You are currently viewing „პარიზის ტრაგედიის შესახებ…“

„პარიზის ტრაგედიის შესახებ…“

Download article eBook

 მესამე დღეა პარიზის ტრაგედიიდან. რამდენ ადამიანს შეუცვალა ერთმა წამმა ცხოვრება, რამდენს მოუსწრაფა სიცოცხლე და სხვა, მანამდე უცხო და წარმოუდგენელ რეალობაში გადაიყვანა! როგორი ტკივილი, შიში, სასოწარკვეთა, გაოგნებაა ალბათ მათ გულებში, ვისაც შეეხო ეს უბედურება. ადამიანები ერთნაირები ვართ, როცა საქმე ტკივილს ეხება.

ყოველი ადამიანის ცხოვრება წმიდაა, განურჩევლად ასაკისა, ეროვნებისა, სოციალური სტატუსისა და მისი ხელყოფის უფლება არავის აქვს. კაცობრიობის ისტორია – ომების ისტორიაა. მაგრამ ტერორიზმი ომზე ბევრად უარესია. არ არსებობს სხვა უფრო ვერაგი, არაკაცური, უსამართლო ფორმა ბრძოლისა. არადა, როგორც ჩანს, ეს ფორმა ბრძოლის წარმმარმთველ ხერხად იქცა მსოფლიოში.

დღეს გვესმის კითხვა „ვინ?“, მაგრამ თითქმის არ ისმის „რატომ?“ არადა, როცა ხდება უბედურება, გონივრულია დავსათ სწორედ ეს კითხვა: რატომ? სხვაგვარად ვერაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ ვერც სამყაროში და ვერც ჩვენში. ვერანაირი კაცობრივი ძალა, იარაღი, ორგანიზაცია ვერ აჩერებს ბოროტებას. მისგან ხსნის გზა მხოლოდ მაშინ იკვეთება, როცა ადამიანები ვსმამთ კითხვას: „რატომ ძლიერდება ბოროტება? რას ეყრდნობა იგი? როგორია ჩემი წვლილი მის გაძლიერებაში?“

გვესმის თანაგრძნობის სიტყვები, ვხედავთ თანადგომის გამოხატულებას და… მიკვირს. მიკვირს არა ის, როგორ იზიარებს მსოფლიო ფრანგების ტკივილს. უნდა გაიზიაროს და უფრო მეტადაც, უფრო გულწრფელადაც, არა მხოლოდ სიტყვებით და შენობებისა თუ სურათების დროშის ფერებით მორთვით. მიკვირს არა ის, რატომ ღირს ევროპელის ცხოვრება მეტი, ვიდრე სხვების. მაწუხებს და მიკვირს, რატომ არ ღირს სხვების ცხოვრება ისევე, როგორც ევროპელის, რატომ არ გლოვობს მსოფლიო სხვებს ისევე, როგორც ევროპელებს. რატომ არის ყრუ „განათლებული“ ნაწილი დედამიწისა მათ მიმართ, ვინც არ არის მისი ნაწილი. რატომ არ არის მისთვის რწმენისა თუ ეროვნებისთვის მოკლული ნიგერიელების, პაკისტანელების, სირიელების, კენილებისა და სხვა მრავალთა ცხოვრება ძვირფასი? რატომ ვერ შეამჩნია მსოფლიომ წინადღით ბეირუთში მომხარი ტერორისტული აქტი, რომელსაც 44 ადამიანი შეეწირა? ვერც ადელ ტერმოსის გმირობაზე გაიგო რამე. 13-ში ბაღდადღიც მოხდა ტერაქტი, 18 ადამიანი დაიღუპა, მაგრამ მათზე არავის უდარდია. თუ ტერორიზმს არ აქვს ეროვნება, არც მსხვერპლის გარჩევა უნდა ხდებოდეს ეროვნული კუთვნილებით. რატომ დაუშვა ცივილურმა ნაწილმა, რატომ იქცია ნორმად, რომ სარკაზმის სამიზნედ აქციოს ადამიანთა უდიდესი ტკივილი? მერე რა, რომ მოშორებით მყოფი ან მტრულად განწყობილი ქვეყნების შვილები იღუპებიან. ტერორიზმი ხომ მშვიდობიან მოქალაქეებს ემუქრება მეტწილად!? როგორ შევაფასოთ ის ფაქტი, როცა ვიღაც კარიკატურებით დასცინის დაღუპულ ლტოლვილ ბიჭუნას,ან თვითმფრინავში აფეთქებულ ორასზე მეტ ადამიანს და ვიღაც კი – სახელმწიფოც და საზოგადოებაც იცავს დაცინვისა და მკრეხელობის უფლებას, აღიარებს მას ლამის რელიგიად და გაიძახის: „ჩვენც შარლი ვართ“. იმ ავადსახსენებელი დარბაზის ფასადზეც ხომ ეს სიტყვები ყოფილა გამოკრული. ვინ აყარა ხალხი აზიაში, ვინ აურია მათთვის ბუნებრივი (თუმცა ჩვენთვის გაუგებარი და მიუღებელი) წესი ცხოვრებისა, ვისმა ფულმა და „დახმარებამ“ აქცია ლტოლვილად ასი ათასობით და მილიონობით ადამიანი, ვინ არის დამკვეთი და არა შემსრულებელი იმისა, რაც ხდება?

როცა ადამიანს ან ერს უჭირს, უჯეროა, უსინდისობაა დაუწყო მხილება. გაჭირვებული ჯერ უნდა ანუგეშო და მხოლოდ მერე მიუთითო ნაკლოვანებებზე. მაგრამ ჩვენთვის მაინც უნდა გამოვიტანოთ დასკვნები, ვიქციოთ გაკვეთილად სხვათა შეცდომები. არ დარჩება დაუსჯელი მკრეხელობის, სხვათა შეურაცხყოფის თავისუფლება და სასჯელი ისევ იმ ადამიანთა ხელით აღესრულება, ვისაც გამოზრდის, მიიზიდავს ან წააქეზებს უკეთურების ნორმად მიმღები საზოგადოება. ტეროტიზმი, როგორც სასტიკი და ალოგიკური ბოროტება ამორალური ცრუთავისუფლების ნაყოფია.

16 ნოემბერი 2015 წელი