You are currently viewing „დრო გრიგოლ ნოსელის ფილოსოფიაში“

„დრო გრიგოლ ნოსელის ფილოსოფიაში“

Download article eBook

    „დრო გრიგოლ ნოსელის ფილოსოფიაში“

 დროის შესახებ სწავლება გრიგოლ ნოსელის ფილოსოფიურ-თეოლოგიური სისტემის ერთ-ერთი არსებითი რგოლია, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება ანთროპოლოგიურ საკითხებს ანუ განსახილველია ადამიანის ფენომენთან მიმართებაში. საკუთრივ დროს, როგორც მატერაიალური ყოფიერების ატრიბუტს არ ეძღვნება რაიმე საგანგებო ტრაქტატი. სასრული დრო, როგორც კოსმოსის იმანენტური თვისება და მარადიული დრო, როგორც უსასრულობა ანუ ,,უჟამო ჟამი’’ გაანალიზებულია ნოსელისეულ ეგზეგეტიკურ ნაშროემებსა და სხვადასხვა ტიპის ჰომილიებში. ასე მაგალითად ,,ეკლესიასტეს’’ განმარტებისადმი მიძღვნილ ერთ ჰომილიაში კაპადოკიელი მამა შენიშნავს, რომ ,,დრო სხვა არა არის რა, თუ არა შესაქმე’’. ამ სიტყვების ირგვლივ მეცნიერებაში საინტერესო კამათი გაიმართა. როგორც ვახსენეთ ნოსელთან დრო არ განიხილება ცალკე. იგი მთლიან სისტემასთან კავშირში მოიაზრება. აქედან გამომდინარე საჭიროა მოკლედ მიმოვიხილოთ გრიგოლ ნოსელისეული სამყაროს სურათი:განუსაზღვრელი ღმერთის წინასწარ განზრახვა, მისი ნება არის ყველაფრის მიზეზი; ნება და საქმე უზენაესი არსებისათვის განუყოფელია. სხვადასხვა თვისებების „შეხშირებით’’ (განივთიერებით) იქმნება მატერიალური სამყარო, რომელიც ღვთიური ნების რეალიზაციაა. ხილული შესაქმის მეექვსე დღეს იქმნება პირველი ადამიანი – ადამი, რომელიც ადამიანობის იდეის ინდივიდუალური გამოვლინებაა. რამდენადაც ყოველგვარი კრეაცია არის დაკლება უზენაესი სრულყოფილებისგან, ამიტომ პირველქმნილი ადამიანიც თავის თავში შეიცავს არასრულყოფილების ნიშანს. ამავდროულად, რამდენადაც იგი ღვთის ხატია, შემქმნელი მიზეზის (ღმერთის) მსგავსად ფლობს ნების თავისუფლებას. ე.ი. ადამიანში ერთდება ორი თვისება: არასრულყოფილება და თავისუფლება, რაც განაპირობებს თავის მხრივ ბოროტისკენ მიდრეკას და შეცოდებას. დრო, როგორც განგრძობითობა და საზომი, სწორედ აქ იჩენს თავს. ღმერთი, წინასწარი განჭვრეტით გრძნობს ადამიანის დაცემას და ამის გამო ხილულ სამყაროს დროით საზღვრავს.. ადამიანს საშუალება ეძლევა ფიზიკური არსებობა შეინარჩუნოს და ამასთან, თანდათანობითი განწმენდის გზით საბოლოოდ მიაღწიოს დაკარგულ სიმაღლეს, ანუ გააცოცხლოს თავის თავში ღვთის ხატი. ამასთან, დრო მხოლოდ სულიერი განწმენდის გზაზე არ ვლინდება. იგი განსაზღვრავს აგრეთვე ადამიანის ბოროტისკენ სვლას. იმის გამო, რომ უსასრულო მხოლოდ შემოქმედი მიზეზია, სხვა ყველაფერი კი სასრული, გარდა სულისა, ამიტომ ადამიანის ბოროტისკენ ლტოლვაც შეზღუდულია და დროის რომელიმე მონაკვეთში თავის ზღვარს აღწევს. რამდენადაც ბოროტს არა აქვს არსება, არამედ იგი კეთილისგან განშორებაა, ამდენად სწორედ დრო არის ის გზა, რომელიც ადამიანს შესაძლებლობას აძლევს მაქსიმალურად განშორდეს კეთილს, მაგრამ დროის ეს გზა ბოროტებას არ უწყობს ხელს. იგი მხოლოდ საშუალებაა, რათა ადამიანი მივიდეს უკიდურეს ზღვრამდე, დარწმუნდეს ბოროტების ,,ბოროტებაში’’ და უკანვე მოიქცეს კეთილის მიმართ. ე. ი. დრო თავისი არსით, ადამიანის ხსნის ერთადერთი გზაა. ორიგენესგან განსხვავებით, რომელიც მიიჩნევდა, რომ ადამიანს ექმნება კეთილისაგან ზედმეტად მობეზრების, მოყირჭების (koros) საფრთხე, გრიგოლ ნოსელთან განვითარებულია აზრი ადამიანის სულის მიერ ღმერთისკენ დაუცხრომელ სწრაფვაზე, სადაც ყოველი ახალი საფეხური მშვენიერებსა და მისტიკური ნეტარების ახალ სიმაღლეზე ასვლაა. მარადიული ზესწრაფვა, რომლის ძალაც სიყვარულია, თავის მხრივ გულისხმობს მოძრაობას და დროს, როგორც დაუსრულებელ პროგრესს. ო.ადოს შენიშვნით ,,ადამიანური სინამდვილე დაჯილდოებულია მარადიული მოძრაობის უნარით, რომელიც აერთიანებს მას ღვთაებრივ უსასრულობასთან, იმ უსასრულობასთან, რომელიც ადამიანისათვის არასოდეს არ არის „ობიექტი’’, არამედ ყოველთვის მიღმა მდებარე’’. სულის სწრაფვა დაუსრულებელია, იმიტომ რომ იგი შექმნილია უზენაესი არსების ხატად, რომელიც ასევე უსასრულოა და განუსაზღვრელი. განსხვავება სულსა და ღმერთს შორის ისაა, რომ „ღმერთი არის უსასრულო თავისი ქმედებით, ხოლო სული ქმნადობით’’. სულის ღვთაებრიობა, ესაა მისი დაუსრულებელი ღმერთად ქცევა. როგორც ვხედავთ, გრიგოლთან თავს იყრის დროის ორგვარი აღქმა: ციკლური და მარადიულად ზრდადი. პირველი მათგანი რეალურ, ფიზიკურ სამყაროში არსებულ დროს ეხება, ხოლო მეორე არის ე. წ. ,,შინაგანი დრო’’ და ადამიანის ღვთიურისკენ უსასრულო სწრაფვას განასახიერებს.
 წარმავალი დრო, რომელიც აღინუსხება და იზომება მატერიალური სამყაროს თვისებაა. დრო რომ არ ყოფილიყო ბოროტებისკენ მიდრეკაც მარადიული იქნებოდა. იგი შექმნილია ხილული სამყაროსთვის წინასწარ განჭვრეტილი დაცემის, ადამიანური შეცოდების გამო და აპოკატასტაზის დროს იგი ისევე გაქრება, როგორც წარმავლობა და ცვალებადობა. ადამიანი ფაქტობრივად ცხოვრობს ორ განსხვავებულ დროში, რომელთაც ერთმანეთთან საერთო არ აქვთ.
 წარმავალი დრო მხოლოდ მატერიის თვისებაა. არსებობს დროის მეორეგვარი გააზრებაც, რომელიც ჩვეულებრივი გაგებით არც არის დრო, არამედ სიკეთისაკენ მარადიული ზეაღმავალი სწრაფვა ანუ ეპექტაზი, რომელსაც სული აღწევს მაშინ, როცა უკან მოიტოვებს ზეაღსვლის ყოველ წინასწარ ეტაპს და მიაღწევს სრულ თავისუფლებას, რაც გულისხმობს თავის თავში ახალ-ახალი სიმაღლეების უსასრულოდ აღმოჩენას. ეპექტაზი უკავშირდება საერთოდ შესაქმის საკითხს. ნოსელი ყოველგვარ არსებულს ორად ჰყოფს: შემოქმედად და შექმნილად. ესაა ზღვარი, რომელიც არასოდეს წაიშლება. შექმნილი ვერასოდეს გახდება შემოქმედი და რაც მას ახასიათებს ეს არის მისი დაუსრულებელი სწრაფვა შემოქმედისკენ.
 გასათვალისწინებელია, რომ გრიგოლ ნოსელი არასდროს მოიაზრებს სულს სხეულის გარეშე. თუმცა სხეული, რომლითაც სული იდეალურ სამყოფელშია შემოსილი, არის სულიერი, სპირიტუალური და რომელიც ატერიალური სხეულის პირველსახეა და მისივე მიზანი. აპოკატასტაზი გულისხმობს სულთან ერთად სხეულის პირველქმნილი სახით აღდგენას.
 ადამიანი წარმართავს კოსმოსს უზენაესი კეთილისაკენ. დრო ეპექტაზში დაუსრულებელია ანუ მარადიულია. მას ორი მიზეზი განაპირობებს: ა) დაუცხრომელი სურვილი ანუ ტრფიალება და ბ) უმაღლესი მშვენიერების ბუნების ტრანსცენდენტურობა. ადამიანი თავის თავში მოიცავს მთლიან სამყაროს (მიკროკოსმოსი). გრიგოლ ნოსელი ყველა ქმნილებას ერთიანად, მთელ სამყაროს მოიაზრებს, როგორც ტრანსცენდენტურისკენ დაუსრულებელ სწრაფვას, დინამიურობას. აპოკატასტაზისას ყველაფრის განახლებით დრო, რომელიც განგრძობითია, სასრულია – ისპობა და ქრება. ნამდვილი დრო კი ადამიანის და მასში მთელი შესაქმის ღვთაებისკენ უსასრულო, თანდათანობით ზეაღსვლას გულისხმობს და ამდენად ქმნილის, როგორც შემოქმედისგან განსხვავებულის განმსაზღვრელია. აქედან გამომდინარე, ნოსელს შეეძლო ეთქვა, რომ „დრო სხვა არა არის რა, თუ არა შესაქმე’’. დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი