებით. აი ჩვენთან კი მინახავს ისეთი მღვდლები, რომლებსაც ერთხელაც კი არ წაუკითხავთ მთელი ბიბლია. შირცხვილი არ არის? ვიცი ბევრი მეტყვის: განა დამნაშავე ვარ იმაში, რომ ღმერთმა არ მომანიჭა მჭერმეტყველების ნიჭი და არ შემიძლია ქადაგების წარმოთქმა, ხოლო დაბეჭდილი ქადაგებების კრებულთა შოვნა კი თითქმის შეუძლებელია?! ნუ მზაკვრობ, ზარმაცო მღვდელო, საქმე კრებულებში კი არა, შენს გულშია…”[28]

უფრო მოგვიანებით პეტერბურგის მიტროპოლიტი იოანე აღნიშნავდა: „მძიმე დღეები უდგას რუსულ ეკლესიას. თავად ეპისკოპოსები ანგრევენ მის წყობას, აკნინებენ და ყოველგვარად შეურაცხყოფენ მას. სწორედ ესენი არიან უკანასკნელი დროის ეპისკოპოსები, რომელთათვის ლოცულობდა წმ. სერაფიმ საროველი, მაგრამ პასუხად მიიღო მითითება იმის შესახებ, რომ არ ელოცა მათთვის, ვინაიდან ღმერთი არ შეიწყალებდა მათ…”[29]      

იმავე წლებში რუსეთში ცხოვრობდა ადამიანი, რომლის სტრიქონებიც, ჩემი აღქმით, წარმოადგენდა თითქმის ერთადერთ ნიმუშს მამათამიერი სულისკვეთებისა XX საუკუნის მეორე ნახევრის უზარმაზარ საეკლესიო ლიტერატურაში. ეს არის იღუმენი ნიკონი (ვორობიევი). მისი წერილებისთვის დამახასიათებელია ის, რასაც წმ. ანტონი უპირველეს სათნოებად თვლიდა – სიფხიზლე. მისი შეხედულება ჩვენს ეკლესიაზე გადმოცემულია სემინარისტი ალექსისთვის მიწერილ წერილში: „…სახეზე გვაქვს სასულიერო სასწავლებლის ცრუ მიმართულება, რადგან მათ მექანიკურად აიღეს გარგნული წყობა ძველი სკოლისა მისი ღირსებების გარეშე, ამჟამინდელი მდგომარეობის გაუთვალისწინებლად. აქ გამეფებულია მოსწავლეების, როგორც მონების და არა როგორც თავისუფალი ცოცხალი პიროვნებების, მიმართ დამოკიდებულება… უნებურად გახსენდება წმ. ტიხონ ზადონელის სიტყვები, რომ ქრისტიანობა შეუმჩნევლად ტოვებს ადამიანებს და რჩება მხოლოდ ფარისევლობა. ეს ნათქვამია ორასი წლის წინ. და ახლა რა მდგომარეობაა? სასულიერო სკოლა მკვდარია და შესაბამისად მკვდრებს უშვებს. მალე მკვდრები დაასაფლავებენ მკვდრებს…”[30]

ამის შემდეგ ისტორია მთავრდება და იწყება აწმყო. ბევრ სამწუხარო ნიშნებს დღესაც ვამჩნევთ ამ წარსული საუკუნეების მოწმობებიდან. ეკლესია ყოველთვის გრძნობდა თავის უღირს გამოვლინებებს, წუხდა მათ გამო და გლოვობდა. მაგრამ მხოლოდ ამიტომ შეძლო მან საკუთარი სულის შენარჩუნება და სწორედ მისი წმინდანების ტირილი საერთო-საეკლესიო ცოდვების გამო იყო ნიშანი სულიერი სიჯანსაღისა… ეკლესიის რეალური ისტორიის არცოდნა უუნაროს ხდის ადამიანს აწმყოში ცხოვრებისათვის… ჩვენ არ უნდა ველოდოთ იმას, რომ შორიდან მომავალმა ადამიანმა შეამჩნიოს ჩვენი სნეულებანი, თავად უნდა გავაფრთხილოთ გარშემომყოფნი, რომ ავად ვართ, რომ ჩვენთან ცხოვრება მძიმეა და ძნელი. ჩვენ თავად ვსწავლობთ ქრისტიანად ყოფნას და ჯერჯერობით “ორიანებს“ ვიმსახურებთ და მაინც… ქრისტე ჯერ კიდევ გვითმენს…

—————————————————————————————————————————————

სქოლიო:

[1] – Ерм. Пастыр // Ранние отцы церквы. Брюссель, 1988, გვ. 179
[2] – Св. Климент Римский. Первое послание Коринфянам // Ранние отцы церквы… გვ. 44
[3] – Лебедев А. П. Духовенство древней вселенской церквы от времен апостольских до 10 века. СПб., 1997, გვ. 271-272
[4] – Св. Киприан Карфагенский. Книга о падших // Отцы и учители церквы ІІІ века. Антология. Т.2, М., 1996, გვ. 280-282
[5] – Церковная история. 8,1-7; 8,3.
[6] – Св. Григорий Богослов. Слово 43
[7] – Лебедев А. П. Духовенство… გვ. 262
[8] – Св. Григорий Богослов. Слово 49
[9] – Св. Григорий Богослов. Творения. Ч. 6, М., 1848, გვ. 177
[10] – Лебедев А. П. Духовенство… გვ. 296
[11] – Св. Василий Великий. Письма. Творения. Ч. 6, 1892, გვ. 77
[12] – Св. Василий Великий. Письма. გვ. 282
[13] – Преп. Ефрем Сирин. О братском вразумлении друг друга // Творения. Ч. 5, 1912, გვ. 227
[14] – Св. Иоанн Златоуст. Шест слов о священстве. გვ. 46
[15] – Св. Иоанн Златоуст. Творения. Т. 8, СПб., 1902, გვ. 704
[16] – იქვე, გვ. 438
[17] –ციტატა წიგნიდან: Новоселов М. А. Письма друзям. М., 1994, გვ. 126
[18] – Блаж. Иероним. Письмо 14. К монаху Илиодору.
[19] – Аксаков Н. Предание церквы и предания школы // Богословский вестник. М., 1908, т.1, გვ. 523
[20] – Преп. Максим Исповедник. Творения. М., 1993, кн. 1, გვ. 89
[21] – Св. Григорий Двоеслов. Слово к епископам и к народу, сказанное в день  св. апостолов Петра и Павла.
[22] – Лебедев А. П. Духовенство… გვ. 319
[23] – Преп. Симеон Новый Богослов. Слово 79
[24] – Преп. Максим Грек. Слово 20
[25] – Проповеди св. Илии Минятия Кефалонитского. Троице-Сергиева-Лавра. 1902, გვ. 11-5-117
[26] – Преп. Игнатий. Письма к разным лицам. Вып 1, 1913, გვ. 151
[27] – Св. Николай Японский. Запис в дневнике (25.3.1901). Праведное житие и апостольские труды святителя Николая. Ч.2, СПб., 1996, გვ. 27.
[28] – Указы святителя Луки // протод. Василий Марущак. Святитель-хирург. Житие архиепископа Луки (Войно-Ясенецкого). М., 1997, გვ. 135-152.
[29] – Иоанн (Снычев), игумен. Воспоминания // Санкт-Петербургские епархиальные
ведомости. Вып. 11. Ч. 2. გვ. 83.
[30] – Игумен Никон (Воробьев). Нам оставлено покаяние. Письма. М., 1997, გვ. 298, 319, 347.

დიაკონი ანდრეი კურაევი

თარგმნა დავით თინიკაშვილმა
ჟურნალი “ზღვარი”, N1(5), 2005 წ.
წყარო: davidtinikashvili.wordpress.com
სტატიის სრული (ორიგინალი) ვერსია: cerkov.ru

 
ნახვა 2044