20/09/2016 კატეგორია: ქადაგებები,

რას გვასწავლის ღვთისმშობლის დღესასწაული?

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%95%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a6%e1%83%95%e1%83%97%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%9b%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%91
გადმოწერა:

 

საეკლესიო დღესასწაულები არა მხოლოდ ისტორიული თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი, არამედ უპირატესად იმით, რომ სულიერ ცხოვრებაში სწორ გზას გვიჩვენებენ. იმის შესახებ გვმოძღვრავენ, თუ ჩვენი გასაკეთებელი რა არის. ჩვენ თავად რა უნდა ვქნათ იმისთვის, რომ ვცხონდეთ. ღმრთისმშობლის ნებისმიერი დღესასწაულიც სწორედ ამითაა მნიშვნელოვანი.

დედა ღმრთისა ერთადერთია ადამიანთა შორის, რომელიც სრული (სულით და ხორცით) ადამიანია ღმერთთან, ღმრთის სასუფეველში; ერთადერთია, რომელიც საშინელი სამსჯავროს მიღმა და მერვე დღის მოქალაქეა. და ეს დიდება მას მიეცა არა უბრალოდ სტატუსის (ღმრთის დედობა) გამო – აღვინმეიღო დედაკაცმან ჴმაჲ ერსა მას შორის და ჰრქუა მას: ნეტარ არს მუცელი, რომელმან გიტჳრთა შენ, და ძუძუნი რომელთა სწოვდი(ლუკ.11,27), არამედ უპირატესად პირადი ღვაწლის გზით მადლის მოხვეჭის და განღმრთობის გამო – ხოლო თავადმან რქუა: არამედ ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყუაჲ ღმრთისაჲ და დაიმარხონ იგი(ლუკ.11,28).

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი წმინდანთაგან ყველაზე დიდ და მისაბაძ მაგალითს იძლევა, თუ როგორ უნდა ვცხოვრობდეთ, როგორ ვლოცულობდეთ, მადლს და სათნოებებს როგორ ვიხვეჭდეთ, განღმრთობისაკენ როგორ ვისწრაფოდეთ, ღმერთს როგორ ვემსგავსებოდეთ.

სულიერ ცხოვრებაში წარმმართველი ძალა სიყვარულია, და იგი ყოველ წესსა, კანონსა, ასკეზასა და თვით ღმრთის შიშზე უპირატესია (სრულყოფილი სიყვარული განდევნის შიშს). სწორედ ღმრთის, სასუფევლის და წმინდანებისადმი სიყვარულის მოკლება, ან არ არსებობაა მიზეზი ყოველგვარი სჯულის და ასკეზის არსებობისა ეკლესიაში. მათი დანიშნულებაა, რომ საკუთარი თავის წვრთნით და დისციპლინით, წმინდანებისა და ქრისტესადმი მიბაძვით ვეცადოთ მათ დავემსგავსოთ და შესაბამისად შევიყვაროოთ. სულიერი ცხოვრების კანონია — მსგავსი მსგავსისკენ ისწრაფის, მსგავსს მსგავსი უყვარს.

ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისადმი განსაცვიფრებელი სიყვარული ქონდა XX ს-ის უდიდეს მოღვაწეს, ათონის წმ. მთაზე, საბერძნეთსა და ამერიკაში (და იქნებ ჩვენთანაც) ისიხაზმის ამაღორძინებელს, ღირს ბერს, იოსებ ისიხასტს.  აი, ამის ნიმუშად ამონარიდები მისი წერილებიდან: დედაო ჩემო! ჩემო ტკბილო დედილო!..“ როგორც კი მას ამგვარად მოვუხმობთ, მაშინვე ჩვენს დასახმარებლად ისწრაფის. ლოცვა: „ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გადამარჩინე“, ჯერ დასრულებულიც არა გვაქვს, რომ იმავე წამს, თითქოს გონება ელვამ გაანათაომ გული ნათლით ივსება; ამ დროს გონება ლოცვისკენ წარიმართება, ხოლო გული კისიყვარულისკენ. ასეთ დროს, ამ მდგომარეობაში მთელი ღამე ცრემლსა და მგლოვარებაში, ყოვლადწმიდა მარიამის და უპირველეს ყოვლისა კი მის მიერ მოვლინებულის მადიდებელ ტკბილხმოვან საგალობებში იწურება (წერილი 33,34,…).

ღმრთისმშობლისადმი ამგვარი შვილებრივი სიყვარული მხოლოდ ღმრთის მადლითაა შესაძლებელი, რომელიც ქრისტესადმი თავგანწირული ერთგულებით გვენიჭება. მოციქულთაგან მხოლოდ იოანე ღმრთისმეტყველი (შემდგომში კი, რა თქმა უნდა, ყველა) გახდა ღმრთისმშობლის შვილობის და, შესაბამისად, ღმრთის სახლეულის წევრობის (წმ. პავლე მოციქული) ღირსი, რადგან მოციქულთაგან მხოლოდ იოანემ უერთგულა უფალს ბოლომდე, გოლგოთამდე.

ჩვენ რომ იგივე (ანუ ღმრთის და ღმრთის ყოვლადწმიდა დედის სიყვარული) შევძლოთ, და უნდა შევძლოთ კიდეც (რამეთუ ეს ჩვენი ვალდებულებაა, რამეთუ სწორედ ესაა ქრისტიანობა), ამისათვის ჩვენ ცხოვრებაში, რომელშიც მრავალი შფოთი და საზრუნავია („შფოთ ხარ მრავლისათჳს…“ ლუკ.10.), სინამდვილეში მხოლოდ ერთია რამაა მნიშვნელოვანი („..აქა ერთისაჲ არს საჴმარ…“ ლუკ.), მარიამივით (ლაზარეს და), კეთილი ნაწილის დანახვა და მისი ცხოვრების ორიენტირად, ღერძად, საზრისად  გახდომა უნდა მოვახერხოთ (მარიამმა კეთილი ნაწილი გამოირჩია, რომელი არასადა მიეღოს მისგან…“ ლუკ.10).

ხოლო ეს „კეთილი ნაწილი“, რომელსაც მარადიული ღირებულება აქვს და რომელიც ქრისტიანისათვის ცხოვრების საზრისად უნდა იქცეს, ღმრთისადმი განსაკუთრებულ რწმენას, განსაკუთრებულ დამოკიდებულებას გულისხმობს.

სამწუხაროა, რომ ხშირად მორწმუნეთათვის, “გარეგანი მოშურნეობა” ქრისტიანობის უმაღლეს საფეხურადაა მიჩნეული; არადა, მცნებების აღსრულება და გარეგანი კეთილმსახურებითი მოღვაწეობა უფლისადმი „მართას“ მსახურებაა – მართა მიმოდაზრუნვიდა მრავლისა მსახურებისათჳს…“(ლუკ.10), რომელიც, რა თქმა უნდა, საჭირო და აცულებელიცაა, იგი მიმყვანებელია შინაგან მოღვაწეობასთან და მხოლოდ მასთან ერთადაა ღირებული, რომელიც ქრისტიანული რწმენის უმაღლესი გამოვლინებაა; რამეთუ ჭეშმარიტი ქრისტიანობა სწორედ ცოცხალ ღმერთთან პიროვნულ ურთიერთობას, შესაბამისად ღმრთის მადლის (ენერგიის) მოხვეჭას, საკუთარი პიროვნების ღმრთის მადლის მიერ რეალიზებას, ანუ განღმრთობას გულისხმობს – დაჲ მისი, რომელსა ერქუა მარიამ, რომელი დაჯდა ფერჴთა თანა იესუჲსთა და ისმენდა სიტყუათა მისთა(ლუკ.10).

ასეთი, ანუ ნამდვილი სულიერი ცხოვრების უმაღლესი გამოვლინება გონიერი ლოცვა და მჭვრეტელობაა (ჯდა ფერჴთა თანა იესუჲსთა და ისმენდა სიტყუათა მისთა); ხოლო მიღწევის აუცილებელი საშუალებები ისიხაზმი, ისიხასტური ლოცვითი პრაქტიკა და ქრისტესათვის მოწამეობაა.

ასეთი, ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრება ძალზედ ხშირად ვერაა გაგებული, დაცინვის ობიექტადაა ქცეული და დევნილიცაა გარეგანი ქრისტიანობის მიერ – მართა მიმოდაზრუნვიდა მრავლისა მსახურებისათჳს, ზედა მიადგა და ჰრქუა: უფალო, არა იღუწი, რამეთუ დამან ჩემმანმარტოჲ დამიტევა მე მსახურებად. არქუ მას, რაჲთაშემეწეოდის მე(ლუკ.10).

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ღმრთისმშობლის სიდიადის წვდომისათვის, მისი გაგებისათვის, მასთან ჭეშმარიტი დედა-შვილებრივი ერთობისათვის აუცილებელია მისი (ღმრთისმშობლისადმი) მიბაძვა; ანუ ქრისტესთან ზიარების და გონიერი ლოცვის გზით მადლის მოხვეჭა და ქრისტეს მიმსგავსება – ესე ზრახვაჲ იზრახებოდენ თქუენ შორის, რომელცაიგი ქრისტე იესუჲს მიერ…“ (ფილ.2,5).

ეს არის გზა არა მარტო დღესასწაულის გაგებისა, არამედ დღესასწაულის მიერ სულიერ ცხოვრებაში სწორედ ორიენტირებისა.

დედა ღმრთისა იყოს ჩვენი მეოხი ქრისტესთან ერთობის ძიებაში, ამინ!

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
21 სექტემბერსი, 2016 წელი.

 

 
ნახვა