You are currently viewing „ადამიანები ვერ ხედავენ ქრისტეს, რადგან ჩვენ ვერ ვუჩვენებთ მას”

„ადამიანები ვერ ხედავენ ქრისტეს, რადგან ჩვენ ვერ ვუჩვენებთ მას”

Download article eBook

  „ადამიანები ვერ ხედავენ ქრისტეს, რადგან ჩვენ ვერ ვუჩვენებთ მას”

ნიუ-იორკის წმინდა მარიამ ეგვიპტელის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, ცნობილი მქადაგებელი და მისიონერი სქემარქიმანდრიტი იოაკიმე პარი პასუხობს სემინარიის სტუდენტების კითხვებზე და საუბრობს ბერმონაზონთა მოღვაწეობის შესახებ მეგაპოლისებში. გთავაზობთ კითხვა-პასუხის I ნაწილს.

 – არსებობს თუ არა განსხვავება ქალაქში მცხოვრები ბერისა და უდაბნოში მცხოვრები ბერის სულიერ ცხოვრებათა შორის?

განსხვავება არსებობს, თუმცა გეტყვით, რომ არ უნდა არსებობდეს. სამონასტრო ცხოვრების სტრუქტურული წყობა ბევრგან მართლაც შესაფერისია ბერობისთვის. მაგრამ ეს სტრუქტურები ადამიანების მიერ იქმნება, მონასტრის სულიერი აგებულება კი სულიწმინდის მიერ ყალიბდება. ამიტომ შესაძლოა სამონასტრო სტრუქტურა გქონდეთ, მაგრამ სამონასტრო ცხოვრება სინამდვილეში არ გაგაჩნდეთ, – რადგან სამონასტრო ცხოვრება თავისი არსით სტრუქტურა არ არის. იგი შინაგანად იმართება სულიწმიდის მიერ და არ საჭიროებს არანაირ რეფორმებს, – მასში უბრალოდ უნდა იცხოვრო და იღვაწო!

მონასტრულ სულიერ ცხოვრებას არასდროს დაუტოვებია ეკლესია, მას არასდროს შეხებია სიმონია, იგი არასდროს ყოფილა კორუმპირებული – ხოლო ადამიანების მიერ შექმნილი სამონასტრო სტრუქტურები კი დარღვეულა, ისევე, როგორც მათში მცხოვრები ზოგიერთი უღირსი ბერი.

მაშ, რა არის მონასტრული ცხოვრების არსი? უპირველეს ყოვლისა, – ღმერთთან ერთობაში ცხოვრება, სურვილი, რომ ეძიო უფალი სხვებთან ერთად! თუ ეს ერთობა არსებობს, მაშინ ცოცხალია მონასტერიც; ხოლო თუ ეს არ არის, –  მაშინ არც სამონასტრო ცხოვრება არსებობს.

ზოგჯერ მეკითხებიან ხოლმე, მინახავს თუ არა კარგი სამონასტრო ცხოვრების მაგალითები. „სამონასტრო ცხოვრების კარგი მაგალითები” სტუმრად არ მიწვევენ. ვიცნობ მხოლოდ სამონასტრო ცხოვრების მაძიებლებსა და მებრძოლებს, ისინი მთხოვენ: „მამაო, მოდი, გვინახულე”. ძალიან ცოტაა ისეთი ადგილი, სადაც მოღვაწეებს მართლაც დაუტოვებიათ ამასოფელი. თუ ამასოფლიდან არ გამოსულხარ, მაშინ ბერი არ ხარ. რას ნიშნავს ეს? როდესაც სოფელზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ არა ფიზიკურ სამყაროს, არამედ ადამიანის სულიერ ყოფას პირველქმნილი ცოდვის შემდეგ. ყველა ადამიანს აქვს კავშირი პირველქმნილ ცოდვასთან და ამიტომაა სამყარო სულიერად დაზიანებული; ამიტომაა, რომ ქვეყნიერება მიდრეკილია ცოდვისკენ და აღარ ეძიებს უფალს.

ბერი რომ გახდე, უნდა დატოვო ეს დარღვეული, ცრუ და ამაო სოფელი, რომელმაც საკუთარი თავი ცოდვას დაუმორჩილა;  მაგრამ საკმარისი არ არის დატოვო სოფელი – იგი საკუთარ თავში სულიერი სამყაროთი უნდა ჩაანაცვლო, საკუთარი თავი უნდა უარყო და უფალი მოიძიო. ამ თვალსაზრისით ბერი შეიძლება ყველგან იყო და ასევე ნებისმიერ ადგილზე მყოფმა დატოვო სოფელი.

შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ადამიანი, რომელიც თავს ბერს უწოდებს, თუნდაც უდაბნოში ცხოვრობდეს, მაინც ამასოფლის კაცი იყოს, ამ დაცემული სამყაროსთვის “მისიანი” იყოს და მას ემორჩილებოდეს.

გათავისუფლდით ამასოფლისგან? თუ არა, მაშინ შორს ხართ სულიერი ცხოვრებისგან. ბერობა უნდა იყოს შინაგანი და არა მხოლოდ გარეგნული!

მიმოიხედეთ გარშემო. ვზრუნავთ სულის ცხონებაზე? ბევრისთვის ამაზე დაფიქრებაც კი რთულია, არადა, მხოლოდ ეს უნდა იყოს ჩვენი უმთავრესი საზრუნავი! შესაძლოა, რომ ერთ-ერთი ჩვენგანი, ამ და ვერც ერთი ჩვენგანი ვერასოდეს მოხვდეს ცათა სასუფეველში! და არა იმიტომ, რომ უფალს ეს არ სურს, არამედ იმიტომ, რომ ამისთვის არაფერს არ ვაკეთებთ; ასე ვკარგავთ ყველაფერს, რისთვისაც ვართ შექმნილნი, მხოლოდ საკუთარი ეგოიზმის მაამებლობის გამო, მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი თავის ყალბი სიყვარული ყველაფერ სხვას ჩრდილავს ჩვენში. დამიმტკიცეთ, რომ ვცდები. რაოდენ საზარელია ასეთი დანაკარგი! ჩვენ კი ამაზე არც კი ვფიქრდებით და სულ არ გვადარდებს. გამოფხიზლდით და იზრუნეთ სულის ცხონებაზე!

სად უნდა იყოს ეკლესია? ყველგან! განა არსებობს ისეთი ადგილი, სადაც მღვდელი არ უნდა მივიდეს? თუ ვინმე კონკრეტულისთვის არსებობს, მაშინ ის მღვდელი არ არის. თუ იგი სახარების მიხედვით არ ცხოვრობს, უმჯობესია შინ დარჩეს. ფარისევლები ისედაც საკმარისი გვყავს. თუ არ გვსურს სახარების მიხედვით ვიცხოვროთ, მაშ, აღარავის ვჭირდებით. საკუთარ თავს რისთვის ვამზადებთ?  შრომისთვის? კარიერისთვის?  მზად ვართ, სხვებისთვის ჯვარს ვეცვათ, რომ გავათავისუფლოთ ისინი? მართლაც, რაოდენ დიდი ტვირთი გვაქვს დაკისრებული!

მინდა ერთი ამბავი გიამბოთ: როდესაც უფრო ახალგაზრდა და ჯანმრთელი ვიყავი, პარასკევსა და შაბათ-კვირას, საღამოობით, მრევლთან ერთად უსახლკაროებისთვის საკვები დამქონდა. ყველგან ვეძებდი მათ და ვპოულობდი – ხიდის ქვეშ, ხეივნებში, მეტროში. ასე ვაპურებდი უსახლკაროებს, ნარკომნებს, ლოთებს, შეშლილებს. ერთ შაბათ საღამოს, ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, ჩვენს დასახმარებლად მორწმუნეები მოვიდნენ: მოამზადეს კერძები, შეაგროვეს ტანსაცმელი. გვიან უნდა გავსულიყავით, რადგან უსახლკარო ადამიანები საკმაოდ გვიან იკრიბებიან იმ ადგილებში, რომ თავი აარიდონ პოლიციას. გვიანობამდე დავიცადეთ და ერთ-ერთი ცენტრალური მეტროსადგურისკენ გავემართეთ. როგორც წესი, მეტროში თვითონ არ ჩავდიოდი, – თან მიმყავდა ადამიანები, რომლებიც უსახლკაროებს შეგროვილ სურსათს გადასცემდნენ; მაგრამ ვინაიდან ანაფორა მემოსა, შორიდან მხედავდნენ და მადლობას მიხდიდნენ.

ერთხელ, გვიან ღამით (არ ვიცი, რატომ, როგორც ჩანს, ეს ღვთის ნება იყო), – სხვებთან ერთად მეტროში მეც ჩავედი. მეტროს თანამშრომელმა ქალბატონმა შეგვნიშნა, ჩვენი მისვლის მიზეზს მიხვდა და გაგვიწყრა: უფლება არ გაქვთ აქ საკვები მოიტანოთო! ვცადე, მისი ყურადღება მიმეპყრო, რათა ამ დროს ჩემს თანმხლებს ჩანაფიქრი განეხორციელებინა.  ქალბატონთან დიალოგში შევედი: „ჩვენ ხომ უსახლკაროებს ვკვებავთ!” ეს არეულობას გამოიწვევს! უფროსმა აგვიკრძალა და ამის გამო შესაძლოა უსიამოვნება შემხვდეს!” – არ ცხრებოდა იგი. მაჩინ მეც ვუთხარი: „ჩემი უფროსი კი სწორედ ამის გაკეთებას მავალებს და თუ არ შევასრულე, მაშინ უბედურება მეწვევა”. ამ სიტყვების გაგონებაზე, ქალმა უკან დაიხია და გამატარა.

არ მინდა, დაუფიქრებლად მოგვბაძოთ. ამიტომ გეტყვით: მეტროში რომ ჩავდივართ, რელსებზე კი არ ვხტებით, – გახსოვდეთ, რომ მათში ძაბვაა და შეიძლება დენმა დაგარტყათ. ისეთ გვირაბებში ჩავდივართ, სადაც მატარებლები იშვიათად მოძრაობენ და ადამიანებს იქ ღამის გათევა შეუძლიათ.

იმ დღეს თანაშემწე მახლდა, რომელსაც საკვები მოჰქონდა. კედლების გასწვრივ პლასტიკატებისგან დამზადებული დიდი კარვები შევნიშნეთ. შევძახე: „შინ არის ვინმე? გსურთ საკვები?” გაფრთხილების გარეშე კარავში ვერ შეხვალ, შეიძლება, უბრალოდ მოგკლან. კარვიდან ახალგაზრდა ვაჟმა გამოიხედა, შემომხედა და შესძახა: „მამაო!”. ვკითხე, მორწმუნე იყო თუ არა. „ეკლესიის აღარ მწამს! ეკლესიამ ჩემთვის არაფერი გააკეთა! როდესაც იგი გჭირდება, შენთან არასდროს არის!” – გაცხარებულმა მომაყარა მწარე სიტყვები. „ახლა ხომ აქ ვარ! ეკლესია შენთან აქ მოვიდა!” – მივუგე მას მშვიდად. საუბარი დავიწყეთ; მან ეკლესია გააკრიტიკა. დავეთანხმე: „მართალი ხარ, მაგრამ დატოვე აქაურობა და დაუბრუნდი ცხოვრებას, ჩვენ დაგეხმარებით”. თავი გააქნია: „არა. მე ვკვდები”. „მაშინ ნება მომეცი, რომ საავადმყოფოში წაგიყვანო”, – შევთავაზე მას. ასე გაგრძელდა ჩვენი საუბარი 40 წუთის განმავლობაში, იგი თავისი ცხოვრების შესახებ მიამბობდა. საუბრის დასასრულს აღსარების თქმის სურვილი გამოხატა. 30 წლის ასაკში მან პირველად თქვა აღსარება. ბოლოს შევთავაზე, სახლში წაგიყვან-მეთქი. მან უარი მითხრა, რამაც ძალიან დამამწუხრა – მისი იარა იმდენად ღრმა იყო. რომ აღარავის ენდობოდა.

იმ დღეს შინ ღამის სამ საათზე დავბრუნდი. დილის ხუთზე ტაძარში წავედი და მთელი დღე იმ ახალგაზრდაზე ვფიქრობდი. ღვთისმსახურება რომ დასრულდა, ტაძარში მყოფ მრევლს ვთხოვე, ჩემთან ერთად წამოსულიყვნენ, რომ ის ახალგაზრდა მეტროს გვირაბიდან საავადმყოფოში გადაგვეყვანა. გვირაბში რომ ჩავედით, ვაჟი უკვე გარდაცვლილი იყო და მიასვენებდნენ…

რამდენი ადამიანია ასე ქალაქებში, რომლებმაც ეკლესიაზე უარი თქვეს და ჩვენ კი ისინი ვერ მოვინახულეთ! არადა, უნდა მოვიძიოთ ისინი – მეტროსა და მიწისქვეშა გვირაბებში, ქუჩებში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებსა და პარკებში. ადამიანები ვერ ხედავენ ქრისტეს, რადგან ჩვენ მას არ ვუჩვენებთ!

მაშ, რა უნდა ვაკეთოთ ქალაქში, რომ თავიდან ავიცილოთ ცოდვა და სულიერი ცხოვრებით ვიცხოვროთ? – აი, პასუხიც – რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ! თქვენ კი ამას არ აკეთებთ. უფალი კი გვეტყვის, როდესაც მის წინაშე წარვდგებით, …არა გიცნი თქუენ, განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი!” (მათე, 7:23)!  რატომ? იმიტომ რომ არ დავეხმარეთ ჩვენს მოყვასს, რომლებიც პარკებში იტანჯებოდნენ, კლუბებში  იღუპებოდნენ, ნარკოტიკებს ეტანებოდნენ და სიძვაში იყვნენ! ჩვენ ხომ არ გვსურს ასეთი სიტყვების მოსმენა უფლისგან, პირიქით, გვსურს გვითხრას: …მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქუენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაით” (მათე, 25:34).

თქვენ სემინარიაში სწავლობთ, ლექციებს ესწრებით და არ იცით, რა წერია წიგნებში? რა შეგვიძლია ვაკეთოთ იმისთვის, რომ აღვკვეთოთ ცდუნება? – ჩვენს ზეციერ მამას უნდა მივბაძოთ სიწმინდეში, მას ვემსგავსოთ.

კიდევ ერთი ამბავი მინდა გიამბოთ, ამჯერად მხიარული. ამერიკაში, ისევე როგორც ყველგან, ეკლესიებში არიან ე.წ. „წმინდა ჯადოქრები”. ისინი ეკლესიაში „სადარაჯოზე დგანან” და ყველას ჭკუას არიგებენ. ყველაფერი იციან და ყველაფერზე პასუხი აქვთ. რამდენიმე თვის წინ ტაძარში ღვთისმსახურების დროს დიდი აურზაური ატყდა. სტიქაროსანი  გავაგზავნე, რომ შემეტყო, რა მოხდა. იგი მოვიდა და მაცნობა, რომ ერთ-ერთი ასეთი „წმინდა ჯადოქარი” თავს ესხმოდა ვიღაც უცნობ მამაკაცს. სტიქაროსანს დავავალე, გადაეცა იმ ქალბატონისთვის ჩემგან, რომ ახლა გაჩუმებულიყო და წირვის დასრულების შემდეგ ჩემთან სასაუბროდ მოსულიყო.

ღვთისმსახურების შემდეგ ვტრაპეზობდით, „წმინდა ჯადოქარი” ჩემთან მეტად აღელვებული მოვიდა და მითხრა: „მამაო, უნდა აღკვეთოთ იმ კაცის საქციელი! იგი წირვის დროს მუხლმოდრეკილი დგას, კვირაობით კი მუხლს არ ვიდრეკთ!”. „თავი დაანებე იმ კაცს!” – ვუთხარი ქალს. ამ დროს უცნობი მამაკაციც შემოვიდა სატრაპეზოში და შენდობა ითხოვა; შემდეგ ქალსაც მიუბრუნდა და მასაც პატიება სთხოვა – ის კი ამის საპასუხოდ უარესად აყვირდა. “მამაო,” – მომმართა უცნობმა მამაკაცმა – „ღვთის უსაზღვროდ მადლიერი ვარ, მან ჩემი ცხოვრება კარდინალურად შეცვალა! ამიტომ არ შემიძლია ღვთის სახლში ფეხზე ვიდგე, ამის ღირსი არ ვარ და მუხლმოდრეკით ვლოცულობ. ეს ქალი კი მოვიდა და ყვირილი დამიწყო, რომ უფლება არ მაქვს კვირას დავიჩოქო”. მერე კვლავ ქალს მიუბრუნდა და უთხრა: „თქვენც რომ გელოცათ, მაშინ ვერც შემამჩნევდით!”.

თუ ლოცულობთ, მაშინ თავს დააღწევთ ამასოფლის ცდუნებებს. თუ შეგიძლიათ ქალაქის შუაგულში ილოცოთ, მაშინ ის ნუღა გაფიქრებთ, როგორ უნდა იცხოვროთ ამ ქალაქში; მაგრამ თუ არ ლოცულობთ, მაშინ უნდა ძრწოდეთ, რადგან თქვენი სიბრიყვით ჯოჯოხეთში აღმოჩნდებით! და რისთვისღა შეგვქმნა უფალმა, თუკი ღვთის სასუფეველს დავკარგავთ? ადამიანის დანიშნულება ხომ სწორედ ეს არის!

რაც შეეხება სულიერი ცხოვრებისთვის საჭირო წამალსა და საზრდოს – თქვენ კარგ „მშობელს” საჭიროებთ, რომელმაც იცის, რა გჭირდებათ. ჩვილი ბავშვი რომ გყავთ, მისთვის არ მოამზადებთ ბევრ კარტოფილს, ხორცის მოზრდილ ნაჭერს და ა.შ. იმიტომ კი არა, რომ ეს ცუდი საკვებია, არამედ იმიტომ, რომ ჩვილი ამას ვერ შეჭამს. თქვენ მისი ასაკის შესაბამისი საზრდო უნდა მიაწოდოთ. ბავშვი იზრდება და თქვენ მას უკვე სხვა სახის საკვებს და უფრო მეტი რაოდენობით აძლევთ… ან თუ თქვენს მამას მთელი დღის განმავლობაში მძიმე ფიზიკური შრომა უწევს, მას ჩვილი ბავშვის საზრდოს ხომ არ მისცემთ, არამედ კალორიულ საკვებს მიართმევთ. იგივე შეიძლება ვთქვათ სულიერ ცხოვრებაზეც. როდესაც ადამიანი სულიერ ცხოვრებას იწყებს, არ შეიძლება იგი დავტვირთოთ ხანგრძლივი ღვთისმსახურებებით, ლოცვითი კანონებით და ა.შ. – თავდაპირველად მას მცირედი სულიერი საზრდო უნდა მივაწოდოთ, რომ სულიერი ძალის მოკრება ისწავლოს.

ხშირად ეკლესიაში მოსული ადამიანი მეტად დამძიმებულია და ძალა არ შესწევს, მცირედიც დაიტიოს. ასეთ შემთხვევაში ადამიანი ეკლესიიდან მიდის. არა იმიტომ, რომ ეკლესია ცუდია, არამედ იმიტომ, რომ იგი მზად არ არის ეკლესიური ცხოვრებისთვის. ამიტომ საჭიროა ბალანსის დაცვა. როდესაც ვცდილობთ, სულიერად გამოვასწოროთ ადამიანი, ეს სიყვარულით უნდა ვაკეთოთ და არა მრისხანებითა და გაღიზიანებით.

ადამიანები ხშირად ვცოდავთ, რადგან სულიერად დაცარიელებულები ვართ, რადგან ტკივილსა და ტანჯვას განვიცდით. ამ დროს ადამიანი თანაგრძნობას საჭიროებს და როდესაც სიყვარულით ვეპყრობით – მას გული მოუწევს ჩვენთან. ერთ მოძღვარს ვიცნობდი, თეთრი სამღვდელოების წარმომადგენელი იყო, – მისგან ბევრმა უნდა ისწავლოს სიყვარული. ადამიანებს აღსარების თქმა მასთან უხაროდათ. იგი მათზე ზრუნავდა, ყველა მონანულის ტვირთს თავის მხრებზე იღებდა და ადამიანებს სიყვარულით ჰკურნავდა. ეს არის ის, რაც თქვენ უნდა ისწავლოთ. ზოგიერთ მოძღვარს კი დღეს თავი დიდ ღვთისმეტყველად მოაქვს, სინამდვილეში კი ხიბლშია და მრევლსაც აზიანებს.

– როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომელსაც სურს ემსახუროს უფალს, მაგრამ არ იცის, რა გზას დაადგეს – თეთრ სამღვდელოებას შეუერთდეს თუ ბერობის გზა აირჩიოს? საჭიროა ლოცვა და ღვთის ნების გამოვლენის მოლოდინი, თუ უფალს უნდა მივენდოთ და უცნობ გზაზე ნაბიჯი გადავდგათ?

თუ ღმერთი საკუთარ თავზე მეტად გიყვართ – მაშინ ცოლი ითხოვეთ. თუ სუსტი და ცოდვილი ხართ, – თქვენი ადგილი მონასტერშია! ვეცდები ეს აზრი განვმარტო.

უპირველეს ყოვლისა, არ უნდა შეუდგეთ გზას, როდესაც გაურკვევლობაში ხართ! ზუსტად უნდა იცოდეთ, საით მიდიხართ! შეიმეცნეთ საკუთარი თავი. ადამიანებს მუდამ ვეუბნები: “თუ არ გაქვთ ბრძოლა ლოცვაში, თუ ლოცვა გიყვართ და ადვილად ლოცულობთ, თუ ვნებები თავს არ გესხმით, სიძვის ცდუნებები არ გაწუხებთ, ადამიანებს არ განიკითხავთ, თუ ღმერთი საკუთარ თავზე მეტად გიყვართ და მოყვასს ემსახურებით – მაშინ საკმაოდ ძლიერი ყოფილხართ და შეგიძლიათ დაქორწინდეთ. მაგრამ თუ ლოცვა გიჭირთ, თუ სიძვის გულისთქმები გაწუხებთ, თუ განიკითხავთ და სავსე ხართ ვნებებით, – მაშინ არ უნდა იქორწინოთ, რადგან არ ხართ საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ სასუფეველი დაიმკვიდროთ. მხოლოდ ძლიერები ქორწინდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დაკარგო სულიც და მეუღლეც.  თუ სუსტი და ცოვდილი ხართ, – მაშინ თქვენი ადგილი მონასტერშია”.

სამონასტრო ცხოვრება აუცილებელია ეკლესიისთვის. ეს არის სულიწმინდის მიერ ბოძებული ერთ-ერთი ნიჭი. იგი არასდროს შეწყვეტილა. მხოლოდ ადამიანის მიერ მოწყობილი სამონასტრო ცხოვრების სტრუქტურები გაუქმებულა, მაგრამ ბერული სული მუდამ არსებობდა, ყოველთვის იყვნენ მამაკაცები და ქალები, რომლებიც მონასტრული ცხოვრების წესით ცხოვრობდნენ. ხშირ შემთხვევაში ადამიანებს მონასტრული ცხოვრება უბრალოდ არ ესმით და ცდილობენ ააგონ რაღაც ადამიანური კონსტრუქციები, რათა შეინარჩუნონ ის, რისი შენარჩუნებაც ამ გზით შეუძლებელია. გარეგნული სტრუქტურები საჭიროა იმისათვის, რომ დაიცვა და დაამოწმო სულიერი ცხოვრების რეალობა და არა იმისთვის, რომ გაანადგურო სულიერი ცხოვრება, ან შეწყვიტო იგი და უფრო „ადამიანური” გახადო. შეუძლებელია განსაზღვრო სამონასტრო ცხოვრების არსი. დიდ შეცდომას ვუშვებთ, როდესაც გარეგნულ კონსტრუქციას ან სტრუქტურას მონასტერში არსებული სულიერების ამსახველ რეალობად მივიჩნევთ. გავაკეთოთ ანალოგია. გაიარეთ მეგაპოლისში – ბევრ მშვენიერ ტაძარს იხილავთ. მაგრამ რა ხდება მათში? ეკლესიას ეკლესიად გარეგნული მშვენიერება ვერ აქცევს. იდეალურია, თუკი ტაძრის გარეგნული მშვენიერება შეესაბამება მასში შეკრული, ღვთისმოსავი სამრევლოს არსებობას.

Схиархимандрит Иоаким (Парр)

მეტად დიდი პასუხისმგებლობა აკისრია მოძღვარს. ტაძარში მღვდელი ყოველთვის უნდა იყოს და დრო ჰქონდეს, რომ მასთან მისულ ადამიანებს მოუსმინოს.

ერთი კაცი მიამბობდა თავისი მოქცევის შესახებ მართლმადიდებლობაზე. იმ პერიოდში იგი ძალიან ბევრს კითხულობდა და ჰქონდა განცდა იმისა, რომ ეს სწორედ ის იყო, რასაც მუდამ ეძიებდა. ბოლოს ეკლესიაში მივიდა და მღვდელთან გასაუბრების სურვილი გამოთქვა. მას უთხრეს, რომ მოძღვარს დასვენების დღე ჰქონდა და მეორე დღეს, შაბათს დაიბარეს. მეოე დღეს იგი ტაძარში კვლავ მივიდა და მღვდელი ისევ არ დახვდა, – უთხრეს, ოთხამდე არ მოვაო. კაცი მოთმინებით აღიჭურვა, იჯდა, კითხულობდა და მოძღვარს ელოდა. ბოლოს მღვდელი მოვიდა. მას სამოქალაქო ტანსაცმელი ემოსა, ამიტომ შეუძლებელი იყო მიხვედრა, მღვდელი იყო თუ არა. კაცი მესანთლესთან მივიდა და ჰკითხა, მოვიდა თუ არა მოძღვარი. მესანთლე დაინტერესდა, ვინ იყო ეს მამაკაცი და რატომ სურდა მღვდლის ნახვა. კაცმა უთხრა, რომ მართლმადიდებლობით იყო დაინტერესებული და ამის თაობაზე სურდა მოძღვართან გასაუბრება. მესანთლემ მოუსმინა მას და განუცხადა: „მღვდელს დრო არ აქვს, იგი ძალიან დაკავებულია! თქვენ მას წინასწარ უნდა შეუთანხმდეთ შეხვედრაზე”.

ოდესმე შეთანხმებულხართ ქრისტესთან შეხვედრაზე? ლოცვა გსურთ და ღმერთი გეუბნებათ, რომ საჭიროა შეხვედრის დანიშვნა? და ჩვენ კი რას ვაკეთებთ?! რას ვაკეთებთ!..

– რამდენად მარტივია, იყო ბერი, რომელიც მუდამ თავის ცოდვებს გლოვობს და რამდენად საპასუხისმგებლოა იყო მღვდელი, რომელმაც სულ უნდა იქადაგოს?

ყველა ქრისტიანი მოწოდებულია სინანულისთვის. თქვენ ვალდებულნი ხართ, მუდამ ინანიოთ თქვენი ცოდვები, რომ ქრისტიანებად დარჩეთ.  მონანიება – არის საშუალება, რადიკალურად შეცვალოთ ცხოვრება. ახლა საითკენ არის მიმართული თქვენი ცხოვრება? „მე”-სკენ. რადიკალური ცვლილება კი თქვენს ცხოვრებაში მაშინ მოხდება, როდესაც ეს მიმართულება „მე”-დან უფლისკენ შეიცვლება! ქრისტიანი მუდამ სინანულში უნდა იყოს. თუ ასე არ არის, მაშინ თქვენ ქრისტიანი არ ხართ. ამიტომ ბერიც, მღვდელმონაზონიც და თეთრი სამღვდელოებაც და ყველა ქრისტიანიც – ყველანი უნდა ვინანიებდეთ. ვინც სასუფეველში ხვდება ყველა ბერი ხომ არ არის? სახარება ყველასთვის იქადაგება. და ვინ მოგახსენათ, რომ მხოლოდ ბერებმა უნდა იგლოვონ თავიანთ ცოდვებზე, მხოლოდ ბერებმა უნდა ილოცონ, იმარხულონ, მხოლოდ ბერებმა უნდა ებრძოლონ საკუთარ ვნებებს და ჩვენ არა? თუ ვინმე ასე ფიქრობს, მაშინ ის ქრისტიანი არ არის.

ვფიქრობ, არ არის სასურველი ბერის ხელდასხმა ახალგაზრდა ასაკში. საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან საშიშია, როდესაც ახალგაზრდები აღსარებას იბარებენ ერის ხალხისგან, ამ მხრივ მათთვის განსაკუთრებით საშიშროებას წარმოადგენენ ქალები. საერთოდ, გაუგებარია, რატომ უნდა მივიდეს ქალი მონასტერში აღსარებაზე ბერთან? ეს არასწორია! პირადად მე ახალგაზრდა მღვდელმონაზვნებს კურთხევას არ ვაძლევ, რომ რჩევა-დარიგებები მისცენ საერო პირებს. მათ შეუძლიათ მხოლოდ მიიღონ მათგან აღსარება და წაუკითხონ შენდობის ლოცვა; რაიმე განსაკუთრებულ შემთხვევაში ადამიანს აგზავნის ჩემთან. ვფიქრობ, არასწორია გამოუცდელი მოძღვრისთვის რჩევების მიცემა.თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდა მოძღვრებში არ არიან წმინდა და მოღვაწე მადლმოსილი ბერები, მაგრამ ისინი მეტად ახალგაზრდები არიან იმისათვის, რომ ბრძენები იყვნენ. წარმოიდგინეთ, ტრეპანაციის ოპერაცია რომ გესაჭიროებოდეთ, განა თავს მიანდობთ ახალბედა ექიმს? ცხადია, რომ უსათუოდ გამოცდილ ექიმს მოიძიებთ. ეს ბუნებრივია. ასეა სულიერ ცხოვრებაშიც. მახსოვს, ერთხელ ტაძარში აღსარებებს იბარებდა ერთი ჩემი სულიერი შვილი, ახალგაზრდა, გონიერი, მეტად განსწავლული მღვდელმონაზონი. ტაძარში რომ მივედი და აღსარების მისაღებად გამოვედი, მთელი ის რიგი, რომელიც მასთან იდგა, ერთბაშად ჩემთან გადმოვიდა. ახალგაზრდა მოძღვარი ძალიან დამწუხრდა. მერე მის სანუგეშოდ ვუთხარი: „რაც უფრო მეტი ჭაღარა გაქვს წვერში, მით უფრო გრძელია შენთან აღსარების თქმის მსურველთა რიგი”. მოამზადა მარიამ გაგუამ
საპატრიარქოს უწყებანი N5 2016 წ.
ორიგინალი – pravoslavie.ru

II ნაწილი –  „როგორ ვისწავლოთ ქრისტეში ცხოვრება?“
III ნაწილი – „თუ ღვთის შვილები არ ვართ, მაშინ სრულიად  არაფერს წარმოვადგენთ ამქვეყნად!“