You are currently viewing „ჯვარცმული სიყვარულის მსჯავრის წინაშე“

„ჯვარცმული სიყვარულის მსჯავრის წინაშე“

Download article eBook

  „ჯვრისთაყვანისცემის კვირა“

 ჯვარცმული სიყვარულის მსჯავრის წინაშე

ჩვენ ვიცით, რომ დიდი მარხვა – ესაა მომზადება ვნების კვირიაკისათვის, როცა ეკლესია იგონებს იესო ქრისტეს ვნებებს, ჯვარზე გაკვრასა და სიკვდილს. ამგვარად, ტაძრის შუაგულში ჯვრის დასვენება გვახსენებს დიდმარხვის დღეებში ჩვენი გაძლიერებული, გაღრმავებული რელიგიური ცხოვრების მიზანს. ამასთან დაკავშირებით, უპრიანია, გავიხსენოთ ქრისტიანულ სარწმუნოებაში ჯვრის – ამ მთავარი და უმაღლესი სიმბოლოს ადგილი.

ჯვარს ქრისტიანობაში ორგვარი მნიშვნელობა აქვს: ჯვარი არის იარაღი გადამწყვეტი მოვლენისა, რითიც დასრულდა იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრება და მსახურება. ასევე, ჯვარი მოწმობს იმ მძვინვარე სიძულვილზე, რომლითაც ამქვეყნიური ბოროტება საკუთარი თავის უარმყოფელ და სიყვარულის მოძღვარს შეხვდა. თვით პილატე, რომის პროკურატორი, ვისთანაც მიიყვანეს ნაცემი და შენერწყვილი იესო, ცდილობს ბრბოს გონზე მოყვანას: „მე არცა ერთსა ბრალსა ვჰპოვებ ამის თანა (იოანე, 18:38); მაგრამ ეს მხოლოდ სიძულვილის ახალ ამოფრქვევას იწვევს: „ჯუარს-აცუ, ჯუარს-აცუ ეგე” (ლუკა, 23:21), – გაჰკივის ბრბო.

მაშ ასე, ქრისტეს ჯვარი – ესაა მარადიული კითხვა: „რატომ იწვევს სიკეთე არა მხოლოდ წინააღმდეგობას, არამედ სიძულვილსაც კი? რატომაა სიკეთე ამ სამყაროში მუდამ ჯვარცმული?”

ჩვენ, ჩვეულებისამებრ, გავურბივართ ამ კითხვებზე პასუხს და ყველაფერს სხვებს ვაბრალებთ. „მე რომ ვყოფილიყავი იმ საშინელ ღამეს, არ მოვიქცეოდი ისე, როგორც სხვები”. მაგრამ, სამწუხაროდ, გულის სიღრმეში ვიცით, რომ ეს ასე არაა. ჩვენ ვიცით, რომ ქრისტე აწამეს და ჯვარს აცვეს არა ვიღაც ბოროტებით შეპყრობილმა განკვეთილებმა, არსებითად, ისინი იყვნენ ისეთივე ადამიანები, „როგორც ყველა”. პილატემ დღესასწაულთან დაკავშირებით ქრისტეს გათავისუფლებაც კი შესთავაზა ბრბოს, მაგრამ როცა ეს არ მოხერხდა, მან სახალხოდ ხელები დაიბანა და ამით აჩვენა, რომ იგი არ ეთანხმება ქრისტეს დაგეგმილ მკვლელობას. სახარება რამდენიმე შტრიხით გვიხატავს პილატეს შფოთვას, შინაგან ბრძოლასა და მასში შიშის გამარჯვებას, რამაც არ მისცა სინდისის შესაბამისად მოქცევის საშუალება. მაგრამ განა იგივე არ ხდება ჩვენს ცხოვრებაში? განა მუდმივად არ მყოფობს პილატე ყველა ჩვენგანში? განა მაშინ, გადამწყვეტ ჟამს, როდესაც მტკიცე „არა” უნდა ვუთხრათ ბოროტებასა და სიცრუეს – არ ვნებდებით „ხელის დაბანის” ამ ცთუნებას? პილატეს უკან რომაელი ჯარისკაცები დგანან. მაგრამ მათაც შეუძლიათ თქვან თავის გასამართლებლად: „ჩვენ მხოლოდ მეთაურობის ბრძანებას ვასრულებდით; ჩვენ გვიბრძანეს „უვნებელყოფა” ვიღაც მაწანწალასი, რომელიც შფოთსა და უწესრიგობას თესავდა. რაღა არის აქ სათქმელი?” პილატეს უკან, ჯარისკაცების უკან ბრბოა – ის, ვინც სულ რაღაც ექვსი დღით ადრე აღფრთოვანებული ხვდებოდა იერუსალიმში შესულ ქრისტეს და გაიძახოდა: „ოსანა!” მაგრამ განა არ აუხსნეს მას, ამ ბრბოს, ხალხის წინამძღოლებმა, მოძღვრებმა, რომ ეს კაცი დამნაშავეა, რომელიც არღვევს ძველ დადგენილებებსა და ჩვეულებებს და ამიტომ კანონის (ოო, დიახ, მუდამ კანონის, მუდამ შესაბამისი „მუხლის”) საფუძველზე მოკვდინებულ უნდა იქნას?

ამგვარად, ამ საშინელი საქმის თითოეული მონაწილე თავისი თვალთახედვით მართალი იყო, რადგან გამართლების საფუძველი ჰქონდათ, შედეგად კი მოკლეს ის, რომელმან „არარაჲ უჯეროჲ ქმნა” (ლუკა, 23:41).

და აქედან – ქრისტეს ჯვრის პირველი მნიშვნელობა: ჯვარი არის მსჯავრი ბოროტებაზე, ან უფრო სწორად, იმ ფსევდო-სიკეთეზე, რომელშიც ამა სოფლად ყოველთვის იშვება ბოროტება და რომელიც უზრუნველყოფს ამქვეყნად ბოროტების გამარჯვებას.

აქედანვე გამომდინარეობს ჯვრის მეორე მნიშვნელობაც: ქრისტეს ჯვარი ჩვენი, ჩემი ჯვარიცაა, თანახმად ქრისტეს სიტყვებისა: და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თვისი და შემომიდგეს მე, ვერ ხელეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა (ლუკა, 14:27); ხოლო სახარების ერთ ძველ ხელნაწერში ასეთი რამეც კი იკითხება: და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თვისი ყოველ დღე…”[1] ეს ნიშნავს, რომ არჩევანი, რომლის წინაშეც იმ ღამეს იდგა ყველა – პილატეც, მეომრებიც, წინამძღოლებიც, ბრბოცა და ამ ბრბოს ყოველი წევრი, – ეს არჩევანი ყოველთვის, ყოველ დღე დგას თითოეული ჩვენგანის წინაშე. და გარეგნულად ეს არჩევანი შეიძლება ისეთ რამეში გამოვლინდეს, რაც მეორეხარისხოვნად მიგვაჩნია, მაგრამ სინდისისათვის არ არსებობს პირველხარისხოვანი ან მეორეხარისხოვანი, არსებობს მხოლოდ სიმართლე და სიცრუე, სიკეთე და ბოროტება. ყოველ დღე აღიღო ჯვარი შენი – ნიშნავს არა მხოლოდ ცხოვრების სიძნელეთა და სიმძიმეთა დათმენას. უწინარესად, ესაა ცხოვრება სინდისის შესაბამისად, ესაა ცხოვრება სინდისის მსჯავრით.

და ახლაც – მთელი ქვეყნიერების წინაშე იპყრობენ მართალ ადამიანს, აწამებენ, საპყრობილეში ამწყვდევენ, ან ასახლებენ ქვეყნის დასალიერში. და ყოველივეს „კანონის შესაბამისად” ჩადიან, ყოველივეს „წესრიგის უზრუნველსაყოფად” აკეთებენ, ყოველივეს “ყველას საკეთილდღეოდ” აღასრულებენ. და რამდენი პილატე იბანს ხელებს, რამდენი მეომარი იჩქარის “სამსახურებრივი მოვალეობის” აღსასრულებლად და რამდენი ადამიანია ისეთი, ვინც მორჩილებით უყიჟინებს, უკეთეს შემთხვევაში კი დუმილით უყურებს ბოროტების ამ ზეიმს. ტაძრის შუაგულში ჯვრის დასვენებით, ჯვრის თაყვანისცემით, ჯვარზე მთხვევით გავიხსენოთ ჯვარი, როგორც არჩევანი, რომლის გარეშეც ყველაფერი ამქვეყნად სიბნელისა და ბოროტების ზეიმია. „სჯად სოფელსა ამას მოსრულ ვარ მე (იოანე, 9:39) – თქვა ქრისტემ. ამ მსჯავრის წინაშე უნდა წარვდგეთ ყოველი ჩვენგანი, სადაც სჯის არა ამქვეყნიური მსაჯული, არამედ ჯვარცმული სიყვარული, ჯვარცმული სიმართლე და ჯვარცმული სიკეთე.

 პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
თარგმნა[2]: ოთარ ზოიძემ