You are currently viewing არვო პიარტი:„სიჩუმე ეს ის პაუზაა, რომელშიც მე ღმერთს ვხვდები“

არვო პიარტი:„სიჩუმე ეს ის პაუზაა, რომელშიც მე ღმერთს ვხვდები“

Download article eBook

 არვო პიარტი (Arvo Pärt) დაიბადა, 1935 წლის 11 სექტემბერს ესტონეთის ქალაქ პაიდში (ტალინთან ახლოს) 1957 წელს დაამთავრა ტალინის კონსერვატორია. 1958-67 წლებში მუშაობდა ესტონურ რადიოში ხმის რეჟისორად, წერდა კინო-მუსიკას.  მისი პირველი ნამუშევრები, რომლებიც 70-იან წლებში დაიწერა, აშკარად ავანგარდული სტილის იყო. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ  პირველი საავტორო კონცერტი არვო პიარტს ჰქონდა თბილისში, კონსერვატორიის დიდ დარბაზში, კონცერტის ინიციატორი გახლდათ ჯანსუღ კახიძე. აღსანიშნავია ისიც, რომ არვოს მეუღლესაც თბილისის კონსერვატორია აქვს დამთავრებული.
70-იან წლებში, პიარტი, რაღაც დროით, წყვეტს კომპოზიტორის საქმიანობას და ინტერესდება ძველი, შუასაუკუნეების დროინდელი  მუსიკით.

1970 წელს მან მიიღო მართლმადიდებლობა. ის საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის მიერ იქნა რეპრესირებული, რის გამოც იძულებული გახდა 1979 წელს დაეტოვებინა საბჭოთა კავშირი, იგი ჯერ ვენაში გადავიდა საცხოვრებლად, შემდეგ კი ბერლინში. 90-იანი წლებიდან, პიარტის შემოქმედება სულ უფრო მეტად უკავშირდება მართლმადიდებლურ თემატიკას. კომპოზიციები: „სინანულის კანონი“ , „მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი“, „ტრიოდიონი“, „ადამის ტირილი“„სილუანის გალობა“ და სხვა მრავალი… ყველა დაწერილია სიმფონიური ორკესტრისთვის, როგორც ეს საეკლესიო მუსიკას ახასიათებს.

არქიმანდრიტ სოფრონ სახაროვთან ხანგრძლივი ურთიერთობა, მკვეთრად აისახა პიარტის შემოქმედებაზე. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პიარტი არ იყო ცნობილი კომპოზიტორი, მამა სოფრონმა ურჩია მას, არ შეეწყვიტა მუსიკის წერა, რისი მეშვეობითაც მას მომავალში მსოფლიო გაიცნობდა. მოძღვრის სიტყვები, წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. როგორც ჩანს არქიმანდრიტ სოფრონთან ურთიერთობით არვო ეზიარა მართლამადიდებლობის სულს, თავისის სისავსით, რომელსაც ასევე „ათონურ სულსაც“ უწოდებენ (საუბარია „ისიხაზმზე“, „უწყვეტი ლოცვის“ ტრადიციაზე, რომელიც ათონის მთაზე განსაკუთრებული სისავსით შემოინახეს) და სამყაროს წმ. ათონელი მამების სათვალით შეხედა. არვო პიარტის შემოქმედება სწორად ამ სულის მუსიკაში გადატანის მცდელობაა. ერთ-ერთ ინტერვიუში ის ამბობს: „სიჩუმე ეს ის პაუზაა, რომელშიც მე ღმერთს ვხვდები“.

მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც ავანგარდმა ამოწურა თავისი შესაძლებლობები, ყოველდღიური ამაოებისგან, ტექნიკური პროგრესის ხმაურისგან გადაღლილ კაცობრიობას არვო პიარტმა ქრისტიანული სულით გაჟღენთილი მუსიკა შესთავაზა, რომელიც მათ გარკვეული დროით მაინც მატერიალური ყოფისგან გაანთავისუფლებდა და სულიერ სიმშვიდეს მოუტანდა. არვოს მუსიკა ხალხმა აიტაცა, ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპოზიტორი გახდა მსოფლიოში (როგორც მას სოფრონ სახაროვი უწინასწარმეტყველებდა). როგორც რუსი კომპოზიტორი ვ.მარტინოვი აღნიშნავს: „უიშვიათესი მოვლენაა არვო პიარტის შემთხვევა, როდესაც ტალანტი და წარმატება არის ადეკვატური. როგორც ჩანს არვო პიარტმა მისცა ხალხს ის რაც მათ აკლდა“.

ბახის შემდეგ, პიარტი ერთ-ერთი პირველთაგანია, ვინც სასულიერო მუსიკის წერას მიჰყო ხელი, ჭეშმარიტად საეკლესიო, განკუთვნილი ღვთისმსახურებისთვის. რა თქმა უნდა, სასულიერო მუსიკის წერა არც არასდროს შეწყვეტილა, ბევრი ცნობილი კომპოზიტორი რელიგიურ ტექსტებსაც კი იყენებდა თავისი კომპოზიციებისთვის, თუმცა სასულიერო მუსიკა რჩებოდა ნაღები საზოგადოების „კუთვნილებად“ და სრულდებოდა მხოლოდ საკონცერტო დარბაზებსა და სალონებში. თანამედროვე მუსიკის ასეთი მიმართულების სფეციფიკა, მოთხოვნადი გახდა ამავე მიმართულების ხელოვნების სხვა დარგებშიც. არვო პიარტის მუსიკა ორგანულად შეესაბამა ისეთ ფილმებს, როგორებიცაა: „მონანიება“ (თენგიზ აბულაძე),  „განდევნა“ (ანდრეი ზვიაგინცევი), „ჯერი“ (გას ვან სენტი).

არვო პიარტის შემოქმედებას, არაერთხელ მიენიჭა  დამსახურებული წოდება და ჯილდო. პიარტი –  ტალინის და ტარტუს მუსიკალური აკადემიის დამსახურებული დოქტორია, ასევე დამსახურებული წევრია შვედეთის სამეფო მუსიკალური აკადემიისა.
კომპოზიტორი დაჯილდოვდა პრემია „ტრიუმფით“ მოსკოვში და გრემმით „სინანულის კანონისათვის“, აგრეთვე პიარტი გახდა კოპენჰაგენის მუსიკალური პრემიის ლაურიატი (2008).
მის ფანკლუბში გაწევრიანებულნი არიან ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან: ბიორკი, მაიკლ სტაიპი (R.E.M), ლორი ანდერსონი და სხვები…

სპეციალურად გვერდისთვის მოამზადა: დიაკონმა იოსებ შეყელაძემ