16/04/2016 კატეგორია: მარხვა, სტატიები,

«ღირსი მარიამ ეგვიპტელი და ცივილიზაციის წნეხი»

ghirsi-mariam-egvipteli-da-civilizaciis
გადმოწერა:

  „ღირსი მარიამ ეგვიპტელი და ცივილიზაციის წნეხი“

 ღირსი მარიამ მეგვიპტელის – მართლმადიდებლური ასკეზის ძველისძველი იდეალის – ხსენება წარმოგვიდგენს, თუ რა უსაზღვროა ადამიანის სრულყოფა ღვთისაკენ წინსვლის გზაზე.  სულიერი ფერისცვალება, რომელიც ღირსმა მარიამმა განიცადა, გვიჩვენებს, რომ ის, რისი შეძენაც ჩვეულებრივი კაცობრივი საზომის მიხედვით შეუძლებელი ჩანს, სინამდვილეში შესაძლებელია, ამასთან, შესაძლებელია იმისგან გათავისუფლება, რაც იმავე კაცობრივი საზომის მიხედვით არა მარტო შეუძლებელია, არამედ საჭიროც კი არ არის. ესაა დღესასწაული, რომელსაც არ ემუქრება რაღაც ხალხურ-ფოლკლორულ ან მასობრივ-პოპულისტურ ზეიმად ქცევა – ამგვარი სოციალური დატვირთვა“ შეიძლება მიეცეს აღდგომას, შობას, ნათლისღებას და ზოგიერთ სხვა დღესასწაულს, მაგრამ ღირსი მარიამ მეგვიპტელის ხსენებას – არავითარ შემთხვევაში. 
ამ დიდი მეუდაბნოე დედის ცხოვრებასთან დაკავშირებული ამბები მკვეთრ კონტრასტს ქმნიან ეკლესიისა და მის გარეთ მყოფ საზოგადოების ორიენტირებს შორის: ეს არის, ასე ვთქვათ, ზემაღალი ძაბვის პოტენციალთა სხვაობა ორ „სამყაროს“ – ქრისტიანულსა და „საეროს“ – შორის, რომლებსაც სულ სხვადასხვა პოლუსები აქვთ. და ეს სხვაობა, რაც დრო გადის, სულ უფრო მწვავდება. ალბათ სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ ქრისტიანებს წლიდან წლამდე მეტი და მეტი შინაგანი სარწმუნოებრივი აღმსარებლობა მოეთხოვებათ, რათა არ დაავიწყდეთ, სად არის ჭეშმარიტი რეალობა და სად – პოსტსექსუალური რევოლუციის სუროგატული სარეკლამო სამყარო, მართლმადიდებლური „ბრენდების“ თანხლებით. თანამედროვე ცივილიზებული საზოგადოების პოზიციიდან ხომ სექსუალური ურთიერთობებისგან თავის შეკავება არა მარტო უსარგებლო, არამედ მავნეცა, ამიტომაც არ არის მარიამ მეგვიპტელის ადგილი სეკულარული საზოგადოების „წმინდანთა“ ჩამონათვალში, სადაც გულმოდგინედ „ტენიან“ წმ. ვალენტინს. საზოგადოების თვალსაზრისით ღირსი მარიამ მეგვიპტელი (მისი ცხოვრების მეორე ნახევარზე თუ ვილაპარაკებთ) დარღვეული ფსიქიკის მქონე მაზოხისტია და სხვა არავინ. სამაგიეროდ, ცხოვრების პირველი ნახევრის მიხედვით ესაა სწორედ ნორმალური, „თავისუფალი“ ქალი ანუ, როგორც დღეს უწოდებენ, ადამიანი, რომელმაც „საკუთარი თავის რეალიზება“ შეძლო, რომელმაც ყველაფერი მიიღო ამ ცხოვრებისგან, რაც საჭიროა და, პირველ ყოვლისა, სექსი. დღეს ხომ სექსი, ერთი მხრივ, თვითმიზნად ცხადდება – „ტკბობის უმაღლეს მომენტად“, მეორე მხრივ კი იგი მორჩილი მოსახლეობისგან ფულის ამოღების მარჯვე საშუალებაა. 
საინტერესოა, რომ ჩვენს დროში – ტოლერანტობისა და ადამიანის თავისუფლებისათვის ბრძოლის ხანაში – „სექსუალური მოლოქი“[1] კაცს თავისუფალი არჩევანის საშუალებას არ აძლევს. ვინც არ უნდა იყოთ, რა შეხედულებებიც არ უნდა გქონდეთ, თანამედროვე „city“-ს ქუჩებში იძულებულს გაგხდიან ეროტიკულ რეკლამას უყუროთ, ინტერნეტით შემოგთავაზებენ „სექსუალურ მომსახურებას“, ტელევიზიით კი „სასიყვარულო სცენას“ გიჩვენებენ. „თავისუფლების“ იმავე ხარისხით მიაღწევთ მეტროთი სახლამდე, წაიკითხავთ გაზეთს, იყიდით ამა თუ იმ საქონელს. ნებისმიერ კომერციულ დახლზე ხომ უსათუოდ აღმოაჩენთ  ბრელოკებს სექსუალური ხასიათის სურათებით, პრეზერვატივებს, სექს-ჟურნალებს, თანაც მათ გვერდით პატარა ხატები, ჯვრები და „ჯვარცმებიც“ იყიდება. დიახ, რაც არ უნდა მწარე იყოს ამის აღიარება, უნდა ვთქვათ, რომ სარეკლამო-მომხმარებლური მიდგომა გარყვნილებით ვაჭრობის სფეროში მშვენიერ ასპარეზს პოულობს ღვთისგან მოცემული რესურსებით პარაზიტირებისთვის. სექსის ნიადაგზე შეშლამ არა მარტო მატერიალური, „რელიგიური წარმოებაც“ მოიცვა. რომელიმე ნეორელიგიური მიმდინარეობის ლიდერის განცხადება, რომ „სექსი ღვთისკენ მიმავალი კიბის საფეხურია“, როგორც ამას, მაგალითად, ამჟამად პოპულარული ოშო რაჯნიში აკეთებდა, სიახლეს უკვე აღარ წარმოადგენს. მაგრამ საინტერესო ის გახლავთ, რომ საზოგადოება თავს ვერ ანებებს ქრისტიანობას. მაგალითად, ანგლიკანური ეკლესიისაგან მოითხოვენ, რომ გააუქმოს ქორწინებამდე სექსის აკრძალვა, და ისიც უკვე სერიოზულად ფიქრობს, როგორ უნდა აღიაროს სიძვა „შუალედურ ეტაპად უქორწინებელ მდგომარეობასა და ქორწინებას შორის“. კერძოდ, მოხსენება „თანაცხოვრება: მისი ასახვა ქრისტიანობაში, რომელიც ეკლესიაში სექსუალური რევოლუციის განხორციელებას ამზადებს, ამ დღეებში ყველა სამრევლოს გაეგზავნება, რათა მის შესახებ ინგლისის ეკლესიის ყველა სასულიერო პირმა იმსჯელოს. 
მაგრამ რა ქნან მათ, ვინც, იმის მიუხედავად, რომ თავის თავზე განიცდის მთელი ჰუმანისტურ-ცივილიზაციური წნეხის ზეწოლას, მაინც სურს, რომ ქრისტეს სიტყვებს მისდიოს, მათ, ვინც ყოველდღიური სარეკლამო-მომხმარებლური რეალობის სივრცეში ცხოვრობს, მაგრამ მაინც სულიერ რეალობას დაეძებს? და როგორ მოვიქცეთ, რომ ამ ნებაყოფლობით-ძალდატანებით „თავისუფლების სამყაროსთან“ განუწყვეტელი შინაგანი ბრძოლის პროცესში მისდამი სიძულვილით არ განვიმსჭვალოთ? 
ამ კითხვის პასუხად ალბათ წმინდა სკიტელი მამების წინასწარმეტყველება უნდა მოვიყვანოთ, რომლებსაც ოდესღაც „ბოლო ნათესავის“ შესახებ ჰკითხეს:  „… ჩვენ რა ვქენით?“ ამაზე ერთ-ერთმა დიდმა ამბამ[2]), სირიონმა მიუგო: „ჩვენ მცნებები დავიმარხეთ“. მას ჰკითხეს: „რას იზამენ ადამიანები, ჩვენს შემდეგ რომ მოვლენ?“ ამბამ უპასუხა: „ისინი იმის ნახევარს გააკეთებენ, რაც ჩვენ შევძელით“. კვლავ ჰკითხეს: „და ისინი რაღას იზამენ, ვინც მათ შემდეგ მოვლენ?“ „ისინი საერთოდ არაფერს გააკეთებენ. მაგრამ განსაცდელებს მოიწევენ და ვინც იმ დროს კეთილნი აღმოჩნდებიან, ჩვენზე და ჩვენს მამებზე დიდნი იქნებიან“. 

ავტორი: ანტონ ვინოგრაცკი
წყარო: agmsarebeli.ge

ორიგინალი: orthodox.etel.ru

 
ნახვა