You are currently viewing «მირქმა»

«მირქმა»

Download article eBook

მირქმა[1]

შობიდან მეორმოცე დღეს ჩვენს ტაძრებში მირქმის – შეხვედრის დღესასწაულს ზეიმობენ. ეს დღესასწაული, თითქოს, ნახევრად დავიწყებულია, რადგან ხშირად სამუშაო დღეს ემთხვევა, მაგრამ, ამასთანავე, ამ დღეს ამთავრებს ეკლესია „შობის ხანას”, გვივლენს მას მთელი მისი სისრულით და სუფთა და ღრმა სიხარულს აფრქვევს.

დღესასწაული ეძღვნება იმ მოგონებას და სულიერ ჭვრეტას, რომელსაც ჩვენ ლუკას სახარებაში ვხვდებით. მასში მოთხრობილია, რომ ბეთლემში იესო ქრისტეს შობიდან ორმოცი დღის შემდეგ, იმდროინდელი რელიგიური ჩვეულების მიხედვით, იოსებმა და მარიამმა ,,აღმოიყვანეს ყრმაჲ იგი იერუსალიმად წარდგინებად წინაშე უფლისა, ვითარცა დაწერილ არს სჯულსა უფლისასა” (ლუკა 2.22-23[2]).

„და აჰა იყო კაცი იერუსალიმს”, – აგრძელებს სახარება, – „რომლისა სახელი სვიმეონ. და კაცი ესე მართალი იყო და მოშიში უფლისაჲ… და სული წმიდაჲ იყო მის ზედა. და იყო მისა უწყებულ სულისაგან წმიდისა არა ხილვად სიკუდილი, ვიდრემდე იხილოს ცხებული უფლისაჲ. და მოვიდა სულითა წმიდითა ტაძრად უფლისა. და შეყვანებასა მას მამა-დედისა მიერ ყრმისა მის იესუჲსა ყოფად მათა მსგავსად ჩუეულებისა მისებრ სჯულისა მისა მიმართ,  და ამან მიიქუა იგი მკლავთა თვისთა ზედა და აკურთხევდა ღმერთსა და თქუა:
„აწ განუტევე მონაჲ შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით,  რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი,  რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დადებად ერისა შენისა ისრაელისა” (ლუკა 2:25-32[3]).

რა არაჩვეულებრივი, რა მშვენიერია ეს მოხუცი ჩვილით ხელში, რა უცნაურია მისი სიტყვები: „რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი…” ვუკვირდებით ამ სიტყვებს და თანდათან ვიწყებთ ამ მოვლენის ღრმა აზრის შეცნობას, მის კავშირს ჩვენთან, ჩემთან, ჩვენს რწმენასთან.

რა უნდა იყოს მასთან შეხვედრაზე, მასთან „მირქმაზე” სასიხარულო, ვინც გიყვარს? მართლაც, ცხოვრება მოლოდინია. მაგრამ, იქნებ, ესაა სიმბოლო ამ მაღალი და მშვენიერი მოლოდინისა, სიმბოლო ადამიანის ხანგრძლივი ცხოვრებისა? ეს მოხუცი, რომელიც მთელი ცხოვრება ელოდა ისეთ სინათლეს, რომელიც გააბრწყინებდა ყველაფერს, ისეთ სიხარულს, რომელიც საკუთარი თავით აღავსებდა ყველაფერს?

და რა საოცარია, როგორ გამოუთქმელად კარგია, რომ სინათლე და სიხარული, რომ პასუხი, მოხუც სვიმეონს ჩვილისგან მიეცა.

როდესაც ამ აცახცახებულ მოხუც ხელებს წარმოიდგენ, სიყვარულით და ფრთხილად რომ მიირქმევს ორმოცი დღის ჩვილს, თვალებს, ამ პატარა არსებისკენ რომ მიმართულა, და ყველაფრის წამლეკავ ქება-დიდებას: ახლა განუტევე სული ჩემი მშვიდობით, მე ვიხილე ის, საკუთარი ხელით მეჭირა, მე ვეხვეოდი მას, რომელიც საკუთარ თავში თავად ცხოვრების არსს შეიცავს. ის ელოდა, ის ელოდა მთელი თავისი ხანგრძლივი ცხოვრება. და ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ის ფიქრობდა, ლოცულობდა, აღრმავებდა ამ მოლოდინს ისე, რომ საბოლოოდ მთელი მისი ცხოვრება გახდა ერთიანი სასიხარულო შეხვედრის წინ.

ხომ არ დადგა დრო შევეკითხოთ საკუთარ თავს: რას ველი მე? რას მახსენებს სულ უფრო ძლიერ ჩემი გული? გარდაიქმნება თუ არა თანდათანობით ჩემი ცხოვრება მთავართან შეხვედრის მოლოდინში? აი, მირქმის შეკითხვა. აქ, ადამიანის ცხოვრება მოვლენილია, როგორც მშვენიერი მომწიფება სულისა, რომელიც სულ უფრო თავისუფალი, სულ უფრო ღრმა, სულ უფრო განწმენდილია ყოველგვარი წვრილმანის, ამაოს, შემთხვევითისაგან. აქ თავად დაბერება და დაჭკნობა, თითოეული ჩვენგანის მიწიერი ხვედრი, ასე უბრალოდ და დამაჯერებლადაა ნაჩვენები – როგორც ზრდა და ამაღლება იმ უკანასკნელ წამამდე, როდესაც მთელი გულითა და სულით, მადლიერებით აღსავსე ვამბობ: „აწ განუტევე”. მე ვიხილე სამყაროს განმსჭვალავი ნათელი. მე ვიხილე ყრმა, რომელსაც ამსოფლად მოაქვს ამდენი ღვთიური სიყვარული და მე მიძღვნის საკუთარ თავს. არ არის შიში, არ არის გაურკვევლობა. არის მხოლოდ მშვიდობა, მადლიერება და სიყვარული.

აი, რა მოაქვს მირქმის დღესასწაულს, სულის სიყვარულთან შეხვედრის დღესასწაულს, შეხვედრას მასთან, რომელმაც მომცა სიცოცხლე, ცხოვრება  და ძალა მისი მოლოდინად გარდაქმნისა.

პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
p.s. ეს მცირე სტატია მამა ალექსანდრემ გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე დაწერა.

თარგმნა: ოთარ ზოიძემ
ხატის ავტორი ანდრეი რუბლოვი