You are currently viewing „სამი გასაღები შინაგანი ლოცვისათვის“

„სამი გასაღები შინაგანი ლოცვისათვის“

Download article eBook

   წმინდა მამათა სულიერი გამოცდილება საოცრად დიდი განძია თითოეული ქრისტიანისთვის. ამასთან, აუცილებლად უნდა აღინიშნოს იესოს ლოცვასთან, ისიხასტურ პრაქტიკასთან დაკავშირებული ორი მომენტი.
1. იესოს ლოცვა და ასკეტური, ისიხასტური პრაქტიკა აუცლილებელია ყოველი ქრისტიანისთვის, როგორც მონაზვნისთვის ასევე ერისკაცისთვის.  წმ. მამების რჩევა-დარიგებანი ხშირად მონაზვნებისთვისაა განკუთვნილი, ამიტომაც მათში გადმოცემული გარეგნული ღვაწლის რაოდენობრივი მომენტი მონაზვებისთვისაა განკუთვნილი. თუმცა ეს სწავლებანი არსობრივად (და არა რაოდენობრივად) სასარგებლო და მისაღებია როგორც მონაზვნისთვის, ასევე ერში მცხოვრებისთვის. ამიტომ, როგორც თავად წმ. მამები გვირჩევენ, ერისკაცთათვის საჭიროა სიფრთხილე გარეგნული ღვაწლის რაოდენობრიობასთან დაკავშირებით, რათა სულერი ბრძოლაში გამოუცდლემა არ აიღოს იმაზე დიდი გარეგნული ღვაწლი რისი ტვირთვაც მას შეუძლია და არ დაზიანდეს. ე.ი. არსობრივად და განხორციელების ხარისხის თვალსაზრისით მონაზვნისთვისაც და ერისკაცისთვისაც ერთია და აუცილებელია ეს გზა და სწავლება, თუმცა გარეგნული მოღვაწეობის რაოდენობრივი თვალსაზრისით განსხვავდება.  ამიტომაც, მამები გვირჩევენ, რომ გარეგუნლი ღვაწლის რეგულაცია თავად პიროვნებამ, მოძღვართან (რომელსაც აქვს ეს პრაქტიკა) რეკომენდაციით დაარეგულიროს.
2. აქვე ავღნიშნავთ კიდევ ერთ საკითხს. სამწუხაროდ არსებობს მოსაზრება, რომ თითქოს იესოს ლოცვით უფალთან მუდმივი ერთობა არ არის ერისკაცთა საქმე, რაც აბსოლუტურად აცდენილ აზრს წარმოადგენს ეკლესიის მამათაგან, რომელნიც სასიცოცხლოდ აუცილებლადაც კი მიიჩნევენ, როგორც მონაზვნებისთვის ასევე ერისკაცთათვის შინაგანი, იესოს ლოცვით უფლის ძიებასა და მასთან ერთობის დაუცადებელ სწრაფვას. თუმცა ამავე დროს აღნიშნავენ, რომ ამისთვის საჭიროა როგორც ეკლესიის მამათა გამოცდილების გაზიარება, ასევე ამ საქმეში გამოცდილ სულიერ მოძღვართან ურთიერთობა. მოვიყვანთ მეოცე საუკუნის უდიდესი სულიერი ავტორიტეტის იოსებ ისიხასტის სიტყვებს: „ვინც ამბობს რომ იესოს ლოცვა ერისკაცთათვის არ შეიძლება, რადგან ხიბლი იცისო, თავად არის მოხიბლული“.
ამიტომაც გთავაზობთ ამ კუთხით საინტერესო, მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში, უცნობი ავტორის მიერ შედგენილ წიგნს „სამი გასაღები შინაგანი ლოცვისათვის, წმიდა მამათა სულიერ საფასედან გამოკრებილი“, რომელიც თარგმნა, კომანში (აფხაზეთი) მოწამეობრივად აღსრულებულმა მამა ანდრია ყურაშვილმა, რომელმაც ყოველი ქრისტიანის სული და გული შეძრა და ცოცხალ, მისაბაძ ქრისტიანად გვექცვა თითოეულ ქრისტიანს,  თავისი ქრისტესმიერი მოღვაწეობითა და აღსასრულით (გვერდის ადმინისტრაცია). 


 „სამი გასაღები შინაგანი ლოცვისათვის,
წმიდა მამათა სულიერ საფასედან გამოკრებილი“  

„გულსა შინა ჩემსა დავიფარენ სიტყვანი შენნი, რათა არა შეგცოდო შენ“ (ფს. 118,11[1])
თუკი ყოველ პიროვნებას აქვს თავის ნაკლიცა და სათნოებაც, ასევე ერთი მიზნის მისაღწევად იხმარება სხვადასხვა ხერხი. შინაგანი ლოცვის მისაღწევად წმინდა მამებისგან ვიცით სხვადასხვა გზები, რომელთაგან ზოგი საერთოა როგორც შინაგანი ლოცვის მისაღწეავდ, ასევე საერთოდ ქრისტიანული ცხოვრებისათვის, როგორიცაა: სრული მორჩილება, გარეგნული ლოცვით შინაგანი ლოცვის გამოთხოვა უფლისგან, როგორც მოციქულებმა თხოვეს უფალს: „უფალო, გუასწავე ლოცვაჲ“ (ლუკ. 11,1). ზოგს ხშირად მიემადლება ღვთისგან ასეთი ლოცვა. მაგ: ერთმა ორი წლის ვედრების შემდეგ ღვთისმშობლის წინაშე ერთხელ იგრძნო სიტკბო და სითბო მის გულში შემავალი. მეორემ კი უბრალო ლოცვის დროს იხილა მის სულში შემავალი სხივი და მას შემდეგ დაიწყო უწყვეტი შინაგანი ლოცვა. სხვა მრავალი შეიძლება მოხდეს.

წმინდა მამებთან ვხვდებით კიდევ სამ ასეთ ხერხს:
1. იესო ქრისტეს სახელის ხშირი მოწოდება ლოცვით (ე.ი. სიხშირე);
2. მთელი ყურადღებით ამ ლოცვის გამეორება (ე.ი. ყურადღება);
3. თავის თავში (გულში) ჩაღრმავება, ანუ როგორც მამები ამბობენ, გონების გულში მოთავსება.

ასე რომ თუ ეს სამი ხერხი არის ყველაზე შედეგიანი ჩვენს გულებში ცათა სასუფევლის საპოვნელად, მაშინ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინია განძით სავსე ყუთის სამი გასაღები.

პირველი გასაღები

თუკი სიხშირეს მივყავართ ხარისხამდე, მაშინ იესოს ლოცვის ხშირი, განუწყვეტელი განმეორება, თუნდაც გონებაგაფანტული, მიგვიყვანს ყურადღებამდე და გულის სითბომდე. ხშირი განმეორების დროს იხვეწება და გადადის ჩვეულებაში. რაიმეს კარგად კეთება რომ ვისწავლოთ, საჭიროა ხშირად ვაკეთებდეთ მას. წმინდა ისიხი ამბობს, რომ სიხშირე ბადებს გამოცდილებას და ემსგავსება ნატურას, ეს, როგორც ჩანს წმინდა მამების დაკვირვებით, ასე ხდება: მსურველმა რომ მიაღწიოს შინაგან ლოცვას, ხშირად უნდა მოუხმოს უფალს, თითქმის შეუწყვეტელად ამ სიტყვებით: უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. უნდა იმეოროს ბაგეებით ხმადაბლა. ხანდახან შემოკლებით თქვას: უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე, როგორც გვასწავლის გრიგოლ სინაელი. ის გვირჩევს, რომ მოკლე ლოცვა მოსახერხებელია ახალი მოსულისათვის. ის არ უარყოფს არც პირველ წესს, ოღონდ ურჩევს რათა ხშირად არ ცვალონ ეს წესები.

ლოცვის სურვილის გასაღვივებლად მამები ურჩევენ დამწყებს ფსკვნილზე ითვალონ ლოცვები, რომელსაც შემდეგ გაზრდიან (რაოდენობით). პირველად რამოდენიმე ასეული, შემდეგ ათასებიც შეიძლება. უნდა წარმოთქვან ენითა და ბაგეებით გარკვევით, ოდნავი დაძაბვით. დროთა განმავლობაში ენა და ბაგეები თავად მიეჩვევიან და ძალის დაუტანებლად თავისუფლად წარმოთქვამენ უფლის სახელს. საერთოდ ხმის გარეშეც კი. დროთა განმავლობაში გონება ყურადღებას მიაქცევს ენას და ნელ-ნელა განიწმინდება გონება-გაფანტულობისაგან, ასე მიაღწევენ ყურადღებით ლოცვას. ამას კი შემდეგ მოყვება გონების გულში დამკვიდრება, როგორც მამები ამბობენ, გონება, რომელიც მოძრაობს გულში, ათბობს მას ღვთაებრივი სიყვარულით და უკვე თვით გული ყოველგვარი იძულების გარეშე თავისუფლად, აღუწერელი სიტკბოებით გამოთქვამს იესო ქრისტეს სახელს და გადმოიღვრება ლოცვით ღვთის წინაშე, როგორც წერია: „მე მძინავს, გული კი მღვიძარეა ჩემი“ (ქებათა-ქება 5.2).

გონებრივი იესოს ლოცვის სიხშირის შესახებ ძალიან კარგად გამოთქვა წმ. ისიხიმ: „როგორც რაც უფრო მეტია წვიმა, უკეთ ალბობს მიწას, ასევე გულს – ქრისტეს სახელი, რომელსაც ჩვენ მოვუწოდებთ სიხარულით“.
მართალია ნაჩვენები ხერხი წმინდა მამების გამოცდილებით საკმარისია მიზნის მისაღწევად, მაგრამდ არსებობს უკეთესი საშუალებები, როგორიც არის: ყურადღება და გონებით გულში შესვლა. ეს პირველი ხერხი არის მათთვის, ვინც ყურადღებას ვერ ფლობს და არ შეუძლია გულზე იმუშაოს, ან იგი შეიძლება გამოვიყენოთ მოსამზადებელ პირობად შემდეგი ხერხის შესწავლისათვის, რომელიც არის გონებით გულში შესვლა. მოკლედ როგორც ნიკიფორე მონაზონი ამბობს: ვისაც რა უნდა, ის ამოირჩიოს.

მეორე გასაღები

როგორც ნიკიფორე მონაზონი ამბობს, ყურადღება არის გონების დაცვა ანუ გონების მოკრება და ჩაღრმავება რაიმე საგანში ყველა სხვა აზრებისა და წარმოსახვების დატოვებით. რამდენად არის ყურადღება საჭირო ლოცვისათვის, ამის შესახებ მსჯელობენ წმიდა კალისტე და ეგნატე, რომელთაც მოჰყავთ, მაგალითად ღირსი მამის ნილის სიტყვა, რომელიც ამბობს: ყურადღება რომელიც ეძებს ლოცვას, მალე შეიძენს მას. მიახლოებით ასე წერს წმ. ისიხი: რამდენადაც გონებამოკრებილი ხარ, იმდენადვე გექნება იესოს ლოცვის სურვილი და კიდევ: უკიდურესი ყურადღებით შეიქმნება გულისმიერი ყურადღებისა და სიმშვიდის ატმოსფერო. ნიკიფორე მონაზონი ლოცვაზე მსჯელობისას ამბობს, რომ თუ იმ ხერხით ვერ მოახერხებენ გონების გულში მოთავსებას რომელიც მიუთითა, მაშინ საჭიროა მოვიპოვოთ ყოვლისშემძლე ყურადღება ლოცვის დროს, რომელიც ყოველგვარი ეჭვის გარეშე გაარღვევს გზას გულისაკენ შინაგანი ლოცვისათვის როგორც წმიდა მამების გამოცდილებიდან ვიცით, წმიდა წერილიც ამტკიცებს ამ ჭეშმარიტებას, რომ ყურადღების გარეშე არ შეიძლება ლოცვა. ამაზე ამბობს: „მოიცალე და გულისხმაჰყავ, რამეთუ მე ვარ ღმერთი“.

ე.ი ვინც გადაწყვიტა ყურადღებით მიაღწიოს შინაგან ლოცვას, უნდა შეეცადოს იმყოფებოდეს რაც შეიძლება განმარტოებით, თავი აარიდოს ხალხთან საუბარს, ილოცოს აუჩქარებლად. ბევრი არ არის საჭირო შუალედი, ჩაწვდეს გონებით ლოცვის სიტყვებს, როგორც ხდება წიგნის ყურადღებით კითხვის დროს. მთელი ძალით შეეცადოს მოიცილოს უცხო აზრები. ხანდახან ლოცვის წარმოთქმის შემდეგ მცირედ დავდუმდეთ, თითქოს დაველოდოთ უფლის პასუხს, შევეცადოთ დავიჭიროთ ყურადღება გონებაგაფანტულობის დროს და ყოველთვის გვახსოვდეს, რომ გადავწყვიტეთ მუდამ ვიმყოფებოდეო უფალთან, უწყვეტი ყურადღებიანი ლოცვით და გონების სხვა აზრებისაგან განნმენდით.

მესამე გასაღები

მესამე გასაღები არის შესვლა ჩვენს შიგნით ანუ გულში. ზედმეტი მსჯელობა რომ არ გამოგვივიდეს, წმიდა მამების აზრები გადმოვცეთ ზუსტად, შემდეგი თანმიმდევრობით: პირველ რიგში ამას აღწევენ მამები, რომელთაც სრული გადმოცემა დაგვიტოვეს შინაგანი ლოცვის შესახებ. მეორეში ვინც ნაწილობრივად გადმოგვცა მის შესახებ, ხოლო მესამე, სულისათვის სასარგებლო თხრობანი აბბა ფილიმონის შესახებ. მაშ ასე, I. სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი, გრიგორი სინაელი, ნიკიფორე მონაზონი, ღირსი მამები კალისტე და ეგნატე ქსანტოპულები. II. პრესვიტერი ისიხი იერუსალიმელი, ფილოთეოს სინაელი, მიტროპოლიტი თეოლიპტე, ბარსანოფი და იოანე. III. აბბა ფილიმონი. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი

სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი გულში შეღწევის ხერხს გადმოგვცემს თავის მსჯელობაში მესამე სახის ლოცვის შესახებ 68-ე სიტყვიდან. ეს მესამე სახის ლოცვა ჭეშმარიტად საოცარია და გამოუთქმელი და მათთვის, რომელთაც არ იციან გამოცდილებით, არა მხოლოდ გაუგებარია, არამედ წარმოუდგენელიც და სინამდვილეში ამ სახის ლოცვას ყველგან ვერ ნახავთ. თუმცა ასეთი ლოცვით ნადგურდება ყოველგვარი მზაკვრობები და ხერხები, რაც არ უნდა მოაწყოს დემონმა გონების გასაფანტავად და გასაბნევად. რამეთუ მაშინ გონებას, რომელიც ყველაფრისგან თავისუფალია, შეუძლია თავისუფლად გამოიკვლიოს დემონისაგან მოტანილი აზრები და დიდი მოხერხებულობით განდევნოს ისინი და სუფთა გულით შესწიროს ლოცვა ღმერთს.

გადმოგვცემს შემდეგ წარმატების პირობებს, კერძოდ: სრული მორჩილება და სინდისის შენახვა მთელი სიწმიდით, ღვთისა და ხალხის მიმართ და აგრეთვე ნივთების მიმართაც, და მოგვიწოდებს ყველაფერი ისე გავაკეთოთ, თითქოს ღვთის ნინაშე ვიდგეთ. შემდეგ ის აგრძელებს: ამ სახის მოქმედებით შენ ამზადებ თავს მესამე ლოცვისათვის რომელიც ასეთია: გონება იცავს გულს ლოცვით და ბრუნავს მასში გამოუსვლელად და გულის სიღრმიდან უგზავნის ღმერთს ლოცვებს.
სულ ეს არის: იშრომე ასე სანამ უფალს შეიგრძნობდე. ხოლო ბოლოს, როცა გონება გულში შეიგრძნობს ღვთის მადლს, მაშინ აღარ მოინდომებს იქედან გამოსვლას და იტყვის როგორც წმიდა მოციქული პეტრე: „კეთილ არს ჩვენი აქ ყოფნა“ და უკვე ყოველთვის გულში მოცქირალი, იქ გამოუსვლელად მბრუნავი, განდევნის დემონის მოტანილ ყველა აზრებს.

ხოლო მათ, რომელთაც არავითარი ნარმოღგენა არ აქვთ ამ საქმიანობაზე, ის ეჩვენება ძნელი და დამქანცავი. ხოლო მათ კი, ვინც სიტკბოების გემო იხილეს და დატკბნენ მით თავის გულის სიღრმეში, ისინი წამოიძახებენ პავლე მოციქულთან ერთად: „ვინ განგვაშოროს ჩვენ ქრისტეს სიყვარულს“. წმ. მამებმა, რომელთაც უფლისაგან მოისმინეს რომ „გულიდან გამოდიან გულისსიტყვანი ბოროტნი, მკვლელობანი, ამპარტავნებანი, მრუშობანი, სიძვანი, პარვანი, ცილისნამებანი, გმობანი“… ასევე მოისმინეს სახარების სხვა ადგილზე მოწოდება: „განვიწმიდოთ შინაგანი სასმელისა და პაროფსიდისა, რათა გარეშეცა იყოს ნმიდა“. დავუტევოთ ყოველი სხვაგვარი სულიერი საქმე და მთლიანად მოვეკიდოთ ამ ერთს, ე.ი. გულის დაცვას, და გჯეროდეთ რომ ასეთი მოღვაწეობით მოიგებთ ყოველგვარ სათნოებას, ხოლო მის გარეშე ვერ მოახერხებთ ვერც ერთს. წმიდა მამები ყველანი ძირითადად ამით იყვნენ დაკავებულნი და კიდევაც წერდნენ მის შესახებ.

ვისაც სურს წაიკითხოს მათი ნაწერები, წაიკითხოს რას წერს მარკოზ მოღვანე, რა თქვა იოანე კიბის აღმწერელმა, ღირსმა ისიხიმ, ფილოფეი სინაელმა, აბბა ისაიამ, ბარსანოფი დიდმა და სხვ. თუ გსურთ ამის სწავლა (ე. ი. გონების გულში მოთავსება) მე გეტყვით თქვენ, სამი რამე გჭირდებათ თავიდან: განთავისუფლება ყველაფრისაგან, არა მარტო ამაოსაგან, არამედ ღვთისმეტყველურისაგანაც. ე.ი. თავის მოკვდინება ამ სოფლისათვის. სინდისის სიწმიდე ყველაფერში, რომ არაფერში გამხილებდეს და სრული უვნებლობა, რომ შენი აზრი არ მიიდრიკებოდეს რაიმე ნივთისაკენ.

შემდეგ დაჯექი რომელიმე მყუდრო, განმარტოებულ ადგილზე, დახურე კარები, მოაცილე გონება ყოველივე დროებით და ამაო ნივთს, დახარე თავი მკერდზე და ამ სახით იდექი ყურადღებით შენს შიგნით (არა თავში, არამედ გულში), მიმართე იქით გონება და შენი მგრძნობიარე თვალები და რამდენადმე შეაკავე სუნთქვა, შენი გონება იქ იყოს და ყოველნაირად შეეცადე, რომ ეუფლო მას (ე ი. გულს) და როდესაც მას დაეუფლება შენი გონება, შეეცადე მუდამ იქ იყოს. თავიდან იქ ნახავ რაღაც სიძნელეს და სიმკაცრეს, ხოლო შემდეგ თუკი გააგრძელებ ამ საქმეს დღედაღამე ყურადღებით, მოიპოვებ შეუწყვეტელ სიხარულს. გონება ყველაფრისაგან განთავისუფლებული ადგილს დაუთმობს გულს და მაშინ დაინახავ იქ შენში ისეთ რამეებს, რაც არასდროს არ გინახავს და არ იცოდი, ამ დროიდან რომელი მხრიდანაც არ უნდა გამოჩნდეს რაიმე აზრი, სანამ შემოვიდოდეს შიგ და გაიაზრებოდეს ანუ გამოისახებოდეს გონებაში, იგი (გონება) მაშინვე განდევნის მას იქიდან და ანადგურებს იესოს სახელით „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“. იმავ დროიდან გონება მოიძულებს დემონებს და განდევნის მათ და გაანადგურებს. შემდეგ რა მოჰყვება ამ საქმიანობას ღვთის შეწევნით, თვით გამოცდილებით გაიგებ ყურადღების დაცვით და იესოს ლოცვით: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“.

წმ. გრიგორი სინაელი
წმ. გრიგორი სინაელი გამოთქვამს სწავლებას შინაგან ლოცვაზე და მათ მისაღწევ ხერხებზე, თავის სიტყვაში დაყუდებასა და ლოცვაზე („სათნოთმოყვარეობის“ პირველი ნანილის 12-19 გვ.) აი მათი მოკლე შინაარსი:
ჩვენ მოგვეთხოვება, რათა ქერუბიმივით სუფთა გულით ვილოცოთ და ვესაუბროთ ღმერთს. მათ, რომელთაც ქრისტეს ცხოველი სული მიგვიღია, მაგრამ ამ სიკეთეს შეუმეცნებელნი არ ვზრუნავთ მასზედ, რომ გავიზარდოთ სულიერად, მცნებების დაცვის მეშვეობით და რომ მივაღწიოთ გონებრივ სიწმინდეს. მაგრამ ჩვენ გონებაგაფანტულობით ვცვივდებით ვნებათღელვაში და მივექანებით უგრძნობელობისა და სიბნელის უფსკრულში. ხდება ხოლმე, რომ ჩვენ არც გვახსოვს ღვთის არსებობა და თუ როგორი უნდა ვიყოთ ჩვენ, ღვთის შვილები, სათნოებებით შემკული, ეს საერთოდ არ ვიცით. გვნამს, მაგრამ არასრულყოფილი რნმენით და ნათლობით სულიერად განახლების შემდეგაც არ ვანებებთ თავს ხორციელ ცხოვრებას. თუ ვინმე მონანული დაიწყებს მცნებების შესრულებას, ის მაინც ასრულებს გარეგნულად, არა სულიერად, და იქამდე გადავეჩვიეთ სულიერ ცხოვრებას, რომ მისი გამოვლინება სხვა პირებში გვეჩვენება არანორმალურად და შეცდომილად. ასე თვით სიკვდილამდე ვრჩებით მკვდარ სულებად, ვცხოვრობთ და ვმოქმედებთ ქრისტეს გარეშე და მისი მცნებების შეუთავსებლად: სულისგან შობილი უნდა იყოს სულიერი. და ასე წმიდა ნათლისღებისას მიღებულ ღვთის მადლს არ ვიყენებთ, არამედ თითქოს ვფლავთ, როგორც განძს მიწაში. ხოლო გონიერი განსჯა და სინდისი ითხოვს, რომ გავხსნათ ეს განძი, რათა უფრო განცხადდეს.

როგორ შეიძლება ამის მიღწევა?
აქამდე თქვენ მიხვალთ შემდეგი ორი ნიჭით: 1. დიდი შრომით, მცნებების შესრულებით, ისე რომ რამდენადაც ვასრულებთ მცნებებს, იმდენად ეს ნიჭი ბრწყინდება და ავლენს თავის ნათელს. 2. შეუწყვეტელი ლოცვით უფალი იესო ქრისტეს მიმართ და მუდმივი ღვთის ხსოვნით. პირველი საშუალება ძლიერია, ხოლო მეორე კიდევ უფრო ძლიერი. პირველები მიიღებენ მისგან სრულ ძალას, მაგრამ თუ გვინდა სრულად გავხსნათ ჩვენი შინაგანი საგანძური, მაშინ ვისწრაფოთ ვისწავლოთ მეორე ხერხით, გულზე მუშაობით. რათა გულში მხოლოდ ეს ლოცვა გვქონდეს, სანამ უხილავად და შეუცნობლად გაათბობდეს ჩვენს გულს გამოუთქმელი სიყვარული ღვთისადმი.

გულში ამ ლოცვის მოქმედება ორგვარად ხდება: როდესაც გონება ამზადებს საფუძველს რათა მიეკრას გულში უფალს შეუწყვეტელი ხსოვნით, ხან კი თვითმოქმედი ლოცვა, რომელიც სიხარულით ინთება, იზიდავს გონებას გულში და იქ აკავებს უფლის მოხმობით. პირველ შემთხვევაში ლოცვის მოქმედება იწყება ვნებების გაქრობასთან ერთად, მცნებების შესრულებით. ხოლო მეორეში სული მიიზიდავს გონებას გულში და თანაუგრძნობს მას იქ, მის სიღრმეში და აკავებს მას მისგან ჩვეული ხეტიალისაგან. ამ ორი სახისაგან ხან გონება არის მოქმედი და ხანაც თანამგრძნობი. მოქმედებს ის ღვთის შეწევნით და მისი მცნებების დაცვით ძლევს ვნებებს. ხოლო თანაგრძნობით ჭვრეტს ღმერთს, რამდენადაც ეს შესაძლებელია ადამიანისათვის.

მოქმედი გულისა და გონების შეერთებული ლოცვა უნდა შეასრულო ასე: დაჯექი ერთი მტკაველის სიმაღლის სკამზე, გონება ჩაიყვანე თავიდან გულში და იქ დააკავე, შეეცადე გამოთქვა გონებითა და გულით „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“. ამავე დროს შეაკავე სუნთქვა, გონება რომ არ გაგეფანტოს. თუ დაინახავ რომ აზრები იღვიძებენ, ყურადღებას ნუ მიაქცევ მათ თუნდაც ისინი უბრალო და კარგი იყოს. მოთმინებით გონების გულში დაკავებით და უფლის სახელის ხშირი მოწოდებით შენ მალე შემუსრავ იმ ამაო აზრებს. წმ. იოანე კიბისაღმნერელი ამბობს: იესოს სახელით დასცხე მტერს, მასზე ძლიერი იარაღი არც ცაში და არც ქვეყანაზე არ იპოვება.

როცა ასეთი შრომით – უფლის სახელის ხშირი მოწოდებით – გონება გადაიღლება,  და მას თანაუგრძნობს გული და სხეული, მაშინ ადექი და იგალობე ან წმიდა წერილი იკითხე და მის შესახებ იფიქრე, სიკვდილი გაიხსენე ან ხელსაქმე აკეთე და სხვ.

როდესაც ლოცვის ამ საქმეს მოჰკიდებ ხელს, მაშინ შენთვის მისაღებია იკითხო ისეთი წიგნები სადაც გადმოცემულია სწავლება შინაგანი ლოცვის შესახებ, კერძოდ იოანე კიბისაღმნერელი, ისააკ ასური, მაქსიმე აღმსარებელი, სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი, ისიხი იერუსალიმელი, ფილოთეოს სინაელი და სხვ. ხოლო სხვაგვარი წიგნები დროებით მიატოვე, იმიტომ კი არა, რომ ისინი ცუდებია, იმიტომ რომ შენ არ გცალია ასეთ ვითარებაში მათთვის. მათ შეუძლიათ გონება დააშორონ ლოცვას, ხოლო პირველნი იკითხე ცოტა, მაგრამ ყურადღებით.

არ მიატოვო გარეგნული ლოცვაც. არიან ისეთნი, ვისაც წესად აქვთ დიდი ლოცვითი კანონი, სხვები კი სრულიად ტოვებენ მას და გონებრივ ლოცვას ეძლევიან. შენ კი საშუალო ამოირჩიე, არ იტვირთო ბევრი, რათა არ გადაიღალო და არ მიატოვო, რომ არ მოეშვა. თუ ნახავ რომ შენში ლოცვა თავისთავად მოქმედებს და არ წყვეტს მოქმედებას შენს გულში, არ მიატოვო ის და გარეგნული ლოცვა არ დაინყო, თორემ ეს ემსგავსება იმას, რომ მიატოვო შენს შიგნით ღმერთი, გამოხვიდე გარეთ და იქედან გაიწვდინო ხელები მისკენ. მათ კი, რომელნიც ჯერ არ ფლობენ ასეთ ლოცვას, სჭირდებათ ბევრი გარეგნული ლოცვა, რაც შეიძლება ბევრი, რათა სხვაგვარი ლოცვებით გათბეს გული, დაიწყოს შინაგანი ლოცვა. ვინც უკვე იგემებს შინაგანი ლოცვის სიკეთეს, მან გარეგნულად ზომიერად ილოცოს და უმეტესად შინაგან ლოცვაში იყოს, როგორც მამები გვირჩევენ იმ შემთხვევაში, თუ შინაგანი ლოცვა შეგისუსტდება, საჭიროა გარეგნული ლოცვა, ან წმიდა მამების კითხვა. ნიჩბების მოხმარება ზედმეტია, თუ კი ქარი უბერავს, ისინი მაშინაა საჭირო, როცა ქარი ჩადგება.

ძლიერი იარაღი აქვს მას მტრების ნინააღმდეგ ვისაც ლოცვისას შემუსრვილი ცრემლები აქვს, რათა არ ჩავარდეს თავდაჯერებაში და მხიარულებაში, რომელიც ლოცვისაგან მოეცემა. ვისაც ცრემლს შერეული სიხარული აქვს, ის გაექცევა ყოველგვარ განსაცდელს. ნამდვილი უხიბლო შინაგანი ლოცვა არის ის, რომლის დროსაც იესოს ლოცვით წარმოქმნილი სითბო აღინთება ცეცხლად გულში და სწვავს ვნებებს. ის მხიარულებით და სიმშვიდით ანთებს გულს. ეს ერთი შეიყვარე და შეეცადე ეუფლო მას შენს გულში და არ გვქონდეს მეოცნებე გონება მისი იმედით არ გეშინოდეს არავისი, რამეთუ ვინც თქვა: “კადნიერ იყვენით, მე ვარ ნუ გეშინიათ” – ის ჩვენთან არის.

ნიკიფორე მონაზონი
ნიკიფორე მონაზონი თავის მოძღვრებას გულში შესვლის შესახებ, გადმოგვცემს ნაშრომში – სიფხიზლისა და გულის დაცვისათვის (“სათნომოყვარების” მეორე ნანილი 36-43 გვ): თქვენ, რომელთაც მოისურვეთ მიიღოთ ზეციური ცეცხლი თქვენს გულში და გამოცდილებით შეიმეცნოთ თქვენს შიგნით არსებული ცათა სასსუფეველი, მოდით და მე გასწავლით ზეციური ცხოვრების მეცნიერებას, ანუ უფრო სწორად ხელოვნებას, რომელსაც შრომის და ოფლის გარეშე შეჰყავს უვნებლობის სამყაროში მისი მოქმედი. დაცემით გამოვედით ამ სამყაროდან, დავბრუნდეთ ახლა უკან და ზურგი შევაქციოთ ყოველივე გარეგნულს. ღმერთთან დაახლოება და შერიგება შეუძლებელია ჩვენთვის, თუ პირველად ჩვენს თავში არ შევედით. მხოლოდ შინაგანი ცხოვრება არის ნამდვილი ქრისტიანული ცხოვრება, ამას ამტკიცებენ ყველა მამები.

ძმამ ასე ჰკითხა მამა აგათონს: რა უფრო მნიშვნელოვანია ხორციელი შრომა თუ გულის დაცვა? ბერმა უპასუხა: ადამიანი წააგავს ხეს, ხორციელი შრომა ფოთლებია, ხოლო გულის დაცვა – ნაყოფი. წმ წერილიც ამბობს: „ყველა ხე რომელიც კეთილ ნაყოფს არ გამოისხამს მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა“. ასე რომ ნათელია, ყურადღება უნდა გავამახვილოთ ნაყოფზე, ე.ი. გულის დაცვაზე, მაგრამ ჩვენთვის ფოთლოვანი საფარველიც საჭიროა ე.ი. ხორციელი შრომა. წმ იოანე კლემაქსი ამბობს: მოიხურე შენი სენაკის კარები, დახურე სხეულის კარიც – ბაგეები ენის დასაცავად და შინაგანი კარები ბოროტი სულებისაგან. სიმაღლეზე მჯდომმა (მდგომარეობა როცა ყურადღება გულზეა გამახვილებული) უყურე საიდან, რა რაოდენობით მოდიან ქურდები შენს ვენახში, რათა შემოსვლით გაგვძარცვონ მტევნებისაგან. შეჭირვებული მჭვრეტელი დგება სალოცავად, შემდეგ ისევ ჯდება და ხელს მიჰყოფს იგივე საქმეს (ე.ი. გულზე ყურადღებასა და ლოცვას).

წმ. მაკარი დიდი ამბობს: მოღვაწის მთავარი საქმე არის გულში შესვლის შემდეგ ბრძოლის გამართვა ეშმაკებთან, ებრძოლოს მათგან მომავალ აზრებს და ევედროს ღმერთს შეწევნისათვის. წმ ისააკ ასური წერს: შეეცადე შეხვიდე შენს შინაგან საუნჯეში, რათა იხილო ცათა საუნჯე. ცათა სასუფეველში ასასვლელი კიბე შენშია დამალული. ასე რომ დააღწიე თავი ცოდვებს და შეიკრიბე შენს გულში. იქ მოიპოვებ შენს საფეხურებს, რომლის მეშვეობითაც ახვალ სიმაღლეზე.
ასეთია კარპაფის გამონათქვამი: დიდი გმირობა და შრომაა საჭირო ლოცვაში, რომ მივაღწიოთ აზრების სინმინდეს – ეს მეორე ზეცაა სადაც ქრისტე ცხოვრობს, როგორც მოციქული ამბობს: არა უწყითა, რამეთუ ქრისტე თქვენშია?

აი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის სიტყვა: მას შემდეგ, რაც ადამიანი განიდევნა სამოთხიდან და განეშორა ღმერთს, სატანამ თავის მსახურებთან ერთად მიიღო ძალაუფლება დღე და ღამე აწვალოს ადამიანის გონება. გონების დაცვა მათგან შეუძლებელია მარადის ღვთის ხსოვნის გარეშე, ამას შეუძლია დაიჭიროს ადამიანის მოხეტიალე გონებრივი ძალა.

ასე ასწავლის ყველა წმიდა მამა. ეს დიდებული საქმე თითქმის ყველამ ერთმანეთისაგან ისწავლა. იშვიათად თუ ვინმემ მიიღო პირდაპირ ღვთისაგან, სითბო მათი სარწმუნოებისათვის. ასე რომ საჭიროა ვეძებოთ მოძღვარი ამ საქმის მცოდნე. თუკი მოძღვარი არ არის, მაშინ ღმერთს მოუწოდე დასახმარებლად და სიმდაბლითა და ცრემლებით გააკეთე ის რასაც ეხლა გეტყვი.

ცნობილია, რომ სუნთქვა, ფილტვების გავლით მიდის გულში. დაჯექი, მოიკრიბე გონება და ჩაიყვანე სუნთქვის გზით გულამდე და დააკავე იქ. არ მისცე საშუალება იქედან გამოსვლისა. იქ ყოფნისას უსაქმოდ ნუ გააჩერებ, არამედ ეცადე, რათა წარმოსთქვას წმიდა სიტყვები: უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო შემიწყალე მე! და იმეოროს ეს დღე და ღამე, სანამ მიეჩვევა ამ შიგნით ყოფნას აღნიშნული ლოცვით და უყურე, რომ შენი გონება მალე არ გამოვიდეს იქედან. რამეთუ თავიდან ის ძალიან შეწუხებული იქნება ასეთი დატყვევებით, სამაგიეროდ როცა მიეჩვევა, მისთვის იქ ყოფნა იქნება სასიხარულო და სამუდამოდ მოისურვებს იქ დარჩენას. როგორც ადამიანი, რომელიც უცხო ქვეყნიდან საკუთარ სახლში დაბრუნდა, თავის თავი აღარ ახსოვს სიხარულისაგან ცოლისა და ბავშვების მხედველს, ასევე გონება როდესაც შეერთდება გულთან, აღივსება გამოუთქმელი სიხარულით.

თუ შენ მოახერხებ შეხვიდე გულში ამ გზით, რომელიც გასწავლე, მადლი შესწირე ღმერთს და მუდამ იყავი დაკავებული ამ საქმით, ის გასწავლის შენ ისეთ რამეს, რაზედაც არ გიფიქრია. ხოლო თუკი ბევრი შრომის შემდეგაც ვერ მოახერხებ შესვლას გულის სიღრმეში ამ ხერხით, რომელიც მე შენ გიჩვენე, მაშინ გააკეთე რასაც მე კიდევ გეტყვი და ღვთის შეწევნით იპოვი იმას, რასაც ეძებ. ცნობილია, რომ ადამიანის სიტყვიერება (შინაგანი სიტყვა, სიტყვა რომლითაც ის თავის თავს ელაპარაკება) იმყოფება შუა ტვინში, რამეთუ იქ ტვინის შუაში, როცა ბაგეები დადუმებულია ვსაუბრობთ ჩეენ ჩვენს თავთან. აი ამ სიტყვით შეეცადე წარმოთქვა: უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო შემიწყალე მე! და შეწყვიტე ყოველი სხვაგვარი საუბარი და მხოლოდ ეს იღაღადე შენს გონებაში. იყავი მომთმენი, ამ საქმიანობით გაგეხსნება გზა გულისაკენ ყოველგვარი ეჭვის გარეშე, როგორც მამების გამოცდილებიდან ვიცით. ასეთ სასურველ, მხიარულ და გულისმიერ ყურადღებაში მოვა შენთან ყველა სათნოებანი. სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, მოთმინება, სიმდაბლე და სხვ.

ეგნატე და კალისტე
მონაზვნები კალისტე და ეგნატე ქსანტოპულები გამოთქვამენ თავის სწავლებებს შინაგან ლოცვაზე მთელ ას თავში („სათნოთმოყვარეობა“  მე-2 ნაწ. 56-131 გვ.). აი მათგან ამოკრებილი და ჩვენთვის საჭირო:

ღმერთში ცხოვრებისათვის საჭიროა მოშურნეობა და გულისხმიერი ლტოლვა ქრისტეს მცნებების შესასრულებლად, ბოლოს კი სრულად გამოჩინება იმისა, რაც ჩვენშია დამარხული, ღვთაებრივი ნათლობით მომადლებული. ანუ რაც ნიშნავს: განვიმოსოთ ძველი კაცი თავისი ვნებებით და შევიმოსოთ ახალი, სულიერი ე. ი. უფალი იესო ქრისტე. როგორც ამბობს ღვთაებრივი პავლე: “შვილნო ჩემნო, რომელთათვის კვალად მელმის, ვიდრემდე გამოიხატოს ქრისტე თქვენს შორის”. როცა ჩვენ ვინათლებით, ამბობს ნმ. იოანე ოქროპირი, მაშინ ჩვენი სული როგორც მზე ბრწყინავს, რადგან სულიწმიდით იწმიდება, როგორც სუფთა ვერცხლი, რომელიც მზის სხივებზე ასხივებს, მაგრამ სინამდვილეში ის ბრწყინავს მზის სხივებით.

ასევე სული რომელიც ნათლისღებით განიწმინდება, ღებულობს სხივებს (სულინმიდისაგან) და თვით შინაგანად ხდება დიდებული, მაგრამ ვაი რომ ეს დიდება რომელიც ასეთი გამოუთქმელია და საშინელი, მხოლოდ ერთი ან ორი დღე იმყოფება ჩვენთან, შემდეგ კი ვაქრობთ მას ამქვეყნიური ცხოვრებისეული ვნებებისა და აზრების ბურუსით. ღვთაებრივი განბანვით ჩვენ ვღებულობთ სრულ ღვთაებრივ მადლს, თუკი ამის შემდეგ დავფარავთ მათ ამქვეყნიური ვნებებითა და ზრუნვით, ჩვენ ამის შემდვგ კიდევ შეგვიძლია განვწმინდოთ ის სანანულითა და ღვთის მცნებების შესრულებით, და ვუყუროთ მის თავდაპირველ ნათელს. ეს მიიღწევა სარწმუნოებითა და ქრისტიანული ცხოვრების დიდი სურვილით, იესო ქრისტეს კურთხევით. წმ მარკოზი ამბობს: ქრისტემ, ჭეშმარიტმა და სრულმა ღმერთმა, ასევე სრულად მომადლა მონათლულებს სულიწმინდის მადლი, რომელიც ჩვენი მხრიდან არავითარ დამატებას არ მოითხოვს; ხოლო ის გვეხსნება და ნათლად წარმოგვიდგება იმის მიხედვით, თუ როგორ ვასრულებთ ჩვენ მცნებებს და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ არ მივაღწევთ ქრისტეს სრულ ასაკს.

თუკი ვიცით, რომ ჩვენ გვიშველის უფლის მცნებებით ცხოვრება, რომელიც შემდეგ ნაყოფს გამოიღებს, განგვიახლებს ნათლობით მიღებულ სულიწმიდის მადლს, რომელიც ჩვენში არის, მაგრამ დაფლულია ვნებებით და კვლავ გაიხსნება ღვთის მცნებების შესრულებით, მაშინ საჭიროა, რომ დიდი მოშურნეობით შევუდგეთ ამ საქმეს (მცნებების შესრულებას), რათა განვიწმიდოთ სულიწმიდის მიერ მოცემული მადლი უფალი იესო ქრისტეს სახელის ხშირი მოწოდებით, რათა გულმა გადაყლაპოს უფალი და უფალმა გული და რათა ეს ორი ერთად იქცეს. და კიდევ: არ განაშოროთ ღვთისგან გული, არამედ ყოველთვის გქონდეთ მასში მისი ხსოვნა. სანამ უფლის სახელი დაიმკვიდრებდეს გულში, სხვაზე არაფერზე იფიქროთ გარდა იმისა, რომ იყოთ დაკავებული ქრისტესთან ურთიერთობით.

წმ. იოანე კიბისაღმწერელი ამბობს: დაე იესოს ხსოვნა შეერთდეს შენს სუნთქვასთან. ხოლო წმ. ისიხი წერს: თუკი გინდა შეარცხვინო უცხო აზრები, მოუკლებლად იფხიზლე გულით, დაე უფალი იესოს ლოცვა მიეკრას შენს სუნთქვას და რამდენიმე ხანში დაინახავ, რომ რაც გსურდა შეგისრულდება. როდესაც მივაჩვევთ გონებას სუნთქვასთან ერთად გულში ჩასვლას შევნიშნავთ, რომ ის შესვლისას რჩება მარტო და მხოლოდ უფალ იესო ქრისტეს ხსოვნა და მოწოდება აქვს. ხოლო იქიდან გამოსვლისას კი პირიქით, მიედ-მოედება სხვადასხვა აზრებსა და ხსოვნებს. ამ გონებით უბრალოების და მარტოობის შესანარჩუნებლად გადმოგვცეს გამოცდილმა მამებმა, რომ ვინც მოინდომა ისწავლოს გონებით გულში სიფხიზლე, უნდა იჯდეს მყუდრო და ბნელ ადგილზე განსაკუთრებით სწავლის დასაწყისში, რამეთუ გარშემო მყოფ საგნებს შეუძლიათ გაგიფანტონ გონება. როცა სიმყუდროვე და სიბნელე დაჰფარავს ჩვენგან ყოველგვარ გარეშეს, აზრი თავს ანებებს მათ და ცდილობს, შეიკრიბოს თავის თავში, როგორც ამბობს ბასილი დიდი: გონება, რომელიც არ მიილტვის ამქვეყნიური გრძნობებისაკენ, იგი თავის თავში ჩაბრუნდება.

ამ გმირობის (მოღვაწეობის) მთავარი არსი არის სუფთად, გულისმიერად გამოთქმა იესო ქრისტეს სახელისა. გულში სუნთქვის გზით შესვლა და ბნელ ადგილზე ჯდომა და სხვა ასეთები მოგონილია წმიდა მამებისაგან, რათა უფრო ადვილი გამხდარიყო გონების მოკრება და მისი ჩვენს შიგნით მიმართვა. ყურადღებითა და გონების შემოკრების მცდელობით ჩვენ ვსწავლობთ სუფთად გონებით გულში ლოცვას.
უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ეს ხერხი სხეულის მდგომარეობაზე შედგენილია თავისებური წესებით და ითვლება საჭიროდ, სანამ არ ვისწავლით სუფთა ლოცვას გულში როცა ღვთის მადლითა და წყალობით მიაღწევ ამას, მაშინ დასტოვებ მრავალ და სხვადასხვა საქმეებს და იქნები შეერთებული ღმერთთან მუდმივი და სუფთა გულისმიერი ლოცვით და აღარ იქნება საჭირო ის წესები.

თუ გინდა, რომ საქმით გამოსცადო ცხოვრება ქრისტეში, იჩქარე მიაღწიო გულში სუფთა გონებით ლოცვას, რამეთუ ამ სახით მიაღწევ შენ ჭაბუკის ასაკიდან “მამაკაცად სრულად საზომად ჰასაკისა სავსებისა მის ქრისტესისა”. არ დაგავიწყდეს, რომ როცა გამოჩნდება სურვილი სუფთა ლოცვისა, არავითარ შემთხვევაში არ შებღალო ის შენი ლოცვის მიერი სიტყვებით, როგორც გვასწავლის ფილიმონი: ღამე იქნება თუ დღე, როცა უფალი მოგმადლის სუფთა ლოცვას, მიატოვე მაშინ ყოველგვარი ლოცვის წესები და შეეცადე რაც ძალა გაქვს მიეკრა უფალს და ის განანათლებს შენს გულს სულიერი საქმეებით.
როცა მიაღწევ გულში უწყვეტ ლოცვას, მაშინ როგორც ამბობს ისააკ ასური, მიაღწიე შენ ყოველგვარი სათნოებების დასასრულს და გახდი სულიწმიდის ჭურჭელი, მაშინ აღარ დაცხრება ლოცვა, ზიხარ და დადიხარ, ჭამ და სვამ ან სხვა რამეს აკეთებ, ღრმა ძილშიც კი გულიდან ძალდაუტანებლად ამოდის ლოცვა, კიდეც რომ შეჩერდეს ძილში, სიღრმეში მაინც იმოქმედებს და არ შეწყდება.

ისიხი, იერუსალიმელი პრესვიტერი
1. ყურადღება არის გულის მუდმივი სიწყნარე, თავისუფალი ყოველგვარი აზროვნებისაგან, რომლის დროს ის არის შეერთებული იესოსთან, ღვთის ძესთან და შეუწყვეტლად მისით სუნთქავს, მისით იგერიებს მტრებს და აღუარებს ცოდვებს მას, ვისაც მისი მოტევების ძალაუფლება აქვს.

2. სიფხიზლე არის გონების გულის კარებთან მტკიცე დგომა ისე, რომ ხედავდეს როგორ მოდიან უცხო აზრები, როგორც ქურდები, ესმის როგორ ლაპარაკობენ ისინი და რას აკეთებენ ეს მახრჩობელა დემონები, როგორ გამოსახავენ სხეულებს, რათა გონება გაიტყუონ ოცნებებში. თუკი შევეცდებით ასეთ სიფხიზლეში ყოფნას, ვისწავლით გონების დაცვის ხელოვნებას.

3. ასეთია სიფხიზლის სახეები: პირველი არის თვალყურის დევნება ოცნებებზე და ყოველგვარ შემოთავაზებულზე. მეორე – გვქონდეს გული მდუმარე, ყოველგვარი აზრისაგან თავისუფალი და ლოცულობდეს. მესამე – გამუდმებით ვუხმობდეთ უფალ იესო ქრისტეს სიმდაბლით. მეოთხე – გვქონდეს გულში სიკვდილის მუდმივი ხსოვნა. მეხუთე და ყველაზე მოქმედი – ვუყუროთ მხოლოდ ზეციურს და არა ამქვეყნიურს.

4. ადამიანი, რომელმაც შეაღწია თავის შინაგან არსებაში, სამგვარ საქმეს უნდა აქცევდეს ყურადღებას: სიმდაბლეს, უკიდურეს ყურადღებას, უცხო ფიქრებზე წინააღმდეგობას და ლოცვას. სიმდაბლეს იმიტომ, რომ ჩვენ წინააღმდგომად გვყავს ამპარტავანი სულები. ყოველთვის გვქონდეს გულში ქრისტესადმი სასოება, რამეთუ უფალს არ უყვარს ამპარტავანნი. ყურადღებას იმიტომ, რომ გული მუდამ თავისუფალი გვქონდეს ყოველგვარი უცხო აზრისაგან, თუნდაც კეთილად გვეჩვენებოდეს ის. წინააღდგომა იმიტომ, რომ როგორც კი გონება განჭვრეტს, თუ ვინ არიან მოსულნი, მაშინვე ზიზღით დაუპირისპირდეს მათ, როგორც ნათქვამია „და მიუგო მაყვედრებელთა ჩემთა სიტყვა, რამეთუ მე სიტყვასა შენსა ვესავ“. ლოცვა იმიტომ რომ წინააღდგომის შემდეგ გულის სიღრმიდან შევღაღადოთ ქრისტეს საშველად და მაშინ თვით დავინახაეთ როგორ გაიფანტება მტერი სათაყვანებელი იესოს სახელით, თავისი ოცნებებით როგორც მტვერი ქარისაგან, და როგორც ბოლი გაქრება.

5. ვისაც არა აქვს აზრებისაგან სუფთა ლოცვა, მას არა აქვს იარაღი თავდასაცავად. ლოცვას ვამბობ ისეთს, რომელიც შეუწყვეტლად მოქმედებს ჩვენს სულიერ საგანძურში და უფლის სახელის მოწოდებით ანადგურებს და ფანტავს მტერს.

6. საჭიროა რომ გამჭოლი დაძაბული მზერით იხედებოდე შენს შინაგან სამყაროში, რათა იცნო შემომავალნი. როგორც კი მიხვდები, მაშინვე წინააღმდგომით შემუსრე გველის თავი. და მთელი სულთქმით შეჰღაღადე უფალს. მაშინ ისწავლი, როგორ მეიძლება მივიღოთ შეწევნა უფლისაგან.

7. თუკი ბრძნული სიმდაბლით, სიკვდილის ხსოვნით, თვითგვემით, აზრებზე წინააღდგომით და იესო ქრისტეს სახელის მოწოდებით იმყოფები შენს გულში და ასე შეიარაღებული ყოველთვის დადიხარ გონიერების გზაზე – ვიწროზე, მაგრამ მხიარულსა და ტკბილზე, მაშინ შეხვალ წმიდათა-წმიდათაში და განათლდები ქრისტეს ღრმა საიდუმლოებებით “რომელსა შინა არიან ყოველნი საუნჯენი სიბრძნისანი და მეცნიერებისანი დაფარულნი”. იესო ქრისტეში მიხვდები, რომ შენს სულში სულიწმიდა შემოვიდა, რომელიც განანათლებს ადამიანს, რათა სახეგახსნილმა უყურო ღვთის დიდებას.

8. ეშმაკი, ვითარცა ლომი მყვირალი, მიმოვალს და ეძიებს ვინმცა შთანთქა. არ შეგვიწყდება ჩვენ გულისხმიერი ყურადღება, სიფხიზლე, აზრებზე წინააღდგომა და ლოცვა იესო ქრისტეს მიმართ, რადგან უკეთესი შეწევნა, ვიდრე იმისა, რომელიც იესოსაგან არის, არ შეიძლება ინახოს სადმე იმიტომ, რომ მხოლოდ ის არის უფალი და როგორც ღმერთმა, მან იცის დემონების ხრიკები.

9. როგორც მარილისაგან გემრიელია პური და ყოველი საჭმელი და ის იცავს ხორცს გახრწნისაგან და იმარხავს დიდხანს, ასევე წარმოისახე გონების დაცვა და შინაგანი საქმე, რამეთუ ის ღვთაებრივად ატკბობს ადამიანის შინაგან და გარეგან არსებას, განდევნის ბოროტ აზრებს და გვინარჩუნებს ჩვენ სიკეთეში ყოფნას.

10. როგორი სიფხიზლითაც დაიცავ გონებას, ისეთი თბილი სურვილით ილოცებ იესოზე, და როგორ მოუფრთხილებლადაც იცავ გონებას, იმდენად განეშორები იესოსაგან. ე.ი. პირველი კარგად განწმენდს გონებას, ხოლო უკანასკნელი პირიქით. ე.ი. სიფხიზლისაგან გადახვევა და იესოს სახელის მოწოდების დავიწყება ყოველთვის სრულად აბინძურებს მას.

11. შეუწყვეტელ და თბილ სიტკბოთი და სიხარულით სავსე იესოს ლოცვას მოჰყვება გულის სივრცის ავსება მხიარული სიწყნარით, მისი მთლიანად განწმენდელი არის უფალი იესო ქრისტე, ძე ღვთისა და თავად ღმერთი, ყოველივე კეთილის მოქმედი, რამეთუ თვით მან თქვა: “მე ვარ უფალი ყოვლის შემოქმედი”.

12. იესო ქრისტეს მარადიული ხსოვნა და მასზე ლოცვა ჰბადებს რაღაც ღვთაებრივ მდგომარეობას, თუ მუდამ გვექნება გონებაში მასზე ვედრება შეუწყვეტელი სიფხიზლით, როგორც აუცილებელი საქმე. და მართლაც მხოლოდ ერთი და ერთგვარი საქმე უნდა შევასრულოდ ყოველთვის, რაც არის უფალი იესო ქრისტეს სახელის მოწოდება. მხურვალე გულით შევღაღადოთ მას და შეგვეწევა ჩვენ, რათა ვიგემოთ მისი სახელი. რამეთუ ხშირი ვარჯიშის მიერი გამოცდილება მტკიცეა როგორც ბუნებრივი. ასეთ მდგომარეობას მიღწეული გონება უკვე თავად ეძებს თავის მტრებს, როგორც მონადირე ძაღლი კურდღელს ბუჩქებში, მაგრამ ის ეძებს იმისთვის, რათა შეჭამოს, ხოლო პირველი რათა განდევნოს და გაანადგუროს.

13. გამოცდილი დავითი ეუბნგრა უფალს: “ღმერთი ჩემი, მწე ჩემდა არს, რამეთუ წყალობამან მისმან იმსთოს ჩემდამო”. ასევე ღვთის წყალობაზეა დამოკიდებული ჩვენს გულში გონებრივი სიმყუდროვის ფლობა, რომელიც ჰბადებს ყველა სათნოებებს. არ უნდა მივეცეთ ძილს ჩვენი თავის დასაღუპავად, რამეთუ დავიწყება არღვევს სიმყუდროვეს, როგორც წყალი აქრობს ცეცხლს. არამედ იესოს სახელით უნდა ვსცემდეთ მტერს, დაე ეს ტკბილი სახელი მაეკროს შენს სუნთქვას და მაშინ გაიგებ სიმყუდროვის სიკეთეს.

14. როცა ჩვენ შიშითა და ძრწოლით ვემზადებით ქრისტეს საიდუმლოებებთან ზიარებისათვის, მაშინ მეტი გვმართებს სიფხიზლე და გონების დაცვა მკაცრი ყურადღებით და მაშინ ეს ღვთაებრივი ცეცხლი ე.ი. უფალი იესო ქრისტეს სისხლი და ხორცი გაანადგურებს ჩვენს ცოდვებს, დიდსა თუ პატარა ვნებათაღელვებს, რამეთუ ჩვენმი შემოსვლისას ის მაშინვე განდევნის ჩვენი გულისაგან საძაგელ ბოროტ სულებს და მოგვიტევებს ჩვენ ძველ ცოდვებს, გონება მაშინ რჩება თავისუფალი და წყნარი მზაკვარი აზრებისაგან. თუკი ამის შემდეგ გულის კარებთას დგომით დაიცავ შენს გონებას მაშინ, როდესაც ისევ მოინდომებ შენ წმიდა საიდუმლოებებთან ზიარებას, ღვთაებრივი სხეული უფრო და უფრო განანათლებს გონებას და განაბრწყინებს.

15. უნდა ვისწრაფოდეთ ყველაფერი ძვირფასის შესანარჩუნებლად, ხოლო ყველაზე ძვირფასი ჭეშმარიტად არის ის, რაც ჩვენ გვიცავს ბოროტისაგან, როგორც გრძნობის მიერ, ასევე აზრობრივად. ასეთი არის გონების დაცვა იესო ქრისტეს ლოცვით, ყოველთვის ვიცქირებოდეთ გულის სიღრმეში და მარად მშვიდი გონება გვქონდეს, რათა მომხიბლავი აზრებისაგან დავიცვათ თავი, მასთან ერთად ქურდი რომ არ შემოგვეპაროს.

16. როგორც წვიმის წინ ელვა სერავს ცას, ასევე იესო ქრისტეს სახელი უნდა მოძრაობდეს ჩეენს გულში. ეს კარგად უწყიან მათ, ვისაც აქვს შინაგანი ბრძოლის გამოცდილება. ეს შინაგანი ბრძოლა უნდა წარვმართოთ ისე, როგორც ამას აკეთებენ ჩვეულებრივი მებრძოლები. პირველი საქმეა ყურადღება, შემდეგ როდესაც შევნიშნავთ რომ მოგვიახლოვდა მტრული აზრი, მაშინ ზიზღით შევამთხვევთ მას წყევლის სიტყვას გულიდან, შემდეგ საჭიროა ლოცვა მის წინააღმდეგ იესო ქრისტესადმი გულის მიმართვით, და განიბნევა მაშინვე დემონის ეს გამოვლინება, რომ გონება არ გამოეკიდოს მის ოცნებებს უკან, როგორც პატარა ბავშვი ხელოვანი თვალთმაქცისაგან მოხიბლული.

17. აი სიმყუდროვის ხილული ნაყოფი, ცოდვები რომლებიც გონებას აზრებით უკაკუნებენ, რათა თუკი მიიღებენ მათ გულში, ბოროტ ცოდვებად იქცნენ, ისინი მოიკვეთებიან სათნოებით რომელსაც სიფხიზლე ჰქვია, რომელიც ხელს უშლის ბოროტის ჩვენში შემოსვლას იესო ქრისტეს სახელითა და შეწევნით.

18. როგორც ვრცელი პურის ყანა იძლევა ბარაქიან მოსავალს, ასევე იესოს ლოცვა გამოიღებს გულში ყოველგვარი სიკეთის ნაკოფს, ანუ უფრო სწორედ თვით უფალი მოგვცემს მას, რომლის გარეშე ჩვენ არაფერი შეგვიძლია. თავიდან ეს მოგვეჩვენება კიბედ შემდეგ კი წიგნად, რომელსაც კითხულობ და უფრო და უფრო დაინახავ ზეციურ იერუსალიმს, ქალაქად უფლისა ძალთასა, თანა მამით და ყოვლადწიდა სულითურთ.

19. სულს, რომელიც ზეციურ კარიბჭესთან აღფრინდა, იქაც არ შერცხვება თავისი მტრებისაგან თუ ქრისტეზე ექნება სასოება, რამდენიც არ უნდა იბღავლონ მხეცებივით მათ. იმიტომ, რომ სიკვდილის დღემდე არ სცხრებოდა დღე და ღამე უფალი იესო ქრისტეს სახელის მოწოდებისაგან და ისიც შეწევნას მალე მომადლებს ღვთაებრივი აღთქმის მსგავსად, რომელიც თქვა უსამართლო მოსამართლეზე: “ჰე გეუბნებით, შურს იძიებს მათთვის მალე” ამქვეყნიურ ცხოვრებაში და მის შემდეგაც.

20. თუკი დაიწყე გონებრივი ყურადღებით ცხოვრება, სიფხიზლეს შეუთავსე სიმდაბლე და ლოცვა, მაშინ კეთილად ივლი გონებრივი გზით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, როგორც სინათლის შუქზე. როგორც კი მარტო ერთზე, ყურადღებაზე, ან სიფხიზლეზე დაეყრდნობი, მაშინვე იგემებ მტრებისაგან დარტყმას და დაგიწყებენ ისინი ყველაფრისაგან განძარცვას და უფრო და უფრო გაეხვევი ბოროტი სურვილების ბადეში. ან სრულ მარადიულ წყევლას დაიმკვიდრებს ის, თუ არ ექნება ყოველისმემძლე ხმალი, რომელიც არის იესო ქრისტეს სახელი. რამეთუ მხოლოდ ის წმიდა ხმალი, მუდამ მბრუნავი, არის შემძლებელი გაანადგუროს და შეჭამოს ყოველივე გულში წარმოსახული, როგორც ცეცხლი ჭამს თივას.

21. უნყვეტი სიფხიზლით მოღვაწეობა სულისათვის სასარგერლოა და ნაყოფიერი, როცა ის ადევნებს თვალყურს წარმოსახულ ოცნებებსა და აზრებს. წინააღდგომა ამხილებს და განაშიშვლებს ყოველ აზრს, რომელიც გონების წიაღში შესვლას შეეცდება რაიმე მგრძნობიარე სახის მიღებით. ასევე მაშინვე აქრობს და განაბნევს მონინააღმდეგის ყოველგვარ კერპს და ყოველგვარი ბოროტების სვეტს უფლის სახელის მოწოდება. და ჩვენ ვხედავთ როგორ მარჯვედ ანადგურებს მათ ჩვენს გონებაში იესო ქრისტე, ჩვენი დიდი მეუფე და როგორ გვიცავს ჩვენ მდაბალთ, უსუსურთ და ყოვლად უხმართ.

22. როგორც გემი ვერ გაცურავს წყლის გარეშე, ასევე შეუძლებელია გონების დაცვა სიფხიზლისა და სიმდაბლის, მარად უფლის სახელის ხსენების გარეშე.

23. განუწყვეტელი გონებრივი ლოცვის შედეგად ჩვენში სივრცე იწმიდება მღვრიე ღრუბლებისაგან და ბოროტ სულთა ქარებისაგან. ხოლო როცა გულის სივრცე სუფთაა, მაშინ არაფერი უშლის, რომ მასში იესოს ღვთაებრივმა შუქმა იბრწყინოს. ეს კი მაშინ ხდება, როცა ჩვენ არ ავმაღლდებით ზვაობით და ეჭვით, რითაც ვერ მივუახლოვდებით მიზანს და იესოს შეწევნასაც ვერ ვიგრძნობთ, რადგან ქრისტეს ასეთები სძულს. ამიტომ უნდა ვიყოთ მდაბალნი.

24. როგორც ჰაერში ვერ გამოვწერთ ასოებს, არამედ საჭიროა მყარი სხეული, რათა მალე არ წაიშალოს სიტყვები, ასევე უკიდურესი სიფხიზლით უნდა შევასრულოთ იესოს ლოცვა, რათა სიფხიზლე, ეს მშვენიერი სათნოება, უფალთან იყოს შეერთებული ჩვენში და მისით წარუშლელად აღიბეჭდოს ჩვენში საუკუნოდ.

25. გონების დაცვა ღვთის შეწევნით და მხოლოდ ღვთისათვის მოქმედი, მოჰგვრის გონებას სიბრძნეს ღმერთში გმირობების ჩასადენად, ასევე ის შეეწევა განსჯას, რათა უკეთესად მოაწყოს სიტყვა და საქმე.

26. ნამდვილად ნეტარია ის, ვინც გონებით მიეკრო იესოს ლოცვას თავის გულში, შეუწყვეტელი ღაღადებით მის მიმართ, როგორც ჰაერი ეკრობა სხეულს ან ალი სანთელს. მიწის ზემოთ მზე წარმოქმნის დღეს, ხოლო სულში იესო ქრისტეს ელვარე ნათელი (სახელი) ჰბადებს ურიცხვ მჭვრეტელ აზრებს.

27. როცა ღრუბლები იფანტება, სივრცე სუფთა მოჩანს; ხოლო როცა სიმართლის მზით იესო ქრისტეთი გაიფანტება ვნებიანი ოცნებები, მაშინ გულში იბადება შუქმჭვრეტი და ვარსკვლავთმჭვრეტი აზრები და ეს იმიტომ, რომ იესო ქრისტემ გაანათა გულის სივრცე.

 ფილოთეოს სინელი
1. მოღვაწეს შეჰფერის რათა თავის მიზანს მთელი გონებით შეუდგეს. როგორც მარგალიტი ანუ ძვირფასი ქვა, ასევე დაიუნჯოს გულში ღვთის ხსოვნა. ამისთვის საჭიროა საკუთარი სხეულის უარყოფა, და ჭვრეტა ნამდვილი ცხოვრებისა, რომ მხოლოდ ღვთისათვის იყოს ადგილი მის გულში.

2. დილიდანვე ვაჟკაცურად და სიფხიზლით ვიდგეთ გულის კარებთან, მტკიცე ღვთის ხსოვნით და უწყვეტი იესო ქრისტეს ლოცვით სულში და ასე გონებრივი თავდაცვით გავანადგუროთ ყოველი მიწიერი ცოდვანი, ე.ი. მტკიცე, გაძლიერებული და აღტაცებული ღვთის ხსოვნით და უწყვეტი იესო ქრისტეს ლოცვით სულში, განვგმიროთ ძლიერთა თავები და ჩვენზე აღმდგარი აზრების ბრძოლები ღვთის გულისათვის.

3. სიფხიზლე სამართლიანად იწოდება გზად, რამეთუ მას მივყავართ სასუფეველში, რომელიც ჩვენშია და რომელიც მომავალში გველის. იგი აგრეთვე იწოდება გონებრივ სახელოსნოდ იმიტომ, რომ გამოყოფს და განწმედს სულიერ ხასიათებს და ვნებიანს გადააკეთებს უვნებოდ. ის კიდევ ჰგავს ნათელ სარკმელს, რომლიდანაც ღმერთი გვეცხადება ჩვენ.

4. სადაც სიმდაბლეა, ღვთის ხსოვნა სიფხიზლით და ყურადღებით და ხშირი ლოცვა მტრის წინააღმდეგ მიმართული, იქ არის ღმერთი ანუ გულისხმიერი ცა, რომელშიც მტრის ძალებს არ შეუძლიათ შესვლა, რადგან იქ ღმერთი განისვენებს.

5. პირველი კარები, რომელსაც ახალ იერუსალიმში შევყავართ, გონების ყურადღებაა და ბაგეების მოთმინებით მდუმარება, როცა გონება ჯერ კიდევ არ არის დამშვიდებული. მეორე, ზომიერი თავშეკავება, ჭამა-სმასა და ძილში. მესამე გონებისა და სხეულის განმწმენდელი, უწყვეტი ხსოვნა და ფიქრი სიკვდილზე. მეოთხე ღვთის ხსოვნის სიტკბო. გულისმიერი ზიზღი (ყოველივე ცოდვისმიერისადმი) ყოველთვის ანადგურებს ყოველგვარ მასზე აღმდგარ აზრებს, სხვადასხვაგვარ შთაგონებებს, სიტყვასა და ოცნებას, გამოსახულებებს და ყველაფერს, რითაც იარაღდება ყოვლის მომსვრელი მტერი, რომელიც დასაღუპავად ეძებს ჩვენს სულებს. იესო, რომელსაც ჩენ მოვუწოდებთ, მათ ადვილად ფერფლავს და ანადგურებს, რამეთუ სხვაში არავისში არ გვაქვს ჩვენ შველა გარდა იესო ქრისტესა. სწორედ ეს გვითხრა მაცხოვარმა მეტყველმა: “ჩემს გარეშე არ შეგიძლიათ ქმნა არც ერთი”.

6. ყოველ დროს, ყოველ წამს დაიცავი გული აზრებისაგან, რომელნიც არიან სულიერი სარკის დამლაქავებელნი, რაზედაც მხოლოდ იესო ქრისტე უნდა გამოისახებოდეს, რომელიც არის სიბრძნე მამა ღმერთისა მუდამ უნდა ვეძებოთ ჩვენში ცათა სასუფეველი და აუცილებლად მოვიპოვებთ მას საიდუმლოდ გონების თვალების განნმენდით. ამისათვის თქვა უფალმა: “ცათა სასუფეველი ღმრთისა შორის თქვენსა არს”, გულისხმობდა რა გულში ღვთაების არსებობას.

7. შინაგანი ბრძოლის დროს ასე მოიქეცი: სიფხიზლით ილოცე და სიფხიზლე გააძლიერებს ლოცვას და ლოცვა სიფხიზლეს. სიფხიზლე, რომელიც შეუწყვეტლად დაჰყურებს ყველაფერს ჩვენში, ხედავს მტრებს, რომლებიც შიგ შემოსვლას ცდილობენ და გზას უღობავს მათ თავისი ძალით და თან მოუწოდებს საშველად უფალ იესო ქრისტეს, რათა მან განდევნოს ეს მზაკვარი მომხდურნი. ამავე დროს ყურადღება ახშობს შესასვლელს წინააღდგომით, ხოლო მოწოდებული იესო განდევნის დემონებს თავიანთი ოცნებებითურთ.

8. ყურადღების უკიდურესი დაძაბვით დაიცავი შენი გონება. როგორც კი შენიშნავ მტრულ აზრს, მაშინვე წინ აღუდექი მას და ამასთან ერთად ეჩქარე უფალი იესო ქრისტეს სახელის მოწოდებას დასახმარებლად. ხოლო ტკბილი იესო შენს ნათქვამზე გიპასუხებს: აი მე შენთან ვარ რათა მოგეშველო, მაგრამ შენ, მას შემდეგ როცა ლოცვით დაამდაბლებ მტრებს, ისევ გააგრძელე გონების დაცვა და აი ისევ ახალი ტალღები წინანდელზე უფრო ბევრი, ერთი მეორეზე მომავალი ისე, რომ თითქოს სული უკვე იძირება და სადაცაა დაიღუპება. მაგრამ იესო, რომელიც მოწაფეებმა გააღვიძეს, როგორც ღმერთი შეჰრისხავს ბოროტ ქარებს და ისინი წყნარდებიან. შენ კი მტრების თავდასხმისაგან გადარჩენილმა ადიდე შენი მშველელი და ჩაღრმავდი სიკვდილზე ფიქრში.

9. მთელი გულითადი ყურადღებით, სულიერი გრძნობით იარე ლოცვის გზაზე და მუდმივი ასეთი საქმიანობით გადაიქცევა ის ცეცხლოვან ბორბლად, რომელსაც ცაში აჰყავს მისი მოქმედი. მას, რომელიც განმტკიცდა სიფხიზლეში, სუფთა გული გადაექცევა სულიერ ცად თავისი მზით, მთვარითა და ვარსკვლავებით, ასეთი გადაიქცევა დაუტევნელი ღმრთის დამტევნელად, მის საიდუმლოთა მხედველად და აღმტაცებლად. თეოლიპტე მიტროპოლიტი

1. მზის ჩასვლა იწვევს ღამეს და როდესაც ქრისტე სცილდება სულს, მაშინ მას ჰფარავს ვნებების ღრუბელი და მოაზროვნე მხეცები იწყებენ მის გლეჯას. მზის ამოსვლისას ნადირები იმალებიან თავიანთ ხვრელებში, ხოლო მტკიცედ მლოცველ გონებაში გამობრწყინდება ქრისტე და სამყარო თავის წესებს უბრუნდება, გონება გამოდის თავისი საქმისათვის ე.ი. საღამომდე საღვთო სწავლისათვის.

2. თავი შეიკავე ხილული საქმეებისაგან, საუბრებისაგან და ებრძოლე შინაგან აზრებს, სანამ არ მოიპოვებ სუფთა ლოცვას – სახლს, სადაც ქრისტე ცხოვრობს, რომელიც განგანათლებს და ნეტარებას მოგგვრის თავისი მოკითხვით და გამოცხადებით.

3. თოვლზე აღბეჭდილი ნაფეხური ან მზისაგან დადნება ან წყალი შეუდგება და გაქრება. ასევე ნადგურდება ჩვენს გულში ხსოვნა წარსული ხორცის დამატკბობელი საქმეებისა, ჩვენში გაბრწყინებული ქრისტეს მადლით და სინანულის ცრემლთა წვიმით.

4. გონივრულად შესრულებული ხშირი მხურვალე ლოცვები გვავიწყებს წარსულ საქმეებს. სულის განათლება ღვთის ხსოვნით და შემუსვრილი გულით ანადგურებს უკეთურ ხსოვნებს.

5. გარეგნულად განმარტოებულმა შეეცადე შეაღწიო შენს შინაგან ციხესიმაგრეში, რომელიც არის ქრისტეს სახლი, სადაც მუდამ მშვიდობა, მხიარულება და სიწყნარეა. სულიერი მზე – ქრისტე სხვადასხვა ნიჭებს, როგორც სხივებს, ჩვენსკენ აგზავნის, აწვდის სულს, რომელიც მას რწმენითა და სათნოებით ღებულობს.

6. ღვთის ხსენებაში განმარტოებით მჯდომარემ, გონება განათავისუფლე ყველაფრისაგან და ერთი ღვთისაკენ ისწრაფე, მის წინაშე ღვარე ცრემლი და გამოთქვი გულიდან ყველაფერი და მიეკარი მას სიყვარულით. უფლის ხსოვნა არის გონივრული ჭვრეტა ღვთისა, რომელიც მიიზიდავს ხედვასა და გონების სურვილს. ღვთისაკენ მიქცეული გონება, მას შემდეგ რაც წარმოუდგება მას ყოველგეარი წარმოსახვები არსებული სხეულებისა, ჭვრეტს ღმერთს უჩინრად.

7. ლოცვა არის გონებრივი საუბარი ღმერთთან ლოცვითი სიტყვების გამოთქმითა და თანადროული სწრაფვით გონებით ღვთისაკენ. როცა აზრი ხშირად გამოთქვამს უფლის სახელს და გონება ცხადად უყურებს (აყურადებს) ღვთის სახელის მოწოდებას, მაშინ ღვთაებრივი ნათელი, როგორც მბრწყინავი ღრუბელი, ანათებს მთელს სულს.

8. მერწმუნე, ჭეშმარიტად გეუბნები, თუკი შენ ყოველგვარი საქმიანობისას გექნება მოუკლებელი ლოცვა, რომელიც არის დედა ყოველგვარი სათნოებისა, ის არ შეგარცხვენს და გაგიხსნის ბჭეს სასახლეში შემავალს და მოგცემს გამოუთქმელ დიდებას და მხიარულებას ის გადალახავს ყოველგვარ წინააღმდეგობას სათნოებების შეძენის გზაზე და გახდის მას სასურველად მძებნელისათვის.

9. გონებრივი გზით მავალმა იკითხე ლოცვითი სიტყვები და ისაუბრე უფალთან მთელი გულით მღაღადებელი, მოუკლებლად მლოცველი მოურიდებელი ქვრივის მსგავსად, რომელიც ევედრებოდა გულქვა მოსამართლეს. მაშინ შენ სულიერად დადიხარ და ხორცის შფოთვას ყურადღებას არ აქცევ, ქვეყნიური აზრებით არ ჰკვეთ ლოცვის უწყვეტობას და იქცევი ღვთის ტაძრად, სადაც წყნარად უგალობენ უფალს. ასევე გონებრივი ლოცვით დაეჩვევი ღვთის უწყვეტ ხსენებას, შეხვალ შეუღწეველ გონების საგანძურში, საიდუმლო ხილვებით განჭვრეტ უხილავს, მხოლოდ ღვთისთვის მსახურებით და მხოლოდ შენთვის ცნობილი უსაზღვრო სიყვარულის განცდით. ბარსანოფი და იოანე
1. ღვთის სახელის მოწოდებით მტრები სუსტდებიან, ხოლო ამის მცოდნენი არ დავსცხრებით, რათა მივიღოთ შეწევნა ღვთისაგან. ეს არის ლოცვა. წმიდა წერილი კი ამბობს: „მოუკლებლად ილოცვიდეთ“.

2. გახსოვდეს, რომ ღმერთი გულთამხილავია, გულს უყურებს და მოუწოდე მას შენს გულში. ამაზე წმიდა წერილში ნათქვამია: “დახურე კარები შენი და ილოცე მამისა შენისა მიმართ დაფარულად”. მოკუმე ბაგეები და ილოცე მასზე შენს გულში, რამეთუ ვინც ბაგეებს დახურავს და ლოცულობს ღმერთზე თავის გულში, ის აღასრულებს აღნიშნულ მცნებას.

3. შენი გულისმიერი შრომა უნდა მდგომარეობდეს მოუკლებელ ლოცვაში. თუ გინდა ამას მიაღწიო, დაუდე სათავე ამ შრომას, ევედრე ღმერთს და იგი გაკურთხებს შენ ამ მიზნის მისაღწევად.

4. უფლის სახელის მოწოდება არის მკურნალობა, რომელიც კლავს არა მარტო ვნებებს, არამედ თვით მათ მცირე შემოქმედებასაც. როგორც ექიმი გამოიკვლევს და მკურნალობს, ან სახვევს ადებს ჭრილობაზე ავადმყოფს და ის კურნავს მას, თუმცა ავადმყოფმა არ იცის ეს როგორ ხდება, ასევე ჩვენგან მოწოდებული უფლის სახელი მოაკვდინებს ვნებებს, თუმცა კი არ ვიცით ყოველივე როგორ ხდება.

5. უფალმა თქვა: „ითხოვეთ და მოგეცემათ“. ევედრე ყოვლად კეთილ უფალს და გამოგიგზავნის შენ სულიწმიდას მანუგეშებლად და როცა ის მოვა, გასწავლის ყველაფერს და გადაგიშლის ყველა საიდუმლოებებს. ის იყოლიე შენ მეგზურად და არ დაუშვებს გულში ხიბლსა და გონებაგაფანტულობას, არ შეუშვებს გონებაში მოწყინებას, სიზარმაცესა და თვლემას; თვალებს დაგიწმენდს, გულს გაგიმაგრებს, გონებას აღგიმაღლებს. მას ერწმუნე, მას მიეკარი, მხოლოდ ის შეიყვარე.

6. როცა ხედავ, რომ მტრის ეშმაკობა გიშლის ლოცვას, არ შეეწინააღმდეგო სხვაგვარად, შეეცადე მოუწოდო უფალს, ის შეგეწევა და გაანადგურებს მტრის მზაკვრობას.

7. სრულყოფილი ლოცვა არის საუბარი ღმერთთან გონების გაუფანტავად ყველა აზრისა და გონების მოკრებით. ადამიანი ასეთ მდგომარეობაში შედის, როცა მოკვდება ყველასათვის, ამ ქვეყნისათვის და ყველაფრისათვის, რაც მათში იმყოფება. ასეთი ლოცვის დროს არაფერი აქვს გონებაში გარდა იმისა, რომ ის დგას ღვთის წინაშე და მას ესაუბრება. აბბა ფილიმონი

1. ამბობდნენ აბბა ფილიმონ განშორებულზე, რომ შეიმწყვდია თავი ერთ გამოქვაბულში, რომელიც არც ისე შორს იყო მონასტრიდან, რომელსაც ეწოდებოდა რომიევ და მიეცა მოღვაწეობრიე ბრძოლას. გონებაში იმეორებდა იგივეს, რასაც როგორც გადმოგვცემენ, ეუბნებოდა საკუთარ თავს არსენი დიდი – ფილიმონ, რატომ მოდი შენ. აქ საკმაოდ დიდხანს დაჰყო გამოქვაბულში. საქმედ ჰქონდა თოკი საგრეხად და კალათების წვნა, რომელსაც ის ეკონომოსს გადასცემდა, ხოლო მისგან ღებულობდა ცოტაოდენ პურს, რომლითაც იკვებებოდა ის არაფერს ჭამდა პურისა და მარილის გარდა, ისიც არა ყოველდღე. სხეულზე არავითარი ზრუნვა არ ჰქონდა, ხოლო ჭვრეტაში მყოფი იყო ღვთაებრივ ნათელში და ღებულობდა მისგან საიდუმლოთა ხილვას და იმყოფებოდა სულიერ ზრდაში. შაბათ-კვირას ის ეკლესიაში მიდიოდა მარტო, თავის თავში ჩაღრმავებული და არავის იკარებდა ახლოს, რათა გონება არ მოცდენილიყო თავისი საქმიანობისაგან, ხოლო ეკლესიაში, კუთხეში მდგარი, მიეყრდნობოდა სახით სვეტს და ცრემლებს ღვრიდა, ხოლო გონებაში ჰქონდა მუდმივი გულისმიერი ხსოვნა და სახე წმ. მამებისა, განსაკუთრებით არსენი დიდისა, რომლის ნაკვალევზე სვლასაც ცდილობდა.

2. როცა ალექსანდრიაში და მის შემოგარენში გამოჩნდა მწვალებლობა, ის განეშორა აქედან და წავიდა ნიკანორის ლავრაში. ის მიიღო ღვთისმოყვარე პავლინმა და დაუთმო მას თავისი განმარტოებული ადგილი, მოუწყო მას სრული მყუდროება მთელი წლის განმავლობაში არავის არ უშვებდა მასთან და თავადაც ხშირად არ აწუხებდა, არამედ მხოლოდ მაშინ, როცა პური მიჰქონდა. როდესაც ქრისტეს წმიდა კვირიაკე დადგა, მათ მოუხდათ საუბარი და სიტყვა შეეხო მეუდაბნოე ცხოვრებას. მაშინ მიხვდა ფილიმონი, რომ ეს ღვთისმოყვარე ძმაც ასევე ემზადებოდა დაყუდებისათვის და მდიდრად დასთესა მოღვაწეობრივი სიტყვები, დაწერილი, თუ დაუნერელი. ყოველგვარად აჩვენებდა, რომ სრული განმარტოების გარეშე შეუძლებელია სათნო ყოფა ღვთისა, როგორც ბრძნულად მეტყველებს მოსე: “მდუმარება შობს გმირობას, გმირობა შობს ტირილს, ტირილი – შიშს, შიში – სიმდაბლეს, სიმდაბლე – გონიერებას, გონიერება – სიყვარულს, ხოლო სიყვარული – სულს გამოაჯანმრთელებს და ხდის უვნებელს და მაშინ ხედავს ადამიანი, რომ შორს არ არის ღვთისაგან.

3. ფილიმონი ეუბნებოდა მას: შენ გჭირდება, რათა დაყუდებით მთლიანად განიწმინდო გონება და მისცე მას მოუკლებელი სულიერი საქმე. როგორც თვალი რაიმე ხილულისაკენ მიმართული ჭვრეტს მას, ასევე სუფთა გონება აზრობრივად მიმართული აღტაცბულია სულიერი ჭვრეტით ისე, რომ ვერაფრით მოსწყვეტ მისგან და რამდენადაც სიმყუდროვით განიწმინდება ვნებებისაგან, იმდენად მატულობს სულიერი ხილვები, ხოლო სრულყოფილი გონება ხდება მაშინ, როცა იგემებს არსებულ ხილვებს და შეუერთდება ღმერთს. მაშინ მას მეფური ღირსება უჩნდება და აღარ გრძნობს სიგლახაკეს და არ მიიქცევა ახირებული სურვილებისაკენ, თუნდაც რომ შეპირდეს მას მთელ სამეფოს. მაშინ, თუკი გინდა მიაღწიო ასეთ სიკეთეს, გაიქეცი ამ ქვეყნიდან და მთელი გულით დაადექი წმიდათა გზას, დაუტევე ზრუნვა შენს გარეგნულ შესახედაობაზე. ჩასაცმელად გქონდეს გლახაკური მდაბალი შესამოსი. უბრალო ქცევა დაიჭირე, უმზაკვრო ხასიათი გქონდეს, მოქმედება სიამაყის გარეშე, ნუ გექნება ქლესა ხმა. შეიყვარე მოკრძალებული და ყველაფრისაგან დაცული ცხოვრება ყველაზე მეტად შეეცადე გონების დაცვასა და სიფხიზლეს. იყავ მომთმენი ყოველგვარ გაჭირვებაში და ყველანაირად შეეცადე შეინარჩუნო სულიერი სათნოებები. უყურე საკუთარ თავს და არ მიიღო რაიმე ფარული სიტკბოება, რადგან როგორც დაყუდება წყვეტს სულიერ ვნებებს, თუ მივცემთ მათ საშუალებას განხურდნენ და გაძლიერდნენ, მაშინ ისინი ჩვეულებრივზე მეტად მიგვიზიდავენ ჩვენ ცოდვებისაკენ. ისევე როგორც ჭრილობა ძალით გაღრმავებული, რომლის შეხორცება უკვე ძნელია. ერთ სიტყვასაც კი შეუძლია, რომ ადამიანი ღმერთს დააცილოს, როცა ბოროტი სულები აიძულებენ მას ცოდვას და გრძნობა უთმობს. დიდი გმირობაა სულის დაცვა ე.ი. შენ მოგიწევს ამ ქვეყნიდან მთლიანად გასვლა და სულის სხეულისადმი ყოველგვარი თანაგრძნობის გარეშე დარჩენა. უნდა გახდე უსახლკარო, უქონელი, უვეცხლო, უფათერაკო, და მოცილებული ყოველგვარ ადამიანთა საქმიანობისაგან. მდაბალი, თანამგრძნობი, კეთილი, წყნარი, ჩაკეტილი, მზადმყოფი, რათა მიიღო შენს გულზე ღვთისაგან დაბეჭდილი მცნებები. ასეთი იყო წმინდანთა გზა, რომელნიც მთლიანად ცდილობდნენ ამქვეყნიურ ჩვეულებებს და იცავდნენ თავის თავში შეურყვნელად ზეციურ სიბრძნეს, ნათლდებოდნენ ღვთაებრივი კანონებით და ბრწყინავდნენ კეთილი საქმეებითა და სიტყვებით, ვნებების ქვეყანაზე თავშეკავებით მომკვდინებელნი, ღვთის შიშით და სიყვარულით, რადგან მოუკლებელი ლოცვითა და ღვთის წერილის ცოდნით ნათდება გონება და უცქერის ძალთა უფალს და მოდის უსაზღვრო სიხარული და ძლიერი სულიერი აღნთება ღვთაებრივი სურვილისა, რომლის დროსაც სხეულიც თანაუგრძნობს სულიწმიდის მოქმედებით. ადამიანი ხდება მთლად სულიერი. აი რას აღწევენ ნეტარ მყუდროებაში მოღვაწენი, რომელთაც თავს იდვეს ჩამწყვდეული მოღვაწეობრივი ცხოვრება, ყოველივე ადამიანურისაგან განშორებულნი უფალთან საუბრობენ ზეცაში შეუწყვეტლად.

4. ამის მსმენელი ეს ღვთისმოყვარე ძმა სულში წარმოქმნილი სიყვარულით სტოვებს თავის ადგილს და ფილიმონთან ერთად მიდის სკიტეში, სადაც ამ დიდმა მამებმა განვლეს ღვთის სათნო გზა საცხოვრებლად. ისინი დასახლდნენ იოანე კოლოვის ლავრაში და გააფრთხილეს ეკონომოსი, რომ უნდოდათ დაყუდებით ყოფნა. იმყოფებოდნენ იქ ღვთის წყალობით სრულ მყუდროებაში. მხოლოდ შაბათ-კვირას გამოდიოდნენ ლოცვისათვის ეკლესიაში, ხოლო სხვა დროს იყვნენ შინ და თვითეული ცალ-ცალკე ასრულებდა ლოცვასა და მსახურებას.

5. წმ. ბერს (ფილიმონს) ჰქონდა მსახურების ახალი წესი. ღამით ის გალობდა მთლიანად ფსალმუნებსა და საგალობლებს, აუჩქარებლად კითხულობდა სახარების ერთ ნაწილს, შემდეგ კი დაჯდებოდა და მთელი ყურადღებით დიდხანს ამბობდა თავისთვის: “უფალო შემიწყალე” და ბოლოს აძლევდა თავს ჩაძინების უფლებას. დილით გამთენიისას გალობდა პირველ ჟამნს და მჯდომარე სახით აღმოსავლეთისაკენ მონაცვლეობით ხან გალობდა ფსალმუნებს, ხან კითხულღბდა სახარებასა და სამოციქულოს. ასე ატარებდა მთელ დღეს შეუწყვეტელი გალობით, ლოცვითა და ზეციურის ჭვრეტის ნეტარებით. მისი გონება ხშირად ისე იყო გატაცებული ჭვრეტისაგან, რომ არ იცოდა ნამდვილად მიწაზე იმყოფებოდა თუ არა.

6. ძმამ, რომელიც ხედავდა, რომ მთელი გულით იყო ჩაძირული ლოცვით მსახურებაში და ხანდახან სრულიად იცვლებოდა იგი ღვთაებრივი აზრებისაგან, უთხრა მას: გიჭირს მამაო ასეთ ასაკში ასე საკუთარი სხეულის მოკვდინება? მან უპასუხა: „დამიჯერე ღმერთმა ისეთი გულისხმიერება და სიყვარული მომმადლა ლოცვისა, რომ მე ძალა არ მყოფნის, მთლიანად დავიკმაყოფილო ის, სხეულის უძლურებას ძლევს ღვთის სიყვარული და სასოება მომავალი სიკეთეებისა“. მისი სურვილი იყო გონებრივად ფრთაგაშლილი ყოფილიყო ზეცად და ეს არა მხოლოდ ლოცვისას, არამედ ტრაპეზის დროსაც კი.

7. ერთხელ ჰკითხა მასთან მყოფმა ძმამ: როგორია ჭვრეტის საიდუმლოებები? და როცა მან დაინახა ძმა არ ეშვებოდა და ნამდვილად მთელი გულით ეძიებდა პასუხს, უთხრა მას, გეუბნები შენ ყრმაო, მას ვინც გონება მთლიანად განიწმიდა, ღმერთი უხსნის ძალთა, მსახურთა და წესთა ხედვას (ანგელოზთა).

8. მან შემდეგაც ჰკითხა: მამაო წმ. წერილიდან რატომ მაინცდამაინც ფსალმუნებით ტკბები და გალობის დროს რატომ იქცევი ისე, თითქოს ვიღაცას ესაუბრებოდე? ამაზე უპასუხა: ღმერთმა ისე დაჰბეჭდა ჩემ გულში ფსალმუნთა ძალა, როგორც თვით წინასწარმეტყველ დავითში და მე არ შემიძლია გავეშორო იმ ნეტარებას, რომელიც ჭვრეტით სხვადასხვაგვარად იხილვება, რამეთუ ისინი მოიცავენ მთელ საღვთო წერილს. ეს გადასცა მან იმ ძმას, რათა მოსულიყო სიმდაბლით სარგებლისთვის.

9. ერთი ძმა, სახელად იოანე, ზღვისპირეთიდან მოსული მოეხვია ფეხებზე ბერს და უთხრა: რა უნდა ვქმნა რათა ვცხონდე? რამეთუ ჩემი გონება დაჰქრის აქეთ-იქით სადაც საჭირო არაა. მან ცოტა ხნის მდუმარების შემდეგ უთხრა: ეს სულის ავადყოფობა მათ აქვთ, ვინც გარეგნულად ამაოებაშია ჩაფლული და შენც გაქვს ეს იმიტომ, რომ არ მომწიფებულა სრული სიყვარული ღვთისა შენში, ჯერ კიდევ არ მოსულა შენთან სიყვარულის სითბო და მისი შეცნობა. უთხრა მას ძმამ: „და რა ვქმნა მე მამაო?“ მან უთხრა: წადი, მოიძიე შენს გულში ჩამალული სწავლება და ის განგიწმედს გონებას. ძმამ, რომელიც ვერ მიხვდა რას ნიშნავდა ეს სიტყვები, უთხრა ბერს: და რა დამალული სწავლებაა ეს მამაო? მან უთხრა: წადი, იფხიზლე შენს გულში და გონებაში, და შიშით გამოთქვი: უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე! ასევე ჰმოძღვრის ახალდამწყებებს ნეტარი დიოდოხი.

10. ძმა წავიდა ღვთის წყალობით და ბერის ლოცვით დამშვიდებული, ტკბებოდა ცოტა ხნით ასეთი სწავლით, მაგრამ შემდეგ ეს სიტკბოება განეშორა მისგან და აღარ შეეძლო სიფხიზლით ლოცვა, ამიტომ ის ისევ დაბრუნდა ბერთან და უთხრა მას მომხდარის შესახებ. ბერი ეუბნება მას: შენ უკვე შეიცანი დაყუდებისა და გონებრივი საქმიანობის გზა და გემო იხილე მათი სიტკბოებისა, გქონდეს ეს გულში ყოველთვის – ჭამ თუ სვამ, თუ ვინმესთან საუბრობ, გზაში ხარ თუ შენს სენაკში ზიხარ, შეუწყვეტლად იფხიზლე გონებით და გაუფანტავი აზრით ილოცე ასეთი ლოცვით. გალობ თუ ლოცვებს გამოთქვამ, თუ ფსალმუნებ, თუნდაც ყველაზე აუცილებელ საჭირო საქმეს აკეთებდე, არ მისცე გონებას, რომ უქმად იყოს, არამედ აიძულე ის, საიდმულოდ ლოცვა ისწაელოს. ასე შენ შეგიძლია ჩაწვდე საღვთო წერილს და მის იდუმალ ძალას და მისცე გონებას მუდმივი საქმე, ამით შეასრულებ მოციქულის ნამცნებ სიტყვას: „მოუკლებლად ილოცვიდეთ“. ყურადღებით ადევნე თვალყური შენს თავს და დაიცავი გული ცუდი აზრების მიღებისაგან. როცა გძინავს და როცა დგები, როცა ჭამ, ან სვამ, ან როცა საუბრობ, დაე შენი გული მიეჩვიოს ფსალმუნებას და ლოცვას: უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო შემინყალე მე! ასევე როცა გალობ ფსალმუნებს ენით, ყურადღება მიაქციე რათა არა მხოლოდ ბაგეებით წარმოთქვამდე, არამდ გონებით აღავლენდე.

11. ძმამ ჰკითხა კიდევ: მრავალ ამაო ოცნებებს ვხედავ მე ძილის დროს. ბერმა უთხრა მას: ნუ იზარმაცებ და ნუ სულმოკლე იქნები, არამედ ჩაძინების წინ ბევრი ილოცე შენს გულში და წინ აღუდექი აზრებს, რომლებიც ბოროტისაგან მოდის და შეგიტკბობს შენ უფალი. რამდენიც შეგიძლია შეეცადე ჩაიძინო ფსალმუნებითა და გონივრულ სწავლებაზე ფიქრით და არ დართო ნება შენს გონებას მიიღოს უცხო აზრები, არამედ როგორი აზრებითაც ლოცულობდი, მათი გახსენებით და გამოძიებით შეეცადე ჩაიძინო, რათა ძილის დროს იმყოფებოდნენ შენში და როცა გაიღვიძებ გაგესაუბრონ შენ. იმეორე ასევე მართლმადიდებლური რწმენის სიმბოლო ძილის წინ, რამეთუ მართლად მეტყველება ღმერთზე არის ყოველი სიკეთის დაცვის წყარო.

12. კიდევ ჰკითხა მას ძმამ: ჰქმენ სიყვარული მამაო, მითხარი როგორი მოქმედება აქვს შენს გონებას? მასწავლე რათა ვცხონდე. უთხრა მას: რატომ გაინტერესებს შენ ეს? ის დავარდა მუხლებზე და ევედრებოდა წმინდანს რათა განუმარტოს. ბერმა საკმაო მდუმარების შემდეგ უთხრა: არ შეგიძლია შენ იმის ზიდვა, მისცე თვითეულ გრძნობას სასარგებლო საქმე, ძლიერისთვისაა დამახასიათებელი, რომელიც მიჩვეულია იტრიალოს სიმართლის მადლში, შეუძლებელია ამ მადლის მიმთხვევა მისთვის, ვინც მთლიანად არ განიწმინდა ამ ქვეყნის ამაო აზრებისაგან. ამიტომ თუკი ნამდვილად გინდა ეს შენ, დაიჭირე საიდუმლო სწავლება სუფთა გულში. თუ შენში უწყვეტი ლოცვა გაჩნდება და მასთან ერთად წმ. წერილში განისწავლები, მაშინ აგეხილება სულიერი თვალები და იქნება მასში დიდი სიხარული და რაღაც გამოუთქმელი გრძნობა მხურვალე სულიერი სითბოსაგან და სხეულისაგან ისე, რომ ადამიანი მთლიანად სულიერი გახდება. ასე ღამით თუ დღისით, მოგმადლის შენ ღმერთი გაუფანტავ ლოცვას სუფთა გონებით, მიატოვე შენი ლოცვითი წესები და რამდენადაც შეგიძლია, შეეცადე მიენდო ღმერთს და ის გაგინათლებს გულს სულიერი საქმიანობით, რომელსაც შენ მისდევ. ამას მან დაუმატა: ოდესმე მოვიდა ჩემთან ერთი ბერი და როცა შევეკითხე მას მისი გონების განწყობაზე მითხრა: მე ორი წლის განმავლობაში ვევედრებოდი ღმერთს მთელი გულით, რათა მოემადლა შეუჩერებლად და გაუფანტავად ლოცვა ჩემს გულში, როგორც თავის მოწაფეებს მიჰმადლა და მრავალმონყალე ღმერთმა, რომელმაც იხილა ჩემი შრომა და მოთმინება, მომცა მე რასაც ვთხოვდი.

აი კიდევ რას ეუბნებოდა ის მას: ამაო აზრებს, რომლებიც სულში იმყოფებიან, მიჰყავთ ის განცხრომისა და უდარდელობისაკენ, ამიტომ გვჭირდება ჩვენ, რომ მთელი ძალით დავიცვათ გონება, როგორც ამას გვასწავლის წმიდა წერილი, ვიგალობოთ აზრის გაუფანტავად და ვილოცოთ სუფთა გონებით. ასე რომ, ძმაო, ღმერთს უნდა, რათა ჩვენ გამოვიჩინოთ მისდამი გულმოდგინება პირველ რიგში საქმიანობით (მოღვაწეობითა და სიკეთის კეთებით), შემდეგ სიყვარულითა და მოუკლებული ლოცვით, და ის გვიჩვენებს ცხონების გზას. ცხადია, რომ სხვა გზა არ არსებობს ცაში აღმავალი, სრული განშორების გარდა ყოველგვარი ბოროტისაგან, ყოველგვარი სიკეთის მოხვეჭით, სრული ღვთის სიყვარულითა და მოუკლებელი ლოცვით. ასე რომ, თუკი ვინმეს ეს ყველაფერი ექნება, იგი მალე ამაღლდება ზეცად. მაგრამ ზეცად აღსვლის მსურველმა აუცილებლად უნდა მოაკვდინოს ვნებები, რამეთუ როცა ჩვენი სული ტკბება სიკეთის ჭვრეტით, მაშინ აღარ დაუბრუნდება არც ერთ ვნებას ცოდვისათვის გაღვიძებულს, არამედ ყოველგვარი სხეულებრივი სიტკბოებისაგან შექცეული სუფთად და შეუბღალავი გონებით მიიღებს ღვთის გამოცხადებებს. ასე რომ ჩვენ მოგვეთხოვება დიდი თავდაცვა, ბევრი ფიზიკური შრომა, სულის განწმენდა და შემოსახლდება ღმერთი ჩვენს გულში, რათა შემდეგ შეუცვლელად შევასრულოთ მისი მცნებები. შრომითა და მარხვით უნდა განვიწმიდოთ მსგავსება ჩვენი, როგორაც შექმნილი ვიყავით, გონიერნი და შემძლებელნი ყოველგვარი განსჯისა. ვატაროთ გრძნობა ყოველგვარი სიბილწისაგან დაცული, ღმერთმა ადამიანი შექმნა ყოველი სიკეთის თანაარსად, შემძლებელი გონებრივად ჭვრიტოს დიდების ანგელოზები, უფლებანი, ძალნი, საყდარნი, ხელმწიფებანი, მიუწვდომელი სინათლე, უნათლესი დიდება, მაგრამ როცა მოიპოვებ, რომელიმე სათნოებას, უყურე, რათა არ ამაღლდეს შენი გონება შენს ძმაზე, იმიტომ, რომ ნაკლი შენ უკვე გამოასწორე, მან კი არა, რადგან ეს არის სიამაყის დასაწყისი. როცა რაიმე ვნებას ებრძვი, უყურე, რათა სულმოკლე არ იქმნა, თუ ბრძოლა გაძნელდა, არამედ აღდეგ, დააგდე შენი თავი ღვთის წინაშე და მთელი გულით თქვი წინასწარმეტყველთან ერთად: „უსაჯე უფალო მავნებელთა მათ ჩემთა“, რამეთუ მე არ ძალმიძს მათი ძლევა და ის, შენი სიმდაბლის მხილველი, მალე შეგეწევა. როდესაც მიდიხარ ვინმესთან ერთად გზაში, არ შეექცე ამაო საუბარს, არამედ მიეცი გონებას სულიერი საქმე, ეცადე რათა მუდამ იმყოფებოდეს ამ კეთილ ჩვეულებაში და დაივიწყოს ამქვეყნიური სიტკბოებანი და არ გამოვიდეს ის უვნებლობის ჩარჩოებიდან. ასეთი და მსგაგსი სიტყვებით გაისტუმრა ბერმა ძმა.

13. მაგრამ რამოდენიმე ხნის შემდეგ ის კვლავ დაბრუნდა და ჰკითხა: რა ვქნა მამაო, მსახურებისას ძილი მამძიმებს და არ მაძლევს საშუალებას ფხიზლად ლოცვისა და მე მინდება ხელსაქმის დაწყება, როცა ვგალობ. ამაზე ბერმა უთხრა: როცა შეგიძლია ფხიზლად ილოცო, საქმეს ხელი არ ახლო, ხოლო როცა თვლემას დაიწყებ, მაშინ მოსულ აზრზე შეწინააღმდეგებით საქმეს შეუდექ. მან ისევ ჰკითხა: თვით შენ, მამაო, არ მძიმდები მსახურების დროს? ბერმა უთხრა: არც ისე ადვილად, მაგრამ თუკი თვლემა დამეწყება, ვიწყებ იოანე მახარებლის პირველი თავის კითხვას, ღვთისადმი გონების მიპყრობით და ძილის სურვილი მაშინვე ქრება თითქმის ასევე ვიქცევი აზრებთან ბრძოლისას, როცა მოვა რომელიმე აზრი, მე ვხვდები მას, როგორც ცეცხლი, ცრემლებით და ის ქრება. შენ კი ჯერ არ შეგიძლია შეიარაღდე მათ წინააღმდეგ, არამედ დამიჯერე საიდუმლო სწავლება და გულმოდგინედ შეეცადე შეასრულო წმ. მამების მიერ დადგენილი, როგორც დღიური ლოცვა, ასევე ჟამნები: მე-3, მე-6, მე-9, მწუხრი, და ღამის მსახურებანი და მთელი ძალით შეეცადე არაფერი გააკეთო კაცთმოთნეობისათვის. ერიდე ძმებთან მტრულ დამოკიდებულებას, რათა არ განაშორო თავი შენი ღვთისაგან. შეეცადე ასევე დაიცვა გონება გაფანტვისაგან გულმოდგინე შინაგანი ლოცვითი ყურადღებით. თუ ეკლასიაში ყოფნისას აპირებ წმ. საიდუმლოს ზიარებას, არ გამოხვიდე იქედან, სანამ სრულ სიმშვიდეს არ მიიღებ. ერთ ადგილზე მდგომარემ წარმოიდგინე, რომ ცაში იმყოფები და წმ ანგელოზებთან ერთად ღვთის წინაშე დგახარ. გულში მისდამი სურვილის მქონე მოემზადე შიშითა და ძრწოლით, რათა უღირსად არ ეზიარო. ასეთი სახით კეთილად გაამაგრა ძმა, ღმერთს შეჰვედრა და გაუშვა.

14. კიდევ ყვებოდა მასთან მყოფი ძმა, შევეკითხე მას: თუ განიცადე დემონების თავდასხმა, როცა უდაბნოში იყავი? მან კი თქვა: მომიტევე ძმაო – უფალმა რომ შენზე დაუშვას ის განსაცდელი დემონისა, რაც მე განვიცადე, არა მგონია გადაიტანო მისი სიმწარე. მე სამოცდაათი წლის ვარ და ბევრი თავდასხმა გადამიტანია სხვადასხვა უდაბნოებში ცხოვრებისას სრული დაყუდებისას, რაც მე გამოვცადე და მოვითმინე დემონებისაგან, იმ სიმწარეზე საუბარი არაა სასარგებლო მათთვის, ვისაც ჯერ არ უგემია დაყუდება. ხოლო თავდასხმების დროს ასე ვიქცეოდი: მთელ იმედს ვამყარებდი ღმერთზე და ის მალე გამომიხსნიდა ხოლმე ყოველგვარი ჭირისაგან. ამიტომ მე ძმაო ჩემზე არავითარ აზრებს არ ვქმნიდი, არამედ ვიცი, რიშ ის აღიბეჭდება ჩემში და ძალიან ადვილად გადამაქვს ჩემზე დაშვებული განსაცდელი. შეუწყვეტლად რომ ვლოცულობდე ძალიან მეხმარება სასოება იმაზე, რომ რაც მეტია უბედურებანი, მით უფრო დიდ გვირგვინს უმზადებენ დამთმენთ, რამეთუ მართლმსაჯულ მოსამართლეს ორივენი გათანაბრებულნი ჰყავს ურთიერთ დამოკიდებულად. ამის მნახველი ძმაო ნუ სულმოკლე იქმნები, როცა შუაგულ ბრძოლაში გადაეშვები, რათა იბრძოლო და იბრძოლე გამხნევებულმა იმით, რომ ისინი ვინც ჩვენს მხარეს არიან, ღვთის მტრის წინააღმდეგნი, ძალიან ბევრი არიან, – მეტი, ვიდრე მტერია. და როგორ შევძლებდით გავკადნიერებულიყავით იმ საშინელი მოწინააღმდეგის მიმართ, ღვთის სიტყვის მეუფების საფარველი რომ არ გვფარავდეს, როგორ მოითმენდა ადამიანი მის შემოტევას? როგორც იობი ამბობს: „მისი პირიდან მაშხალები გამოდის, ცეცხლის ნაკვერცხლები ცვივიან, წამახული ქვები აქვს მუცლის ქვეშ, განრთხმულია კევრივით ჭონჭყოში. ქვაბივით ადუღებს უფსკრულს, ზღვას საცხებელის კოჭობად აქცევს“. აი ვის წინააღმდეგ გვაქვს ჩვენ ბრძოლა ძმანო! აი როგორ გამოხატა სიტყვამ ეს ტირანი! ყველაფერ ამაზე გამარჯვება მხოლოდ მას შეუძლია, ვინც წესისამებრ ატარებს განმარტოებულ ცხოვრებას, ვისაც მისგან არაფერი აქვს, იმის გამო, რომ ეს ქვეყანა უარუყვია, იმის გამო რომ დიდ სათნოებებს მიუღწევიათ და კიდევ იმის გამო, რომ გვყავს ჩვენთვის მებრძოლი მეოხი ღმერთთან მისული და მისი შიშის მიმღებელი. ვინ არ განათლდა ჭეშმარიტად ღვთაებრივი კანონებით და საქმენით, ვინ არ აქცია თავისი სული მანათობელად და შემძლებლად იბრწყინვოს ღვთაებრივი გონიერებით და აზროვნებით? უქმად ყოფნას ის არ დაუშვებს თავის თავში ღმერთის მქონებელი, რომელიც განაღვიძებს გონებას სინათლისაკენ დაუკმაყოფილებელი ლტოლვით და სულში, ამ სახით შეუწყვეტლად მოქმედი. არ დაუშვებს ვნებების განებივრებას, არამედ როგორც ვინმე მეფე, მსუნთქავი საშინელი რისხვით, შეუბრალებლად ანადგურებს მას. ასეთი არასდროს დაუბრუნდება უკვე მცონარებას, არამედ პრაქტიკულად, ხელების ზეცად აღპყრობით და გონებრივი ლოცვით იმარჯვებს ბრძოლაში.

15. ყვებოდა იგივე ძმა, რომ სხვა სათნოებებთან ერთად აბბა ფილიმონს ჰქონდა ასეთიც: არ შეეძლო ფუჭი სიტყვების მოსმენა და თუკი ვინმე დავიწყებისაგან ყვებოდა რაიმე ასეთს, რაც სულისთვის სასარგებლო არ იყო, მას საერთოდ არ ეპასუხებოდა. ასევე როდესაც მე მივდიოდი რაიმე საქმეზე, ის არ მეკითხებოდა რისთვის მიდიხარ, ან როდის დაბრუნდებიო და რას და როგორ აკეთებდიო? როგორც ერთხელ გავიგზავნე ალექსანდრიაში აუცილებელ რამეზე, იქედან ერთი საეკლესიო საქმისათვის წავედი სამეფო ქალაქში და ამ ღვთის მონისათვის არ მიცნობებია; შემდეგ იქ საკმაო დროით ყოფნის შემდეგ მოვინახულე მოღვაწე ძმები და ბოლოს დავბრუნდი მასთან სკიტეში. ჩემი დანახვა ბერს ძალიან გაუხარდა და ჩვეული მისალმებისა და ლოცვის შემდეგ დაჯდა და საერთოდ არაფერი უკითხავს ჩემთვის, არამედ იყო დაკავებული თავისი ჩვეული გონებრივი საქმიანობით.

16. ოდესღაც ვისურვე გამომეცადა ის, რამოდენიმე დღე არ ვაძლევდი საზრდოს, ხოლო ის არაფერს მეუბნებოდა. ბოლოს დავეცი მუხლებზე და ვუთხარი: ჰქმენი სიკეთე მამაო და მითხარი: არ გეწყინა პურის მოცემა რომ შეგიწყვიტე? მან თქვა: მომიტევე ძმაო, თუნდაც ოცი დღე არ მომცე პური საჭმელად, მე შენ არ მოგთხოვ მას, რამეთუ რამდენსაც სულით ვითმენ, ასევე ვითმენ ხორცით. ასე იყო დაკავებული ჭეშმარიტი მადლის ჭვრეტით.

17. ამბობდა ის: მას შემდეგ რაც სკიტეში მოვედი, ჩემი აზრი არ გამიშვია სენაკის კედლების გარეთ და არც გონებაში მიმიღია არავითარი სხვაგვარი აზრი, გარდა ღვთის შიშისა და მომავალი საშინელი სამსჯავროსი და ჩაუქრობელი ცეცხლი და უკუნი სიბნელე და ის, თუ როგორ ცხოვრობენ ცოდვილთა და მართალთა სულები, და როგორი სიკეთეებია გამზადებული მართალთათვის, და რომ თვითოეული მიიღებს დამსახურების მიხედეით; ერთნი მოღვაწეობრივი შრომისათვის, მეორენი მოწყალებისათვის და წრფელი სიყვარულისათვის, სხვანი დაყუდებისათვის და სრული მდუმარებისათვის, ვინმე სრული მორჩილებისთვის ან მწირობისთვის. ყოველივე ამის გონებაში მქონებელი, არ ვრთავ ნებას უცხო აზრს მოქმედებდეს ჩემში და არ შემიძლია უკვე ხალხში ყოფნა და ის, რომ მათით იყოს დაკავებული ჩემი გონება, რათა არ დავცილდე ღვთაებრივ აზროვნებას.

18. ამას მიუმატა კიდევ ნათქვამი ერთ განმარტოებულზე, ამბობდა, რომ მან უკვე მოიპოვა უვნებლობა და ანგელოზის ხელიდან ღებულობდა პურს საჭმელად, მაგრამ გაზარმაცებით დაეცა ასეთი პატივისაგან, რამეთუ, როცა სული შეასუსტებს გონებრივი ყურადღების განმხილველობას და დაძაბულობას, მაშინ სული დაიმკვიდრებს სიბნელეს. სადაც არ ბრწყინავს ღმერთი, იქ ყველაფერი ირევა როგორც ქაოსში, და ვერ შეძლებს სული განჭვრიტოს ღმერთი და ვერ იტყვის ამ სიტყვებს: „განა მარტო ახლოდანა ვარ ღმერთი? განა შორიდან არა ვარ ღმერთი? სამალავშიც რომ დაიმალოს ადამიანი (კაცი) ვერ დავინახავ? ამბობს უფალი“. და სხვა მრავალს იხსენებდა ის. მოჰყავდა სოლომონის დაცემაც, რომელიც ამბობდა: ისეთი სიბრძნე მიიღო და ისეთი დიდება, როგორც მნათობმა დილით ამომავალმა, ისე განანათლებდა ყველას სიბრძნის ნათლით. მცირე სიტკბოებისათვის დაჰკარგა დიდება. ასე საშინელია მოდუნება და საჭიროა გამუდმებით ლოცვა, რათა სხვა რომელიმე აზრი მომავალი არ გვექმნეს ღვთისაგან განშორების მიზეზად. და მის გარეშე სხვა არაფერი მივსცეთ ჩვენს გონებას. მხოლოდ სუფთა გული, სულიწმიდის სადგომად ქცეული, როგორც სარკეში, სუფთად ჭვრეტს ღმერთს.

19. ამის გამგონე მასთან მცხოვრები ძმა ამბობდა მისი საქმეების მნახველი: მე მივხვდი, რომ მასში უკვე საერთოდ აღარ მოქმედებდნენ სხეულებრივი ვნებები და იყო გულმოდგინედ მოყვარული ყოველგვარი სრულყოფილებისა. ისე რომ ყოველთვის იხილვებოდა ღვთაებრივი სულით გარდასახული და გამოუთქმელი სულთქმით აღვსილი, თავისი თავისაკენ მიმართული და თავის დამჭერი, ყოველთვის მზადმყოფი, რათა რაიმე შემოსულს არ დაელაქავებინა მისი გონება. ვერავითარი აღელვება ვერ აღწევდა მასში. მხედველი მისი მოშურნეობისა და კეთილი წესით ცხოვრებისადმი გულმოდგინებისა, მივმართავთ მას თხოვნით: როგორ შეიძლება მოვიგო ისეთი წმიდა გონება, როგორიც შენ გაქვს? მან კი მითხრა: წადი და იშრომე, რამეთუ ასეთი საქმიანობისათვის საჭიროა გულშემატკივრობა. სულიერი სიკეთეები, რომლებიც მოითხოვენ გულმოდგინე ძებნასა და შრომას, ვერ მიიღწევა განცხრომითა და ძილით, მიწიური სიკეთეებიც კი არ მოიპოვება შრომის გარეშე. მისთვის, ვისაც უნდა მიაღწიოს სისრულეს, პირველ რიგში საჭიროა ხელი აიღოს თავის სურვილებზე და მოიგოს დაუცხრომელი ცრემლი, არ მოისმინოს სხვისი განკითხვა, არამედ მხოლოდ საკუთარზე იტიროს დღე და ღამე, არ ჰქონდეს ამაო მეგობრობა არავისთან, რამეთუ თავის შესაბრალის მდგომარეობაზე მონანული სული კვდება ქვეყნისათვის, ისევე როგორც ქვეყანა კვდება მისთვის. ე.ი. როცა უმოქმედო ხდებიან სხეულებრივი ვნებები და ადამიანი უგრძნობელია მათ მიმართ. რომელიც განეშორა ქვეყანისაგან და შეუერთდა ქრისტეს, იმყოფება სიმყუდროვეში და უყვარს ღმერთი, ინარჩუნებს მის ხატებას და უფრო და უფრო ემსგავსება, რამეთუ მას შეეწევა სული წმიდა და იქცევა ღვთის სახლად და არა დემონებისა. ასეთი თავის მართალ საქმეებს მიუპყრობს ღმერთს ამგვარი ცხოვრებისაგან განწმედილი სული, ვნებათ ღელვისაგან თავისუფალი ბოლოს ჯილდოვდება სიმართლის გვირგვინით და სათნოებების სილამაზით იბრწყინვებს.

რომელშიც განმარტოების შემდეგ არ დამკვიდრებულა ტირილი და სულიერი ცრემლები, დაუსრულებელი ტანჯვის ხსოვნა ან ჭეშმარიტი მყუდროება და მოუკლებელი ლოცვა, ფსალმუნთ გალობა და წმ. წერილში განსწავლა, ის ჯერ კიდევ მეგობრობს ამ ქვეყანასთან და არ შეუძლია ჰქონდეს სუფთა გონება ლოცვისას, რამეთუ მხოლოდ კეთილი მოღვაწეობა და ღვთის შიში განწმედს სულს ვნებებისაგან და ათავიუფლებს გონებას, ჭეშმარიტ ჭვრეტაში შეჰყავს და აძლევს ღვთისმეტყველების უფლებას, რომელსაც მოიპოვებს ის ნეტარების სახით (ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ). ასეთი მდგომარეობა მათ აქვთ ავანსად და ინარჩუნებენ სულიერ მდგომარეობას შეურყვნელად. ასე, რომ მთელი ძალებით ვისწრაფოთ, პრაქტიკულად განვახორციელოთ ის საქმიანობა და გმირობა, რომლითაც ავმაღლდებით დიდ სიკეთემდე, რომელიც არის გონებრივი სიწმიდე, რომლის ნაყოფია ჭეშმარიტების ღვთისმეტყველური ჭვრეტა. დიდი საქმეა ჭვრეტაში გასვლა, როგორც ამბობს გრიგორი ღვთისმეტყველი რამეთუ, რაც არ უნდა დიდ სათნოებებს მიაღწიოს ვინმემ, მისთვის უფრო მეტი მოღვაწეობაა საჭირო, რათა სხეული დაიმორჩილოს და კიდევ საჭიროა გონების მკაცრი დაცვა. ასეთი სახით ძლივს ვახერხებთ ქრისტეს შემოსახლებას ჩვენში. რადგან რაც უფრო მრავლდება ჩვენი სიმართლე, მით უფრო იმატებს სრულყოფილება, და ბოლოს სრულყოფილებაში მოსული გონება სრულიად მიეკრობა ღმერთს, და გაბრწყინდება ღვთაებრივი ნათელით, მისთვის გაიხსნება გამოუთქმელი საიდუმლოებები. მაშინ ნამდვილად მიხვდება ის, სად არის სიბრძნე, სად არის ძალა, წლების სიმრავლე, სადაა თვალთა ნათელი და მშვიდობა, რამეთუ სანამ ის დაკავებულია ვნებებთან ბრძოლით, არა აქვს საშუალება დატკბეს მათით, რადგანაც მანკიერებები აბნელებენ გონებას. ეს იმიტომ, რომ არ დაინახონ სათნოებები, ხოლო სათნოებები იმიტომ, რათა არ დაინახონ ბიწიერებები. ხოლო როცა ბრძოლის შემდეგ მიაღწევს სიწმიდეს, სიმშვიდესა და სულიწმიდის ნიჭებს მიემთხვევა, მაშინ მარადიული მადლის ზემოქმედებით მთლიანად ნათელ მხილველად გარდაიქმნება და იქცევა სულიერი ჭვრეტისაგან გარდაუქცევლად. ასეთი არ არის დამოკიდებული არაფერ მიწიერზე, არამედ მოვიდა სიკვდილისაგან ცხოვრებად.

ვინც იწყებს ასეთ ცხოვრებას და ღმერთთან მიახლოებას ეშურება, სჭირდება უბიწო გული და სუფთა ბაგეები, რათა მათგან გამომავალი სიტყვა იყოს წმიდა და შეეძლოს ღირსებით უგალობდეს უფალს, ისევე როგორც ღმერთთან შეკრული სული, რომელიც გამუდმებით მასთან საუბრობს. მოვინდომოთ ძმანო ასეთი სათნოების მიღწევა და თავი ვანებოთ მიწაზე ხოხვას ვნებებში ჩაფლულნი. ღმერთთან ამაღლებულნი შეუერთდეთ მის ბრწყინვალე შუქს და შევიჭრათ მასთან სიყვარულით, დავტკბეთ სულიერი მხიარულებით და გამოუთქმელი მეუფებით, როგორც ამბობს ფსალმუნთმგალობელი: „იშვებდ უფლისა მიმართ და მან მოგცეს შენ თხოვნა გულისა შენისა“„და გამოაბრწყინვოს ნათელი სიმართლე შენი და განკითხვა შენი ვითარცა დღე შუა“. რომელი სიყვარული შეიძლება იყოს უფრო ძლიერი ვიდრე ის, რომელიც ღვთისაგან მოდის და ყოველგვარ ბოროტებისაგან განწმენდილი გულში ჩაიღვრება. ასეთი სული გულის ჭეშმარიტი განწყობით ამბობს: „დავსნეულდი ამ სიყვარულისაგან“. გამოუთქმელი და აუხსნელია ღვთაებრივი სილამაზის ეს ბრწყინვალება, არ შეიძლება გამოხატოს ის სიტყვამ და ვერც სმენა დაიტევს! როცა ამ ნათელზე ვსაუბრობთ, ძნელია ის შევადაროთ მზეს, ან მთვარეს, ეს იქნებოდა უპატივცემულობა მისი, როგორც სიბნელეა ჭეშმარიტი ნათლის წინაშე, უბნელესი, ვიდრე ღამეა შუადღესთან შედარებით ასევე გადმოგვცა ჩვენ ბასილმა თავისი გამოცდილებით, ამის შემცნობელმა.

20. ეს და სხვა მრავალი მოგვითხრო მასთან მცხოვრებმა ძმამ, მაგრამ ვინ არ განკვირდებოდა ასევე მისი დიდი სიმდაბლის მნახველი? დიდი ხნის მღვდლად ხელდასხმული და ისე შემხებელი ზეციურს ცხოვრებითა და გონებით, ის ყოველგვარად ცდილობდა, თავი აერიდებინა ღვთის მსახურებისათვის. ისე, რომ მრავალი წლების განმავლობაში ის იშვიათად თანხმდებოდა წმ. საიდუმლოს შესრულებაზე. ხოლო ვინმესთან შემთხვევით საუბრის შემდეგ თავს იკავებდა ზიარებისაგან (მიუხედავად თავისი ფრთხილი ცხოვრებისა) თუნდაც რომ ამაო საუბარიც არ ჰქონოდათ. ხოლო ზიარებისათვის მზადებისას ჯერ ხანგრძლივად ევედრებოდა ღმერთს ლოცვით, ფსალმუნებითა და აღსარებით. ძლიერ ფრთხებოდა მღვდელმონაზონის სიტყვების გაგონებაზე “წმიდაა წმიდათა!” რამეთუ ამ დროს, როგორც თვით ამბობდა, მთელი ეკლესია სავსეა ანგელოზებით და პურისა და ღვინოს თავის სხეულად გარდაქცევითა და ზიარებით, უფალი შემოსახლდება ჩვენში. ამიტომ გვევალება, ამბობდა ის, რათა უბიწოდ და წმიდად, როგორც უხორცონი, ყოველგვარი ეჭვის გარეშე მივიღოთ წმ. ზიარება ქრისტეს უწმიდეს საიდუმლოთა, რათა მისგან შემომავალ ნათელს სრულად ვეზიაროთ. წმ. მამებიდან ბევრს უხილავს ანგელოზები, რომლებიც იცავდნენ მათ რაიმე შემთხვევისაგან – ამიტომაც ისინი დიდი მდუმარებით იფარავდნენ და არავის ეუბნებოდნენ ამას.

21. აი კიდევ რას ამბობდა ის ძმა: როცა მოუწევდა ბერს თავისი ნაკეთობის გაყიდვა, რომ არ მომხდარიყო უკმაყოფილება ან გაუგებრობა და სხვა რაიმეს სახის ცოდვა საუბრისა და ვაჭრობისაგან, იგონებდა გონებრივ სისუსტეს, ყოველი მყიდველი იღებდა მისგან ნაკეთობას და როგორც უნდოდა ისე უხდიდა ფასს. ხოლო ის ქმნიდა კალათებს და მის საფასურს იღებდა დიდი მადლობით და არაფერს ამბობდა.

მამათა სწავლების შეჯამება
საბოლოოდ აი რაზე მიგვითითებენ ჩვენ წმიდა მამები ლოცვის მისაღწვვად და მის გასაუმჯობესებლად:

•    სიხშირე ე.ი. ჩაღრმავება იესოს ლოცვაში და სხვა აზრების განდევნა.
•    ცვალება ლოცვითი სიტყვებისა, ე.ი. გამოთქმა ხან მოკლედ და ხანაც სრულად.
•    თანადროულობა ე.ი. რომ იყოს ხან ლოცვა, ხან ფსალმუნება, ხან ჯდომა, ხან ხელაღპყრობით ლოცვა, ხან იესოს ლოცვა და წმ. მამების კითხვა.
•    ღვთის წინაშე ყოფნა ე.ი. რათა ყოველთვის ახლოს განვიცდიდეთ უფალს და ყოველგვარი მოქმედებისას გვახსოვდეს ღმერთი.
•    ამა ქვეყნის უარყოფა, სიკვდილისა და ლოცვითი სიტკბოების ხსოვნით.
•    იესოს სახელის მუდმივი მოწოდება, ყოველთვის ყოველგვარ ვითარებაში, მარტო ყოფნისას ხმადაბლა, ხალხში ყოფნისას გონებაში.
•    ჩაძინება იესოს ლოცვით.
•    გარეგნული ლოცვა შინაგანისთვის, ე.ი. გარეგნულით შინაგანის გამოთხოვა ღვთისაგან.

შინაგანი ლოცვისა და იესო ტკბილის სახელთან შეერთების მსურველმა ასე დაიწყე წმ. მამების მოძღვრებების შესრულება:

1.    დაჯექი ან დადექი ბნელ და წყნარ კუთხეში სალოცავად;
2.    პირველად შეასრულე რამოდენიმე მეტანია, რათა სხეული არ მოეშვას;
3.    წარმოსახვით მოძებნე გული მკერდის მარცხენა მხარეს და იქ დაიჭირე ყურადღება;
4.    ჩაიყვანე გონება თავიდან გულში და გამოთქვი: „უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე!“ წყნარად ბაგეებით ან მხოლოდ გონებით, როგორც უფრო მოსახერხებელია შენთვის, წარმოთქვი აუჩქარებლად კრძალვითა და შიშით;
5.    შეეცადე ამ დროს რამდენადაც შეგიძლია დაიცვა ყურადღება და ნუ მიიღებ გონებაში სხვა აზრებს კეთილსა თუ ცუდს;
6.    გქონდეს მშვიდი მოთმინება და შეეცადე იდგე დიდხანს ყველაფრის დავიწყებით;
7.    გქონდეს ზომიერი თავშეკავება და მუხლმოდრეკა აკეთე შეძლებისდაგვარად;
8.    იყავი მდუმარედ;
9.    სადილის მერე იკითხე სახარება და ის წმიდა მამები, რომლებიც ლოცვის შესახებ საუბრობენ;
10.    გარეგნული ლოცვით გამოითხოვე შინაგანი ლოცვა;
11.    იძინე 5-6 საათი;
12.    არ გაეკარო გონების გამფანტავ სამუშაოს;
13.    ხშირად შეამოწმე შენი გამოცდილება მამების მოძღვრებებით.

თარგმნა მღვდელმონაზონმა ანდრიამ (ყურაშვილი)
წიგნიდან: „ჩუმი გალობა, სავსე ნათელით“, თბილისი, 2003 წ.
წყარო: orthodoxy.ge
ორიგინალი: hesychasm.ru