You are currently viewing „მენელსაცხებლე დედები“

„მენელსაცხებლე დედები“

Download article eBook

  „მენელსაცხებლე დედები“

 

როცა ვნების კვირას ვისმენთ თხრობას ქრისტეს ვნების, მისი ჯვარცმისა და სიკვდილის შესახებ, ჩვენ მუდამ გვატყვევებს ამ თხრობის ერთი დეტალი: ბოლომდე მისი ერთგულნი დარჩნენ მხოლოდ მცირენი, ძირითადად – ქალები, რომელთა შესახებ სახარებაში თითქმის სხვა არც არაფერია ნათქვამი. ქრისტეს მოწაფეებზე ნათქვამია, რომ ყველა მათგანმა მიატოვა იგი და გაიქცა. პეტრემ სამჯერ უარყო ქრისტე. იუდამ გაყიდა იგი.

ქრისტეს, მისი ქადაგების ჟამს, უკან დასდევდა გუნდი ხალხისა. და მისგან ყველა რაღაცას ელოდა: ელოდა დახმარებას, სასწაულს, განკურნებას, ელოდა გათავისუფლებას საძულველი რომაული უღლისაგან, ელოდა თავისი მიწიერი ცხოვრების საქმეთა მოწყობას. ქრისტეს სწავლების არსი კი – თავგანწირვისა და სიყვარულის ქადაგება, სრული თავდადების ქადაგება – ყველა ამ ურიცხვ ადამიანს ცუდად ესმოდა, და, ალბათ, არც კი ისმენდნენ მას. ქრისტეს შეეძლო შეწევნა და მიდიოდნენ მასთან და მისდევდნენ მას. მაგრამ, აჰა, დაიწყო ხალხის წინამძღოლთა და ძალაუფლების მქონეთა სიძულვილის ზრდა ქრისტესადმი. სიყვარულის ქრისტესეულ ქადაგებაში გაისმა წინასწარმეტყველება, რომ ახლა იგი თავად შესწირავს თავის თავს ამ სიყვარულს. და ხალხის გუნდმა დაიწყო შეთხელება, დნობა. უკანასკნელად ქრისტეს მიწიერმა დიდებამ, ადამიანურმა წარმატებამ იფეთქა იერუსალიმში მისი შესვლის დროს, როცა, სახარების სიტყვით, „შეიძრა ქალაქი იგი ყოველი…”(მათე, 26:56[1]). მაგრამ ეს იყო მხოლოდ წამიერად. ასეთი სიხარულითა და აღტყინებით იმიტომ ხომ არ ხვდებოდნენ ქრისტეს, რომ კვლავ, კვლავ ელოდნენ და სურდათ მიეღოთ მისგან მიწიერი სამეფო, მიწიერი გამარჯვება, ძალა და დიდება?

Myrophoresდა ყველაფერი მაშინვე დასრულდა. ნათელი ჩაქრა. ბზობის კვირას მოჰყვა სიბნელე, მარტოობა და გარდაუვალი ნაღველი ვნების კვირისა. და ხომ არ იყო ყველაზე საშინელი რამ ამ უკანასკნელ დღეებში – ღალატი ახლობელთაგან, მოწაფეთაგან, იმათგან, ვისთვისაც ქრისტემ, მართლაც, სრულად გასწირა თავი? გეთსიმანიის ბაღში თვით სამმა ყველაზე ახლობელმა მოწაფემ ვერ გაუძლო და დაიძინა, როცა ქრისტე უკიდურესი დაძაბულობით, სისხლიანი ოფლით საშინელი სიკვდილისათვის ემზადებოდა. ჩვენ ვიცით, რომ პეტრე, რომელიც ასე ხმამაღლა ჰპირდებოდა მომკვდარიყო ქრისტესთან ერთად, უკანასკნელ წუთს შედრკა და განუდგა, უარყო და უღალატა… „და მაშინ მოწაფეთა ყოველთა დაუტევეს იგი და ივლტოდეს”(მათე, 26:56[2]), – წერს მახარებელი. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, არა – ყოველმა. ჯვართან დგება ჟამი მიწიერი ერთგულებისა და მიწიერი სიყვარულისა. ისინი, ვინც, როგორც ჩანს, შორს იყვნენ “წარმატების” ჟამს, რომელთაც თითქმის ვერ ვხედავდით სახარების ფურცლებზე, ისინი, რომლებსაც, მახარებლის სიტყვებით, ქრისტე არაფერს ეუბნებოდა აღდგომის შესახებ და, ამგვარად, რომლებისთვისაც იმ ღამეს ჯვართან ყველაფერი დასრულდა, ყველაფერი დაიღუპა – ისინი აღმოჩნდნენ ერთგულნი და ჯვართან მტკიცე მიწიერი სიყვარულით მივიდნენ. იოანე მახარებელი წერს: „ხოლო დგეს ჯუარსა მას თანა იესუჲსსა დედაჲ მისი და დაჲ დედისა მისისაჲ, მარიამ კლეოპაჲსი და მარიამ მაგდალინელი”(იოანე, 19:25[3]).

ხოლო შემდეგ, იესოს სიკვდილის შემდეგ, „… ვითარცა შემწუხრდა, მოვიდა კაცი მდიდარი არიმათიაჲთით, სახელით იოსებ, რომელ იგიცა მოწაფე ყოფილ იყო იესუჲსა. და მოვიდა პილატესა და გამოითხოვა გუამი იესუჲსი. მაშინ პილატე უბრძანა მიცემად გუამი იგი მისი. და მოიღო გუამი იგი მისი იოსებ და წარგრაგნა იგი არმენაკსა წმიდასა და დადვა იგი ახალსა მისსა საფლავსა, რომელი გამოეკუეთა კლდისაგან, და მიაგორვა ლოდი დიდი კარსა მას საფლავისასა და წარვიდა…”(მათე, 27:57–60)[4] ერთი დღის შემდეგ, შაბათის გასვლისთანავე, მესამე დღის განთიადს ისევ ის ქალები მივიდნენ საფლავთან, რათა იმ დროის ჩვეულების შესაბამისად გარდაცვლილის გვამისთვის ნელსაცხებელი ეცხოთ. და სწორედ ამ ქალებს გამოეცხადა პირველად აღმდგარი ქრისტე, სწორედ მათ გაიგეს ქრისტესაგან პირველად – „გიხაროდენ”, რომელიც სამარადჟამოდ გახდა ქრისტიანული ძალმოსილების არსი.

Mironosizyამ ხალხისათვის, ამ ქალებისათვის ქრისტეს არ განუცხადებია მომავლის საიდუმლო, როგორც ეს მის მიერ ამორჩეულ თორმეტ მოციქულს განუცხადა; ამ ქალებმა არ იცოდნენ ქრისტეს სიკვდილის არც არსი, არც საიდუმლო მომავალი ძლევამოსილებისა, მომავალი აღდგომისა. მათთვის მოძღვრისა და მეგობრის სიკვდილი იყო სიკვდილი, დასასრული, და, ამასთანავე, საშინელი და სამარცხვინო სიკვდილი, საშინელი დასასრული და რღვევა. ისინი იდგნენ ჯვართან მხოლოდ იმიტომ, რომ მათ უყვარდათ იესო, და, რაკი უყვარდათ, თანაუგრძნობდნენ მას. მათ არ მიატოვეს ეს საწყალი, ნაწამები სხეული, არამედ გააკეთეს ყველაფერი, რასაც ოდითგანვე აკეთებს სიყვარული განშორებისას. იმათ, ვისაც ქრისტემ თხოვა მასთან ერთად ყოფნა საშინელი ბრძოლის ჟამს, როცა, სახარების სიტყვით, იწყო მწუხარება და ურვა” (მათე, 26:37). მიატოვეს იგი, გაიქცნენ, უარყვეს. ისინი კი, ვისაც ქრისტემ არაფერი თხოვა, დარჩნენ თავიანთი უბრალო ადამიანური სიყვარულის ერთგულნი. „ხოლო მარიამ დგა გარეშე საფლავსა მას თანა და ტიროდა” (იოანე, 20:11). ასე საუკუნეთა განმავლობაში ტირის სიყვარული, როგორც თვით ქრისტე ტიროდა თავისი მეგობრის ლაზარეს საფლავთან. და აი, ამ სიყვარულმა პირველმა გაიგო გამარჯვების შესახებ; ამ სიყვარულს, ამ ერთგულებას მიეცა შესაძლებლობა, პირველს გაეგო, რომ აღარ იყო საჭირო ტირილი, რომ „დაინთქა სიკუდილი ძლევითა” (1 კორინთ. 15:54) და რომ არ არის და უკვე აღარასოდეს იქნება ეს უიმედო განშორება.

აი, არსი მენელსაცხებლე დედათა კვირისა. იგი გვახსენებს იმის შესახებ, რომ მხოლოდ სიყვარული და ერთგულება ანათებდა მაშინ, იმ უიმედო ბნელში. იგი მოგვიწოდებს იმისკენ, რომ სამყაროში არ მოკვდეს და არ გაქრეს არც ერთგულება და არც სიყვარული. იგი განსჯის ჩვენს სულმოკლეობას, ჩვენს შიშს, ჩვენს მარადიულ და მონურ თავისმართლებას. იდუმალ იოსებ არიმათიელსა და ნიკოდიმოსს, ან ამ ქალებს, განთიადისას საფლავისაკენ მიმავალთ, – ასე მცირე ადგილი უკავიათ სახარებაში. თუმცა, სწორედ აქ წყდება მარადიული ბედი თითოეული ჩვენგანისა.

813189289ვფიქრობ, რომ სწორედ ჩვენს დროში განსაკუთრებულად გვესაჭიროება ამ სიყვარულისა და უბრალო ადამიანური ერთგულების გახსენება. რადგან დადგა ჟამი, როცა მათ განძარცვავს მსოფლიოში გამეფებული ბოროტი მოძღვრება ადამიანისა და ადამიანის სიცოცხლის შესახებ. საუკუნეების განმავლობაში სუსტად, მაგრამ მაინც ანათებდა და ციმციმებდა სამყაროში ანარეკლი ერთგულებისა, სიყვარულისა, თანალმობისა, რაც მდუმარედ მყოფობდა ყველასაგან მიტოვებული ადამიანის (იგულისხმება იესო ქრისტე).  ჯვარცმისას. და ჩვენ, როგორც ხავსს, ისე უნდა მოვეჭიდოთ ყოველივე ამას ჩვენს სამყაროში, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხლობს უბრალო მიწიერი ადამიანური სიყვარულის სითბოთი, სინათლით. სიყვარული არ ეკითხება ადამიანს თეორიებისა და იდეოლოგიების შესახებ; იგი მიმართულია მისი გულისა და სულისაკენ.

გრგვინავდა კაცობრიობის ისტორია, იქმნებოდა და ემხობოდა სამეფოები, იბადებოდა კულტურა, ბობოქრობდა სისხლისმღვრელი ომები, მაგრამ დედამიწას, ამ მღვრიე და ტრაგიკულ ისტორიას ყოველთვის, უცვლელად ანათებდა სახე ქალისა, სახე ზრუნვის, თავდადების, სიყვარულის, თანალმობისა. და ამ მყოფობის, ამ ნათლის გარეშე ჩვენი სამყარო, მიუხედავად მისი წარმატების და მიღწევებისა, მხოლოდ საშინელი სამყარო (ხაზგასმა ავტორისაა)  იქნებოდა. შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, რომ ადამიანის ადამიანურობა გადაარჩინა ქალმა და მას ახლაც იხსნის ხოლმე ქალი, და იხსნის არა სიტყვებით, არა იდეებით, არამედ ამ თავისი მდუმარე, მზრუნველი, მოსიყვარულე მყოფობით. და თუ, მიუხედავად სამყაროში გამეფებული ყველა ბოროტებისა, არ წყდება იდუმალი ზეიმი სიცოცხლისა, თუ იგი ისეთივე სიხარულით იზეიმება ღარიბ ოთახში, ღატაკ სუფრასთან, როგორც სასახლეში, სიხარული და ნათელი ამ ზეიმისა არის მასში, ქალში, მის მარადიულ სიყვარულსა და ერთგულებაში. „ღვინოჲ არა აქუს“ (იოანე, 2:3) და სანამ იგი – დედა, ცოლი, რძალი, – იქაა, ყველას ეყოფა ღვინო, ეყოფა სიყვარული, ეყოფა ნათელი.

პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
თარგმნა ოთარ ზოიძემ [5]