You are currently viewing გაბრიელ ბუნგე – კათოლიკე განდეგილი, რომელიც მართლმადიდებელი გახდა

გაბრიელ ბუნგე – კათოლიკე განდეგილი, რომელიც მართლმადიდებელი გახდა

Download article eBook

       სქემარქიმანდრიტი გაბრიელ ბუნგე 1940 წელს კიოლნში დაიბადა. მამამისი ლუთერანი იყო, დედა კი კათოლიკე.
  17-18 წლის ასაკში გახდა მორწმუნე. დაიწყო წმიდა მამათა ნაშრომების კითხვა.
1961 წელს, ბონის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში იმოგზაურა საბერძნეთში, სადაც ახლოს გაეცნო მართლმადიდებლობას. 2 თვე გაატარა კუნძულ ლესბოსზე, მღვდლის ოჯახში, ყოველ კვირას მართლმადიდებლურ მსახურებაზე დადიოდა, სადაც, როგორც თვითონ იხსენებს,  დიდი სიყვარულით ეპყრობოდნენ. შემდეგ უკვე ათენში 1 კვირა სასულიერო სემინარიაში იცხოვრა.
1963 წელს, 22 წლის ასაკში, საფრანგეთში, ბენედიქტელების ორდენში (უძველესი კათოლიკური სამონაზვნო ორდენი)  გაწევრიანდა.
1972 წელს, მღვდლად აკურთხეს. 

  მართლმადიდებლობასთან მჭიდრო კავშირმა, მართლმადიდებლური ეკლესიის მემკვიდრეობის. აღმოსავლეთის მონოზვნობის, წმინდა მამების შესწავლისკენ უბიძგა. დიდი დრო ევაგრე პონტოელის შრომების შესწავლას მიუძღვნა, რომლის გაცნობის შემდეგაც, სიღრმისეულად შეისწავლა აღმოსავლეთის მამათა ნაშრომები, აღმოსავლური მონოზვნობა და სულიერი მემკვიდრეობა.
1980 წელს, როვერედოს მახლობლად წმინდა ჯვრის სახელობის სკიტში დასახლდა, სადაც წმინდა ბენედიქტეს უძველესი წესგანგებით დაიწყო მოღვაწეობა.
2010 წლის 27 აგვისტოს მიიღო მართლმადიდებლობა. ნათლობა აღასრულა ვოლოკოვსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევი). ნათლობის შემდეგ, მან გააგრძელა განდეგილური ცხოვრება შვეიცარიის მთებში.
2011 წლის 22 აგვისტოს საკუთარ სკიტში, კორსუნსკის ეპისკოპოსმა ნესტორმა აღკვეცა დიდ სქემაში.
  2012 წლის 20 მაისს წმინდა ამბროსი მედიოლანელის სახელობის მილანის ტაძარში, ეპისკოპოსმა ნესტორმა სქიმ-არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა.
2013 წლის 16 ივლის რეოგანიზაციის შემდეგ აღდგა ჯვართამაღლების სახელობის სკიტი, რის შემდეგაც მამა გაბრიელი  სკიტის წინამძღვარად დაინიშნა. 



,, დაახლოებით 15 წლის წინ,  მქონდა უნიკალური შესაძლებლობა მომენახულებინა შვეიცარიის მთებში განდეგილად მცხოვრები კათოლიკე მღვდელ-მონოზონი. ის ცნობილი იყო თავისი პუბლიკაციებით ადრეული ეკლესიის წმიდა მამების შესახებ და უფრო მეტად გამოირჩეოდა თავისი უჩვეულო მონაზვნური ცხოვრებით, რომელიც უცხოა დღევანდელი დასავლეთისთვის. მე დაახლოებით ვიცოდი თუ როგორ გამოიყურება კათოლიკური მონასტრები და ნამდვილად არ ველოდი, რომ თავს როგორც საკუთარ სახლში ისე ვიგრძნობდი, მიუხედავად ჩემი მართლმადიდებლური მონაზვნური ტრადიციების მიმდევრობისა.

როდესაც მთის ვიწრო ბილიკებით ტყის პატარა სახლისკენ ავდიოდით, ერთი მკაცრი სახის, თეთრწვერა მოხუცი შეგვხვდა, რომელსაც წითელჯვარდაკერებული ბარტყული ეფარა თავზე. ისეთი განცდა მქონდა თითქოს ძველი ეგვიპტის უდაბნოში გადავინაცვლეთ წმინდა ანტონი დიდის სანახავად. სანამ ის და მისი მესაიდუმლე რაფაელი ჩაით გვიმასპინძლდებოდნენ, ვსაუბრობდით აღმოსავლეთის და დასავლეთის ეკლესიებზე, რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაზე, მაგრამ სიტყვაც არ დაგვცდენია მათი გაერთიანების საკითხზე. ამაზე მინიშნებაც კი უხერხული იყო.

ვგრძნობდით, რომ ურთიერთობა გვქონდა მონოზონთან, რომელთანაც საერთო სული გვაკავშირებდა, მიუხედავად იმისა, რომ ის რჩებოდა არამართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში. როდესაც ერთმანეთს სიხარულით დავემშვიდობეთ მამა გაბრიელმა ჯვარი გადაგვსახა, როგორც ამას მართლმადიდებლურ ეკლესიაში აკეთებენ.

მამა გაბრიელს დღემდე არანაირი კავშირი არ აქვს გარესამყაროსთან და ამიტომაც ჩვენი ვიზიტის შემდეგ მასთან არანაირიკავშირი არ გვქონია და მასზეც ცოტას ვიგებდით. მიუხედავად ამისა, ჩვენ ის არ დაგვივიწყებია და სულ ვფიქრობდით თუ რა კარგი იქნებოდა, რომ სრული ევქარისტიული კავშირი ჰქონოდა ჩვენთან, მართლმადიდებლებთან. მაგრამ ამაზე არ გვისაუბრია მასთან, რადგან ვაცნობიერებდით, რომ უფალი როგორც საჭიროდ თვლის, ისე ატარებს მას. და მართლაც 2010 წლის აგვისტოს, ღმრთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე მიიღო მართლმადიდებლობა“.

მონაზონი კორნილია

 ინტერვიუ სქემარქიმანდრიტ გაბრიელ ბუნგესთან

 – მამა გაბრიელ, გთხოვთ მოგვიყევით, როგორ გახდით მორწმუნე?

– ადრეულ ასაკში მე აღმოვაჩინე წმინდა მამათა თხზულებები, წმინდა ანტონი დიდის ცხოვრება, პატერიკები, ლავსაიკონი, „სათნოებათმოყვარეობის“ მოკლე კრებული (ადრე უცხო ენებზე იყო მხოლოდ ნაწყვეტები, ქრესტომათიები). მაგრამ იმისათვის, რომ გაჩაღდეს დიდი ცეცხლი, საკმარისია პატარა ასანთის ღერი: მიიტანეთ ახლოს და ცეცხლი თვითონ გაღვივდება. ასე დამემართა მეც. მე მომინდა გავყოლოდი იმათ ნაბიჯებს, ვინც შემხვდა წიგნების ფურცლებზე. იმის ძებნაში, რაც ყველაზე ავთენტურია კათოლიკურ ეკლესიაში, მე გავხდი ბენედიქტიანელთა მონოზვნური ორდენის წევრი. ის ყველაზე ახლოს ჩანდა ჩემს მისწრაფებებთან. ორდერის სტრუქტურა გავს ადრეული ეკლესიისას. ორდერში არ არის დაქვემდებარების ვერტიკალური სისტემა, თითოეული საძმო დამოუკიდებელია. მათ ერთობას კი ტრადიცია და საეკლესიო ტიპიკონი განაპირობებს. ეს არის არა იურიდიული წესრიგი არამედ სულიერი იდილია. ისე ამ მხრივ დასავლელი მორწმუნეებიდან ბენედიქტიანელები არიან ყველაზე მეტად მზად, რომ გაუგონ მართლმადიდებელ მორწმუნეებს.

ბავშვობიდან კათოლიკე იყავით?

– დიახ, მაგრამ მთელი ცხოვრება არ ვიყავი პრაქტიკული კათოლიკე. მამაჩემი ლუთერანი იყო, დედა კათოლიკე და მეც კათოლიკურ ეკლესიაში მომნათლეს, მაგრამ როგორც ხშირად ხდება მსგავს შემთხვევებში, ჩემი მშობლები მხოლოდ ნომინალური მორწმუნეები იყვნენ, არც მამა და არც დედა ტაძარში არ დადიოდნენ. არც მე დავდიოდი. რადგანაც ახალგაზრდები დამოუკიდებლად მიდიან თავიანთ გზაზე, მეც ჩემში ის სარწმუნოება გავაღვიძე, რომელშიც მოვინათლე და კათოლიკურ ტაძარში დავიწყე სიარული.

– როცა ადამიანი გადადის ერთი ქრისტიანული ტრადიციიდან მეორეში, ეს ალბათ ნიშნავს რომ ის გრძნობს რაღაც მნიშვნელოვანის ნაკლებობას სულიერ ცხოვრებაში…

– დიახ, და თუ ადამიანი 70 წლისაა ჩემსავით, ალბათ ასეთ გადაწყვეტილებას ნაჩქარევს ვერ ვუწოდებთ, ხომ?
ძალიან დიდი ხანი მართლმადიდებლური ეკლესიის შესახებ არაფერი ვიცოდი. მე ის მხოლოდ თანდათანობით აღმოვაჩინე. ახლანდელი ჩემი მართლმადიდებელი მეგობრები მიყვებოდნენ, რომ კათოლიკებმა მხოლოს ის იციან ჩვენზე რომ „ვარსებობთ“. უბრალო ხალხი გვეკითხებოდა: „თქვენც თაყვანს-სცემთ ღმრთისმშობელს?“ ეს მოხდა  ვატიკანის მეორე კრებიდან 50 წლის შემდეგ, რომელმაც ასე ვთქვათ კათოლიკური ეკლესიის დიდი ხნის დაკეტილი „ფანჯარა გახსნა“, მაგრამ მათი ცოდნა მართლმადიდებლობაზე დღესაც ძალზედ სუსტია. მეც ნელ-ნელა აღმოვაჩინე მართლმადიდებლობა. არც ვიცოდი თუ არსებობდა მართლმაიდებლური თემები მსხვილ ქალაქებში, არ იყო მართლმადიდებლური ტაძრები, ისინი ჩვეულებრივად პროტესტანტულ ეკლესიებში ატარებდნენ ლიტურგიას კვირაობით, მხოლოდ 2 საათით შეეძლოთ დაეკავებინათ ტაძარი.

monanuli-beboგიმნაზიის შემდეგ, როდესაც 19 წლის ვიყავი, მე და ჩემი მეგობარი რომში წავედით, სადაც ძველი ქრისტიანული ეპოქა აღმოვაჩინე: კატაკომბები, ჯერ კიდევ წმიდა კონსტანტინე და ელენეს მიერ დაარსებული ძველი ტაძრები. ამ ყველაფერმა ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა და ჩემი კათოლიკური თვითშეგნებაც გაამყარა. რომი – ეს მოციქულთა მიწაა. აქ წმინდა პეტრე და პავლე მოციქულის აკლდამებია, სანტა-მარია მაჯეროს ბაზილიკა, სანტა-კროჩე, სან-ჯოვანი-ინ ლატერნო… ყველა ეს ძველი ქრისტიანული ტაძრები დაუჯერებელი არქეოლიგიური მემკვიდრეობის მოწმეა. მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ მივხვდი, რომ მიუხედავად იმისა, რომ არსებობს განუყოფელი მემკვიდრეობა არქეოლიგიურ დონეზე,  დაკარგულია სამოციქულო ეკლესიის მემკვიდრეობა.
მე მხოლოდ დროთა განმავლობაში გავიგე, რომ მიუხედავად იმისა, რომ სანტა-მარია მაჯერო და სხვა ტაძრები შემოგვრჩა პირველყოფილ მდგომარეობაში,
მისი მემკვიდრეობა სხვა გაცილებით უფრო მნიშვნელოვან დონეზე არ შენარჩუნებულა. მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, იმის გასაცნობიერებლად, რომ ბევრ საკითხში დასავლური ეკლესიის მემკვიდრეობა გაწყდა.

 – რატომ გადაწყვიტეთ მართლმადიდებლობის მიღება? რა იყო ის რაც გაკლდათ ამხელა სულიერი გამოცდილების მქონე ბერს?

– ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მე უნდა მოგიყვეთ არა ერთი გადაწყვეტლების, არამედ მთლიანად ჩემი ცხოვრების გზის შესახებ.  ცხოვრების ერთ-ერთ  მომენტში მოხდა მოვლენა, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მწიფდებოდა.

monanuli-beboროგორც ყველა ახალგაზრდა, მეც ვეძებდი ჩემ გზას ცხოვრებაში. დავიწყე ფილოსოფიის და შედარებითი თეოლოგიის შესწავლა უნივერსიტეტში, ქალაქ ბონში. თავდაპირველად მართლმადიდებლობა ლიტერატურულ დონეზე, წიგნების მეშვეობით აღმოვაჩნე, ცოცხალი მართლმადიდებლობა კი 21 წლის ასაკში, საბერძნეთში ყოფნისას აღმოვაჩინე. მაშინ მხოლოდ სტუდენტი ვიყავი, მაშინ ჯერ კიდევ არ შემეძლო მონასტერში წასვლა, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და მამაჩემი მიკრძალავდა ამას (მადლობა ღმერთს, რომ არ მაძლევდა ამის საშუალებას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მექნებოდა საბერძნეთში წასვლის და ცოცხალი მართლმადიდებლობის შეგრძნების საშუალება).

შემთხვევით მოხდა ისე, რომ საკმაოდ ახლო კავშირი დავიჭირე მართლმადიდებელ ეკლესიასთან. გემზე გავიცანი ერთ-ერთი ბერძენი მიტროპოლიტი, რომელიც თავის კლირიკოსებთან ერთად ბრუნდებოდა პალესტინიდან. ეს იყო ბერი, დიდი წვერით, ისეთი როგორიც აღწერილი იყო წიგნებში. მან დამინახა და დამიძახა; მაჩვენა წიგნები, დამისვა გვერდით. მაშინ ასევე გავიცანი ახალგაზრდა ღვთისმეტყველი, ისიც სტუდენტი.  ეს იყო იანის გოლანისი, რომელიც შემდგომში გახდა ცნობილი ღვთისმეტყველი.

საბერძნეთში გავჩერდი ორი თვე, კუნძულ ლესბოსზე. მაშინ იქ ძალიან ცოტა ტურისტი იყო, და ჩვენ დაგვაბინავეს ადგილობრივი მაცხოვრებლების სახლებში. მე აღმოვჩნდი მღვდლის სახლში. რა თქმა უნდა, ყოველ კვირადღეს დავდიოდი მსახურებაზე. ოჯახმა იცოდა, რომ კათოლიკე ვიყავი, მაგრამ იქ არ იყო კათოლიკური ტაძარი, ამიტომ დავდიოდი მართლმადიდებლურში. მე მეპყრობოდნენ არაჩვეულებრივად, დიდი სიყვარულით. მცირე შესვლაზე სახარებასაც კი მაწვდიდნენ, რომ ვმთხვეოდი, თითქოსდა საპატიო სტუმარი ვყოფილიყავი.

იქ ვნახე წმინდა სავანეები, ვესაუბრე წმინდა ცხოვრებით მცხოვრებ ბერებს, საღრთო ლიტურგიას ვესწრებოდი. ბერძნები ჩემს მიმართ ძალიან კეთილგამწყობილი და მეგობრულები იყვნენ.  რამაც ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა ეს იყო საოცარი სულიერების მქონე ბერის ხილვა, მაშინ პირველად ვნახე ნამდვილი მართლმადიდებელი ბერი. იმ დროისთვის  უკვე მქონდა მიდრეკილება შინაგანად მონასტრული ცხოვრებისადმი და წაკითხული მქონდა რამდენიმე მართლმადიდებლური წიგნი. იმ ადამიანმა გამაოცა, ის იყო ცოცხალი მაგალითი ისეთი ბერისა, როგორიც იქამდე მხოლოდ წიგნებიდან მქონდა გაგონილი. უცებ ჩემს წინ დავინახე ბერ-მონაზვნური ცხოვრება, რომელიც თავიდანვე ჩანდა ჭეშმარიტი და ყველაზე ახლო პირველი ქრისტიანი ბერების ცხოვრებასთან. იქიდან მოყოლებული დღემდე მაქვს მასთან კონტაქტი. ასე რომ, მაშინ მე აღმოვაჩინე ნიმუში ბერ-მონაზვნური ცხოვრებისა.

კიდევ უნდა დავამატო, რომ, მოგზაურობამდე, არასწორი წარმოდგენა მქონდა  მართლმადიდებელ ეკლესიაზე და უარყოფითი დამოკიდებულება მართლმადიდებლობისადმი.

 რამ გამოიწვია ასეთი დამოკიდებულება მართლმადიდებელ ეკლესიაზე?

– პროფესორები უნივერსიტეტში მეუბნებოდნენ, ფრთხილად ვყოფილიყავი მართლმადიდებლობასთან, რომ მართლმადიდებლები სქიზმატები არიან. ამიტომ მოგზაურობის დროს მზად ვიყავი ყველანაირად, რომ დამეცვა ჩემი წმინდა რომის კათოლიკური რწმენა მართლმადიდებლებთან ურთიერთობისას.

მაგრამ, რა თქმა უნდა, არანაირი პრობლემა არ შემექმნა, ბერძნები ძალიან თბილად მეპყრობოდნენ. ყოველდღიურად ჩემი მცდარი წარმოდგენები ნელ-ნელა ქრებოდა.

საბოლოოდ, მთელი კვირით წავედი ათენში და ვცხოვრობდი ბერძნულ სემინარიაში სტუდენტებთან ერთად. მათთან ერთ-ერთი საუბრის დროს მივიღე გარკვეული გამოცდილება, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრული ჩემს შემდგომ ცხოვრებაზე. მე ვთქვი, მართალია ყველაფერი კარგია თქვენთან, მაგრამ სამწუხაროა, რომ ჩვენგან გამოყოფილი ხართ. მათ მიპასუხეს: „შენ სცდები, ეს თქვენ ხართ გამოყოფილი“. მე გაოცებული დავრჩი. გერმანიაში ჩვენ გვხვდებიან მხოლოდ პროტესტანტები და ვიცით, რომ ისინი მწვალებლები არიან, რომ ისინი გამოეყვნენ ოდესღაც კათოლიკურ ეკლესიას. მაგრამ აქ ეს სქემა არ მოქმედებდა. რადგან საუბარი იყო მოციქულებრივი წარმოშობის ეკლესიაზე. მოციქულმა პავლემ გაიარა ეს ადგილები იმაზე ადრე, ვიდრე შევიდა რომში.

მაშინ ვიყავი 21 წლის. დავიწყე ყველაფრის ახლებურად გააზრება. მომიწია იმის გაცნობიერება, რომ ბევრ საკითხში მართალნი იყვნენ.

მთელი ცხოვრება მივისწრაფოდი ავთენტური ბერმონაზვნური ცხოვრებისკენ. მართალია, ასეთად კათოლიკე ეკლესიაში  ბენედიქტელთა ორდერი წარმომედგინა, მაგრამ მაინც მე და ჩემმა სულიერმა მამამ მალე დავინახეთ, რომ ეს არ იყო ჩემთვის შესაფერისი ადგილი, ჩემი მიდრეკილების გამო აღმოსავლური ბერული ცხოვრებისადმი და ზოგადად აღმოსავლური ქრისტიანობისადმი, აბატმა, ხუცესმა და გამოცდილმა ადამიანმა, რომელსაც მე დღესაც პატივს ვცემ, გადაწყვიტა გადავეყვანე ბელგიაში მდებარე პატარა მონასტერში. იქ 18 წელი ვიცხოვრე, დიდი გამოცდილება მივიღე და შემდეგ კურთხევით გადავედი შვეიცარიაში სკიტში. თითოეული ეს გადასვლა გამოწვეული იყო ერთი მიზეზით – წინსვლისათვის ჭეშმარიტი ბერ-მონაზვნური ცხოვრებისაკენ, ისეთი როგორიც იყო ადრეული ქრისტიანების დროს, ისეთი როგორიც ვნახე აღმოსავლელ ქრისტიანებთან. ხოლო, ბოლო ნაბიჯი ამ გზაზე იყო ის, რომ გავხდი მართლმადიდებელი.

– შეიძლება ადამიანს მთელი გულით უყვარდეს მართლმადიდებლობა, მაგრამ დარჩეს კათოლიციზმში. ამის ბევრი მაგალითია დასავლეთში.

– დიახ, ბევრი ადამიანი რომელსაც მოსწონს მართლმადიდებლობა რჩება კათოლიციზმში. უმრავლესობა დასავლურ ეკლესიებში არის მართლმადიდებლური ხატები. იტალიაში არის ხატწერის პროფესიონალური სკოლები სადაც მართლმადიდებელი სპეციალისტები ასწავლიან ხატწერას. დღესდღეობით უფრო და უფრო მეტი ევროპელი მორწმუნე არის დაინტერესებული ბიზანტიური საგალობლებით. კათოლიციზმის ტრადიციონალისტებიც კი დაინტერესებულები არიან ბიზანტიური საგალობლებით. რა თქმა უნდა, ისინი არ იყენებენ ამას ეკლესიაში საღმრთო ლიტურგიაში, არამედ ეკლესიის გარეთ, მაგალითად კონცერტებზე. მართლმადიდებლური ლიტერატურა ითარგმნება ყველა ევროპულ ენაზე და ამ წიგნებს გამოცემენ მსხვილი კათოლიკური გამომცემლობები. მოკლედ რომ ვთქვათ დასავლეთში არ დაუკარგავთ შეგრძნება აუთენტური ქრისტიანობისა, რომელიც აღმოსავლურმა ტრადიციამ შემოინახა. მაგრამ სამწუხაროდ ეს არაფერს ცვლის ადამიანების რეალურ ცხოვრებაში და მთლიანად საზოგადოებაში. ინტერესი მართლმადიდებლობისადმი არის უფრო კულტურული ხასიათის. და ჩემნაირი „ბედკრული“ ადამიანები ვისაც სულიერი ინტერესი აქვთ მართლმადიდებლობისადმი რჩებიან უმცირესობაში. ჩვენ ვართ როგორც უცნაური ადამიანები, ცოტას თუ ესმით ჩვენი.

– თქვენ, როგორც თეოლოგს, ხშირად გილაპარაკიათ დასავლეთის და აღმოსავლეთის გაყოფის პრობლემაზე. თქვენი მართლმადიდებლად გახდომა ამ საკითხზე ფიქრის შედეგი იყო?

– საბერძნეთში ყოფნისას, როდესაც დავიწყე აღმოსავლური ქრისტიანობისკენ გადახრა, ასევე დავიწყე აღმოსავლეთის და დასავლეთის განხეთქილების ძალიან მტკივნეულად აღქმა. ის აღარ იყო აბსტრაქტული თეორია და უბრალოდ „ამბავი ეკლესიის ისტორიის წიგნიდან“, არამედ გახდა ის რაც ზეგავლენას ახდენდა ჩემ სულიერ ცხოვრებზე. ამიტომაც ლოგიკურ ნაბიჯად გამოჩნდა მართლმადიდებლურ გზაზე დადგომა. ახალგაზრდობაში, გულწრფელად ვიმედოვნებდი, რომ აღმოსავლური და დასავლური ქრისტიანობის გაერთიანება შესაძლებელი იყო. მთელი გულით ველოდებოდი ამას და მქონდა კიდეც რაღაც მიზეზები ამ იმედისთვის. ვატიკანის მეორე კრებაზე, იყვნენ დამსწრეები რუსული მართლმადიდებლური ეკლესიიდან, მათ შორის ახლანდელი პეტერბურგის და ლადოგის მიტროპოლიტი ვლადიმერი (კოტლიაროვი). იმ დროს მიტროპოლიტი ნიკოდიმი (როტოვი) ძალიან აქტიური იყო საერთაშორისო საქმეებში. ბევრი ადამიანი ფიქრობდა, რომ ორი ეკლესია მიიწევდა ერთმანეთისკენ და საბოლოოდ გაერთიანდებოდა. ეს იყო ჩემი ოცნება, რომელიც უფრო და უფრო რეალური ხდებოდა. მაგრამ როცა გავიზარდე და ზოგიერთი საკითხი უფრო ღრმად შევისწავლე, შევწყვიტე ამაზე ფიქრი (თუმცა სურვილი კვლავაც დიდია). მე რისი გაკეთება შემეძლო? მხოლოდ იმის რომ მეძებნა ეს ერთობა ჩემით, ინდივიდუალურ დონეზე, აღმედგინა ის ერთ სულში, ჩემში. მეტი არაფერი შემეძლო. მე უბრალოდ გავყევი ჩემ სინდისს და გავხდი მართლმადიდებელი.

– არ არის ეს რადიკალური შეხედულება?

– საბერძნეთში ყოფნისას, როდესაც ჯერ კიდევ კათოლიკე ვიყავი, მივხვდი რომ დასავლეთი გამოეყო აღმოსავლეთს და არა პირიქით. იმ მომენტისთვის ეს წარმოუდგენელი იყო ჩემთვის. მჭირდებოდა დრო, რომ გამეგო და მიმეღო ეს. ვერავის დავადანაშაულებ, რა თქმა უნდა, ვერავის. ჩვენ ვლაპარაკობთ მთელ ისტორიულ პროცესზე და ვერ ვიტყვით, რომ ის ან ეს ადამიანია დამნაშავე. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: რასაც დღეს დასავლურ ქრისტიანობას ვეძახით არის შედეგი აღმოსავლეთთან მომხდარი განხეთქილებათა ჯაჭვისა. ეს განხეთქილებები იყო: გრიგორიანული რეფორმა, XI საუკუნეში ეკლესიათა გაყოფა, XV საუკუნეში რეფორმაცია და ბოლოს ვატიკანის მეორე კრება XX საუკუნეში. ეს რა თქმა უნდა, უხეში მონახაზია, მაგრამ მთლიანობაში კორექტულია.

– მაგრამ მაინც, არსებობს აზრი, რომ ეს განხეთქილებათა ჯაჭვი ნორმალური ისტორიული პროცესია, იმიტომ რომ ნებისმიერი მოვლენა (და ქრისტიანული ეკლესია არაა გამონაკლისი) გადის განვითარების ეტაპებს. რა არის ამაში ტრაგიკული?

– ტრაგედია ადამიანებშია. რადიკალური, რევოლუციური მოვლენების დროს ყოველთვის ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც იწყებენ ცხოვრების გაყოფას „მდე“ და „შემდეგ“ ნაწილებად. მათ უნდათ ათვლა დაიწყონ ამ ახალი წერტილიდან, თითქოს ყველაფერს იქამდე რაც მოხდა არ ქონდა მნიშვნელობა. როდესაც მომავალმა პროტესტანტებმა განაცხადეს რეფორმაციის შესახებ, არამგონია მათ ცოდნოდათ რომ ეს გამოიწვევდა დასავლეთ ეკლესიის ორ დიდ ბანაკად გაყოფას. მათ არ გაუთვიცნობიერებიათ ეს, უბრალოდ იმოქმედეს. და მათ დაყვეს გარშემო მყოფი ადამიანები  ჯანსაღებად – რომლებმაც მიიღეს რეფორმაცია და არაჯანსაღებად, სნეულებად – რომლებიც გაყვნენ პაპს.

ამასთანავე, ისტორია მეორდება: იგივე ხდება ახლა ვატიკანის მეორე კრების გარშემო რომაულ კათოლიკურ ეკლესიაში. არიან ადამიანები რომლებმაც არ მიიღეს მისი გადაწყვეტილებები და სხვა ადამიანები –  რომლებიც აღიქვამენ მას საწყის წერტილად. და ყველა მსჯელობს ამ იდეების გარშემო. მარტივი მაგალითი: თუ ლაპარაკში ვინმე ახსენებს კრებას დამატებითი დეტალების გარეშე, ყველა ავტომატურად ფიქრობს რომ ლაპარაკია ვატიკანის მეორე კრებაზე.

– რა არის თქვენი შეხედულება თანამედროვე ლიბერალური განწყობილებების შესახებ კათოლიკებში?

– მინდა ვთქვა რომ არ უნდა დავიყვანოთ ყველა კათოლიკე ერთ დონეზე. მათ შორის არიან ისეთები რომლებსაც უნდათ იყვნენ უფრო სეკულარული და ლიბერალური. ეს არ ნიშნავს რომ ისინი კრიმინალები არიან, ეს უბრალოდ მათი შეხედულებაა ცხოვრებაზე. არიან ასევე სხვები, ისინი რომლებიც სრულიად ერთგულებენ ტრადიციას. არ დავარქმევდი მათ ტრადიციონალისტებს იმიტომ რომ თვითონ ტრადიცია არაა ისეთ მნიშვნელოვანი მათთვის.
ტრადიცია არ არის უძველესი ფოლკლორი რომელიც ადამიანმა უნდა კვებოს ხელოვნურად. ტრადიცია მათთვის არის ის რაც ყველა ეპოქაში და ახლაც უზრუნველყოფს ცოცხალ, პირად ურთიერთობას ქრისტესთან, ყოველდღიურ ცხოვრებას ღმერთის ხელებში. როგორც იოანე ღვთისმეტყველმა თქვა „რომელი გუესმა და ვიხილეთ, გითხრობთ თქუენ, რაჲთა თქუენცა ზიარებაჲ გაქუნდეს ჩუენ თანა და ზიარებაჲ ჩუენი მამისა თანა და ძისა მისისა თანა იესუ ქრისტესსა (I იოანე 1.3.)“. დამოკიდებულება, რომ „არის ღმერთი და ვარ მე“ არის არაქრისტიანული.  ქრისტიანებისთვის – „არის ღმერთი, მე და ყველა სხვა“. ყველა სხვა არიან სხვა მორწმუნეები და ისინი ვინც მრავალი საუკუნეების მანძილზე შემოგვინახეს რწმენა. ადამიანებს რომ არ მოესმინათ სხვა ადამიანებისთვის ასე გულმოდგინედ, რომ არ დაეწერათ ეს და არ გადაეცათ სხვებისთვის, არ იქნებოდა ახალი აღთქმა. რაც ნიშნავს რომ არ იქნებოდა არაფერი.

– და როგორი უნდა იყოს ამ შემთხვევაში ჩვენი დამოკიდებულება მათ მიმართ ვინც არ არიან ერთგულნი ტრადიციის მიმართ?

– ჩვენ არ უნდა გავუსწორდეთ მათ ფიზიკურად, რა თქმა უნდა და არ უნდა გავაგდოთ  ეკლესიიდან. ყველა ადამიანი იმსახურებს ქრისტიანულ მოწყალებას. თუ მე, მართლმადიდებელი, დავინახავ კათოლიკეს მართლმადიდებლურ ეკლესიაში, სურვილი მექნება მივიდე და ვუთხრა მას გულახდილად, რბილად და ჩუმად, „მეგობარო, შენ შეიძლება დაგაინტერესოს რომ თავიდან ჩვენ ყველა პირჯვარს ვიწერდით ასე: მაჯვნიდან მარცხნივ. ახლა ყველაფერი შეიცვალა. არა, მე არ გთხოვ გადახედო მთელ შენ ცხოვრებას და გახდე მართლმადიდებელ ეკლესიის წევრი. უბრალოდ მინდა იცოდე საიდან მოდის ბევრი რამ…“

– და რატომ აირჩიეთ რუსული მართლმადიდებლური ეკლესია?

– მე ვფიქრობ ძირითადი ფაქტორი ასეთი გადაწყვეტილებების მიღებისას არიან ადამიანები რომელთა გარემოცვაშიც ხარ. როცა ჩემმა ნაცნობებმა – პეტერბურგის ეპისკოპოსებმა გაიგეს რომ მართლმადიდებელი ვხდებოდი, მითხრეს: „ჩვენ საერთოდ არ გაგვკვირვებია! შენ ყოველთვის ჩვენთან იყავი, მაგრამ ახლა უფრო ახლო კავშირი გვექნება, საღმრთო – ერთ ბარძიმთან.“

მე მიტროპოლიტ ილარიონს (ალფეევი) (რუსეთის საპატრიარქოს ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსს) დიდი ხანია ვიცნობ. ჩვენ პირველად 1994 წელს შევხვდით ერთმანეთს, როცა ის მღვდელ-მონაზონი იყო. მე მას ვთვლი ჩემს კარგ მეგობრად და ეს მეგობრობა ძალიან ძვირფასია ჩემთვის.

მიტროპოლიტი ილარიონი ჩემი აზრით არის ქრისტიანობაში ერთ-ერთი ყველაზე კარგად გათვიცნობიერებული და კომპეტენტური ადამიანი. ფაქტიურად ის იყო ერთადერთი ადამიანი ვისთანაც შემეძლო მისვლა ჩემი თხოვნით, ვინც მიცნობდა და იცოდა ჩემი რწმენის და სიტუაციის შესახებ. და ის ვინც დარწმუნებული ვიყავი, რომ მზად იყო რეაგირებისთვის.

დასავლეთში თუ ადამიანს აქვს მისწრაფება უკიდურესი ბერ-მონაზვნური განმარტოებისადმი, მას წასასვლელი არსად აქვს. ისეთი მონასტრები როგორებიც რუსეთშია, არ არსებობს დასავლეთში. ეს ცხოვრების სტილი მოძველებულად მოსჩანს უკვე. როგორც ბერი მე ყოველთვის ვეძებ მყუდროებას, განმარტოებას. ვალაამში ვიგძენი რომ ეს ყველაფერი იქ იყო.

– არ არის საკმაო მარტოობა შვეიცარიაში თქვენს სკიტში? ვალაამიც ხალხმრავალი ადგილია, მომლოცველები იქ რეგულარულად ჩადიან.

– შვეიცარია პატარა და მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა. სკიტი გარშემორტყმულია ტყით, მაგრამ 15 წუთის სავალზე სოფელია სადაც დაახლოებით ასი ადამიანი ცხოვრობს. ვალაამში მეტი სიმშვიდეა. დიახ, რა თქმა უნდა, იქ ბევრი ხალხია, მაგრამ ადგილი თვითონ, როგორც მე ვიგრძენი, იზოლირებულია დანარჩენი სამყაროსგან. შეიძლება ეს იმიტომაა რომ ვალაამი კუნძულია, ან შეიძლება სხვა, არა-გეოგრაფიული მიზეზების გამო. მე მგონია რომ ამ ყველაფერს შეუძლია აღძრას ყველა იქ მიმსვლელის გულში საწადელი მყუდროების შეგრძნება.

– ეს უფრო ძნელია ევროპაში?

– შეიძლება ითქვას ეს საერთოდ არ არსებობს დასავლეთში. ავთენტიკური ბერ-მონაზვნური ტრადიცია დასავლეთში 1789 წელს პრაქტიკულად მიწასთან გასწორდა, საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის პერიოდში. მე ღრმად მწამს რომ ამ რევოლუციის შედეგები ევროპისათვის იყო არანაკლებ მძიმე, ვიდრე შედეგები 1917 წლის რევოლუციისა და 70 წლიანი ათეისტური მმართველობისა რუსეთში. საფრანგეთში იმ სისხლიანი მოვლენების შემდეგ ბერ-მონაზვნური ცხოვრება სულ თავიდან აღსადგენი გახდა. ამის გაკეთება კი მოუწიათ ჩვეულებრივ მღვდლებს და არა ბერებს, სხვა არავინ იყო დარჩენილი. რუსეთში ბერობა გადარჩა იმ საშინელებების მიუხედავად. დიახ, ეს მოხდა კონკრეტული ადამიანების დონეზე, მაგრამ ისინი არსებობდნენ! და მათ შემოინახეს სულიერი ტრადიცია და ჭეშმარიტი ბერ-მონაზვნური ცხოვრების წესი. ასე მგონია რომ რუსეთს არ დასჭირვებია ყველაფრის ნოლიდან დაწყება ბერ-მონაზვნური ცხოვრების მხრივ. ამიტომაც ვწუხვარ როდესაც მესმის ხანდახან რუსებისგან „ჩვენ ყველაფერი გაგვინადგურდა, ეკლესია გაითელა, ა.შ.“. მე ყოველთვის მინდა რომ ვუპასუხო „ჩემი აზრით, თქვენ ყველაფერი გაქვთ, ახალი მოწამეები და აღმსარებლები, უხუცესი ბერები“. და ისინი ყველანი ახლოს არიან, უბრალოდ გაიწვდინეთ ხელი და იპოვით. მხოლოდ მიწვდომაა საჭირო, აიღე ეს განძი და გამოიყენე პრაქტიკაში, ანუ შენს ცხოვრებაში. ხშირად მაქვს ეს შეგრძნება რომ ადამიანთა უმრავლესობა რუსეთში ვერ აფასებს ამას.

ვალაამის მონასტერი

– თქვენი აზრით რატომ ხდება ასე?

– ადამიანები კონცენტრირებას ახდენენ მატერიალურზე, ხანდახან გარეგნულ სიძნელეებზე რომლებიც მონასტრების და ეკლესიების წინაშეა. დიახ, ბევრი საჭიროებს რეკონსტრუქციას. მაგრამ ეს მხოლოდ ტექნიკური ნაწილია, ასე ვთქვათ, სახურავები და კედლები. ცხადია ადამიანები ჩივიან: სახურავების და კედლების აშენება ჯდება ფული, და სად მოვიძიოთ საამისო სახსრები… მაგრამ ჩვენ გულით სახურავის ზემოთ მივდივართ, დაე იყოს ნახვრეტებიანი, ჩვენ უნდა ვხედავდეთ რომ კედლები არაა მთავარი, უფრო მნიშვნელოვანია რა გულით შევდივართ ამ კედლებში. რუსული გამოთქმა გვეუბნება „ეკლესია არაა მორებს შორის არამედ ნეკნებს შორისაა“. და ესაა ყველაზე მნიშნელოვანი, სულიერი ტრადიცია, რომელიც ისევ არის რუსებში. უხუცესმა ბერება და ახალმა მოწამეებმა შემოგვინახეს ეს ყველაფერი. ხანდახან ადამიანები მეუბნებიან „მაგრამ ახლა ისეთი იშვიათია გამოცდილი ბერები, მათი უმრავლესობა გარდაიცვალა. არავინაა რომ გვასწავლოს“, მე ვპასუხობ „თუ ცოცხალი მასწავლებელი არ გყავს, მიდი გარდაცვლილთან. შენ გაქვს მისი ჰაგიოგრაფია, ტექსტები, სწავლებები. წაიკითხე და დაუკავშირე შენს ცხოვრებას“. რა თქმა უნდა, იმას არ ვამბობ რომ რუსეთში არ შევხვედრია ადამიანი რომელმაც იცის, აფასებს და უფრთხილდება ამ ცოდნას. ძალიან ბევრნი არიან ასეთებიც ვინც ამას აკეთებს და ეს ჩემმა ვალაამში ვიზიტმაც მაჩვენა.

 საინტერესოა, რა არის იესუს ლოცვა დასავლეთის ტრადიციაში? ხშირად გვესმის იმის შესახებ, რომ აღმოსავლური ქრისტიანობის თავისებურებააშინაგანზე ორიენტირებულობა, რაც უცხოა დასავლეთისათვის. რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ასეთი შეხედულება?

–  პირველ რიგში ვიტყვი, რომ კათოლიკური ეკლესია უზარმაზარი ორგანიზაციაა, რომელშიც შედის მილიარდობით კათოლიკე. კათოლიციზმის შიგნით არსებობს სხვადასხვა განშტოებები, რომლებსაც შეუძლიათ ერთმანეთთან დაპირისპირება, ასევე ურთიერთგამორიცხვა. ბევრი აღნიშნავს, რომ დასავლეთში მართლმადიდებლობის აღმოჩენით, ხალხმა თავიდან დაიწყო თავისი სულიერი ფესვების გამოკვლევა. ხშირად ასეთი აღმოჩენები ხდება ხატების, საგალობლების, ლიტერატურის დახმარებით. კათოლიკურ სამყაროში, ბევრ რუს წმინდანს სცემენ პატივს: სილუან ათონელი, სერაფიმე საროველი… ჩვენთან მონოზვნად აღკვეცის დროს ხშირად ენიჭებად სახელი სერაფიმე; სერაფიმე საროველი მიცვალებულთა კვერექსშიც კი მოიხსენიება.

დასავლეთის მონოზვნობის სათავე აღმოსავლეთია, ის გაჩნდა დასავლეთში ძალიან ადრე: წმ. ანტონი დიდის ცხოვრება დაწერა წმ. ათანასემ ლათინელი ბერების თხოვნით. ცხოვრება არ დაიწერებოდა, ლათინელ ბერებს რომ არ ეთხოვათ მისთვის. ტექსტის ორიგინალი ბერძნულ ენაზეა, მაგრამ უძველესი ხელნაწერები ლათინურია.

ასე რომ, საუკუნეების განმავლობაში, აღმოსავლეთი მონოზვნობის ორიენტირია. მაგრამ ამ ორიენტირის აღმოჩენა ჩვენში გამუდმებით უნდა მიმდინარეობდეს… თუ ორიენტირს კარგავ თვალთახედვიდან, ისევ უნდა გაამახვილო ყურადღება მასზე. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ხდება დასავლეთის მიერ პერიოდულად აღმოსავლეთის აღმოჩენა. მაგალითად, საფრანგეთში შესაძლებელია შეხვდე ზოგ ისეთ ტრაქტატს, რომელიც პოვებს ადგილს „სათნოებათმოყვარეობის“ ტექსტში. ამის შესახებ არსებობს მართლმადიდებელი ისტორიკოს ჟან-პოლ ბესის ძალიან საინტერესო სტატია „ისიხაზმის კვალი დასავლეთში“. საინტერესო პერსონაჟი, რომელიც აღმოვაჩინე, არის ტრაპეს ორდენის დამფუძნებელი აბატი დე რანსე (Rancé 1626-1700). ის იყო პაისი ველიჩკოვსკის თანამედროვე, მაგრამ ღირსი პაისისგან განსხვავებით, რომლის სკოლა ახლაც ცოცხალია, მოძრაობა, რომელიც დე რანსემ წამოიწყო უკვე ჩამქრალია.

მრავალი ბერის ცხოვრება გამოცემულია სხვადასხვა ენაზე, მაგალითად იოსებ ისიხასტის ცხოვრება, ძალიან პოპულარულია დასავლეთში. 20-იან წლებში თარგმნეს „მწირის გულახდილი საუბრები სულიერ მოძღვართან“. ეს წიგნი გახდა ჩემი შთაგონების წყარო. მაშინ ვიყავი სტუდენტი და მანამდე არასდროს არ მინახავს სკვნილი, მე წავიკითხე, რომ სიარულის დროსაც შეიძლებოდა ლოცვა, და მეც მივყევი ამ წესს. უნივერსიტეტიდან წამოსვლის ან წასვლის დროს, ვლოცულობდი იესუს ლოცვას, და ის დამკვიდრდა ჩემს გულში.

ახლა იესუს ლოცვა ძალიან გავრცელებულია დასავლეთში. სხვათა შორის (იცინის), თუ გინდათ რამით მასიამოვნოთ, მაჩუქეთ სკვნილი, პატარა თუ დიდი, არა აქვს მნიშვნელობა. მორწმუნენი მოდიან ჩემთან აღსარების სათქმელად და მეკითხებიან, ხომ არ მაქვს სკვნილი.

მე ვევედრები ღმერთს, არ მოხდეს ისე, რომ კვლავ დავივიწყოთ ყველაფერი, და ასი წლის შემდეგ, თავიდან მოგვიწიოს აღმოსავლური სულიერების აღმოჩენა. დღეს უნდა ჩავუღრმავდეთ ყველაფერს: აღმოსავლეთის და დასავლეთის ეკლესიები უნდა დაუახლოვდნენ ერთმანეთს. თავისუფლად ვამბობ ამას – დღეს აღარ წვავენ ცეცხლზე ამისთვის. მე არ ვსაუბრობ ეკუმენიზმზე – ეს სიტყვა გახდა ორაზროვანი – მაშინვე მახსენდება დალაი-ლამა და სხვა. არც ეკლესიის ერთიანობაზე ვსაუბრობ, რადგან ერთობის ცნებაში ყველა გულისხმობს საკუთარ სქემას, მიდგომას: ერთსა და იმავე სიტყვას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა მნიშვნელობა. თანამედროვე კათოლიკეებს შეუძლიათ წარმოიდგინონ ერთობა მხოლოდ იმ ფორმით, როგორიც არის კათოლიკური ეკლესიის შიგნით. მართლმადიდებლებისთვის კი ასეთი ინსტიტუციონალური ერთობა უცხოა. ერთი ადგილობრივი ეკლესიის შიგნით – კი, მაგრამ არა სხვადასხვა ეკლესიებს შორის. და ამის გამო, სამწუხაროდ, თქვენ არ გაქვთ შემუშავებული ისეთი მექანიზმი, რომელიც გადაწყვეტდა შინაგან უთანხმოებას. არის, რა თქმა უნდა, საეკლესიო კრება, მაგრამ… ეს სხვა საკითხია.

რაც შეეხება ძირითად თემას, ვიტყვი, რომ მუდმივად უნდა მივმართავდეთ წმინდა მამებს: ძველ „ამბროსიანულ“ ლიტურგიაში არის კვერექსი, რომელმაც იარსება ვატიკანის II კრებამდე, მაგრამ შემდეგ დაიკარგა. მასში იყო თხოვნა: ,,მშვიდობისათვის ეკლესიათა შორის, ურწმუნოთა მოქცევისათვის და ბარბაროზთა მშვიდობისათვის, ვილოცოთ”

მაშ რა არის მშვიდობა ეკლესიათა შორის? ეკლესიების შესახებ ვსაუბრობთ მრავლობით რიცხვში, მიუხედავად იმისა, რომ სარწმუნოების სიმბოლოში (მრწამსში) მოხსენიებულია მხოლოდ „ერთი, კათოლიკე და სამოციქულო“ ეკლესია. მაგრამ ერთი ეკლესიის არსებობა შესაძლებელია მხოლოდ მრავალ ეკლესიათა შორის. ეს თხოვნაა – პროგრამაა, რომელიც უნდა განხორციელდეს. უნდა ვიშრომოთ, იმისათვის რომ ჩვენი ეკლესიები მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ.

დღეს ჩვენ ვხედავთ ამის შესაძლებლობას. დასავლეთში მართლმადიდებელი ეკლესია უმცირესობაშია. ის მატერიალურად გაჭირვებულია, ხშირად იმის შესაძლებლობაც არ არის, რომ აშენდეს ტაძარი. მიუხედავად ამისა, არანაირი სირთულე არ ჩნდება, როდესაც კათოლიკური ეკლესია გადასცემს ტაძრებს მართლმადიდებელ მრევლს. მილანის კარდინალმა, მაგალითად, გადასცა სამი დიდი უძველესი ტაძარი. ჩვენს მორწმუნეებს უხარიათ და კეთილმოსურნეობას გამოხატავენ მართლმადიდებლებისადმი. არასოდეს, ჩემი აზრით, მთელი ისტორიის განმავლობაში, დასავლეთში მცხოვრები ხალხი არ ყოფილა ასე კეთილად განწყობილი აღმოსავლეთის ქრისტიანებისადმი, როგორც ახლა. დასავლეთში ამას დადებითი ნაყოფი გამოაქვს.

პირადად ჩემთვის იდეალს წარმოადგენს ეკლესიათა შორის მშვიდობის მიღწევა, მნიშვნელოვან საკითხებზე არსებული ცრუ წარმოდგენების მინიმუმამდე დაყვანა ისე, რომ მომავალში შესაძლებელი იყოს ურთიერთპატივისცემით ამ საკითხებზე მსჯელობა.

 შემდეგი კითხვა უკავშირდება მაგალითებს, რომლებიც მართლმადიდებელ გარემოში ხშირად აღიქმება, როგორც კათოლიკური მისტიკის არასწორი მიმართულების მაჩვენებლები. თუ აღმოსავლეთში გონებითი საქმობის მთავარ პირობად მიიჩნევა სულის სიწმინდე, მასში ღვთაებრივი ნათელის მოქმედებისათვის, მაშინ ისეთი მოღვაწეების მაგალითები, როგორიც არის დედა ტერეზა, წარმოგვიდგება სრულიად საწინააღმდეგოდ: ამ შემთხვევაში ღვაწლის მიზანია ექსტაზის მიღწევა, რომლითაც ადამიანი განიცდის ღმერთს. საინტერესოა თქვენი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით.

–  კათოლიკურ ეკლესიაში, მისტიკის ორი სახე არსებობს: ზომიერი (გონებითი) და ეგზალტირებული. ორივე ეს მიმართულება დანერგულია მონაზვნურ ტრადიციაში. პირველი მიმართულება, რომელიც მიემართება წმ. მაკარს, ანტონს, ევაგრეს, – შინაგანი მისტიკაა, „გონებითი“ საქმობაა. მაგრამ იმავე წმ. მაკარის ჰომილიებში არსებობს სხვა მიმართულებაც, უფრო აფექტური მისტიკა. ამიტომ მას ტრადიციულად მიიჩნევენ მესალიანობის ანუ ასეთი ეგზალტირებული მონოზვნობის წარმომადგენლად. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, ჩვენ უბრალოდ ვაწყდებით სხვადასხვა სახის სულიერ ტემპერამენტს, ასე რომ რთულია იპოვო საერთო ენა: „ჭკვიანი“ ეტყვის მოწინააღმდეგეს: „შენ მგრძნობიარე ადამიანი ხარ“, მეორე კი უპასუხებს: „შენ მხოლოდ მსჯელობ, შინაგანი გამოცდილება კი არ გაქვს“. ორივე მოსაზრება არასწორია.

ამასთანავე, უნდა ვაღიარო, რომ შუა საუკუნეებში დასავლეთში იყო მისტიკური მიმდინარეობები, განსაკუთრებით ქალების, რომლებიც ჩემთვის უცხო და მიუწვდომელია. მე ვეკუთვნი სხვა სკოლას. მე არ მაქვს, ასე ვთქვათ, ის ორგანოები, რომლებიც დამეხმარებოდა ასეთი აფექტური, ეგზალტირებული მისტიკის გაგებაში. ჩემთვის სულიერი ცხოვრების ძირითადი წესია – ზომიერება, ეგზალტაციის არ არსებობა, რადგან ეს უკანასკნელი – ნიადაგია ბოროტი სულების ხრიკებისათვის. ზუსტად ამას ვხვდებით დღეს ქარიზმატებთან. უნდა ვიყოთ უაღრესად ფრთხილნი, გონიერნი, უნდა გვქონდეს ძალიან დიდი სიუბრალოე და სისუფთავე, რომ არ შევცდეთ, არ ჩავვარდეთ იმ შეცდომაში, რომელსაც ევაგრე უწოდებს მიმბაძველობას, სულიერი, მისტიკური მდგომარეობის იმიტაციას. დღეს ასეთ მდგომარეობას უწოდებენ თვითშთაგონებულს, კერძოდ მოჩვენებით მისტიკურ (სულიერ) მდგომარეობას.

თეოფანე დაყუდებულს, რომელიც, სხვათა შორის, ძალიან პოპულარულია დასავლეთში, ჰქონდა დასავლური მისტიკის ძალიან დახვეწილი გაგება. ერთხელ მან წამოიძახა: „ოჰჰ, ეს დასავლეთელები, რომლებსაც არ შეუძლიათ გაარჩიონ ფსიქიკური და სულიერი!“ და მართლაც, როდესაც მე ვესაუბრები მათ, ვინც აღსარებას მეუბნება, ვხედავ რომ ხშირად ერევათ ეს ორი მდგომარეობა ერთმანეთში. ამიტომ მიწევს სწავლება და ახსნა, თუ როგორ უნდა გაარჩიონ ის გრძნობა, რომელიც მათ ეუფლებათ, იმისგან რაც ჭეშმარიტად სულიერია და მონიჭებულია ღმრთისგან. ადამიანები ხშირად გრძნობენ შინაგანად რაღაცას და ფიქრობენ: „ აი ეს არის, ეს არის, ის სულიერი“.

თქვენ ახლა შეეხეთ ძალიან მნიშვნელოვან თემას. ეგნატე ლოიოლას სულიერ ვარჯიშებში და თომა კემპიელის ქრისტეს მიბაძვაში მთავარიაზუსტად ფანტაზიის განვითარება. როგორ ფიქრობთ, მიუხედავად იმისა, რომ კათოლიციზმში, ეს არის ერთერთი მიმართულება სხვა მიმართულებებს შორის, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს მნიშვნელოვნად და ოფიციალურად აღიარებულად კათოლიკური ეკლესიის მიერ?

–  არა, ეს მიმართულება არ დომინირებს, მაგრამ მაინც მოქმედებს იეზუიტებს შორის. ისინი ახლაც იყენებენ ქრისტეს მიბაძვის ამ მეთოდს.

სხვათა შორის, წიგნი „ქრისტეს მიბაძვა“ იყო ძალიან პოპულარული რუსეთში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ახლა გამოსაცემად მზადდება ნაშრომი – „ქრისტეს მიბაძვის“ გავლენის შესახებ რუსეთში, მის ისტორიაში. ამ გამოკვლევის ავტორთან საუბრისას, მე დამებადა კითხვა, იმოქმედა თუ არა ამ წიგნის პოპულარობამ, რომელიც წარმოგვიდგენს ქრისტე – ადამიანის სახეს, ხატწერაზე, რადგან გარკვეული დროიდან რუსულ ხატებზე ქრისტეს სახეს განსაკუთრებით დაეტყო ადამიანური ნაკვთები, რომლებიც არ არის ბიზანტიურ ხატწერაში. ადამიანური სინაზე. რა დროიდან ჩნდება რუსეთში ასეთი მიდრეკილება? თუმცა, ეს უკვე ხელოვნების ისტორიკოსებისადმი მიმართული კითხვაა.

 თეოფანე დაყუდებულის ნაშრომებიდან რომელია ყველაზე პოპულარული დასავლეთში?

–  დასავლეთში არის ბროშურები, ნაწყვეტები მისი შემოქმედებიდან. იღუმენმა ხარიტონმა, ვალაამიდან, ორ მსოფლიო ომს შორის შუალედში დაწერა წიგნი „ლოცვის ხელოვნება“. ეს არის ანთოლოგია ლოცვის შესახებ, გადმოცემა იმისა, რაც მან თვითონ წაიკითხა და იცოდა. ამ ნაშრომის ნაწილი – ნაწყვეტები საკმაოდ პოპულარულია.

 ხომ არ ფიქრობთ, რომ თანამედროვე სულიერების და მონოზვნობის ამოცანაა, გააკეთოს ის, რაც თავის დროზე გააკეთა წმინდა თეოფანემმოარგოს პატრისტიკული ტრადიცია თანამედროვეობას?

–  სინამდვილეში, ჩემი მიდგომა ასეთია – უფრო გვიანდელი პატრისტიკული მწერლობა უნდა ისწავლებოდეს ადრინდელთან ერთობლიობაში. ყოველი გვიანდელი წმინდა მამა უნდა შემოწმდეს ძველი ტექსტებით. ეს ჩემი მეთოდია.

როდესაც ჩემთან მოდის ახლად მოქცეული, მე ვაძლევ მას ძირითად ტექსტებს – მეუდაბნოე მამების გამონათქვამებს, სათნოებათმოყვარეობას და ა.შ. ამის წაკითხვის შემდეგ, ის შეძლებს იკითხოს, რასაც მოინდომებს. თავდაპირველად ახლად მოსულს უნდა განუვითარო გემოვნება, შემდეგ როდესაც მისი გემოვნება დაიხვეწება, ყოველი ნაწარმოების წაკითხვისას თვითონ შეძლებს განსაზღვროს ჭეშმარიტია თუ არა ის.

 კიდევ ერთი კითხვა მაქვს ასკეტიკაზე. შეიძლება ითქვას, რომ მონოზვნობაელიტაა, ეკლესიის ავანგარდია, მიუხედავად იმისა, რომ მორწმუნეების უმეტესობას შეადგენენ ერში მცხოვრებნი. როგორც ვხედავთ, ქრისტიანული ეთიკა წარმოუდგენელია ასკეტიზმის გარეშე. მაგრამ, რას უნდა დაეყრდნონ მაშინ ერში მცხოვრებნი? როდესაც მონოზვნურ ცხოვრების წესს ვიყენებთ ოჯახში, ეს უკანასკნელი ნადგურდება, თანაც ნადგურდება ქრისტიანობასთან ერთად.
აქედან მომდინარეობს ერთერთი მთავარი საყვედური ქრისტიანობისადმიანტიჰუმანურობა. ყველა უნდა გახდეს მონოზონი, ადამიანის ერული ცხოვრება დასაშვებია, მაგრამ არა მისასალმებელი. ეს ხდება დამაბრკოლებელი ბევრი ადამიანისთვის, რომელიც მიისწრაფვის ქრისტიანობისკენ: მათ უნდათ ცხოვრებისეული სიხარული, არა ცოდვის ჩასადენად, არამედ სრულფასოვანი ცხოვრებისათვის. შესაძლოა ისინი ეკლესიაში ყოფილიყვნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად გვერდს უვლიან.

– პირველ რიგში, ქრისტიანობაში არ არის სულიერება ცალკე მონოზვნისთვის, ერისკაცისთვის, მღვდლისთვის. ქრისტიანული სულიერება ერთია. მართლაც, გარედან რომ შეხედო, შესაძლებელია ითქვას, რომ მონოზვნობა – ეკლესიის ელიტაა. მაგრამ ცალკეულმა მონოზონმა არ უნდა იფიქროს ამაზე, არ უნდა თვლიდეს თავს ასეთად. ერთ-ერთი ცნობილი მეუდაბნოე მამის თქმით, ის ცხოვრობს უდაბნოში, რადგან არ არის ერში ცხოვრების ღირსი. ყველაზე დიდი სათნოება, როგორც მონოზვნისთვის, ასევე ერისკაცისთვის – არის მორჩილება.

მე ვფიქრობ, რომ მართლმადიდებელი ბერების განმასხვავებელი თვისებაა დიდი სიყვარული, თანაგრძნობა ყოველი ადამიანისადმი.

ერთხელ მე მივემგზავრებოდი ათონზე და გემზე იყო ბევრი ერისკაცი: საქმიანი ადამიანები, ბანკირები. მათ თქვეს, რომ მიდიოდნენ ათონზე თავიანთ სულიერ მამებთან: „ჩვენი სულიერი მამები, ათონზე, ძალიან მკაცრები არიან, სამაგიეროდ მათ იციან ჩვენ შესახებ, იციან რა წამალი გვჭირდება განსაკურნებლად“. მათ შორის იყვნენ ახალგაზრდებიც, დაოჯახებულები. მათ შეეძლოთ წასულიყვნენ ნებისმიერ სხვა მოძღვართან, ერში, რომელიც ეტყოდა: „ეს ყველაფერი არ არის მნიშვნელოვანი“, მაგრამ ისინი მიდიან მკაცრ ასკეტთან, რომელიც მათთან ერთად იტირებს მათი ცოდვების გამო. რომ შემდეგ მისცეს ის მკურნალობა, რომელსაც გაუმკლავდებიან და რომელიც გამოაჯანმრთელებს მათ. ერთს – ერთ წამალს მისცემს, მეორეს – მეორე წამალს.

დავუბრუნდეთ თქვენს კითხვას: ნამდვილად, ამ სირთულეს ყოველდღე ვაწყდები. მე წავედი ერიდან 28 წლის წინ, რომ გავმხდარიყავი განდეგილი. მაპატიეთ, ცოტას მოგიყვებით ჩემზე. არ მინდოდა, ვყოფილიყავი მეცნიერი, მოძღვარი, მე ვთარგმნე ის ტექსტები, რომლებიც, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი იყო, მინდოდა რომ ისინი ხელმისაწვდომი ყოფილიყო ყველასთვის. მაგრამ ХХ საუკუნის ადამიანმა როგორ უნდა გაიგოს IV საუკუნის ტექსტი? მიწევდა ცოტა წყლის დამატება ამ „კეთილ ღვინოში“, რომ ადამიანებისთვის გასაგები ყოფილიყო. შემდეგ ხალხი რჩევას მთხოვდა. თანდათანობით ბევრისთვის გავხდი სულიერი მამა. ჩემი სულიერი შვილების 90% არიან დაოჯახებულები, ქალები ცოტანი არიან, რადგან მონასტერი მათთვის დაკეტილია; მღვდლებიც ცოტანი არიან.

მაშ რა შემიძლია გავაკეთო, რომ დავეხმარო ერში მცხოვრებ ძმებს, რომლებიც არიან ბიზნესმენები, ოსტატები? როგორ დავეხმარო მათ, რომ იცხოვრონ ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრებით, როდესაც ყველაფერი ამის საწინააღმდეგოდ მოქმედებს?

პირველ რიგში, მე ვაძლევ მათ ლოცვის წესს, რომელიც მორგებულია მათ პირად ცხოვრებას: ახალგაზრდები არიან თუ მოხუცები; მრავალშვილიანები არიან თუ არა. მე ვთვლი, რომ ლოცვა შეიძლება მხოლოდ ერთიანი მეთოდით. არ არსებობს ისეთი გაგება, როგორიც არის განსაკუთრებული მონოზვნური, მონასტრული ლოცვა – უბრალოდ, ჩვენ, ბერებს, უფრო მეტი დრო გვაქვს. არსებობს იესუს ლოცვა, ასევე სხვა ლოცვები. და ყოველი დილა, ყოველი საღამო ისინი დგანან ხატებთან და ლოცულობენ. თავისი „ჩვეულებრივი“ ცხოვრების ჩარჩოებში ისინი ეძებენ იგივეს, რასაც ჩვენ, ბერები. მე მაოცებს, თუ როგორ ცვლის ადამიანების ცხოვრებას, მათზე მორგებული „მონოზვნური დისციპლინა“. მე არ ვცდილობ თავს მოვახვიო მათ, ნამდვილი მონოზვნური დისციპლინა.

 პირადად თქვენთვის, წმინდა მამათა კითხვის დროს, ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა რა იყო?

–  ისააკ ასურის (ნინევიელი) კითხვისას, ძალიან ადრე მივხვდი, რომ მათი შთაგონების წყარო ევაგრე პონტოელის ნაშრომებია. მე გადავწყვიტე მის შესახებ მეტი გამეგო, ვისწავლე სირიული ენა, და აღმოვაჩინე, რომ ევაგრეს უკავშირდება დიდი რაოდენობით ცრუ წარმოდგენა. საქმე იმაშია, რომ V მსოფლიო საეკლესიო კრებაზე ის არ იყო პირადად გასამართლებული, არამედ მხოლოდ ორიგენისტებთან დაკავშირებით. და რადგან გადაწყვიტეს, რომ ის იყო ორიგენისტი, მას ბევრი სრულიად შეუძლებელი რამ მიაწერეს.

როდესაც ვინმეს ვესაუბრები ამ თემაზე, ვეუბნები: „ევაგრეს ადანაშაულებენ იმაში, რომ ის არ ეთანხმება მართლმადიდებლური ქრისტოლოგიის თითქმის არცერთ დებულებას. კარგით, მაგრამ ხომ არ თვლით უცნაურად, რომ ბასილი დიდმა ასეთი არაფერი არ აღმოაჩინა მასში. გრიგოლ ღვთისმეტყველმა მითუმეტეს, ხოლო თეოფილე ალექსანდრიელს უნდოდა, რომ ევაგრე გამხდარიყო ეპისკოპოსი (ის გაექცა მას). და ანტი-ორიგენისტებიც კი (ეპიფანე კვიპრიელი, იერონიმე), არასოდეს არაფერში არ ადანაშაულებდნენ ევაგრეს, მიუხედავად იმისა რომ პირადად იცნობდნენ. ხომ არ ვცდებით რამეში?“

monanuli-beboასე დავიწყე მთელი სერიოზულობით ევაგრეს შესწავლა. ბასილი დიდის მერვე წერილი, რომელსაც ტრადიციულად მიაწერენ წმინდა ბასილის, სინამდვილეში დაწერილია ევაგრეს მიერ. ეს წერილი მოიცავს ევაგრეს მთელ სწავლებას. ესე იგი ყოველთვის შესაძლებელია, მართლმადიდებლურად წაიკითხო ევაგრე. მაგრამ ასევე არამართლმადიდებლურად. მთავრი არის მეთოდი. იგივე ეხება „ტრაქტატს ლოცვის შესახებ“ , რომელიც ჩვენთვის ცნობილია ნილოს სინაელის სახელით. ევაგრეს ნაშრომების შესანარჩუნებლად, ისინი მიაწერეს წმინდა მამათა სახელებს, – რომ მართლმადიდებლურად შეეხედათ მათთვის. და ეს ნამდვილად შესაძლებელია.

– რომ შეგეძლოთ თქვენი თანამედროებისთვის მიგეცათ ძალიან მოკლე რჩევა ლოცვითი ცხოვრების შესახებ, რას ეტყოდით მათ?

– თუ გინდა რომ ისწავლო ცურვა, გადახტი წყალში. მხოლოდ ამ გზით შეგიძლია ისწავლო. მხოლოდ ის იგრძნობს ლოცვის მნიშვნელობას, გემოს და სიხარულს ვინც ლოცულობ . ვერ ისწავლი ლოცვას დიდ რბილ სავარძელში მჯდომარე. თუ მზად ხარ რომ დაიჩოქო, გულახდილად შეინანო, აღაპყრო შენი თვალები და ხელები ზეცისკენ, მაშინ ბევრი რამ განგიცხადდება. რა თქმა უნდ, უნდა წაიკითხო წიგნები, მოუსმინო ლექციებს, დაელაპარაკო ადამიანებს – ესეც მნიშვნელოვანია, დაგეხმარება მეტის გაგებაში. მაგრამ რა არის ფასი ამ ყველაფრის თუ ამის შემდეგ რეალურ ნაბიჯებს არ გადავდგავთ? თუ არ დავიწყებთ ლოცვას? ალბათ ეს შენც გესმის. გასაგებია, შენ ამ შეკითხვას სვამ იმის პოზიციიდან ვისაც არ წამს და ეჭვებშია. მათ ვეტყვი, რომ არაფერია ცუდი ეჭვში, სასარგებლოც კია. მაგრამ უნდა ითქვას რომ არ უნდა ვეძებოთ ის. თუმცა თუ ისინი მაინც გაჩნდება, უბრალოდ უნდა გავიხსენოთ სიტყვები რომლის გაგონების შესაძლებლობაც ყველას გვაქვს, „მოყვენ თითნი შენნი და იხილენ ხელნი ჩემნი და მოიღე ხელი შენი და დამდევ გუერდსა ჩემსა და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ (იოანე 20.27)“. სპეციალურად გვერდისთვის მოამზადა:  ია სამადაშვილმა,  ქეთევან მენთეშაშვილმა და ლუკა გორგაძემ.

ფილმი მამა გაბრიელის შესახებ