You are currently viewing „საქებარი სიტყვა წმიდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულისადმი“

„საქებარი სიტყვა წმიდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულისადმი“

Download article eBook


 
„საქებარი სიტყვა წმიდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულისადმი“
წმიდა იოანე ოქროპირი 

მტკიცეზე უმტკიცესია მოციქულთა ბადენი! საკვირველია ხსოვნა ანდრია მოციქულისა და საოცარია მოგონებაც მისთა ბადეთა, რითაც მან მრავალნი მოინადირა და შესძინა ქრისტეს სარწმუნოებას. რამეთუ მათ სათხეველთ (ბადე), რომელთაც ეს უკვდავი შესვენებულნი იყენებდნენ ხალხთა მონადირებისათვის, ვერასდროს ვერ დაგლეჯს დავიწყება. დრო-ჟამი ვერ დააძველებს და ვერ დაფლეთს ადამიანთა მონადირების ამ იარაღთ, რომლებიც კაცთა ხელს კი არ შეუქმნია, არამედ – საღმრთო მადლს. და თუმცა ეს მეთევზურნი განგვეშორნენ და წავიდნენ ჩვენგან, მაგრამ ის იარაღები, რომლებსაც ისინი იყენებდნენ, ანუ ის ბადენი, რომლებითაც მთელი ქვეყნიერება მოიცვეს, არასდროს არ დაძველებულა. როცა ისინი გაშლიან და სდებენ ბადეს, თვითონ უხილავნი რჩებიან, ბადეები კი სავსე აღმოჩნდება ხოლმე. ლერწმის ანკესი როდი ჰქონდათ მათ, ჟამთასვლისაგან რომ ლპება, არც სელის თოკნი, სიძველისაგან რომ იშლება! ნემსკავიც როდი გაუკეთებიათ, რომელსაც ჟანგი შეჭამს; არც საზრდო რამ წამოუგიათ ნემსკავზე თევზთა მისატყუებლად და დასაჭერად; ლოდებზეც არ ჩამომსხდარან წყლის პირას და არც თევზნი მოუნადირებიათ მათ, არაგონიერი არსებანი. რამეთუ როგორადაც საკვირველი იყო მათ მიერ გამოყენებული ხელობა, ამგვარადვე უჩვეულო და ახალი იყო მათი იარაღებიც. ლერწმის ანკესის ნაცვლად ისინი ქადაგებას იყენებდნენ, ძუის ნაცვლად – მეხსიერებას, ნემსკავის ნაცვლად – მადლმოსილ ძალას, სატყუარას ნაცვლად – სასწაულთმოქმედებებს, ლოდზე ჯდომის ნაცვლად – ცათა სასუფეველს, საიდანაც ისინი მოინადირებენ კიდეც თავის ნადავლს; ნავის ნაცვლად მოციქულებს წმიდა საკურთხეველი აქვთ მომარჯვებული, მეთევზეთა ხელოვნების ნაცვლად – საღმრთო მადლით მოქმედებენ; ზღვაში ნავის ნაცვლად – ადამიანთა ცხოვრებას მესაჭეობენ, ხოლო ბადის ნაცვლად პატიოსანი და მძლე ჯვარის გამოყენება სჩვევიათ!  ვის უხილავს როდისმე, რომ უკვე შესვენებულ, მომკვდარ მეთევზეებს ცოცხალნი კაცნი დაეჭირათ ვითარცა თევზნი?! ჰოი, უზენაესო სიმშვენიერევ საღმრთო ღირსებისა! ამქვეყნიურ ცხოვრებაში არაფერი შეიძლება იყოს მსგავსი სამოციქულო მადლის სიმაღლისა! ადამიანთა ცხოვრებას ბევრი, ჭეშმარიტად საკვირველი და გონებაზე აღმატებული უხილავს; რამეთუ უნახავს მას მოღაღადე დაღვრილი სისხლიც, მკვლელობაც, სიტყვის უთქმელად რომ მეტყველებს საკუთარ თავზე და შურის გამო საკუთარ თავსავე გამოყოფილი ბუნებაც (მათესაგან 12:25-26[1]); უნახავს მას ძმაც, რომელმაც სიკვდილი შეამთხვია თავის ღვიძლ ძმას (აბელს), და – სიკვდილის კარნიც, შურის წყლულით რომ იღება (დაბადება თავი 4). უნახავს მას ნოეს ეს კიდობანიც, ჩაუძირველი მსოფლიო წარღვნის დროს, როცა ნოეს სახლობის გარდა მთელი კაცთა მოდგმა წარღვნის წყალთაგან წარწყმდა. უხილავს მას საკუთარი ხორცისა და სისხლის, ანუ ძის წინააღმდეგ დანა-შემართული წმიდა ბერიკაციც, რომელიც მზად იყო ღმერთისათვის მსხვერპლად შეეწირა იგი, მაგრამ შეჩერებულ იქნა უფლისაგან; უხილავს მას (იაკობის) კურთხევაც, მიღებული მოპარვით (დაბადება თავი 22) და შემოქმედი ღმერთის შერკინებაც თავის მონასთან (დაბადება თავი 27). უნახავს (იოსების) ძმებს შორის შობილი შურიც, და ის მონობაც, რომელმაც მეფობა შესძინა იოსებს; უნახავს სიზმართა მეშვეობით განმზადებული სამეფო ტახტიც და განმცემი ძმებიც, რომელნიც მოქცეულ იქმნენ შიმშილისაგან (დაბადება თავი 42 და 43). უნახავს სასწაულთმოქმედი კვერთხი და მაყვალი შეუწველი, დაფარული, ვითარცა ნამით, საღმრთო ცეცხლით; უნახავს სჯულისმდებელი მოსე, რომელიც მბრძანებლობდა სტიქიებს. უნახავს წყალნიც, ქვასავით მყარად ქცეულნი, ღრმა ზღვაც – შუაზე გაპობილი და გზაც – ანაზდად განმზადებული, აგრეთვე ცათაგან გარდამოსული სვეტიც – დღისით ღრუბლით მოსილი, ღამით კი განათებული, რომელიც წინამძღვრობდა ხალხის დიდ სიმრავლეს; უნახავს კვერთხი, უმიწოდ და უწყლოდ განედლებულ – გაყვავებული; უნახავს მანანაც, პურის სანაცვლოდ მოცემული ზეციდან; უნახავს კაცობრივი ლოცვით, ვითარცა რამ აღვირით, შეჩერებული მზეც (ისუ ნავე თავი 10) და წინასწარმეტყველის (სამოელის) ჩასახვაც, გამოთხოვილი უფლისაგან უნაყოფო დედის ლოცვა-ვედრებით; უნახავს ერთი მუჭა ფქვილიც, უფრო მეტი, ვიდრე მრავალი ბეღლის პურია, და ქილა ზეთიც, უფრო უხვი, ვიდრე წყაროთა წყალია (III მეფეთა 17:10-16); უნახავს ჰაეროვან სივრცეში გაქანებული ეტლიც, რომელიც ზეცად აღიტაცებდა წინასწარმეტყველ ელიას (IV მეფეთა თავი 2); უნახავს, კვალად ისიც, თუ როგორ განკურნავდა და აღადგენდა სიცოცხლეს მკვდრის ძვლები (IV მეფეთა 13:20-21[2]), – კაცობრივ ცხოვრებას ბევრი რამ უხილავს ასეთი, დიდი და საკვირველი. მაგრამ ეს ყოველივე წარხდა და განქარდა, ვითარცა ბალახი, და ჩაქრა, როგორც ლამპარი მზის ამოსვლისას.  მოციქულთა საქმე კი სულ სხვაა, რამეთუ არსად არასდროს ყოფილა უფლის მოციქულების მსგავსი რამ ამქვეყნად! მათ, ვითარცა ღმრთის სიტყვის მსახურთ, იმასთან ჰქონდათ ურთიერთობა-ხორციელ-ქმნილთან და განკაცებულთან, ვისაც, როგორც ღმერთს, არ აქვს სახე (რამეთუ იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება მიუწვდომელი და გამოუსახველია); ისინი მისდევდნენ იმას, ვინაც, ამქვეყნად მოარული, ყველგან მყოფია; ისინი ინახით ისხდნენ ხოლმე მასთან ერთად, ვისაც ვერანაირი ადგილი ვერ დაიტევს; მათ ესმოდათ ხმა იმისა, ვინაც სიტყვით შექმნა ყოველივე. ამიტომაც წმიდა მოციქულებმა ენით, ვითარცა ერთგვარი ბადით, მთელი ქვეყნიერება მოიცვეს. თავიანთი სამახარებლო მოგზაურობების დროს მათ სიმრგვლივ დედამიწის ყველა კიდე მოიარეს. მათ აღმოფხვრეს ადამიანთა შეცთომილებანი, ვითარცა ღვარძლი; მოსპეს საკერპე ბომონები, როგორც სარეველა ბალახი; შემუსრეს კერპები, როგორც გარეული მხეცები; განდევნეს დემონები, როგორც ბოროტი მგლები. მოციქულებმა დააფუძნეს ერთიანი ეკლესია – როგორც ერთი სამწყსო და ერთად შეკრიბეს ყოველნი მართლმადიდებელნი მორწმუნენი ქრისტესი, ვითარცა იფქლი . მათ ამოძირკვეს მწვალებლობანი როგორც ეკალ-ბარდი, განახმეს ჰურიაობა ვითარცა თივა, ცეცხლით დაწვეს ბერძნული გამონაგონნი და ქანდაკნი, ვითარცა რაღაც მცენარენი. მოციქულებმა უფლის ჯვარით, ვითარცა რამ გუთნით, მოხსნეს ადამიანური ბუნება და ღვთის სიტყვა დათესეს მასში, ვითარცა კეთილი თესლი. დაბოლოს, მათი ყველა საქმე ვარსკვლავებივით გაბრწყინდა. ამიტომაც უთხრა მათ უფალმა სავსებით ცხადად: „თქვენ ხართ ნათელი სოფლისა” (მათესაგან 5:14). რამეთუ აღმოსავლეთის ნათელი ქრისტიანი ადამიანისათვის არის სწორედ ის, ვინც ქალწულისაგან იშვა. დილაც მისთვის ისაა, ვინც დასაბამი დაუდო ნათლის-ღებას. დღის ნათლის გაბრწყინება არის ღვთაებრივი მადლი ჯვარცმული ქრისტესი. სხივები – სწორედ ის საკვირველი ცეცხლოვანი ენებია, მოციქულებზე რომ გარდამოხდა სულთმოფენობის ჟამს. ეს დღე – მომავალი დაუსრულებელი საუკუნეა. შუა დღის ჟამი ისაა, როცა უფალი ჯვარზე იყო მიმსჭვალული. დასავლეთი – მისი საფლავად ყოფნაა. მწუხრი არის ეს ხანმოკლე, ხორციელი სიკვდილი. მზის გაბრწყინება – არის ბრწყინვალე აღდგომა მკვდრეთით. „თქვენ ხართ ნათელი სოფლისა!” – უთხრა მოციქულებს უფალმა. მაშ, შეხედე ამ მნათობთ და შეძრწუნდი მათი ბრწყინვალების გამო! უჭვრიტე მათ და აღფრთოვანდი, ჰოი, კაცო!… ამიტომაც იყო, რომ როცა აწ ხსენებულმა ანდრიამ ჰპოვა უფალი ყოველთა, ვითარცა ერთგვარი საუნჯე ნათლისა, აღტაცებით მიმართავდა თავის ძმას პეტრეს: – ვპოვეთ მესია – ქრისტე!  ჰოი, ძმათა სიყვარულის აღმატებავ! ჰოი, უკუმიქცევავ წესრიგისა! – რამეთუ ანდრია პეტრეს შემდგომ იშვა ცხოვრებად, და პირველმა სწორედ მან მიიყვანა პეტრე სახარებასთან და თითქოსდა მოინადირა იგი, როცა უთხრა… ჩვენც ვპოვეთ ქრისტეო. ეს უდიდესი სიხარულისაგან იყო ნათქვამი, ეს იყო მხიარულებასთან შეერთებული ხარება უდიდესი საუნჯის პოვნის გამო. ამით თითქოსდა ნათქვამი იყო: ჩვენ უკვე ვპოვეთ ეს საუნჯე – აღთქმული მესია, ქრისტე! ამიტომაც განეშორე, პეტრე, წინადაცვეთის სიგლახაკეს, რამეთუ ძველი აღთქმის წეს-ჩვეულებანი თავისთავად ვერ ანიჭებენ ადამიანს ხსნას; გათავისუფლდი სჯულის ძველ, დაფლეთილ შესამოსელთაგან, ჩამოიცილე მისი წერილნი (სჯულის გარეგანი დადგინებანი), რამეთუ სჯული თავისთავად ვერ ანიჭებს ადამიანს მადლმოსილ ძალთ! უმნიშვნელო რაიმედ ჩათვალე ყოველივე ეს! უგულებელყავი ყოველივე აწინდელი, მთელი ეს ამქვეყნიური ცხოვრება – ვითარცა რამ სიზმარი, და მოიძაგე ბეთსაიდა (შენი მშობლიური ქალაქი), ვითარცა ცუდი, უხმარი და უარყოფილი ადგილი! დასტოვე ეგ ბადენი, როგორც იარაღი სიღატაკის წინააღმდეგ! მიატოვე ნავიც, ვითარცა სამკვიდრებელი წარღვნის ჟამს! თავი გაანებე თევზის ჭერას, როგორც იმ ხელობას, ზღვის ღელვას რომ ექვემდებარება, და თევზთაც, როგორც მუცელღმერთობისა და ნაყროვანების საშუალებას; ზურგი აქციე იუდეველობას, ვითარცა თავის განდიდებას ღმერთის წინაშე, კაიაფას – ვითარცა მამას მზაკვარი საკრებულოსი! ჩვენ ვპოვეთ მესია – ქრისტე, რომლისთვისაც საღმრთო სჯული გვიღაღადებდა თავისი სწავლებით, როგორც საყვირით! ჩვენ ვპოვეთ საუნჯე საღმრთო სჯულისა! ჰოდა, განეშორე, პეტრე, ძველი სჯულის სიგლახაკეს! – ჩვენ ვპოვეთ მესია- ქრისტე! , რომელსაც წინასახეობრივად და სხვადასხვა ნიშნებით მოასწავებდნენ ძველი აღთქმის სხვადასხვა მოვლენები (ისააკის მსხვერპლად შეწირვა, მაყვალი შეუწველი, საპასექო კრავი, ღრუბლისა და ნათლის სვეტი, აარონის განედლებული კვერთხი, სპილენძის გველი, მოსეს მიერ ძელზე გაკრული და ჯვარის სახედ აღმართული გველთაგან დაგესლილ ისრაელიანთა სახსნელად; წინასწარმეტყველ იონას სამდღიანი ყოფნა ვეშაპის სტომაქში და მრავალი სხვა), – ვპოვეთ მესია, რომელიც მიქეა წინასწარმეტყველმა დიდების საყდარზე მჯდომარე იხილა (მიქეა 4:1-3); რომელსაც ესაია წინასწარმეტყველიც ჭვრეტდა სერაფიმებსა ზედა (ესაია 6:1-3); რომელიც იეზეკელ წინასწარმეტყველა იხილა ღრუბლებზე (დანიელი 7:13-14); რომელიც ნაბუქოდონოსორმაც იხილა იმ ღუმელში, სადაც სამი ისრაელელი ყრმა უნდა დაეწვათ (დანიელი 3:92[3]); რომელიც აბრაჰამმა მიიღო თავის კარავში (დაბადება თავი 16); რომელსაც იაკობი არ უშვებდა ხელს, ვიდრე კურთხევა არ მიიღო მისგან (დაბადება 32: 24-32), რომლის „ზურგიც” მოსემ იხილა კლდესა ზედა, რამეთუ უფლის პირის ხილვა ვერ ძალ-ედვა (გამოსვლათა 33:18-23), – აი, ეს აღთქმული მესია ვპოვეთ ჩვენ, დაუსაბამოდ შობილი და უკანასკნელთა ამათ დღეთა ქვეყნად მოვლენილი!

ო, რა დიდია ეს საუნჯე, რა უსაზღვროდ აღსავსე, რამეთუ მის სისავსეს ვერაფერი ვერ გამოლევს! ეს სიმდიდრენი არ ექვემდებარებიან ნივთიერების ბუნებას, მათმა არსობრიობამ არ უწყის დასაბამი და მათი თვით პოვნაც – სიახლეა. „ვპოვეთ მესია, რომელს არს თარგმანებით ქრისტე!” – უთხრა ანდრიამ პეტრეს, ანუ ვპოვეთ ცხებულიო. ცხებულნი ბევრნი იყვნენ და არიან, მაგრამ ყველა ისინი მოკვდავებია. ცხებული იყო აბრაჰამი, მაგრამ განიხრწნა საფლავად; ისააკიც ცხებული იყო, მაგრამ მისი ძვლები მიწაში ალაგია! იაკობიც ცხებული იყო, მაგრამ – მოკვდავი. მოსეც ცხებული იყო, მაგრამ მიწაში იქნა დაფლული, ოღონდ – სად, ეს არ ვიცით. მსგავსად ამისა, დავით მეფეც ცხებული იყო, მაგრამ იგიც სიკვდილის ნადავლი შეიქნა. ყველა ისინი სიკვდილის ტყვეები იყვნენ. ერთი იესო ქრისტეა – უკვდავი ცხებული, ჭეშმარიტი ღმერთი თავისი ბუნებით, რომელსაც უდიდესი მოწყალებით ადამიანებისადმი საღმრთო ბეჭდით აღბეჭდა ქალწულის სხეული, როცა ხორციელად იშვა მისგან და განკაცდა, და ეს მეთევზურნიც თავისმიერ კურნებათა და სასწაულთა წყაროდ აქცია.

მისი არს ხელმწიფება, სუფევა, დიდება და თაყვანისცემა თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. 
რუსულიდან თარგმნა ვასილ ბურკაძემ
ნაშრომი აღებულია წიგნიდან: „უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მოციქულთა ცხოვრება”.
წყარო: theologia.ge
ხატის ავტორი: ანდრეი რუბლოვი