You are currently viewing „ანთროპოლოგია და პირველქმნილი ცოდვა“

„ანთროპოლოგია და პირველქმნილი ცოდვა“

Download article eBook

    „ანთროპოლოგია და პირველქმნილი ცოდვა“ 

ბოლო ათწლეულებში, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის საღვთისმეტყველო დიალოგების ატმოსფერო ძლიერ შეიცვალა. მე გულწრფელად მწამს, რომ დადგა დრო, როდესაც შეგვიძლია განვიხილოთ ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც განყოფს აღმოსავლეთსა და დასავლეთს. მე მინდა ნათელი მოეფინოს იმ პრობლემას და აღვწერო ის მდგომარეობა, რომლის დროსაც აღმოსავლეთში ქრისტიანული ღვთისმეტყველების ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილებოდა. როდესაც ასეთ ვრცელ საკითხს ვეხებით, იმის საშიშროებაც არსებობს, რომ მხოლოდ საერთო ფრაზებით შემოვიფარგლოთ. მიუხედავად ამისა, მე შევეცდები წარმოვადგინო ამ პრობლემების გადაჭრის გზები, მისი ამომწურავი საღვთისმეტყველო შეფასების გარეშე. შევეცდები საკითხი წარმოვაჩინო ისე, როგორც მათლმადიდებლებს გვესმის, კამათის და აღმოსავლეთის და დასავლეთის კონცეფციათა დაპირისპირების გარეშე. მსურს, რომ ნათელი მოეფინოს იმ კითხვებს, რომლებიც წარმოიშობა ეკუმენური დიალოგებისას.

  შუასაუკუნეებში კათოლიკებს და მართლმადიდებლებს მწვალებლობების სიის შედგენა უხდებოდათ, რომლებშიც ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. როდესაც ამ სიებს ვკითხულობთ, ვრწმუნდებით, რომ ჩვენი წინამორბედთ ხშირად საკითხისადმი განყენებული, სტატიკური და ინტელექტუალური მიდგომები ჰქონდათ. საერთო გაუგებრობისას ისინი იგნორირებას უკეთებდნენ საერთო პოზიციებსაც. ასეთი მიდგომა ჰქონდათ თეოლოგიური საკითხების გადაჭრისასაც. ისინი თვლიდნენ, რომ სხვა სარწმუნოების შეცდომების, ერესების და ტრადიციების ამომწურავად წარმოჩენა ან გადაჭრა შეიძლებოდა მათი აღრიცხვით.

  ჩემი აზრით, თანამედროვე საღვთისმეტყველო აზროვნების ერთ-ერთი დადებითი შედეგია ის, რომ ჩვენ, ყველანი, აღმსარებლობის მიუხედავად, მივხვდით ღვთისმეტყველების ეგზისტენციალურ ფასეულობას. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მის მიმართ სკეპტიკური და უარყოფითი დამოკიდებულება გააჩნია ცივილიზებული სამყაროს უმეტესობას. ღვთისმეტყველება ჩვენი არსებობის საფუძვლად უნდა იქცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის გაქრება. ჩვენ სახარებას თუ მხოლოდ ინტელექტუალური გაგებით, კატეგორიებით და მტკიცებებით ვიქადაგებთ ნდობას დავკარგავთ. ასეთი ხერხი არასაკმარისია. ღვთისმეტყველება გარკვეული აზრით განწმედს, განათავისუფლებს (ცრუ აზრებისგან) და ფერს უცვლის ადამიანის გონებას. ღვთიმეტყველება არ უნდა შემოიფარგლოს ჭეშმარიტების და ცრუ სწავლების სქოლასტური ჩამონათვალებით.

    მეორეს მხრივ, დღეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ სხვანაირად შევხედოთ აღმოსავლეთის და დასავლეთის დიალოგს, რომელსაც აქამდე მცირე შედეგიც არ მოუტანია. ის კულტურული სხვაობები, რომლებიც ბერძნებს და ლათინებს წინ ეღობებოდათ შუასაუკუნეების მანძილზე, დღეს თანდათან ქრება. ჩვენ ვხვდებით, რომ რამდენიმე ათწლეულის უკან აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის განხეთქილებებზე მსჯელობა შეუძლებელი იყო, ჯერ მარტო იმიტომ, რომ ხალხი სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობდა და პირდაპირ შეიძლება ითქვას არ ესმოდათ ერთმანეთის. მათი კულტურაც სხვადასხვა იყო. ახლა კულტურაც იცვლება, იმიტომ რომ კაცობრიობა უფრო უახლოვდება ერთმანეთს. ქრისტიანებს შორის უნდა მიმდინარეობდეს შეხვედრები, საუბრები რაც ურთიერთგაგებამდე მიგვიყვანს. დასავლეთის და აღმოსავლეთის ის კატეგორიები, რომლებიც ადრე კულტულურ რეალობას ასახავდა, დღეს შეიძლება დაძლეულ იქნეს ცივილიზაციის საშუალებებით (მაგ: კომუნიკაციის  და ა.შ.).

    ჩვენი დროის მახასიათებელი ისაა, რომ ვერც ერთი კულტურა, ვერც ერთი ცივილიზაცია (განსაკუთრებით ქრისტიანული, რომლებიც ასე ახლოს არიან ართმანეთთან) ვერ იქნება იზოლირებული. ჩემი აზრით, ერთობის მოთხოვნილება განსაკუთრებით ამერიკაში იგრძნობა: ჩვენ ერთი მენტალიტეტი გვაქვს, ვსაუბრობთ ერთ ენაზე და ვცხოვრობთ ერთ ცივილიზებულ სივრცეში. ამის შედეგად ჩვენ რეალური შესაძლებლობა გაგვიჩნდა, ღვთის წყალობით შექმნილი სიტუაციით დავძლიოთ ძველი დროის წინააღმდეგობანი პრინციპულად სხვა პოზიციებიდან, რომლის წარმოჩენასაც შევეცდები. ამ პრობლემებში უნდა მოვიაზროთ : ანთროპოლოგია და პირველქმნილი ცოდვა, ბუნება და მადლი, სულიწმინდის მოქმედება ეკლესიაში, ქრისტოლოგიური საკითხები. ამ საკითხებს შეიძლება სხვადასხვანაირად შეხედოს კაცმა. ჩემი აზრით, მათ გარკვეულწილად მივყავართ ქრისტიანული რწმენის საფუძვლებთან. იმის მიხედვით მართლმადიდებლები და კათოლიკები როგორ გაივლიან ამ გზას, დაგვეხმარება პრობლემების აღმოჩენაში, რომლებიც მხოლოდ ზედაპირულ ინტელექტუალურ დონეზე კი არ არსებობს, არამედ მოიცავს ქრისტიანული რწმენის არსს, თუ როგორ გვესმის ცხონების საკითხი. როდესაც ღვთისმეტყველება ასეთ, ცხოველმყოფელ პრობლემას ეხება, ჩვენი ერთობა და განსხვავება, ჩვენთვის ეგზისტენციალურ განსხვავებას იძენს. ამ დროს თვითგამოხატულების შესაძლებლობაც გვეძლევა.

 პირველი კითხვის განხილვა მოითხოვს წყაროების გარკვეულ ანალიზს.ერთნი მე დარწმუნებული ვარ, მას იცნობენ, მეორენი არა. დავიწყოთ ბიბლიიდან. ყველასათვის ცნობილია, რომ ავგუსტინეს და პელაგიუსის პოლემიკის დროს დაძაბული კამათი გაიმართა პავლე მოციქულის რომაელთა მიმართ  წერილის იმ ადგილის გარშემო, რომელშიც პირდაპირაა ნათქვამი, რომ ადამის ცოდვა ყველა ადამიანზე გავრცელდა (რომ.5;12[1]) ეს ადგილი ბერძნულიდან ასე ითარგმნება: რადგანაც, ერთი ადამიანიდან ცოდვა შემოვიდა სამყაროში ხოლო ცოდვის მიერ სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში“ („ἐφ̓ ᾧ’’) ყველამ შესცოდა. საძიებო ფრაზა ამ წინადადებაშია: „ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში“ (ἐφ̓ ᾧ) ყველამ შესცოდა. ლათინური თარგმანი ასეთია: in quo omnes peccaverunt’’ (რომელშიც ყველამ შესცოდა).In quo’’– ადამს ნიშნავს, რადგანაც ლათინურში quo’’ მამრ.სქესია, mors’’ (სიკვდილი) კი მდედრობითი. თუ ლათინური თარგმანით ვიხელმძღვანელებთ, in quo’’ – ნიშნავს, რომ ჩვენ ყველამ შევცოდეთ – ადამში. ნეტ. ავგუსტინეს პოლემიკა პელაგიუსთან ამ ტექსტის აქტიური განხილვის საგანიც იყო. მას იყენებდნენ პირველქმნილი ცოდვიდან განთავისუფლების საკითხზე კამათისას. პელაგიუსი თვლიდა რომ გადარჩენა დამოკიდებულია ადამიანის თავისუფალ ნებით გამოვლენილ ძალისხმევაზე. ნეტ. ავგუსტინე ასწავლიდა რომ, რადგანაც ადამიანის ბუნება დაზიანებულია ცოდვით დაცემის შედაგად, ღვთის მადლის დახმარების გარეშე ადამიანი ვერ ცხონდება. ავგუსტინეს მთავარი არგუმენტი ზემოთ აღნიშნული ფრაზა იყო, რომელშიც აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ჩვენ ყველამ შევცოდეთ და ასე თუ ისე ვმონაწილეობთ ადამის ცოდვაში. ამიტომ ღვთის რისხვა მოიწევა მთელ კაცობრიობაზე, რადგანაც ყველა ადამიანი დაშორდა ღმერთს, დაწყებული ადამიდან.

    ნეტ. ავგუსტინეს დროს (მე-6 ს) აფრიკაში, საღვთისმეტყველო კამათი ეხებოდა ჩვილების ნათლობასაც, რაც ზოგიერთ პელაგიანელთა აზრით ზედმეტი იყო. ავგუსტინეს დროინდელი კათოლიკური ეკლესია თვლიდა, რომ ნათლობა აღესრულება in remissionem peccatorum’’ (ცოდვათა მიტევებისთვის). აქედან გამომდინარე, ჩვილები ინათლებიან, პირველქმნილი ცოდვის განთავისუფლების მიზნით. აქედან იღებს საწყისს ლათინური სწავლების ტრადიცია პირველქმნილი ცოდვის შესახებ.

    აღმოსავლეთში ახალი აღთქმა ბერძნულ ენაზე იკითხებოდა. აღნიშნულ ტექსტში სიტყვები ἐφ̓ ᾧ’’ არ მიეკუთვნება ადამს (ამ აზრს დღესაც ბევრი ბიბლეისტი იზიარებს). აქედან გამომდინარე, ავგუსტინეს სწავლება პირველ ცოდვაზე, რომელიც ტრიდენტის კრებამ დაამოწმა, შეიძლება მართალია, მაგრამ ის დასაყრდენს ვერ პოულობს ბიბლიის ამ ტექსტში. სიტყვა „ᾧ’’ მამრ. ან საშ. სქესის ადგილის ნაცვალსახელია. შესაბამისად ამ ტექსტის გრამატიკული გაგების ორი ვარიანტი გვეძლევა. თუ ნაცვალსახელ „ᾧ’’ მივაკუთვნებთ მამრობით სიტყვას „θάνατος”(სიკვდილი) მაშინ ფრაზა ასეთ მნიშვნელობას შეიძენს: „სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანზე, რა მიზეზითაც ყველა ადამიანმა შესცოდა’’. ასეთი ვარიანტი გრამატიკულად შესაძლებელია, საღვთისმეტყველო თვალსაზრისით ვღებულობთ, რომ სიკვდილი მომდინარეობს ცოდვიდან, შემდეგ კი გავრცელდა ყველა ადამიანზე. ხოლო სიკვდილის მიზეზით ყველა ადამიანს ბრალი მიუძღვის ცოდვაში. ამ შემთხვევაში, ცოდვა კონკრეტული პიროვნების მოქმედების შედეგია და არა მემკვიდრეობითობის ბრალი. არსებობს მეორე ვარიანტიც, რომელიც ბიბლიის ბევრ თარგმანში გვაქვს, მასში „ᾧ’’ ნაცვალსახელი საშუალო სქესისაა და შესაბამისად სიკვდილს ყველა ადამიანი დაემორჩილა, იმიტომ რომ ყველამ შესცოდა. «იმიტომ რომ» გამოხატავს მიზეზობრივ კავშირს.  მაგრამ ამ შემთხვევაშიც ყოველი ადამიანის სიკვდილი სასჯელია პიროვნული ცოდვისა, რაც გამორიცხავს მემკვიდრეობით ბრალს.

     ბერძენ მამათა ნაშრომებში ვპოულობთ  ამ პრობლემის ორივე გრამატიკული შემთხვევის ვარიანტს, რომელსაც იყენებს აღმოსავლეთის ეკლესიის სხვადასხვა მამა. მე მოვიყვან ორ გამონათქვამს, არა იმიტომ რომ მისი ავტორები სხვებზე ავტორიტეტულნი არიან, არამედ იმიტომ რომ, მათ საკმაოდ ზუსტად ახსნეს ეს საკითხი. პირველად მოვიყვანოთ წმ. კირილე ალექსანდრიელის განმარტება. წმ. კირილე ალექსანდრიის სკოლის წინამძღვარი იყო. მეორე მამა, თეოდორიტე კვირელი კი –  ანტიოქიის სკოლის წარმომადგენელი. რადგანაც ისინი სხვადასხვა საღვთისმეტყველო პოლუსებზე იდგნენ, მათი შეთანხმებული აზროვნება ამ საღვთისმეტყველო საკითხზე ამოწმებს წმ. მამათა სწავლების თანხმობას.

 მღვდელმთავარი კირილე ალექსანდრიელი პავლე მოციქულის რომაელებისადმი წერილის განმარტებისას წერს:

 „ადამი შეიქმნა უხრწნელებისა და მარადიული ცხოვრებისათვის. სამოთხეში ის წმიდად ცხოვრობდა. მისი გონება მუდამ ღმერთს ჭვრეტდა, სხეული უვნებლობაში და სიმშვიდეში იმყოფებოდა. სხეული ყოველგვარი უგუნური ტკბობისგან თავისუფალი იყო. მას არ აღელვებდა ცოდვიანი მისწრაფებანი, მაგრამ როდესაც დაეცა და დაემორჩილა ხრწნილებას ტკბობამ და უწმინდურებამ შეაღწია მის სხეულში. ჩვენი სხეულის ნაწილებში ცხოველურ კანონმა იჩინა თავი. ადამის ურჩობის გამო, ჩვენი ბუნება ცოდვით დაავადდა. ამის შედეგად ბევრი ცოდვიანი შეიქმნა (რომ:5:19), არა იმიტომ რომ ადამის ცოდვა გაინაწილეს, რადგანაც ისინე ჯერ კიდევ არ იყვნენ ამ ქვეყნად, არამედ იმიტომ, რომ მიიღეს მისი ბუნება, რომელიც ცოდვას დაემორჩილა. ამიტომ, როგორც ადამში ადამიანის ბუნება დაავადდა ხრწნილებით“[2]

    ბერძნული სიტყვა „φθορά’’ (ხრწნილება), რომელიც აქ მოყავს წმ. კირილეს მნიშვნელოვანია და აღნიშნავს ხრწნილების ფიზიკურ პროცესს და სხეულის დარღვევას, აგრეთვე ადამიანის ბუნების ზნეობრივ განხრწნას. ბუნება ხრწნილებით დაავადდა (τήν φθοράν) ურჩობის გამო, ხოლო ქრისტეში კი განთავისუფლდა. წმ. კირილე პავლე მოციქულის წერილის ამ მონაკვეთის განმარტებისას, არ ეხება ἐφ̓ ᾧ-ს პირდაპირი მნიშვნელობით გადათარგმნის პრობლემას. ისიც აღსანიშნავია, რომ იგი ყველა ადამიანის თანაზიარობას ადამის ცოდვაში მემკვიდეობითობის ბრალეულობით არ ამბობს. მისი აზრით, ცოდვის გაგება კავშირშია თითოეული ადამიანის ქმედების პასუხისმგებლობაზე, ის ჯერ კიდევ არ იყო დაბადებული, ამიტომ მას ბრალი არ მიუძღვის ადამის ცოდვაში. ის ხრწნილების შედეგად დაზიანებული ბუნების თანაზიარია.

 წმ. მამებისეული ტერმინის φθορά” განხილვისას, ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ის აღნიშნავს იმ ყოვლისმოცვლელ მდგომარეობას, რომელშიც აღმოჩნდა ადამიანი ცოდვით დაცემის შედეგად. მასში ბოროტება სიკეთეს შეერია. ცოდვა და სიკვდილი დაუკავშირდნენ ერთმანეთს. არ შეიძლება იმის თქმა, რომ პირველადია ხრწნილი მდგომარეობა ან ადამის ბუნების ავადმყოფობა. ეს ყველაფერი ადამიდან მოდის (რაც ძალზე მნიშვნელოვანია), მასში ჩვენ არ შეგვიცოდავს. ამიტომ წმ. კირილე არსებითად ეთანხმება ნეტ. ავგუსტინეს, როდესაც ის ეპაექრებოდა პელაგიუსს: ჩვენ ყველამ ადამისგან დავიმკვიდრეთ მისი ბუნება. ადამის ცოდვაზე ჩვენ პასუხს არ ვაგებთ, რადგანაც იგი არ ჩაგვიდენია. ჩვენ სამყაროს განსაკუთრებულ მდგომარეობაზე ვართ დამოკიდებული.

 პირველ რიგში უნდა ავღნიშნოთ, რომ ბერძნულ პატრისტიკული შეხედულების თანახმად, ცოდვით დაცემას და გამოხსნას კოსმიური ბუნება აქვს. სხვანაირად რომ გამოვთქვათ, პირველქმნილი ცოდვა არ გაიგება იურიდულად გადაცემულ პირად ბრალად, რომელმაც ღმერთი განარისხა. ეს უფრო კოსმიური წესრიგის მოვლენაა, რომელმაც ადამიანი დაიმორჩილა, რომლისგანაც აუცილებლად უნდა განთავისუფლდეს, რომ არ დაისაჯოს, რადგანაც პასუხისმგებელი არაა ამ ცოდვაზე. მოციქულ პავლეს ღვთისმეტყველებაში სწორედ ეს იწოდება:საწყისებად და მთავრებად (კოლ:1:16[3] ეფ.1:21[4] 3:10[5]). ხრწნილების დასასრული (φθορά), სიკვდილია (θάνατος), რომელზეც საუბრობს მოციქული ამ ადგილას. ის თითქმის მის პერსონიციფირებას ახდენს და ამბობს, რომ ის უფლებს სამყაროზე, მართავს მას და აუცილებელია მისგან განთავისუფლდეს ადამიანი და მთელი კაცობრიობა.

 ახლა განვიხილოთ ანტიოქიური განმარტება, რომელიც გვხვდება თეოდორიტე კვირელთან. ის ანტიოქიის ღვთისმეტყველებს შორის ერთ-ერთი პირველი და ქალკედონის კრების  ერთ-ერთი წინაპარი იყო.

 „რადგანაც ადამი უკვე იმყოფებოდა სასიკვდილო განჩენის ქვეშ, ამ მდგომარეობაში დაიბადა კაენი,სეითი და სხვები. ამიტომ ყველანი, დაიბადნენ რა სიკვდილმისჯილები, ჰქონდათ მოკვდავი ბუნება ადამიანის ასეთი ბუნებას კი ბევრი რამ სჭირდება: საკვები, სასმელი, სამოსი, თავშესაფარი და სხვადასხვა რამ. ამ ყველაფრის მოთხოვნილება აღიზიანებს ვნებებს, იკარგება ზომიერება, ეს ყველაფერი კი ბადებს ცოდვას, ამიტომ ღვთაებრივი მოციქული ამბობს,როცა ადამმა შესცოდა და ამის გამო გახდა მოკვდავი,ერთიც და მეორეც გავრცელდა მთელ შთამომავლობაზე“.[6]

შემდეგ თეოდორიტე განმარტავს, რომ ἐφ̓ ᾧ– ნიშნავს სიკვდილს რადგანაც (რომ 5:12[7])იმიტომ რომ ყველამ შესცოდა, თითოეული მათგანი თავისი საკუთარი შეცდომებით ღებულობს სიკვდილის შედეგებს და არა წინასწარი ცოდვის გამო.

ἐφ̓ ᾧ – განმარტავს რა სიკვდილის მნიშვნელობით, თეოდორიტეს მხედველობაში აქვს, ის რომ სიკვდილის კოსმიური რეალობა, რომელსაც კაცობრივი ბუნება ცოდვით დაცემის შემდეგ დაემონა. ადამი და ევა გახდნენ მოკვდავნი, აღარ შობდნენ უკვდავ შვილებს. ამის გამო, მათი შვილები დაექვემდებარენ სიკვდილს. ეს მოკვდავობა, რომელიც გადმოგვეცა ადამისგან, ჩვენი პიროვნული ცოდვების წყაროა. თეოდორიტეს აზრით, მოკვდავ ბუნებას «სჭირდება ბევრი რამ, საკვები, სასმელი, სამოსი…» ის უამრავ რამეს საჭიროებს. ამ აზრის კომენტირება შესაძლებელია ეგზისტენციალიზმის თვალსაზრისით. ისე როგორც მსჯელობს კირკეგორე. ძნელი არაა იმის დანახვა, რომ ადამიანის ცხოვრებაში ჭარბობს არსებობისთვის ბრძოლა.

სიკვდილის გაგება როგორიცაა ახალ აღთქმაში და წმ.მამებთან, მაგ: სატანა  იწოდება «კაცისმკვლელად დასაბამიდან» (იონ:8:44[8])«სიკვდილის ისარი ცოდვაა»(1კორ15;56[9]). სიკვდილი ან მოკვდავობა ის საშუალებაა რითაც «ამასოფლის მთავარი». ჯერ-ჯერობით აკონტროლებს ადამიანის არსებობას, ზუსტად ესადაგება თეოდორიტეს განმარტებას. პირველქმნილი ცოდვა იურიდიულად არ აიხსნება ანუ ადამის და ევას შვილებს გადაეცათ მათ შეცოდება, მხოლოდ იმის გამო რომ დაიმკვიდრეს მოკვდავობა. მსგავს განმარტებას ვხვდებით წმ.იოანე ოქროპირთან და მაქსიმე აღმსარებელთან. მამების ერთობა ამ საკითხთან ნათელია. თეოდორიტე კვირელი ფსალმუნის «ცოდვათა შენა მშვა მე დედამან ჩემმან»(ფს. 50:7) განმარტებისას, ეს ადგილი ხშირად მოიყვანება პირველქმნილი ცოდვის განხილვისას, წერს:

„წინასწარმეტყველი ქორწინებას არ ადანაშაულებს… ცოლ-ქმრულ ურთიერთობას ურჯულობას არ უწოდებს… იგი წარმოაჩენს ჩვენი წინაპრების შეცოდებას. რადგანაც წინაპრებმა შესცოდეს, ამიტომ გადაეცნენ ხრწნილებას, ბავშვებიც ასეთი დაიბადნენ. მათ, როგორც მოკვდავებს თან ახლავს ვნებები და შიში, კმაყოფილებისკენ სწრაფვა და მწუხარება,მრისხანება და შური.[10]

თუ პირველქმნილი ცოდვის პრობლემას ამის მსგავსად განვიხილავთ მაშინ რამდენიმე კითხვა დაიბადება ფუნდამენტურ საკითხებში, როგორც მართმადიდებლურ ისე კათოლიკურ ღვთისმეტყველების შრომებში. როგორიცაა ნათლობის საიდუმლო ან სხვა საკითხებთან რომლებიც თითქოს სხვანაირად უნდა გავიგოთ აღნიშნული საკითხი.

პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ თეოდორიტეს არგუმენტაციის ის უბრალოება, რომელმაც ნათელი მოჰფინა საკითხს. მე, ისევე როგორც სხვებმა, აღმოვაჩინე რომ შეუძლებელია დღევანდელ აგნოსტიკს კლასიკური ავგუსტინეს ტერმინოლოგიით ავუხსნათ თუ როგორ დაიმკვიდრა ადამიანმა დაბადებიდან მშობლის ბრალი. მახსოვს, ბავშვობაში ეს აზრი მართლმადიდებელ მოძღვარმა აღნიშნა გაკვეთილზე. მაგრამ მის აზრმა მე ვერ დამამშვიდა. აუცილებელია ადამიანს მივცეთ იმის შესაძლებლობა რომ, გაიაზროს თუ როგორ ავადმყოფურ მდგომარეობაში ვიმყოფებით. რომ დაზიანებული და გაუკუღმართებული ბევრი რამ გვაქვს. მე მწამს, რომ ამით უფრო დავაჯერებთ თანამედროვე ადამიანს ამ აზრის ჭეშმარიტებაში. ადამიანში ისეთი ძალები არსებობენ, რომლებიც კონტროლს არ ექვემდებარება, რომლებიც ეწინაამღდეგება ჯანსაღ აზროვნებას, მის საკუთარ ბუნებას სიკეთეს და ცხოვრებას. ისინი გარედან შემოდიან ჩვენში ასეთ მდგომარეობაში იმყოფება ადამიანი ცოდვით დაცემის კატასტროფის შემდეგ. სიკვდილი და მოკვდავობა ის საკითხებია, რომლებსაც შეგნებულად არავინ შეეგუება. სიკვდილის პრობლემა ყველას აწუხებს, როგორც ათეისტს ისე ქრისტიანს, ბუნებრივია როცა ადამიანი არ ეგუება სიკვდილის მცნებას,ხოლო პირველქმნილი ცოდვის სწორ ახსნას ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი დროისთვის.

საღვთისმეტყველო სახელმძღვანელოებში, რომლებიც ტრიდენტის კრების გადაწყვეტილებებეს ეფუძნება, ნათლობა განმარტებულია, როგორც «პირველქმნილი ცოდვისგან განწმენდა». თუ ნათლობის ძველ წესს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ზოგში პირველქმნილი ცოდვის შესახებ არაფერი წერია, ზოგში კი მოხსენებულია, როგორც მეორეხასისხოვანი რამ. ნათლობას ძველი განმარტებით «ახალ ცხოვრებაში შევყავართ, ის გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მოვკვდეთ და ავღდგეთ ქრისტესთან ერთად». სწორედ ამიტომ გვათავისუფლებს ის მოკვდავობისგან რომელშიც დავიბადეთ, გვაძლევა ახალი ცხოვრება რომელიც ადრე არ გვქონია. უდავოა, რომ ახალი ცხოვრების იდეა ნათლობის საიდუმლოში ძველი საეკლესიო გაგებით ცენტრალურ ადგილს იკავებდა. ახლაც ასეთივე ადგილი უკავია მას ზიარებაში და საეკლესიო გადმოცემაში. ამით აიხსნება, თუ მოციქულთა დროს სიკვდილს და უკვდავების საკითხი, ასეთი მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა ქადაგებებისას. ეს შეიძლება ითქვას ქრისტიანული ეთიკის გაგების გასაღებიცაა. რა საზომითაც ადამიანი უკვდავებას შეიძენს ქრისტეში, სიკვდილის აღარ შეეშინდება. ზომიერად იზრუნებს მიწიერი საქმეებისათვის და მზად იქმნება მოყვასს გაუყოს «არსობის პური» რადგანაც მას უკვე აღარაფრის ეშინია. იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს თუ ვინმე მოყვასისთვის დადებს სიცოცხლეს. ასეთი მსხვრელპშეწირვა ქრისტიანთა მახასიათებელია, რადგანაც ისინი უკვე თავისუფალნი არიან სიკვდილის ბრჭყალისგან.

ჩვენ ძველი ეკლესიისათვის მახასიათებელ იდეას, მოწამეობას, შევეხეთ. მოწამეობა ბერძნულ ენაზე «მოწმეს» ნიშნავს, ის ვინც ქრისტეს გულისთვის დადებს თავს. ქრისტიანული რწმენის მოწმედ ითვლებოდა par excellence“ რადგანაც მათ სიკვდილის არ ეშინოდათ. სიკვდილი მათ ვეღარ ეუფლებოდათ. ისინი სწორედ ამას მოწმობდნენ. ეკლესია აღიარებდა მათ მოწმობას. ამიტომ იყო, რომ ქრისტეს აღდგომა, პირველ საუკუნის ქრისტიან მასწავლებელთა ქადგების და სწავლების ხერხემალს შეადგენდა. რაც ხსნის საიდუმლოს უკეთესად ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. რომელსაც პირქმნილი ცოდვის სახით პრობლემა ჰქონდა. ეს დღესაც აქტუალურია მართმადიდებელ და კათოლიკეთა დიალოგებისას, მაგ: «ქალწული მარიამის უბიწოდ ჩასახვის საკითხი». მათთვის ვინც წმ. მამების ტრადიციებზე იზრდება ეს დოგმატი (1854წელს მიიღეს)  თითქმის კარგავს აზრს. ეს საკითხი ბუნდოვანია. ჩვენ გვჯერა, რომ სულიწმინდამ მარიამი წინა საუკუნეებიდან აირჩია «რჩეულ ჭურჭლად» იმისთვის, რომ მესიის დედა გამხდარიყო. დასავლეთში ცდილობდნენ მარიამი გაეთავისუფლებინათ პირველქმნილი ცოდვისგან, რომელიც მათი გაგებით უმეტეს წილად მემკვიდრეობით გადმოცემული ბრალი იყო. კათოლიკეთა აზრით შეუძლებელი იყო, მარიამს ერთდროულად ბრალი ქონოდა პირველქმნის ცოდვაში და შემდეგ გამხდარიყო ახალი ევა. ღმერთს არ შეეძლო მასზე განრისხებულიყო და შემდეგ აერჩია განკაცების ჭურჭლად. ამის შედეგად, დასავლეთში გავრცელდა, ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის სწავლება, რომლის მიხედვითაც ღმერთმა განსაკუთრებული ქმედებით გაანთავისუფლა ქალწული მარიამი პირველქმნილი ცოდვისაგან. თუ კაცობრიობის მდგომარეობას ცოდვით დაცემის შემდეგ განვიხილავთ მხოლოდ მოკვდავი ბუნებით და არა მემკვიდრეობითი ბრალით მაშინ უდავოა, რომ ქრისტემ, ძე, ღმრთისამ, თავისი ნებით მიიღო მოკვდავი ბუნება, რომელიც უნდა გამოეხსნა და გადაერჩინა. ეს ის მოკვდავი ბუნებაა, საერთო მთელი კაცობრიობისთვის, რომელიც უფალმა მიიღო ქალწულ მარიამისგან. ქალწული მარიამი იქნა გამორჩეული მთელი კაცობრიობიდან იმისთვის, რომ ქრისტესთვის მიეცა თავის ბუნება. მან ეს გააკეთა თავისი გამორჩეული სიწმინდით. ხოლო ის ბუნება რომელიც მან მისცა უფალს იყო მოკვდავი, რომელმაც მასში მიაღწია აღდგომას და უხრწნელობას, ამაში მდგომარეობას ჩვენი ხსნის საწყისი. ხსნის საიდუმლო არ გულისხმობს ღმერთის განსაკუთრებულ ქმედებას, რომელიც მარიამს ათავისუფლებს მოკვდავობისგან, რომელიც საერთო იყო მთელი კაცობრიობისთვის.

უბიწოდ ჩასახვის დასავლური დოქტრინა კი გამომდინარეობს მემკვიდრეობითი ბრალის პრეზუმციისგან. რომელიც არ ეთანხმება არც ბიბლიის და არც  წმ.მამისეული სწავლებას პირველქმნილი ცოდვის შესახებ.

ბოლოს, მოკლედ, შევაჯამებთ რა აღმოსავლური ტრადიციის სწავლებას პირველქმნილ ცოდვაზე, შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ ბერძნულ პატრისტიკაში პირველქმნილი ცოდვის შედეგი იყო მემკვიდრეობით მიღებული მოკვდავობა, რომელსაც ადამიანი პირად ცოდვამდე მიყავს. შთამომავლები არ აგებენ პასუხს წინაპრის შეცოდებაზე. ეს მოკვდავობა, ადამის ცოდვის შედეგი,  დაკავშირებულია (როგორც მიზეზი და არა როგორც შედეგი) მისი  შთამომავლების ცოდვებთან და გადაეცემა მემკვიდრეობით. ამაში მდგომარეობს იმ მიზეზის არსი, რომლის მიხედვითაც მხოლოდ ქრისტეს არ ყოლია მიწიერი მამა. ქრისტეს გარდა, მოკვდავობა და ხრწნილება მთელი კაცთა მოდგმის ხვედრია, მათთან ერთად ღვთისმშობელისაც. ქრისტე მამაკაცის თესლისგან რომ შობილიყო, ის არ იქნებოდა ახალი ადამიანი. არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ უფალი განკაცდა და სრულად არ დაექვემდებარა მემკვიდრეობით ხრწნილებას. ამიტომ მას სძლია სიკვდილი და კაცობრიობას დაუბრუნა ჭეშმარიტი ცხოვრება და უხრწნელობა. დასავლეთ ეკლესიის სწავლება ღვთისმშობლის უბიწოდ ჩასახვის შესახებ, ღვთისმშობელს ათავისუფლებს იმისგან, რასაც თითოეული ადამიანი იღებს დაბადებისას. პირველქმნილი ცოდვის უფრო ღრმა გაგება შესაძლებლობას მოგვცემს ბუნების და მადლის ურთიერთობის უკეთ გაგებას, რომელიც მოკლედ გადმოვეცი. პროტოპრესვიტერი იოანე მეინდორფი თარგმნა: დეკანოზმა ლევან მექოშვილმა