29/02/2016 კატეგორია: ინტერვიუ,

როგორ ვისწავლოთ ქრისტეში ცხოვრება?

სქემარქიმანდრიტი იოაკიმე პარი

ioakime-pari-rogor-viswavlot-qristeshi-cxovreba
გადმოწერა:

 

 „როგორ ვისწავლოთ ქრისტეში ცხოვრება?“

 ნიუ-იორკის წმინდა მარიამ ეგვიპტელის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, ცნობილი მქადაგებელი და მისიონერი სქემარქიმანდრიტი იოაკიმე პარი პასუხობს სემინარიის სტუდენტების კითხვებზე და საუბრობს ბერმონაზონთა მოღვაწეობის შესახებ მეგაპოლისებში. გთავაზობთ კითხვა-პასუხის II ნაწილს. I ნაწილი – „ადამიანები ვერ ხედავენ ქრისტეს, რადგან ჩვენ ვერ ვუჩვენებთ მას”

  – რას ნიშნავს იყო სულიერი მოძღვარი და რას ნიშნავს, გყავდეს სულიერი მამა?

სულიერი მამა გვეხმარება დავინახოთ ის, რასაც ვერ ვხედავთ. ჩვენ ყველანი ვსაჭიროებთ დამხმარეს. ვერავინ ხვდება ცათა სასუფეველში თავისთავად! ჩვენ პროტესტანტები არ ვართ, რომელთა დამოკიდებულებაც სარწმუნოებისადმი არის – „იესუ და მე”. ეს არასწორი მიდგომაა. ასეთი დამოკიდებულებით ჭეშმარიტება რწმენის მიღმა რჩება.

წარმოიდგინეთ, რომ კუნძულზე ცხოვრობთ და ისე გაიზარდეთ, სხვა ადამიანი არასდროს გინახავთ. დავუშვათ, ვერ ხედავთ თქვენ სახეს და საკუთარ თავს იცნობთ მხოლოდ იმდენად, რაც შეგიძლიათ სარკის გარეშე იხილოთ. მაგალითად, არასდროს გინახავთ თქვენი შუბლი, ზურგი… მაშასადამე,თქვენი წარმოდგენა საკუთარ თავზე არასრულია. მაგრამ თუკი შეხვდებით სხვა არსებას, მისი დანახვა თქვენს წარმოდგენას საკუთარ თავზე შეავსებს. და თქვენ უკვე მარტო აღარ ხართ, არამედ სხვა ადამიანთან იწყებთ ურთიერთობას, რაღაც ახალს იმეცნებთ… მაგრამ სხვა ადამიანთან სწორი ურთიერთობა უნდა შეძლოთ და ეს ადვილი არ არის.

სულიერი მამა გვაწვდის იმ სულიერ სარკეს, რომელიც ასე გვჭირდება; იგი გვეხმარება დავინახოთ და შევიმეცნოთ საკუთარი თავი, გვეხმარება სწორი ურთიერთობა დავამყაროთ სხვა ადამიანებთან. მოძღვარი შეგვეწევა იმის გაცნობიერებაში, რომ შინაგანად ყველანი დაკავშირებულები ვართ ერთმანეთთან.

ჩვენ თვითონ არ შეგვიძლია გამოვსწორდეთ, რადგან საკუთარ თავს ვერ ვხედავთ. მოძღვარი მოწოდებულია, ამ საქმეში დაგვეხმაროს. ამიტომსულიერი მამა- ეს არის ის ლოდი, რომელიც შუა მდინარეში დევს და ორ ნაპირს ერთმანეთთან აკავშირებს. მისი მიზანია – ღვთის გზით გატაროთ და უფალთან მიგიყვანოთ.

– რომელი გამოცდილებაა თქვენთვის ყველაზე ძვირფასი მათ შორის, რომლებიც ათონის წმინდა მთაზე შეიძინეთ?

ათონის წმინდა მთა

ეს არის მოლოდინის გამოცდილება. უფალი მათთან მიდის, ვისაც დალოდება შეუძლია. ელოდეთ უფალს. მართალია, ის მუდამ ჩვენთან არის, მაგრამ ჩვენ უნდა ველოდოთ, რათა შევიცნოთ მისი ხმა, რომ შევძლოთ მისი ხილვა, – სულიერად, რა თქმა უნდა. მოლოდინი უმოქმედობას არ ნიშნავს, არამედ გულისხმობს საკუთარი ვნებებისა და სურვილების დაოკებას და რწმენას იმისა, რომ უფალი მოგვანიჭებს სწორედ იმას, რასაც ვსაჭიროებთ.

დაივიწყეთ ყველაფრის გაკონტროლების სურვილი. ეს არასწორია. თქვენ ვერ შეძლებთ აკონტროლოთ მოვლენები, როდესაც ძალა არ შეგწევთ, აკონტროლოთ საკუთარი თავი. მთავარი უფალია, იგი განაგებს ყოველივეს. გახსოვდეთ, ღმერთს უფრო მეტად უყვარხართ, ვიდრე თქვენ თვითონ გიყვართ თქვენი თავი. უბრალოდ, გიყვარდეთ უფალი, ემსახურეთ მას და ელოდეთ. ყველაფერს იღებს ის, ვისაც ლოდინი შეუძლია. აი, ეს არის ჩემი გამოცდილება…

– რა განსხვავებაა თავმდაბლობასა და მორჩილებას შორის?

ეს არის მორჩილების გამოხატვის სხვადასხვა ფორმა. თავმდაბლობა არის ღვთის სისრულეში „მე”-ს უარყოფა, ვნებისგან გათავისუფლება და სიმშვიდის განცდა. შეუძლებელია ვნებებისაგან გათავისუფლება, თუკი საკუთარ თავს არ უარყოფ. ქრისტეს ვნებები არ აქვს. ამიტომ თუკი გვსურს ვნებებისგან გათავისუფლება, ქრისტეში და ქრისტეს მიერ უნდა ვიცხოვროთ.

 ვნება- ცოდვის დასაბამია, ცოდვა კი თვითნებობის და ურჩობის ნიშანია. ვნებები ისეთი ცოდვებია, რომლებიც იმდენად ხშირად მეორდება, რომ შენი ბუნების ნაწილად იქცევა და შენ კი მათი მონა ხდები. როდესაც ქრისტეს შეუდგები, უკვე აღარ შეგიძლია რჩებოდე ცოდვებში ჩაფლული. მონასტერს “წმინდა სავანეს’ ვუწოდებთ ხოლმე; და ზოგჯერ შეხედავ ადამიანებს, ვინც მასში ცხოვრობს და იტყვი: “განა ეს არის სიწმინდე?” გახსოვდეთ, სავანეს წმინდად ბერები არ აქცევენ, – მონასტერი უფალს ეკუთვნის და სწორედ უზენაესის მადლი განწმენდს მას! როდესაც ქრისტეს შევუდგებით და სულიერი ცხოვრების ნაწილი ვხდებით, უნდა განვიწმინდოთ.

წირვის დროს უსისხლო მსხვერპლს რომ ვწირავთ, ტრაპეზზე ღვინოსა და პურს დავაბრძანებთ, სადაც უფალი ბრძანდება და წმინდა ძღვენი იკურთხება. ასე რომ, უფალთან თუ იმიტომ მივდივართ, რომ შევიცვალოთ, მაშინ სუნანული ჩვენში ფერისცვალებას ახდენს სინანული განგვწმედს და შესაძლებელი ხდება ჩვენი განღმრთობა. როგორც კი მიხვდები, რომ ცოდვა განადგურებს, რომ ეგოცენტრიზმი და თავმოყვარეობა უფლისგან განგაშორებს, – მაშინ სწავლობ მორჩილებას.

– როგორ ვისწავლოთ ქრისტეში ცხოვრება ამასოფელში, როდესაც ამდენი საზრუნავია და ამდენი ადამიანი გეხვევა გარს?

ამისთვის ერთი რამაა საჭირო: „ხოლო მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია, რომელი არასადა მიეღოს მისგან” (ლუკა 10:42). და თუკი ასეთ არჩევანს აკეთებთ ცხოვრებაში, მაშინ სადაც არ უნდა იყოთ, რა ამასოფლის წნეხის ქვეშაც არ უნდა იმყოფებოდეთ, თქვენი შინაგანი არჩევანი უფლის საქმეს გაკეთებინებთ.

მთავარია უფლის სიყვარული, რაზეც მოყვასის სიყვარული მეტყველებს. თუ მიკერძოებითად გიყვართ ადამიანები, ანუ ყველა გიყვართ და აი, ის ვიღაც ერთი არ მოგწონთ, – მაშინ თქვენ უბრალოდ ეგოისტი ხართ და არავინ გიყვართ, საკუთარი თავის გარდა. ღვთის სიყვარული ადამიანებს არ გამოარჩევს; თუ უფალი გიყვარს, მაშინ ყველა გიყვარს და თუ თქვენს შემთხვევაში ასე არ არის, ე.ი. თქვენ ეგოისტი ხართ. ძნელია საკუთარი თავის უარყოფა, მაგრამ ამის გარეშე უფლის სიყვარულს ვერ მოიხვეჭ. უფალს ყველანი ვუყვარვართ, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე, მიუხედავად იმისა, როგორები ვართ და რას ვაკეთებთ. ჩვენც უნდა ვემსგავსოთ მას ასეთ სიყვარულში. ძალიან ცოტა მცნება მოგვცა უფალმა, რომელთა შორისაა: გვიყვარდეთ უფალი, გვიყვარდეს მოყვასი დაგვიყვარდეს მტერი. ჩვენ კი ამას ყურადღებას არ ვაქცევთ. განა ყველაზე მეტად უფალი გვიყვარს? სინამდვილეში ყველაზე მეტად გვიყვარს საკუთარი თავი. აბა, გაიხსენეთ, რამდენი ადამიანია სემინარიაში, ვინც არ მოგწონთ, ვისაც გაურბიხართ, ვისაც არ ელაპარაკებით? ეს ნამდვილი ბრძოლაა. მაგრამ როგორ უნდა ვებრძოლოთ ასეთ მდგომარეობას? წმინდა წერილი გვმოძღვრავს: „უკუეთუ ვინმე თქუეს, ვითარმედ მიყუარს ღმერთი და ძმაი თვისი სძულდეს, მტყუარ არს, რამეთუ რომელსა არა უყუარდეს ძმაი თვისი, რომელი იხილა, ღმერთი, რომელი არა უხილავს, ვითარ ძალ-უც შეყუარებად?” (1 იოანე 4:20). უფალი გამოსავალსაც გვასწავლის. გვსურს გვიყვარდეს უფალი? უნდა შევიყვაროთ მოყვასი. ქრისტე ამბობს, რომ რასაც თქვენ უკეთებთ თქვენს მოყვასს, იმას უკეთებთ უფალს. მაშასადამე, ღვთის შემეცნების გზა – მოყვასია!

ერთპატერიკში მოთხრობილია, თუ როგორ ატარებდნენ მამები ვნების შვიდეულს: დღეში ერთხელ იხმევდნენ მცირე პურსა და წყალს და მთელ დღეს ლოცვაში ატარებდნენ. ამ დროს მათთან მომლოცველი მივიდა და ბერებმა მას ნამდვილი დღესასწაული მოუწყვეს. ამის გამო ადამიანებმა ბერები განიკითხეს: „როგორ ბედავთ ასეთ მოლხენას? მძიმე მარხვაა!” ბერებმა კი მიუგეს: „როდესაც უფალი გეწვევა, მარხვა აღარ არსებობს!” მარხვა გვეხმარება, რომ ცოდვისგან გავთავისუფლდეთ – ხოლო როდესაც წმინდა, უბიწო ცხოვრებით ვცხოვრობთ, მარხვა არ გვჭირდება. მაშ, თუ მარხულობა არ გინდათ, ნუღარ სცოდავთ!

ასევე ხშირად მეკითხებიან: „მამაო, აღსარება, ყოველი ზიარების წინ უნდა ვთქვა? “ და მე ვპასუხობ: „რა თქმა უნდა, არა. თუ არ სცოდავთ, შეგიძლიათ აღსარების გარეშეც ეზიაროთ!” ეს ძალიან მარტივია, მაგრამ რატომღაც არ მოგვწონს. ჩვენ გვინდა, რომ ვცოდოთ – ამიტომაა ჩვენი ცხოვრება ასეთი არეული და ამიტომ გვიჭირს სულიერი ცხოვრება – მარხვა, ლოცვა, სინანული. გვირჩევნია, „სწრაფი კოსმეტიკური რემონტით” შემოვიფარგლოთ, რომ ცხოვრება „გავიადვილოთ”.

– როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია ცხონება მართლმადიდებელი ეკლესიის გარეთ?

შეუძლებელია საკუთარი თავის ცხონება – მხოლოდ ქრისტე აცხოვნებს. უნდა მივყვეთ ქრისტეს, დავიცვათ მისი მცნებები. პირველ რიგში, უნდა გვიყვარდეს უფალი და მოყვასი. ქრისტემ ეკლესია იმისთვის დაგვიდგინა, რომ ამ საშუალებით ცხონების გზაზე გვიხელმძღვანელოს. შეგიძლიათ თუ არა ცხონდეთ ეკლესიის გარეთ? ეკლესიის გარეთ  ვერ ცხონდებით. მაგრამ თუკი თქვენ სადმე იზოლირებული ხართ და საშუალება არ გაქვთ, მიხვიდეთ ტაძარში, უფალი მოვა თქვენთან. ამის შესანიშნავი მაგალითია წმინდა მარიამ ეგვიპტელი.

ცხონების გზა ეკლესიაზე გადის, რადგან ქრისტე ცხონების მადლს ეკლესიის წიაღში გვანიჭებს. ამიტომ ეკლესიის გარეთ ცხონება არ არსებობს. წმინდა წერილში უფალი ცხადად ამბობს: „ჰრქუა მას იესუ: მე ვარ გზაი და მე ვარ ჭეშმარიტებაი და ცხორებაი; არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ” (იოანე 14:6). დაუკვირდით, რას ბრძანებს უფალი: რომელიღაც ცხოვრება ან ერთ-ერთი გზა კი არა, არამედ ერთადერთიგზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება ვარო!

О. Иоаким с братией

აბა,  წარმოიდგინეთ, უეცრად ხვალ ძლიერი თავის ტკივილით რომ გაიღვიძოთ და მთელი კვირა არ გაგიაროთ. და აი, მიდიხართ ექიმთან და ისმენთ დიაგნოზს – ტვინის სიმსივნე! ექიმები გაფრთხილებენ, რომ სასწრაფოდ უნდა გაიკეთოთ ოპერაცია და გისახელებენ სახელოვან ექიმს, რომელიც ერთადერთია, ვინც ასეთ  ოპერაციებს წარმატებით აკეთებს. ამ დროს ვიღაც ახალბედა მედიკოსი გეუბნებათ, რომ თქვენ ოპერაცია არ გჭირდებათ და თავადაც შეგიძლიათ უმკურნალოთ თქვენს თავს. რას მოიმოქმედებთ? ახალბედას დაუჯერებთ და გულდამშვიდებული შინ წახვალთ? თუ გამოცდილ ექიმს მოიძიებთ და ოპერაციის გაკეთებას სთხოვთ? ცხადია, რომ პროფესიონალს მიაკითხავთ.

ამიტომ არასდროს მესმოდა იმ ადამიანების, რომლებიც ხელაღებით ამბობენ, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის გარეშეც იქნება ცხონების სხვა საშუალება. ჩემთვის ეს შეშლილის ბოდვაა.

– როგორ შეაფასებთ ამჟამად მართლმადიდებელი ეკლესიის მდგომარეობას? ხომ არ ფიქრობთ, რომ უფრო ღია უნდა ვიყოთ საზოგადოებისთვის სოციალური თვალსაზრისით? ხომ არ უნდა გვქონდეს მეტი მონასტერი, რომ უფრო ინტენსიურად ვიქადაგოთ სახარება?

თუკი ეკლესია ადამიანებისგან შემდგარი ორგანიზაციაა, თუკი ეს უბრალოდ სტრუქტურაა – მაშინ ვიტყვით, რომ სტრუქტურას არ შეუძლია ლოცვა. თუკი ამ ორგანიზაციის წევრებს, ადამიანებს, არ მიაჩნიათ სინანული აბსოლუტურად აუცილებელ მოვლენად, თუ მათ შეუძლიათ იცხოვრონ ლოცვის გარეშე და, ამასთან, ეგონოთ, რომ მოწოდებულები არიან სიწმინდისთვის – ისინი უბრალოდ მეოცნებენი არიან და სრულებით მოწყვეტილნი რეალობას. უნდა ვისწავლოთ ლოცვა, უნდა ვისწავლოთ, როგორ გავხდეთ წმინდა – აი, ეს არის ჩვენი ამოცანა და აი, ეს იქცევა მართლმადიდებლობის ქადაგებად და არა ჩვენი რუტინული ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები.

– როგორ განვუცხადოთ სხვა აღმსარებლობის, სხვა კონფესიების ადამიანებს მართლმადიდებლობის ჭეშმარიტება?

ამერიკის შეერთებული შტატების ტელევიზია მთელი დღე საინფორმაციო გამოშვებებს ატრიალებს. მსხვილ არხებზე მთავარ ახალ ამბებს ექვსზე და უფრო ვრცლად – საღამოს თერთმეტზე უჩვენებენ. ქვეყანაში საინფორმაციო ბუმია. სიახლით აქ ვერავის გააკვირვებ. ჩვენი მოქცევის ისტორია არასდროს არის „მთავარი სიახლე”. და თუ მაინცდამაინც „მთავარ სიახლეზე” ვსაუბრობთ, მაშინ სულიწმინდის შესახებ უნდა ვამცნოთ ადამიანებს…

ერთადერთი გზა, რომ ვინმეს რწმენა გადასცე, არის ის, რომ თავად გაგაჩნდეს მტკიცე რწმენა. როდესაც აღელვებული ხართ, დასამშვიდებლად თქვენნაირ ადამიანს ხომ არ მიმართავთ, არამედ სიმშვიდით გამორჩეულ პიროვნებას მოიძიებთ და ნუგეშს მასთან იპოვით. ასეა სულიერ ცხოვრებაშიც: თუ გსურთ აღივსოთ სავსე რწმენით, მოიძიეთ ადამიანი, ვისაც რწმენა აქვს; არა ის, ვინც რწმენის შესახებ გესაუბრებათ, არამედ ვისშიც ცოცხალი რწმენა იკითხება. იქადაგეთ საქმით და არა სიტყვით და თქვენი ქადაგება მიზანს მიაღწევს!

– ჩვენ ვცხოვრობთ მეგაპოლისის ცენტრში. ხშირად ვაცნობიერებთ, რომ ძალიან გვიჭირს მოვწყდეთ საქმეს, საკუთარ თავს ჩავუღრმავდეთ და ლოცვა დავიწყოთ. ბევრი ჩვენგანი უკვე დაიღალა მუშაობით და სწავლით. როგორ გავაღვივოთ რწმენა ჩვენში, როდესაც ჩვენი გონება გადაქანცულია მუდმივი მძიმე ფიზიკური და გონებრივი შრომით?

ძალიან მარტივ პასუხს გაგცემთ. მოდით, სიყვარულზე ვისაუბროთ. წარმოიდგინეთ, რომ დაოჯახებული ხართ და გყავთ შვილები; და თქვენი რვა წლის გოგონას აღმოაჩნდა ძალიან იშვიათი ფორმის ალერგია, რომელიც მის სიცოცხლეს ემუქრება. ამ დროს ექიმები ამბობენ, რომ არ არსებობს არანაირი მკურნალობა და მისი გადარჩენის ერთადერთი გზაა, თუ მონღოლეთში დასახლდებით, რადგან იქ არის მისი ჯანმრთელობისთვის ხელსაყრელი კლიმატი. ამ დროს მეგაპოლისში თქვენ გაქვთ კარგი სამსახური, ბინა, მანქანა – მატერიალურად უზრუნველყოფილი ხართ. თუ მონღოლეთში გადახვალთ, ამ ყველაფერს დაკარგავთ, სამაგიეროდ კი თქვენი გოგონა იცოცხლებს; თუ მეგაპოლისში დარჩებით, ამ ყველაფერს შეინარჩუნებთ, მაგრამ თქვენი შვილი მოკვდება. რა არჩევანს გააკეთებთ? რა თქმა უნდა, საცხოვრებლად მონღოლეთში გადახვალთ.

და თუ არა ასული, არამედ სული თქვენი  კვდება და სხვა არანაირი მკურნალობა არ არსებობს, გარდა იმისა,  რომ ამასოფელს განერიდოთ, რას მოიმოქმედებთ? იტყვით: “დაე, მოკვდეს”? თუ ყველაფერზე უარს იტყვით, ოღონდ სული აცხონოთ?  ჩვენი ძვირფასი სულები იღუპება, ჩვენ კი კარგ სამუშაოს, კომფორტს, ვნებებს და მატერიალურ კეთილდღეობას ვართ ჩაჭიდებულნი!..

– რა პასუხი უნდა გავცეთ ადამიანებს კითხვაზე: „სად არის ღმერთი, როდესაც ვიტანჯებით?”

უფალი მუდამ თქვენთან არის. ადამიანის მდგომარეობა სასიკვდილო დაავადებაა. ამ ცხოვრებიდან ცოცხალი არავინ გადის – ყველა კვდება. საუბარი იმაზე კი არ არის, როდის მოკვდებით, არამედ იმაზე, რომ სიკვდილი არ აგცდებათ. თქვენ არ გსურთ სიკვდილი, მაგრამ თქვენ უნდა მოკვდეთ იმისთვის, რომ იცოცხლოთ! უფალი განსაზღვრავს, რამდენი დრო გვეძლევა ამქვეყნად. არ აქვს მნიშვნელობა 20 წელს ვიცოცხლებთ, თუ 90-ს – თუ ჩვენ ვერ ვიპოვეთ უფლის გზა, დრო უშედეგოდ გაგვიფლანგავს.  და თუ 20 წლის ასაკში სულიწმინდის მადლს ვეზიარეთ, ღმერთი შინ, სასუფეველში მოგვიწოდებს. ამიტომ იცხოვრეთ უფლისთვის და მარადიული ცხოვრებისთვის და ნუ ფიქრობთ ამაოებაზე.

ერთი მეგობარი მღვდელი მყავს, იგი ამბობს ხოლმე: “თავისთავად სიკვდილის არ მეშინია – გარდაცვალება მაშინებს”. ყველანი ასე ვართ – უბრალოდ ეს პროცესი გვაშინებს.როდესაც იცი, რომ სიკვდილი არსებობს, მისი აღარ გეშინია. სიკვდილი – მხოლოდ დასაწყისია და არა დასასრული.

– თუ ადამიანს აქვს ქრონიკული დაავადება. შესაძლოა, უფალმა დაუშვა ეს სნეულება მის საცხოვნებლად. მაგრამ ზიარების წინ ჩვენ ხომ ვლოცულობთ სულისა და ხორცის განკურნებისთვის? მაშ, რატომღა არ გვკურნავს უფალი? და თუ უფალი არ გვკურნავს, საჭიროა თუ არაექიმთან მისვლა?

ღმერთი კურნავს. ის ყველაფერს აკეთებს, ჩვენი ცხონებისთვის. ჩვენ ეს არ გვესმის, რადგან არ ვიცით, როგორ ვცხონდებით. ვსაუბრობთ სულისა და ხორცის განკურნებაზე… მაგრამ თუ სხეული ისე იქცევა, თითქოს ის არის ერთადერთი ფასეული ჩვენთვის – ეს დაავადებაა. თქვენ ამბობთ, რომ ეზიარებით იმედით. მაგრამ თქვენ გკურნავთ რწმენა და არა იმედი. უფალი ამბობს: „სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ” (ლუკა 7:50).

როდესაც უფალს რწმენით მიეახლებით და სნეულებისან კურნებას მაინც ვერ იღებთ, მაშინ ამბობთ: “მადლობა ღმერთს! უფალმა განკურნა ჩემი სული, ე.ი. სხეული აღარ მჭირდება!” და ამას სიხარულით ამბობთ. წამლების მაკურნებელი ძალა კი იმაზეა დამოკიდებული, თუ რისთვის იღებთ მათ.

რამდენიმე წლის წინ მძიმედ დავაავადდი. ექიმებმა მითხრეს, სიმსივნის მესამე ხარისხი გაქვსო. ოპერაცია მესაჭიროებოდა და გადარჩენის შანსი მცირე მქონდა. მირჩიეს ოპერაციის გაკეთება და შემდეგ ქიმიოთერაპიისა და რადიოთერაპიის ჩატარება. ჩემთვის ვფიქრობდი: „უკვე ხნიერი ვარ, მთელი ცხოვრება შინ, უფალთან, დაბრუნებას ველოდები, რად მინდა ეს ყველაფერი? ბედნიერი ვიქნები, თუ უფალს ვიხილავ, ამიტომ ჩემი ფიზიკური მდგომარეობა არ მადარდებს.” ჩვენი მღვდელმთავარი ძალიან შეწუხდა, როცა შეიტყო, რომ მკურნალობას არ ვაპირებდი და მითხრა: “მამაო,  ბერი ხარ და შენი სიცოცხლე შენ არ გეკუთვნის. უფლება არ გაქვს ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. კურთხევა გეძლევა, რომ იმკურნალო.” და მეც ვიმკურნალე. საუბარი იმაზე კი არ იყო, მე რა მინდოდა, – საუბარი იყო ჩემს მორჩილებაზე. ამიტომ, როდესაც სვამთ კითხვას, უნდა მიიღოთ თუ არა წამლები, რა თქმა უნდა, უნდა მიიღოთ და ყველაფერი მოიმოქმედოთ იმისთვის, რომ ჯანმრთელები იყოთ, მაგრამ არ უნდა გადაყვეთ ხორცის ფუფუნებას. თუ ეჭვობთ, როგორ მოიქცეთ, თქვენ სულიერ მოძღვარს დაეკითხეთ და ისე მოიქეცით, როგორც იგი გირჩევთ.

– ადამიანები ხშირად გვაქებენ. როგორ შევინარჩუნოთ სიფხიზლე, რომ ქება თავში არ აგვივარდეს?

ახალგაზრდობაში ერთი კარგი მეგობარი მყავდა, ახლა უკვე გარდაცვლილია. ცოტა სრული, მაგრამ შესანიშნავი, ენერგიული ქალბატონი იყო; სულ იმაზე დარდობდა, როგორ გამოიყურებოდა. ძალიან უნდოდა, მოხდენილი ყოფილიყო, მაგრამ ჭარბი წონა ხელს უშლიდა. ბოლოს ექიმს მიმართა და დიეტა დაუნიშნეს. ექიმმა უთხრა, დიეტა დაიცავი, მაგრამ კიდევ ერთ ხერხს გასწავლი, შემდეგ ისევ რომ არ მოიმატოო. ეს იყო მრავალი წლის წინ, ჯერ კიდევ „ტექნოლოგიების ერამდე”. იმ ქალბატონმა ექიმის რჩევით მაცივარზე თავისი ფოტო დაამაგრა და ყოველ ჯერზე, როდესაც მოშივდებოდა და მაცივარს მიაშურებდა, იქ თავისი ფოტო ხვდებოდა, ჭარბი წონა აგონდებოდა და ჭამის სურვილი უქრებოდა. აი, ასე დაიკლო წონაში.

ახლა ეს ამბავი სულიერ ჭრილში განვიხილოთ. ასე უნდა მოიქცეთ თქვენც, როდესაც ქებას ისმენთ. რეალობას არ უნდა მოსწყდეთ. საკუთარი პორტრეტი სულ თვალწინ უნდა გქონდეთ და თქვენს თავს ისეთად უნდა ხედავდეთ, როგორიც ხართ და არა ისეთად, როგორსაც სხვები გხედავენ. თქვენი სულიერი რეალობის „ფოტოები” გესაჭიროებათ.

მონასტერში ერთი ბერი იყო, რომელიც ყოველთვის, როდესაც რაიმე არ აეწყობოდა, ამბობდა ხოლმე: „დაზიანებაა, ძმაო, დაზიანებაა”. დიახ, ჩვენ ყველანი დაზიანებულები ვართ, შინაგანად ვლპებით. რა მნიშვნელობა აქვს, რას ამბობენ ადამიანები? ფიქრობენ, რომ მშვენიერი ხარ, რომ კარგად გამოიყურები, – განა ეს მნიშვნელოვანია? მთავარი ის არის, უფალი რას ფიქრობს. ნუ იქნებით ისეთი ბრიყვები, რომ საკუთარი „მე” გეგონოთ ის, რაც გარეგნულად ჩანს თქვენში.

ერთი მოხუცი არქიმანდრიტი იყო, წმინდა კაცი. ვერ იტანდა, როდესაც სასულიერო პირს ოდეკოლონის სუნი ასდიოდა. ერთხელ მან ერთ ასეთ მღვდელს უთხრა: „მამაო, ოდეკოლონი შენი ცოდვების სიმყრალეს ვერ ფარავს!” შინაგანი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გარეგნული ფორმა და, უპირველეს ყოვლისა, შინაგანს უნდა მივხედოთ.

ერთ ბერს ვიცნობდი, რომლის სენაკშიც ხატების კუთხეში სარკე ეკიდა. ერთხელ მან სენაკის კურთხევა მთხოვა. სარკე რომ შევნიშნე, ვკითხე: „ეს რა არის?” მან მომიგო: „მამაო, ჩვენ ღვთის ხატად ვართ შექმნილნი და ასეთებად უნდა ვრჩებოდეთ. და აი, მეც ყოველდღე ვამოწმებ სარკეში ამ ხატებას. და ვხედავ, რომ ღვთის ხატება ყოველდღე სულ უფრო მცირეა ჩემში! ეს ყოველთვის თავზარს მცემს და რეალობაში მაბრუნებს”.

თავმდაბალმა ადამიანმა იცის სიმართლე საკუთარ თავზე, ამპარტავანი კი მხოლოდ კომპლიმენტებს ისმენს. ნუ უსმენთ თქვენს მაქებლებს – მათ არაფერი იციან თქვენ შესახებ; მათ მხოლოდ ამქვეყნიური ამაო „ნაგვის” დანახვა შეუძლიათ, რომელსაც თქვენ მათ უჩვენებთ. მოამზადა მარიამ გაგუამ
საპატრიარქოს უწყებანი N6 2016 წ.
ორიგინალი – pravoslavie.ru

ΙΙΙ ნაწილი – „თუ ღვთის შვილები არ ვართ, მაშინ სრულიად  არაფერს წარმოვადგენთ ამქვეყნად!“

 
ნახვა