You are currently viewing ,,ცოცხლად გარდაცვალებულები”

,,ცოცხლად გარდაცვალებულები”

Download article eBook

   …სოფელში კარგად მიგვიღეს, იქაური ქრიტიანებიც ძალიან მოგვეწონა, მათგან კი ასეთი ამბავი მივისმინეთ. მათ სოფლად ჭაბუკი მღვდელი გაუგზავნიათ. სოფლის ბინადრები იმდენად გაუცხოვებული იყვნენ ტაძრიდან, თითქოსა-და ნათლ-მირონცხებისგან აღარაფერი ცხებოდათ. ტაძარზე ადრე “დაქორწინებული”ახალგაზრდა ქადაგ-მახარებელი გულმოდგინედ შეუდგა მოსახლეობაში სულიერების დამკვიდრებას, თუმცა მშრომელი სოფლელების გული ვერაფრით მოიგო. აღმოჩნა, მასზე უწინ ნამყოფ მსახურს, ნაყოფი კეთილი დაევიწყებინა და უფლისკურთხეულ სამნოში, ზეციური ხორბლის მაგიერ, მარცხნივა და მარჯვნივ, ეკალ-ბარდებიც მრავლად ეთესა. შედეგად, უბრალო ხალხში, ამაო და ავსაქმით ნათესი გულგატეხილობა, ვეღარ გადაწონა ნორჩი მღვდელმოძღვრის სიტყვა-ქადაგებებმა. არადა, ერთი შეხედვით, თითქოს და უსწავლელ გლეხებს, არც გონება აკლდათ და არც სიკეთისა და ბოროტების გარჩევაში აჯობებდნენ სხვა ქრისტიანული სოფლები… მზეც ჩაესვენება და სანთელიც ქვრება, მქადაგებელის მხურვალე გულმაც ნელ-ნელა იწყო მინავლება. წასვლაზე ფიქრში შემწუხრებული ჭაბუკ-მახარებელის თვალებში ზეთგალეული ლამპარი მკლოლვარებდა, პატრუქი ბჟუტავდა… შემდეგ დილას სოფელში უცნაური ქადაგება გაისმა. მთასა და ვაკეს გასვენებაში ეპატიჟებოდენ. ზოგი ამბობდა ბერი გონზე შეცდაო, სხვებს კი საკუთარი თვალით უნდოდათ ენახათ ვინ იყო იმ წოდების უკან, ვისი სახელიც მიცვალებულად მოიხსენეს. მღვდელმა გასვენებაც ერთობ არაქრისტიანულ დღეს დანიშნა, აღდგომის კვირა-ერთშაბათს. იმ დიად დღეს, როცა ყველა „კეთილის მომქმედი” მკვდრეთით უნდა აღდგეს და არა საფლავში ჩადიოდეს, ამ დღეს ხომ ქრისტიანის დაკრძალვა, იმ კურთხეული დღის შეურაცხყოფაა?! ეს წესი სოფლელების მახსოვრობაში ჯერ კიდევ ცოცხლობდა და სჯულად იყო…
ნორჩი ხუცესი მზის ჩასვლამდე კარდაკარ დადიოდა, გიხაროდენის ნაცლად ყველას უსამძიმრებდა და ტაძრად ეპატიჟებოდა, რომ პატივით დაეკრძალათ ის, ვინც მათთან იყო: სახელრქმევისას, ნათლობისას, ზიარებისას, სნეულებისას,სასოწარკვეთილებისას, ქორწილისას, ახლობლების გასვენებისას და ას.შ. თითქმის ყოველთვის, ჭირში და ლხინში…
მზის ჩასვლამდე სოფლის ბოლო კარსაც მისწვდა ზარის ხმა,
– გარდაიცვალა ეკლესია !
კვირიაკეს ცნობის მოყვარე ხალხი ტაძრად შეიკრიბა. ყველა ერთმანეთს მოკრძალებულად ესალმებოდა, თუმცა თვალი ტაძრის შუაში ამაღლებულ საფეხურზე მდგარ საფლავისაკენ გაურბოდათ. მღვდელმა ხალხს სთხოვა ყველა საფლავთან სათითაოდ მისულიყო და როგორც ქრისტიანული წესია, მიცვალებულისათვის შენდობა მიეცათ და თავადაც ეთხოვათ პატიება, რაც კი ცხოვრებაში მასთან შემთხვევიათ…
ყველა ცდილობდა კვარცხლბეკის სამი მაღალი კიბე მალე აერათ და ჩაეხედათ საფლავში, თუმცა ცხედართან მისულებს უმალ ცნობისმოყვარეობა უკვდებოდათ და ცივად ტოვებდნენ იქაურობას…
კუბო-სასახლეში ჩასვენებული იყო სარკე …