07/12/2015 კატეგორია: ოჯახი, სტატიები,

«მამა სიყვარულით შეიცნობა»

მღვდელი დიმიტრი როშინი

mama-siyvarulit-sheicnoba
გადმოწერა:

  „მამა   სიყვარულით   შეიცნობა“

საუბარი  მღვდელ დიმიტრი როშინთან

მრავალშვილიან  მამაზე უკეთ ვინ ერკვევა იმაში, თუ რას ნიშნავს  – იყო მამა? მამა დიმიტრი როშინი, რომელიც დღეს მამობის ხელოვნებაზე ისაუბრებს, მარტო რვა შვილის მამა არ გახლავთ – მას წმ. მოწამე ანტიპეს ტაძრის მრევლში ბევრი სულიერი შვილი ჰყავს.

– მამა დიმიტრი, ტრადიციულად, მამას უდიდესი ადგილი ეკავა რუსულ ოჯახში. სამწუხაროდ, დღეს ოჯახები, რომლებშიც მამა მთავარ როლს ასრულებს, ძალიან ცოტაა. როგორ ფიქრობთ, ეს ბუნებრივი პროცესია, თუ დროა სიტუაციის შეცვლაზე ვიფიქროთ?

– არ ვთვლი, რომ მამის როლი დასუსტებულია. ბევრ მრავალშვილიან ოჯახში მამას სათანადო ადგილი უკავია. მაგრამ საგრძნობლად აკნინებს მამის როლს ზოგი ფაქტორი, მათ შორის ქალის უზნეობა. ჯერ კიდევ ღირსი მამა იოანე კიბისაღმწერელი ამბობდა, რომ ქალის აღვირახსნილობა ქვეყნის დასასრულის ტოლფასია. ამაში ბევრი რამ შეიძლება ვიგულისხმოთ: თავაშვებულობა, ემანსიპაცია, ქალის როლის არასწორი გაგება, სწორედ ეს არის თანამედროვე ოჯახის ტრაგედიის მიზეზი, და არა ის, რომ მამაკაცებს მამობის გრძნობა აღარ გააჩნიათ.

მარტო დემოგრაფიული პრობლემები და არაქრისტიანული ცხოვრება  (თუმცა მე, როგორც მღვდელს, ეს უნდა აღმენიშნა) არ არის მამის გარეშე გაზრდილი ბავშვების სიმრავლის მიზეზი. ასე თუ ისე, საბჭოური ოჯახი მყარი იყო. რასაც განაპირობებდა ზოგჯერ სამსახურის ან შემოსავლის დაკარგვის შიში, მაგრამ ფაქტია, განქორწინებისა და ოჯახური ღალატის სტატისტიკა მაშინ განსხვავებული იყო. პროვინციაში, შესაძლოა, მამაკაცები მეტს ლოთობდნენ, ქალები კი– უფრო ბევრს ითმენდნენ. ქალის დღევანდელი  „თავისუფლება“, ჩემი აზრით, ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს. ქალი მამაკაცს უნდა ეხმარებოდეს, თუ არ ეხმარება, ოჯახი ინგრევა.

– ბევრი ქალი დღეს დედობრივი ინსტინქტის დასაკმაყოფილებლად მარტოხელა დედის როლს ირჩევს. რას იტყოდით მამაკაცებზე– მათთვის რამდენად მნიშვნელოვანია მამობის განცდა?

 – მამობას ომს შევადარებდი. ვერასდროს იტყვი წინასწარ, რამდენად ხარ ამისთვის მზად.ომი იწყება და ბრძოლის ველზე ყველა თავის ადგილს იკავებს, ვიღაცა გმირი აღმოჩნდება, ვიღაცა კი – ლაჩარი. ამის განჭვრეტა შეუძლებელია. ვინ იცის წინასწარ, ვინ როგორი მამა იქნება… მე ბევრ მართლმადიდებელს ვიცნობ, მათ შორის ჩვენი მრევლის წევრს, რომელსაც სურს ოჯახის შექმნა, მაგრამ რამდენიმე შეცდომის შემდეგ, ძალიან ფრთხილობს. დამნაშავე ისევ ქალია. ხშირად მამაკაცები კინოსა და მხატვრული ლიტერატურის გმირებით ხელმძღვანელობენ, თუმცა ამის მიზეზიც შიში გახლავთ – ვაი თუ ისევ შევცდე.

– იდეალებზე ჩამოვარდა საუბარი, როგორი გესახებათ თქვენ იდეალური მამა?

– ჩემთვის, იდეალური მამა – მღვდელია, ანუ ადამიანი, რომელიც თავისი ქცევით ცდილობს, ღმერთს დაემსგავსოს. თუ ჩვენ უფლის მამობის არსს ვერ ჩავწვდით – ნამდვილ მამობას ვერ შევძლებთ. კარგი ხელმძღვანელი, უფროსი – ყველა იდეალური მამის განსახიერებაა. მამისა, რომელიც მზადაა, იტვირთოს მთელი პასუხისმგებლობა, რომელიც მისდამი დაქვემდებარებულ პირებს მართლაც მამობას გაუწევს – პოეტმა როგორც თქვა: ,,მეფის მსახური, მეომრის მამაა.“ ის, რასაც ზოგი მოძღვარი თავის მრევლს უწევს, ნამდვილი მამობაა.

კარგი მამობა ნიშნავს – თითოეულ ბავშვს (ადამიანს) აგრძნობინო, რომ სხვებზე მეტად გიყვარს. არა მგონია, ჩემი რვა ბავშვიდან რომელიმემ თქვას რომ სხვებზე მეტად მიყვარს.

– ითვლება, რომ კარგი მამა ბავშვებს დიდ დროს უნდა უთმობდეს. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უჭირთ  ძიძობა გაუწიონ პატარას.

– უნდა გამოგიტყდეთ, მეც მათ შორის ვარ. და სულ უკმაყოფილო ვარ იმის გამო, რომ არ ვიცი პატარასთან თამაში ან მისი მოვლა. ფსიქოლოგებიც ამბობენ, რომ ბავშვთან ბევრი დრო უნდა გაატარო… მაგრამ, მე ვთვლი,  ეს ძალიან ინდივიდუალურია, ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს პატარის აღზრდაში. იქნებ არც იყოს საჭირო ზედმეტი თვითკრიტიკა, ჩვენ ხომ განსხვავებულები ვართ და ყველას ჩვენი თავისებურებები გვაქვს.

Протоиерей Димитрий Рощинიოანე კიბისაღმწერელი თავის წიგნში სულიერ მოძღვრებზე მსჯელობს, როგორი უნდა იყოს ნამდვილი მოძღვარი, და შემდეგ დასკვნამდე მიდის: ნამდვილი მოძღვარი სიყვარულით შეიცნობა. ეს, ჩემი აზრით, მამობასაც ეხება. სიყვარულის გამოხატვა მრავალნაირად არის შესაძლებელი, ბავშვები მას ყოველთვის გრძნობენ. თუ ბავშვს ვერ ეთამაშები, და ფიქრობ რომ რამეს აკლებ ამით, ეცადე, გააკეთო ის, რაც შეგიძლია.

მშურს მამებისა, რომლებსაც ბავშვები დაჰყავთ ლაშქრობებზე, სპორტზე, ხელნაკეთობებზე ერთად მუშაობენ.  მე ამ მხრივ მოვიკოჭლებ, სამაგიეროდ, სხვაგვარად ვცდილობ ავანაზღაურო ჩემი „არასრულფასოვანი“ მამობა, ისე, რომ სიტუაცია კრიტიკული არ იყოს. საერთოდ, არ მომწონს როდესაც ფსიქოლოგები შენ მაგივრად წყვეტენ , როგორ უნდა მოიქცე მამის როლში. ვფიქრობ, წარმატებულ ოჯახში მეუღლეები ინაწილებენ ფუნქციებს:  რასაც დედა ვერ ასწრებს, მამა იღებს საკუთარ თავზე, და პირიქით.
              მამა დიმიტრი როშინი


– ხშირად გვესმის აღზრდაში მამის როლის შესახებ: ვიღაცას გაუმართლა, ვიღაცას კი დააკლდა ამგვარი აღზრდა. რაში ხედავთ მამის როლს?

– არა მგონი, ეს რაღაც განსაკუთრებული როლი იყოს. მთავარია: როგორი მამაც არ უნდა იყო, ბავშვები მაგალითს შენგან იღებენ. ნაკლებ სავარაუდოა, რომ მოკრძალებული დოცენტის შვილები ფეხბურთის ფანებად ჩამოყალიბდნენ. ბოქსიორის შვილებიც, არა მგონია, მეცნიერებამ გაიტაცოს. მე თავისებური ადამიანი ვარ, ბავშვები ამ თავისებურებას უნებურად ითვისებენ, და თუ მე უკეთესობისკენ ვიცვლები, ისინიც იცვლებიან. შვილებს ხშირად მიქებენ, თუმცა, უნდა გამოვტყდე, არასდროს ვზრდი მიზანმიმართულად. ერთადერთი ისაა, ბავშვებთან სულ ვსაუბრობ, და მათ დიალოგის თანასწორ წევრებად აღვიქვამ.

ბავშვს აუცილებლად სიყვარულით უნდა ესაუბრო, მაშინ მოგისმენს და გაგიგებს. თითქმის არასდროს ვტუქსავ, და ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ისინი დღემდე მაბარებენ აღსარებას, მენდობიან და მოძღვრად მთვლიან. ჩვენი ურთიერთობა თავიდანვე პასუხისმგებლობის გრძნობაზე დავაფუძნე, იციან, რომ მათზე მე ვარ პასუხისმგებელი, ისინი კი სხვებზე. ამიტომაც, თუ რამეს დააშავებენ, ეს მთელი ოჯახის ღალატის ტოლფასი იქნება.

– ბავშვებს კოლექტიურად ესაუბრებით? თუ ყველას ცალ-ცალკე? ერთმანეთს თუ ადარებთ? ვინმეს მაგალითი მოგყავთ?

– ერთადაც და ცალ-ცალკეც: ეს შეიძლება ქადაგებას და აღსარების ჩაბარებას შევადაროთ. ქადაგება ყველასთვის ერთია, ხოლო აღსარებას ინდივიდუალურად აბარებენ. ხშირად უფროსი ბავშვების მაგალითზე პატარებს ვზრდი (თუ მათი ქცევა სამაგალითოა, რა თქმა უნდა). მთლიანობაში, შვილების აღრზდით კმაყოფილი ვარ. თუ რაიმე ხარვეზს წავაწყდი– ეს ხომ ჩემი პრობლემა, ჩემი ნაკლია. მხოლოდ ორ რამეს ვერ მოვითმენ: ეს ტყუილი და ფამილარობაა. თუ ბავშვს მივმართავ და მესმის: „ჰო, რა იყო?“, მაშინვე მივუთითებ. ჩვენს ოჯახში ამგვარი ტონი მიუღებელია, ჩვენთან თავისებური იერარქია არსებობს, ბავშვებს კარგად ესმით, რომ მათ არ შეუძლიათ დიდებს ესაუბრონ ისევე თავისუფლად, როგორც ერთმანეთს. ტყუილს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია  მისი სრულიად აღმოფხრვა, მაგრამ ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ამ დროს დანაშაულს სჩადის.

მეცოდებიან ოჯახები, სადაც ამგვარი იერარქია არ არსებობს. აქ ბავშვის შეცოდება მიუღებელია. არ უნდა დაუშვა, რომ მშობლებს პატარა შენიშვნებით ელაპარაკებოდეს, ეს თავიდანვე უნდა აღმოიფხვრას. თუ ამას მივაღწევთ, ბავშვებს უფროსებისადმი პატივისცემასა და მორჩილებას ჩავუნერგავთ. ეს პირველ რიგში მათთვის არის საჭირო, ჩვენ ხომ რამდენიმე დაუმორჩილებელი თაობა გავზარდეთ.Протоиерей Димитрий Рощин в детском православном палаточном лагере «Лесной городок»

მაგალითად,  მცნება მშობლების პატივისცემისა, ერთადერთია, რომელიც გრძელ და წარმატებულ ცხოვრებას გვპირდება: ,,პატივ ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილ გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა“. ჩემს ბავშვებს ვუხსნი: თუ შენ ბრძენი ადამიანი ხარ, აუცილებლად გაითვალისწინებ ამას. თუ გინდა რომ წარმატებული, მდიდარი, ბედნიერი და დღეგრძელი იყო, დამიჯერე! გაითვალისწინე ჩემი აზრი ცხოვრებისეული გზისა და მეუღლის არჩევისას. ეს თავისუფლების შეზღუდვას არ ნიშნავს, იმიტომ რომ ჩემი სიყვარული გამომდინარეობს პიროვნული დახასიათებისაგან.

თუ მე ვხედავ, რომ ბავშვს მუსიკალური ნიჭი არ გააჩნია, მუსიკალურ სასწავლებელში არ მივიყვან. თუ დავრწმუნდი რომ სხვა მიდრეკილებები აქვს, იმ მიმართულებით ვატარებ, იმიტომ რომ ჩემი მისდამი სიყვარული და სიბრძნე უფრო მალე მიაღწევინებს მიზანს. არანაირ ძალადობას არ ექნება ადგილი. რა თქმა უნდა, სულ სხვა ამბავია, თუ დესპოტურად ვარ განწყობილი და შვილი, რომელსაც არ აქვს მათემატიკური ნიჭი, დამატებით წრეზეც დამყავს. თუ მოსიყვარულე და ყურადღებიანი მშობელი ხარ, შენზე უკეთ შენს შვილს არავინ იცნობს. ეს უნდა აუხსნა ბავშვს, და, თუ საჭიროა, წინააღმდეგობა გაუწიო კიდეც.

აღრზდა – დიდი პოლიტიკაა. ჩემს უფროს ვაჟიშვილს, ბევრი სხვა მოზარდის მსგავსად, ერთი სურვილი ჰქონდა – კომპიუტერთან ჯდომა, და არანაირი წიგნები. მე ვთხოვე, მონიტორზე სლოგანი დაეყენებინა: „ის, ვინც კითხულობს, ყოველთვის მართავს იმას, ვინც ტელევიზორს უყურებს.“ გავიდა რაღაც პერიოდი, და უფრო და უფრო ხშირად ვხედავდი მას წიგნით ხელში… ნუ გგონიათ, რომ „ნაპოლეონს“ ვზრდი. კი, გარკვეულ წილად მის ამპარტავნებას, მის პატივმოყვარეობას შევეხე, მაგრამ მათ სწორი მიმართულება მივეცი. ხვალ კი კიდევ რაღაცის მოფიქრება მომიწევს! ნუთუ არსებობს ამაზე საინტერესო  რამ – უფალს დაეხმარო პიროვნების ჩამოყალიბებაში, თუ ეს შენ დაგაკისრეს. ქუჩაში, ან, თუნდაც, ტაძარში, რჩევებს არასდროს ვიძლევი. მაგრამ სულ სხვა საკიხია, როდესაც ჩემს ბავშვს ან სულიერ შვილს ეხება – აქ ვალდებული ვარ, ვურჩიო და ვასწავლო.

– თქვენი აზრით, მამობის ინსტინქტი თანდაყოლილია, თუ ამ ნიჭს შეიძლება დაეუფლო, თუნდაც გამოცდილების მიღების პროცესში?

– ეს გრძნობა, რასაკვირველია, თანდაყოლილია, ისევე, როგორც დედობრივი ინსტინქტი, მაგრამ მას განვითარება, დახვეწა სჭირდება და უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის დედის ფაქტორზე. თუ დედა ოჯახში სიბრძნით არ გამოირჩევა, მამისგან ბავშვის საცვლების რეცხვას მოითხოვს და რაღაცა თავისუფლებაზე ოცნებობს, ასეთ სიტუაციში ძალიან ძნელია, კარგი მამა იყო. კარგი მამობისათვის შესაბამისი პირობებია საჭირო, მაგალითად, იგივე ოჯახური იერარქია.

В храме священномученика Антипыთუ იდეალზე ვოცნებობთ, იდეალურად უნდა მოვეპყროთ ერთმანეთს, და ეს ნიშნავს საკუთარ თავზე განუწყვეტლივ მუშაობას, მორჩილებას, რწმენას. ამ მხრივ , ქრისტიანული ქორწინება იდეალურია: მეუღლეებს ჰყავთ საერთო მოძღვარი, რომელიც ეხმარება მათ ურთიერთობის აწყობაში, ქალს განსაცდელის გადატანაში, მამაკაცს კი – რომ მეტი სიყვარული და პასუხისმგებლობა ისწავლოს.

მამობის პასუხისმგებლობა ქალზეა დამოკიდებული: თუ მამაკაცი არ არის ამისთვის მზად, ქალს შეუძლია მამობაც მოანდომოს. იქნებ, სასუფეველში მან სამასი სართულით მაღლა იცხოვროს, მაგრამ აქ, დედამიწაზე, მისი მიზანია, მამაკაცი ოჯახის ღერძად აქციოს, აქედან იწყება ოჯახის კეთილდღეობა.

იერარქიის გარეშე ოჯახი განწირულია, რადგან საპირისპირო მდგომარეობა – ანარქია გახლავთ. დედამ ბავშვებსაც უნდა შთააგონოს, რომ მამა ოჯახის უფროსია. მამა, თავის მხრივ, დედასა და ბავშვებს შორის შუამავალია, რომლის მაგალითზეც ბავშვები დედის სიყვარულს სწავლობენ. ასე მშობლები ერთმანეთს გვერდში უდგანან. დედის მხრიდან, მამისადმი არასასურველი ტონი – უკვე კატასტროფის ტოლფასია. მაგრამ უნდა გვახსოვდეს: დღეს თუ ყველაფერი რიგზეა, იმას არ ნიშნავს, მოვდუნდეთ და გამარჯვება ვიზეიმოთ.

იყო მამა – ეს სიმაღლეა, რომელიც ყოველდღე უნდა დაიპყრო. საკმარისია მოეშვა – და მაშინვე სიტუაციაზე კონტროლს კარგავ. მამობა, დედობის მსგავსად, დიდი შრომაა. პირველ რიგში – საკუთარ თავზე. ყველას გვაინტერესებს, რა უნდა გავაკეთოთ შვილების სასიკეთოდ –  ვიმუშაოთ საკუთარ თავზე – და უფალი დაგვეხმარება.

 

სპეციალურად საიტისთვის თარგმნა: ნეტა ბარბაქაძემ

წყარო:pravoslavie.ru

 
ნახვა 3038