You are currently viewing „ნათლობის საიდუმლო“

„ნათლობის საიდუმლო“

Download article eBook

   „ნათლობის საიდუმლო“[1]

 
 „ანუ არა უწყითა, რამეთუ რომელთა-ესე ნათელ ვიღეთ ქრისტე იესუჲს მიერ, სიკუდილისა მისისა  მიმართ ნათელ-ვიღეთ? და თანა-დავეფლენით მას ნათლის-ღებითა  მით სიკუდილსა მისსა, რაჲთა ვითარცა იგი აღდგა ქრისტე მკუდრეთით დიდებითა მამისაჲთა, ეგრეცა ჩუენ განახლებითა ცხორებისაჲთა ვიდოდით. რამეთუ თანა-ნერგ ვექმნენით მსგავსებასა მას სიკუდილისა მისისასა, ეგრეთცა აღდგომასა მას მისსა ვიყვნეთ. (...) უკუეთუ მოვკუდეთ ქრისტეს თანა, გვრწამს, რამეთუ მის თანაცა ვცხონდეთ“ (რომ. 6:3-5, 8)
 (ნათლობის სამოციქულო საკითხავი)

1. შესავალი

I

წინამდებარე ნარკვევის მიზანია მოკლედ და, შეძლებისდაგვარად, მარტივად განვმარტოთ ღვთისმსახურება, რომელიც ნათლობისას აღესრულება. ყოველ მართლმადიდებელ ქრისტიანს სწამს, რომ ამ საიდუმლოთი იგი გახდა ეკლესიის წევრი და ნათლობაში დაიწყო მისი, როგორც ქრისტიანის ცხოვრება. ჩვენ ხშირად გვიხდება ნათლობაზე დასწრება, ზოგჯერ კი მოსანათლავის მიმრქმელად[2] ყოფნა, ე. ი. საიდუმლოში უშუალო მონაწილეობის მიღება. მაგრამ გვესმის კი საიდუმლოს არსი? ხშირად ხომ არ ვესწრებით მას, როგორც გაუგებარ, ძველ ცერემონიას, რომლის საჭიროებაც გვჯერა, მაგრამ მისი წეს-განგება და ენა აღარ გვესმის?

არადა, თუ ეს საიდუმლო, როგორც პირველი დღიდანვე სწამდა ეკლესიას, მართლაც, ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების დასაწყისია, ჩვენი ხსნის საფუძველი და წყაროა, მაშინ მისი ყოველი სიტყვა, ყოველი წეს-განგება გვიცხადებს ჩვენი ცხოვრების საზრისსა და ჩვენი რწმენის შინაარსს. და განა ქრისტიანად ყოფნა, უპირველესად, იმას არ ნიშნავს, რომ დავიცვათ და მუდმივად შევითვისოთ ჩვენს ცხოვრებაში ის, რაც ნათლობის საიდუმლოში მივიღეთ? მაგრამ მაშინ, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი უბრალო ცოდნა იმისა, რომ ჩვენ ოდესღაც მოვინათლეთ, არამედ აუცილებელია ყოველთვის გვახსოვდეს და გავაცნობიეროთ ნათლობის არსი და ძალმოსილება. ამის საუკეთესო საშუალება კი ნათლობისას აღსრულებული ღვთისმსახურების არსში წვდომა, ამ წვდომით კი ნათლობის მუდმივად ხელახალი განცდაა.

II

თანამედროვე ადამიანს ეკლესიაში ბევრი რამ „მოძველებულად“, „ხელოვნურად“, „არქაულად“ ეჩვენება. ეჩვენება, რომ ეკლესია გაიყინა თავის წეს-განგებაში, რომელიც არ შეესაბამება ჩვენს დროსა და მის საჭიროებებს, რომელიც არაფერს ეუბნება თანამედროვე ცნობიერებას და ამიტომ იგი არაქმედითია. ჩვენ, თითქმის მექანიკურად, ხშირად ირონიული ღიმილით ვემორჩილებით მღვდელს, რომელიც გვეუბნება, რომ მივბრუნდეთ და “შევნერწყვოთ და შევბეროთ,” ვთქვათ რაღაც სიტყვები, გავყვეთ მას ემბაზის გარშემო, მაგრამ არ გვესმის, რისთვისაა ყოველივე ეს საჭირო. მაგრამ თუ სიყვარულით მივუდგებით საეკლესიო ღვთისმსახურებას, თუ მას დავუთმობთ დროის თუნდაც მცირე ნაწილს იმ დროიდან, რომელსაც ვუთმობთ „ამა სოფლის“ ყველა საგანსა და საქმეს, დავინახავთ, რომ ერთი შეხედვით ამ არქაულ და უცნაურ წეს-განგებებს უღრმესი და მარადიული მნიშვნელობა აქვს, რომ მათში და მათით სრულდება რაღაც მარადიული, რისი გამოხატვა სხვაგვარად, „ჩვენს ნებაზე“ შეუძლებელია. მაგრამ, ვიმეორებთ, საამისოდ საჭიროა ძალისხმევა და სიყვარული. გულგრილს არაფერი განეცხადება. მისთვის, ვინც განსჯის ეკლესიას ისე, რომ არც კი ცდილობს გაიგოს მისი ცხოვრება და არსი, იგი დახურულ სამყაროდ რჩება. მაგრამ „მიიღეთ და იხილეთ“… მან, ვინც არ დააკლო ძალისხმევა და შევიდა, იცის, რომ იგი ეხება ღვთაებრივ საიდუმლოებებს, რომლებიც ვერ გაიზომება ჩვენი მიწიერი ცნებებითა და მსჯელობებით და, რომლის გაგება საჭიროებს რწმენას, სიყვარულსა და სიმდაბლეს. ის, ვინც თავისი საზომებით ზომავს და თავის თავს – თავის გონებას, თავის ლოგიკას, თავის მოსაზრებებს – ყველაფრის საზომად მიიჩნევს, ვერასოდეს გაიგებს საეკლესიო ცხოვრებას. მაგრამ როგორც კი ადამიანი თავს დაიმდაბლებს და დათანხმდება, მოისმინოს ის, რასაც მას ეკლესია ეუბნება თავისი ლოცვებისა და წეს-განგებების ენაზე, მის წინაშე გაიხსნება საეკლესიო ჭეშმარიტების უძირო სიღრმე, ის ჭეშმარიტად ახალი ცხოვრება, რომელსაც ეკლესია უძღვნის ადამიანს. და მაშინ ძველი სიტყვები და წეს-განგებანი ცოცხლდება როგორც მარად ახალი და დაუძველებელი, და ისე ნათელი ხდება, რომ ეკლესიას კი არ მართებს „მოერგოს“ ამ ქვეყანას, არამედ ჩვენი ავადმყოფი, ცოდვილი და ამაოებით აღვსილი ქვეყნიერება, ჩვენი ცხოვრება უნდა „შევუსაბამოთ“ ეკლესიის მარადიულ ჭეშმარიტებას.

III

სანამ დავიწყებდეთ თვით ნათლობის წესის აღწერასა და განმარტებას, საჭიროა რამდენიმე შესავალი შენიშვნის გაკეთება.

1. ძველად ეკლესიის ახალი წევრების ნათლობა აღდგომის ღამეს აღესრულებოდა და იგი ჭეშმარიტად სააღდგომო საიდუმლო იყო. ნათლობასა და აღდგომას შორის ამგვარი გარეგნული კავშირი დღეს დაკარგულია, მაგრამ იგი უნდა გვახსოვდეს, რადგან, არსებითად, ეს კავშირი უცვლელი რჩება და ამას გვახსენებს პავლე მოციქულის ზემოთ დამოწმებული სიტყვები. ნათლობა არის უფალი იესო ქრისტეს სიკვდილსა და აღდგომაში ადამიანის საიდუმლო მონაწილეობა. სიკვდილის „მსგავსებით” – ნათლობის ემბაზში – ჩვენ ვუერთდებით აღმდგარ უფალს. თავისი სიკვდილით ქრისტე ძლევს ჩვენს სიკვდილს, თავისი აღდგომით იგი გვიძღვნის აღდგომის საფუძველს, სულიწმინდით ჩვენში მისი მყოფობით იგი შეგვინდობს ჩვენს ცოდვებს და გვაძლევს ყოველი ბოროტის დაძლევის ძალას. ჩვენ ვიცით, რომ წყალში შთაფლვის წესი ერთ-ერთი ყველაზე ძველი, ყველაზე გავრცელებული რელიგიური წეს-ჩვეულებაა. და უფალმა ჩვენ არ დაგვიტოვა სხვა ნიშანი, გარდა იმისა, რომლითაც თვით კაცობრიობამ უხსოვარი დროიდან გამოხატა თავისი წყურვილი ახალი, მართალი ცხოვრებისა, სევდა ცოდვათა მიტევებისა და ღმერთთან შეერთებისა. მაგრამ ეს ნიშანი უფალმა ახალი საზრისით აღავსო და იგი ქმედითი გახადა. მან იგი აქცია თავისი სიკვდილისა და აღდგომის ნიშნად, და ამიტომ „უკუეთუ მოვკუდეთ ქრისტეს თანა, გვრწამს, რამეთუ მის თანაცა ვცხონდეთ“ (რომ. 6:3-5, 8) და უკვე „…არცა სიკუდილმან, არცა ცხორებამან, …არცა ამან სოფელმან, არცა მან სოფელმან, … შემიძლოს ჩუენ განყენებად სიყუარულსა ღმრთისასა, რომელ არს ქრისტე იესოჲს მიერ უფლისა ჩუენისა„ (რომ. 6:38-39).

2. ნათლობა ყოველთვის მთელი ეკლესიის, მთელი თემის შეკრებისას აღესრულებოდა, მასში მონაწილეობდა ყველა, და იგი ყველას საქმე იყო. რადგან მისი საზრისი სწორედ ისაა, რომ ნათლობას ადამიანი შეჰყავს ეკლესიაში, ხდის მას ქრისტეს სხეულის წევრად. და ნათლობის შემდეგ მონათლული მაშინვე მონაწილეობდა ლიტურგიაში და ყველასთან ერთად ეზიარებოდა ერთი ბარძიმითა და ერთი პურით[3]. „ერთ არს უფალ, ერთ სარწმუნოება, ერთ ნათლისღება“ (ეფეს. 4:5), „რამეთუ ერთითა სულითა ჩუენ ყოველთა ერთისა მიმართ გუამისა ნათელ-ვიღეთ… და ყოველთავე ერთისა მიმართ სულისა გვისუამს“ (1 კორინთ. 12:13). და ისევ, თუ გარეგნულად ნათლობა აღარ აღესრულება ეკლესიის შეკრებისას, მისი საზრისი კვლავაც იგივე დარჩა: გახადოს მოსანათლი ეკლესიის წევრი, ქრისტეში გააერთიანოს სხვებთან, ჩართოს ეკლესიის ერთიან ცხოვრებაში.

3. და, ბოლოს, ნათლობას წინ უძღოდა მეტ-ნაკლებად ხანგრძლივი პერიოდი მომზადებისა, ეგრეთ წოდებული კატეხიზაციისა[4], რომლისგან დავიწყებთ ნათლობის დღევანდელი წესის განმარტებას.

2. კატეხიზაცია

ძველად ნათლობისათვის მომზადება მოიცავდა კატეხიზაციას, ესე იგი რწმენაში განსწავლას, კათაკმევლებისათვის[5] ეკლესიის ლოცვას და რამდენიმე „წესს“, ანუ განგებას, რომელიც ადამიანს ახალ ცხოვრებაში შესასვლელად ამზადებდა.


„რწმენაში
განსწავლა“

ადამიანმა, რომელიც გახდა კათაკმეველი, თავისი კათაკმევლობით უკვე დაადასტურა თავისი რწმენა. ამ რწმენამ იგი ეკლესიაში მიიყვანა. და ეკლესია მას აძლევს იმ ჭეშმარიტებასა და ცხოვრებას, რომელიც ეკლესიას უფალმა გადასცა და ამიტომაც მას გარდამოცემა ეწოდება (ბერძნული სიტყვიდან – „პარადოსის“ – ის, რაც გადაცემულია). პირადი რწმენა ჩართულ უნდა იქნას ეკლესიის რწმენაში, პირადი რწმენა ეკლესიაში უნდა გაცხადდეს და ხორცშესხმულ იქნას. ეკლესიაში ცხოვრება მუდმივი შემოწმებაა „საკუთარისა“ – საკუთარი რწმენის, საკუთარი ჭეშმარიტების შემოწმებაა ეკლესიის რწმენით, მისი გარდამოცემით, და ეს არის საფუძველი კათოლიკობისა, ესე იგი თითოეულის მთელთან შესაბამისობისა (ასეთია თავდაპირველი მნიშვნელობა ბერძნული სიტყვისა – „კათოლიკე“, რომელიც აღნიშნავს „მთელთან შესატყვისს„), ხოლო, მეორე მხრივ, ეკლესიის მიერ თავისი ყოველი წევრისათვის ამ ჭეშმარიტების გადაცემა თითოეულ მათგანს აკისრებს პასუხისმგებლობას ჭეშმარიტების დაცვაზე, თითოეულს აქცევს „რწმენისა და კეთილმოწესეობის„ დამცველად, როგორც აღნიშნულია აღმოსავლელი პატრიარქების 1848 წლის ეპისტოლეში.[6]

ამ განსწავლის საფუძველი იყო ეკლესიის მომავალი წევრისათვის წმინდა წერილისა და მისი ჭეშმარიტი არსის (რომელიც დაცული იყო ეკლესიის მიერ) გადაცემა. „მაშინ განუხუნა გონებანი მათნი გულისხმისყოფად წიგნთა“ (ლუკა, 24:45)[7]. ეს ნიშნავს, რომ წმინდა წერილის გასაგებად საკმარისი არაა „ინდივიდუალური“ კითხვა. „უბრალო კითხვა საკმარისი რომ ყოფილიყო, – ამბობს იოანე ოქროპირი, – მაშინ როგორ ავხსნათ ის, რომ ებრაელებმა, რომლებიც კითხულობენ ძველ აღთქმას, დღემდე არ ირწმუნეს?“ წმინდა წერილის გაგება გვეძლევა მხოლოდ ეკლესიაში – გარდამოცემაში, რომელიც მომდინარეობს წმინდა მოციქულებისაგან, რომელთაც თვით ქრისტემ „გაუხსნა გონება”, ესე იგი გამოუცხადა დაფარული საზრისი წმინდა წერილისა, როგორც ქრისტეს შესახებ წინასწარმეტყველებისა და მოწმობისა (იხ.: იოანე, 5:39)[8]. ამიტომ წმინდა წერილის ეს გადაცემა ხდებოდა საღვთისმსახურო შეკრებისას წმინდა წერილის კითხვითა და განმარტების გზით. ნათლობისათვის მომზადების სპეციალური დრო დიდი მარხვა იყო, რადგან ნათლობა აღესრულებოდა  აღდგომის ღამეს. აი, რატომაა, რომ დიდმარხვის ღვთისმსახურების დიდი ნაწილი დღემდე დათმობილი აქვს ძველი აღთქმის კითხვას, ამასთან, ეს კითხვა ძირეულად განსხვავდება საეკლესიო წლის სხვა პერიოდებში მისი კითხვისაგან: ამ  დროს იკითხება ძველი აღთქმის „პარემიული“[9]

ფრაგმენტები, რომლებიც უშუალოდაა დაკავშირებული მოცემულ დღესასწაულთან. დიდმარხვაში კი იგი იკითხება მიყოლებით, ესე იგი თანმიმდევრულად და ისე, რომ ყოველთვის პარალელურად იკითხება საკითხავები დაბადებიდან (სამყაროს შექმნა, ცოდვა და ისრაელის გამორჩევა, როგორც სამყაროს ხსნის დასაწყისი), ესაიას წინასწარმეტყველებიდან (წინასწარმეტყველება მაცხოვარსა და გამოხსნაზე) და იგავთა წიგნიდან (ზნეობრივი კანონი).

წმინდა წერილის საფუძველზე და მის პარალელურად კათაკმეველს აცნობდნენ ეკლესიის სწავლებას, ხოლო ბოლოს გადასცემდნენ სარწმუნობის სიმბოლოს, რომელიც მას დიდ შაბათს ნათლობის ემბაზის წინ უნდა ეღიარებინა ეკლესიის წინაშე და ამით დაედასტურებინა ეკლესიის რწმენაში თავისი ჩართვა, ეკლესიის რწმენის მიღება და მისი დაცვის ვალდებულება. უნდა შევნიშნოთ, რომ ისტორიულად სარწმუნოების სიმბოლო გაჩნდა სწორედ კატეხიზაციასთან დაკავშირებით, რადგან აუცილებელი გახდა ეკლესიის წმინდა გარდამოცემის „რეზიუმირება“ ნათლობის წინ მისი აღმსარებლობის მიზნით.

და, ბოლოს, კათაკმეველს გადაეცემოდა საეკლესიო ლოცვის „კანონი”, ანუ მას განემარტებოდა საეკლესიო საიდუმლოებათა და წეს-განგებათა და, უწინარესად, ნათლობის წეს-განგების საზრისი. კათაკმეველს მართლაც მიუძღვებოდნენ  ეკლესიის ცხოვრებაში; იგი ემზადებოდა, შეგნებულად და პასუხისმგებლობით შესულიყო ამ ცხოვრებაში. ჩვენამდე მოაღწია ამგვარმა კათექეტურმა საუბრებმა[10]– „მისტაგოგიამ“[11]– წმ. კირილე იერუსალიმელის, წმ. ამბროსი მედიოლანელისა და ეკლესიის სხვა მამათა და მოძღვართა შრომებში. მათში ჩანს, რა სიყვარულით ამზადებდა ეკლესია თავის მომავალ წევრებს „ხსნის საიდუმლოსათვის”, რა სხვადასხვა კუთხით  და უფრო და უფრო ღრმად უცხადებდა კათაკმევლებს აღსასრულებელი ნათლობის საზრისს.

ახლა თითქმის მხოლოდ ჩვილებს ნათლავენ, რაც, ბუნებრივია, გამორიცხავს საიდუმლოსათვის მომზადებისა და მისი განმარტების შესაძლებლობას. ჩვილთა ნათლობის პრაქტიკა ძალიან ძველია. მასზე მოწმობებს უკვე მოციქულთა დროს ვხვდებით. დღეს მას გმობენ სექტანტი-ბაპტისტები, მაგრამ ეს დაგმობა ნაყოფია ქრისტიანობის ყალბი „რაციონალიზაციისა”, რაც სექტანტებს ახასიათებთ. ქრისტიანობა, უწინარესად, არის ახალი მადლმოსილი ცხოვრება, ღმერთის მიერ იესო ქრისტეში მოცემული. ეს ცხოვრება კი, ეკლესიის რწმენით, ეძლევა ყველას და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ბავშვებს, რომლებზეც თვით ქრისტემ თქვა, რომ არ დაებრკოლებინათ ბავშვები, მისულიყვნენ მასთან (მათე, 19:14[12]). მაგრამ თუ იმ ეპოქაში, როცა უპირატესად ზრდასრულნი ინათლებოდნენ და ბუნებრივი იყო, მათთვის ამ ახალი ცხოვრების არსი ნათლობის წინ განემარტათ, ახლა ასევე აბსოლუტურად აუცილებელია ყოველ პირს, რომელიც ბავშვობაში მოინათლა, ეს არსი განვუმარტოთ მაშინ, როცა ისინი მის გაგებას შეძლებენ. მიიღო რა, ეკლესიის რწმენით,  ეს ძღვენი, ადამიანი მოწოდებული და ვალდებულია იგი მიიღოს მთელი არსებით – გონებით, გულითა და ნებით. და ამიტომ სრულიად განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ მღვდელს, მშობლებსა და მიმრქმელებს, რომლებიც ვალდებულნი არიან გადასცენ ბავშვს, როცა იგი გაიზრდება, ნათლობის აღთქმის შინაარსი, ქრისტიანული სარწმუნოების ჭეშმარიტებანი და ქრისტიანული ცხოვრების წესი. საღვთო სჯულის სწავლება უნდა იყოს სწორედ ამგვარი ნათლობისშემდგომი განსწავლა, ესე იგი ნათლობის საიდუმლოს სრულიად აუცილებელი დამატება, მისი საზრისის წარმოჩენა. და საშინელ ცოდვას ჩადიან ის მშობლები და მიმრქმელები, რომლებიც არ ზრუნავენ ბავშვების ამ განსწავლაზე და საეკლესიო ცხოვრებაში მათ ჩართვაზე.

„ეკლესიის ლოცვა კათაკმევლებისათვის“

ნათლობისათვის მომზადება კათაკმევლებისათვის აღვლენილი ეკლესიის განსაკუთრებული ლოცვების თანხლებით მიმდინარეობდა. ეს ლოცვები ახლაც იკითხება ჩვენს ლიტურგიაში და ამ ლიტურგიის მთელ პირველ ნაწილს „კათაკმეველთა ლიტურგია” ეწოდება, რადგან კათაკმევლები ესწრებოდნენ მას, უსმენდნენ წმინდა წერილსა და ქადაგებას, რომელიც განმარტავდა წმინდა წერილს. ამ ლოცვებით შეკრებილი ეკლესია ევედრება ღმერთს, რათა მან „გამოაჩინოს წყალი ესე წყლად განსუენებისად, წყლად გამოხსნისა…” („საბანელ მეორედ შობისა”), „შეაერთნეს იგინი წმიდასა თვისსა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიასა” (წმ. იოანე ოქროპირის ლიტურგია). დიდი მარხვისას კი, როცა ახლოვდებოდა „განათლების” დრო, პირველშეწირულთა ძღვენთა ლიტურგიაზე[13]. კიდევ განსაკუთრებული ლოცვები აღევლინებოდა:

„მორწმუნენო (ესე იგი, უკვე მონათლულნო – ავტ.), წმიდად ნათლად განმზადებულთა ძმათა ჩვენთა და ცხოვრებისათვის მათისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ, რათა უფალმან ღმერთმან ჩვენმან განამტკიცნეს და განაძლიერნეს იგინი. განანათლნეს იგინი ნათლითა მეცნიერებისა და სარწმუნოებისათა. ღირს – ჰყუნეს იგინი ჟამსა კეთილსა, საბანელსა მას მეორედ შობისასა, მისატევებელად ცოდვათა, და სამოსლად უხრწნელებისად. ჰშვნეს იგინი წყლისა მიერ და სულისა. შეაერთნეს იგინი წმიდასა თვისსა და ჰრჩეულსა სამწყსოსა“.

და ეს ვედრება  მთავრდებოდა ლოცვით: „გამოაჩინე პირი შენი, მეუფეო წმიდისა ნათლისღებისა მიმართ განმზადებულთა ზედა, რომელთა სურის ბილწებასა ცოდვათასა განბანად, განანათლენ გონებანი მათნი სარწმუნოებითა, და დაამტკიცენ იგინი სასოებითა, სრულ ჰყვენ სიყვარულითა, და ასოთ პატიოსნად ქრისტეს შენისა გამოაჩინენ, რომელმან იგი მიჰცა თავი თვისი სახსრად სულთა ჩვენთათვის.“

ეს ვედრებანი და ლოცვანი აჩვენებს, რომ ნათლობა – ეკლესიაში ახალი წევრების შესვლა – თავისი არსით არის საქმე მთელი ეკლესიისა, მთელი თემისა და არა „კერძო”, „საოჯახო” წეს-განგება. არადა, დღეს საკმაოდ ხშირად სწორედ „კერძო”, „საოჯახო” წეს-განგებად იქცევა ხოლმე ნათლობა. ნათლობა არა მხოლოდ საეკლესიო შეკრების – ყველა დღესასწაულზე დიდ დღესასწაულზე  აღესრულებოდა,  არამედ იგი თავად არის დღესასწაული ეკლესიის, როგორც ქრისტეს მიერ შეკრებილთა და ქრისტეში ღმერთთან და ერთმანეთთან შეერთებულთა ერთობის დღესასწაული. „ერთ არს უფალ, ერთ სარწმუნოება, ერთ ნათლისღება”(ეფეს. 4:5), და სწორედ ნათლობით, ესე იგი იესო ქრისტესთან საიდუმლო შეერთებით ჩვენ ვხდებით ერთი მამის[14] ძეები და  ვხდებით ახლებური ძმები ახალი ცხოვრებისათვის „რწმენისა და სიყვარულის ერთობაში”  (წმ. ეგნატე ანტიოქიელი). ამიტომ ეს საიდუმლო, რომლითაც ახალი ძმა შედის საეკლესიო ცხოვრებაში, ეხება ყველას და მოითხოვს ყველას ლოცვით მონაწილეობას. ძველად დიდი მარხვით ეკლესია არა მხოლოდ კათაკმევლებს ამზადებდა ნათლობისათვის, არამედ თავის თავსაც ამზადებდა კათაკმეველთა მისაღებად: მარხვით, ლოცვითა და სინანულით. კარგი იქნებოდა, თუ დღეს იმ შემთხვევებში, როცა ამა თუ იმ მიზეზით შეუძლებელია ნათლობის ეკლესიაში აღსრულება, მღვდელმა ამის შესახებ აცნობებს მთელ თემს და მოუწოდებს მას, ილოცოს ეკლესიის ახალი წევრისათვის. მაშინ ლოცვები კათაკმევლებისათვის ჩვენთვის კვლავ გაცოცხლდება მთელი თავისი მნიშვნელობითა და ძალით. და ეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმისი შეხსენებაც იქნება, რომ საეკლესიო ცხოვრების საზრისი ჩვენი თავისა და ჩვენი თვითების დაძლევაა იმისათვის, რომ უსასრულოდ ვიზრდებოდეთ „ქრისტესთან ერთობაში” – „რაჲთა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო, ჩემდამო, და მე შენდამი, რაჲთა იგინიცა ჩუენ შორის ერთ იყვნენ, რაჲთა სოფელსა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე” (იოანე, 17:21)[15]. რადგან ასეთია ეკლესიის ბუნება, ასეთია მისი მისია ქვეყნიერებაზე, ასეთია მიზანი, რომელიც თითოეულს უფლისაგან განგვესაზღვრა.

„კათაკმევლობის წესი“

როგორც ზემოთ უკვე ითქვა, კატეხიზაციასა და ლოცვებს მთელი დიდმარხვის განმავლობაში თან ახლდა განსაკუთრებულ წეს-განგებათა აღსრულება. ერთ-ერთი მათგანი დღემდე შემორჩა მწუხრზე, რომელიც წინ უძღვის პირველშეწირულ ძღვენთა ლიტურგიას: ესაა მლოცველებზე სანთლებით ჯვრის გამოსახვა სიტყვების თანხლებით – „ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა”, რაც ნიშნავს წმინდა წერილის (რომელიც ამ მომენტში იკითხება) ღვთივგანსულიერებული საზრისის ნათლით კათაკმევლების ავსებას (იგივე მნიშვნელობა აქვს ხალხზე სანთლებით ჯვრის გამოსახვას ეპისკოპოსის მიერ ლიტურგიაზე წმინდა წერილის კითხვისას). ახლა ყველა სხვა წეს-განგება შეერთებულია ერთ წეს-განგებაში „კათაკმეველზე აღსასრულებლად” უშუალოდ ნათლობის წინ. ამგვარად, ამ წეს-განგებათა ახსნას ვიწყებთ „ნათლობის” აღსრულების წესით.

მიმრქმელს[16]  ჩვილი მიჰყავს ტაძარში, ან, თუ ნათლობა სახლში სრულდება, მიჰყავს იმ ადგილზე, სადაც მოწყობილია ემბაზი.

1. ეპიტრაქილით შემოსილი მღვდელი იწყებს მღვდელმოქმედებას: „მღვდელმან შემოჰხსნას სარტყელი, რომელსა ენებოს ნათლის-ღება. და დაადგინოს აღმოსავალით კერძო. მხოლოდ პერანგითა ოდენ, თავშიშველი, ფეხშიშველი, და უსარტყლო, ხოლო ხელი ჰქონდეს დაბლად ჩამოშუებით”. პერანგის ამარად ყოფნა, სარტყელის შემოხსნა უძველესი დროიდან აღნიშნავდა ადრინდელი ცოდვიანი ცხოვრების უარყოფას, სინანულსა და ქრისტესკენ მორჩილებით მოქცევას.

2. „მღვდელმა შეჰბეროს ყრმასა მას სამგზის”. შებერვა ეკლესიაში ყოველთვის იყო „ეგზორციზმის”, ე.ი. ბოროტი სულების განდევნის წესი. ასევე, იგი არის ახალი ცხოვრების მიძღვნა, რადგან, ბიბლიური თხრობის შესაბამისად, ღმერთმა ადამის პირს შთაბერა სიცოცხლის სული (იხ. დაბად. 2:7)[17] სუნთქვა სიცოცხლის ძირითადი ფუნქციაა, და ამიტომ ეკლესია მას უკავშირებს როგორც ცოდვით დაზიანებული სიცოცხლის კურნებას, ისე სულიწმინდის მინიჭებას. თვით ღმერთმა „შეჰბერა მათ და რჰქუა: მიიღეთ სული წმიდაჲ” (იოანე, 20:22). აქ შებერვა სულიწმინდის ძალით ბოროტი სულის განდევნაა.

3. „და გამოსახოს მას ზედა სახეჲ ჯუარისა, პირველად შუბლსა და მკერდსა სამგზის”. ადრე ეს იყო პირველი წესი, რომელიც სრულდებოდა კათაკმევლის მიმართ. როცა ადამიანი ქრისტეს ირწმუნებდა, იგი მიჰყავდათ ეპისკოპოსთან და ეპისკოპოსი მას შუბლზე ხელით ჯვარს გამოსახავდა. ეს ნიშნავდა, რომ ამ წუთიდან ადამიანი „გამოყოფილი” იყო ქვეყნიერებიდან და მასზე დასმული იყო ქრისტეს „ნიშანი”.

4. მღვდელმა „დაჰსდუას ხელი თავსა ზედა ყრმასა მას” ნიშნად ქრისტეს მიერ ადამიანის შეძენისა, მასზე ქრისტეს „მსუბუქი უღლის” დადგმისა. „არა უწყითა, რამეთუ ხორცნი ეგე თქუენნი ტაძარნი თქუენ შორის სულისა წმიდისანი არიან…, და არა ხართ თვისთა თავთანი? რამეთუ სასყიდლით სყიდულ ხართ” (1 კორინთ. 6:19-20). ამავე დროს მღვდელი ლოცულობს:

„სახელითა შენითა, უფალი ღმერთო ჭეშმარიტებისაო, და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და წმიდისა სულისა შენისათანა, დავსდებ ხელსა ჩემსა მონასა ამას შენსა ზედა, რაჲთა ღირს იქმნას მოლტოლვად წმიდისა სახელისა შენისა და დაცვად საფარველსა ფრთეთა შენთასა, რაჲთა განეშოროს ამისგან ძველი იგი საცთური, და აღივსოს ესე შენდა მომართ სარწმუნოებითა, სასოებითა და სიყვარულითა. რაჲთა ცნას, რომეთუ შენ ხარ მხოლო ჭეშმარიტი ღმერთი, და მხოლოდ-შობილი ძე შენი. და მოეც ამას ყოველთა შინა მცნებათა შენთა სლვაჲ, და სათნოებათა დაცვად. რამეთუ უკეთუ ჰქმნას ესე კაცმან, სცხოვნდეს მას შინა. და დასწერე ესე წიგნსა მას შინა ცხოველთა შენთასა, და შეაერთე ესე სამწყსოსა სამკვიდრებელისა შენისასა, და დიდებულ ჰყავ სახელი შენი წმიდა ამის შორის, და საყვარელისა ძისა შენისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, და ცხოველს-მყოფელისა სულისა შენისა”…


„შერისხვა“

ამ ლოცვის შემდეგ მღვდელი მიმართავს ეშმაკს. ზოგიერთ მართლმადიდებელს ნათლობის ეს ნაწილი მიაჩნია ძველი ცრურწმენის უცნაურ გადმონაშთად, რომელიც შეუთავსებელია ჩვენს ამჟამინდელ რწმენასთან. ხშირად შეიძლება მოუსმინო ადამიანებს, რომლებიც ირონიული ღიმილით საუბრობენ მოსანათლავის (ან მიმრქმელის) მიმართ მღვდლის მოწოდებაზე „შეჰბეროს და შენერწყვოს” ეშმაკს. ამიტომ აქ განსაკუთრებით უნდა გავიხსენოთ, რიომ ეკლესიას ყოველთვის სწამდა და კვლავაც სწამს იმისა, რომ ეშმაკი არსებობს, ე. ი. ეკლესია ამტკიცებს, რომ არსებობს არა უბრალოდ „ბოროტება”, არამედ პიროვნება, რომელიც ატარებს ამ ბოროტებას და არის საწყისი ბოროტებისა, რომელიც აუმხედრდა ღმერთს და რომელმაც შემოაღწია ქვეყნიერებაზე ცოდვისა და სიკვდილის მეშვეობით და გახდა „თავადი ამა სოფლისა”. ბოროტება არ არის, როგორც ხშირად ამბობენ, სიკეთის არარსებობა, მსგავსად იმისა, როგორც სიბნელე არის სინათლის არარსებობა. ბოროტებას, მიუხედავად იმისა, რომ არა აქვს თავისი „არსი”,  აქვს საშინელი, ირაციონალური ძალა. და ეს იმიტომ, რომ ბოროტების მატარებელია ცოცხალი პიროვნება, რომელმაც აირჩია ბოროტება, ე. ი. ღმერთის წინააღმდეგ ამხედრება, და რომელიც ისწრაფვის, ადამიანიც განაშოროს ღმერთს. ასევე, ქვეყნიერებაზე სიყვარულის არარსებობა ხდება ბოროტება და დამანგრეველი ძალა, როცა არის სიყვარულისაგან დაცლილი და სიძულვილით აღვსილი ადამიანი, ე. ი. პიროვნება, რომელიც აუმხედრდა სიყვარულს. და სწორედ ამიტომ სიყვარულისა და ბოროტების გაგებაზე გადის დაურღვეველი ზღვარი ქრისტიანობასა და ყოველგვარ „რაცონალიზმსა” თუ „პოზიტივიზმს” შორის. ეს უკანასკნელი უარყოფს ბოროტებას, როგორც ძალას: საკმარისია იმის გაგება, რა არის კარგი და სწორი, რომ ბოროტება, ესე იგი არასწორი, გაქრეს. ქრისტიანობა კი აცხადებს ბოროტების საიდუმლოს, როგორც საიდუმლოს ბოროტი სუბიექტისა, რომელმაც აცთუნა ქვეყნიერება, რომელიც დამკვიდრდა ქვეყნიერებაზე, და რომლისგანაც ადამიანს  უკვე აღარ ძალუძს თავისი ძალებით გათავისუფლება მაშინაც კი, როცა მან იცის, რა არის კეთილი და ბოროტი. ქრისტიანობა არის ღმერთის მიერ ქვეყნიერების ხსნის, როგორც ეშმაკთან ბრძოლის შესახებ გამოცხადება და, ამასთან, ამ ბრძოლის უმაღლესი და გადამწყვეტი მომენტი არის ქრისტეს განკაცება, სიკვდილი და აღდგომა. ახლა მთავარი „ამა სოფლისა” განიდევნება გარეთ (იოანე, 12:31[18]). ქრისტემ დაამარცხა ეშმაკი და დაამხო მისი ძალაუფლება (ებრ. 2:14[19].).  და კაცობრიობას მიეთითა გზა ამ გამარჯვებისაკენ – შეერთება ქრისტესთან, ესე იგი ეკლესიაში, რომელშიც ქრისტე მყოფობს საუკუნეთა დასასრულამდე. „და მოუწოდა ათორმეტთა მოწაფეთა თვითა და მისცა მათ ხელმწიფებაჲ სულთა ზედა არაწმიდათა, რაჲთა განასხმიდენ მათ და განჰკურნებდენ ყოველთა სენთა და ყოველთა უძლურებათა” (მათე, 10:1[20]).

ამიტომ ეკლესია, იწყებს რა ნათლობას,  უწინარესად, ქრისტეს ძალაუფლებით ადამიანს ათავისუფლებს ეშმაკის მონობისაგან, რასაც ადამიანთან ერთად ექვემდებარება მთელი დაცემული ქვეყნიერება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სრულდება ერთგვარი „მაგიური” მოქმედება, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ ათავისუფლებს ადამიანს ბოროტებისაგან. ჩვენ ვიცით, რომ ყოველი, ვინც ირწმუნებს ქრისტეს, ამით თავის თავს განუწესებს ეშმაკთან განუწყვეტელი ბრძოლის აღთქმას, და მისკენ ყოველთვის იქნება მიმართული ბოროტების მთელი ძალა. მაგრამ იმისათვის, რომ ადამიანს შეეძლოს ეშმაკთან ბრძოლა, თავდაპირველად იგი დაბრუნებულ უნდა იქნას დაუზიანებელ მდგომარეობაში, ესე იგი, ქრისტეს ძალით ადამიანი უნდა გათავისუფლდეს ბუნებრივი „დაზიანებისაგან”, მიიღოს ის თავისუფლება და ძალა, რომლის მიღწევა და ფლობა თავისი ძალისხმევით მას  არ ძალუძს, ვინაიდან ამ დაცემული ქვეყნიერების ნაწილია. და თუ ადამიანს ქრისტეს ძალაუფლება მიეცემა ნათლობასა და მირონცხებაში, მაშინ მისი გათავისუფლება, მისი გამოყვანა ბოროტებისადმი „ბუნებრივი” მორჩილებისაგან აღესრულება შერისხვითა და განკვეთით, რომელიც წინ უძღვის ნათლობას. აი, რატომ მთავრდება ადამიანის მოსანათლად მომზადება ამ მბრძანებლური მიმართვით ეშმაკისადმი, განეშოროს „აღბეჭდულსა ამისგან ახლისა მხედრისა, ქრისტეს ღმრთისა”. ღმერთის კიდევ ერთ შვილს მოსტაცებს ქრისტეს ეკლესია ეშმაკსა და მის ღვარძლის, ცოდვისა და სიკვდილის სამფლობელოს, კიდევ ერთ შვილს აძლევს შესაძლებლობასა და ძალას, შეუდგეს ახალი ცხოვრების გზას. და ამ „შერისხვებში” ცხადდება ქრისტიანობის არსი, ესოდენ ხშირად დავიწყებული: ქრისტიანობა არ არის ყოფითი რელიგია გულის მომლბობი წეს-განგებებით, არამედ იგი ღმერთის მოწოდებაა ადამიანისადმი, გახდეს „ქრისტეს  მხედრობის” წევრი, მონაწილეობა მიიღოს ამ სულიერ ბრძოლაში და ბოლომდე ერთგულად მყოფობდეს მასში.

სამი შერისხვით, ყოველ მომდევნო ჯერზე უფრო და უფრო მეტი ძალითა და ძალაუფლებით ეკლესია უბრძანებს ეშმაკს, განშორდეს და „უწყოდეს მისი ამაო ძალა”, რადგან იესო ქრისტე … მოვიდეს და არა ყოვნოს”; ქრისტე არის უფალი და მეუფე სამყაროსი. მის წინაშე „ყოველი მუხლი მოდრკეს ზეცისათანი და ქუეყანისათანი და ქუესკნელთანი” (ფილიპ. 2:10), და თუ ეშმაკი ჯერ კიდევ ინარჩუნებს თავის ძალაუფლებასა და ძალას, მან უკვე იცის თავისი დამარცხების შესახებ.

და შერისხვის დასრულების შემდეგ მღვდელი ლოცულობს: „რომელი ეგე ხარ მეუფე და უფალი, რომელმან შეჰქმენ კაცი ხატად შენდა და მსგავსად, და მიეც მას უფლებაჲ და ხელმწიფებაჲ ცხოვრებისა საუკუნოჲსა. ხოლო და-რა-ეცა ცოდვითა, არა უგულებელს-ჰყავ იგი, არამედ განაგე განკაცებითა ქრისტეს ძისა შენისათა ცხოვრებაჲ სოფლისა. შენ აწცა, მეუფეო, დაბადებული ესე შენი იხსენ მონებისაგან მტერისა, და შეიწყნარე შენსა ზეცისა სასუფეველსა, და განახუენ თვალნი გონებისა ამისნი განცდად ნათელსა სახიერებისა შენისასა. იხსენ ესე ყოვლისაგან ზაკვისა წინააღმდგომისა, და შემთხვევისაგან ეშმაკისა შეუადღესა და საცთურთაგან მისთა ბოროტთა”. მღვდელი შეჰბერავს მოსანათლავს პირზე, შუბლსა და მკერდზე და სამჯერ ამბობს: „გამოვედ ამისგან ყოველივე ბოროტი და არაწმიდა სული, დამალული და დაბუდებული გულსა ამისსა… და ჰყავ ესე ცხოვარ პირმეტყველ წმიდისა სამწყსოჲსა ქრისტეს შენისა, ასოდ პატიოსნად ეკლესიისა შენისა, ძედ და მკვიდრად სასუფეველისა შენისა. რაჲთა მსგავსად მცნებათა შენთა მოქალაქობდეს, და დაიცვას ბეჭედი აღუტეხელად, და დაჰმარხოს სამოსელი შეუგინებლად, და მიემთხვიოს სანატრელსა ცხოვრებასა სუფევასა წმიდათა შენთასა.”

„განშორება სატანისაგან“

მაშინ მღვდელი მოსანათლავს მიაბრუნებს დასავლეთისაკენ – სიბნელის ქვეყნისაკენ, რომელიც, ძველი რწმენით, გამოხატავს ეშმაკის სამფლობელოს – და სამჯერ ეკითხება: „განეშორები ეშმაკისაგან, და ყოველთა საქმეთა მისთაგან, და ყოველთა მსახურთა მისთაგან, და ყოველთა ანგელოსთა მისთაგან, და ყოველთა სიბილწეთა მისთაგან?” და მოსანათლავი პირადად, ან მიმრქმელის მეშვეობით სამჯერ პასუხობს: „განვეშორები”. თუ თავიდან ეკლესია ქრისტეს ძალაუფლებითა და ძალით თვითონ შერისხავდა ეშმაკს, ახლა მოსანათლავისაგან მოითხოვება ნებაყოფლობითი განშორება ეშმაკისაგან, მისი მსახურების ნებელობითი უარყოფა. ჩვენ მიერ ჩადენილი ყოველი ბოროტება ბოროტების თავადის მსახურებაა. და მისი უარყოფით ქრისტიანი თავის თავსა და ბოროტებას შორის მკვეთრ ზღვარს ავლებს, რომელიც ეშმაკთან ბრძოლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებით ვლინდება. ასეთია ნათლობის პირველი აღთქმა.

შემდეგ მღვდელი მოსანათლავს კვლავ სამჯერ ეკითხება და ამ დაჟინებული მიმართვით იგი მიუთითებს ამ ნებელობითი უარყოფის უსაზღვრო მნიშვნელობაზე: „განაგდებ სატანას?” და მოსანათლავის სამგზისი უარყოფის – „განვაგდებ” – შემდეგ მღვდელი მას უბრძანებს, შეჰბეროს და შენერწყვოს ეშმაკს, საქმით დაამტკიცოს თავისი მზადყოფნა, დაუყოვნებლივ ჩაებას ეშმაკთან ბრძოლაში. და ნუ იღიმებიან ადამიანები, როცა სრულდება ეს წესი, ისეთივე ძველი, მაგრამ ისეთივე „აქტუალური”, როგორც ეკლესია. რადგან ეს „შეჰბერე და შენერწყვე” არის ჩვენი გადამწყვეტი ნიშანი ეშმაკისაგან განშორებისა, და, დაე, იცოდნენ ადამიანებმა, რომ ამ გამოწვევას ეშმაკი არასოდეს დაივიწყებს. ამ მომენტიდან ჩვენ შევდივართ სასიკვდილო ბრძოლაში, რომელშიც არ იქნება ამოსუნთქვის დრო. და უკვე აღარაფერი იქნება „ნეიტრალური”, არამედ ყველაფერში და ყოველთვის ვიქნებით ან ღმერთთან, ან ეშმაკთან. სახარებაში ბევრია ნათქვამი ამ „ვიწრო გზის” სიძნელეზე, მწუხარებასა და ხიფათზე: „გეშინოდენ მისა უფროჲს, – ამბობს უფალი,  –  რომელი შემძლებელ არს სულისა და ხორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა”(მათე, 10:28).

„ქრისტესკენ მოქცევა და მისდამი შედგომა“

მაშინ მღვდელი მოსანათლავს მიაბრუნებს აღმოსავლეთისაკენ, ნიშნად მისი მოქცევისა, ესე იგი იმ შინაგანი ცვლილების, კრიზისის, სინანულისა, რომლითაც იწყება ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევრობა. აღმოსავლეთი არის ნათლისა და მზის ქვეყანა, და ქრისტიანები ლოცვისას ყოველთვის აღმოსავლეთისაკენ არიან მიქცეულნი; ისინი ფიზიკურ მზეში ხედავენ ხატს „სიმართლის მზისა” – ქრისტესი, რომელმაც თავისი მოსვლით გაანათლა ხალხი, რომლებიც ისხდნენ „ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა” (ლუკა, 1:79). „აღმოსავლეთი არს სახელი მისი,” – ვიმეორებთ საეკლესიო საგალობელში წინასწარმეტყველის სიტყვებს… და მღვდელი სამჯერ ეკითხება მოსანათლავს: „შეუდგებია ქრისტესა?” და სამჯერ ესმის პასუხად: „შევუდგები”. და კვლავ სამგზის: „შეუდგებია ქრისტესა?”„შევუდგები”. ეშმაკისაგან ნებელობით განდგომას მოსდევს ქრისტესადმი ნებაყოფლობითი შედგომა.


„რწმენის
აღმსარებლობა“

„და გრწამს იგი?” – აგრძელებს მღვდელი. „მრწამს იგი ვითარცა მეუფე და ღმერთი” –  პასუხობს მოსანათლავი, რომელიც ამოწმებს არა მხოლოდ „ღმერთისადმი რწმენას”, არამედ რწმენას მისი სასუფევლისადმი, რომელიც მოვლენილ იქნა ქრისტეში და მიეცა ადამიანებს. რადგან „… მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისაჲ“ (მარკოზ, 1:15). და ამის შემდეგ მოსანათლავი წარმოთქვამს სარწმუნოების სიმბოლოს, რომელიც მას, როგორც უკვე ვამბობდით, ნათლობის მოსამზადებელ კვირაში გადასცეს. სარწმუნოების სიმბოლოში მოკლედაა აღბეჭდილი მთელი ჩვენი რწმენის შინაარსი: რწმენა წმინდა სამებისადმი – მამისა, ძისა და სულიწმინდისადმი, შემოქმედი ღმერთისადმი, რომელიც გვაცხოვნებს და გვაკურთხებს ჩვენ; რწმენა უფალი იესო ქრისტესადმი, რომლითაც აღყვანილნი ვართ მამა ღმერთის შვილობის ხარისხში და რომელთანაც შეერთებულნი ვართ სულიწმინდით; რწმენის სიმბოლო ჩამოთვლის ქრისტეს ცხოვრების მოვლენებს (გარდამოხდა ზეცით … ხორცი შეისხა… განკაცდა… ჯვარს ეცვა… ივნო… დაეფლა… აღდგა მკვდრეთით… ამაღლდა ზეცად… და ა. შ.), რომელთაგან თითოეული არის ჩვენი რწმენის შინაარსი, ჩვენი ცხოვრების საზრისი, დაუსრულებელი სიხარულისა და ხსნის წყარო. მოსანათლავი სამჯერ იმეორებს სარწმუნოების სიმბოლოს და თითოეული განმეორების შემდეგ იგი კვლავ მღვდლის შეკითხვის პასუხად ადასტურებს თავის მტკიცე სურვილს, შეუდგეს ქრისტეს.

„თაყუანის-ეც მას”, – მიმართავს მას მღვდელი. მოსანათლავი პასუხობს: „თაყუანის-ვსცემ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, სამებასა ერთარსებასა და განუყოფელსა”.

კატეხიზაცია დასრულებულია. ეკლესიით შემოსაზღვრული, „ბეჭედდასმული” მოსანათლავი ნებაყოფლობით განუდგა სატანას, მოექცა ქრისტესადმი, აღიარა თავისი რწმენა ჭეშმარიტებისადმი, რომელიც დაცულია ეკლესიაში. მღვდელი კატეხიზაციას ასრულებს იმით, რომ საზეიმოდ აკურთხებს ღმერთს, რომელსაც სურს, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს, ესე იგი მივიდეს ჭეშმარიტების შეცნობამდე. და ბოლო ლოცვაში, რომელსაც უკვე ემბაზამდე მივყავართ, მღვდელი უფალს ევედრება: „უფალო, ღმერთო ჩვენო, რომელმან მოუწოდე მონასა ამას შენსა, წმიდასა ნათელსა შენსა, და ღირს-ჰყავ ესე დიდსა ამას მადლსა, წმიდისა ამის ნათლის-ღებისასა. განძარცვე ესე სიძველისაგან, და განაახლე ესე ცხოვრებითა საუკუნოჲთა, და აღავსე ესე წმიდისა სულისა შენისა ძალითა, შეერთებითა ქრისტეს შენისათა, რაჲთა არღარა შვილ ხორციელ იყოს, არამედ შვილ სასუფევლისა შენისა”.

3. ნათლობა

კატეხიზაციის დასრულების შემდეგ მღვდელი იმოსება თეთრი სამღვდელო შესამოსელით. თეთრი სამოსლით იმოსება ახალმონათლულიც ემბაზიდან ამოსვლისთანავე. ამ თეთრი სამოსლით ეკლესია უძველესი დროიდან წარმოაჩენდა სახეს ახალი ცხოვრებისა, ახალი ქმნილებისა, რომელიც მასში განხორციელდებოდა იესო ქრისტეს მიერ, და თეთრი შესამოსლის მონათლულისათვის გადაცემით  ეკლესია მოწმობდა, რომ მონათლული მოწოდებული იყო, თეთრი შესამოსელი წმინდად შეენარჩუნებინა, ესე იგი ეცხოვრა ნათლობაში მიღებული მადლის შესაბამისად. „და ინთება სანთლები, – წერს სვიმეონ თესალონიკელი[21], – რაც ნიშნავს სულის განათლებას  და იმას, რომ მოსანათლავი მოდის სიბნელიდან ნათლისაკენ და ხდება  ძე ნათლისა. საკმევლის კმევა კი ავლენს სულიწმინდის კეთილსურნელებასა და სიწმინდეს.”

ძველად, როგორც უკვე ითქვა, ნათლობა შეადგენდა სააღდგომო ღვთისმსახურების ნაწილს და, რა თქმა უნდა, მეტად საზეიმოდ აღესრულებოდა. ამ საზეიმო ხასიათის დაცვას ჩვენი „კურთხევანი” დღესაც მოითხოვს, რადგან სადაც უნდა აღსრულდეს ნათლობა, იგი ყოველთვის არის „უდიდესი საღვთო საქმე – აღდგენა კაცობრიობისა.” ნათლობა სააღდგომო ხასიათისაა თავისი არსით და ამიტომ არის მთელი ეკლესიის დღესასწაული.

„წყლის კურთხევა“

ნათლობის საიდუმლო იწყება წყლის კურთხევით. ძველ აღთქმაშიცა და, საერთოდ, ქრისტიანობამდელ რელიგიებში წყალი ყოველთვის იყო ზნეობრივი განწმენდის ბუნებრივი სიმბოლო. წყალში შთაფლვაც (თვით სიტყვა „ნათლობა”, ბერძნულად „baptizma”(ბაპტისმა), სწორედ „წყალში შთაფლვას” ნიშნავს) სინანულისა და განახლების გამოხატულება იყო. „მე უკუე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა სინანულად”(მათე, 3:11) – ამბობს წმინდა იოანე ნათლისმცემელი. მეორე მხრივ, წყალი ასევე იყო სიცოცხლის სიმბოლო, როგორც ყველანაირი სიცოცხლის პირობა და საფუძველი. და წყლის ეს ძველი და „ბუნებრივი” სიმბოლიზმი მიიღო ქრისტიანობამაც. თვით უფალი საუბრობს წყლითა და სულით შობაზე ( იოანე, 3:5[22])  და ნათელიღო იოანესაგან. მაგრამ, როგორც ყველა კაცობრივი სიმბოლო, ეკლესიაში წყალში შთაფლვა აღარ იყო მხოლოდ სიმბოლო, მასში ადამიანმა ნამდვილად მიიღო ის, რაც წყალს შეეძლო მხოლოდ გამოეხატა, რისი სიმბოლოც შეიძლებოდა ყოფილიყო. რადგან მხოლოდ ღმერთს ძალუძს აღავსოს სიმბოლო რეალობით, და წყალში სიმბოლური შთაფლვა გახდა ნათლობა „სულიწმინდითა და ცეცხლით“ (მათე, 3:11[23]).  ადამიანს შეუძლია მოინანიოს ცოდვები  და თავისი სინანული და სევდა გამოხატოს შენდობის ვედრებით, მაგრამ მხოლოდ ღმერთს შეუძლია პატიება; ადამიანს შეიძლება სწყუროდეს ნამდვილი ცხოვრება, ესე იგი ღმერთთან შეერთება, მაგრამ მხოლოდ ღმერთს შეუძლია ამ წყურვილის დაკმაყოფილება. ღმერთმა შეგვინდო ჩვენი ცოდვები და მოგვცა ახალი ცხოვრება თავის ძეში, რომელიც გახდა ძე კაცისა, შეუერთდა ჩვენს ადამიანურ ბუნებას, აიღო ჩვენი ცოდვები და იტვირთა ჩვენი უძლურებანი. თითოეულს, ვინც ირწმუნა ქრისტე, მან მისცა საშუალება, გამხდარიყო ღმერთის შვილი და ჰქონოდა ახალი და მარადიული ცხოვრება. ის, რასაც კაცობრიობა უძლურად გამოხატავდა სიმბოლოებსა და სახეებში, რასაც ელოდა და რისთვისაც ლოცულობდა, ბოლოს და ბოლოს, მიეცა რეალურად. მაშინ სიმბოლო გახდა საიდუმლო. ეს იმას ნიშნავს, რომ, კვლავაც არის რა გამოსახულება, იგი თვით ღმერთმა აღავსო ნამდვილი ძალით და გახდა რეალური. ეს ძალა არის ძალა იესო ქრისტესი, რომელიც სულიწმინდით აღავსებს, ესე იგი ხდის ქმედითად, ყოველ საიდუმლოს. ეკლესიის მთელი ცხოვრება არის საიდუმლო და შეუძლებელია, არ იყოს საიდუმლო. იგი საიდუმლოა იმიტომ, რომ მასში ყოველთვის მოქმედებს თვით იესო ქრისტე, რომელმაც აღგვითქვა – იყოს ეკლესიაში საუკუნეთა დასასრულამდე  (მათე, 28:20[24] ).  შეუძლებელია, იგი არ იყოს საიდუმლო იმიტომ, რომ ეკლესია ყოველთვის იგონებს და გამოხატავს იმას, რაც ჩვენთვის ქრისტემ გააკეთა. მაგრამ მან ეს გააკეთა ერთხელ, ეს არის ერთადერთი მოვლენა, აღსრულებული აქ, დედამიწაზე, კაციბრიობის ისტორიაში – „პონტოელი პილატეს დროს”. იგი განუმეორებელია; იგი რომ განმეორებადი ყოფილიყო, ეს იმისი დადასტურება იქნებოდა, რომ ეს ერთადერთი მოვლენა არაა საკმარისი ქვეყნიერების ხსნისათვის. მაგრამ ქრისტე მოკვდა ერთხელ და ყველა ადამიანისათვის. იგი აღდგა და მეფობს, „და სიკუდილი მის ზედა არღარა უფლებდეს” (რომ. 6:9). ხოლო საიდუმლოს მეშვეობით ყოველი ადამიანი შედის ამ მოვლენაში და თავისთვის იღებს ამ მოვლენის ძალას. ამგვარად, ლიტურგია არის არა განმეორება საიდუმლო სერობისა, არამედ მისი მოგონება, მაგრამ ეს მოგონება საიდუმლოდ გვხდის ერთი და განუმეორებელი საიდუმლო სერობის მონაწილეებად და მარადიულად აგრძელებს მას ეკლესიაში. ასევე, ნათლობაც არის ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომის მოგონება, მაგრამ ამ მოგონებაში ადამიანი საიდუმლოდ უერთდება ქრისტეს, „თანამოკვდება” და „თანააღდგება” მასთან ერთად და თავის თავში იღებს ქრისტეს ცხოვრებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საიდუმლოში ქვეყნიერების ხსნა, აღსრულებული ქრისტეს მიერ, მარადიულად მოქმედებს ქვეყნიერებაზე; მასში დაძლეულია დრო, წარსული ცხოვრობს აწმყოში და რეალურად გარდაქმნის მას და უკვე შემოჰყავს „ამა სოფელში” ახალი ცხოვრება მომავალ საუკუნეთა, ესე იგი ღვთის სასუფევლისა.

ეკლესიის ცხოვრება შეუძლებელია არ იყოს საიდუმლო კიდევ იმიტომ, რომ თვით ქრისტეს ღმერთკაცობა, ესე იგი მასში ღმერთისა და ადამიანის შეერთება არის საიდუმლო. და ისევე როგორც ქრისტეში ღმრთეების მთელი სისავსე მკვიდრობდა სხეულებრივად (კოლას. 2:9[25]), ასევე ეკლესიაში ღვთაებრივი, უხილავი მხარე არასოდესაა განშორებული კაცობრივისაგან, ხილულისაგან, არამედ ყოველთვის განხორციელებულია კაცობრივში, ხილულში. წმინდა წერილის კაცობრივი სიტყვა არის ღმერთის სიტყვა, ევქარისტიული პური არის ქრისტეს სხეული, მირონი არის სულიწმინდის ნიჭი. მთელი ჩვენი რწმენა ეფუძნება იმას, რაც „გუესმა და ვიხილეთ თუალითა ჩვენითა, რომელი ვიხილეთ და ხელნი ჩვენნი ჰმსახურებდეს” (1 იოანე, 1.1.), რადგან „სიტყუაჲ იგი ხორციელ იქმნა” (იოანე, 1:14) და ძე ღვთისა სამარადისოდ არის ძე კაცისაც.

და ბოლოს, საიდუმლოში თვით ნივთიერება, თვით მატერია ქვეყნიერებისა აღდგება იმ მნიშვნელობით, რაც მას ცოდვით დაცემამდე ჰქონდა. იგი ადამიანს არ განყოფს ღმერთისგან, არამედ, პირიქით, არის გზა და საშუალება ღმერთთან შეერთებისა, იგი არ ბატონობს ადამიანზე, არამედ პირიქით, თვით ემსახურება მას, ხდება „საიდუმლოს მატერია”, რადგან იგი ამ მიზნით შეიქმნა.

აი, რატომ აღესრულება ღმერთთან ჩვენი შეერთების საიდუმლო, ცოდვათა მიტევებისა და ქრისტეში ახალი ცხოვრების მონიჭების საიდუმლო წყალში ნათლობით. წყალს არა აქვს თავისთავადი მნიშვნელობა; ასევე, იგი არ არის „უბრალოდ” სიმბოლო. ნაკურთხი  წყალი, ესე იგი სულიწმინდით ჭეშმარიტად განმსჭვალული, იღებს ქრისტეს ძალას და მასში ადამიანი ჭეშმარიტად უერთდება ქრისტეს და მთლიანად – სულითა და სხეულით განახლდება ახალი ცხოვრებისათვის.

წყლის კურთხევა იწყება ასამაღლებლით – „კურთხეულ არს მეუფება”, და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ადრე ნათლობა აღესრულებოდა ლიტურგიასთან უშუალო კავშირში[26]ახალ ცხოვრებაში დაბადება ბუნებრივად მთავრდებოდა იმით, რომ ახალმონათლული იღებდა ამ ახალი ცხოვრების საჭმელს, ესე იგი ქრისტეს ხორცსა და სისხლს, რომლებიც ჭეშმარიტი საჭმელი და ჭეშმარიტი სასმელია (იოანე, 6:53-56[27]).

ასამაღლებელს მოსდევს დიდი კვერექსი, რომელსაც მოჰყვება ვედრება იმის შესახებ, რათა წმინდა იქმნას ეს წყალი ძალითა და შეწევნითა  და დანერგვითა სულისა წმიდისათა; რათა გარდამოავლინოს წყალზე მადლი გამოხსნისა და კურთხევა იორდანისა (რადგან თვით უფალმა აკურთხა წყალი იორდანეში თავისი შთაფლვით); რათა განგვანათლოს ნათლითა მეცნიერებისა და სარწმუნოებისა და დანერგვითა სულისა წმიდისათა; რათა ამ წყლის მეშვეობით განაქარვოს ყოველი განდგომილება მტრისა ხილულისა და უხილავისა; რათა ღირს-იქმნას უხრწნელისა და სასუფევლისა ამ წყალში შთაფლული, ვინც მოდის ნათლობით განსანათლებლად და ცხოვრებისათვის; რათა გამოჩნდეს იგი ძედ ნათლისა და მკვიდრად საუკუნეთა კეთილთა; რათა იქმნას იგი თანანერგი და თანაზიარი ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომისა; რათა დაცულ იქმნას იგი შემკული ნათლისღების მიერ, და დაემტკიცოს ბეჭედი სულისა წმიდისა უბიწოდ და შეუგინებლად ქრისტეს საშინელ დღეს; რათა ეს წყალი იქმნას მეორედ შობის წყლად და მისატევებლად ცოდვათა, „სამოსლად უხრწნელებისა”.

მერმე მღვდელი ჩუმად ლოცულობს თავისი თავისთვის:  რათა ამ ჟამს, როცა მისი მეშვეობით უნდა აღსრულდეს „დიდი, საშინელი და ზეციური საიდუმლო”, ღმერთმა მას შეუნდოს მისი ცოდვები და „განწმინდოს იგი სრულად ძალითა უხილავითა”, რათა „სხვებისთვის თავისუფლების მქადაგებელი” თვითონ არ იყოს მონა ცოდვისა; ლოცულობს იმისთვის, რომ ღმერთმა ქრისტე გამოსახოს იმაში, ვინც „მეორედ უნდა იშვას”, ესე იგი, აქციოს მონათლული ქრისტეს ნამდვილ ხატად – დააყენოს იგი მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საფუძველზე და „დაჰნერგოს იგი ნერგად ჭეშმარიტებისა  წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიაში…”

ამის შემდეგ მღვდელი ხმამაღლა იწყებს წყლის კურთხევის ლოცვას, რომელიც იწყება საზეიმო მტკიცებით: „დიდ ხარ შენ უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი, და ვერვინ შემძლებელ არს მადლის მიცემად საკვირველებათა შენთა”.

ამ გასაოცარ, ჭეშმარიტად კოსმიურ ლოცვაში ეკლესია გვაუწყებს თავის რწმენას შემოქმედი, განმგებელი და მხსნელი ღმერთისადმი. და მთელი ქმნილება ეკლესიის პირით მადლობს, ადიდებს და აქებს ღმერთს, რადგან ამაშია ქმნილების უმაღლესი ნეტარება, ამაშია მისი დანიშნულება და ჭეშმარიტი თავისუფლება. მორწმუნისათვის მთელი სამყარო ასახავს ღმერთის დიდებას, მის ყოვლადბრძნობასა და მის სიკეთეს, მთელი ქმნილება მიისწრაფვის თავისი პირველწყაროსაკენ და მასთან შეერთებით პოულობს ნეტარებასა და ცხოვრების საზრისს. მღვდელი აგრძელებს: „შენგან ძრწიან ყოველნი უხილავნი ძალნი ნათლისანი, შენ გიგალობს მზე. შენ გადიდებს მთოვარე. შენ გაქებენ ვარსკვლავნი. შენ გერჩის ნათელი.  შენგან ძრწიან უფსკრულნი…” ყველაფერი ღმერთისაა, ყველაფერი ღმერთის შექმნილია და ყველაფერი მისკენ ისწრაფვის. მაგრამ ადამიანმა ამ ჭეშმარიტი თავისუფლების, ღმერთის ძეთა და მეგობართა თავისუფლების სანაცვლოდ აირჩია თავისი, მცირე, “მონური” თავისუფლება, თავისუფლება ურჩობისა და რღვევისა, და ქვეყნიერება დაეცა. მაგრამ ღმერთმა არ მიატოვა იგი. ღმერთი შემოქმედი გახდა ღმერთი მხსნელიც.

მღვდელი აგრძელებს: „შენ ხარ ღმერთი გარეშეუწერელი, დაუსაბამო, გამოუთქმელი, მოხვედ ქვეყნად, და ხატი მონისა შეიმოსე, და მსგავს კაცთა იქმენ. რამეთუ ვერ იტყვირთე, მეუფეო, წყალობითა და მოწყალებითა შენითა, ხილვად ეშმაკისაგან მიმძლავრებული ნათესაცი კაცთა. არამედ მოხვედ, უფალო, და მიხსნენ ჩვენ”.

ასეთია მარადიული, უსაზღვროდ სასიხარულო, უსაზღვროდ საშინელი მტკიცება ეკლესიისა, რომლითაც იგი ცხოვრობს და რომელსაც იგი აუწყებს საუკუნეთა დასასრულამდე.

„არამედ მოხვედ, უფალო, და მიხსნენ ჩვენ!“

„აღვიარებთ მადლსა, ვქადაგებთ წყალობასა, და არა დავფარავთ ქველისმოქმედებასა შენსა, რომელმან ბუნებისა ჩვენისა ნათესავი განათავისუფლე, ქალწულებრივი განწმინდე საშოჲ შობითა შენითა. ყოველი დაბადებული გიგალობს შენ, გამოჩინებულსა ღმერთსა. რამეთუ შენ, ღმერთო ჩემო, ქვეყანასა ზედა გამოსჩნდი და კაცთა შორის იქცეოდი, შენ იორდანისა წყალნი განწმინდენ, ზეცით გარდამოავლინე წმინდა სული შენი”.

და იმიტომ, რომ ღმერთი მოვიდა, იმიტომ, რომ მან იხსნა ქვენიერება და თავისი მოვლინებით სამუდამოდ აკურთხა იგი, ღმერთის ძალა მყოფობს ქვეყნიერებაზე. და ამიტომ მიმართავს მღვდელი მას: „შენ უკუე, კაცთმოყვარეო მეუფეო, მოვედ აწცა დანერგვითა წმიდისა სულისა შენისათა, და განწმინდე წყალი ესე. და მოეც ამას მადლი გამოხსნისა და კურთხევა იგი იორდანისა. ჰყავ ესე წყაროდ უხრწნელებისად, სიწმინდისა მომნიჭებელ, ცოდვათაგან გამომხსნელ, სენთა მაოტებელ, ეშმაკთა დამთრგუნველ, წინააღმდგომთა ძალთა მიუახლებელ, ანგელოსთა ძალითა სავსე, რაითა ივლტოდენ ამის მიერ ყოვლად-მზაკვარნი ეშმაკნი დაბადებულისა შენისაგან. რამეთუ სახელსა შენსა, უფალო, ვხადით საკვირველსა და დიდებულსა, და საშინელსა მტერთა მიმართ.”

ხოლო მერმე მღვდელი წყალს გადასახავს ჯვარს ხელის გავლებით (სამგზის), შეჰბერავს (სამგზის) და იტყვის შემდეგ ლოცვას:
„შეიმუსრენ ნიშითა და სასწაულითა ჯვარისათა ყოველნი წინააღმდგომნი ძალნი”.

როგორც თავდაპირველად „შერისხვის” ლოცვა იკითხებოდა თვით კათაკმევლის მიმართ, ახლა იგივე აღესრულება წყლის მიმართაც. ღმერთის ქმნილება – ქვეყნიერება – ერთიანია თავის არსებობაში; ადამიანის მეშვეობით, რომელიც მოწოდებული იყო, ყოფილიყო ყოველი ქმნილების მეფე, მთელი ქვეყნიერება დაეცა და „იჭვი იგი დაბადებისაჲ გამოჩინებასა შვილთა ღმრთისათა მოელის, რამეთუ ამაოებასა დაემორჩილა დაბადებული არა ნებსით, არამედ მის მიერ, რომელმან-იგი დაამორჩილა სასოებით, რამეთუ თვით იგიცა დაბადებული გან-ვე-თავისუფლდეს მონებისაგან ხრწნილებისა აზნაურებასა მას დიდებისა შვილთა ღმრთისათა. უწყით, რამეთუ ყოველი დაბადებული თანა კვნესის და თანა-ელმის მოაქამდე” (რომ. 8:19-22[28]). ადამიანის ხსნა ნიშნავს მასში და მისი მეშვეობით ქვეყნიერების აღდგენასაც. ქვეყნიერება არის ადამიანის სახლი, და ქრისტემ იორდანეში, ესე იგი მატერიაში ჩასვლით მოამზადა ახალი, განწმენდილი, გათავისუფლებული ქვეყნიერება, შეერთებული ღმერთთან, რათა მასში იცხოვროს და მისით იკვებოს და მასში იმუშაკოს გამოხსნილმა ადამიანმა თავის ახალ ცხოვრებაში.

და, გაათავისუფლა რა წყალი, მღვდელი ისევ და ისევ ლოცვით მიმართავს უფალს: „შენ, მეუფეო ყოველთაო, გამოაჩინე წყალი ესე წყლად განსუენებისად, განმწმენდელ სულთა და ხორცთასა, განხსნად კრულებათა, მიტევებად ცოდვათა, განმანათლებლად სულთა, საბანელ მეორედ შობისა, განახლებად სულისა, შვილებად მადლისა, სამოსლად უხრწნელებისად, წყაროდ ცხოვრებისა. რამეთუ შენ თქვი უფალო: განიბანენით, განიწმენდენით და მოისპეთ უკეთურებაჲ სულთაგან თქვენთა, რომეთუ შენ მოგვმადლენ ჩვენ ზეგარდამო შობაჲ წყლითა და სულითა, გამოსჩნდი, უფალო, წყალთა ამათ შინა, და მოეც ამისგან განახლება ნათელ-ღებადსა ამას, განძარცვად ძველისა მის კაცისა განხრწნადისა, … და შემოსად ახლისა ამის განახლებისა, მსგავსად ხატისა მის შენისა ქმნილისა, რაჲთა თანანერგ-ქმნილნი მსგავსებასა სიკვდილისასა, მხოლოდშობილისა ძისა შენისა, ნათლისღებისა მიერ ზიარ-იქმნას აღდგომასაცა და დაიცვას ნიჭი იგი სულისა შენისა წმიდისა. რაჲთა აღაორძინოს წინდი იგი მადლისა, და შეიწყნაროს გვირგვინი იგი ზეცისა ჩინებისა, და თანა-აღრაცხილ იქმნას პირმშოთა თანა, აღწერილთა ცათა შინა…”

„წყალზე ჯვრის გამოსახვა ზეთით“

წყლის კურთხევის შემდეგ მღვდელი აკურთხებს ზეთს, ზეთით წყალზე ჯვარს გამოსახავს და ზეთს ცხებს მოსანათლავს.

ზეთი არის ჭრილობების მკურნალობის, წყალობის, მშვიდობისა და სიხარულის სახე. ნოეს მიერ კიდობნიდან გაშვებული მტრედი ზეთისხილის რტოთი დაბრუნდა, ნიშნად ღმერთის რისხვის შეწყვეტისა, ღმერთის შერიგებისა ადამიანთან. ქრისტე თავის იგავებში იყენებს ზეთის სახეს: მოწყალე სამარიტელმა ზეთი დაასხა ავაზაკებისაგან დაჭრილის იარას (ლუკა, 10:33-34[29] ). ამგვარად, წყალზე ნაკურთხი ზეთის დამატება მოასწავებს ღმერთის ადამიანთან შერიგებას, რომელიც აღასრულა ქრისტემ, მოასწავებს ადამიანის ჭრილობების, ესე იგი, ცოდვებისა და უძლურებისგან განკურნებას, ქრისტეს მიერ ადამიანისათვის ბოროტთან ბრძოლის ძალის მინიჭებას.

„მშვიდობა ყოველთა,” – წარმოთქვამს მღვდელი. ამ სიტყვებში გამოხატულია არსი ეკლესიისა, როგორც ღმერთთან შერიგებული კაცობრიობისა, ოდესმე არა შეწყალებულისა, ამჟამად შეწყალებულისა (1 პეტრე, 2:10[30]). კაცობრიობას აქვს ქრისტესეული მშვიდობა მისი სიტყვისაებრ – „მშვიდობასა დაგიტევებ თქუენ, მშვიდობასა ჩემსა მიგცემ თქუენ” (იოანე, 14:27[31]). და შემდეგ, შეჰბერავს რა ზეთს (როგორც მანამდე შეჰბერა წყალსა და თვით მოსანათლავს), ამით გაათავისუფლა რა იგი,  მღვდელი ზეთზე გამოსახავს ჯვარს და ლოცულობს, რომ ეს ზეთი იყოს „საჭურველ სიმართლისა”[32].  და „ალილუიას” გალობით ზეთით ჯვარს გამოსახავს წყალზე[33].

ზეთით წყალზე ჯვრის გამოსახვით მთავრდება ნათლობისათვის მომზადება. მომზადებულია „საფლავი და დედა”, წმინდა კირილე იერუსალიმელის თქმით:[34]. საფლავი იმიტომ, რომ ემბაზში ჩასვლით ადამიანი სახეობითად შეუერთდა ქრისტეს სიკვდილს, დედა იმიტომ, რომ ნათლობის სიკვდილით მონათლული ხელახლა იშვება. ნათლობისათვის მომზადება მთავრდება მღვდლის საზეიმო ასამაღლებლით – „კურთხეულ არს ღმერთი, რომელი განანათლებს და წმიდა-ჰყოფს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად”.

„მოსანათლავის ზეთისცხება“

„და მოიყვანენ მოსანათლავსა” და მას მღვდელი სცხებს წმინდა ზეთს. ძველად მეომრები, რომლებიც ემზადებოდნენ ბრძოლისათვის, სხეულს ზეთით იზელდნენ სხეულის გასაკაჟებლად. ასევე ქრისტიანიც, ხდება რა ქრისტეს მხედრობის წევრი, იძენს ძალას იმ „უხილავი ბრძოლისათვის”, რომელსაც იგი ნებელობით იღებს, ირჩევს რა ცხონების „იწრო გზას”. “შენ ცხებული ხარ, – ამბობს წმინდა ამბროსი მედიოლანელი, – როგორც ქრისტეს თანამოღვაწე, რომელიც უნდა შეებრძოლო წუთისოფლის ცთუნებებს.”

მღვდელი მოსანათლავს ზეთს სცხებს შუბლზე და წარმოთქვამს: „იცხებს მონა ესე (ან მხევალი) ზეთსა სიხარულისასა, სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ”

შემდეგ სცხებს მკერდზე: „საკურნებლად სულისა და ხორცისა”; ყურებზე: „სმენად სარწმუნოებისა”; ხელებზე: „ხელთა შენთა შემქმნეს მე და დამბადეს მე, გულისხმა-მიყავ და ვისწავლნე მე სიმართლენი შენნი”. ფეხებზე: “სლვად გზათა მშვიდობისათა.”

მთელი ადამიანი, მთელი მისი სხეული და მისი ყველა გრძნობა განახლდება, იწმინდება და ძლიერდება ღვთის სამსახურისათვის.

„ნათლობა“

„ხოლო რაჟამს სცხებს ყოველსა გვამსა, მერმე ნათელს სცემს”, ესე იგი წყალში შთაფლავს შემდეგი სიტყვების სამგზის წარმოთქმით: „ნათელს იღებს მონა ღმრთისა (ან მხევალი ღმრთისა) სახელითა მამისათა, ამინ. და ძისათა, ამინ. და სულისა წმიდისათა, ამინ.”

ასეთია თავისი დანიშნულებით ერთადერთი, შეუდარებელი მომენტი ჩვენი ცხოვრებისა, არა მხოლოდ ამქვეყნიური, არამედ მარადიული ცხოვრებისა. წყალში შთაფლვით ჩვენ თანამოვკვდით ქრისტესთან ერთად, ემბაზიდან ამოსვლით კი ჩვენ ქრისტესთან ერთად „თანააღვდექით,” და ეს მაცხოვნებელი წყალი იქმნა ჩვენთვის „საფლავიცა და დედაც”. „ქრისტე ნამდვილად ჯვარს ეცვა, ნამდვილად დაეფლა და ჭეშმარიტად აღდგა და ეს ყოველივე ჩვენ მოგვმადლა, რომ მის ვნებებთან მსგავსებითად ზიარებულნი ჭეშმარიტებით გავხდეთ მიმღებნი გამოხსნისა” (წმინდა კირილე იერუსალიმელი).

„ფსალმუნი“

ამიტომ ნათლობისთანავე მღვდელი და მთელი კრებული გალობს 31-ე ფსალმუნს, რომელშიც გამოხატულია სიხარული შენდობის მიღებისა და ახალი ცხოვრების დაწყების გამო: „ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნეს უშჯულოებანი და რომელთა დაეფარნეს ცოდვანი… იხარებდეთ უფლისა მიმართ და იშუებდით, მართალნო, და იქადოდეთ ყოველნი წრფელნი გულითა.”

„თეთრი სამოსლით შემოსვა“

შემდეგ მღვდელი მონათლულს შემოსავს თეთრი სამოსლით. როგორც ნათლობის დაწყების წინ მოსანათლავის განმოსვა ტანსაცმლისაგან ნიშნავდა ძველი, ცოდვიანი ადამიანისაგან განძარცვას, ისე ეს თეთრი სამოსელი არის სახე ახალი კაცობრიობისა, „მსგავსად ხატისა მის დამბადებლისა.” (შდრ.:კოლას. 3.9-10[35] )

„შეიმოსს მონა ღმრთისა“ (ან მხევალი ღმრთისა), – ამბობს მღვდელი, – „სამოსელსა სიმართლისასა, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.” ამ დროს იგალობება ტროპარი: „მომეც მე სამოსელი ბრწყინვალე, რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად, მრავალმოწყალეო ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა მოწამეთათა.”

4. მირონცხება

ნათლობა არის მიტევებისა და განახლების საიდუმლო, შობის საიდუმლო. მაგრამ შობას მოსდევს სიცოცხლე. ღმერთმა ქვეყნიერების შექმნისას, შექმნა რა ადამიანი, „და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისაჲ და იქმნა კაცი იგი სულად ცხოველად” (დაბად. 2.7) და ახალი ქმნილების – ქვეყნიერების ხსნის შემდეგ, რომელიც აღასრულა ქრისტემ, სულთმოფენობის დღეს მოციქულებზე გარდამოვიდა სულიწმინდა, რათა ისინი შემოსილიყვნენ „მაღლიდან ძალით” (ლუკა, 24:49[36]). ასევე ნათლობის შემდეგ სულიწმინდა ახალმონათლულზე გადმოდის მირონცხების საიდუმლოში.

ესაა სიცოცხლის საიდუმლო: სულიწმინდა არის „სიცოცხლის მომნიჭებელი”, ესე იგი წყარო ახალი ცხოვრებისა, ღვთაებრივი ცხოვრებისა, რომელსაც ადამიანი იღებს ქრისტეში. „და ცხოვრებაჲ იგი გამოცხადნა”, – ამბობს იოანე ღვთისმეტყველი (1 იოანე, 1:2[37][[37]],,სიცოცხლე ცხად იქმნა”). ხოლო ეს ცხოვრება მოგვეცა სულიწმინდისაგან. „ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე” (გალატ. 2:20[38]). ამ სიცოცხლეს გვანიჭებს და მასზე მოწმობს სულიწმინდა, რომელიც მოციქულებზე იერუსალიმში გარდამოვიდა, რომელიც აღასრულებს ეკლესიის ყოველ საიდუმლოს და რომელიც გვეძლევა მირონცხებაში. „ესე არს, რომელი მოვიდა წყლითა და სისხლითა, იესუ ქრისტე არა წყლითა ხოლო, არამედ წყლითა და სისხლითაცა; და სული არს, რომელი წამებს, რამეთუ სული არს ჭეშმარიტებისაჲ” (1 იოანე, 5:6[39]).

„კურთხევის საიდუმლო“

„წმინდა”, უწინარესად, აღნიშნავს კურთხეულს, ესე იგი ღმერთისადმი მიძღვნილს, ღმერთის სამსახურად მიძღვნილს. ამიტომ ეკლესია არის „…ნათესავი რჩეული, სამეუფოჲ სამღდელოჲ, თესლი წმიდაჲ” (1 პეტრე, 2:9[40]). იგი ემსახურება ქრისტეს საქმეს, თვით ქრისტე კი მოვიდა „მსახურებად და მიცემად სული თვისი სახსრად მრავალთათვის” (მათე, 20:28[41]). ეკლესიაში ჩვენ ვცხოვრობთ არა ჩვენთვის, არამედ იმისთვის, რომ აღვასრულოთ ქრისტეს საქმე ქვეყნიერებაზე. ჩვენ ვართ „…ერი მოგებული, რაჲთა სათნოებათა მოუთხრობდეთ, რომელმან-იგი ბნელისაგან გიწოდნა თქუენ საკვირველსა მას ნათელსა მისსა” (1 პეტრე, 2:9[42]). თითოეული ჩვენგანი კურთხეულია სულიწმინდის მიერ,  ესე იგი კურთხეულია თავისი უფლის სამსახურად. თითოეულს სულიწმინდა წარგზავნის განსაკუთრებული მსახურებისათვის, და არ არსებობს ეკლესიის წევრი, რომელიც არ არის მოწოდებული სამსახურად, რადგან თვით ეკლესია არის მარადიული მსახურება ღმერთისა, მარადიული მოწმობა ღმერთის სასუფევლის შესახებ ამქვეყნად და ზესთასოფელში.

„განსულიერების საიდუმლო“

ჩვენი ცხოვრება, ღირსი სერაფიმე საროველის სიტყვებით, უნდა იყოს „სულიწმინდის მოხვეჭა”, ესე იგი განუწყვეტელი ზეაღსვლა და განსულიერება. ჩვენ მოწოდებულნი ვართ სრულყოფისაკენ. „იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს” (მათე, 5:48); და მირონცხების საიდუმლოში  ჩვენ გვეძლევა მადლი, ესე იგი ძალა, რომელიც გვეხმარება ამ ზეაღსვლაში, ამ შეუჩერებელ ბრძოლაში სულიერი ცხოვრებისათვის, მთელი ჩვენი კაცობრივი არსების განსულიერებისათვის.  სულიწმინდა, რომელიც ჩვენ გვეძლევა, არის წყარო იმ შინაგანი წყურვილისა, რომელიც აღარ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავმშვიდდეთ მხოლოდ მიწიერითა და მატერიალურით, არამედ ყოველთვის მოგვიწოდებს ზეციურისკენ, მარადიულისა და სრულყოფილისაკენ. იგი არის სინდისი, რომელიც განსჯის ჩვენს უგუნურ ქმედებებს და გვაძლევს საშუალებას, „დავინახოთ ჩვენი შეცოდებანი”, და იგი არის აგრეთვე „მშვიდობა და სიხარული”, რომელიც უკვე აქ, ამქვეყნად, გვაძლევს ღვთის სასუფევლის მარადიული სიხარულის გემოსხილვის შესაძლებლობას (იხ.: რომ. 14:17[43]).

თავდაპირველად ნათლობის შემდეგ სულიწმინდის გარდამოსვლა აღესრულებოდა ხელდასხმით. სამარიას მისულმა მოციქულებმა „ლოცვა-ყვეს მათთვის, რაჲთა მიიღონ სული წმიდაჲ. რამეთუ მუნამდე არა იყო არცა ერთსა მათგანსა ზედა მოწევნულ სული წმიდაჲ, გარნა ბანილ, ხოლო იყვნეს სახელითა უფლისა იესუჲსითა. მაშინ დაასხმიდეს ხელთა მათ ზედა, და მიაქუნდა სული წმიდაჲ” (საქმე მოციქ. 8:15:17[44]).

შემდგომში ხელდასხმა შეცვლილ იქნა წმინდა მირონის ცხებით. მირონი განსაკუთრებული ზეთია, რომელიც ძვირფასი ნივთიერებებისაგან შედგება და რომელიც კურთხეულია დიდ ხუთშაბათს ადგილობრივი ეკლესიების წარმომადგენლების მიერ. „მირონი” ბერძნულად „კეთილსურნელოვან ზეთს” ნიშნავს. ზეთით ცხება ყოველთვის იყო სახე კურთხევისა და სამსახურად წარგზავნისა. თვით ქრისტე არის ცხებული, რადგან სიტყვა „ქრისტე” ბერძნულად ნიშნავს „ცხებულს”: „სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისათჳს მცხო მე მახარებელად გლახაკთა” (ლუკა, 4:18[45])… ქრისტეს აღმსარებელთა ეს სულიერი ცხება აღესრულება სწორედ მირონცხების საიდუმლოში.

„ლოცვა“

სულიერი ზრდისათვის ამ ცხოვრების, კურთხევისა და მადლის  მონიჭების შესახებ ლოცულობს მღვდელი ახალმონათლულის თეთრი სამოსით შემოსვისთანავე.

„კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო ყოვლისამპყრობელო, წყაროო სახიერებისაო, მზეო სიმართლისაო, რომელმან გამოაბრწყინვე ბნელსა შინა ნათელი ხატებისა, გამოცხადებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისა, და ღვთისა ჩვენისათა, და მოგვმადლე ჩვენ უღირსთა ამათ, სანატრელი განწმენდაჲ წმიდითა წყლითა, და საღმრთოჲთა სიწმიდითა ცხოველსმყოფელითა საცხებელითა. რომელმან აწცა სათნო-იყავ მონისა შენისა ახალნათელღებულისა წყლისა მიერ და სულისა, ნებსითთა და უნებლიეთთა ცოდვათა შენდობა მიანიჭე ამას. შენ უკვე, მეუფეო, მრავალმოწყალეო, ვითარცა მიმადლე ამას ბეჭედი და ნიჭი, წმიდისა ყოვლადძლიერისა, და თაყუანისსაცემელისა სულისა შენისა, და ზიარება წმიდისა ხორცისა, და პატიოსნისა სისხლისა ქრისტეს შენისა, აწცა დაიცევ ესე სიწმიდით, და დაამტკიცე მართლმადიდებლობით სარწმუნოებასა ზედა, იხსენ ბოროტისაგან, და ყოველთა მისთა საქმეთა. და მაცხოვრებისა შენისა შიშსა მავალ ჰყავ, სიწმიდით და სიმართლით სული ამისი დაიცევ, რაჲთა ყოვლითა საქმითა და სიტყვითა სათნო გეყოს, და ძედ და თანა-მკვიდრ სასუფევლისა შენისა იქმნას”.

„და შემდგომად ლოცვისა ამის, სცხებს მღვდელი მირონსა ჯვარის სახედ. პირველად შუბლსა, და თუალთა, და ნიკაპსა, პირსა, და ორთავ ყურთა, მკერდსა, ხელთა, და ფერხთა” და ყოველ ცხებაზე ამბობს: „ბეჭედი მონიჭებულ არს სულისა მიერ წმიდისა, ამინ”. ეს ცხება ბეჭედად იმიტომ იწოდება, რომ  მისი მეშვეობით უფალი ნიშანს გამოსახავს ჩვენზე: ჩვენ მას ვეკუთვნით, ჩვენ შევადგენთ ღვთის ერს ამქვეყნად, და იგი ჩვენი მეუფე და უფალია არა მხოლოდ ცათა შინა და მომავალ საუკუნეში, არამედ აქ, ამქვეყნად, და ჩვენი ცხოვრების ყოველ მომენტში.  და ეს ბეჭედი აღიბეჭდება მთელ სხეულზე, მის ყოველ ნაწილზე, რადგან როგორც მთელი ჩვენი ცხოვრება – სულიერიცა და სხეულებრივიც – კურთხეულია, ესე იგი მიძღვნილია ღმერთის სამსახურისთვის. „არა უწყითა, რამეთუ ხორცნი ეგე თქუენნი ტაძარნი თქუენ შორის სულისა წმიდისანი არიან, რომელ-ეგე გაქუს ღმრთისაგან, და არა ხართ თვისთა თავთანი? რამეთუ  სასყიდლით სყიდულ ხართ. ადიდეთ უკუე ღმერთი ხორცითა მაგით თქუენითა, რომელ იგი არს ღმრთისაჲ“ (1 კორინთ. 6,19:20[46]).

„შემოვლა ემბაზის ირგვლივ“

ნათლობისა და მირონცხების დასრულების შემდეგ მღვდელი და ახალმონათლული (ან მიმრქმელი, რომელსაც ხელში მონათლული ჩვილი უჭირავს) სამჯერ გამოსახავენ წრეს – სამჯერ შემოუვლიან ემბაზს პავლეს ეპისტოლედან შემდეგი სიტყვების გალობით: „რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს, ალილუია”[47](„ქრისტეში მონათლულები ქრისტეთი შევიმოსეთ”, ესე იგი მასთან შეერთებით ჩვენ გავხდით მისი მსგავსნი – სულიწმინდით ცხებულები).

წრე ყოველთვის მარადიულობას, სისავსესა და ერთგულებას აღნიშნავს. იგი აერთიანებს სამარადჟამოდ: მღვდელი კურთხევისას აკეთებს წრეს ტრაპეზის ორგვლივ, ჯვრისწერისას ქმარსა და ცოლს შემოატარებენ ანალოგიის ირგვლივ და აძლევენ რგოლის ფორმის ბეჭდებს. წრეს არა აქვს ბოლო – იგი მარადიულობაა. ნათლობას ადამიანი შეჰყავს მარადიულ ცხოვრებაში იგი ადამიანს საუკუნოდ აერთებს  ღმერთთან, იგი მოგვიწოდებს ღმერთის ერთგულებისაკენ და მოგვიწოდებს, ვისწრაფოდეთ სისავსისაკენ, ანუ სრულყოფილებისაკენ.

„სამოციქულო და სახარება“

ადრე, როცა ნათლობა სრულდებოდა აღდგომის ღამეს, ან, ყოველ შემთხვევაში, ლიტურგიის დასაწყისში და ეკლესიის შეკრებისას, საიდუმლოს შესრულებისთანავე ახალმონათლულნი ჯვრის წინამძღვრობით შედიოდნენ ტაძარში, რათა პირველად მიეღოთ მონაწილეობა ევქარისტიაში და ზიარებოდნენ. ეს სამი საიდუმლო განუყოფლადაა დაკავშირებული ერთნანეთთან: ნათლობა – შობა, მირონცხება – ახალი ცხოვრება და ევქარისტია, როგორც მონაწილეობა ამ ცხოვრებაში და „უხრწნელი საჭმელი”, რომლითაც ვცოცხლობთ. ამას მოწმობს ზემოთ მოხმობილი ლოცვაც, რომელშიც მღვდელი ითხოვს, რომ ახალმონათლულს მიენიჭოს „ცხოველსმყოფელი საცხებელი … ზიარება წმიდისა ხორცისა და პატიოსნისა სისხლისა…” და, რა თქმა უნდა, ახლა, როცა ნათლობა ჩვეულებრივ არ სრულდება ტაძარში და ლიტურგიისას, სრულიად აუცილებელია ახალმონათლული ჩვილის მიყვანა ლიტურგიაზე და მისი ზიარება ნათლობიდან უახლოეს დღეებში, რადგან სწორედ ამისთვის იქნა მონათლული იგი – „რაჲთა სჭამდეთ და სუმიდეთ ტაბლასა ზედა ჩემსა და სასუფეველსა შინა ჩემსა” (ლუკა, 22:30).

ამიტომ სამოციქულოცა  და სახარებაც, რომლითაც მთავრდება ახლა ნათლობა, იგივეა, რაც დიდ შაბათს, რომელიც უპირატესად ნათლობის დღეა. ესაა ეპისტოლე რომაელთა მიმართ (თავი 6, მუხ. 3-11[48]), რომელიც წინ უძღვის ამ ნარკვევს და რომელშიც ცხადდება ნათლობის კავშირი ქრისტეს სიკვდილთან და აღდგომასთან; და ესაა სახარება მათესაგან (თავი 28, მუხ. 18-20[49]) – აღმდგარი ქრისტეს გამოცხადება მოციქულებთან: „მომეცა მე ყოველი ხელმწიფებაჲ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა.  წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ…, და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქუენ. და აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა.” ქრისტე უკვე მეფობს, და მისი სასუფეველი ადამიანებს უკვე მიეცათ ეკლესიაში: ჩვენ მოწოდებულნი ვართ, ყველგან და ყველას ვახაროთ ხარება ქრისტეს შესახებ და ყველა მივიყვანოთ ქრისტესთან, რადგან ქრისტეთი უფალი მყოფობს ჩვენთან, ხოლო მასთან ყოფნა ჩვენი ცხოვრების საზრისია.

ნათლობის თანამედროვე წესი მთავრდება ახალმონათლულის განბანვითა და თმების მოკვეცით. ძველ ეკლესიაში ორივე ეს წესი სრულდებოდა ნათლობიდან მერვე დღეს: მთელი კვირის განმავლობაში ახალმონათლულებს ეცვათ თეთრი სამოსი; ისინი თითქმის მთელ დროს ატარებდნენ ტაძარში, ყოველდღიურად მონაწილეობდნენ ღვთისმსახურებაში და ისმენდნენ საბოლოო დამოძღვას, რომელსაც ეწოდებოდა  მისტაგოგია, ესე იგი საეკლესიო ცხოვრების საიდუმლოებაში წინამძღვრობა.

„განბანვა“

მღვდელი ლოცულობს ახალმონათლულისთვის: „შენ მეუფეო, უფალო, ნათლითა პირისა შენისათა განახლება გულსა ამისსა ჯერ-იჩინე მარადის სათნო-ყოფად, და ფარითა სარწმუნოებითა წინააღმდგომთა მტერთა ზედა შეზღუდე ესე, და სამოსელი უხრწნელებისა ამისი ყოველისაგან ბიწისა ცოდვათა შეუგინებლად დაიცევ, და სულიერი ბეჭედი საშინელსა მას დღესა სასჯელისასა აღუხოცელად და შეუგინებლად დაჰმარხე… მოჰყავ ამას ზედა ხელი მტკიცე შენი…” შემდეგ მღვდელი წარმოთქვამს: „მშვიდობა ყოველთა” და ყველას მოუწოდებს თავნი მათნი უფალსა მოუდრიკონ. ახალმონათლული პირველად მონაწილეობს ღვთისადმი ყველა ქრისტიანის მორჩილებისა და დაქვემდებარების ამ გამოვლინებაში. შემდეგ მღვდელი ახალმონათლულს ყველა მირონნაცხები ადგილიდან მირონს მოწმენდს შემდეგი ლოცვით: „განმართლებულხარ,  განბანილხარ, ნათელღებულხარ, განათლებულხარ, მირონცხებულხარ, განწმენდილხარ, განბანილხარ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა.”

განბანვით ადამიანი უბრუნდება ჩვეულებრივ ცხოვრებას და იგი ნიშნავს, რომ მის მიმართ აღსრულებული ქმედება საიდუმლოდ და სულიერად სამუდამოდ ძალმოსილი რჩება. ამთავრებს რა საიდუმლოს, განბანვა ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ვალდებულია, მთელ თავის ცხოვრებაში „აღასრულოს” ეს საიდუმლო.

„თმების მოკვეცა“

ამას მიუთითებს თმების მოკვეცაც – სახე ადამიანის მიერ თავისი თავის ღმერთისთვის შეწირვისა, ღმერთის მსახურებად თავისი თავის მიძღვნისა.   ღმერთმა ადამიანი შექმნა სულითა და სხეულით: „მეუფეო უფალო ღმერთო ჩვენი, რომელმან ხატებითა შენითა პატიოსან ჰყავ კაცი სულისაგან სიტყვიერისა (ე. ი. გონიერისა – ავტ.), და ხორციელითა შუენიერებითა შეამკევ იგი, და მონად ჰყავ ხორცი სულისა მის სიტყვიერისა… რაჲთა ყოვლითურთ გმადლობდეს შენ კეთილისმოქმედსა..” და გასცემს რა თავისი სხეულის ნაწილს – თმებს, ადამიანი მოწმობს, რომ ეკლესიაში აღდგენილია ეს სწორი წესრიგი და ქვეყნიერება ურიგდება ღმერთს და ემსახურება მას.

და მთელი საიდუმლო მთავრდება განტევებით, ანუ საბოლოო დალოცვით.


პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი

თარგმნა: ოთარ ზოიძემ