You are currently viewing „კურთხევაა იცოდე გზა“ (III ნაწილი)

„კურთხევაა იცოდე გზა“ (III ნაწილი)

Download article eBook

 

წიგნიდან: „ღმერთი როგორიც არის“ 

 I თავი – «სიკვდილის ცოდნის (ხსოვნის) მადლი»
ΙΙ თავი – «ღვთისმოშიშების შესახებ»
ΙII თავი – «სინანულისა და აღსარების შესახებ»
IV თავი – «აღსარებისა და სულიერი ბრძოლის შესახებ»
V თავი – «სულიერი მგლოვარების შესახებ»
VI თავი – «შეურყეველის ძიებაში გამოვლენილი მერყეობები»
VII თავი –  „კურთხევაა იცოდე გზა“ (I ნაწილი; II ნაწილი)

 

თავი VII

„კურთხევაა იცოდე გზა“ (III ნაწილი)

 

უფალი მიუწვდომლად დიდია. ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის და ვკითხულობთ მისი დიდების შესახებ, მაგრამ სულ სხვაა განიცდიდე ამ სიდიადეს. არავის და არაფერს ძალუძს დააუძლუროს და გალიოს მისი ეს დაუსაბამო სიდიადე, მაგრამ ის თავად ჩვენთვის უკიდურესად აკნინებს საკუთარ პიროვნებას: განკაცებული უფალი ჩვენს სუსტ სხეულში აბსოლუტად გამოვლინდა. ახლა მე ჩემი ცხოვრების გამოცდილებიდან ვიცი, რომ მას სწყურია და ის კვლავაც იღწვის ჩვენი სრულყოფისათვის. ის ხელს არ უშლის მტერთან ჩვენ ბრძოლას და მას სურს, ჩვენი გამარჯვება ჩვენსავ დაცემულ მდგომარეობაში იხილოს. და თუ ჩვენ მასზე უარს არ ვიტყვით, ყველაზე უფრო დაცემულ ჩვენს მდგომარეობაში, მაშინაც კი როდესაც მტრის მიერ სრულიად განადგურებული ვიქნებით ის ჩვენთან მოვა. იმარჯვებს – ის, და არა ჩვენ. მაგრამ რადგან ჩვენ ვიტანჯებოდით, გამარჯვებას ჩვენ ვზეიმობთ.

ბუნებაში არ არსებობს რაიმეს აბსოლუტურად იდენტური გამეორება. მით უმეტეს გონიერ არსებათა ცხოვრებაში ასეთი რამ არ ხდება. ყოველ ადამიანსა აქვს ღმერთის მიერ შექმნილი „ერთადერთი“ გული, დაწერილია: „რომელმან დაჰბადნა მხოლოდ გულნი მათნი, რომელმან გულისჴმა-ყუნის ყოველნი საქმენი მათნი“ (ფსალმ. 32:15). ყოველი გული არის პიროვნების – იპოსტასი და ის განუმეორებელია. თავის სისრულეში ყოველი პიროვნება ღებულობს მარადიულ სახელს, რომელიც მხოლოდ უფალმა და თავად ამ სახელის მფლობელმა ადამიანმა იცის: „რომელსა ჰქონან ყურნი, ისმინენ, რასა ეტყჳს სული ეკლესიათა, ვითარმედ: რომელმან სძლოს, მივსცე მას მანანაჲსა მისგან დაფარულისა და მივსცე რიცხჳ სპეტაკი და რიცხუსა მას თანა სახელი ახალი დაწერილი, რომელი არავინ უწყის, გარნა რომელმან მიიღოს“ (გამოცხ. 2:17). ამრიგად, ყველა ცხონებულს ერთი ცხოვრება აქვს, ისევე, როგორც წმინდა სამების ცხოვრებაა ერთიანი, დაწერილია: „რაჲთა ყოველნი ერთ იყვნენ, ვითარცა შენ, მამაო, ჩემდამო, და მე შენდამი, რაჲთა იგინიცა ჩუენ შორის ერთ იყვნენ, რაჲთა სოფელსა ჰრწმენეს, რამეთუ შენ მომავლინე მე და მე დიდებაჲ, რომელი მომეც მე, მივეც მათ, რაჲთა იყვნენ ერთ, ვითარცა ჩუენ ერთ ვართ“ (იოან. 17:21-22), მაგრამ არცერთი მათგანის პერსონალური საწყისი, სხვა პერსონასთან არ იქნება მიმსგავსებული.

თუ გამოცხადების ეს მონაცემები ჭეშმარიტია, მაშინ ისიც ჭეშმარიტებაა, რომ არ შეიძლება ყველასათვის ერთიანი სისტემა, პროგრამა ან განვითარების გზა არსებობდეს. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ საერთო საწყისები სადღაც არ არსებობს. ასე მაგალითად, ჩვენს სულიერ ცხოვრებაში აშკარად შეინიშნება ერთი თითქმის უცვალებლად განმეორებადი მოვლენა; მართალია არა დეტალებში, მაგრამ პრინციპში, და აი რაზეა საუბარი: როდესაც ადამიანი უფალს გულრწფელად მიმართავს, უფლისაგან მადლს იღებს, რომელიც მისი თანამგზავრი ხდება. მიღებული მადლი ბევრ ღვთაებრივ საიდუმლოს აზიარებს და სულიერად ანათლებს ადამიანს. შემდეგ ეს მადლი ადამიანს უეჭველად ჩამოსცილდება, ყოველ შემთხვევაში პიროვნება კარგავს მადლის ძალის „შეგრძნებას“, ხოლო ღმერთი მიმადლებული სიკეთის გამო პასუხს ელის მორწმუნისაგან. ერთგულების ამგვარ გამოცდას ორმაგი მნიშვნელობა აქვს: ერთი – ის, რომ ჩვენ უეჭველად უნდა შეგვეძლოს საიდუმლოში წვდომის უნარისა და ჩვენი ნამდვილი არჩევანის გამოვლინება; აღვზარდოთ საკუთარი პიროვნება და თუ შეგვიძლია ჩვენი თავისუფლების გრძნობა და მარადიულობასთან მიმართებაში თვითგამოკვლევის პროცესი სრულყოფამდე მივიყვანოთ. მეორე – მივცეთ ჩვენს ზეციურ მამას შესაძლებლობა, რომ მან ის ყველაფერი რაც გააჩნია, მუდმივი სარგებლობისათვის გადმოგვცეს შეად.: „შვილო, შენ მარადის ჩემ თანა ხარ, და ჩემი ყოველი შენი არს“ (ლუკ. 15:31), და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველი ჩვენს მიერ მოპოვებული მადლი მხოლოდ ცოდვის ტყვეობისგან განთავისუფლების პროცესში განცდილი ტანჯვის შემდეგ შეიგრძნობა. მას შემდეგ რაც მარტოობაში ჩვენ მიერ განუხრელი ერთგულება გამოვლინდება, ღმერთს კვლავ შეიგრძნობს ადამიანი, უფალი მასში სამუდამოდ დაიმკვიდრებს და პიროვნებაში მამობრივი ცეცხლი იწყებს მოქმედებას, შეად.: „უკუეთუ ვისმე უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, და მამამანცა ჩემმან შეიყუაროს იგი, და მოვიდეთ მისა და მის თანა დავადგრეთ“ (იოან. 14:23; ლუკ. 16:10-12).

მიუხედავად იმისა, რომ ღმერთში ცხოვრების საერთო რეცეპტები არ არსებობს, არის რამოდენიმე ძირითადი გაგება, რომელიც ჩვენს ცნობიერებას უნდა გააჩნდეს, რათა გონივრულად შევძლოთ ჩვენი ცხოვრების გზის გავლა და გადარჩენის გზის არცოდნის გამო, უმეცრების მსხვერპლად არ გადავიქცეთ.

ქრისტიანისათვის მამა ღმერთთან მიმავალი გზა ძე ღმერთის საშუალებით ვლინდება. „ყოველი, რაოდენი აქუს მამასა, ჩემი არს; და ამისთჳს გარქუ თქუენ, რამეთუ: ჩემგან მიიღოს და გითხრას თქუენ“ (იოან. 16:15). მამამ ძის მარადიულ შობაში ჩადო მთელი თავისი შესაქმე. ამიტომ ძე ყველაფერში მამის ტოლია: ის არის მამის სრულად გამოვლინება; ის არის მისი (მამის) ცხოვრება, ძალა, ძლევამოსილება, ძალაუფლება, მეუფება, სიბრძნე, ყოვლის მხილველობა, შემოქმედებითობა, სიყვარული… „ჰრქუა მას იესუ: ესოდენ ჟამ თქუენ თანა ვარ, და არა მიცი მე, ფილიპე? რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი, და შენ ვითარ მეტყჳ მე: მიჩუენე ჩუენ მამაჲ შენი?“ (იოან. 14:9). „რომელსა ვსძულდე მე, მამაჲცა ჩემი სძულს“ (იოან. 15:23). „რომელსა ჰრწმენეს ძე, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, ხოლო რომელი ურჩ იყოს ძისა, არა იხილოს ცხორებაჲ, არამედ რისხვაჲ ღმრთისაჲ დადგრომილ არს მის ზედა“ (იოან. 3:36).

სული წმიდა, მამისაგან გამოვალს და ძეში თაყვანისიცემების, ძე შეიმეცნება მის (ძის) მეუფებაში და აღიქმება მის ადამიანობაში. მისსავე სულში – ვცხოვრობთ ჩვენ მამაში.

იესოს ყოველი სიტყვა ადამიანისთვის განსაკითხავად მიუწვდომელი ჭეშმარიტებაა. ჩვენ ყველაფერში მის, ძისა და მამის სიტყვის ერთიანობის მოწმობას ვხედავთ. და ამ ჭეშმარიტებას თავად ძე სრული კატეგორიულობით ამტკიცებს: „ყოველნი, რომელნი ჩემსა პირველად მოვიდეს, მპარავნი იყვნეს და ავაზაკნი, არამედ არა ისმინეს მათი ცხოვართა“ (იოან. 10:8). და რაც შეეხება მათ ვინც ახლა გამოჩნდნენ და კვლავაც უნდა გამოვლინდნენ – უფალი ბრძნებს: „ეკრძალენით, ნუ ვინმე გაცთუნნეს თქუენ, რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ: მე ვარ ქრისტე, და მრავალთა აცთუნებდენ“ (მათ. 24:4-5); „მაშინ უკუეთუ ვინმე გრქუას თქუენ: აჰა აქა არს ქრისტე გინა იქი, ნუ გრწამენ. რამეთუ აღდგენ ქრისტე-მტყუვარნი და ცრუ-წინაწარმეტყუელნი და ჰყოფდენ სასწაულებსა დიდ-დიდსა და ნიშებსა, ვიდრე ცთუნებადმდე, უკუეთუმცა ვითარ შეუძლეს, რჩეულთა მათცა. აჰა ესერა წინაჲწარ გარქუ თქუენ. უკუეთუ გრქუან თქუენ: აჰა უდაბნოსა არს, ნუ განხუალთ; აჰა ესერა საუნჯეთა შინა არს, ნუ გრწამნ. რამეთუ, ვითარცა ელვაჲ რაჲ გამობრწყინდის მზისა-აღმოსავალით და ჩანნ ვიდრე დასავალადმდე, ეგრეთ იყოს მოსლვაჲ ძისა კაცისაჲ“ (მათ. 24:23-27). უდაოა, რომ უფალი ემიჯნება ყველა დანარჩენ მტყუვარ „ადამიანური სწავლების“ მქადაგებელს: „რამეთუ ერთი არს მოძღუარი თქუენი – ქრისტე, ხოლო თქუენ ყოველნი ძმანი ხართ“ (მათ. 23:8).

ისტორიამ იესო ქრისტეს სხვა მასწავლებლების, წინასწარმეტყველების, რელიგიების დამფუძნებლების გვერდით მოხსენიების მრავალი მცდელობა იცის; ასეთი მაგალითები მრავლადაა ჩვენს სინამდვილეში და ალბათ მომავალშიც იქნება. ყველა ეს შემთხვევა ერთ საკითხშია ურთიერთშეთანხმებული: ისინი უარს აცხადებენ იესო ქრისტეს ღვთაებრიობასა და მის აბსოლუტურ ავტორიტეტულობაზე, ანუ იმაზე, რაც ჯერ კიდევ 325 წელს მსოფლიო კრებამ საყოველთაოდ აღიარა.

უქმნელმა ნათელმა მამის სიტყვის მეშვეობით გვამცნო, რომ იქ სადაც უარყოფილია უდიდესი საიდუმლო, რომ – „დიდ არს ღმრთის მსახურებისა საიდუმლოჲ; ღმერთი გამოჩნდა ჴორცითა და განმართლდა სულითა, ეჩუენა ანგელოზთა, იქადაგა წარმართთა შორის, ჰრწმენა სოფელსა და ამაღლდა დიდებითა“ (1 ტიმ. 3:16) – შეუძლებელია ჭშმარიტება იქნეს მიკვლეული და შემეცნებული. ქრისტიანობაში უკიდურესი კონკრეტულობა, და ღმერთის საბოლოო მიუწვდომლობაა გაერთიანებული. ჩვენ ვჭამთ განსხეულებული ღმერთის ხორცს და ვსვამთ მის სისხლს: ჩვენ ვხდებით მისი სხეულის ნაწილი „რამეთუ ასონი ვართ გუამისა მისისანი, ჴორცითა მისთაგანნი და ძუალითა მისთაგანნი“ (ეფ. 5:30). ღმერთის სიტყვასთან ერთობაში – ჩვენი ქმნილი გონი ღვთაებრივ გონს ერწყმის. ამასთან ვიცით, რომ „ღმერთი არავის სადა უხილავს“ (1 იოან. 4:12) და „მხოლომან ძლიერმან მეუფემან მეუფეთამან და უფალმან უფლებათამან… რომელ ნათელსა მყოფ არს მიუწდომელსა, რომელი არავინ იხილა კაცთაგანმან, არცა ხილვად ჴელ-ეწიფების“ (1 ტიმ. 6:15-16).

ღმერთი, რომელიც თავისი არსით ყოველგვარ გაგებაზე, სახეზე და ხატებაზე უმაღლესია, ქრისტეს ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილებისათვის არის ცნობილი. ჩვენი მამები, ადამიანისათვის უკიდურესად მძიმე გამოცდილების შედეგად, გახდნენ მისი შემეცნების თანამონაწილენი და მათ ეს სიკეთე, როგორც უძვირფასესი და ცხოვრებისგან განუყოფელი ცოდნა, ჩვენ გადმოგვცეს და ის არანაირი ძალით არასოდეს არ წაგვერთმევა (ლუკ. 10:42[1]). ჩვენმა თავმდაბალმა უფალმა არ შეიძულა, არ უგულებელყო ჩვენი არარაობა და არ უარყო ჩვენი სურვილი ის ნეტარება გაგვეზიარებინა, რასაც მის ამქვეყნიურობას და ადამიანურობას ვუწოდებთ (შეად. მათ. 11:27[2]).

ღმერთის შეცნობისაკენ მიმავალი ჩვენი გზა ქრისტეს სიტყვაზე გადის და არა წიგნზე; ამ რწმენას ჩვენი გონი ქრისტეს სიყვარულის ცეცხლით ალმოდებულ გულამდე მიჰყავს. ჩვენ ვეშვებით იმ უძირო ოკეანეში, რასაც ადამიანის გული ჰქვია. ჩვენ ვიცით ამ ჩაძირვასთან დაკავშირებული სიძნელეები: ეს ღვაწლი დიდი ტანჯვით არის დამძიმებული. მაგრამ იქ, ქვემოთ, ჩვენ ღმერთი შემოგვხვევს ხელს და ზეცად აგვიყვანს. თუ საკმარისად გაქვს ამისათვის საჭირო სიყვარულის ტკივილი, ზეცისკენ ზრდაც შესაძლებელი იქნება.

ამ წიგნში მე ხშირად ვიყენებ სიტყვას „ტკივილი“, და იმის შიშიც ხშირად მეუფლება, რომ ამგვარ ასკეტურ ტერმინს ყველა ერთნაირი კორექტულობით არ შეხვდება. ტკივილი, რომლის შესახებაც მე ვწერ, ღმერთში ცხოვრების პირადად ჩემი ლეიტმოტივია. მე არ შემიძლია ეს ტკივილი დავივიწყო. ის სულაც არ ჰგავს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ტკივილს, თუმცა ხანდახან ასეთი სადაგი ტკივილიც მეუფლება. ეს არის ღმერთის სიყვარულის გამო გამოწვეული ტკივილი, რომელსაც მლოცველი ამქვეყნიურობიდან სხვა სივრცეში გაჰყავს. რაც უფრო ძლიერია ეს სულიერი ტკივილი, მით მეტად გრძნობ ღმერთის სიახლოვეს; რაც უფრო ღრმად ვიძირებით უღმერთობის შეგრძნების ოკეანეში, ჩვენი სული მით უფრო აშკარად შეიგრძნობს ზეციურობას. როდესაც ჩვენი სული ნათლითმოსილ ციურ სფეროს შეუერთდება, მაშინ ტკივილი გაუსაძლის სიხარულად გადაგვექცევა, ანუ არსობრივად იგივე მდგომარეობაა როდესაც: უკიდურეს ტკივილს, უკიდურესი სიხარული ერწყმის. აღმსარებელი სწორედ ამგვარი გრძნობათა ღელვით ხასიათდება. გაუთვალისწინებელ ზღვარზე მიჰყავს ის სულიწმიდას და აქ იგი ღვთაებრივი უნივერსალიზმის მარცვალს ეზიარება. დააკვირდით ადამის ღალატის შემდეგ ქრისტეს მიწიერ ცხოვრებას, მის ღვთაებრივ ყოვლისშემძლეობას როგორ ერწყმის ხორციელი უსუსურობა. ჩვენც რაღაც მსგავსიგვემართება: „ყოველივე ძალ-მიც განმაძლიერებელისა ჩემისა ქრისტეს მიერ“ (ფილიპ. 4:13). ის რაც ღმერთი ღვთაებრივი არსით არის, ადამიანს მადლით ეძლევა და ის ვინც თავის მიწიერ გამოვლინებებში ქრისტეს მსგავსია, ღვთაებრიობაშიც თავისთავად მას ემსგავსება.

სულიერი ქენჯნა – რეალურად შეუწონადია და უხილავია უმრავლესობისათვის. ღვთაებრივი სიყვარული ჩვენში ტკივილების ისეთ გამას ბადებს, რომლის შესახებაც როგორც ნივთიერზე, ისე მეტაფიზიკურზე უნდა ვისაუბროთ. გარეგნულად ასეთი გვემული შეიძლება სხვებზე უკეთეს პირობებში იყოს, მაგრამ მისი სული ვერანაირი სიმდიდრით, ფუფუნებით, პრივილეგიებით, ძალაუფლებითა და ამქვეყნიური დიდებით ვერ კმაყოფილდება. სამშვინველი გრძნობს სულის სუნთქვას და რეალურ იწროებაში მყოფი დაუსაბამო უფლისაკენ მიილტვის. ასეთ შემთხვევაში სამშვინველის ტკივილი შვილმკვდარი დედის გოდებაზე უფრო შეგრძნებადია.

უდაბნოდან დაბრუნებული უფლის პირველი სიტყვები იყო: „შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ“ (მათ. 4:17). ეს სასუფეველი თავად არის ქრისტე და აი, ჩვენ, ადამიანები ვხედავთ მას: ის ისე ახლოს დგას ჩვენს წინაშე, რომ არა მხოლოდ მისი დანახვა, არამედ „ჩვენი ხელითაც ვეხებით სიცოცხლის სიტყვას“ ( შეად.:1 იოან. 1:1[3]). და როდესაც მარადიული ღმერთის „ხელშესახები“ ხატი თავის დიადი სიყვარულით ჩვენს პიროვნულ სულს (სამშვინველს) შეეხება, ეს უკანასკნელი ვერასოდეს დაივიწყებს ამ საოცრებას. „მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა ვაჭარსა, რომელი ეძიებნ კეთილთა მარგალიტთა. და პოის რაჲ ერთი მარგალიტი მრავალ-სასყიდლისაჲ, წარვიდა და განყიდა ყოველივე, რაჲცა ედვა, და მოიყიდა იგი“ (მათ. 13:45-46). ამ და სხვა მსგავს იგავებში, უფალი იმის შესახებ გვესაუბრება, რაც ახლა მე მაქვს მხედველობაში. როდესაც ადამიანი ღვთაებრივ ბრწყინვალებას იხილავს, იმისათვის, რომ ის „განძი“ და ის „მარგალიტი“ არ დაკარგოს, ყველაფერს ტოვებს რაც ამ ქვეყნად მოეპოვება.

როდესაც სულიწმიდა ჩვენს პიროვნულ სულს უქმნელი ღვთაებრივი სინამდვილის (უქმნელი ნათელის) სახით გამოეცხადება, მაშინ ჩვენში ამ ხილვის შემეცნებისა და რწმუნების ძალა უნდა გამოვნახოთ: ეს გამოცხადება ყველაფერ იმაზე უსასრულოდ მეტია, რაც ჩვენ ამქვეყნიური ცხოვრების შესახებ ვიცით და რაც შეგვიგვძვნია. ის ვინც ეს შეგრძნება განიცადა მისთვის შეიძლება მთავარანგელოზი გაბრიელის გამოცხედებასთან დაკავშირებული წმინდა მარიამის ერთგვარი მერყეობა გასაგები გახდეს. მაშინ მხოლოდ ყოვლადწმინდა მარიამისთვის გახდა გასაგები ის დიდი ტანჯვა, რაც მის მიწიერ მსახურებასთან და ვალის მოხდასთან იყო დაკავშირებული, – „ჰრქუა მას მარიამ: აჰა მჴევალი უფლისაჲ; მეყავნ მე სიტყჳსაებრ შენისა! და წარვიდა მისგან ანგელოზი იგი. და აღდგა მარიამ მათ დღეთა შინა და წარვიდა მთად კერძო მსწრაფლ ქალაქად იუდაჲსა. და შევიდა სახლსა ზაქარიაჲსსა და მოიკითხა ელისაბედ. და იყო ვითარცა ესმა ელისაბედს მოკითხვაჲ მარიამისი, ჰკრთებოდა ყრმაჲ იგი მუცელსა მისსა. და აღივსო სულითა წმიდითა ელისაბედ. და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და თქუა: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაჲ! და ვინაჲ ჩემდა ესე, რაჲთა მოვიდეს დედაჲ უფლისა ჩემისაჲ ჩემდა? რამეთუ აჰა ესერა ვითარცა იყო ჴმაჲ მოკითხვისა შენისაჲ ყურთა მომართ ჩემთა, ჰკრთებოდა ყრმაჲ ესე სიხარულით მუცელსა ჩემსა. და ნეტარ არს, რომელსა ჰრწმენეს, რამეთუ იყოს აღსრულებაჲ თქუმულთაჲ მათ მისა მიმართ უფლისა მიერ. და თქუა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა“ (ლუკ. 1:38-47). „…იხილეს იგი და თაყუანის-სცეს მას; ხოლო რომელნიმე შეორგულდეს“, რადგან მომხდარი ადამიანურ საწყაურს აღემატებოდა (მათ. 28:17; ნახ. ასევე: ლუკ. 2:35[4]; მათ. 20:22[5]; საქმ. 9:15-16[6])

დასწყისში უქმნელი ნათელი ჩვენთვის გასაგებს იმ მძიმე მდგომარეობას ხდის, რომელშიც ვიმყოფებით; ჩვენი ცნობიერება ხედავს, როგორ ჩავდივართ ჯოჯოხეთამდე და თვალწინ ის გამანადგურებელ რეალობა წარმოგვიდგება, რომელშიც ვიმყოფებით. მაგრამ როდესაც ნათელი უკვე სხვაგვარედ, თავის დიდებაში გამობრწყინდება, მაშინ უკვე ჩვენს დამდაბლებულ სულს ნუგეში ესაჭიროება და ჩვენს პიროვნულ სულს უფლის ხელიდან ის ძალა მიეცევმა, რომელიც გამოუთქმელ ღვთაებრივ ნიჭში გადავიყვანს.

ცოდვა ყოველთვის სიამოვნებით იწყება, მაგრამ მისი დასასრული ტრაგედია და დაღუპვაა. ცოდვის ტყვეობიდან გათავისუფლება მტკივნეული სინანულით იწყება, მაგრამ მისი ბოლო სიკეთით სავსე ტრიუმფია. არაერთხელ მსმენია: „მზად ვარ ვიყო რელიგიური, თუ ჩემთვის რელიგია სიხარულის მომტანი იქნება“. ეს ადამიანები სიხარულს დასაწყისშივე ელიან, ამგვარი მოლოდინი ძირითადად რეალობას მოკლებულია. სინამდვილეში მიწიერი პურის ან რაიმე პრივილეგიის მოსაპოვებლად ადამიანი უდიდეს შრომასა და თავდადებაზე არ ამბობს უარს. ანდა, რამდენი შრომა ესაჭიროება ხელოვანს, იმისათვის, რათა თავისი შემოქმედების პროდუქტი სასურველ დონემდე აიყვანონ. ხშირად პოეტები, ფერმწერები, მწერლები და მუსიკოსები თავისი ხელოვნების სიყვარულის გამო ადვილად თანხმდებიან ყოველგვარ იწროებას. ყოველგვარ უდიდეს გაჭირვებას ამაზე უფრო დიდი სიხარულით შეებმიან ისინი ვინც თუნდაც ერთხელ შეიგრძნო ციური ცეცხლი.

ავიღოთ თუნდაც ქრისტეს სწავლება: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაჲ“. ჩნდება კითხვა: ეს ადამიანები უკვე ახლა არიან ნეტარნი, თუ მომავალ სასუფეველში? „ნეტარ იყვნენ მგლოვიარენი გულითა…“, „ნეტარ იყვნენ მშვიდნი…“, „ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათჳს… ნეტარ იყვნენ მოწყალენი… ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა… მშჳდობის-მყოფელნი… დევნულნი სიმართლისათჳს… ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ და თქუან ყოველი სიტყვაჲ ბოროტი თქუნდა მომართ სიცრუვით ჩემთჳს. გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა…“ (მათ. 5: 3-12). შესაძლებელია საკუთარ ვნებებთან უდიდესი ბრძოლების, უდიდესი მგლოვიარების, დარდის და ცხარე ცრემლების გარეშე ყოველივე თქმულის განხორციელება? რა თქმა უნდა, არა. მაგრამ, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ცათა სასუფევლის ბრწყინვალე ნათელი უკვე ქრისტე-ღმერთის რწმენის დასაწყისშივე აღწევს ჩვენამდე. „ …ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არავინაა, ვინც დატოვა სახლი ან მშობლები, ან ძმები, ან დები, ან ცოლი, ან შვილები ცათა სასუფევლის გამო და ასი წილი არ მიიღო, აქ ამ დროს და მომავალს მას საუკუნო საუკუნესა“ (შეად. მარკ. 10: 30; ლუკ. 18: 29-30[7]).

ყველაფერი, რის შესახებაც უფალი ბრძანებს, მაძიებელი სულის დიდი წუხილითა და ტანჯვით მოიხვეჭება. დიდი სიყვარული კი ადამიანის პიროვნულ სულს ღმერთისკენ ისეთი ძალით მიმართავს, რომ მასში ძველი რეფლექსები და რეაქციები წყვეტს მოქმედებას. როგორც გონი წარსდგება – საწყისი გონის წინაშე, ადამიანის სულიც ისე წარსდგება ღმერთის წინაშე და ყველაფერი ხილულიც და წარმავალიც აქ შეჩერდება. ასკეტები ამ მდგომარეობას „სუფთა ლოცვას“, ანუ გულითად ლოცვას უწოდებენ. ადამიანი არა მიწიერ კატეგორიებში გადაინაცვლებს: ის უკვე არც მოხუცია, არც ახალგაზრდა; არც ელინია, არც იუდეველი, არც სკვითი, არც ბარბაროსი; არც მეფეა და არც მონა; არც მდიდარია და არც ღატაკი; არც სწავლულია, არც უსწავლელი. უფრო მეტიც: არც მამაკაცია და არც ქალი. ის ამ დროს იესო ქრისტეში „კვლავდაბადებულია“, ის „ახალი ქმნილებაა“ (შეად. II კორ. 5: 17[8]; გალ. 6: 15[9].; გალ. 3: 26-28[10]).

როდესაც ქრისტიანის აღსარება უმაღლეს დაძაბულობამდე მიდის, მაშინ მასთან ბრძოლას იწყებს „მთავარი იგი ამის სოფლისაჲ“ (იოან. 12: 31[11]; 14: 30[12]; 16: 11[13]). ეს არის კოსმოსური განზომილებების მტრის გონება და ამ დროს, ჩვენი უხილავი ბრძოლა სწორედ მის წინააღმდეგ მიმდინარეობს. ძალიან დასაბუთებულად შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერ იმას, რაც სულიერების ფარგლებშია, ქრისტიანის სული, უკიდურესად მონანიე მდგომარეობაში ხვდება. ეს ასეც უნდა იყოს, რადგან სინანული ადამიანს სამყაროს უფალს – ქრისტეს ამსგავსებს. ადამიანის ღმერთს მიმსგავსება რომ განხორციელდეს, მან, ადამიანმა, ყველა დონის გამოცდა სრულად უნდა გაიაროს. ამ გზაზე მას მრავალი სახის ხილვა ელოდება, მათ შორის შეიძლება იყოს საცდურები არაქრისტიანული მისტიკიდან. მაგრამ ყველაფერ ამას ქრისტიანი სხვა, საპირისპირო პერსპექტივაში დაინახავს: ის რასაც სხვა სწავლებების ადეპტები ეძებენ, ის რასაც ისინი ჭეშმარიტებად მიიჩნევენ, ქრისტიანი, როგორც ჭეშმარიტი ცხოვრებიდან გადახრას ხედავს. მეორე მხრივ, როდესაც ქრისტიანს ღვთაებრივი ნათელი ეცხადება, მისთვის სწორედ მაშინ ხდება აშკარა ის რასაც ჯოჯოხეთის უფსკრულები წარმოადგენს; მაგრამ ამავე ხილვაში ამოიცნობს ქრისტიანი ჭეშმარიტების იმ ნიშნებს, რომლებიც გამოუცდელი სულიერების მაძიებელს თავისკენ მიიზიდავს. უფალი გვაფრთხილებს „ეკრძალენით, ნუ ვინმე გაცთუნნეს თქუენ“ (მათ. 24: 4). სხვა გზებზე ქრისტიანული სულის მდგომარეობა უბრალოდ მიუწვდომელია. უწინარეს ყოვლისა, მიუწვდომელი გზების რიგში დგას სასუფევლიდან მოვლენილი სიყვარული, რომელიც თავისი თანაგრძნობით ყველა ქმნილებას მოიცავს.

ღვთაებრივი სიყვარულის ტკივილი, ცხელი შანთით განგმირული გულის წამიერ ტკივილს მოგვაგონებს. მაგრამ, – ისევ „მაგრამ“, ეს ტკივილი გამოუთქმელ სიტკბოსთან და ჭეშმარიტად ყოვლისმომცველ სიყვარულთან არის გაჯერებული. გამოდის, რომ მხოლოდ ტკივილი, როგორც ასეთი, და არა სიხარული ტკივილის გარეშე – ჩვენი ფსიქოსომანტიკური ორგანიზმისთვის მომაკვდინებელი იქნებოდა.

ათეულობით წლების მანძილზე დაგროვილმა აღსარებითი ლოცვის გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ გამოუსწორებელი შეცდომა იქნებოდა ჩემ მიერ აღწერილი ქრისტეს სიყვარულით გამოწვეული ტკივილის შეგრძნება პათოლოგიური ხასიათის ტკივილისათვის მიმემსგავსებინა. მონანიეს თვითგვემა – არც ნერვული აშლილობის, არც დაუკმაყოფილებელი ვნებების, არც ფსიქოლოგიური კონფლიქტის და არც გონების დაკარგვის გამო ხდება; მასში არც სხვა რაიმე პათოლოგიური პროცესი არ მიმდინარეობს. სრულებითაც არა. ეს თვითგვემითი განცდები, თავისი ბუნებით სულ სხვა წარმომავლობისანი არიან. გარკვეულ საწყის ეტაპზე ისინი სრულ ადამიანზე, ანუ სამშვინველზეც და სხეულზეც ახდენენ ზეგავლენას, ისე რომ ადამიანი სრულად იტანჯება; მაგრამ ღმერთისათვის სულიერი ტანჯვა კი არ ანადგურებს ადამიანს, არამედ აფხიზლებს. ამ გზით ადამიანი იმ შედეგებზე იმარჯვებს, რაც მას დაცემულობამ მოუტანა და ცოდვის იმ კანონისგან თავისუფლდება, რომელიც მასში იყო მოკალათებული: „და ვხედავ სხუასა შჯულსა ასოთა შინა ჩემთა, რომელი-იგი წინა-განეწყვების შჯულსა მას გონებისა ჩემისასა და წარმტყუენავს მე შჯულითა მით ცოდვისაჲთა, რომელი-იგი არს ასოთა შინა ჩემთა“ (რომ. 7: 23[14]).

ადვილი გასავლელი არ არის ჩვენი აღორძინებისკენ და პირველქმნილი მდგომარეობის აღდგენისკენ მიმავალი გზა. მაგრამ არაფრით არ შეიძლება იქნეს გამართლებული გზიდან გადახვევა და ამ გზით გამოწვეულ უმნიშვნელოვანეს ღვაწლზე უარის თქმა. ავიღოთ თუნდაც ჩვენი ეპოქა თავისი რევოლუციური მოძრაობებით. თითქმის ნახევარ საუკუნოვანმა გამოცდილებამ, მთელს კაცობრიობას თვალნათლივ უჩვენა თუ რამდენად მძიმე და მტკივნეულია ადამიანის ერთი უსამართლო სასტიკი დაცემულობის ეპოქაში ჩამოყალიბებული სოციალური წყობიდან, მეორე არანაკლებ უღმერთო და დაუნდობელ სისტემაზე გადასვლა. ამ მგზნებარე და შფოთიან ბრძოლაში მილიონობით ჩართული პიროვნება, თავდაუზოგავად იბრძვის და სიცოცხლის ფასადაც კი ცდილობს წარმატებას მიაღწიოს. ასეთი ადამიანების თავგანწირვა თითქმის ყველასათვის „გასაგები“ და „მისაღებია“. იმისათვის, რომ ქრისტიანი ასკეტის „რისკი“, რომელსაც პიროვნება ხრწნილებიდან უხრწნელებამდე და დროებითობიდან მარადიულობამდე მიყავს ჩვენთვის გასაგები გახდეს, თუნდაც ზემოთ მოყვანილი მასიური თავდადების მაგალითს მივაპყროთ ჩვენო ყურადღება.

ორიდან ერთი გარდაუვალია: ან ფსიქოფიზიკური ტკბობისათვის და კომფორტისათვის უნდა ვიბრძოლოთ, ღმერთს დავშორდეთ და სულიერად მოვკვდეთ, ან სულიერი სიცოცხლისათვის და ზებუნებრივი ყოფიერებისათვის უნდა ვიღვაწოთ და ამა სოფლისათვის უნდა მმოვკვდეთ. ჩვენი ჯვარი და ჩვენი ჯვარცმა ამ „კვდომაშია“. ბევრი ადამიანი, იმისათვის რომ მიაღწიოს თავის იდეალს – იღუპება, თუმცა თავსთავად ამ იდეალს მხოლოდ დროებითი ბედნიერება შეუძლია მოიტანოს. ქრისტიანი კი რომელიც ღმერთში თავისი უკვდავი სულის თავისუფლებას მოიპოვებს, მზად არის, არა საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად ეწამოს, არამედ უმაღლესი ჭეშმარიტების განსახორციელებლად. ამაშია მისი – ქრისტიანული ღირსება რის მსგავსიც ამა სოფლად არ იპოვება.

„და იქმნა ბრძოლაჲ ცათა შინა: მიქაელ და ანგელოზნი მისნი ჰბრძოდეს ვეშაპსა მას, და ვეშაპი და ანგელოზნი მისნი ებრძოდეს მათ. და ვერ შეუძლო და არცაღა ეპოვა მას ადგილი ცათა შინა. და გარდამოვარდა ვეშაპი იგი დიდი, გუელი დასაბამისაჲ, რომელსა ეწოდების ეშმაკი და სატანა, რომელი აცთუნებს ყოველსა სოფელსა; გარდამოვარდა ქუეყანად და ანგელოზნი მისნი მის თანა გარდამოცჳვეს. და მესმა ჴმაჲ დიდი ცათა შინა, რომელი იტყოდა, ვითარმედ: აწ იქმნა მაცხოვარებაჲ და ძალი და სუფევაჲ ღმრთისა ჩუენისაჲ და ჴელმწიფებაჲ ქრისტეს მისისაჲ, რამეთუ გარდამოვარდა შემასმენელი ძმათა ჩუენთაჲ, რომელი შეასმენდა მათ წინაშე ღმრთისა ჩუენისა დღე და ღამე. და მათ სძლეს მას სისხლითა მით კრავისაჲთა და სიტყჳთა წამებისა მისისაჲთა და არა შეიყუარნეს სულნი მათნი ვიდრე სიკუდილადმდე. ამისათჳს იხარებდით ცანი და ყოველნი დამკჳდრებულნი მას შინა. ვაჲ არს ქუეყანისა და ზღჳსა, რამეთუ გარდამოჴდა ეშმაკი თქუენდა მომართ სავსე გულისწყრომითა დიდითა, რამეთუ უწყის, ვითარმედ მცირედი ჟამი უც მას“ (გამოცხ. 12: 7-12).

სრულყოფილი სიყვარული არის – ღმერთის სიყვარული საკუთარი თავის სიძულვილამდე. „უფროჲსი ამისსა სიყუარული არავის აქუს, რაჲთა სული თჳსი დადვას მეგობართა თჳსთათჳს“ (იოან. 15: 13). ეს არის სიყვარული, რომელის შესახებაც უფალმა „სრულიად შეიყუარნა“ ბრძანა (იოან. 13: 1). ვინც ამ უდიდეს ზღვარს აღწევს, ის კარის ზღურბლთან დგას, რომლის მიღმა „სასუფეველია შეუძრველი“ (ებრ. 12: 28).

იმისათვის, რომ ეს სასუფეველი მოვიპოვოთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველმა „ხატად ღმრთისა“ (დაბ. 1: 27) ქმნილმა სულმა, ტკივილის „ზღურბლს“ უნდა გადააბიჯოს; წმინდა სიყვარულისთვის ნებსითი სატანჯველი უნდა გადალახოს. ჩვენი თავისუფალი ნების ამგვარი გამოცდის გარეშე, საკუთარ პერსონაში ჭეშმარიტად თავისუფალ არსებას ვერ დავინახავთ. მეორე მხრივ, იმისათვის რომ ყოველთვის ღმერთთან და ღმერთში ვიყოთ, ჩვენ ისეთივე სიყვარულის უნარი უნდა გაგვაჩნდეს, როგორიც ღმერთშია. იესო ქრისტემ ჩვენ ყველა დიდ საიდუმლოს გვაზიარა, მისი მაგალითის გარეშე ამ საიდუმლოებებს ვერასოდეს დავუახლოვდებოდით. „ზღურბლზე გადააბიჯო“ ნიშნავს: რადიკალურად გარდაიქმნა, „ახალ ქმნილებად“ იქცე, ისეთ ღვთაებრივ მარადიულობას ეზიარო, რომ ღვთაებრივი ცხოვრება გახდეს შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ასეთ შემთხვევაში მადლი ისე ერწყმის ჩვენს ქმნილ ბუნებას, რომ ეს ორი – ერთ მთლიანობად გადაგვექცევა: სწორედ ეს არის განღმრთობა.

გზის ცოდნის კურთხევა ყოველივე ზემოთ თქმულს გულისხმობს. ქრისტიანმა, რომელმაც ყველაფერი ეს იცის „მოვლენილ ცეცხლოვან განსაცდელს“ (1 პეტ. 4: 12), როგორც ამას წმინდა მარტვილთა ცხოვრებაში ვხედავთ უმტკივნეულოდ და სიხარულით გადაიტანს. ამ ცოდნის გარეშე პიროვნება საშიშროების წინაშე დგრბა, რადგან სული ღმერთის სიყვარულში შეიძლება დაეჭვდეს და როდესაც პიროვნების რწმენაში ეჭვი გაჩნდება, გოლგოთას გზაზე ქრისტესთან ერთად მიმავალი შესაძლებელია კიდეც დაყოვნდეს.

როდესაც ყოველივე ზემოთ აღნიშნულის რეზუმირებას ვახდენ სულის ეს ჭეშმარიტად დიდი მეცნიერება, მსურს მოკლედ გამოვხატო და მოგიწოდოთ: ყოველგვარი მიწიერი ტანჯვა უფრო დიდი ტანჯვით დაამარცხე; „სული გეჭიროს ჯოჯოხეთში“ – თვითგანიკითხე, როგორც უღირსი და განწირული ჯოჯოხეთისთვის, მაგრამ „ნუ მიეცემი სასოწარკვეთას“.

ამ ღვაწლით შენ სოფელს დაამარცხებ, უფალი ბრძანებს: „სოფელსა ამას ჭირი გაქუს, არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა“ (იოან. 16: 33). და შენც – სოფლის მძლეველს უფალი შეუძვრელ სასუფეველს გაზიარებს (შეად. ებრ. 12: 28).

დედამიწაზე სადამდე მიდის ამ მეცნიერების ზღვარი? ჩვენთვის ეს ზღვარი, „სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველმა“, ქრისტემ განსაზღვრა.

კურთხეულ იყოს მისი სახელი აწ და მარადის. არქიმანდრიტი სოფრონ სახაროვი
თარგმნა: როლანდ-რომილე ჩხეიძემ
ორიგინალი: azbyka.ru

 თავი VIII – «შეჯამებული სულიერი ცხოვრება»
თავი IX – «სულიერი თავისუფლების შესახებ»
თავი X – «შთაგონების შესახებ»
თავი XI – «დამაშვრალობისა და ღვთისაგან მიტოვების შეგრძნების შესახებ»
თავი XII – «თვითსიძულვილამდე სიყვარულის შესახებ»
თავი XIII – «უქმნელი ნათლის შესახებ»
თავი XIV – «პიროვნული საწყისები ღვთაებრივ მყოფობასა და ადამიანურ ყოფნაში»
თავი XV – «ლიტურგიული ლოცვა»
თავი XVI – «ლიტურგიული ენა»
თავი XVII – «გეთსიმანიის ლოცვა»
თავი XVIII – «ლოცვა, რომელშიც ღმერთი-ჭეშმარიტება ვლინდება»