You are currently viewing ალექსანდრიის პატრიარქმა თეოდორე II-მ დიაკონისების ხელდასხმა აღასრულა

ალექსანდრიის პატრიარქმა თეოდორე II-მ დიაკონისების ხელდასხმა აღასრულა

Download article eBook

 2017 წლის 17 თებერვალს, წმინდა დიდმოწამე თეოდორე ტირონის ხსენების დღე, რომელიც ამავდროულად ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის  პაპისა და პატრიარქის, უნეტარესი თეოდორე II-ის „ანგელოზის დღეა“,  კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ლუალაბის პროვინციაში, ქალაქ კოლვეზის მისიონერულ ცენტრთან მდებარე წმინდა ნიკოლოზის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიით აღინიშნა.

როგორც საპატრიარქოს ოფიციალური საიტი იუწყება მისმა უნეტარესობამ ქადაგებაში ისაუბრა დიდმოწამე თეოდორე ტირონის ცხოვრებაზე და ხაზი გაუსვა მის ქრისტესადმი სიყვარულსა და სარწმუნოებისთვის თავგანწირვას, რომელიც დაამოწმა მწვალებლების წინაშე.

ლიტურგიის დასასრულს ალექსანდრიის პატრიარქმა დიაკონისები აკურთხა, რომლებიც კოლვეზის მისიონერულ საქმიანობაში დიდ და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. საეკლესიო მსახურებისთვის სამი მონაზონი და ორი კატეხისტი გამოირჩიეს, რათა კატანგის წმინდა ქალაქს თავიანთი მისიონერული ძალისხმევით დაეხმარონ.  გარდა ღვთის სიტყვის გავრცელებისა, ისინი ასევე მონაწილეობას მიიღებენ საეკლესიო მსახურებებში, კერძოდ, ზრდასრულთა მონათვლისა და ქორწინების საიდუმლოს აღსრულებაში, ასევე აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ეკლესიის კატეხეტური სკოლის ფუნქციონირებაში.

აღსანიშნავია რომ დიაკონისების კურთხევა პირველად მოხდა აფრიკის ეკლესიის ისტორიაში.

ალექსანდრიის წმინდა სინოდმა დიაკონისების მსახურების შესახებ გადაწყვეტილება 2016 წლის ნოემბერში ჩატარებულ კრებაზე მიიღო.

ეკლესიის ისტორიაში ცნობილია, რამდენიმე წმინდა დედა, რომლებიც დიაკონისებად მსახურებდნენ, მათ შორისაა ყველაზე ცნობილი წმ. ტატიანა (ხსენება 25 იანვარი) წმ. ოლიმპიადა (7 აგვისტო) და წმ. თებე (3 სექტემბერი).

აღსანიშნავია, რომ ქალთა „დიაკონისად“, იგივე „დედათდიაკვნად“ ხელდასხმა უძველეს საეკლესიო ტრადიციას წარმოადგენს.

დიაკონისების მსახურება უპირველესად ქალებზე ზრუნვაზე იყო ორიენტირებული, რაც პატრიარქალური ტიპის საზოგადოების კონკრეტულ საჭიროებებს შეესაბამებოდა და, ამავე დროს, დასაბუთებული იყო საღვთისმეტყველო თვალსაზრისით. ეს საკმაოდ სრული და მრავალფეროვანი მსახურება მოიცავდა ლიტურგიულ, კატეხიზატორულ და საქველმოქმედო საქმიანობას.

სპეციალურად გვერდისთვის მოამზადა ნინო ბეროძემ

წყარო: basilica.ro