22/09/2016 კატეგორია: აპოლოგეტიკა,

რამდენიმე საკითხი წმინდა წერილიდან, რომლებიც „იეჰოვას მოწმეებს“ არასწორედ ესმით

ტარიელ დავითაშვილი

%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%93%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%94-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%99%e1%83%98%e1%83%97%e1%83%ae%e1%83%98-%e1%83%ac%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90
გადმოწერა:

 

რამდენიმე საკითხი წმინდა წერილიდან, რომლებიც „იეჰოვას მოწმეებს“ არასწორედ ესმით

 

ამას წინათ ინტერნეტით დამიკავშირდა ერთ საინტერესო ადამიან, რომელსაც ურთიერთობა აქვსიეჰოვას მოწმეებთან“ და გაუჩნდა კითხვები. ჩვენს შორის რამდენიმე კვირის განმავლობაში შედგა მიმოწერა სხვადასხვა საკითხზე, ძირითადად იმაზე, არის თუ არა ქრისტე ღმერთი, თუ ის მიქაელ მთავარანგელოზია და . . დაბლა ვაქვეყნებ ჩვენი მიმოწერიდან რამდენიმე ღირშესანიშნავ მომენტს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებზეც მას ჩემი მოსაზრების გაგება სურდა (ვინიცობაა თქვენც დაგჭირდეთ, მეგობრებო):

 დავუშვათ, „იეჰოვას მოწმეები“ მართლები არიან და დავუშვათ, რომ ქრისტე არ არის ღმერთი და ის მიქაელ მთავარანგელოზია.

ამით იცით რა გამოდის? აი, ეს გამოდის: ქრისტე განკაცებამდე იყო მიქაელ მთავარანგელოზი, რომლის სიცოცხლეც იეჰოვამ გადმოიტანა მარიამის მუცელში და გახადა იესო ანუ ადამიანი. შემდეგ რა მოუვიდა იესოს? ის, როგორც ადამიანი, მოკვდა. მოწმეებს სულის არ სჯერათ და არც ის სწამთ, რომ იესოს სულმა დატოვა ხორცი და რაღაც ფორმით გააგრძელა სიცოცხლე. სინამდვილეში მოწმეებს დღესაც სწამთ რასელის ცნობილი მწვალებლური გამონათქვამი: „კაცი იესო ქრისტე სამარადისოდ მოკვდა“.

ანუ მოწმეების სწავლებით იესო მოკვდა და მისი ხორცი იეჰოვამ დაშალა, დემატერიალიზაცია გაუკეთა, გააქრო. სული არსად წასულა, რადგან მათი რწმენით ადამიანის სული, რომელიც სიკვდილის შემდეგ ტოვებს ხორცს და განაგრძობს აზროვნებას, არ არსებობს. ანუ, მათი გაგებით იესო სამარადისოდ მოკვდა. ხოლო, რაც შეეხება მიქაელს, ის არასრული სამი დღე უბრალოდ არ არსებობდა. აბა, რა მოხდა? რა მოხდაო და იეჰოვამ ხელახლა შექმნა სულიერ ქმნილებადო. აი, ამაშია მთელი უბედურება და უდიდესი შეცდომა – ეს ნიშნავს იმას, რომ სინამდვილეში აღდგომა არ მომხდარა, ქრისტე არ აღმდგარა, რადგან ცხებული იყო კაცი იესო ქრისტე და სწორედ კაცი იესო ქრისტე უნდა გაცოცხლებულიყო, რომ გვეთქვა, რომ ის მკვდრეთით აღდგა.

თუ მიქაელი იეჰოვამ ხელახლა შექმნა სულიერ ქმნილებად, ეს ნიშნავს ხელახლა შექმნას და არა იმის აღდგომას, რომელიც ივნო და მოკლულ იყო. ანუ გამოდის, რომ დღეს იესო აღარ არსებობს, რადგან ის არც გაცოცხლებულა. თუ დღეს იესო აღარ არსებობს და არ არის ცოცხალი, ის ვერც შუამავალი იქნება კაცსა და ღმერთს შორის (რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება 1 ტიმოთეს 2:5-ს, სადაც პავლე მოციქული პირდაპირ მიუთითებს, რომ ღმერთსა და კაცს შორის შუამავალი არის კაცი იესო ქრისტე და არა ანგელოზი იესო ქრისტე.[1]). თუ მოწმეებისთვის იესო აღარ აღდგა, არამედ აღდგა მიქაელი (და მათი გაგებით ის ვინც აღდგა, იდენტობით მიქაელია), მაშინ შუამდგომელად უნდა იხსენიებდნენ მიქაელს და ლოცვასაც მიქაელის სახლით უნდა აღავლენდნენ და არა იესოს სახელით, რადგან თუ იესო მკვდარია და აღარ აღდგა, მკვდარი შუამდგომელი ვერ იქნება და ვერც ლოცვას მიუტანს მამა ღმერთს. არც ქრისტეიანებად უნდა იწოდებოდნენ ისინი, არამედ მიქაელიანებად, რადგან მათ „მხსნელს“ მიქაელი ჰქვია. და არც იესოდ უნდა მიმართავდნენ მიქაელს, რადგან მიქაელის სახელია მიქაელი და მე თუ ტარიელი მქვია და ვინმე მეძახის „ჯემალ, ჯემალ, ჯემალ“ და ა. შ., ეს არ იქნებოდა ჩემი პატივისცემა.

გარდა ამისა, მოციქულები თანმიმდევრულად ხაზს უსვამენ, გადარჩენისთვის რამდენად მნიშვნელოვანია გწამდეს, რომ ქრისტე (ანუ კაცი იესო) აღდგა მკვდრეთით. მაგალითად:

რომაელთა 10: 9 – „იმიტომ, რომ თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები“[2] (ანუ ღმერთმა აღადგინა ის, ვინც მოკვდა – კაცი იესო და არა მიქაელი);
1 კორინთელთა 15:12 – „თუ ქრისტეზე იქადაგება, რომ ის აღდგა მკვდრეთით…“ [3] (აღდგომა ქრისტეზე იქადაგება და არა მიქაელზე);
1 კორინთელთა 15:20 – „მაგრამ მკვდრეთით აღდგა ქრისტე, განსვენებულთაგან პირმშო“ [4].(მკვდრეთით აღდგა ქრისტე და არა მიქაელი);
რომაელთა 14:9 – „რადგან იმისთვის მოკვდა ქრისტე და გაცოცხლდა…“ [5](ქრისტე გაცოცხლდა და არა მიქაელი);

უფალიც წინასწარ პირდაპირ აცხადებდა, რომ ის, როგორც ღმერთი, მკვდრეთით აღადგენდა მის ხორციელ სხეულს – იოანე 2:19-22 – „მიუგო იესომ და უთხრა მათ: „დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას. უთხრეს იუდეველებმა: ეს ტაძარი ორმოცდაექვს წელს შენდებოდა და შენ სამ დღეში აღადგენ მას? ის კი თავისი სხეულის ტაძარზე ლაპარაკობდა. როცა ის მკვდრეთით აღდგა, მისმა მოწაფეებმა გაიხსენეს, ამას რომ ამბობდა, და იწამეს წერილი და სიტყვა, რომელიც იესომ თქვა.“ [6]

მიუხედავად ამდენი მტკიცებულებისა, „იეჰოვას მოწმეებს“ მაინც არ სწამთ ერთ-ერთი ძირითადი ქრისტიანული სწავლება, რომ მკვდრეთით აღდგა კაცი იესო ქრისტე.

გულდასაწყვეტია, რომ „მოწმეებს“ უბრალოდ შიშს ჰგვრით „ერთგული და გონიერი მონის“ სწავლების საწინააღმდეგოდ იმის აღიარება, რომ ქრისტე ხორციელაღ აღდგა მკვდრეთით, და მკრეხელობენ, როცა უფალ იესო ქრისტეს მიქაელ მთავარანგელოზად მოიხსენიებენ.

 

რაც შეეხება იმ მუხლებს, რომლებიც თქვენ მომწერეთ:

 1. მარკოზი 10:18 – „იესომ უთხრა მას: „რატომ მიწოდებ მე კეთილს? არავინ არის კეთილი გარდა ერთი ღვთისა“. [7]

ანუ, აქ უფალი იმას კი არ უარყოფს, რომ თვითონ კეთილია (თორემ სხვა შემთხვევაში საკუთარ თავს არ უწოდებდა კეთილ მწყემსს – იოანე 10: 11 – „მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის“) – ის მას უარყოფს მხოლოდ იმ ზედაპირული მნიშვნელობით, რითაც მას მიმართა მისთვის შეკითხვის დამსმელმა, რომელიც უფალს მხოლოდ „კეთილ რაბინად“ მიიჩნევდა. ანუ იესო იმას კი არ უარყოფს, რომ კეთილია (არ ამბობს: “მე არ ვარ კეთილი“), არამედ ახალგაზრდა კაცს ეკითხება, თუ რატომ უწოდებს ის მას კეთილს. სწორედ ისე, როგორც მათეს 22:43-ში იესო არ უარყოფს, რომ ის, როგორც ძე დავითისა, ამავე დროს დავითის უფალიც არის. [8]. ღმერთი კეთილია და სიკეთე მის გარეშე არ არსებობს. ახალგაზრდა კაცი იესოში გარკვეულ სიკეთეს ჭვრეტს, მაგრამ არა სრული ზომით – თორემ არ მიატოვებდა მას. მითუმეტეს ვერ ჭვრეტდა ის მის ღვთაებრიობას. სწორედ ამიტომ იესო არ იღებს მისგან წოდება „კეთილს“ წოდება „ღმერთის“ გარეშე. ანუ იესო ცდილობს დაეხმაროს ახალგაზრდა კაცს, რათა მან ის შეიცნოს არა უბრალოდ როგორც ჩვეულებრივი კეთილი მოძღვარი, არამედ უფრო მეტი – როგორც უფალი ჩვენი და ღმერთი ჩვენი (იოანე 20:28[9]) და თითქოს საპასუხო კითხვით ეუბნება: „თუ კეთილს მიწოდებ, მაშინ ირწმუნე, რომ ღმერთი ვარ, რადგან მხოლოდ ღმერთია ბუნებითად კეთილი“. მაშასადამე, ამ მუხლში იესო თავის ღვთაებრიობას კი არ უარყოფს, არამედ მიანიშნებს მასზე.

 2. მათე 16:16 – „სიმონ პეტრემ უთხრა მას პასუხად: „შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღვთისა.“ [10]

წოდება „ძე ღვთისა“ მკითხველა ისე უნდა გაიგოს, როგორც ის იუდაურ გარემოში გაიგებოდა. იუდაურ გარემოში ძე მეფისა მეფეს ნიშნავდა, ძე მღვდლისა – მღვდელს, ხოლო ძე წინასწარმეტყველისა – წინასწარმეტყველს. იუდეველთათვის გამოთქმა „ძე ღვთისა“ ღმერთს, ღვთის თანასწორს ნიშნავდა. ამიტომ პეტრე მოციქული იმას კი არ აღიარებდა, რომ ღმერთი სხვა იყო და ქრისტე სხვა იყო ან იმას, რომ ქრისტე ღმერთი არ იყო, არამედ იმას, რომ ქრისტე, როგორც ძე ღვთისა, მამის თანასწორი იყო და პიროვნულად ღმერთი იყო. სწორედ ეს იყო ის მიზეზი, რის გამოც იუდეველებმა იესო ჯვარს აცვეს. დავაკვირდეთ შემდეგ ადგილებს წმინდა წერილიდან:

იოანე 5:18 – „ამიტომ იუდეველებმა უფრო მეტად დაუწყეს ძებნა მოსაკლავად, რადგან არა მარტო შაბათს ტეხდა, არამედ ღმერთს საკუთარ მამად მოიხსენიებდა და თავს ღმერთს უტოლებდა.“ ანუ საკუთარ თავზე იმის თქმა, რომ ძე ღვთისა იყო, იუდეველთათვის ნიშნავდა „ღმერთისთვის თავის გატოლებას.“[11]

იოანე 19:7 – „მიუგეს მას იუდეველებმა: „ჩვენ გვაქვს რჯული და ჩვენი რჯულით უნდა მოკვდეს, ვინაიდან თავი ღვთის ძედ გაიხადა“.[12] იმის თქმა, რომ ძე ღვთისა იყო, საკმარისი იყო იუდეველებისთვის, რომ იესოსთვის სასიკვდილო განაჩენი გამოეტანათ (მეორე რჯული 18:20).

სწორედ ამის გარკვევას ცდილობდნენ მღვდელმთავრები სასამართლოზე, როცა იესოს ეკითხებოდნენ: „ცოცხალ ღმერთს გაფიცებ, გვითხარი, შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა?“ (მათე 26:63).

იოანე 10:30-33 – „მე და მამა ერთი ვართ. კვლავ აკრიფეს იუდეველებმა ქვები მის ჩასაქოლად. მიუგო მათ იესომ: „ბევრი კარგი საქმე გაჩვენეთ მამისგან, რომელი მათგანისთვის მქოლავთ?“ მიუგეს მათ იუდეველებმა: „კარგი საქმისთვის კი არ გქოლავთ, არამედ ღვთისგმობისთვის და იმისთვის, რომ კაცი ხარ და ღმერთად იხდი თავს.“ [13]მიუხედავად არაერთი წინასწარმეტყველებისა, იუდეველებს სწორედ იმის დაჯერება გაუჭირდათ, რომ ღმერთი შეიძლებოდა განკაცებულიყო. არადა, ანგელოზის უწყება სწორედ იმაზე მიუთითებდა, რომ იესო „უზენაესის ძედ“ ანუ „ღვთის ძედ“ უნდა წოდებულიყო – ლუკა 1:32 – „დიდი იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება. და მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის, ტახტს.“ [14] იუდაურ გარემოში, იუდაური მსოფლმხედველობის მიხედვით, ღმერთთან თავის გატოლებისა და ღვთისგმობის დანაშაულად ითვლებოდა ხორციელი ადამიანის მიერ საკუთარი თავის ან სხვა ადამიანის მიმართ ისეთი წოდების გამოყენება, როგორიცაა „ღვთის ძე“ და ეს კარგად ესმოდა მოციქულ პეტრეს, როცა მან უფალი იესო „ძე ღვთისად“ აღიარა. სწორედ ამიტომ უთხრა უფალმა პეტრეს: „ნეტარ ხარ შენ, სიმონ იონას ძევ, ვინაიდან შენ ეს გამოგიცხადა არა ხორცმა და სისხლმა, არამედ მამაჩემმა, რომელიც ზეცაშია.“ ეს გარემოება კარგად ესმოდა მოციქულ იოანესაც, რომელმაც დაწერა: „ვინ არის სოფლის მძლეველი, თუ არა ის, ვისაც სწამს, რომ იესო არის ძე ღვთისა?“  (1 იოანე 5:5[15]) – დიახ, სწორედ სოფლის ძლევა იყო იმ გაბატონებული იუდაური შეხედულების საკუთარ თავში დამსხვრევა, რომ ღმერთი არ შეიძლებოდა განკაცებულიყო; სწორედ სოფლის ძლევა იყო  იმის აღიარება, რომ მარიამისა და იოსების ძე, ხისმთლელი იეშუა პიროვნულად იყო ძე ღვთისა, ე.ი., განკაცებული ღმერთი (კოლასელთა 2:9 – „მასში დამკვიდრებულია ხორციელად ღვთაებრიობის მთელი სისავსე“„მასში დამკვიდრებულია ხორციელად ღვთაებრიობის მთელი სისავსე“[16]). 


3.
1 კორინთელთა 11:3 – „… ქრისტეს თავი კი ღმერთია.“[17]

მსგავსი გამონათქვამები გვხვდება შემდეგ მუხლებში:

1 კორინთელთა 3:23[18];
1 კორინთელთა 15:27,28[19];
ლუკა 3:22[20];
ლუკა 3:38[21];
იოანე 14:28[22], 20:17[23];
ეფესელთა 3:9.[24]

მეთაურობის პრინციპი ღმერთისთვის მნიშვნელოვანია და ადამიანისგან ის ნებაყოფილობით მორჩილებას ელის. სწორედ ამისი მაგალითი მოგვცა იესომ და თანაც არაერთხელ, როცა ნებაყოფილობით დაიმდაბლა თავი და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე. 1 კორინთელთა 11:3-ის მიხედვით, ქალი ნებაყოფილობით აღიარებს მამაკაცის უფლებამოსილებას, მამაკაცი – ქრისტეს უფლებამოსილებას, ხოლო ქრისტე – მამა ღმერთის უფლებამოსილებას.[25]. თუმცა, აღსანიშნავია, რომ უფლებამოსილების ქვეშ ყოფნა არ ნიშნავს  უთანასწორობას ან უფრო დაბალ მდგომარეობას. იესო აბსოლუტურად მამა ღმერთის უფლებამოსილების ქვეშ იყო (იოანე 5:19[26], 8:28[27]), მაგრამ მამის თანასწორი (ფილიპელთა 2:6[29]) და ბუნებით ღმერთი (იოანე 1:1[30]) იყო.

როცა ღმერთი დედაკაცისგან მოითხოვს მამაკაცის მეთაურობის აღიარებას, ეს იმიტომ კი არ არის, რომ დედაკაცი მამაკაცის თანასწორი არ არის ან მეორეხარისხოვანია, არამედ იმიტომ, რომ საჭიროა ღვთისგან დადგენილი მეთაურობის პრინციპის დაცვა. ღმერთი ქრისტეს თავია არა სუბსტანციით ან ბუნებით, არამედ ქრისტეს, როგორც შუამავლის, როლის თვალსაზრისით. ისევე, როგორც მამაკაცი დედაკაცის თავია, მაგრამ არა იმ თვალსაზრისით, რომ მამაკაცი განსხვავებული ან უკეთესი სუბსტანციისაა ან ბუნებისაა (ერთიც და მეორეც ადამიანის სუბსტანციისა და ბუნებისაა), არამედ მისი (მამაკაცის) როლისა და ადგილის თვალსაზრისით – ღმერთმა ის (მამაკაცი) ბუნებით თანასწორი ქალის თავად დაადგინა. დედაკაცი მამაკაცის ბუნებისაა და არა მამაკაცის შექმნილი. ძეც (იესო) იმავე (ღვთაებრივი) ბუნებისაა, რისაც მამა, და არა მამის შექმნილია.

რაც შეეხება მამის ღმერთად, ხოლო ძის შუამავლად მოხსენიებას, ეს სრულიად ნორმალურია, რადგან ძე განკაცდა (და არა მამა), ძემ იკისრა შუამავლობა და სწორედ ძეს აქვს ერთდროულად ადამიანური ბუნება და ღვთაებრივი ბუნება, რომ შეძლოს შუამავლობა ადამიანებსა და ღმერთს შორის (გერმანელებსა და ფრანგებს რომ ვუთარგმნო ანუ მათ შორის რომ ვიშუამავლო), გერმანულიც უნდა ვიცოდე და ფრანგულიც; ასევე, ადამიანებსა და ღმერთს შორის რომ იშუამდგომლოს, ძეს ადამიანური ბუნებაც აქვს და ღვთაებრივიც). როცა ძე მამას ადიდებს, მამას ემორჩილება და მამას ემსახურება, აქ წარმოჩინდება ძის, როგორც ადამიანის, ბუნება. ხოლო როცა ძე იღებს მსახურებას, დიდებას, ლოცვას და თაყვანისცემას ადამიანებისგან და ანგელოზებისგანაც (2 კორინთელთა 12:8-9[31][პავლე ლოცვით ქრისტეს მიმართავს]; მათე 28:9[32], 17[33]; ებრაელთა 1:6[34]; გამოცხადება 5:12[35]), აქ წარმოჩინდება მისი ღვთაებრივი ბუნება.

 4. კოლასელთა 1:15 – „ვინც არის უხილავი ღვთის ხატება, პირმშო ყველა ქმნილებისა“[36] (εἰκων (იკონ)- ხატი; πρωτότοκος (პროტოტოკოს) – პირმშო). ფილიპელთა 2:6 – „რომელიც იყო ღვთის ხატება“ [37] (μορφῇ (მორფე) – ფორმა).

„მოწმეების“ განმარტებით, „პირმშო ყველა ქმნილებისა“ ნიშნავს პირველ ქმნილებას, რომლის მეშვეობითაც  ღმერთმა ყველა სხვა ქმნილება შექმნა. ამ შემთხვევაშიც გასათვალისწინებელია ქრისტეს ორი ბუნება – ღვთაებრივი და ადამიანური.

 ღმერთმა იესოს, როგორც კაცს, მისცა ყველა ქმნილებაზე უზენაესი და აღმატებული სახელი. ის, როგორც კაცი, ღვთის ქმნილებების სათავეშია. ამავე დროს, ქმნილება ვერანაირი თვისებით ვერ შეედრება ქრისტეს, რადგან მან თვითონ შექმნა ყველა ქმნილება და არსებობდა ყველა [და არა „სხვა“ ყველა ქმნილებაზე უწინარეს – სიტყვა „სხვა“ ჩამატებულია საგუშაგო კოშკის საზოგადოების მიერ გამოცემულ „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“!]. თუ ვინმე იტყვის, რომ ღმერთმა ჯერ ლოგოსი შექმნა და ლოგოსის მეშვეობით სხვა ყველა დანარჩენი ქმნილებაო, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება პავლე მოციქულის მსჯელობას კოლ. 1:16,17-ში[38].

ებრაული ფრაზა „იეჰოვა ბეკორო შელ ოლამ“ (בכורו של עולם) – მთელი სამყაროს ანუ ყველა ქმნილების პირმშო – ნიშნავს იმას, რომ ღმერთმა შექმნა ანუ შვა ყველაფერი. იგივე ფრაზა გამოიყენება ქრისტეს მიმართაც, რასაც ადასტურებს კიდეც შემდგომი 16-17 მუხლები. ეს ებრაული ფრაზაა, რომელსაც იუდეველები იყენებენ უზენაესის მიმართ მისი მარადიული უწინარესობისა და არსებობის და ღმერთის, როგორც ყველა ქმნილების წარმოშობის მიზეზის, აღსანიშნავად. სწორედ ამ მნიშვნელობით იყენებს მოც. პავლე ამ ფარაზას ქრისტესთან მიმართებით. ანუ, ღვთაებრივი ბუნმებით ქრისტე ყველაზე ქმნილებაზე, მათ შორის, დროზე უწინარეს არსებობდა.

ამავე დროს, იესო, როგორც ადამიანი, იყო პირველად შობილი ყოველ ქმნილებას შორის. რატომ? კოლასელთა 1:18-ში პავლე მოციქული წერს: „და პირველად შობილი მკვდართაგან, რათა ყველაფერში პირველობდეს” [37] – რასაკვირველია იესო არ ყოფილა პირველი გარდაცვლილი ადამიანი, რომელიც მკვდრეთით აღდგა. ანუ ეს არ არის უბრალო ნუმერაცია. არამედ ეს არის ნუმერაციული პირველობა აღმატებულების ხარისხით.

ანუ იესო პირველი გადარცვლილი ადამიანია, რომელიც გაცოცხლდა და აღარ მოკვდა, რომელიც გაცოცხლდა ახალი სხეულით, უხრწნელობით და უკვდავებით შემოსილი სხეულით. ამ მხრივ ის მართლაც ნუმერაციულად პირველია. ასევეა ქმნილებაზეც, იესო, როგორც კაცი, არის ღვთის პირველი ქმნილება, რომელმაც პირველმა მოიპოვა ღვთის ძეობა როგორც ადამიანმა, რომ ის, როგორც ადამიანი, გახდა დასაწყისი ღვთის უკვდავი ძეებისა, რომლებიც მანამდე ადამის მოკვდავი ძეები იყვნენ (ანუ ახალ ქმნილებებს შორის პირველი ქმნილებაა კაცობრივი ბუნებით).

ანუ იესო თავისი ადამიანური ბუნებით გახდა პირმშო ანუ პირველად შობილი თავის ძმებს შორის – რომაელთა 8:29 –„ვინაიდან, რომელნიც წინასწარ იცნო, მათ წინასწარვე განუსაზღვრა თავისი ძის ხატების მსგავსად ყოფნა, რათა იგი იყოს პირმშო მრავალ ძმას შორის“.[38]
ისეთი ფრაზები, როგორიცაა „დღეს გშობე შენ“ (ფსალმ. 2:7[39], საქმეები 13:32-33[40]), „პირმშო ყოველ ქმნილებას შორის“ (კოლ 1:15[41]), „დასაწყისი ღვთის ქმნილებებისა“ (გამოცხ. 3:14[42]) და ა.შ. ეხება ქრისტეს ადამიანურ ბუნებას. ანუ ღვთის ძე განკაცებით იყო პირველად შობილი ყოველ ქმნილებას შორის, აღდგომით იყო პირველად შობილი მკვდართა შორის. ორივე შემთხვევაში სრულდება წინასწარმეტყველება: „დღეს გშობე შენ“ (ფსალმ. 2:7, საქმეები 13:32-33).

 5. I კორინთელთა 15:28 – „მაშინ თვით ძეც დაემორჩილება მას, ვინც ყოველივე მას დაუმორჩილა, რათა ღმერთი იყოს ყველაფერი ყველაფერში[43]

1 კორ. 15:28 – როცა ძე, როგორც შუამავალი, როგორც კაცი იესო ქრისტე (1 ტიმ.  2:5[44][[4]]ძვ.ქართ.: „ ერთ არს ღმერთი და ერთ არს შუა-მდგომელ ღმრთისა და კაცთაჲ, კაცი იესუ ქრისტე“.
ახ.ქართ.: „ერთია ღმერთი და ერთია შუამავალი ღმერთსა და კაცთა შორის: კაცი ქრისტე იესო“.[[44]]) და არა როგორც ძე ღმერთი, თავის, როგორც შუამავლის, მისიას შეასრულებს და ადამიანებს განაღმრთობს, თავის შესაბამის უფლებამოსილებას გადასცემს ღმერთს. ამასთან, ის, როგორც ერთარსი მამისა და მარადისობის მამა (ესაია 9:6[45]), არასოდეს შეწყვეტს მეფობას (2 მეფეთა 7:16[46]; ფსალ. 45:6[47]; ესაია 9:6-7[48]; დანიელი 2:44[49]; ლუკა 1:22,23[50]; ებრ. 1:8[51]). ქრისტეს, როგორც შუამავლის და გამომსყიდველის განსაკუთრებული უფლებამოსილება გადაეცემა ღმერთს, მაგრამ მისი, როგორც ბუნებით ღმერთის უფლებამოსილება არასოდეს შეწყდება.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ძე, როგორც სამების მეორე ჰიპოსტასი, დაექვემდებარება მამას; ეს ნიშნავს იმას, რომ ძე განკაცებული, შუამავალი, რომელიც როგორც კაცი, იშვა, მოკვდა (არა ღვთაებრივი ბუნებით, არამედ ხორციელად) და აღდგა, რომელსაც გადაეცა კაცობრიობის გამოსყიდვის და განღმრთობის უფლებამოსილება, შეწყვეტს ამ უფლებამოსილების გამოყენებას, რის შემდეგაც მმართველობას განაგრძობს ღმერთი ღვთაებრივი ბუნებით. ანუ მმართველობა ამ სახით (შუამავლის და გამომსყიდველის ფორმატით) შეწყდება და გაგრძელდება მმართველობა ღვთაებრივი ბუნებით – „რათა ღმერთი იყოს ყველაფერი ყოველივეში“.

ფრაზა „მაშინ თვით ძეც დაემორჩილება მას“ ძე ღვთისას და მამა ღმერთს შორის დიდ-პატარაობას, ერთის სიმცირეს და მეორის უპირატესობას კი არ გულისხმობს, არამედ ქრისტეს, როგორც კაცის, ღვთისადმი მორჩილებას, რომ ღმერთი კი არ დაემორჩილება კაცს, არამედ კაცი დაემორჩილება ღმერთს. ანუ პავლე მოციქული ამბობს იმას, რომ ღვთაებრივი ბუნება კი არ დაემორჩილება კაცობრივ ბუნებას, არამედ პირიქით და ამას ამბობს ქრისტეზე როგორც კაცობრივი ბუნების მქონეზე. ანუ მკვდრეთით აღმდგარმა ქრისტემ განღმრთობილი ადამიანური ბუნება ზეცად იმიტომ კი არ აიტანა, რომ ადამიანურ ბუნებას მოეცვა ღვთაებრივი ბუნება, არამედ პირიქით, რომ ღვთაებრივ ბუნებას მოეცვა ადამიანური. ამიტომ წერია, რომ ძე (ქრისტე კაცობრივ ბუნებაში) დაემორჩილება ღმერთსო. თორემ სხვაგვარად გამოდის, რომ, რადგან ნათქვამია, „მაშინ თვით ძეც დაემორჩილება მას,“ რაღაც პერიოდში ქრისტე ღმერთს არ ემორჩილება, რაც აბსურდია.

 5. ებრაელთა 1:8 – „შენი ტახტი ღმერთია“ თუ „ღმერთია შენი ტახტი“

„მოწმეები“ აცხადებენ, რომ “ო თეოს” (ὁ θεός) არ შეიძლება ითარგმნოს, როგორც „ღმერთო“. მაგრამ ლუკას 18:11[52], 18:13[53]– სწორედ სიტყვა „ო თეოს“ სახელობითშია გამოყენებული, მაგრამ წოდებითის მნიშვნელობით, და ამიტომ თარგმანშიც წოდებითშია. რატომ ხდება ასე? ბერძნულში ბრუნვა ხომ თითქოს სახელობითია? ამის გაგება მარტივია. აი, თუნდაც მეგრულ სინამდვილეში ხშირად ადამიანს როცა წოდებითში მიმართავენ, სახელს მაინც სახელობითში ამბობენ: მაგ., „ნიკოლოზი, მოიხედე,“ ან „გაბრიელი, დამიცადე.“ ეს ენის თავისებურებაა და ამის აღიარება არ უნდა გვიჭირდეს. რა თქმა უნდა, მეგრულის ეს მაგალითი მხოლოდ ირიბი მტკიცებულებაა და არა ალიბი. თუმცა, ლუკას 18:11 („გმადლობ, შენ, ღმერთო“), 18:13 (ღმერთო, შემიწყალე მე, ცოდვილი“) აბათილებს მოწმეების პრეტენზიას, რომ თითქოს „ო თეოს“ არ შეიძლება ითარგმნოს, როგორც „ღმერთო“.

რაც შეეხება „საგუშაგო კოშკის“ გაბუნდოვნებულ სწავლებას სულითცხებულებაზე, აქ იგულისხმება მორწმუნის მიერ ღვთის სულის, როგორც შვილობის ბეჭდის, მიღება, რაც ხდება ნათლობისას. პავლე მოციქული ამ მომენტს შვილობის სულის მიღებას უწოდებს (რომაელთა 8:9 – „ღვთის სული ცხოვრობს თქვენში. ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, ის მისი არ არის“[54]; რომაელთა 8:15 – „არ მიგიღიათ მონობის სული, არამედ მიღებული გაქვთ შვილობის სული, რომლითაც ვღაღადებთ: „მამაო, მამაო!“[55]), ხოლო პეტრე მოციქული – ქრისტეს სულის მიღებას. ამ სულის გარეშე არავის შეიძლება ეწოდოს ქრისტიანი ან ღვთის შვილი (გალატ. 4:6[56]; 1 პეტრე 1:11[57]). როცა მოწმეები თავადვე აღიარებენ, რომ მათ ღვთის სული არ მიუღიათ (ქრისტეს სულის მიღებაზე ხომ უბრალოდ ეცინებათ და ფიქრობენ, „რა საჭიროა ქრისტეს სულის მიღებაო“), ამით აჩვენებენ, რომ არც ქრისტიანები არიან და არც ღვთის შვილები. მაგრამ არ არსებობს ქრისტიანული ნათლობა ღვთის სულის მიუღებლად. ე.ი. გამოდის, რომ მოწმეების ნათლობა ღვთაებრივი მომენტი არ არის ადამიანის ცხოვრებაში.

სტატიის ავტორი –  ტარიელ დავითაშვილი, 17 წელი იყო „იეჰოვას მოწმე“.

 
ნახვა