You are currently viewing «აღსარებისა და სულიერი ბრძოლის შესახებ»

«აღსარებისა და სულიერი ბრძოლის შესახებ»

Download article eBook

    წიგნიდან: „ღმერთი როგორიც არის“

 I თავი – «სიკვდილის ცოდნის (ხსოვნის) მადლი»
ΙΙ თავი – «ღვთისმოშიშების შესახებ»
ΙII თავი – «სინანულისა და აღსარების შესახებ»


   IV თავი
 „აღსარებისა და სულიერი ბრძოლების შესახებ“ 

მთელი ჩვენი მიწიერი ცხოვრება დაბადებიდან, ბოლო ამოსუნთქვით აღსრულებამდე როგორც ერთიანი, არც თუ ხანგრძლივი აქტი წარმოგვიდგება. მისი შინაარსი და ხარისხი შეიძლება რაღაც წამიერ მომენტში შევიგრძნოთ. წარმოვიდგინოთ წყლით სავსე იდეალურად სუფთა ჭურჭელი; შეხედვისთანავე შეგვიძლია დავასკვნათ ეს ჭურჭელი რამდენად სუფთა წყლით არის სავსე. მაშინ სწორედ ასე იქნება, როდესაც სხვა სივრცეში ჩვენი გადასვლის დრო დადგება. ასე იქნება, რადგან ყოველგვარი – თუნდაც ჩვენს მიერ ქმნილი უმნიშვნელო ჩქამი, ჩვენს ცხოვრებაში თავის კვალს ტოვებს.

წარმოვიდგინოთ, რომ მთელი ჩემი მიწიერი ცხოვრების მანძილზე ბოროტმა აზრმა, მაგალითად, მკვლელობის სურვილმა ჩემს გულში (შეად. მათ. 15:19[1]) მხოლოდ ერთხელ გაიელვა, თუ იგი ჩემი არსიდან სინანულითა და აღსარებით არ განიდევნა, ჩემი ცხოვრების სხეულზე ეს ერთადერთი აზრი შავ ლაქად დარჩება. „ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს. ამიტომ, რაც სიბნელეში თქვით, სინათლეზე გაიგონება, და რაც შინ ჩასჩურჩულეთ ყურში ერთმანეთს, ერდოებზე იქადაგება” (ლუკ. 12:2-3), ანუ არაფერი იფარება და ვერაფერი დაიმალება.

ჩვენ თავს ხშირად ვაწყნარებთ და ვარწმუნებთ, რომ, რასაც ვფიქრობთ და ვაკეთებთ არავის დაუნახავს და არავინ არაფერი იცის. მაგრამ, როდესაც მარადიულობაში გადასვლის სამზადისში ვართ, უწინარესად ყველაფერი ჩვენთვის იცვლება და ვცდილობთ ჩვენში არსებული ყოველგვარი შავი ლაქისაგან თავი დავიხსნათ.

„თუ ვამბობთ, რომ არა გვაქვს ცოდვა, თავს ვიტყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში. თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, სანდო და მართალი, მოგვიტევებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უსამართლობისაგან” (1 იოან. 1:8-9). ღვთისა და ადამიანის წინაშე მონანული ადამიანი სრულად გაპატიოსნდება და მის წმინდა ჭურჭელში არსებული წყალიც გასუფთავდება და თავის სიწმინდეს დაუბრუნდება. როდესაც მე ვინანიებ, ყველა ცოდვაში საკუთარ თავს ვადანაშაულებ, რადგან ქვეყნიერების ცოდვათა შორის ვერ ვპოულობ ისეთს, რაშიც, თუნდაც გონების ოდნავი შეხებით, მე თავად არ შემიცოდავს. ჩემი სულის სხვაგვარი მოძრაობაც კი ჩემი ცოდვიანობის ნიშანია. ვის შეუძლია იყოს დარწმუნებული, რომ აღძრული საკუთარი იდეების ტყვეობაში არ იმყოფება? და ვისა აქვს იმის გარანტია, რომ უნებლიედ მოახლოვებული უკეთურება მასში სამარადისოდ არ დამკვიდრდება?

სანამ ჩვენ კიდევ ამ ქვეყნადა ვართ, მდგომარეობის გამოსწორების შესაძლებლობა გაგვაჩნია; მაგრამ მას შემდეგ რა იქნება, როდესაც წუთისოფლის მიღმა აღმოვჩნდებით, არ ვიცით. მატერიალური თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ: თეორიულად, მასამ, რომელიც დედამიწის მიზიდულობის ველიდან გასვლისას საკმაოდ ძლიერი ბიძგით გაიტყორცნება, შეიძლება უსასრულო სივრცეში იფრინოს; იქნებ იგივე ხდება სულთან დაკავშირებითაც? ღვთის სიყვარულით შეპყრობილი, სხეულისაგან და შესაბამისად გრავიტაციის (სხეულთა ურთიერთმიზიდულობის) თავისებურებისაგან განთავისუფლებული – უკიდეგანო კოსმოსში მოქცეული სული, იქნებ სწორედ ღმერთისკენ გაემართება? ან პირიქით: ხომ არ მოხდება ისე, რომ ღმერთის უარმყოფელნი სასუფევლის გარეთ „ბნელში გაიყრებიან” (მათ. 8:12) და სიყვარულისა და ნათლის საპირისპირო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან? ამქვეყნიურ ცხოვრებაში ჩვენ გვაქვს საშუალება საკუთარ პიროვნებას ვხედავდეთ. ამიტომ, იმისათვის, რომ ჩვენი ცოდვები საიმქვეყნოდ არ დავიტოვოთ, გულწრფელი სინანულით უნდა ვაღიარებდეთ მათ.

არარაობისა და უნებლიეთ გაჩენილი ბოროტი აზრების დასამარცხებლად მიჯრით დაპირისპირება ყოველთვის არ არის სასიკეთო. უმჯობესია ხშირად გავიხსენოთ, უფალს ადამიანისთვის რა აქვს დასაბამიდან ჩაფიქრებული. საჭიროა იმის ცოდნა, რომ სამყაროს ღვთის ნებით შექმნამდე, სრულყოფილების სისრულე იყო ადამიანი, ამიტომ ჩვენც უნდა ვეცადოთ ჩვენი ცხოვრებაც ღმერთის ნების შესაბამისად მოვაწყოთ (შდრ. მთ. 5:48[2]; ეფ. 2:10[3]; 1:3-5[4]). ჩვენ მიმართ ღმერთის ინიციალური იდეის დაკნინება არა მხოლოდ შეცდომა, არამედ დიდი ცოდვა იქნებოდა. თუ ადამიანები ვერ ხედავენ, რომ მათ პიროვნებასა და მით უმეტეს მოყვასში, ღირსება მკვიდრობს, ცხოველებს ემსგავსებიან და ერთმანეთის ხოცვას იწყებენ. ო, რა პარადოქსულად ცვლადია ადამიანი: ერთი მხრივ, ის იწვევს საკვირველ აღფრთოვანებას, ხოლო მეორე მხრივ, სისასტიკისა და ველურობის გამო მისი საქციელი გასაოცრად მტკივნეულია. სული ლოცვისაკენ მიილტვის, მაგრამ როგორც წესი, ეს ლოცვა საბოლოო მიზანს ვერ აღწევს, რადგან არავის და არაფერს შეუძლია ადამიანს მოუშალოს ბოროტებისკენ გადახრის უფლება და არ მისცეს ნება ნათელის ნაცვლად ბნელი აირჩიოს (შდრ. იოან. 3:19[5]).

18805638ჭეშმარიტი ღმერთისადმი „სულითა და ჭეშმარიტებით” (იოან. 4:23) აღვლენილი ლოცვა უხრწნელი და მოუშლელი მყოფობაა. ფსიქოლოგიურად ჩვენ, ცხოვრების არარაობაში ჩაფლულებმა, ჩვენ მიერ აღვლენილი ასეთი ლოცვის შესახებაც შეიძლება დავივიწყოთ, მაგრამ ღმერთს იგი არასოდეს ავიწყდება (შდრ. ლკ. 10:41-42[6]. საყოველთაო აღდგომისა და დიდი სამსჯავროს დროს, ჩვენ მიერ განხორციელებული ყველა კეთილი საქმე, ჩვენს გასამართლებლად, ჩვენ გვერდით აღმოჩნდება; და პირიქით, ჩვენ მიერ განხორციელებული, მოუნანიებელი ყოველგვარი უკეთურება მამხილებლად გადაგვექცევა. რაც უნდა უცნაურად და არალოგიკურად მოგვეჩვენოს, უგვანო საქციელი და უკეთური გამონათქვამებისგან ჩვენი სული ცრემლით განიბანება. რა თქმა უნდა, ცრემლივე ჩამოგვბანს ჩვენი ცოდვის მძიმე შედეგებს. ცრემლით ვიკურნებით ჩვენ მიერ მოყვასის მიმართ ჩადენილი ცოდვების გამო აღძრული ნეგატიური ძალების ზემოქმედებისაგან; ადამიანის ცხოვრების სისრულე ღვთაებრივი ძალით აღორძინდება, მაგრამ არა მხოლოდ ღვთის ნებით, ანუ ცალმხრივად, არამედ მხოლოდ მონანიე და აღმსარებელ მორწმუნესთან ერთად, რადგან ღმერთი ადამიანისათვის ადამიანის გარეშე არაფერს აკეთებს.

ჩვენს პირად ცხოვრებაში ღმერთის მონაწილეობას განგებულებას ვუწოდებთ. ეს განგებულება წარმართული ბედისწერისაგან სრულიად განსხვავებულია. ცალკეულ შემთხვევებში არსებულიდან ჩვენ თავად ვირჩევთ სასურველ ვარიანტებს. როდესაც ჩვენ წინაშე განსხვავებული გზები ჩნდება, სრულიად ნორმალურია თვითონ ვირჩევდეთ და მივილტვოდეთ სასურველისკენ. ეს არჩევანი გარკვეული მსხვერპლის გაღებასთან უეჭველად იქნება დაკავშირებული. შესაბამისად, აქ გამოვლინდება ჩვენი სულიერი თავისუფლება. უფრო ხშირად ადამიანები დროებით სურვილებს ემორჩილებიან და ღვთის მიერ ბოძებულ ნათელზე უარს ამბობენ. ასე თანდათან ადამიანები მაცდური ვნებების ორომტრიალში ექცევიან და ვეღარ ჭვრეტენ სასურველ ნათელს. მაინც უნდა ითქვას, რომ ნებისმიერ არჩევანს გარკვეული მსხვერპლი და ტკივილი მაინც მოჰყვება და თუ ღვთის ნებას მივყვებით, ჩვენ მიერ გაღებული ყოველი მსხვერპლი ღმერთს გვაახლოვებს. თავად იესო ქრისტე ბრძანებს: „მამაო, თუ გნებავს, ამაცალე ეს სასმისი! თუმცა იყოს არა ჩემი ნება, არამედ შენი” (ლკ. 22:42). იმისათვის, რომ მეტად მივემსგავსოთ იესო ქრისტეს, სიკვდილის საიდუმლოს უეჭველად უნდა შევეხოთ ჩვენი სიცოცხლით. ამ, ჩვენთვის ჯერ კიდევ მიუწვდომელ ზღვარს მიღმა არსებულ მიუჩრდილებელ ნათელში, მხოლოდ ჩვენი ღმერთისა და მამის წყალობით შეგვიძლია გადავინაცვლოთ. ასეთია ჩვენი იმედები ქრისტეში, და ეს იმედები უეჭველად გამართლდება, რადგან, როგორც ათასწლეულებმა და ეკლესიურმა გამოცდილებამ გვიჩვენა, ყოველი მისი აღთქმა უტყუარი და უცვალებელია.

სახარება იწყება და მთავრდება სინანულის მოწოდებით. წმინდა ასკეტებიც და ჩვენი ეკლესიის მამებიც იმას გვასწავლიან, რომ თუ ადამიანი როგორც ცოდვილი არ ლოცულობს, მისი ლოცვა ღმერთამდე არ აღწევს. „თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, სანდო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უსამართლობისაგან” (1 იოან. 1:8), რადგან ძე ღმრთისა ბრძანებს: „მართალთა სახმობლად კი არ მოვსულვარ, არამედ ცოდვილთა სინანულად” (მათ. 9:13).

„მყრალი ზღვა ძევს ჩვენსა და ჩვენი გონების თვალით დანახულ სამოთხეს შორის, ეს ზღვა მხოლოდ შიშის მენიჩბეების მიერ მართული აღსარების გემით შეიძლება გადაიცუროს. და თუ ამ აღსარების გემს შიშის მენიჩბეები არ მართავენ, ჩვენ ამ მყრალ ზღვაში ჩავიძირებით… აღსარება – გემია, შიში მესაჭე, ხოლო ღვთაებრივი ნავმისადგომი სიყვარულია… ამ ნავსაყუდისკენ მიილტვის ყოველი დამაშვრალი და მონანიე. როდესაც ცოდვის მყრალ ზღვას გადავლახავთ და ნავსაყუდს სიყვარულით მივაღწევთ, ღმერთთან მაშინ ვიქნებით მიახლებული” (ღირსი ისააკ ასური, 83-ე სიტყვა).

სინანულია ჩვენი ასკეტური ცხოვრების მთავარი ფონი. წმინდა ეფრემ ასურმა მეტად საჭირო ლოცვა დაგვიტოვა: „მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა”. კიდევ და კიდევ: ღვთის მაძიებლისათვის – ვისაც სურს ცოცხალი ღმერთის ხილვა, მისთვის ჭეშმარიტად სულიერი აქტია და უდიდესი ფასეულობაა საკუთარი ცოდვების დანახვა. უფრო მეტიც: ეს აქტი ჩვენში ჭეშმარიტი ნათლის მოქმედებაა და ეს ნათელი თავად ღმერთია.

ჩემი სულიერი მსახურების რამდენიმე ათეული წლის შემდეგ დავრწმუნდი, რომ იშვიათად შეხვდები ადამიანს, რომელმაც ცოდვის სიმძიმე და ბუნება გულით შეიგრძნო. როგორც წესი, ცოდვას ჩვენ მორალის დონეზე განვიხილავთ და თუ ოდესმე მორალზე მაღლა აღმოვჩნდით, განხილვის სიღრმე მაინც არასაკმარისი იქნება.


იმ გზებიდან, რომელიც საკუთარი ცოდვის შეცნობაში უნდა დაგვეხმაროს, უმნიშვნელოვანესია ქრისტეს ღვთაებრიობის შეგრძნება, რადგან სულიწმიდის სიყვარული ადამიანზე სწორედ ამ ნიჭის გამო ვრცელდება. ღმერთთან ურთიერთობის გამოცდილების შედეგად მიღებული ღვთაებრივი სიყვარულის ცეცხლი, ადამიანს მოასურვებს, რომ მუდმივად ამ მადლმოსილ მდგომარეობაში იყოს და თუ ასეთ მდგომარეობაში მყოფი პიროვნება ღვთის მადლის კლებას შეიგრძნობს, ყოველგვარი რაციონალური ფსიქოანალიზის გარეშე მიხვდება, რომ თავისი საქმით ან შინაგანი მდგომარეობით ღმერთს განუდგა და მისი ქმედება ღვთის სამართალს არ შეესაბამება. მორწმუნის სული აღსარებისთვის განემზადება და სინანულით აღვსილი გულწრფელი ლოცვით ღვთის სიყვარულის მოპოვებას კვლავ შეეცდება. რაც უფრო ძლიერია სულიწმიდის მადლის შეგრძნება, მით ღრმაა ძალა ჭეშმარიტი აღსარებისა. ასეთი ადამიანი ღვთის წინაშე, მის შიშსა და სიყვარულშია. დაწერილია: „ღმრთის სასუფეველი არ მოვა სააშკარაოდ” (ლუკ. 17:20), ამ მდგომარეობაში კი ადამიანი თავისთავად მუდმივი განწმენდის პროცესშია.

ცოდვის შეცნობის სხვა შემთხვევაში, კაცი საკუთარ პიროვნებას ღვთის სამსჯავროზე დააყენებს. შინაგანი მდგომარეობის გონიერი კონტროლის შედეგად დარწმუნდება, რომ იგი არ იცავს ღვთის მცნებებს და შეეცდება აღსარების გზით მოინანიოს შეცოდებები. იმისათვის, რომ მიზანი ამ გზით იქნეს მიღწეული, აუცილებელია, პიროვნება დიდი გულისყურით მოეკიდოს საღვთო სჯულის შესწავლას, რადგან „ფართო არს ღმერთის მცნებანი” და „ფრიად ღრმაა უფლის ზრახვანი” (შეად. ფსალმ. 118:96; 91:5).

ადამიანური სინდისისა და გონის სულიერად ჭვრეტის შესაძლებლობები გაცილებით მწირია, ვიდრე ღვთისაგან ბოძებული წმინდა მცნებები, „რამეთუ უკუეთუ გუგმობდეს გული ჩუენი, უფროის არს ღმერთი გულისა ჩუენისა და იცის ყოველი” (1იოან. 3:20). სრული სინანულისათვის ამ ორი გზით ერთდროული მოქმედებაა საჭირო – გული და გონი, ეს არის ის, რაც შემდეგ, უკვე ჭეშმარიტი მარადიული ცხოვრების პროცესში უეჭველად გაერთიანდება. „ღმერთი სიყუარულისაი არს” (1 იოან. 4:8), მან იცის საკუთარი და ჩვენი ნამდვილი სახე; და მასში ყველაფერი ერთიანია. ამიტომ ადამიანმა უწინარესად ღვთის სიყვარული უნდა შეიგრძნოს და მხოლოდ ამის შემდეგ ეძიოს ცოდნა – ჯერ ღმერთის და შემდეგ საკუთარი პიროვნების შესახებ. სხვაგვარად ვერ მისწვდება მის მიმართ არსებულ ღმერთის იდეას: „რამეთუ სიყუარული ღმრთისაგან არს და ყოველი, რომელსა უყუარდეს, ღმრთისაგან შობილ არს და იცის ღმერთი. რომელსა არა უყუარდეს, მან არა იცის ღმერთი” (1 იოან. 4,8). ჩემი აზრები უფრო გასაგები რომ გახდეს, მოვიყვან მაგალითს. ღირსი სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი წერს, რომ ნათელი მას მრავალჯერ გამოეცხადა, წმინდანი სიყვარულს გრძნობდა ამ ნათელისა და მისკენ მიილტვოდა, მაგრამ საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ვერ ხვდებოდა, თუ „ვინ“ უნდა ყოფილიყო ეს ნათელი. ერთხელ, ნათელის ხილვის პროცესში, მოიკრიბა გაბედულება და იკითხა: ვინ ხარ შენ? პასუხი მიიღო და მიხვდა, რომ ამ ნათელში იესო ქრისტე ეცხადებოდა. ამის შემდეგ ღირსი სვიმონის ცხოვრება არა მხოლოდ სიყვარულით იყო აღვსილი, არამედ მან უკვე „იცოდა” თუ რას წარმოადგენდა ეს სიყვარული. ასეთ კავშირს, განცდას და შემეცნებას, ჩვენს ცხოვრებაში დიდი საიმედოობა მოაქვს.
სხვა ასკეტების ასეთივე გამოცდილება გახდა იმის საფუძველი, რაზეც შემდგომში აიგო ეკლესიური სწავლება უქმნელი ნათელის შესახებ.

„და ჰრქუა მათ, რამეთუ: ესრეთ ჯერ-იყო ვნებად ქრისტესა და აღდგომად მკუდრეთით მესამესა დღესა. და ქადაგებად სახელითა მისითა სინანული და მოტევებაი ცოდვათაი ყოველთა მიმართ წარმართთა” (ლკ. 24:46-47). დიდებულია გამოუთქმელი ნიჭი სინანულისა: სწორედ მას უკავშირდება დაუსაბამო ღმერთის – ჩვენი მამის შეცნობის საიდუმლოში ადამიანის სულის შეღწევის შესაძლებლობა. ყოფიერების ნამდვილი შინაარსის გამოცხადება: მხოლოდ სინანულისა და აღსარების ძალით შეიმეცნება ის, რაც დაბადებამდე ადამიანის შექმნასთან დაკავშირებული წმინდა სამების მარადიული თათბირის შინაარსი იყო.

ყველგან მყოფი ღმერთის, მისივე ქმნილების მიერ შემეცნება ნებისმიერ სივრცეშია შესაძლებელი. მაგრამ შეუძლებელია ამ ცოდნის, მხოლოდ წიგნებისა და საღვთისმეტყველო სკოლების დახმარებით მოპოვება. ღვთის შესახებ ჭეშმარიტი ცოდნის მიღება ჩვენთვის მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ჩვენს პიროვნულ სულში, აბსოლუტურად აუხსნელად, ღვთაებრივმა ნათელმა შემოაღწია და ეს ჭეშმარიტი ცოდნა მხოლოდ მაშინ მკვიდრდება, როდესაც ჩვენთან არის ღმერთი. ჩვენში უფლის ქმედითად ყოფნა ნიშნავს ჩვენს ზიარებას ღმერთის ყოფასთან. სწორედ ამ გზით ენიჭება ჩვენს სულს ღმერთთან ერთობა, ანუ ის წილი, „რომელიც არ წაერთმევა მას” (ლკ. 10:42). ამ სიკეთის მიღწევის ყველაზე ვარგისი საშუალება იესო ქრისტეს მიერ ჩვენს ღრმა რწმენაში ჩანერგილი სინანულის გულმხურვალე ლოცვაა. 
ადამიანის გამო ღმერთის საწყისი შემოქმედებითი იდეა თუ არ განვჭვრიტეთ, თუ არ განვიცადეთ უფლის სიწმინდე, ვერ შევიგრძნობთ იმ დიდ სინანულს, რაც ჩვენი დაცემის თანამდევია. ჩვენ შეიძლება მეტად გვტკიოდეს არსებული სინამდვილე; შეიძლება ცხოვრების რაღაც მანძილზე ღვთაებრივი ცეცხლიც განვიცადოთ და ჩვენი ცოდვიანობის მისაწვდომ შეგრძნებებში სინანულიც დაგვეუფლოს, მაგრამ სხვაგვარია ტოტალური სინანული, რომლის დროსაც უქმნელი ნათლის წყალობით, ერთი მხრივ, სრულად ვიხილავთ იმ ჯოჯოხეთურ მდგომარეობას, რომელშიც ჩვენი არსია მოქცეული, ხოლო მეორე მხრივ, დავინახავთ იმ შეუვალ სიწმინდეს, რაც ცოცხალი ღმერთის გარშემო მკვიდრობს.

ჩვენი ცოდვების გამო დიდი გლოვის შედეგად, ჩვენში ღმერთი სასწაულებრივად იწყებს მოქმედებას. ამ დროს მის მამობრივ სითბოს ვგრძნობთ და ჩვენდაუნებურად იმასაც ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი ძალებით ასეთ მდგომარეობას ვერ შევინარჩუნებთ. როდესაც ამ სითბოს შეგრძნება ჩამოგვშორდება, კვლავ სიკვდილის წყვდიადში ჩავიძირებით; ამ მდგომარეობაში კვლავ ვიწყებთ ღმერთის ძებნას, მაგრამ ჩვენდა გასაოცრად, ყოვლისმომცველი უფალი ჩვენთვის მიუწვდომელ შორეთში აღმოჩნდება. როდესაც ჩემი ყოფის საწყაო იესო ქრისტეს მცნებები ხდება: როდესაც ვიცი, რომ ღმერთი მთელი არსით, ხოლო მოყვასი, როგორც საკუთარი თავი, ისე უნდა მიყვარდეს, მაშინ ჩემთვის შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად შორს არის ჩემგან ის სანუკვარი მიზანი, რომელსაც მიველტვი. ამ დროს მეჩვენება, რომ ჯერ კიდევ ვერ მივუახლოვდი აღმსარებლობას, ანუ იმ წმინდა ცეცხლს, რომელიც უკვე შემეხო და საკუთარი სითბო შემაგრძნობინა. თავის დროზე შემძრა მომაკვდავი სისოი დიდის სიტყვებმა, რომელიც მაშინ წარმოთქვა, როდესაც დაუსაბამო უფალი გამოეცხადა: „უფალო იესო, მომეც ცოტა დრო აღსარებისთვის”… მის სარეცელთან მდგომმა გაოცებულმა ძმებმა ჰკითხეს სისოის: „შენ ამბობ მამაო, რომ ვერ მოასწარი აღსარების თქმა?” წმინდანმა უპასუხა: „დამიჯერეთ, ძმებო, რომ მე ჯერ არც კი დამიწყია აღსარება”. ძმებისთვის ეს იმის ნიშანი იყო, რომ სისოი დიდმა სრულყოფილებას მიწიერ ცხოვრებაშივე მიაღწია.

პარადოქსულია, მაგრამ სწორედ ასე აღიქმება ღვთაებრივი დაუსაბამობა. როდესაც ჩვენი შესაძლებლობები ცოცხალი ღმერთის მომქანცველი წყურვილით გადაილახება, ეს ძალა ჩვენსავე სულს ყოველივე ყოფითისაგან ათავისუფლებს და ის ისეთ გამოუთქმელ უძირო სულიერ სივრცეში გადაჰყავს, სადაც ღმერთია, რომელიც სიყვარულია და მისი უსაზღვროების მეტი არავინ და არაფერი იპოვება. იქ ნათელი, როგორც ასეთი, არ აღიქმება, მაგრამ იქ არც ბნელია. ეს უსაზღვრობა უცნაურად გამჭვირვალეა და გონიერი თვალი უსაზღვრობაში დაუბრკოლებლად მიიქცევა, და მიქცეული ამ მოგზაურობაში კიდეს ვერასდროს აღწევს.

მორწმუნე, რომელიც იესო ქრისტეს ჭეშმარიტ შემომქმედად და კაცთა მოდგმის ცოდვის ტყვეობიდან გამომხსნელ ღმერთად შეიგრძნობს, სინანულში ჯოჯოხეთსაც დაინახავს და სხეულებრივად აღსრულების ჟამს აღდგომასაც იხილავს. აღსარება გონებრივი, ანუ სამყაროში მიმდინარე მოვლენებისადმი და ყველაფრისადმი რაც ჩვენთან არის დაკავშირებული, მხოლოდ ჩვენი ინტელექტუალური დამოკიდებულების შეცვლის პროცესი არ არის. ეს არის ცვლილება, ამ ცვლილებას თან სდევს ღმერთისა და მისი სიწმინდის წინაშე საკუთარი ცოდვიანობისა და ღმერთის სიწმინდისაგან დაშორებით გამოწვეული ტკივილი და გულითადი სინანული. არ არსებობს უფრო დიდი მწუხარება ვიდრე ამგვარი შეგრძნება, რადგან ასეთ შემთხვევაში ადამიანი საკუთარ პიროვნებას ყველაზე და ყველაფერზე უარეს არსებათ მიიჩნევს. ყოველგვარი მიწიერი განცდა დროებითია, მაგრამ დროებითი არ არის ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან. როდესაც მარადიული სულიერების სივრცეში აღმოვჩნდებით, საკუთარი ცოდვიანობის სიძულვილი გაგვიძლიერდება და ჩვენში წარმოქმნილი ვედრების გრძნობა თავდავიწყებულ ლოცვაში გადაიზრდება.

ღვთაებრივი რეალობების ჭვრეტა მხოლოდ იმდენად არის შესაძლებელი, რამდენადაც კონკრეტული ადამიანის პიროვნული სული ღმერთთან იქნება მიახლოებული და მოცემულ მომენტში მისი მდგომარეობა რამდენად იქნება ღვთაებრივი პიროვნების ჭვრეტის შესაბამისი. მართლაც: როგორ უნდა შეძლოს საკუთარ სამშვინველში ამპარტავნების ბრჭყალებით შებოჭილმა პიროვნებამ თვინიერი სულის დატევა? ანდა, შესაძლებელია თუნდაც „ერთი მცირეთა ამათგანი”, რომელსაც, როგორც მამის სახეს „ანგელოზნი მათნი ცათა შინა მარადის ხედვენ” (მთ. 18:10) გეჯავრებოდეს და ღვთაებრივ სიყვარულს ქადაგებდე? ამრიგად, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს ადამიანი ღმერთის უკვდავი დიდებისა და მიუაჩრდილებელი ღვთაებრივი ნათლის ხილვას, თუ მას ეს ნიჭი სულიწმიდის მადლით მიეცემა.

177ღმერთთან ყოველი ჭეშმარიტი შეხვედრა უფლის მიერ ადამიანისთვის გაღებული ის მადლია, რომელიც ჩვენ ღვთაებრივი ცხოვრების: სიმდაბლისა და მშვიდობის, სიყვარულისა და მადლმოსილების მოზიარედ გვაქცევს. ჩვენში უქმნელი ძალის დამკვიდრებით დაუსაბამო ცხოვრების მონაწილენი ვხდებით. ეს არის გზა, რომლის საშუალებითაც ადამიანი (არა თავისი არსით, არამედ ღვთაებრივი მადლით) დაუსაბამობას ეზიარება.

ამქვეყნიურობის ფარგლებში მოქცეული გონებითაც უნდა ვცდილობდეთ ჩვენს აზროვნებაში, განცდასა და ვედრებაში ქრისტეს მივემსგავსოთ, რადგან დაწერილია: „იგივე ზრახვები გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს” (ფილ. 2:5), „რომელმაც მისი ხორციელად ყოფნის დღეებში ხმამაღალი ღაღადისითა და ცრემლების ფრქვევით შესწირა ლოცვა-ვედრება მას, ვისაც შეეძლო სიკვდილისაგან ეხსნა იგი, და შესმენილ იქნა მისი ღვთისმოშიშების გამო” (ებრ. 5:7).

იქნებ საჭიროა ისიც ითქვას, რომ ისეთი გარე დამკვირვებლისთვის, ვინც ქრისტიანულ ცხოვრების არსს არ მიახლოებია, წვდომით მოპოვებულ უქმნელ ნათელში მნიშვნელოვანი არაფერია. ძონძებში გამოწყობილი მორწმუნე უფრო უდაბნოში მცხოვრები ასკეტია, რომელიც თავისი ფიზიკური გარეგნობით, ამაქვეყნის ძლიერთათვის უბადრუკი, სრულიად დაუცველი არსებაა, მაგრამ შინაგანად ის ჭეშმარიტი ბუმბერაზია, მისი სამეფო ზეცათაგანია და არ არის ამის სოფლისაგანი.

დასაწყისში სინანულისათვის სიმწარის შეგრძნებაა თანმდევი, მაგრამ ძალიან მალე მორწმუნე დაინახავს, რომ ის ცხოვრების ახალი ენერგიით აღივსება და ეს ძალა მის გონებაზე სასწაულებრივ გავლენას მოახდენს. თავად მონანიე მდგომარეობა ღმერთთან სიყვარულში მიახლოების პროცესად წარმოგვიდგება. პოროვნული სულის წინაშე სულ უფრო ნათლად ვლინდება პირველქმნილი ადამიანის ენით აღუწერელი სრულყოფილება. როდესაც ამ ბრწყინვალებას შევცქერით, დაახლოებით გასაგები ხდება ცოდვიანობის გამო, როგორ დაეცა და განადგურდა სამყაროს შემომქმედის ჩვენთვის არსებული იდეა. უფლისა და მამისგან მომავალმა ნათელმა „გაანათლა ჩვენი გულები, რათა გავებრწყინებინეთ ღმერთის დიდების შემეცნებით, რომლითაც სხივოსნობს იესოს სახე” (2 კორ. 4:6). თავად იესომ ამის შესახებ ბრძანა: „ვერავინ მოვა ჩემთან, თუკი მამამ, ჩემმა მომავლინებელმა, არ მოიყვანა” (იოან. 6:44). სინანულის მადლით, ჩვენში არსებულ ძე ღმერთის ხატს ჩვენვე მოვიკვლევთ. ო, რა მტკივნეულია ეს პროცესი. სასტიკმა მახვილმა ჩვენს გულში თავისი გავარვარებული წვერით უნდა გაიაროს. და როგორ უნდა ვთქვა იმ თავზარის შესახებ, რომელიც ამ დროს დაატყდება ადამიანს? და როგორ უნდა აღვწერო ის აქტი, რომლის დროსაც ღმერთი ჩვენს კვალად გებას განახორციელებს? მამასთან ძისა და ლოგოსის ერთარსობა ჩვენში ყველაფრით მასთან მიმსგავსების დიდ სურვილს იწვევს და ჩვენ კვლავ პარადოქსულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით: ვიტანჯებით, მაგრამ იმის გამო, რაც აქამდე ჩვენთვის უცხო იყო. ჩვენთვის ეს ტანჯვა შთამაგონებელია და არა მომაკვდინებელი. ამ ტანჯვას თან უქმნელი ძალა ახლავს. ჩვენ ვიძირებით ღვთაებრივ მიუწვდომლობაში, ჩვენ განცვიფრებულები ვართ იმით, რაც ჩვენში ხდება. ჩვენ ვგრძნობთ, რომ მოვლენა რომლის წინაშეც ვდგავართ ჩვენზე მეტია. ცნობიერებაში ჩვენ ვიბუზებით, ვიკუმშებით, უკიდურესად ვცოტავდებით და ამ დროს სახარებისეული უძღები შვილის მომლოდინე მამის მსგავსად (ლკ. 15:20), უფალი მოდის და გვეკონება. შიშისა და ძრწოლისგან ვთავისუფლდებით და ჩვენში თავის ადგილს “ღმერთით გაოცება” იკავებს. ის გვმოსავს უძვირფასესი შესამოსელით; მრავალგვარი მაღალი ნიჭით გვამშვენებს. ამ ნიჭთაგან ყოვლისმომცველი და ყოვლად უბადლო სიყვარულია. ასე გარდაიქმნება ჩვენი პირველი აღმსარებლობითი ტკივილი სიხარულად და სიტკბოებად; სიყვარული ახლა უკვე ახალი სახით ვლინდება, ეს არის ღვთაებრივი ნათლის მიღმა დარჩენილი ყოველი არსის მიმართ აღძრული თანაგრძნობა.

დიდია აღტაცება კიდევ იმის გამო, რომ ჩვენს მიმართ არსებული ღვთის ნების შემეცნებას ვიწყებთ; ღვთაებრივ შემოქმედებით პროცესს პიროვნულად ვეზიარებით; როდესაც საქმე დაცემიდან ჩვენს წამოდგომას შეეხება, უფალთან ერთად ვმოქმედებთ და აი, ღმერთი თავისი საქმის “თანამონაწილეებად” გვაქცევს. ამგვარია სინანულში ჩვენი პიროვნული სულის აღორძინების გზა.

უფალმა თავის მიწიერ ცხოვრებაში, განხორციელებული მძიმე ცრემლისღვრით მოიპოვა ადამიანური უკვდავება, მისი რიდი და გოდება ის საფუძველი გახდა, რის გამოც იქნა შესმენილი; მიუხედავად იმისა, რომ ქრისტე ძეა, მაინც მძიმე ტანჯვა-წამებით, ტკივილითა და სრული მორჩილებით დაამტკიცა თავისი და ღვთის ყოველი ერთგული ადამიანის მორჩილება და ამგვარად განახორციელა მათი სამარადჟამო გამოხსნა… ამის შესახებ ჩვენ ბევრი საუბარი გვმართებს, მაგრამ ძნელია ქრისტიანული ცხოვრების სიღრმეები გასაგებად აუხსნა მოყვასს, თუ მას ამ საკვირველ სფეროსთან ურთიერთობის გამოცდილება არ გააჩნია (შეად. ებრ. 5:7-11[7]).

„ვისაც ყური აქვს”, იესო ქრისტე „ყველა მისი გამგონისათვის” ერთადერთ გზად გადაიქცა და ყოველ მორწმუნეს შეუძლია ლოცვაში ქრისტეს მაგალითით ისარგებლოს. რა შემიძლია ვთქვა მე, კაცთა შორის ყველაზე მცირემ? ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე „მე ვლოცულობდი ტირილით”. ქრისტეს მცნებებით ჩემს შეცოდებებს განვიხილავდი და ასეთ ლოცვამდე მივდიოდი. ყოფილა შემთხვევა, როდესაც მტანჯველ სიმწარეს აღუწერელ უფსკრულში გადავყოლივარ… შემდეგ ეს ჭირი უკან იხევდა და მაშინ ვივსებოდი ნათლითმოსილი სიყვარულით. ვფიქრობდი, რომ ეს სიყვარული სამუდამოა; მეჩვენებოდა, რომ ვიწექი გადასასვლელში „თვით ფარდის მიღმაც” (ებრ. 6:19[8]), საიდანაც ჩემ მიერ მიტოვებულ მიწაზე დაბრუნებაც კი აღარ მინდოდა. უფალს არ სურდა ჩემი წაყვანა. მრავალჯერ გამხსენებია მოსე წინასწარმეტყველი, რომელიც ცეცხლმოკიდებული მაყვლოვანის ხილვის შემდეგ ეგვიპტეში გაიგზავნა და შემდეგ მთელი ორმოცი წლის მანძილზე სხვადასხვა სახის ვნებებით იმათგან იტანჯებოდა, ვინც უნდა გადაერჩინა; უნდა გამოეხსნა ისინი, ვისაც თავად არ ჰქონდა ამის სურვილი. როდესაც ამას ვამბობ, ცხადია, მე არც წინასწარმეტყველებს, არც მოციქულებს და არც დიდ მამებს არ ვედრები, მე მხოლოდ ანალოგიის ისეთ მცირე ელემენტს ვხედავ, რომლის გარეშეც გზის გაგრძელებაც შეუძლებელი იქნებოდა. ღმერთმა თავისი სიმდაბლის გამო არ მიმატოვა, უფრო მეტიც, ის საშუალებას მაძლევდა მის უქმნელ ნათელს დავკვირვებოდი. ჩემს ცხოვრებად ქრისტე გადაიქცა; მე იესო მთელი გულით შემიყვარდა და მასთან ვერანაირი პარალელის გავლება ვერ წარმომიდგენია: ერთადერთი უფალი და ღმერთი ჩემთვის ის არის. თითქმის დაუოკებლად მტკივა გული და უამრავი ჩემი შებრკოლების გამო მუდმივად ვშიშობ, მისი გულმოწყალება არ დავკარგო. მასთან ბევრი დავის, ჩემი ჯვრის მრავალჯერ მიტოვების მცდელობის მიუხედავად, მე მაინც მას, ქრისტეს ჯვარს ვეამბორები და ავად თუ კარგად, მაინც ვატარებ ჩემს ჯვარს (შეად. მათ. 16:24[9]) და ახლაც ვადიდებ ჩემს უფალს, რომელმაც მომმადლა მე მწარე განცდა სინანულისა.  არქიმანდრიტი სოფრონ სახაროვი
თარგმნა: როლანდ-რომილე ჩხეიძემ 


თავი V – «სულიერი მგლოვარების შესახებ»
თავი VI – «შეურყეველის ძიებაში გამოვლენილი მერყეობები»
თავი V  „კურთხევაა იცოდე გზა“ (I ნაწილიII ნაწილი; III ნაწილი)
თავი VIII – «შეჯამებული სულიერი ცხოვრება»
თავი IX – «სულიერი თავისუფლების შესახებ»
თავი X – «შთაგონების შესახებ»
თავი XI – «დამაშვრალობისა და ღვთისაგან მიტოვების შეგრძნების შესახებ»
თავი XII – «თვითსიძულვილამდე სიყვარულის შესახებ»
თავი XIII – «უქმნელი ნათლის შესახებ»
თავი XIV – «პიროვნული საწყისები ღვთაებრივ მყოფობასა და ადამიანურ ყოფნაში»
თავი XV – «ლიტურგიული ლოცვა»
თავი XVI – «ლიტურგიული ენა»
თავი XVII – «გეთსიმანიის ლოცვა»
თავი XVIII – «ლოცვა, რომელშიც ღმერთი-ჭეშმარიტება ვლინდება»