You are currently viewing „მასწავლებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან“

„მასწავლებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან“

Download article eBook

  წიგნიდან: „ჩვენი ეკლესია და ჩვენი ბავშვები“

თავი I – „ქრისტიანული აღზრდის მიზანი“
თავი ΙΙ – „ჩვენი შვილები“ (ნაწილი I; ნაწილი II)
თავი III – „ქრისტიანული აღზრდა ოჯახში“

 

თავი IV
„მასწავლებელი“

მოძღვარს ზრდასრული მრევლის რელიგიური აღზრდის არაერთი საშულაება აქვს, თუკი მას საკვირაო ქადაგებაზე ყურადღებით უსმენენ; კიდევ უფრო მჭიდრო სულიერი ურთიერთობა აღსარების დროს მყარდება; მრევლის მთელი ცხოვრება, ანუ ღვითსმსახურება და საერთო საქმიანობა, ზრდასრული მრევლის მონაწილეობას მოითხოვს. ბავშვები კი განზე რჩებიან, ამიტომ სამრევლო სკოლის მთავარი ამოცანაა ბავშვებსა და მოზარდებს ეკლესიური ცხოვრების სისრულე წარმოუჩინოს. გადამწყვეტი როლი ნიჭიერ საერო მასწავლებლებს ეკისრებათ, რომლებსაც შესწევთ ძალა საკუთარი, ცოცხალი გამოცდილება ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე გამოთქვან. ვერანაირი კარგი წიგნი, ვერავითარი საუკეთესო პროგრამა მასწავლებლის პირად გავლენას ვერ შეცვლის. სწავლების მეთოდის მიუხედავად, მასწავლებელი სწავლების პროცესს პიროვნულ ანაბეჭდს ყოველთვის დაასვამს. შთაგონებით აღსავსე მასწავლებლი მოძველებული და მშრალი სახელმძღანელოების გამოყენებასაც კი შეძლებს, ხოლო პედანტური და შეზღუდული – საუკეთესო სახელმძღვანელოს გამოყენებით სწავლებას მაინც მექანიკურ პროცესად აქცევს.  ძალზე მნიშვნელოვანია მოძღვარმა სამრევლო სკოლისათვის ნიჭიერი მასწავლებლები შეარჩიოს. მასწავლებლი სამ პირობას უნდა აკმაყოფილებდეს:1. ჰქონდეს ეკლესიის ცხოვრებაში მონაწილეობის თუნდაც მინიმალური, მაგრამ ნამდვილი გამოცდილება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მისი რწმენა, შესაძლოა, არ იყოს სრულყოფილი, მაგრამ იგი გულწრფელი უნდა იყოს.

2. შეეძლოს ბავშვებთან საერთო ენის გამონახვა.

3. განვითარებისა და თვითსრულყოფის უნარი ჰქონდეს, როგორც პედაგოგს.  სამივე თვისება მნიშვნელოვანია, თუმცა სხვადასხვა კანდიდატს, ბუნებრივია, ისინი განსხვავებული ხარისხით ექნება. არაერთი საერო, რომელსაც გულწრფელად სურს ეკლესიას ემსახუროს, ვერ ბედავს ბავშვებს სარწმუნოება ასწავლოს, რადგან თავს სათანადოდ მომზადებულად არ მიიჩნევს. წიგნის ამ თავში ვეცდები, გადმოვცე, სამრევლო სკოლაში მუშაობის საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე, თუ რა მოეთხოვება მასწავლებელს.

„მასწავლებელი როგორც პიროვნება“

სწავლება ხშირად დაკავშირებულია მასწავლებლის თავმოყვარეობის შელახვასა და საკუთარი თავით უკმაყოფილებასთან. ამიტომ მასწავლებლს უნდა სჯეროდეს თავისი თავისა და მოწოდების – ეს რწმენა, პარადოქსულად, უღრმეს სიმდაბლეს მოითხოვს. ასეთ სიმდაბლეს სულიერი სიმშვიდე მოაქვს. თქვენ არ აზვიადებთ საკუთარ შესაძლებლობებს, თავი გენიოსი არ გგონიათ. ბუნებრივად მოვლენად მიიჩნევთ, რომ უკლებლივ ყველა მოსწავლეს არ მოსწონხართ, რომ მთელ კლასს თქვენი საუკეთესო გაკვეთილიც კი ვერ იტაცებს. სიმდაბლე დაგეხმარებათ მეტისმეტად არ განიცადოთ შემთხვევითი პედაგოგიური წარუმეტებლობანი: „განა ვინ ვარ, რომ კარგი მასწავლებლი ვიყო?.. კიდევ ერთხელ უნდა ვცადო…” როგორც მასწავლებლი, თქვენ პასუხისმგებელი ხართ კლასის ხელმძღვანელობასა და დისციპლინის დაცვაზე, სიმდაბლე დაგეხმარებათ, აირიდოთ ამაო შფოთვა, შელახული და გაღიზიანებული „მე”-ს დრტვინვა.  მასწავლებლი ბავშვებზე თავისი გავლენის შეზღუდულობას უნდა აცნობიერებდეს. იგი ვერ გახდება ფსიქიატრი, რადგან სათანადო მომზადება არ გააჩნია და ბავშვის წარსულს ზეედმიწევნით არ იცნობს. მისი ურთიერთობა ბავშვთან სამრევლო სკოლით და ეკლესიური ღონისძიებებით შემოიფარგლება – ეს ბავშვის ცხოვრების მხოლოდ ნაწილია. ურთიერთობა ბავშვთან შეზღუდულია და მასწავლებელი მოწოდებულია დაძაბოს მთელი თავისი ძალა და უნარი, მოსწავლის ქცევის (მორცხვობაა თუ ცელქობა, გულგრილობაა თუ სიზარმაცე) მიზეზი და აზრი რომ გაიგოს, მის გულს გასაღები რომ მოარგოს. ოღონდ თავისი შესაძლებლობების ფარგლებს უნდა აცნობიერებდეს, თავის თავს ყოვლისშემძლედ არ მიიჩნევდეს. თუმც კი, ჩვენი ბავშვობის მოგონებანი მოწმობენ, რომ ზოგჯერ მასწავლებლის ერთადერთ სიტყვას ანდა მოქმედებას წარუშლელი შთაბეჭდილება შეუძლია მოახდინოს.   მასწავლებელმა როგორც თავის შესაძლებლობები, ასევე სუსტი მხარეები უნდა იცოდეს. ზოგიერთი მასწავლებლი შესანიშნავი მთხრობელია და შეუძლია მთელი კლასის ყურადღება დაიპყროს. სხვებს კი, პირიქით, ბავშვების ენერგიის გაღვიძება შეუძლიათ და აქვთ განსაკუთრებული უნარი ბავშვების ნიჭის გამოვლენისა. ზოგიერთი მშვენივრად ხსნის ყველაზე რთულ საკითხებს, სხვები კი – კარგი მხატვრები თუ მუსიკოსები არიან. მასწავლებელმა უნდა იცოდეს, რისი ნიჭი და უნარი აქვს, და როგორ შეიძლება საუკეთესოდ გამოიყენოს გაკვეთილზე. მასწავლებლისთვის უმთავრესია ბავშვების სიყვარულის უნარი. ოღონდ ჯერ უნდა გავარკვიოთ, „სიყვარულის” ქვეშ რას ვგულისხმობთ. საეჭვოა, მართლა უყვარდეს ბავშვები იმას, ვინც მათ „პატარა ანგელოზებსა” და „კუდრაჭებს” უწოდებს, ანდა იმას, ვისაც ყველა ბავშვი ერთნაირად უყვარს. სინამდვილეში, ბუნებრივია, რომ ერთი ბავშვი მეტად მოგწონს, ვიდრე მეორე. კვლავ მოციქულ პავლეს სიტყვებს შეგახსენებთ: „სიყვარული სულგრძელ არს და ტკბილ; სიყვარულსა არა ჰშურნ, სიყვარული არა მაღლიონ, არა განლაღნის, არა სარცხვინელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი, არა უხარის სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა. ყოველსა თავს-იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ” (1 კორ. 13, 4-7). ამ გამონათქვამს კლასში შექმნილ სიტუაციებს ხშირად ვუსადაგებ ხოლმე. უნდა გაგეხარდეს თუ არა, როცა უზრდელი და არსიმპათიური მოსწავლე მართალი აღმოჩნდება? უნდა გქონდეს თუ არა იმედი, რომ სული წმიდის მადლი კლასის ყველაზე წყალწაღებულ „ტაკიმასხარაზეც” იმოქმედებს? შეიძლება თუ არა იამაყო იმით, თუ როგორ ასწავლი? უკლებლივ ყველა ბავშვს უნდა სცე პატივი, მთელს კლასთან ერთნაირად თავაზიანი იყო? ეჭვგარეშეა, რომ სწორედ ასეთი სიყყვარული იწვევს მასწავლებლის ფერისცვალებას, ამდიდრებს მის ცხოვრებას, და იგი აღარაა „რვალი, რომელი ოხრინ, გინა წინწილანი, რომელნი ხმობედ”. მასწავლებლი იზრდება როგორც პიროვნება, თუკი ბავშვები მართლა უყვარს.  მასწავლებლისათვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისებაა მისი ინტერესი ცხოვრების მიმართ, მისი გატაცებანი და ცნობისწადილი. ადამიანი, რომელიც მხოლოდ სამრევლოს ცხოვრებითაა დაკავებული, ვერასოდეს გახდება კარგი მასწავლებელი. ასეთი ჩაკეტილობა, ალბათ, იმაზე მეტყუველბს, რომ ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება საზოგადოების ცხორებასთან შეხებაში არაა. საშუალო და უფროსი ასაკის ბავშვები განსაკუთრებულ პატივს სცემენ ადამიანებს, რომლებიც ზედმიწევნით კარგად დაეუფლნენ რომელიმე პროფესიას – მეცნიერების, ხელოვნების, ტექნიკის თუ სპორტის ნებისმიერ სფეროში. ზრდასრული ადამიანის ჰობი ან გატაცებაც კი შეიძლება რელიგიისა და ცხოვრების სეკულარული განცალკევების დაძლევვას უწყობდეს ხელს. სწორედ ამიტომაა საჭირო, რომ მასწავლებლები საეროთაგან იყვნენ. მოზარდებისთვის თავისთავად ცხადია – მღვდელს ღმერთისა და ეკლესიის სწამს. მაგრამ თუკი რწმენაზე ინჟინერი ანდა პროფესიონალი მხატვარი ესაუბრება, ეფექტი გარანტირებულია, თუნდაც იგი საღვთისმეტყველო თვალსაზრისით სათანადოდ მომზადებული არ გახლდეთ (ოღონდ, მეტისმეტად თავდაჯერებული არ უნდა იყოს). დასკვნის სახით შეიძლება ითქვას: მასწავლებლის გავლენა მოსწავლეებზე, პირველ რიგში, მისი პიროვნებით, პიროვნული მაგალითით განისაზღვრება. კარგი მასწავლებლის მონაცემები აქვს იმას, ვისი რწმენაც – თუნდაც არასრულყოფილი – წრფელია და ალალი, ვინც რწმენაში იზრდება (ანუ, ერთ ადგილზე არაა გაყინული), ვინც ფართო თვალთახედვით, ცოცხალი ცნობისწადილით, სიმდაბლით (პრაქტიკულად, ეს ხშირად იუმორის გრძნობასაც გულისხმობს), სიყვარულითა და კეთილსინდისიერებით გამოირჩევა.

ურთიერთობა ბავშვებთან“

ეს თანდაყოლილი ნიჭი ყველას არ გააჩნია, არადა, უმისოდ ძნელია, კარგი მასწავლებელი გახდე. თუმცა ურთიერთობის უნარი კაცმა შეიძლება განივითაროს. ბავშვებთან ურთიერთობის უნარი – ეს, პირველ რიგში, უნარია დაინახო ისინი ისეთებად, როგორებიც სინამდვილეში არიან; განსაზღვრო დონე, რომელზეც შესაძლებელია მათთან ურთიერთობა. თუკი ამ თვალთახედვით განვიხილავთ სახარებას, დავინახავთ, რომ ქრისტე სწორედ ასე ურთიერთობდა ადამიანებთან, რომლებსაც განასწავებდა და მსახურებდა. ადამიანისთვის, ვინც მასწავლებელობას აპირებს, მეტად სასარგებლოა, თუკი რამდენიმე ბავშვთან დარჩება, რაღაცით რომ არიან გართულნი ანდა თამაშობენ. იმისთვის კი არა, რაიმე ასწავლოს, არამედ მხოლოდ დააკვირდეს, შეეცადოს, რაც შეიძლება მეტი გაიგოს თითოეულ მათგანზე, – გაიგოს მათი აზრები, გემოვნება, გრძნობები. ეს ძალზე სასარგებლო სავარჯიშოა, რომელიც მასწავლებელთა მომზადების პრიგრამაშია შესატანი.   კლასთან როცა ვმუშაობთ, აუცილებლად უნდა ვაწარმოოთ ჩანაწერები თითოეულ ბავშვზე, მათ რეაქციაზე, ქცევასა და კლასის საერთო საქმეში მონაწილეობაზე. ჩვენ საკმაოდ ხშირად გაკვეთილის შინაარსი გვიტაცებს, ვცდილობთ, ბავშვებს მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ. ყურადღებას ვაქცევთ მხოლოდ იმ მოსწავლეებს, რომლებიც გვეხმარებიან, პასიურები კი განზე რჩებიან. არადა, მასწავლებელის ყურადღებას, მასთან ურთიერობას გაცილებით მეტად საჭიროებს მორიდებული, თავის თავში ჩაკეტილი ანდა უნიათო ბავშვი. ჩანაწერები იმიტომ გვეხმარება, რომ ჩვენ, როგორც წესი, გვავიწყდება, რაც წინა კვირას ხდებოდა. თუკი აუცილებელი გახდა ბავშვის დატუქსვა, შენიშვნის მიცემა ანდა წესრიგისკენ მოწოდება, შემდეგ აუცილებლად უნდა გამონახოთ შესაძლებლობა, რომ შეაქოთ. თუკი მორიდებულმა ბავშვმა რაღაც კარგად თქვა ანდა გააკეთა, ამას გაკვეთილის განმავლობაში რამდენჯერ უნდა მიბრუნდეთ, რათა ხაზი გაესვას გაკეთებულის მნიშვნელობას – უბრალოდ ერთხელ შექება საკმარისი არაა.   არიან ბავშვები, რომლებსაც უჭირთ საერთო საქმეში ჩართვა, საერთო საქმეს აფუჭებენ. მათ შეიძლება ისეთი ინდივიდუალური დავალება მივცეთ, რომელიც მარტო უნდა შეასრულონ, მაგრამ თანაც საერთო საქმის შემადგენელს წარმოადგენდეს. რასაც უნდა აკეთებდეს მასწავლებელი, რა „ეშმაკურ” ხერხებაც უნდა მიმართავდეს იმისთვის, რომ მოსწავლეები დააინტერესოს, მისი სულერი წინსვლა, როგორც აღმზრდელისა, უმეტესად განისაზღვრება სურვილით, უფრო სიღრმისეულად გაიცნოს ბავშვები, დაუახლოვდეს, სამყარო მათი თვალით დაინახოს.

 „ჯგუფის ხელმძღვანელობა და მასთან მუშაობა“ 

სწავლებას საფუძვლად ცალკეულ ბავშვთან ურთიერთობის უნარი უდევს, მაგრამ კლასთან მუშაობისას რაღაც მეტია საჭირო. ახლა უკვე აღარ ფასდება ისეთი დისციპლინა, რომელიც კლასისგან სრულ სიჩუმესა და აბსოლუტურ სიწყნარეს მოითხოვს. ამჟამად მთავარი აქცენტი გაკვეთილის პროცესში მოსწავლეთა შემოქმედებით ჩართულობაზე, „საქმით სწავლებაზე”, კლასის „გახსნილობაზე” კეთდება. ამგვარი სწავლება მასწავლებლისგან გაცილებით მეტს მოითხოვს და ადვილად შეიძლება ისეთ ქაოსად იქცეს, მოსწავლეებსაც, პედაგოგებსაც და მშობლებსაც რომ გააკვირვებს. ერთი ჩემი ნაცნობი, მეტად უნარიანი, ახალგაზრდა მასწავლებელი ქალი მოუმზადებელი შევიდა კლასში, რომელიც დამოუკიდებელ მუშაობას და მეგობრულად საქმის კეთებას ჩვეული არ იყო. განსაკუთრებული დაფიქრების გარეშე მან გადაწყვიტა გაკვეთილის ნაცვლად ბავშვები აეთამაშებინა, რომ ერთმათთან დაეახლოებინა. ბავშვების ნაწილმა თამაშის იდეა აიტაცა, სამაგიეროდ, მეორე ნაწილმა საკლასო ოთახი დატოვა, რადგან თამაში არ სურდა. შედეგად, გაკვეთილი ჩაიშალა, თამაშმა დასახული ამოცანა ვერ შეასრულა. მშობლები კი, რომლებმაც ბავშვები შორიდან მოიყვანეს სამრევლო სკოლაში, დაღვრემილები უყურებდნენ ამ ყველფერს – გრძნიბდნენ, რომ დრო ტყუილად იკარგება. შემოქმედებითი მეცადინეობა ჯგუფთან წინასწარ დაფიქრებას, საგულდაგულო მომზადებას მოითხოვს. უპირველესად, მასწავლებელს ნათლად უნდა ესმოდეს გაკვეთილის მოზანი და ამოცანა: იქიდან, სადაც ახლა ვიმყოფებით, წინ უნდა წავიდეთ. ასე მაგალითად, მეექვსე კლასში გადიან წმიდა საიდუმლოებებს, წინა მეცადინეობაზე ნათლობის საიდუმლოს შესწავლა დაიწყეს, მოსწავლეებმა მოიტანეს ნათლობის მოწმობები, განიხილეს ეკლესიის წევრობის მნიშვნელობა. ახალი გაკვეთილის მიზანია – უფრო ღრმად გააცნობიერონ ნათლობის წესის სიმბოლიკა. თავდაპირველად მასწავლებელმა უნდა შეახსენოს კლასს, თუ რაზე ისაუბრეს წინა მეცადინეობისას. მიზნის მისაღწევად მასწავლებელი სთხოვს ბავშვებს სათითაოდ დაწერონ ორი-სამი კითხვა, რაზეც პასუხი უნდა მიიღონ იმისთვის, რომ უკეთ გაიგონ ის, რაც ნათლობისას ხდება. მასწავლებელი კითვხებს შეაგროვებს და სთავაზობს კლასს რამდენიმე ჯგუფად დაიყონ, რომელთაგან ყოველი მოამზადებს პასუხს გარკვეულ კითხვებაზე. ერთმა ჯგუფმა შეიძლება შეისწავლოს ღვთისმსახურების თანამიდევრობა კურთხევანის მიხედვით, მეორემ – რა არის ნათქვამი სახარებაში ნათლობის შესახებ, მესამემ – ეკლესიის ისტორიის სახელმძღვანელოში მოძებნოს ის ადგილი, სადაც ნათლობაზეა ლაპარაკი, მეოთხემ – გააკეთოს პლაკატი, სადაც ნათლობის ცალკეული ეტაპები და მათი სიმბოლური მნიშვნელობა იქნება გამოსახული. გაკვეთილის ასეთი გეგმა ნიშნავს, რომ მასწავლებელს ხელთ ექნება მეცადინეობისთვის ყველა საჭირო მასალა: კურთხევანი, ახალი აღთქმა, სახელმძღვანელო, პლაკატისთვის განკუთვნილი მასალა. თუკი საკმარისი დრო ექნებათ, გაკვეთილის ბოლოს ბავშვები ჩატარებული სამუშაოს შესახებ მოყვებიან ან, თუკი დრო არ ეყოთ, მოხსენება შემდეგ გაკვეთილზე შეიძლება გააკეთონ. ყველაზე უფრო ორგანიზებულ კლასშიც კი, რომელსაც ზუსტი ინსტრუქციები აქვს მიცემული, მაინც იქნება მოძრაობა, ხმაური და ლაპარაკი. მოსწავლეებს დასჭირდებათ დრო, სამუაშაოსთვის რომ მოემზადონ, დაიწყება კამათი, აზრთა სხვაობა. მასწავლებელი მოწოდებულია საკმარისი წესრიგი შეინარჩუნოს და თავისი ავტორიტეტი სამუშაო ატმოსფეროს შესაქმნელად გამოიყენოს.   ბავშვები ასეთ მუშაობას უნდა მივაჩვიოთ, მნიშვნელოვანია, ვასწავლოთ ახალი დისციპლინის საფუძვლები – სხვისი სამუშაოს პატივისცემა. კლასში შემოქმედებითი ატმოსფეროს შექმნა არ ნიშნავს, თითქოს მასწავლებელი საკუთარ ავტორიტეტზე უარს ამბობს. კლასში ავტორიტეტი და დისციპლინა ფასეულობათა იერარქიას ეფუძნება. ამას არაფერი აქვს საერთო მასწავლებელის პირად პრესტიჟთან, მის პატივმოყვარეობასთან, სურვილთან საკუთარი ავტორიტეტი სარკასტული, დამცინავი შენიშვნებისგან დაიცვას. მასწავლებელს არა აქვს უფლება კლასის მართვაზე პასუხისმგებლობა მოიხსნას; სწორედ იგი აფასებს, თუ რა გააკეთეს მოსწავლეებმა. ერთი ბავშვის ცუდმა ქცევამ თუ მანჭვა-გრეხამ მთელ კლასს ხელი არ უნდა შეუშალოს, დარწმუნებული ვარ, ასეთ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდება, მასწავლებელმა უნდა გაიმოიჩინოს სიმტიკიცე, თუნდაც იძულებული იყოს მოსწავლეს კლასი დაატოვებინოს. ეს, რასაკვირველია, არ ნიშნავს, რომ რთული მოსწავლე განსაკუთრებულ ზრუნვასა და ყურადღებას არ იმსახურებს. მნიშვნელოვანია ისეთი დავალება მივცეთ, რომელიც მას საერთო საქმეში ჩართავს. და, რა თქმა უნდა, შეიძლება კლასს ხანმოკლე დასვენების საშუალება მივცეთ, რომ მოეშვან, გაიცინონ მანამ, სანამ მუშაობას გააგრძელებდნენ.

 „რა უნდა იცოდეს მასწავლებელმა?“ 

თითქმის შეუძლებელია ჩამოვაყალიბოთ აკადემიური მოთხოვნები, რომლებსაც სამრევლო სკოლის მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს. გადამწყვეტ ფაქტორად რჩება მასწავლებელის სურვილი ისწავლოს. მასწავლებელი მოწოდებულია ეცადოს თუნდაც ოდნავ მეტი გაიგოს, ვიდრე სახელმძვანელოში წერია… მასწავლებელმა კარგად უნდა იცოდეს ახალი აღთქმა, – საქმე მოციქულთას და ეპისტოლეების ჩათვლით, – რათა მისთვის სახარებისეული სახებანი გაცოცხლდნენ. მას კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული ძველი აღთქმის მნიშვნელობა, როგორც ქრისტიანობის წინამორბედისა. ლიტურგიკაში უნდა ესმოდეს და იცოდეს წმიდა საიდუმლოთა, და თუნდაც მხოლოდ იმ ღვთისმსახურებათა არსი, რაც სამრევლოში აღესრულება. უნდა ჰქონდეს წარმოდგენა სარწმუნოებრივ მოძღვრებაზე, სულ მცირე, მრწმსის ფარგლებში. მინიმალურად მაინც უნდა ერკვეოდეს ეკლესიის ისტორიაში, იცოდეს ზოგიერთი წმიდანის ცხოვრება.  გაცილებით რთულია იმ „მართმადიდებლური სულის” განსაზღვრა, რომელიც მართლმადიდებელ პედაგოგს უნდა ჰქონდეს. ჩვენ კულტურული ცვალებადობის ეპოქაში ვცხოვრობთ. მართლმადიდებელი ცხოვრების წესს, მართლმადიდებლურ ყოფას თავიდან აღვადგენთ, და ამას ვაკეთებთ საზოგადოებაში, რომელიც თვითონ განიცდის მორალურსა და სულიერ კრიზისს. ჩვენ მუდმივად გვიხდება არჩევანის გაკეთება, გადაწყვეტილების მიღება…  მართლმადიდებელი სული, მართლმადიდებელი გრძნობა ზომიერებისა და გემოვნება ხშირად განსაზღვრავს ჩვენი მასწავლებლების პიროვნებასა და ქცევას. მართლმადიდებელობის არსის ერთ-ერთ საუკეთესო განმარტებად მიმაჩნია ბერდიაევის გამონათქვამი: „თავისუფლების სისრულე კრებითობის სისრულეში, კრებითობა თავისუფლებაში და თავისუფლება კრებითობაში”.

 „მასწავლებელთა მომზადება“ 

წიგნის მოცულობა არ გვაძლევს საშულებას მასწავლებელთა მომზადების პროგრამაზე დეტალურად ვიმსჯელოთ, ეს თემა დაწვრილებით დამუშავებას მოითხოვს. ვეცდები ჩამოვაყალიბო ძირითადი პრინციპები, რაზეც უნდა აიგოს ასეთი პროგრამა. მასწავლებლის მომზადება ერთჯერადი ღონისძიება არ გახლავთ, არამედ ხანგრძლივი პროცესია… მიმაჩნია, მასწავლებელთა მოსამზადებელი პროგრამების შედგენაში მთავარი „მთლიანობის” პრინციპია. თუკი ლაპარაკია სწავლების მეთოდიკის დახვეწაზე, უნდა ითქვას ისიც, თუ რას ვასწავლით კონკრეტულად ამ მეთოდიკის მეშვეობით. თუკი ლაპარაკია ჩვენი ცოდნის გაღრმავებაზე ბიბლეისტიკის, ლიტურგიკის, დოგმატიკის, ეკლესიის ისტორიის სფეროში, აუცილებელია ვაჩვენოთ, პრაქტიკულად როგორ უნდა შევიტანოთ ეს ცოდნა სასკოლო პროგრამაში. თუკი მასწავლებელთათვის გამართული სემინარის თემაა მართლმადიდებელი აღზრდის ძირითადი პრინციპები (სამრევლო სკოლის მნიშვნელობა, ოჯახის როლი, ბავშვების მონაწილეობა ლიტურგიულ ცხოვრებაში), უმჯობესია მონაწილენი პრაქტიკულ საქმიანობაში ჩავაბათ პროგრამასა და მეთოდიკაში ამ პრინციპების შეტანის თვალსაზრისით. სხვა სიტყვებით, რა თემასაც არ უნდა ეძღვნებოდეს მასწავლებელთა ცალკეული მეცადინეობა, ის ყოველთვის უნდა შეიცავდეს ძირითად საკითხებს: რას ვასწავლით? რატომ ვასწავლით? ვის ვასწავლით? როგორ უნდა ვასწავლოთ?  მასწავლებელთა მომზადების ერთ-ერთი ფორმაა ლექციები. ეს არის არა მარტო მასწავლებელთა მომზადების საშუალება, არამედ საეროთათვის ეკლესიური განათლების მიღების წყაროც. საქმის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგი ლექტორების მოზიდვაა შესაძლებელი, მათ უნარზე – აუდიტორიის მოთხოვნებს უპასუხონ. რაზეც არ უნდა იყოს საუბარი – სარწმუნოებაზე, ლიტურგიკაზე, ბიბლეისტიკაზე, ეკლესიის ისტორიაზე და ა.შ. – განსაკუთრებული ინტერესი მაშინ ჩნდება, როცა თემა მსმენელთა საჭიროებებს უკავშირდება.

 „საეკლესიო სკოლის მასწავლებლის მოწოდება“ 

ამ თავის დასასრულს რამდენიმე მოსაზრებას გამოვთქვამ საეკლესიო სკოლის მასწავლებლის მოწოდების შესახებ. რას ნიშნავს სიტყვა „მოწოდება”? მოტოვილოვთან საუბრისას ღირსი სერაფიმე საროველი ადამიანის ცხოვრების მიზანზე ბრძანებს, „სული წმიდის მადლის მოხვეჭაში” მდგომარეობსო…… გვიხსნის, რომ ჩვენი ცხოვრება და საქციელი იმდენად იძენს აზრს, რამდენადაც ჩვენი შრომა აღგვავსებს სული წმიდის მადლით. „ზოგიერთს მეტ ღვთაებრივ მადლს ღარიბების დახმარება ანიჭებს, ზოგს ლოცვა, ზოგს – რაღაც შემოქმედებითი საქმიანობა. მთავარია, რომ თქვენი მოქმედება თქვენს გულს ღვთაებრივი მადლის მოქმედებას უხსნიდეს. მაშინ თქვენი საქმე თქვენი მოწოდება გახდება, იქნება ეს მებაღეობა, თხზვა, ქველმოქმედება თუ მარხვა“. თუკი ბავშვებთან ურთიერთობა, მათ განვითარებასა და წინსვლაში მონაწილეობა სულიერად გამდიდრებთ, თუკი გრძნობთ, რომ ამ ურთიერთობაში თქვენ თვითონაც იზრდებით, სულ უფრო მეტად უახლოვდებით საკუთარ მე-ს, – შეგიძლიათ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, თქვენ გაქვთ პედაგოგის მოწოდება. არცერთი მასწავლებელი არ იტყვის, რომ ქრისტეს სიტყვები ბავშვების შესახებ – „ეგევითართაი არს სასუფეველი ცათაი” – ბავშვების მორალური სრულყოფილებით არის ჩაგონებული. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ბავშვობის განსაკუთრებული მადლმოსილება სხვა რაღაცაში მდგომარეობს, უპირველესად – მათი რწმენის რეალურობასა და უბრალოებაში. ბავშვები არ არიან გაორებულნი, რაც უფროსებს ახასიათებს. ბავშვის რელიგიური ცხოვრება მთლიანია. ღმერთი, სასუფეველი, ანგელოსები მისთვის ზუსტად ისევე არსებობენ, როგორც სათამაშო, ამხანაგი, კატა. ბავშვი ტაძარში ყოფნისას ისევე გრძნობს თავს, როგორც ქვიშის საბავშვო მოედანზე თამაშისას (რაც უფროსებს ზოგჯერ მეტად აბნევს). ბავშვებს ცინცხალი აღქმა აქვთ: ფერი არასოდეს კარგავს სიცხოველეს, სურნელება ყოველთვის მკვეთრია. ისინი არ დგანან ერთ ადგილზე – იზრდებიან.   ეს მუდმივი ზრდაა სწორედ რელიგიური ცხოვრების არსი. ბავშვში ყველაფერი მუდმივად იცვლება, და ამაში ყოველთვისაა იმედი. გულაცრუება ანდა განსაცდელი დავიწყებას მალე ეძლევა, ამიტომ ბავშვებს შეუძლიათ გულწრფელი პატიება. აპატიო – მათთვის ნიშნავს – დაივიწყო. ბავშვები ბაქიობენ და ტრაბახობენ ხოლმე, მაგრამ ეს ბაქიობა გათამაშებულია, რადგან მათ უწყიან, ძალზე ცოტა რამ იციან, ბევრი არაფერი შეუძლიათ, სუსტები არიან. ამიტომ ბავშვობა სიმდაბლითაა გამსჭვალული. მათი გარკვეული თვისებების გამო უფალი ცათა სასუფევლის მფლობელებს უწოდებს და სანამ შეხებაში ვართ ბავშვობის სამყაროსთან, ეს სასუფეველი გარკვეულწილად, ოდნავ ჩვენც გვეხსნება. ბავშვობის განსაკუთრებული მადლმოსილების რაღაც ნაწილი ჩვენზეც გადმოდის.   ბავშვებისთვის სარწმუნოების სწავლება სხვა მხრივაც ზემოქმედებს ჩვენზე. რელიგიური აღზრდის პროცესში ადამიანის პიროვნულ ცენტრს, ცხოვრების გულს მივმართავთ. როდესაც მზარდი ადამიანის სულს სარწმუნოებას, ღმერთთან და ადამიანებთან ურთიერთობას ვასწავლით, რაც ჩვენი რწმენის არსია, ჩვენ თვითონაც, ჩვენდაუნებურად, ვიმსჭვალებით ამით. ჩვენ უნდა ვფლობდეთ იმ ცოდნას სარწმუნოების შესახებ, რომელსაც ვასწავლით და ეს ცოდნა უნდა გვფლობდეს ჩვენ. თქვენ ვერ შეძლებთ ბავშვებს მოუთხროთ ქრისტეს აღდგომის შესახებ, თუკი ამ მოვლენის რელიგიური არსი თქვენს სულში შემოსული არაა. ვერ შეძლებთ ბავშვებს აუხსნათ აღდგომის არსი, თუკი გულითა და სულით არ იყავით იოანესთან და პეტრესთან, თუკი სირბილისგან აქოშეინებულებმა არ შესძახეთ მარიამთან ერთად „უფალო!..” თუ თქვენ ქრისტიანობას ასწავლით, ქრისტიანობა თქვენს გულს სღრმისეულად უნდა მსჭვალავდეს. ცხოვრება შეიძლება ისე გავლიოთ, თითქოს სამყარო ღმერთს არ შეუქმნია, თითქოს ქრისტე არ დაბადებულა, თითქოს არ მომკვდარა და არ აღმდგარა. ადამიანები ბუნებით ზარმაცნი და წარმოსახვას მოკლებულნი ვართ. და უეცრად ამის სწავლება გვიხდება. ჩვენ ვიქცევით საშუალებად, რომლის დახმარებითაც ეს მოვლენები ბავშვის განვითარებაზე ზემოქმედებს. თქვენ ხდებით გამტარი, რომელიშიც მძლავრი ელექტროდენი მიედინება – და ეს განცდა შთაგონებას იწვევს თქვენში. ეს ერთხელ მაინც თუ იგრძენით, მაშასადამე – ჭეშმარიტი მოწოდება მოგიპოვებიათ, სიცოცხლის უკანასკნელ წამამდე რომ გაგყვებათ.  სოფია კულომზინა
თარგმნა: ირაკლი ლომოურმა