You are currently viewing მართლმადიდებლური სწავლება ღვთისმშობლის შესახებ

მართლმადიდებლური სწავლება ღვთისმშობლის შესახებ

Download article eBook

  დოგმატური სწავლება ჩვენი მეოხის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შესახებ მის ორ სახელში: ,,ღვთისმშობელსა (Theotokos) და „მარადქალწულშია (Aiparthenos) ასახული. ორივე სახელმა მსოფლიო საეკლესიო კრებებზე მოიპოვა აღიარება. ეს დოგმატი ასევე საეკლესიო წმინდა გადმოცემის განუყოფელი ნაწილია. მაცხოვრის ქალწულისაგან განკაცების შესახებ ახალი აღთქმა პირდაპირ მიგვითითებს. მრწამსში იესუ ქრისტეს შესახებ წერია: „ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცდა. ეს მხოლოდ ისტორიული ფაქტის კონსტატაცია არ არის, ეს რწმენის პირდაპირ აღსარებაა. სახელი „მარადქალწული მეხუთე მსოფლიო კრებაზე (553 წელს) იქნა მიღებული და „ღვთისმშობელი – უფრო მეტია, ვიდრე ქებისა ან რაიმე დიდების აღმნიშვნელი სიტყვა. ეს არის ქრისტიანობის ერთ სიტყვაში მოცემული დოგმატური შინაარსი. 431 წლამდე, ეფესოს კრებამდეც კი, ქრისტიანულ სამყაროში სიტყვა „ღვთისმშობლის” აღსარება, ჭეშმარიტი ქრისტიანობის ნიშანი იყო.

გრიგოლ ღვთისმეტყველი ასე აფრთხილებს კლიდონიას: „ვინც მარიამს ღვთისმშობლად არ აღიარებს, ის ღვთისათვის უცხოა (Epist. 101). ყოვლადწმინდა მარიამის ამ სახელით ხშირად სარგებლობენ მეოთხე საუკუნის და სავარაუდოდ მესამე საუკუნის მამებიც, მაგალითად, თუ დავუჯერებთ სოკრატე სქოლასტიკოსს, ასეთ მამათა შორის ორიგენეც იყო (Hist. Eccl. 7:32). ნესტორი და მისი მომხრეები კი ქრისტიანულ აზროვნებაში, უკვე ტრადიციად დამკვიდრებულ ამ ტერმინის უარყოფას ცდილობდნენ.

სიტყვა „ღვთისმშობელი” (Theotokos) წმინდა წერილში არ გვხვდება, ასევე ვერსად ამოვიკითხავთ სიტყვას „თანაარსი (omousios). ნიკეასა და ეფესოს კრებებზე მათ მოწვევამდე რაიმე არ არსებული და გაუცნობიერებელი ტერმინოლოგიური სიახლე არ შემოუტანიათ და არ დაუმკვიდრებიათ. ეკლესიურ აზროვნებაში „ახალი, „არაბიბლიური ტერმინები და მათ შორის ეს სიტყვები თავისთავად გაჩნდა და იმის გამო დამკვიდრდა, რომ მათში წმინდა მარიამის შესახებ ეკლესიის დასაბამიდანვე არსებული სწავლება ასახულიყო. სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ მესამე მსოფლიო კრება (431 წელი, ეფესო) ძირითადად ქრისტოლოგიური საკითხებით იყო დაკავებული და მარიოლოგიურ საკითხებს არც კი შეხებია. სწორედ ისაა საინტერესო, რომ, მიუხედავად ამისა, კრების განმასხვავებელ ნიშნად და მართლმადიდებლური ქრისტოლოგიის ერთგვარ თავისებურებად, ქრისტოლოგიის საკვანძო სიტყვად „ღვთისმშობელი აღმოჩნდა. „სამართლიანად და ჭეშმარიტად ვუწოდებთ წმინდა მარიამს ღვთისმშობელს, – ბრძანებს წმინდა იოანე დამასკელი, – რადგან ეს სახელი მთელი განგებულების საიდუმლოს წარმოაჩენს. მართლაც, თუ მშობელი ღვთისმშობელია, უთუოდ ღმერთია მისგან შობილი და, ამასთან – უთუოდ კაციც (თავი 56). რამდენადაც წმინდა სამების დოგმატის განმარტებისას, გამოყენებადი და პირველადია სიტყვა „თანაარსი“ ღვთის განკაცების ახსნისას, ძნელად მისახვედრი არაა, თუ რატომ ენიჭება ამ ტერმინის შინაარსს ასეთი დიდი მნიშვნელობა. ქრისტოლოგიური სწავლება, რომელიც არ მოიცავს მოძღვრებას იესუ ქრისტეს ყოვლადწმინდა დედის შესახებ, ვერასოდეს მივა ქრისტიანული მოძღვრების სწორ განმარტებამდე. სწორედ ამიტომ, ჩვენ სინამდვილეში ღვთისმშობელთან დაკავშირებული ყველა დავა და გაუგებრობა, ქრისტოლოგიური აზროვნების ცენტრში იყრის თავს და საბოლოოდ მწვავე „ქრისტოლოგიური კონფლიქტის სახეს იღებს.

„ნაკლულევან ქრისტოლოგიაში მაცხოვრის მშობლის ადგილი აღარ რჩება. მაგალითად: ყველასათვის ნათელია, რომ ღვთისმშობლის შესახებ არაფერი აქვთ სათქმელი პროტესტანტ ღვთისმეტყველებს. მეორე მხრივ, ისიც არ იწვევს ეჭვს, რომ ვინც დედას ვერ შენიშნავს, შვილის დანახვაც გაუჭირდება. სხვაგვარადაც შეიძლება ითქვას, ყოვლადწმინდა ქალწულის პიროვნების ღვთივკურთხეულობის აღქმა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მას ქრისტოლოგიურ კონტექსტში განვიხილავთ. მარიოლოგია არ არის დამოუკიდებელი სწავლება, ის მხოლოდ იმ ტრაქტატის ერთი თავია, რომელშიც ღვთის განკაცებასთან დაკავშირებული საკითხებია გადმოცემული. ამავე დროს, ის ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის გარეშეც ამ ტრაქტატის არსებობა პრაქტიკულად შეუძლებელია. მარიოლოგია ქრისტიანული სწავლების არსშია განთავსებული. დედის გარეშე განკაცებული ძის საიდუმლოს გაგება შეუძლებელია. უფლის ზოგიერთი მაძიებელი ქრისტოლოგიური კვლევის ამ ნაკლულობის შევსებას უზომო თაყვანისცემითა და მის პიროვნებასთან დაკავშირებული სასწაულებისა და თვითმიკვლეული სულიერი ღირებულებებით ცდილობს. ამ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ დოგმატზე რაიმე ნაკლმა ზეგავლენა არ უნდა მოახდინოს, დოგმატი მკვლევარს არ უნდა მოერგოს. ამავე დროს, დოგმატი საღვთო გამოცხადებით განცხადდება. სწორედ ამიტომ ეკლესიურ სწავლებაში მარიოლოგიურ ნაწილს თავისი ბუნებრივი ადგილი უკავია. ეკლესიური დოგმატი ეს არის მოძღვრება „სრულ ღმერთზე – ჭეშმარიტების სათავეზე.

ღვთისმშობლის ღმერთთან ურთიერთობის შინაგანი გამოცდილება ჩვენთვის დაფარულია. უფრო მეტიც, თავისი ბუნებით ეს გამოცდილება ჩვეულებრივი ადამიანისათვის პრაქტიკულად მიუწვდომელია. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ყოვლადწმინდა ქალწულის სულის საიდუმლო. ამიტომ, როდესაც ეკლესია წმინდა მარიამის შესახებ ქადაგებს, ძირითადად ჰიმნოგრაფიაში მოქცეულ ანტინომიურ სახეებსა და მეტაფორებს მიმართავს.

ჩვენ არც საჭიროება და არც მიზეზი გვაქვს ვიფიქროთ, რომ მადლის „სავსება“ არითმეტიკულად გამოითვლება და სრულყოფილების ყველა შესაძლებელი ვარიანტებისა და მრავალფეროვანი სულიერი ნიჭების ჯამად წარმოგვიდგება. მადლის სავსება ყოვლადწმინდა მარიამისთვის იყო და „სავსებაში“ თვითონ ღვთისმშობელი იგულისხმება. ეს განსაკუთრებული მადლია, ეს არის ღმერთის დედობის, „ქალწულ-დედობისა და „უსძლოო-სძლობის“ მადლი. ცხადია, წმინდა მარიამს საკუთარი სულიერი გზა გააჩნდა და ეს გზა ღვთის მიერ მოცემულ მადლში სრულყოფის გზა იყო. განგებულების საიდუმლოს მთელი შინაარსი, ღვთის კურთხეულ დედაში ნელა და თანმიმდევრობით იხსნებოდა. ბოლოს ღვთისმშობელმა თავისი ძის – იესუ ქრისტეს ჯვარცმაც იხილა. ამის შესახებაა დაწერილი: და თვით შენც სულში გაგივლის მახვილი (ლუკა 2.35).

ნათელი მხოლოდ აღდგომის შემდეგ გამობრწყინდა. ამ დრომდე იესუ ქრისტე ჯერ კიდევ არ იყო განდიდებული. ამაღლების შემდეგ ყოვლადწმინდა ქალწულს მოციქულთა გვერდით ვხედავთ. უდაოა: უფლის ანგელოზის ჩვენებამ, საოცარი საიდუმლოს შესახებ ხარებამ და ამ საიდუმლოს აღსრულებამ ღვთისმშობელზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა, ამ გრძნობებს იგი მთელი ცხოვრების მანძილზე გულით დაატარებდა. განა სხვანაირად იყო შესაძლებელი? კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ მისი ღმერთთან ურთიერთობის შინაგანი გამოცდილება ჩვენთვის ამოუცნობი რჩება. მაგრამ, თუ კეთილგონივრულ ძიებაზე საბოლოოდ ვიტყვით უარს, ეს თვითონ საიდუმლოზე უარის თქმა იქნება. დაწერილია: „ხოლო მარიამი იმახსოვრებდა თითოეულ მათ სიტყვას და გულში იმარხავდა“ (ლუკა 2.19). მთელი მისი შინაგანი ცხოვრება ამ მოვლენებით იყო განმსჭვალული.

როგორც ღვთის განკაცების, ისე ღვთისმშობლის პირადი ცხოვრების საიდუმლო, მისი ადამიანური მდგომარეობა ამ ქვეყანაზე უნიკალური და გამორჩეულია. ღვთისმშობელი თავისი პირადი თვისებებით ამ მდგომარეობის შესაბამისი უნდა ყოფილიყო. აქედან შეგვიძლია დავიწყოთ ფიქრი მის ისეთ სრულყოფილებაზე, რომელიც შემდგომში მარადქალწულებად შეირაცხა. წმინდა მარიამი – ქალწულია. ქალწულება მხოლოდ ფიზიკური მდგომარეობა არ არის. ეს უწინარეს ყოვლისა გამორჩეული მსოფლმხედველობაა, რის გარეშეც ფიზიკური ქალწულება არაფრის მომტანი არ იქნებოდა. სახელი მარადქალწული, რა თქმა უნდა, მხოლოდ ფიზიოლოგიურ თავისებურებებს არ შეეხება. ის არც მხოლოდ დაბადებით ქალწულებასა და არც შემდგომში ქალწულების შენარჩუნებას არ გულისხმობს. ის სულიერ ცხოვრებაში, გონებისა და გულის ბოროტებისკენ მიქცევას გამორიცხავს. ფიზიკური ქალწულება სულიერი სრულყოფილების გარეგნული მხარეა. დაწერილია: ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ.“ (მათე 5.8)

ქალწულება გრძნობებისაგან თავისუფალი მდგომარეობაა, ეს არის ჭეშმარიტი უვნებლობა, რომლითაც განისაზღვრება ცხოვრების სულიერი არსი. ეს არის შეგრძნებებისაგან, ცდუნებებისაგან, „მიდრეკილებებისაგან“(epithimia) და უნიბლიედ გაჩენილი „აზრებისაგან“ თავისუფლება. წმინდა მარიამის სული მხოლოდ ღმერთისკენ და მხოლოდ მისი მსახურებისაკენ მიილტვის. ყველა მისი მოსაზრება და სურვილი ღმერთს უკავშირდება, მისთვის უცხოა ვნებები (thimos). ის გონითაც, სულითაც და სხეულითაც ქალწულია (Hom. 6 in Nativitatem B. V. Mariae, 9 et 5; PG 96 676 A et 668C).

ეს არის საკუთარი პიროვნებისა და ცხოვრების ღვთისადმი მიძღვნა. იყო „ღვთის სრული მონა“ – მარადქალწულებასა და ხორციელი ნების უქონლობის ტოლფასია. ამავე დროს, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სულიერი ქალწულება უცოდველობაა – მაგრამ „სრულყოფილება“ და ვნებებისაგან საბოლოოდ შეუზღუდველობა მაინც არ არის.

როგორც ჩანს, რაღაც თვალსაზრისით ღვთისმშობელსაც ებრძოდა მაცდური, მაგრამ თავისი მტკიცე რწმენითა და ღვთის სიყვარულით, ამ მბრძოლიდან ის ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა. ეს ასე ხდება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ჩვეულებრივი, მიწიერი დედობრივი სიყვარული ბავშვისათვის სულიერ თავგანწირვად და საკუთარი პიროვნების მსხვერპლშეწირვად გადაიქცევა. რა თქმა უნდა, წმინდა მარიამს თავისი ძე სხვა დედაზე ნაკლებად არ უყვარდა. ღვთისმშობელმა იცოდა, რომ მისი შვილი „დიდი იქნება და უზენაესის ძედ იწოდება, და მისცემს ღმერთი მამამისის, დავითის, ტახტს“ (ლუკა 7.19). ყოვლადწმინდა მარიამის შვილი „მომავალი“ მესიაა (ლუკა 7.19). ის ღვთის რწმენასა და აღსარებას ღვთის დიდების ჰიმნში გამოხატავს (ლუკა 1.46-55). არ შეიძლება უფლის კურთხეულ დედას არ განეცადა ის, რაც მასში ხდებოდა, მაგრამ მომხდარის შინაარსს, გონებით არა ერთბაშად, არამედ დროთა სვლაში, თანმიმდევრულად შეიმეცნებდა. ღვთისმშობელი ღვთაებრივ საიდუმლო აღთქმას გულში რუდუნებით ატარებდა. მისთვის ერთადერთი გზა არსებობდა, ის ერთადერთი აზრით იყო განმსჭვალული, ეს აზრი იყო ღვთის მორჩილება, იმ ერთადერთი ღმერთის სრული მორჩილება, რომელმაც „მოხედა თავისი მხევლის სიმდაბლეს“ (ლუკა 1.48) და დიდი სიკეთე შესძინა მას „ყოვლადძლიერმა (ლუკა 1.49). პავლე მოციქული ასე აღწერს ქალწულების მშვენიერებას: „ქალწული უქორწინებელი იგი ზრუნავს უფლისასა, რაითა იყოს წმიდა ხორცითაცა და სულითაცა“ (1 კორ. 7.34). ასეთი ქალწულობის მწვერვალი კი ყოვლადუბიწო და მარადის ქალწულის სრულყოფილებაა.

თარგმნა: რონალდ-რომილე ჩხეიძემ