You are currently viewing აღდგომის დღე

აღდგომის დღე

Download article eBook

 აღდგომის დღე 

ამას კი გეტყვით, ძმანო, რომ ხორცსა და სისხლს არ ძალუძს ღვთის სასუფევლის დამკვიდრება და ხრწნაც ვერ დაიმკვიდრებს უხრწნელობას. აი, მე საიდუმლოს გეუბნებით: ყველანი არ განვისვენებთ, მაგრამ ყველანი შევიცვლებით. ერთ წამში, თვალის დახამხამებაზე, უკანასკნელ საყვირზე; ვინაიდან დასძახებს საყვირი და მკვდრები აღდგებიან უხრწნელად და შევიცვლებით. ვინაიდან ხრწნადი უხრწნელობით უნდა შეიმოსოს და მოკვდავი უკვდავებით” (1კორ.15, 50-53[1]).

ქრისტე აღდგა!
რადგან ვიცით, რომ, ოდესღაც დღე-ღამე დასრულდება და დაიწყება დაუსრულებელი დღე, ჩვენი სულის თვალთამზერა და გულისხმოვანება წარვმართოთ საუკუნო აღდგომისაკენ.
 ადამიანის ცხოვრება მთლიანობაში, როგორც ვხვდებით აღდგომის დღეა და არაფერი სხვა. აღდგომის მყოფობა დასტური არის სიცოცხლის და ამიტომ იგი სიცოცხლის დღესასწაულია. მაშ, რა დაგვრჩენია, თუ არა მხოლოდ ერთადერთი, რომ ჩვენი სინანულითა და გამოსწორებით აღდგომის ეს დიდებული დღე, დასაბამი გავხადოთ მარადიული სიხარულის. დავეხმაროთ საკუთარ თავს და ერთმანეთს, რომ სულსა და სხეულს კვლავ ერთად შეყრის დროს, შეეძლოს ეთქვას ერთმანეთისთვის: გიხაროდეს! საყოველთაო აღდგომის დღე, საკუთარ თავზე გამარჯვებულთა ზეიმია ადამიანთათვის; იმ პირად “მე”-ზე გამარჯვების, რომელიც გამუდმებით აბრკოლებდა მეობას, ღირსებას, კაცთმოყვარეობას. იგი სულგრძელთა, მომთმენთა, მიმტევებელთა, სიწმიდის მაძიებელთა, მდაბალთა, მორჩილთა, მონანულთა, მსასოებელთა, მოსიყვარულეთა სიხარულია! იგი საკუთარი თავის და ერთმანეთის შემწყალებელთა ზეიმია! იგი სიკვდილის დასასრულია და სიცოცხლის წარუვალობის ღაღადისი! იგი იმ სულის დღესასწაულია, რომელსაც ჰქონდა მისწრაფება, რომ მის ბაგეს ყოველთვის აღმოეთქვა: ქრისტე აღდგა! საკუთარი თავის მცნობელი მიხვდება, რომ ძალზედ რთულია ყოველთვის შეგწევდეს უნარი წარმოსთქვა მისი აღდგომა. ეს ხომ სულის გამუდმებული სიხარულის შედეგია. მივმართოთ საკუთარი არსებისკენ თვალთამზერა, გამოვუტყდეთ თავს, ყოველთვის შეგვწევს ძალა ჩვენი არაკეთილსინდისიერებიდან გამომდინარე, რომ განვიცდიდეთ აღგომის დიდებას? განა ყოველთვის იტევს ჩვენი გულები მას?! და მაინც, რადგან სიყვარულო, რწმენავ და იმედო, შენ ხარ და არსებობ და ეს შენ ხარ უფალო! ჩვენ გვჯერა და გსასოებთ: რომ გვაცხოვნებ ღმერთო. შენ ხომ უცვალებელი და ბოროტების არ მხსომებელი შემოქმედი ხარ. შენ ხომ ის ხარ_რაც ხარ!!! გვედრებთ, მოგვეცი ძალა, რომ დაგინახოთ ისეთად, როგორიც ხარ და ვინც ხარ!!! ვიმედოვნებ, ჩემო დებო და ძმებო, თუ ამ წუთამდე უსასოება ლამობდა შენში შემოჭრას, ამიერიდან სასოების ზღუდე გაკვეთს საძირკველს. არ დავაყოვნოთ და კვლავაც მოვუხმოთ სამყაროს მოძღვარს ეფრემ სირიელს, ამქვეყნიურ სიზმრებში მიძინებულ ჩვენს სულს ფრთხილი კაკუნით რომ აღვიძებს:
 შენი ხელისგულის სიგანით იზომება შენი ცხოვრება, მას არ აღემატება. შენი თითები კი აღნიშნავენ ზომის ხუთ საფეხურს, ნეკა თითით იწყება ცხოვრება_ბავშვობის პირველი ხანა; მერე მოდის არათითი_გამოუცდელი სიყმაწვილის დრო; შუათითით ვდგავართ ამაყ, ავსებულ სიჭაბუკის ხანაში; სალოკი თითით ვხვდებით სრულყოფილი ადამიანი, მაგრამ ზომა იკლებს და რჩება მხოლოდ ერთი თითი; მოხუცებულობის ჟამი_ცერი ცხოვრების ბოლოა… წაიყვანე შენი ცხოვრების ნაკადული ღვთისაკენ, რათა ის მას შემდეგ, რაც აქ ჩაივლის, იქ ცხოვრების ზღვად გექცეს. შენ წარმავალ ქვეყანაში ცხოვრების მდინარეს შენს საკუთარს უწოდებ. წარუძეხი მას ზემოთ ღვთისაკენ, რათა იქ ცხოვრების ოკეანედ გექცეს! დღიდან დღემდე გადის შენი ცხოვრება და მიედინება, ჩაედინოს ის ღმერთში, რათა სამარადჟამოდ ჰპოვო იგი.” დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული)