You are currently viewing კრეტის წმინდა და დიდ კრებასთან დაკავშირებული ერთი პოლემიკა…

კრეტის წმინდა და დიდ კრებასთან დაკავშირებული ერთი პოლემიკა…

Download article eBook

  ა.წ. 26 ივნისს, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) თავის facebook გვერდზე კრეტაზე გამართულ დიდ და წმინდა კრებასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა ორი წერილი (12). აღნიშნულ წერილებს თავის facebook გვერდზე გამოეხმაურა მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია), ჭყონდიდის ეპარქიის – ინჩხურის წმინდა ამბროსი აღმსარებლის (ხელაია) სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის დირექტორი. რომელსაც თავის მხრივ მეუფე ზენონის გამოხმაურებაც მოჰყვა. აღნიშნულ ტექსტებს უცვლელად გთავაზობთ:
  

გამოხმაურება მეუფე ზენონის წერილზე 

დაგვლოცეთ, თქვენო მეუფებავ! გავეცანით რა, თქვენს მიერ გამოქვეყნებულ წერილებს, ძალიან მინდოდა საპასუხო წერილის დაწერა, მაგრამ ვერ გავკადნიერდებოდი, სანამ ჩვენი ეპარქიის მღვდელმთავრისგან არ გამოვითხოვდი კურთხვას. იერარქიულობის დაცვითა და ეკლესიის სწავლების გათვალისწინებით, მოკრძალებით მოგახსენებთ ჩვენს აზრს.

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია ერეტიკოსთა და მწვალებელთა წინაშე, ფარად მუდმივად ჭეშმარიტ სარწმუნოებას იფარებდა. არ ახსოვს ჩვენს ერს სხვა აღმსარებლობებისადმი დაჩოქების ფაქტი, იძულებით, ძალდატანებით, მოტყუებით მრავლად ცდილან ეპოქების განმავლობაში მახე დაეგოთ და წმინდა სახე სარწმუნოებისა შეებღალათ ჩვენში, მაგრამ ყოველთვის გამოჩნდებოდნენ ჭეშმარიტების დამცველი მესაჭენი. საქართველოს სომხეთის ეკლესიასთან შედარება ძალიან არასწორი მიდგომაა საკითხისადმი, ვიცით, რომ საქართველოს ეკლესია „ნაციონალური“ სარწმუნოების მომხრე არ ყოფილა, უფრო მეტიც, თუ გავიხსენებთ კირიონ ქართველთა კათალიკოზისა და აბრაამ სომეხთა მეთაურის დიალოგს, აღმოვიკითხავთ კირიონის სიტყვებს: „ქართველებსა და სომხებს ერთმანეთში თანხმობა ჰქონდათ, წმიდისა უფლისა გრიგოლის მთელსავე სამწყსოს თანხმობა ჰქონდა იერუსალემის სარწმუნოებასთან, რომელსაც ჰრომაელნი მისდევენ, და სხვა რამე სიტყვა-საუბარი იქ არ შეჭრილა.

ეხლა კი საიდან-ღა გაჩნდა? რომის მამამთავარი წმ. პეტრეს საყდარზე ზის, ალექსანდრიისა — წმ. მარკოზ მახარებლისაზე, ანტიოქიისა — წმ. ლუკა მახარებლისაზე, კოსტანტინეპოლისა — წმ. იოანე მახარებლისაზე და იერუსალემისა — ძმისა უფლისა წმ. იაკობისაზე. რა სარწმუნოებაც მათ ჰქონდათ და ჩვენ და ჩვენ მამებს გადმოგვცეს და რასაც ჩვენ აქამომდე ვიცავდით, ამას ეხლა როგორ მივატოვებთ და თქვენ როგორ დაგიჯერებთ“? – ძმობა გვქონდა სარწმუნოებრივი ერთობის ჟამს, მაგრამ დაირღვა იმ წუთიდან, როდესაც სომხებმა პრეტენზია გამოთქვეს და მონოფიზიტობა მიიღეს. საინტერესოა ისიც, რომ დვინის კრებას არ ესწრებოდა 9 ეპისკოპოსი, წინააღმდეგი იყვნენ ცალკე კრების მოწვევისა. სომხურ ეკლესიას ჰქონდა მცდელობა პოლიტიკური საფრთხეები წამოეყენებინა მზაკვრულად: „რისთვის უნდა ჰქონდეს მეფეთა-მეფის ქვეშევრდომს სიყვარულის ერთობა უცხო სახელმწიფოსთან და მკვიდრ თანამორწმუნეებს კი ჩამოჰშორდეს? ეს მეტად სამძიმოაო“, როგორც მაშინ, დღევანდელი პასუხიც იგივეა ჩვენი ეკლესიისა: „ჩვენი და თქვენი მამები მეფის ქვეშევრდომნი იყვნენ და იერუსალემის სარწმუნოებრივ აღსარებას მისდევდნენ.

ამნაირადვე ჩვენც და თქვენც, თუმცა მეფეთა-მეფის ქვეშევრდომნი ვართ, იერუსალემის სარწმუნოებას აღვიარებთ და მივდევთ… ეხლა უფრო ბედნიერი ვართ ვინც მეფეთა-მეფის ქვეშევრდომად ვიქეცით, რადგან მას შემდგომ, რაც ცა და ქვეყანა არსებობს, არც ერთი მბრმძანებელი არ ყოფილა, რომელსაც ყოველი ეროვნებისათვის თავისი სარწმუნოების აღსარების უფლება მიეცეს, როგორადაც ამ მბრძანებელმა მეტადრე კი ჩვენ ქრისტიანთა სარწმუნოების (აღსარება) დაგვიტოვა… მეფეთა-მეფე რომაელთა ისეთივე მბრძანებელი არის, როგორიც არიელებისაა“-ო. ქართლის კათალიკოსის ეს ოსტატური პასუხი იმაზეა აგებული, რომ ხოსრო მეფემ, მართლაც, ქრისტიანობის აღსარების თავისუფლება გამოაცხადა და მის ქვეშევრდომებად მარტო არიელები კი არ იყვნენ, არამედ ბერძნებიც: რაკი თვით სპარსეთის მეფე თავისი სარწმუნოების აღსარებას არავის უშლიდა, საქართველოსაც თავისი აღსარების არჩევანი სრულებით თავისუფლად შეეძლო, ის ასეთ პირობებში ქალკიდონიანობას ჰრჩეობდა და მხოლოდ სომხურ ეკლესიასთან ერთობის მაგიერ მთელ მაშინდელ რომაულსა და ბიზანტიურ ქრისტიანობასთან კავშირს სთვლიდა უმჯობესად.

კონსტანტინეპოლის, იერუსალიმის, ანტიოქიის, რუსეთის თუ სხვა ეკლესიის ხედვასთან გაგვათანაბრებენ, ამით ჩვენი შეგნება არ კნინდება, როგორც ითქვა, ეკლესია ნაციონალიზმზე მაღლა დგას და რომელი სახელმწიფოს იურისდიქციის ქვეშ მყოფი არ უნდა იყოს ესა თუ ის ეკლესია, ჩვენთვის მთავარია ძველი მოტივების ერთგულება, რაზეც დამყარებულია ეკლესიის სული: “თუ რომ ჩვენი სარწმუნოების გამოძიება და ცოდნა გნებავთ, მე გადმოვათარგმნინე და გაახელით ოთხთა კრებათა წიგნები, რომლითაც ჰრომნი ხელმძღვანელობენ და ანასტას წმიდასა და წმიდა სიონში იქადაგების. გინდათ, თუ არა, ჩვენი სარწმუნოება ეს არის“… რომელ მხარესაც არ უნდა გვატრიალონ, ჩვენ ერთი ხედვა გვაქვს ზევით, ჭეშმარიტებისკენ და ამ იდეაში დასავლეთი, აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი თუ სამხრეთი იქნება, ჩვენთვის, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. უფალმა თავად დაგზავნა მოციქულები ყველგან, მიუხედავად სახელმწიფო ტირანიისა: „ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი“ (ფს. 18.4), რაც მტკიცდება სახარებისეულად: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი“ (მთ. 28. 19).

ეკლესია მწვალებლობაშია, ერესშია, ნაციონალიზმსა თუ სქიზმაში ამას არა აქვს მნიშვნელობა, ოთხივე ერთმანეთის სინონიმად გამოგვადგება. თუ საქართველოს ეკლესიას რომელიმე სახელმწიფოს სატელიტად მივიჩნევთ რელიგიური ნიშნით, მაშინ რა არის მისი მახასიათებელი? რაში ვდებთ ბრალს იმ ეკლესიებს, რომელთაც ჩვენს მსგავსად უარი თქვეს გარკვეული საკითხების არ წამოყენების გამო წასვლაზე. საქართველოს ეკლესია იმპერატიულად არ საუბრობს და არ უთქვამს, რომ ეთიშება მსოფლიო ერთობას, მართლმადიდებლობას და ცალკე დაჯგუფებით ხეირობს. სტატიების ფონზე გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს კონკრეტული პირების სურვილია ან ოცნება, რათა თვითონ მოწინავე აზროვნებით დაჯილდოვდნენ. ქართველები მხოლოდ რწმენის ერთგულებით ვართ მოტივირებული, ამის გამო სომხების მსგავსად თუ ვინმე შეგვაჩვენებს, არც ეგ გაგვიკვირდება. სომხებმა, თავის დროზე, მწარედ დაწერეს: „ჩვენ ბერძნების შესახებ პირველ მოძღვართა გამოტანილი დადგენილების ქართველებზეც გავრცელებას ვბრძანებთ, — რომ მათთან სრულებით არავითარი დამოკიდებულება არ ჰქონდეთ არც ლოცვაში, არც ჭამა-სმაში, არც მეგობრობაში, არც შვილების აღზრდაში, რომ მცხეთისა და მანგლისის ჯვრების კარზე სალოცავად აღარ გაემგზავრნენ ხოლმე და ჩვენ ეკლესიებში არ შემოუშვან, ერთმანეთშორის ჯვარის წერასაც სრულებით თავი დაანებონ.

ნებადართულია მათგან მხოლოდ ყიდვა-გაყიდვა, ვითარცა ებრაელთაგან. ამ განკარგულებას ძალა ალბანელების შესახებაც ჰქონდეს“ – აქიდან მარტივია დასკვნა, პირიქით, ქართველები არ მორიდებიან მეზობლებთან სახელმწიფო ურთიერთობის გაუარესებას, მთთან კონფლიქტს სარწმუნოების გამო: „ღმერთთან კონფლიქტს, ადამიანებთან კონფლიქტი არჩიეს!“ მეზობლობა დღესაც ვერ განსაზღვრავს ჩვენს რწმენას, საფუძვლად არსად დაუსახელებია ჩვენს ეკლესიას: რუსეთი, ანტიოქია, ბულგარეთი რადგან არ მიდის, ჩვენც არ წავალთ. ჩვენი მოტივი სინოდმა დაადგინა თვალსაჩინოდ, რომ: არ გაითვალისწინეს ჩვენი ხედვები, დოკუმენტები შეიცავდა ეკლესიოლოგიურ და ტერმინოლოგიურ ცდომილებებს და ა.შ. აღარ ვასახელებთ სხვა ეკლესიის მიერ წამოყენებულ პრეტენზიებს. შენიშვნებს ყველა გვაძლევს, თუმცა ჩვენი ხმა არავის აინტერესებს. წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილი წერს: „სადაც იესო ქრისტეა, იქაა კათოლიკე ეკლესია“ (ეპისტ. სმირნელებისადმი 8.2)

კრების არასწორმა დაგეგმვამ გამოიწვია განსხვავებული აზრები, რითაც ბუნებრივია, ირღვეოდა მოციქულთა მიერ დაწესებული კრებითი სული. ადგილობრივ ეკლესიის ყველა მღვდელმთავარებს აქვთ მოციქულებრივი ფუნქცია. ყველა მოციქული თანასწორი უფლებით სარგებლობდა, ასევე ყველა მღვდელმთავარი თანასწორი ფუნქციითაა. პირველი კრების თავმჯდომარე იყო იერუსალიმის პატრიარქი, მოციქული იაკობი (საქმე მოც. 15,13). საინტერესოა, სხვა ეკლესიის მეთაურთა სმენა მიზანშეწონილია და ჩვენი ეკლესიის ხმა უგულვებელყოფილი, უმრავლესი ეპისკოპოსებისა კი საერთოდ დადუმებული. კრებითობის მომხრეა ჩვენი ეკლესიის ისტორია (შედ. იპოლიტე რომაელი, „მოციქულთა გადმოცემა”) ეკლესიის თავი თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტეა; წმ. მოც. პავლე ამბობს რომ ღმერთმა „ყოველივე დაამროჩილა ქუეშე ფერხთა მისთა და იგი მისცა მთავრობად ზესთა ყოველთა ეკლესიისა, რომელ-იგი არს გუამი მისი, აღსავსებაი იგი, რომელმან ყოველივე ყოველსა შინა აღავსო“ (ეფ. 1,22-23).

„დიდი კრების“ გამართვის პრაქტიკა არ არის ახალი, თვით „დიდი სჯულისკანონი“ მოგვითხრობს ამ საკითხზე: „ასეთის შესახებ ადგენს დიდი კრება“ (ნიკეის I მს. კრების მე-5 კნ.), „დიდი კრება“ ხშირად იმართებოდა და შეგვიძლია მომავალშიც მისი მოწვევა, ასეთი აჟიოტაჟი უბრალოდ გაუგებრობად მიმაჩნია. ამ კრებაზე, საინტერესოა რომ „ყველა ეპისკოპოსის საერთო ბჭობა მართალი იქნება“ (იქვე, კან. 5, ამ კრებას ხომ „საერთო ბჭობა“ არ იქნებოდა?! სიმართლის პრინციპი დარღვეულია, მარტივი მიზეზით, ეპისკოპოსებს ხმის უფლება წართმეული აქვთ). კრება „დიდად“ არ იწოდება თუ ირღვევა სხვა ადგილობრივი ეკლესიის ინტერესები ან სხვა ეკლესიებისთვის რაიმე მიუღებელს განიხილავდნენ . მაგ. სარდიკიის (343), რიმინის (359), ეფესოს (449), კონსტანტინეპოლის (754) და სხვ. კრებები ამის ნათელი მაგალითია. ამ კრებებზე დაირღვა ერთობის სული, მიუხედავად „ერთობლივი შეკრებისა“, 381 წელს არ ესწრებოდა დასავლეთი, ასევე 553 წელს მე-5 მს. საეკ. კრება მოიწვიეს იუსტინიანეს თხოვნით, მიუხედავად პაპ ვიგილიუსის წინააღმდეგობისა. პაპი არ გამოცხადდა, თუმცა გადაწყვეტილებას შემდგომში დაეთანხმა. ჩვენი ეკლესიაც მიიღებს გადაწყვეტილებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შენარჩუნდება წინა კრებების სული.

საუკუნეების მანძილზე, ეკლესიის ისტორიას ახსოვს, რომ განხეთქილებას ერთი მიზეზი ედო სარჩულად: ძალაუფლება, ხელმწიფებისა და პირველობის სურვილი. უფალმა აუკრძალა კიდეც მოციქულებს ფიქრი პირველობასა და უფროსობაზე (მარკ: 10, 35-44). მართლმადიდებელთა შორის პირველი განყოფა და განხეთქილება სწორედ ამ „აქტმა“ წარმოშვა, დღეს კი რომის საკრებულოს ცალკე წარმონაქმნად ვხედავთ, იგი მწვალებელთა მანდატით სარგებლობს. პაპ ნიკოლოზს ხელისუფლების მოყვარე სული ჰქონდა, სურდა განევრცო იურისდიქცია ყველა კუთხით: დასავლეთით და აღმოსავლეთით, რაც იდენტურია დღევანდელ რეალობაშიც. კარგად ჩანს განცხადებებიდან, რომ საქართველოს ეკლესიის პრობლემები ნაკლებად მნიშვნელოვანია მათთვის. მსოფლიო საეკლესიო მონარქია ჯერ ვერ შექმნეს, რასაც წმინდა ბასილი დიდი დასავლური ამპარტავნების ნატვრად თვლიდა. დასავლეთი გამოგვეყო და დარჩა ამ სულის ახალი „კოპირებები“. ეკლესიის ისტორიამ გვიჩვენა პირველობის სურვილმა როგორ დაანგრია პაპი ნიკოლოზი, მან პატრიარქი ფოტი განკვეთა იმის გამო, რომ მისი დელეგატები თითქოსდა უპატიო ადგილას დაადგინა. ყველაზე მთავარი ავიწყდებათ განმჩხრეკელთ კრებისა: „მამათა და ეპისკოპოსთა სიძულვილით განმკითხველნი და ცილისმწამებელნი ნუ მიიღებიან”.

პაპმა ანათემას გადასცა ფოტი „მე-8 საეკლესიო კრებაზე“ (პაპისტებისთვის ასეთი სახელწოდებითაა ცნობილი) და ხელმეორედ მირონი აცხო მის მონათლულებს. ეს კრება ჩატარდა 869 წელს, სადაც ფოტიმ თქვა: ჩემი ნებით არ მოვსულვარ, არამედ იძულებით და ამიტომ, დავითის თქმით ბაგის გახსნას არ ვაპირებ: „ვიმარხნე გზანი ჩემნი, რათა არა ვცოდო ენითა ჩემითა; „დავსდევ საცოი პირსა ჩემსა“ (ფს.38.1). დღესაც, კონსტანტინეპოლი თითქოს ილია სინკელის სიტყვებს იმეორებს: „ჭიმითა და აღვირითა უქცინე ღაწუვნი მათნი, რომელნი შენ არა მიგეახლნენ“ (ფს.31.9), ისინი ამბობენ „მაინც მიგაღებინებთ დადგენილებებს“, ძალით მიიყვანეს ფოტი კრებაზე, რაც ამჟამად არ ხდება ღვთის მადლით, თუმცა მცდელობა და იმპერატივიზმი დიდია. ფოტის სიტყვები იყო: „ღმერთს მაშინაც ესმის, როდესაც ვდუმვარ“, „იესო განისაჯა, როდესაც დუმდა“. თითქოსდა იგივე პრეტენზიებია დღესაც, რაც მაშინ. ჩვენი უფლებები გათვალისწინებული არ არის, პატრიაქრქი ფოტი როდესაც კვერთხით მივიდა მას ჩამოართვეს ეს ძალაუფლება და უკანასკნელ ადგილას დასვეს.

დღესაც, წასვლისას ხმის უფლება არა, პრობლემატურ საკითხებზე საუბარი არა, მაშ რას ეფუძნებოდა შეხვედრა? განა ისედაც არ ხვდებიან ეკლესიის მეთაურები ერთობლივად ერთმანეთს ერთიან წირვაზე? თუ მხოლოდ მათი „შეკრებაა“ – „კრება“, ეს ყოველთვის შესაძლებელი იყო. კრება არ უნდა იყოს ძალაუფლების დემონსტრირების ადგილი, კრებამ უნდა გაგვაერთიანოს და თან პრობლემები გადაჭრას. სადაც საჭიროა ქირურგიული ჩარევა, ჩაერიოს, სადაც საჭიროა დააყვავოს. მეუფე ზენონის (იარაჯული) განცხადება „ცენტრმა, პირველად მოახდინა მსოფლიო მასშტაბის “მსოფლიოობის“ დემონსტრირება. ფაქტია, ეკლესიის უმრავლესობამ, მისი პოზიცია დაიცვა და გაამყარა. მსოფლიო საპატრიარქოს სერიოზული მოცილე- მეტოქე კი, ამ ეტაპზე დამარცხდა“ – გაუგებარია, რადგან ინიციატორი კი არ არის მთავარი ან მეორე ეკლესია არა მთავარი, ჩვენი ქრისტეში ერთობაა ყველაზე უმთავრესი.

ეკლესიებს შორის მრავალი უთანხმოება მომხდარა დოგმატურ, ეკლესიოლოგიურ და კანონიკურ საკითხებზე, თუმცა სანამ ფორმულირება არ იქნებოდა მრწამსის სიზუსტისა ერთმანეთს „ომს“ არ უცხადებდნენ, ეკლესიის ისტორიაში ყოფილა პატრიარქთა დაპირისპირების შემთხვევები, მაგრამ მთავარი ის კი არ იყო, რომელ საპატრიარქოს ეკუთვნოდნენ, მთავარი იყო რა აზრზე იდგნენ! ჩვენ კარგად ვიცით, რომ კონსტანტინეპოლის პატრიარქი ნესტორი დაგმო ეკლესიათა ერთობამ, მისი ერესისადმი სიყვარულის გამო. მას პატივს სცემდნენ მკაცრი ცხოვრების, განსწავლულობისა და მჭევრმეტყველებისთვის. ნესტორი გასაქანს არ აძლევდა არიანელებსა და სხვა ცრუმასწავლებლებს, დაუნდობლად ამხელდა საეკლესიო წესებიდან უმცირეს გადახვევასაც კი. მიუხედავად ამისა, მან ჭეშმარიტება სიცრუისგან ვერ განარჩია, ამიტომაც ალექსანდრიის პატრიარქმა, წმინდა კირილემ იგი ამხილა და კრებაზე დაგმო მისი სწავლება. საბოლოოდ კი მს. საეკლესიო კრებამ მწვალებლად სცნო ნესტორი. მსგავსი ისტორიები მრავლად გვაქვს. მს. პატრიარქობა არ ნიშნავს უცდომელობის გარანტს, ყველა ეკლესია სულიერი ხაზით თანასწორია, არ შეიძლება თქმა: „მართლაცდა, თუ ერთი ამბობს: მე პავლესი ვარ, ხოლო მეორე: მე აპოლოსისო, განა ხორციელნი არა ხართ?მაგრამ ან პავლე ვინ არის და ან აპოლოსი? მხოლოდ მსახურნი, რომელთა მეშვეობითაც ირწმუნეთ და თანაც იმდენად, რამდენადაც უფალი შეეწია თვითეულ მათგანს.“ (1კორ. 3. 4-5);

ჩვენ ყველანი ქრისტესნი ვართ და საუბარი დამარცხებასა და გამარჯვებაზე არასწორია. ეკლესია ქრისტესგან იღებს ერთობას, ხოლო თუ დარღვევები შემოდის მნიშვნელობა არა აქვს ამის ინიციატორი ვინ იქნება და შემდგომ ვინ მიემხრობა, მთავარია ქრისტესნი დავრჩეთ. საქართველოს ეკლესიის მოწოდება კი სწორედ ეს იყო „ქრისტესნი დავრჩეთ“, ამიტომაც გადავდეთ „დიპტიხის“ საკითხი და ა.შ. მართლმადიდებელთა საყოველთაო ერთობა დასტურდება მიუხედავათ არ მონაწილეობისა ან არ წასვლისა, უფრო მიზანმიმართულ წერილს გავს ან „გახლეჩვის სურვილს“, ვიდრე ისტორიულ სინამდვილეს. ჩვენ გვაქვს ეკლესიის ისტორიაში მაგალითები, როგორც აღვნიშნეთ: 553 წელს მე-5 მს. საეკ. კრება მოიწვიეს იუსტინიანეს თხოვნით, მიუხედავად პაპ ვიგილიუსის წინააღმდეგობისა. პაპი არ გამოცხადდა, თუმცა გადაწყვეტილებას შემდგომში დაეთანხმა. ვნახავთ რა მიიღეს, რა საკითხებზე იყო საუბარი, ჩვენი ეკლესია რომელ აზრსაც ღებულობდა დაეთანხმება, ხოლო რაც მიუღებელი და სამსჯელო თემა აღმოჩნდება, მისგან თავს შევიკავებთ.

თავის დროზე „ეკუმენიზმზეც“ მსგავსი შეხედულება ჩამოაყალიბა ჩვენმა ეკლესიამ, თუმცა ევქარისტიული კავშირი არ გაუწყვეტია. ყველაზე დიდი საფიქრალი ამ ეტაპზე ის არის რომ ანტიოქიასა და იერუსალიმის ეკლესიას ევქარისტიული კავშირი გაწყვეტილი აქვთ, ამაზე დიდი განხეთქილება ნამდვილად არ გვაქვს განსაჩხრეკი. ძმებს შორის ერთობა დაირღვა და რომელ ძმობის სიყვარულზე ვდებთ თავს? დასწრება ან არ დასწრება თქვენთვისაც არ ყოფილა მთავარი, რამდენადაც კრების გადაწყვეტილებას მიემხრობით თუ არა, თქვენი გადასაწყვეტია. გამოუცხადებლობა თუ ავტომატურად პროტესტსა და გათიშულობას გულისხმობს, ამ თემაზე დიდ კრებაზე ისაუბრებდნენ მამები, სადაც აზრთა სხვადასხვაობა და უამრავ საკითხებზე უთანხმოება გამოიკვეთა. როგორც ფუნდამენტალიზმი, ასევე ლიბერალიზმი ერთი დოზით დამღუპველია; მსოფლიოში სხვადასხვა შეფერილი შხამის სახე აქვთ,ესენი ორ ნაწილად დაყოფილი შხამია: სიმსივნე და შიდსი! არა აქვს მნიშვნელობა რომელი მოგკლავს, ორივე სხეულს ანადგურებს!

საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ამით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უნდა შეიქმნას ერთიანი კომისია, სადაც ყველა ეკლესიის აზრი იქნება გათვალისწინებული და გატანილი, მხოლოდ შორიდან ფიქრი და ერთმანეთთან საუბარი ამ საკიტხს ვერ გადაჭრის. მთავარია ჩვენი ეკლესიის ეპისკოპოსთა ხედვა და როლი ამ დროს. გვწამს რომ უფალი, როგორც ყოველთვის დაგვიფარავს და აგვარიდებს ხიფათს და ერთსულოვნებით ქრისტეს სწავლების ჭეშმარიტებაში,მტკიცედ და შეურყევლად დაიცავს ჩვენს მართლმადიდებელ სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიას და სრულიად საქართველოს ამინ!

მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია),
ჭყონდიდის ეპარქია – ინჩხურის წმინდა ამბროსი აღმსარებლის (ხელაია) სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის დირექტორი.  


 მთავარეპისკოპოსი ზენონის გამოხმაურება:

ქრისტეში კეთილმსახურ მღვდელმონოზონ ანდრეას, რომელმაც მეუფე პეტრეს კურთხევით საჯარო წერილით მომმართა 

მამაო ანდრეა, პირველ ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ საქებარია თქვენი თავაზიანობა და მოკლე განმარტებას გადმოგცემთ თქვენი წერილის პასუხად. იმისთვისაც, რომ ზოგიერთი ჩემდამი მტრულად განწყობილი “ფსევდო ეკლესიური” დაჯგუფება, ცდილობს დააკნინოს ჩემი პიროვნება. არ თაკილობენ რა წლების მანძილზე ცილისწამების უმომავლო არჩევანს: “ეკუმენისტის”, “პატრიარქისადმი მტრულად განწყობილის” და სხვა უმსგავსობათა ბრალდებით. მამაო, რასაც ეკლესიათა განყოფის შესახებ გადმოსცემთ წერილობით თქვენს პუბლიკაციაში და ეხება ეკლესიათა განყოფის შესახებ ისტორიულ პროცესებს და ერესის შინაარსობრივ ასპექტებს არ არის ჩემთვის უცნობი. იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ წმიდა და დიდი კრების მონაწილე ავტოკეფალური ეკლესიები წარმოადგენენ “ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას”, რომლის ნაწილი არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ჩემი წერილების პათოსი, რომელთაგან ერთი ატარებს საინფორმაციო ხასიათს და მეორე წერილი მოწოდებას, მიმართულია იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ‘მწვალებლის”, “ერეტიკოსის’, “ავაზაკთა კრების” წინასწარი განსაზღვრება დაუდგინეს, კუნძულ კრეტაზე გამართულ წმიდა და დიდი კრების მონაწილე, ადგილობრივი ეკლესიების საჭეთმპყრობელებს და მღვდელმთავრებს. ასეთი განცხადებები, წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას, რადგან არ ექვემდებარება კანონიკურ უფლებამოსილებას. მათი საქციელი წარმოადგენს კანონიკური პროცედურების უგულვებელყოფას, სინოდის უფლებამოსილების მიტაცებას, რადგან ითვისებენ მსაჯულისა და განმკითხველის მდგომარეობას ქრისტეს განუყოფელი წმიდა ეკლესიისა: “სადაც არის ეპისკოპოსი იქ არის ეკლესია” ან კიდევ: “ეკლესია არის ეპისკოპოსში და ეპისკოპოსია ეკლესიაში” {წმ. კვიპრიანე კართაგენელი). მხოლოდ ეპისკოპოსთა კრებას მიენიჭა სულიწმიდისაგან სასულიერო უმაღლესი საკანონმდებლო და სასამართლო უფლება. კანონიკური სწავლება და კანონიკური სამართალი, დაუშვებლად მიიჩნევს იმ ეკლესიის საჭეთმპყრობელთა და მღვდელმთავართა “მწვალებლად”, “ერეტიკოსად” , მოხსენიებას, რომელთა “ცდომილება”, “ერესი”, კანონიკური პროცედურული ფორმებით ჯერ არ დადასტურებულა. ამ სავალდებულო ნორმების დაცვისაკენ იყო ჩემი მოწოდება, რაც გადმოცემულია აღნიშნულ წერილში, რომლის ციტირებასაც მოვახდენ განმეორებით: “მათ საყურადღებოდ, ვინც კრეტაზე შეკრებილი მართლმადიდებელი ეკლესიების მისამართით სარწმუნოების ღალატის შემცველ დასკვნებს აკეთებს: სახიფათო არის მსგავსი განცხადებები. ნუ იქნებით კატეგორიული. გასათვალისწინებელია, რომ ყოველი და ყველაფერი იკვეთება და ვლინდება დროში”. რაც შეეხება, ჩემი წერილის ფრაგმენტს, სადაც ადგილი აქვს, ჩვენი ეკლესიის ზოგიერთი წევრი ან არაწევრი “ბრალმდებლების” ქცევასა და აღმოსავლეთის ზოგიერთ არამართლმადიდებელი ეკლესის პირველ მესვეურთა შორის პარალელს, რომელთა სახელსაც უკავშირდება განუყოფელი ეკლესიის წიაღიდან მათი ეკლესიების ჩამოცილება, გამოყოფა. თავის დროზე, მათი ქმედება გამსჭვალული იყო მოშურნეობით, რადგან მიაჩნდათ, რომ იცავდნენ ჭეშმარიტებას. გავიხსენოთ თუნდაც არიოზი, ნესტორი, ევტიხი, პეტრე მკაწვრელი და სხვა მათი მსგავსნი, რომლებიც თავისი დოქტრინის ერთგული და დამცველები იყვნენ. ალბათ, არ უნდა ყოფილიყო ძნელი მისახვედრი, რომ ჩემი აქცენტი მიმართულია, არა ჩვენი და მათი რწმენის არსობრივ გაგებაზე, ან მსგავსებაზე, ან ურთიერთ მიმართებაზე, ან კიდევ ისტორიულ კავშირზე, არამედ პათოსზე, რაც გადმოცემულია სულისკვეთების იმგვარ გამოვლინებაზე, რასაც ეწოდება ფსევდომოშურნეობა. ის, რომ მართლმადიდებელი მოძღვრებისათვის არსებობს როგორც საქებარი ასევე მცდარი მოშურნეობის გაგება. დღეს მიმდინარე მოვლენებთან მიმართებაში, დასაგმობია მოშურნეობის იმგვარი ფორმა, რომელიც დიდი კრების მონაწილეთა მართლაღმსარებლობას არათუ ეჭვქვეშ აყენებს, არამედ, ვერდიქტი გამოაქვს. ყველა ამის მოქმედი კი, ასეთ შემთხვევაში თავად განაყენებს თავს: ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიიდან.

როდესაც მსჯავრსდებ და ამ შემთხვევაში უკვე არა მხოლოდ ცალკეულ პირებს , არამედ ათი ეკლესიის მეთაურს და მათ თანმხლებ იერარქებს ან ზეცამდე უნდა იყო ასული, ან დანთქმული ჯოჯოხეთამდე. ემს წერილში მითითება არის იმაზე, რომ, სარწმუნოების სიწმიდის დაცვით მოტივირებულ ე. წ. მოშურნეობის სულს, რომელიც არის აღსავსე მზვავობრიობითა და ამპარტავნობით, უკიდურესობებითა და ფანატიზმით, საბოლოო დასასრული აქვს სქიზმასა და ერესში. და ამის თვალსაჩინოებისათვის მოვიყვანე მაგალითად აღმოსავლეთის ზოგიერთი ეკლესიები. ის, რომ შესაძლებელია ოდესღაც იყო იესო ქრისტეს განუყოფელი ეკლესიის წევრი და ოდესღაც მის მიღმა აღმოჩნდე. აი, ეს არ ვუსურვე ქრისტეს ეკლესიის წევრებს. ეს არ ვუსურვე მართლმადიდებელი მსოფლიო ეკლესიის რომელიმე ადგილობრივ ეკლესიას. რა არის აქ გაუგებარი, რა ვერ გაიგეთ!!! ზოგიერთ მეწვრილმანეთა მდაბალი სული მაიძულებს, განვმარტო ისიც, რომ ეჩმიაძინსა და მცხეთას შორის საბოლოო, ეკლესიური განყოფა უკავშირდება რა VII საუკუნეს, წინამორბედ მოვლენათაგან გავიხსენე ერთი ფრაგმენტი, რომელიც უკავშირდება ქალკედონის 451 წლის კრებას, რომელმაც დაგმო მონოფიზიტობა და რასაც უმართებულოდ წინ აღუდგა იმდროინდელი სირიის, ეგვიპტის, სომხეთის ეკლესიები, და თუ თავიდან ეწოდებოდათ ეგვიპტის, სირიის, სომხეთის ეკლესიები დრო და დრო ჩამოყალიბდნენ ნაციონალური კუთვნილებით. იმედია, ჩემს წერილი არ იქნება გაიგივებული ეთნიკურ საკითხთან. ამრიგად, ისინი, ვინც დღეს მზვაობრობენ თავისი უპასუხისმგებლობითა და წინდაუხედაობით, თვითმარქვია მსჯავრმდებელნი ხდებიან რა წმიდა და დიდი კრების მონაწილე იერარქებთან მიმართებაში, ვერ აცნობიერებენ, რომ საქართველოს ეკლესია არის კრეტაზე შეკრებილი ათი ავტოკეფალური ეკლესიის ნაწილი, როგორც იესო ქრისტეს განუყოფელი მისტიური სხეულის. მათი მისამართით გამოტანილი “მწვალებლობის” ვერდიქტი, რა არის თუ არა “დემონისეული განზრახვა” , რომელიც გამოვლენილი არის, წინდაუხედავი, ამპარტავანი და განხეთქილების მოქმედი სულის მიერ. მეტადრე მაშინ, როდესაც, კრებამ გაითვალისწინა საქართველოს ეკლესიის სურვილი და “ქორწინების შესახებ” დოკუმენტიდან ამოიღო ერთ-ერთი მუხლი. რაც შეეხება ჩემს წერილს, სადაც ინფორმაციულ მიმოხილვას ვაკეთებ წმიდა და დიდ კრებასთან დაკავშირებულ გარემოებებსა და მოვლენებთან მიმართებაში. დაინტერესებულ პირებს ვაცნობებ, რომ, როგორც დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის მმართველი, გახლავართ დიდ ბრიტანეთში შემავალი ყოვლადმართლმადიდებლური (პან-ორთოდოქსული) ეპისკოპალური ანსამბლეის წევრი. სადაც გაერთიანებული არიან მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ის მღვდელმთავრები, რომლებიც წარმოდგენილი არიან დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში. აღნიშნული, მრავალმხრივ ინფორმაციულ გარემოს ქმნის, თითოეული წევრი მღვდელმთავრისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია იმაზე მეტ ინფორმაციას ვფლობდე ვიდრე სხვა რომელიმე ეკლესიის წევრი. აღნიშნული ამავდროულად ნიშნავს, რომ ვალდებული არ ვარ რომელიმე თქვენგანის წინაშე, უფრო ვრცლად ვისაუბრო ამის შესახებ. ამისთვის დადგენილი არსებობს სათანადო ანგარიშვალდებულების საეკლესიო ორგანო. ჩემო ძვირფასო მამაო, გამოირჩეოდა რა თავაზიანობით თქვენი წერილი, მოგწერეთ საპასუხოდ, რათა მშვიდი იყოს თქვენი კეთილი და ღვთისმოყვარე სული. რაც შეეხება, წერილობითი მომართვის ღია ფორმას. მართებული იქნებოდა მაღაყოვლადუსამღვდელოეს მეუფე პეტრეს თავად მოემართა ჩემთვის თქვენს ნაცვლად. თუნდაც, თქვენ ყოფილიყავით იდეის ავტორი. რათა არ აღიძრას ურთიერთ მტრობისა და ბუნდოვანების ეჭვი. საეკლესიო ეთიკის აკადემიურ წესს უნდა ითვალისწინებდეს ყოველი ჩვენგანი.
მიუხედავად ამისა, თქვენი კეთილი განზრახვა მივიღე და შევიწყნარე.† უფლისმიერი კურთხევით მთავარეპიკოპოსი ზენონი 


მღვდელ-მონაზონი ანდრიას გამოხმაურება:

გვაკურთხეთ, მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო! გმადლობთ, რომ უყურადღებოდ არ დატოვეთ ჩვენი წერილი და უფრო მკაფიოდ დაგვანახეთ თქვენი სულისკვეთება არსებულ მოვლებეთან მიმართებაში. გვრწამს, საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი უწმინდესისა და უნეტარესი პატრიარქის წინამძღოლობით კრებითად და ერთსულოვნად არის და იქნება მართლმადიდებელი სარწმუნოებისა და მართლმადიდებელი ქართველი ერის სადარაჯოზე ღვთის მადლითა და დედა ღვთისას მფარველობით, ამინ! პატივისცემით, მღვდელ-მონაზონი ანდრია!