You are currently viewing «დიდმარხვის IV კვირა – ღირსი იოანე კიბისაღმწერლის ხსენება»

«დიდმარხვის IV კვირა – ღირსი იოანე კიბისაღმწერლის ხსენება»

Download article eBook

   „დიდმარხვის IV კვირა – ღირსი იოანე კიბისაღმწერლის ხსენება“

 სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და წმიდისა სულისაჲთა!

უკვე მარხვის ნახევარი მიიწურა, აღდგომა გვიახლოვდება, გაზაფხულიც ძალაში შედის და გამოუცნობი სიხარული შემოაქვს ჩვენს გულებში. ადამიანს სულ მცირედი სჭირიდება იმისათვის, რომ ბედნიერი იყოს ამ ქვეყანაზე – ეს არის წრფელი გული, ფართოდ გახელილი თვალები, რწმენა ღმრთისა, და ადამიანიც ბედნიერი იქნება. მაგრამ ჩვენ, ადამიანები, არ ვიქცევით ასე: არც წრფელი გული გვაქვს, არც ფართოდ ვახელთ თვალებს, ანუ რეალობას ვერ ვხედავთ, და ვერც იმ მშვენიერებას ვამჩნევთ, რომელიც ჩვენ გარშემოა, რომელიც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს და გვახსენებს, რომ ღმერთი არის, მას ჩვენ ვუყვარვართ; ჩვენ კი არ გვაქვს რწმენა ჩვენთვის მომკვდარი ღმრთისადმი. ჩვენ ამის გამო არ ვართ ბედნიერნი, სამწუხაროდ.

რწმენა ვახსენეთ. ქრისტეს წმიდა ეკლესია დღესაც გვასწავლის, რწმენას, იმას, თუ რა არის რწმენა. ყველამ ვიცით, თუ როგორ გვამზადებს წმიდა ეკლესია ქრისტეს წმიდა აღდგომასთან შესახვედრად. ჩვენ, სამწუხაროდ, ვერასოდეს განვიცდით აღდგომის სიხარულს ისე, როგორც მოციქულები განიცდიდნენ, მაგრამ, როგორც გვითქვამს ადრე, როცა აღდგომის დღესასწაული იყო, ახლაც ვამბობთ და ყოველთვის ვიტყვით, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ, ისევე განვიცადოთ ეს სიხარული, როგორც მათ, მოციქულებმა განიცადეს. რაკი ჩვენ არ დავიბადეთ იმ დროს, ქრისტეს განხორციელების ჟამს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ნაკლები მოგვეცა, ხოლო მოციქულები უფრო პრივილიგირებულ მდგომარეობაში იყვნენ მხოლოდ იმის გამო, რომ ადრე დაიბადნენ. ისინი მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი ცოცხალი რწმენით არიან ჩვენზე წარმატებულნი. თუ ჩვენც გვექნება მსგავსი ცოცხალი რწმენა, სიხარულსაც მსგავსი ძალისხმევით განვიცდით.

მე გეტყვით, რომ ჩვენთვის ცოცხალი სარწმუნოების შეძენა გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე ეს მოციქულთათვის იყო. მით უფრო, ადვილია ეს ქართველებისათვის, რამეთუ ჩვენ თითქოს დედის რძიდან გვეძლევა, სისხლში გვაქვს ჭეშმარიტი სარწმუნოება, მართლმადიდებლობა. ჩვენთვის იოლია, ვირწმუნოთ, რომ ღმერთი ჩვენთვის მოვიდა ადამიანად, და რომ სამყაროს შემოქმედი ჩვენთვის მოკვდა. ეს იოლია ჩვენთვის. ჩვენ არ გვჭირდება, ბევრ გამოძიებას არ ვიწყებთ, არამედ მზამზარეულად ვიღებთ ამას, სიხარულითაც ვიღებთ. შემდეგ მისი მიმდევარნი ვხდებით. ხოლო მათთვის, მოციქულებისათვის, ძალზე რთული იყო ის, რომ სიხარულით და ერთგვარად ბავშვური გულუბრყვილობით მიეღოთ უფალი. ძალზე უჭირდათ ეს.

გახსოვთ, უფალი როგორ ცდილობდა, როგორ დაიმდაბლა თავი, როცა მკვდრეთით აღდგა, რათა დაერწმუნებინა ისინი, რომ იგი ჭეშმარიტად აღდგა მკვდრეთით. ბოლოს, მათ ირწმუნეს და, როგორც იქნა, დაიჯერეს. ისინი უფალმა დააჯერა, საჭმელიც კი შეჭამა, რომელიც თვითონ მას აღარ სჭირდებოდა. ხელის შეხებაც კი არ იყო მათთვის საკმარისი, რათა ერწმუნათ, რომ მათი ღვთაებრივი მოძღვარი მკვდრეთით აღდგა. როცა მათ დაიჯერეს, ძლიერ გაიხარეს, უაღრესად ბედნიერნი იყვნენ და უდიდესი ძალა მიეცათ, ძალა არა მხოლოდ თავგანწირვისა, რამეთუ ყოველმა მათგანმა თავი გაწირა, არამედ იმგვარი ძალა, რომლითაც მთელი მსოფლიო გააქრისტიანეს.

ეს ძალა მართლაც მარილივით ინახავს ამ დამყაყებულ, ცოდვაში ჩაძირულ მსოფლიოს და ჯერ კიდევ აძლევს იმის საშუალებას, რომ იარსებოს. ეს ის ძალაა, რომელზეც წმიდა წერილი გვეუბნება წმიდა პავლე მოციქულის პირით: არ ბატონდება ანტიქრისტე ჯერ კიდევ. ეს იმიტომ ხდება, რომ სწორედ ეს ძალა იფარავს. და როცა ეს ძალა აღებული იქნება ჩვენი ცოდვებისა გამო, როცა ღვთის უარმყოფელი და ღვთის მკვლელი კაცობრიობა უკვე ვეღარ აიტანს ამ სიწმიდეს და ეცდება, რომ იგი აღარ იყოს მის წიაღში, ანუ ამ სამყაროში, მაშინ იქნება აღებული ეს ძალა, ეს მადლი, და იგი დარჩება მხოლოდ და მხოლოდ რჩეულებზე, ერთეულ ადამიანებზე, რომლებიც არანაირად არ მოისყიდებიან და ვერ ცდუნდებიან ამა ქვეყნის საცდურებით, ანტიქრისტეს ლიქნით და ცბიერებით. მაშინ იქნება აღებული ეს ძალა, ანუ ის მარილი, რომელიც ამარილებს ამ ცოდვაში ჩაძირულ, ქრისტეს მკვლელ მსოფლიოს. სწორედ მაშინ მოვა ანტიქრისტე, მაგრამ ის დიდხანს ვერ იბატონებს. ის ლოცვა-ვედრება, რომლითაც მთავრდება ბიბლია, კერძოდ, გამოცხადების წიგნის ბოლო თავი, ეს ლოცვა-ვედრება სწრაფად შეუსრულდებათ მორწმუნეებს. რა ლოცვა-ვედრებაა ეს: „ჰე, მოვედ, უფალო იესუ!” (გამოცხადება 22, 20). და უფალი მაშინ ჭეშმარიტად მალე მოვა, ჩვენდა სასიხარულოდ და ჩვენდა საბედნიეროდ.

ჩვენ ვსაუბრობთ სიხარულზე. სიხარული მრავალგვარია. გაზაფხული ვახსენეთ, რომელიც ადამიანის გულში სიხარულს იწვევს. ამ დროს სულიერი სიხარულიც უნდა გვეწვიოს. რა თქმა უნდა, სული და ხორცი ადამიანში ერთი მთლიანობაა და იგი არ განიყოფა. როგორც ეკლესია გვასწავლის, ეს მთლიანობა მხოლოდ გარდაცვალების ჟამს განიყოფება, ისიც დროებით. მაგრამ ეს ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა არ არის. ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა სულისა და ხორცის ერთი მთლიანობაა. მართალია, სიხარული ხორცზეც მოქმედებს, მაგრამ სულიერი სიხარული უპირველესი და უპირატესია. სულიერი სიხარული იმქვეყნადაც გაგყვება. ეს სიხარული ხორცის საფარველს გაივლის და სულში აღწევს. როცა მე, ვთქვათ, გაზაფხულით ვხარობ, ვხარობ არა მხოლოდ იმიტომ, რმ ბუნება იღვიძებს და სითბოთი მავსებს, არამედ იმიტომ, რომ მე ამ გაზაფხულში ვჭვრეტ მარადისობას, ღვთის ხელს და ჩემს საყვარელ იესოს, რომელიც სწორედ გაზაფხულზე აღდგა მკვდრეთით და ამით კიდევ ერთხელ მიმანიშნა, რომ მეც და თითოეულ თქვენგანსაც დაგვიდგება მარადიული გაზაფხული, რომელიც აღარასოდეს დამთავრდება და ზაფხულად არ გადაიქცევა. ზაფხულს აღარ აქვს ის სიხარული. ზაფხულს შემოდგომა და ზამთარი მოსდევს, ხოლო გაზაფხულს მუდმივი სიხარული ახლავს. ჩვენ უნდა ვისწრაფოთ ამ სიხარულის მოპოვებისკენ, მაგრამ ამისათვის საჭიროა, გვქონდეს რწმენა,რომელიც, სამწუხაროდ, არ გვაქვს, ჩემს თავზე ვიტყვი, რომ არ მაქვს.

გავიხსენოთ სახარება. უფალი თავის მოწაფეებთან – პეტრესთან, იოანესა და იაკობთან ერთად თაბორის მთიდან ბრუნდება. ამ სამმა დიდებულმა მოციქულმა იხილა ღვთაებრივი, ხელთუქმნელი ნათელი, რომელიც ყოველთვის არის უფალთან, მაგრამ იქ, მთაზე, უფალმა მათ სულიერი თვალი აღუხილა და აჩვენა. ისინი ბრუნდებიან და ღვთაებრივი სიდიადის განცდა და განწყობა მოჰყვებათ, ჩამოდიან და აწყდებიან იმ განსაცდელებს, რომლებიც ყოველთვის არის ჩვენს ცხოვრებაში: ვიღაცას უჭირს, ვიღაცას სტკივა, და მიზეზი ამ გაჭირვებისა, ამ უბედურებისა, ამ განსაცდელისა, რა თქმა უნდა, არის ადამიანთა ურწმუნოება, ანუ ცოდვები.

და აი, ისინი ჩამოვიდნენ და შეხვდათ გაჭირვებული ადამიანი, მამა, რომელსაც ვაჟიშვილი ავად ჰყავს, ეშმაკეულია, ბოროტ სულს დაუპყრია და წაურთმევია ყოველივე, თავისუფალი ნებაც კი. მშობელი მამა უფალს ეუბნება, რომ მისი ძე ვერ განკურნეს მოციქულებმა. ეს მეტად უცნაურია, რადგან მოციქულები მანამდე კურნავდნენ, მაგრამ ეს ვაჟი ვერ განკურნეს. ამ ვაჟის მამა წუწუნებს, ვერ განკურნესო, წუხს და არის ერთ ამბავში.

ფარისევლებს მიეცათ საბაბი, გაიხარეს. როგორც იქნა, მათ იხილეს, რომ ქრისტეს მოციქულებს წარმატებამ უმტყუნა. მამა საყვედურის ტონით ეუბნება იესოს, რომ მოწაფეთა შენთა ვუთხარი, რათა განეკურნათ, და ვერ შეუძლესო. უფალი ასე უპასუხებს: „მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ჰოი ნათესავი ურწმუნოჲ და გულარძნილი, ვიდრემდის ვიყო თქუენ თანა? ვიდრემდის თავს ვიდებდე თქუენსა? მომგუარეთ მე იგი აქა” (მარკოზი 9, 19).

უფლის სიტყვებში საყვედური იგრძნობა, ერთგვარი დანანება იმის გამო, რომ იგი ადამიანთა შორის არსებობს და ცხოვრობს. ეკლესიის ერთ-ერთი მამა განმარტავს, რომ ამ სიტყვებით – „ვიდრემდე ვიყო მე თქუენ თანა? ვიდრემდე თავს ვიდებდე თქუენსა?” – ჩანს, რომ უფალს უკვე ენატრებოდა აღსვლა ზეცაში და დაჯდომა მარჯვენით მამისა. ენატრებოდა, ვინაიდან მას უჭირდა ადამიანებთან ყოფნა. გარდა ამისა, უფალს ისიც აწუხებს, რომ ადამიანები ნაკლებად ეძებენ მარადიულ ცხოვრებას, ადამიანები ნაკლებად მიისწრაფვიან მისი ღვთაებრივი სწავლებისკენ, ადამიანებს, უპირველეს ყოვლისა, ყოფითი პრობლემების მოგვარება სურთ.

ჩვენს გულებში ჩავიხედოთ, განა ჩვენც ასე არ ვართ? დავდგებით ხატების წინ და რა არის ჩვენი უპირველესი სათხოვარი? გონება როდის არ გვებნევა? მაშინ, როცა ყოფითი სათხოვარი გვაქვს. ამგვარი ლოცვა არაფრით არ განირჩევა წარმართთა ლოცვისაგან, რადგან წარმართებს სჩვევიათ ეგრეთ წოდებული პირადი თხოვნები უფლის მიმართ. ჩვენ ვიცით უფლის სწავლება, რომ არ შეიძლება მრავალსიტყვაობა ამგვარი თხოვნის დროს, განა უფალმა არ იცის, რა გვჭირდება. უფალს ის აწუხებს, რომ ჩვენ ვერ ვხვდებით უმთავრესს, იმას, რაც უპირველესად გვჭრიდება. ჩვენ იმას უნდა ვხვდებოდეთ, რომ ვიღუპებით, გადარჩენა გვესაჭიროება, უნდა ვხვდებოდეთ იმას, რომ მხსნელია ჩვენ წინაშე იესო ქრისტეს სახით, რომელსაც ერთი სული აქვს, გადაგვარჩინოს.

ამიტომ ბრძანებს უფალი ამგვარი საყვედურის კილოთი და კაცთა ურწმუნოებასაც ამხელს. როცა მიჰგვარეს, არაწმიდა სულმა დააკვეთა ამ კაცის ეშმაკეული ვაჟი და ძალზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ – კრუნჩხვებში ჩავარდა. შემდეგ უფალი მამას ეკითხება, თუ რამდენი ხანია ასეთ მდგომარეობაში. რა თქმა უნდა, მან იცის, „რაოდენი ჟამია ესე” ეს ბავშვი (მარკოზი 9, 21), მაგრამ ეკითხება სხვების გასაგონად, რათა სხვებმა გაიგონ, რომ დიდი ხანია მას ეს სჭირს. მდგომარეობა ძალიან მძიმეა, მხოლოდ და მხოლოდ ღვთაებრივი ძალით არის შესაძლებელი მისი განკურნება. მამის პასუხი ძალზე დამაფიქრებელია. იგი განუმარტავს, უხსნის, აღუწერს, რა მდგომარეობაში ამყოფებს არაწმიდა სული მის შვილს, და შემდეგ ეუბნება: „არამედ რაჲ ძალ-გიძს, შემეწიე ჩუენ და წყალობა ყავ ჩუენთვის” (მარკოზი 9, 22). ამ საწყალ ადამიანს გაგებული ჰქონდა, რომ უფალი კურნავდა, მაგრამ მას არ ჰქონდა რწმენა იმისა, რომ ის ამქვეყნად მოსული ღმერთი იყო. ამიტომ მის თხოვნაში ჩანს ურწმუნოება: „რაოდენი ძალ-გიძს”, ანუ როგორც შეგიძლიაო, რაც შეგიძლია, „შემეწიე ჩუენ და წყალობა ყავ ჩუენთვის”.

უნდა ითქვას, რომ ყოველთვის, როცა უფალს მიმართავენ, ყოველი მიმართვა უფლისადმი არის სახე ლოცვისა. ამ შემთხვევაშიც ასეა: მამა ლოცულობს, ოღონდ მას არ აქვს რწმენა. გაიხსენეთ, რამდენჯერ გვილოცია ჩვენ და რა ხშირად ვლოცულობთ ასე, როცა ვგრძნობთ, რომ არ გვაქვს რწმენა. რწმენა არ გვაქვს, მაგრამ ვლოცულობთ. მამაც ლოცულობს, თუმცა არ აქვს რწმენა. აბა, როგორ შეიძლება უფალს ასე უთხრა: რამდენიც შეიგძლია, შეგვეწიე. თანამედროვე ქართულით რომ ვთქვათ, თუ შეგიძლია, შემეწიე მე. ესე იგი, რწმენა მას არ აქვს და მაინც ევედრება. თუ რწმენა არ აქვს, რატომ ევედრება? როცა რწმენა არ გვაქვს, რატომ ვევედრებით უფალს? იმიტომ ვევედრებით, და ისიც იმიტომ ევედრებოდა, რომ განსაცდელი ჰქონდა. რომ არა განსაცდელი, არა თუ არ შეევედრებოდა, აზრადაც არ მოუვიდოდა, უფალთან მისულიყო. განსაცდელმა აიძულა, მისულიყო უფალთან და ეთხოვა, თუმცაღა რწმენა არ ჰქონდა, სცადა, ეგების რამე გამოვიდესო. ხოლო უფალი ზრუნავს, რომ მას ჰქონდეს რწმენა, რომელიც არის საწყისი ყოველგვარი ბედნიერებისა და სიკეთისა. ამიტომ ეუბნება უფალი: „უკეთუ ძალ-გიძს რწმუნებად, ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა” (მარკოზი 9, 23). შენ გინდა, რომ შენი შვილი განიკურნოს, გსურთ, რომ თქვენი პრობლემები მოგვარდეს, მაშინ უნდა გწამდეთ, რადგან მორწმუნისათვის ყველაფერი შესაძლებელია. აქ არის კიდევ ერთი თხოვნა, უფრო სწორად, მამის ლოცვა, რომელმაც მას გული გაუთბო და ამ ლოცვას მოჰყვა მისი აღსარებაც: „მეყსეულად ჴმა-ჰყო მამამან მის ყრმისამან” – უფლის სიტყვებმა მას მცირე რწმენა გაუჩინა. უფალი ეუბნება: თუ გაქვს რწმენა, მაშინ ყველაფერი შესაძლებელი იქნება, თვით ასეთი გამოუვალი მდგომარეობიდანაც კი გამოვალთ, ანუ შენი შვილი შეიძლება განიკურნოს, ოღონდ შენ რწმენა უნდა გქონდესო. რა თქმა უნდა, შვილის რწმენაზე არ ეუბნება, რადგან მას გონება წართმეული ჰქონდა. უფალი იმედს მამას აძლევს. უფალი ჩვენც გვაძლევს ხოლმე იმედს, როცა უფალს მივეახლებით. რწმენა არ გვაქვს, მაგრამ უფალი იმედს გვაძლევს გარკვეული სახითა თუ ფორმით, გარკვეული საშუალებით. ეს იმედი ჩვენ გვაძლიერებს, რათა უფრო ხშირად ვილოცოთ, მთელი გულით შევთხოვოთ უფალს.

და აი, მამის ლოცვა „მეყსეულად ჴმა-ჰყო მამამან მის ყრმისამან და თქუა ცრემლით” – უკვე ცრემლიც მოსდგომია მას: „მრწამს, უფალო”. მაგრამ თან ხვდება, რომ რწმენა არ აქვს, და აღმოხდება ლოცვა-ვედრება, რომელსაც თითოეული ჩვენგანი უნდა ვამბობდეთ: შემეწიე ურწმუნოებასა ჩემსა” (მარკოზი 9, 24). მამის ლოცვა შემეწიე ურწმუნოებასა ჩემსა”, იმას ნიშნავს, რომ მისი უპირველესი საზრუნავი შვილის განკურნება კი აღარ არის, არამედ რწმენის მოპოვებაა. ეს არის გადარჩენის დასაწყისი.

sawuto-da-maradiuli-faseulobani-9თუკი არ გვაქვს რწმენა, ვითხოვოთ უფლისაგან, მაგრამ ვითხოვოთ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ გულით და საქმით, რადგან რწმენა საქმის გარეშე მკვდარია, როგორც წმიდა იაკობ მოციქული გვასწავლის (იაკობი 2, 26[1]).

შემდეგ, როცა უფალმა დაინახა, რომ ხალხი იკრიბება, არ ინდომა ეს სასწაული ყველას თვალწინ მომხდარიყო. იგი თავის თავს ფარავდა ბზობამდე. მხოლოდ იერუსალიმში შესვლისას, ბზობის დროს, განაცხადა სრულად თავი, როგორც მესიამ.

უფალმა შეჰრისხა „უტყუსა და ყრუსა სულსა მას” (მარკოზი 9, 25). ეს ბავშვი დაყრუებულიც იყო და დამუნჯებულიც ბოროტი სულისაგან, გონება წართმეული ჰქონდა. ღვთაებრივი ძალაუფლებით უთხრა სულსა მას: მე გიბრძანებ შენ, განვედ მაგისაგან და „ნუღარა შეხუალ მაგისა!”. აქ ჩანს ეშმაკის თავხედობა. ის ისეთი თავხედია, რომ კვლავ მოინდომებდა იქ შესვლას. ამიტომ უფალი დასძენს: „ნუღარა შეხვალო”. ეს იმას ნიშნავს, რომ ეშმაკი თავხედიც არის და ძალზე ძლიერიც. რა თქმა უნდა, ღმერთთან შედარებით მისი სიძლიერე არაფერს წარმოადგენს, მაგრამ ჩვენთან შედარებით იგი ძალზე ძლიერია, თან თავხედია და ამიტომ – ყოველთვის საშიში. არ შეიძლება, ადამიანი მოდუნდეს, ერთხელ თუ გაიმარჯვა რაიმე ცოდვაზე და დამშვიდდა, მე ამ ცოდვაზე გავიმარჯვე დ ახლა შემიძლია დამშვიდებული ვიყოო, ეს სახიფათოა. ეშმაკი ძალზე თავხედია და ეცდება, კვლავ შემოვიდეს ჩვენში. ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს და არასოდეს დაგვავიწყდეს.

ეს ყრმა რომ განკურნა უფალმა, ცალკე შევიდნენ სახლში, შეშფოთებულმა მოწაფეებმა ჰკითხეს: „რაჲსათჳს ჩუენ ვერ შეუძლეთ განძებას მას?” (მარკოზი 9, 28), ანუ ჩვენ რატომ ვერ შევძელითო ამ ბოროტი სულის დამარცხება და გაგდება ამ ყრმისაგან. რატომ არიან შეშფოთებულები? იმიტომ, რომ ეგონათ, უფლისგან მონიჭებული კურნების ძალა დაკარგეს. მათ ხომ ქრისტესაგან მიეცათ ძალაუფლება არაწმიდა სულებზე. ისინი ხშირად იმარჯვებდნენ ბოროტ სულებზე, ავადმყოფობებზე. ამჯერად კი ვერ შეძლეს.

ჩვენც გვაქვს ეს ძალაუფლება მონიჭებული. ჩვენ ნათელღებულნი ვართ, მაზიარებელნი ვართ და მრავალგზის დაგვიმარცხებია, ღვთის მადლით, ბოროტი, ყოველ შემთხვევაში იმათ, რომლებიც წლებია, რაც დადიან ქრისტეს ეკლესიაში. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ თითქოსდა გამარჯვება მიღწეულია, ერთი მხრივ, ჩვენ ვგრძნობთ, როგორ ვმარცხდებით ხშირად ბოროტებასთან ბრძოლაში, კვლავ და კვლავ როგორ გვამარცხებს იგი. ჩვენ გვინდა, სრულყოფილების ახალ საფეხურებსშევუდგეთ, თითქოს ვართ კიდეც ასული ამ საფეხურზე, მაგრამ ბოროტი კვლავ ჩამოგვაგდებს. მოციქულებსაც იგივე დაემართათ. ეს იმიტომ ხდება, რომ ის ძალაუფლება, რომელიც მოგვეცა ღვთისაგან და რომელიც ბოროტებას, ანუ ეშმაკს, არ აძლევს საშუალებას, აქედან, ეკლესიიდან, გაგვიყვანოს, ეს ძალაუფლება არ არის საკმარისი სრულყოფილების კიბეზე ასვლისათვის.

მაშ, კიდევ რა არის საჭირო? ჩვენი ღვაწლი! თუ არ გვექნება ღვაწლი, არაფერი გამოგვივა, პირიქით, უფრო მეტად დავისჯებით, რადგან ჩვენ მოგვეცა ნიჭი და გულით ვიხილეთ უფალი, ჩვენმა გულმა იგემა ეს სიხარული და ის წინაგემოსხილვა მარადიული ნეტარებისა. აქედან გამომდინარე, უფრო მეტად ვართ პასუხისმგებელნი ღვთის წინაშე. ჩვენ ვიცით, რომ იგი ჩვენთვის არის მომკვდარი, ამიტომ არ შეიძლება, რომ არ შევუდგეთ სრულყოფილების საფეხურებს. აქ დგომა და ამგვარი გამარჯვება ჩვენ მოგვეცა როგორც წინდი. ჩვენ ახლა უნდა ვიღვაწოთ, რათა ახალ საფეხურზე აგვიყვანოს, და შემდეგ კიდევ ახალ საფეხურზე აგვიყვანოს. ჩვენი მიზანი აქ მოსვლა კი არ არის, ჩვენი მიზანია ზეციურ ეკლესიაში შესვლა. ამას კი დიდი ღვაწლი სჭირდება.

ამიტომაც არის, რომ მოციქულების შეკითხვაზე, რატომ ვერ შევძელითო, უფალი უპასუხებს: „ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: ესე ნათესავი ვერ შესაძლებელ არს განსლვად, გარნა ლოცვითა და მარხვითა” (მარკოზი 9, 29). ამ სიტყვებს ჩვენ ხშირად ვიმეორებდით ამ მარხვაში და სხვა დროსაც, ყოველთვის, და ვამბობდით: მარხვის გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ ლოცვას. და, თავისთავად ცხადია, ლოცვის გარეშე ვერ შევძლებთ მარხვას. მარხვა არ არის დიეტა, ანუ მხოლოდ თავშეკავება საზრდელისაგან, რაც დასაწყისია მარხვისა. მარხვა სინამდვილეში არის ღვაწლი, ურომლისოდაც შეუძლებელია სათნოებათა საფეხურებზე ასვლა, სიმდაბლის მოპოვება, და ურომლისოდაც არ გვექნება სულიერი სიხარული, ის სიხარული, რომელიც ქადაგების დასაწყისში ვახსენეთ. როცა ადამიანი გაჯერებულია ხორციელი სიხარულით, მას აღარ შეუძლია სულიერად უხაროდეს. ხორციელი სიხარული უხეშია და თვალზე ბინდივით და ლიბრივით გვეკვრება.

უფალი ლოცვას ახსენებს. როგორც მამები განმარტავენ, ლოცვა არის სწრაფვა უფლისაკენ რწმენით, სასოებითა და სიყვარულით. იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს ლოცვა, გულით ვლოცულობდეთ, ეს სამი უდიდესი სათნოებაა საჭირო – რწმენა, სასოება, ანუ იმედი, და სიყვარული. ოღონდ რწმენა უნდა იყოს ქრისტიანული და არაამქვეყნიური, სასოება, ანუ იმედი, ასევე, ქრისტიანული უნდა იყოს და არაამქვეყნიური, და სიყვარულიც – ქრისტიანული და არაამქვეყნიური. ქრისტიანულსა და ამქვეყნიურ რწმენას, სასოებასა და სიყვარულს შორის ისეთი დიდი განსხვავებაა, როგორც სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის.

რა თქმა უნდა, მარხვა ის ღვაწლია, რომლის დროსაც ცოდვებს ვერიდებით. ჩვენ ღვაწლით ვებრძვით ცოდვებს. ცოდვა არის ჩვენი დაცემული ბუნებიდან გამომდინარე ცუდი მიდრეკილებანი, რომელსაც ჩვენ ვებრძვით. მაგრამ ვებრძვით არა მარტო საქმით გამოვლინებულს. ქრისტიანები დიდი ხანია, საქმით გამოვლინებულ ცოდვას აღარ უნდა ებრძოდნენ, არამედ ცოდვას, დანახულს გულში, სადაც ცოდვას ფესვები აქვს გადგმული. მაგრამ მარტო ეს არ არის საკმარისი. როგორც მამები განმარტავენ, მარხვა იმასაც გულისხმობს, რომ მოვიშოროთ ყველაფერი ის, რითაც მიჯაჭვულნი ვართ მიწასთან, ანუ ამ ცხოვრებასთან. ამგვარი მიჯაჭვულობანი შეიძლება გარეგნულად სულაც არ ჰგავდეს ცოდვას და ვერც კი ვხვდებოდეთ, რომ ეს ცოდვაა. სწორედ სულიერი ცხოვრება ჩვენ გვასწავლის, თუ სინამდვილეში რა არის ეს მიჯაჭვულობა, რომელიც საშუალებას არ გვაძლევს, ზეცად აღვფრინდეთ.

მარხვაში არ იგულისხმება მხოლოდ ცოდვებთან ბრძოლა, არამედ, როგორც მამები განმარტავენ, მოჩვენებით სათნოებებთან ბრძოლასაც. მამები დასტიროდნენ არა მარტო თავიანთ ცოდვებს, არამედ სათნოებებსაც, რომლებიც თავისად მიაჩნდათ.

რა უცნაურია. ეს ხშირად ჩვენთვის გაუგებარიც კი არის. მაგრამ მაინც ვეცადოთ, გავერკვეთ. ადამიანს, თითოეულ ჩვენგანს, ჰგონია, თითქოს რაღაცას წარმოდგენს. სანამ არ მიხვდები, რომ არაფერი ხარ, მანამდე სულიერ ცხოვრებას მთელი თავისი სისავსით ვერ შეუდგები. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიაზროთ, რომ არარანი ვართ ღვთის წინაშე. დილის ლოცვებში რომ ვკითხულობთ: ღმერთო, განმწმიდე მე, ცოდვილი, რამეთუ არა მიქმნიეს კეთილი წინაშე შენსა – ამით ხომ ყოველ დილას აღიარებ, ადამიანო, რომ შენ არანაირი სიკეთე არ გაგიკეთებია ღვთის წინაშე. ყოველ დილას თუ ლოცულობ და მერე ფიქრობ, რომ ამდენ სიკეთეს აკეთებ და თავიც მოგწონს – რას ნიშნავს ეს? ალბათ იმას, რომ სხვებს აკვირდები და ამბობ, ნახე, რა ცუდები არიან, როგორ სცოდავენ, რას ბედავენ, როგორ იქცევიან, რა ბოროტები არიან და ა.შ. ესე იგი, შენ კეთილი გამოდიხარ. რაო, დაგავიწყდა, დილას რომ თქვი: ”ღმერთო, განმწმიდე მე, ცოდვილი, რამეთუ არა მიქმნიეს კეთილი წინაშე შენსა”? ვის ატყუებ, ადამიანო, საკუთარ თავს თუ უფალს? როდის ტყუიხარ – იქ, ხატების წინ თუ მერე, გარეთ რომ გადიხარ?

ერთმანეთს ეწინააღმდეგება ჩვენი გარეგნული ქრისტიანული ცხოვრება და ჩვენი სულიერი მდგომარეობა. ეს არაფრით არ შეიძლება. როცა ჩვენ რწმენაზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ რწმენა არის საქმე და როგორც უფალი განმარტავს და მამებიც გვასწავლიან, რწმენა მცნებების აღსრულებაა. ეკლესიის გარეთ სწორად არავინ იცის, თუ რას ნიშნავს ქრისტეს მცნებები. ჩვენს დიდ სამშობლოზე მოგახსენებთ – ქრისტიანულ საქართველოზე, რომელმაც, მთლიანობაში, ერთი მცნებაც კი არ იცის ქრისტესი, მის აღსრულებაზე ხომ ლაპარაკიც კი ზედმეტია. გადარჩენა და გაბრწყინება, იცოცხლე, გვინდა. გაბრწყინება ის კი არ არის, რომ ყველა „მერსედესებში” ვისხდეთ. გაბრწყინება დიდი ღვაწლით უნდა მოვიპოვოთ, ეგება, სისხლის დაღვრაც გახდეს საჭირო ჩვენი სათაყვანებელი უფლისათვის.

ამიტომ არის რწმენა მცნებების აღსრულება. მრავალმა ეს არ იცის და ჩვენ ვიცით. თუ ჩვენც არ ვიცით, რომელია ქრისტეს მცნებები, სირცხვილი ჩვენ! ვაი, რომ ვიცით და არ ვასრულებთ. წმიდა მოციქული გვასწავლის: შენ რომ მრუშობდე და კაცს კლავდე, ან მრუშობდე და კაცს არ კლავდე და ა.შ. მოკლედ, თუ ერთ მცნებას ასრულებ და მეორეს – არა, ასი რომ შეასრულო და ერთი არ შეასრულო – იცოდე, ერთი მცნების შეუსრულებლობაც კი იმას ნიშნავს, რომ უფალი არ გიყვარს. მოდი, ყველა მცნების შესრულება ვცადოთ. როგორც კი ამას ვეცდებით, აღმოვაჩენთ საკუთარ თავს, ანუ იმას, რომ შენ არაფრის შესრულება არ ძალგიძს. თუ შენ ეცდები, რომ ყველა მცნება ზედმიწევნით აღასრულო, მაშინ დილას, როცა იტყვი: „ღმერთი, განმწმიდე მე, ცოდვილი, რამეთუ არა მიქმნიეს კეთილი წინაშე შენსა”, – დამერწმუნე, ამ სიტყვებს გულით იტყვი, რადგან მიხვდები, რომ არ შეგიძლია ქრისტეს მცნებების შესრულება და რომელ სიკეთეზე ან სათნოებებზე შეიძლება ისაუბრო.

ვთქვათ, შეგიძლია სხვას დაეხმარო, გული აგიჩუყდება და სიკეთე გინდა გაუკეთო, წაქცეული წამოაყენო, გიყვარს ოჯახის წევრები, მეზობლები, ეგება სამშობლოც გიყვარს – ყოველივე ეს სიკეთე გგონია შენ? ეს შენი ბუნებითი, ადამიანური თვისებებია და მათი აღსრულება შენი ვალია. პირუტყვს ეს თვისებები არ აქვს. მას სხვა თვისებები აქვს, დიახ, როგორც კი ქრისტეს მცნებების აღსრულებას შეეცდები, აღმოაჩენ, რომ მათი აღსრულება არ შეგიძლია, დარწმუნდები, რომ უძლური და ცოდვილი ყოფილხარ. ამის შემდეგ გეწვევა სიმდაბლე.

ხედავთ, რწმენის საქმე როგორ მიემართება? – ჯერ რწმენით მცნებების აღსრულება, აქედან გამომდინარე, საკუთარი თავის შეცნობა; შემდეგ რწმენა ვლინდება იმით, რომ შეიცნობ, ვინცა ხარ, რასაც წარმოადგენ, და სიმდაბლეც გაგიჩნდება. როგორც კი სიმდაბლე გაგიჩნდება, იმწამსვე დაიწყებ მხსნელის ძიებას, რადგან ხედავ, რომ იღუპები. სიმდაბლე იმიტომ გაგიჩნდება, რომ ხედავ, არაფერს წარმოადგენ – არაფერს, ჯოჯოხეთის ღირსი ხარ, ჯოჯოხეთის მოქალაქე ხარ უკვე აქვე. რომელი ჭკუათამყოფელი არ დაიწყებს მხსნელის ძიებას, როგორც კი ამას მიხვდება, რომელი ჭკუათამყოფელი არ იტყვის, მიშველეთო, როცა იხრჩობა, რომელი ჭკუათამყოფელი ჩავარდება ორმოში და არ იყვირებს, ამომიყვანეთო, რომელი?

მადლობა ღმერთს, ჩვენ გონება ვაქვს, და როგორც კი მივხვდებით ამას, მხსნელის ძიებას ვიწყებთ, ძიებას და უფლის მოხმობას. როცა შენ უფალს უხმობ, მოუხმობ მადლის წყაროს, განა მადლს არ მოიხვეჭ? გავიხსენოთ წმიდა სერაფიმე საროველის პასუხი შეკითხვაზე, თუ რა არის ქრისტიანული ცხოვრების მიზანი – ეს არის მადლის მოხვეჭა. სწორედ ეს არის სულიერი ცხოვრება – მადლი უნდა მოვიხვეჭოთ, რომელიც გაგვყვება იმ ცხოვრებაში. ეს არის ქრისტიანობა და რწმენა ქრისტესადმი, რაც ღვაწლის გარეშე უნაყოფოა.

თუ ჩვენ გვინდა, ურწმუნოებაში ვიყოთ, მაშინ უნდა გვახსოვდეს, რომ ურწმუნოება უდიდესი სულიერი ტკივილია, რომელსაც ყოფითი ტკივილებიც ახლავს. გარეგნული განსაცდელები ჩვენ ხორცს გვტკენს და ვცდილობთ, გადავრჩეთ, გავთავისუფლდეთ ამ ხორციელი ტკივილისგან. მხსნელის ძიებას ამისთვის ვიწყებთ. მერე აღმოჩნდება, რომ მთავარი სულიერი ტკივილი ყოფილა, და ასე იწყება ადამიანის გადარჩენა. სარწმუნოება, ურწმუნოებისაგან განსხვავებით, სიხარულია. მაგრამ, სანამ სარწმუნოების, რწმენის სიხარულს ვიგემებთ, სათნოებათა საფეხურები გვაქვს ასავლელი.

Sucevita
რუმინეთი, სუჩევიცას მონასტერი XVIს.

წმიდა იოანე კიბისაღმწერელი იყო სინას მთაზე მოღვაწე მამა. მან აღწერა სათნოებათა კიბე, თუ როგორ უნდა ვითარდებოდეს ადამიანი, ანუ როგორ უნდა იყოს რწმენა გამოვლინებული საქმით. ეს საქმეები მან საფეხურებად დაალაგა. მნიშვნელოვანი ის არის, რომ მან ეს წარმოადგინა არა თეორიულად, არამედ თავად განიცადა ეს საფეხურები. იგი ოცდაათ საფეხურს აღწერს. მან თავად გაიარა ყველა საფეხური – პირველიდან ოცდაათამდე.

უაღრესად საგულისხმოა პირველი და ბოლო საფეხურები. პირველი საფეხური არის განშორება ამა სოფლისაგან. იგი არ მოუწოდებს მარტო მონაზვნებს. ეს უნდა ვიცოდეთ. განშორება ამა სოფლისაგან ჩვენთვისაც მნიშვნელოვნია. რა თქმა უნდა, გარეგნული ფორმით, ცხოვრების წესით, ჩვენი ცხოვრება განსხვავდება მონაზვნური ცხოვრებისაგან, მაგრამ არსობრივად ერთი და იგივეა, რადგან მონაზვნური ცხოვრება უარს ამბობს ამ ცოდვიან სოფელზე. თქვენ მარხულობთ, არ ეძლევით ღრეობას და ცოდვიან განცხრომას არც ამ მარხვაში და არც შემდეგ. ამიტომ თქვენ, თითოეული ჩვენგანი, მართალია, არ ვართ მონაზვნები, მაგრამ განშორებული ვართ ამა სოფელს, რომლის სიყვარული მტრობაა ღვთისა, როგორც წმიდა იოანე ღმრთისმეტყველიგვასწავლის.

სოფლის განშორებასთან დაკავშირებით საგულისხმოდ შენიშნავს წმიდა ექვთიმე მთაწმინდელი, რომელმაც ქართულ ენაზე თარგმნა წმიდა იოანე კიბისაღმწერელის სათნოებათა ოცდაათი საფეხური. ექვთიმე მთაწმინდელი ადამიანის ბუნებას გვიხასიათებს და ამბობს, რომ ადამიანში უამრავი სხვადასხვა ძალაა. მათგან იგი გამოყოფს სამს: ეს არის ძალი მოგონებისა,ძალი გულისწყრომისა და ძალი გულისთქმისა. რა ძალებია ეს? ძალი მოგონებისა ის არის, რაც ჩვენს გონებაშია, რაზეც ჩვენი გონება ფიქრობს და რისკენაც მიისწრაფვის, საითაც მიიწევს, ანუ ოცნებას რომ ვეძახით, რომელზეც უკვე გითხარით, რომ ცოდვაა. წმიდა ექვთიმე მთაწმინდელი ამბობს, რომ ადამიანი ყოველთვის სიკეთეზე უნდა ფიქრობდეს, მისი გონება მუდამ უნდა მიისწრაფოდეს სიკეთისაკენ, სათნოებისაკენ, სასუფევლისაკენ. ჩვენ კი ხშირად ბოროტი ზრახვანი გვაქვს, ბოროტი მისწრაფებები.

ძალი გულისწყრომისა, – ამბობს წმიდა ექვთიმე, – მრისხანებაა. გულისწყრომას ჩვენ მივმართავთ ადამიანისადმი, ვურისხდებით მას, მაგრამ ეს ძალა მხოლოდ ეშმაკის წინააღმდეგ უნდა წარვმართოთ, რათა შევებრძოლოთ ეშმაკსა და ჩვენს დაცემულ ბუნებას, ჩვენი დაცემული ბუნების წინააღმდეგ უნდა მივმართოთო.

მესამეა ძალი გულისთქმისა. როგორც უფალი ამბობს: „სადაცა არს საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი” (მათე 6, 21). ჩვენი საუნჯე სასუფეველში უნდა იყოს და არა ამ ქვეყანაზე. ჩვენ არ უნდა ვინდომოთ, რომ აქ მოვაწყოთ სამოთხე, არამედ უნდა გვინდოდეს ცათა სასუფეველი, რათა ზეცის მოქალაქენი გავხდეთ. აქედან გამომდინარე, უნდა განვერიდოთ ყველა ცოდვიან გულისთქმას და სათნოებანი შევიყვაროთ.

წმიდა ექვთიმე მთაწმინდელი ამბობს, რომ განშორება ამა სოფლისაგან არის არა მოძულება ამ სოფლისა, არა უარყოფა და შეძულება სოფლისა, როგორც ღვთის ქმნილებისა, არამედ უარყოფა და განთავისუფლება დამახინჯებული ძალებისაგან, რომელიც ჩვენში დამახინჯებული ცოდვით დაცემის გამოა. ამ დამახინჯებულ ბუნებას უნდა მოვერიდოთ და ვისწრაფოდეთ, რათა ჩვენი ბუნება განახლდეს და ღმერთს ეზიაროს. ამას ნიშნავსო, წმიდა ექვთიმე მთაწმინდელის თქმით, ამ სოფლიდან გამორიდება.

იუდას მაგალითი უნდა გავიხსენოთ. იუდას სწორედ ეს ძალები ჰქონდა დამახინჯებული. მან თავისი ცხოვრება ააგო ამ დამახინჯებულ ძალებზე, და იმიტომაც უარყო ქრისტე. ანგარებით შეპყრობილი იუდა ფიქრობდა, რომ უფალი მიწიერი მეუფე გახდებოდა არა მარტო იუდეის, არამედ მსოფლიოსი. იგი, როგორც დაახლოებული მეგობარი უფლისა, მისი ერთ-ერთი გამგებელი, თანამედროვე სიტყვა რომ ვიხმაროთ, მინისტრი გახდებოდა და, რა თქმა უნდა, კეთილდღეობასა და ფუფუნებაში იცხოვრებდა. ამასთან ერთად, იგი დაიკმაყოფილებდა პატივმოყვარეობასაც.

აი რისკენ ჰქონდა სწრაფვა, რისკენ იყო მიმართული იუდა. ამ დამახინჯებულმა შინაგანმა სწრაფვამ, სამწუხაროდ, მას უფალი მოაძულებინა. მან უარყო უფალი, იმის მაგივრად, რომ შეეძულებინა თავისი გულისთქმები, და დაიღუპა. არ დაგავიწყდეთ, რომ იუდა მოციქული იყო, ის უამრავ სასწაულს ჭვრეტდა, ხედავდა, უფალთან უშუალო ურთიერთობა ჰქონდა და თავადაც ახდენდა სასწაულებს უფლის ძალით. მას ურწმუნოს ვერ დავარქმევთ. იგი არ იყო ურწმუნო. ის სიკეთესაც კი აკეთებდა. იუდას ეროვნული ღირსებებიც ჰქონდა. მას უნდოდა თავისი საყვარელი ისრაელის, იუდეის განთავისუფლება რომის ბატონობისაგან და შემდეგ მსოფლიოზე გაბატონება, ანუ თავისი ერის ჰეგემონია სურდა. იგი, შეიძლება ითქვას, ეროვნული მოღვაწეც იყო. სამშობლო უყვარდა, სიკეთეს იქმოდა, რწმენა ჰქონდა. მაგრამ მან ქრისტე შეიძულა.

ასე რომ, ადამიანებო, თუ ჩვენ სიამაყით ვგრძნობთ, რომ ვართ ქართველნი – ეს კარგია; თუ ჩვენ ვგრძნობთ, რომ გვაქვს სიკეთის კეთების უნარი – ესეც კარგია; თუ ჩვენ ვგრძნობთ, რომ გვაქვს რწმენა – ასევე კარგია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს: ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ქრისტე შევიყვაროთ. ქრისტეს სიყვარულს სჭირდება წმიდა იოანეს მიერ აღწერილ სათნოებებზე აღსვლა.

ცხრა ნეტარების პირველი და ბოლო საფეხურიც ეხმიანება წმიდა იოანე კიბისაღმწერელის პირველ და ბოლო საფეხურს. სათნოებათა კიბის პირველი საფეხურია მოძულება ამა სოფლისა, ანუ ამ სოფელში არსებული ცოდვისა, რაც არის რწმენა. ასევეა მთის კალთაზეც, როდესაც უფალი აღაღებს პირს და მოწაფეებს ეუბნება: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა” (მათე 5, 3). პირველი ნეტარება მოგვიწოდებს სიმდაბლისკენ, ანუ ამ სოფელში გაბატონებული ყველაზე მძიმე ცოდვის, სიამაყის მოძულებისაკენ. გინდა, მორწმუნე იყო? გინდა, სიხარული გქონდეს გულში, გინდა, იყო ბედნიერი? გინდა ცხონდე, სასუფეველი დაიმკვიდრო? გინდა, სიკეთე გაუკეთო საყვარელ სამშობლოს? – იცოდე: რწმენა თუ გაქვს და გინდა, ამას ყოველივეს ხორცი შეესხას და არ დარჩეს ჩანასახის მდგომარეობაში, მაშინ დაიწყე ამ საფეხურებზე ასვლა, რომელთაგან პირველია – „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა – ანუ გაიაზრე, მიხვდი, რომ გლახაკი ხარ, არა მხოლოდ გონებით, არამედ რეალურად დაინახე.

მაშასადამე, შენ გევალება, უპირველეს ყოვლისა, დაინახო, რომ გლახაკი ხარ, არარაობა ხარ, ადამიანო, ღვთის გარეშე ცარიელი ადგილიც კი არ ხარ, შეიძლება ასე ითქვას, ნებისმიერ ცხოველზე უარესიც. ეს არ არის ჩემი სიტყვები. ერთ-ერთ წმიდა მამას ეუბნება ერთი მოღვაწე ბერი: იცი, მამაო, მე ყოველთვის მახსოვს ღმერთი. ის უპასუხებს: კარგია, შვილო, მაგრამ ეს არ არის უმაღლესი საფეხური. – აბა, რომელია უმაღლესი? – უმაღლესი საფეხურია ის, როცა შენს თავს ყველა ქმნილებაზე, არა მარტო ადამიანზე, არამედ ყველა სახის ქმნილებაზე უარესად შერაცხავ. – რას ნიშნავს ეს? კი არ უნდა ფიქრობდე ასე, ფიქრი და თქმა არაფერს ნიშნავს. შენ რეალურად უნდა დაინახო, რომ ყველასა და ყველაფერზე უარესი ხარ, არა მარტო ადამიანზე – პირუტყვზეც კი, რადგან პირუტყვი თავის დანიშნულებას ასრულებს და შენ კი შენი ვერ შეგისრულებია.

ჩვენ კი როცა განკითხვის სულით აღვსილნი ვართ, ჩემს თავზევე ვიტყვი, მაშინ რომელ სულის სიგლახაკეზეა ლაპარაკი.

რას ნიშნავს სულით გლახაკი? ეს ნიშნავს იმის აღიარებას, რომ მე, უფალო, არაფერი მაქვს, არაფერი, რითაც შემიძლია აღვმაღლდე, და რითაც შემიძლია ვცხონდე; არაფერი მაქვს, შემიწყალე მე – ეს უნდა განვიცადო და მეზვერესავით თავი ჩავქინდრო. აქედან იწყება სულიერი ცხოვრება. ეს არის სულიერი თვალის ახელის დასაწყისი. როგორც ერთ-ერთ მამას ეუბნება სულიერი შვილი: მამაო, იქ ერთი განდეგილი ცხოვრობს, ანგელოზებს ხედავს. მოძღვარი უპასუხებს: შვილო, ნეტარი ის კი არ არის, ვინც ანგელოზებს ხედავს, არამედ ის, ვინც საკუთარ ცოდვებს ხედავს. აი რა არის დასაწყისი სულიერი ცხოვრებისა. უამისოდ თავს მოვიტყუებთ მხოლოდ.

წმიდა იოანე კიბისაღმწერელს სხვადასხვა საფეხურზე ავყავართ. აქ ცხრა საფეხურია, რომელსაც ოცდაათ საფეხურად გაშლის. ის ოცდამეათე საფეხური, რომელსაც იოანე კიბისაღმწერელი ახსენებს, არის სასოება, რწმენა და სიყვარული. აქ წმიდა პავლე მოციქულის მიერ მითითებული სათნოებებია ჩამოთვლილი. რა თქმა უნდა, რწმენა დიდია, სასოებაც დიდია, მაგრამ უმაღლესია – სიყვარული.

მეცხრე ნეტარებით განიმარტება, თუ რა არის სიყვარული. უფალი განმარტავს: ნეტარ იყვნედ თქუენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ და თქუან ყოველი სიტყუაჲ ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუით ჩემთჳს (მათე 5, 11). უფალი გეუბნება, გაგლანძღავენ, გაგთათხავენ, მიწასთან გაგასწორებენ, შეგიძულებენო ჩემთვის. როცა შენ ქრისტესათვის იდევნები, როცა შეურაცხყოფილი და უარყოფილი ხარ ამ სოფლისაგან, ყველა დაგცინის, ყველა თავში გირტყამს, მაგრამ არა იმიტომ, რომ მშიშარა ხარ ან რაიმე უზნეობის გამო, არამედ იმის გამო, რომ ქრისტიანი ხარ, – მაშინ ვლინდება ყველაზე მეტად ადამიანში სიყვარული და უფალიც გვეუბნება: გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა (მათე 5, 11).

ეს დიდება ელის ყოველ ქრისტიანს. ასე გაიმარჯვა ქრისტიანობამ მსოფლიოში, ასე მოიკიდა ფეხი ჩვენს სამშობლოშიც. როგორც კი ქართველი კაცი კარგავდა უნარს სულიერი ხედვისა და აღარ ჰქონდა შესაძლებლობა და სურვილი, რათა ამ სათნოებათა საფეხურებზე ასულიყო, მაშინვე მოდიოდა უბედურება ჩვენს ქვეყანაში. როცა ვინდომებთ, გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ მხოლოდ ეკლესიამ იცის, რა გზით უნდა დავაღწიოთ თავი. ეკლესია ხომ მადლმოსილი ორგანიზმია. მაგრამ ეს უპირველესად უნდა გავიაზროთ ჩვენ, ღვთისმსახურებმა, მაგალითნი უნდა ვიყოთ თქვენთვის და მთელი ერისათვის, კიდევ ერთხელ გავიაზროთ და ყველას მოვუწოდოთ, რომ ჩვენი გადარჩენა ამ საფეხურების გავლაში მდგომარეობს. ვინც ამას შეძლებს, აქვე, ამ ცხოვრებაშივე, და იმ ცხოვრებაში, თავისთავად ცხადია, საკუთრებად ექცევა სიტყვები, რომელსაც უფალი ამბობს: გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა”. ამინ!

მადლი უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი და სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სულისა წმიდისა იყავნ თქვენ ყოველთა თანა, ამინ.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
21 მარტი, 2004 წელი
წიგნიდან: „საწუთრო და მარადიული ფასეულობანი
წყარო: teodore.ge