«საუფლო ლოცვა»

პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი

sauflo-locva
გადმოწერა:

 „მამაო ჩვენო”

 ქრისტემ ადამიანებს დაუტოვა მხოლოდ ერთი ლოცვა, რომელიც ამის გამო, ჩვეულებისამებრ, „საუფლო ლოცვად” იწოდება. თხოვნის – „უფალო, გუასწავე ლოცვაჲ” (ლუკა, 11:1), პასუხად მან მოწაფეებს შემდეგი ლოცვა ასწავლა: „მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა. პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს და მომიტევენ ჩუენ თანა-ნადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანა-მდებთა მათ ჩუენთა, და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან, რამეთუ შენი არს სუფევაჲ და ძალი და დიდებაჲ საუკუნეთა მიმართ. ამენ” (შდრ.: მათე, 6, 9-13, ლუკა, 11:2-4).
 ეს საუფლო ლოცვა უწყვეტად მეორდება უკვე ორი ათასი წელიწადია. არ არის საათი, არ არსებობს წუთიც კი, როცა დედამიწის რომელიმე წერტილში ადამიანები არ წარმოთქვამდნენ ამ ლოცვას, არ იმეორებდნენ სწორედ იმ სიტყვებს, რომელიც ოდესღაც წარმოთქვა თვით ქრისტემ და, ამიტომაც, არ არის უკეთესი გზა ქრისტიანული რწმენისა და ქრისტიანული ცხოვრების თვით არსის შესამეცნებლად, გარდა ამ მოკლე და ერთი შეხედვით ასეთი მარტივი ლოცვისა. მაგრამ, როგორც ჩანს, იგი თავისი სიღრმით არც ისე მარტივია, რაკი არაერთხელ მთხოვეს ამ ლოცვის განმარტება.
 ამ განმარტებას დავიწყებ, უპირველესად, იმის აღნიშვნით, რომ საუფლო ლოცვის შინაარსი ამოუწურავია და შეუძლებელია იგი განმარტო ერთხელ, საბოლოოდ. როგორც სახარება, ისე „მამაო ჩვენო” ყოველთვის ახლებურადაა მომართული ყოველი ჩვენგანისაკენ, და მომართულია ისე, თითქოს მხოლოდ ჩემთვის, ჩემი საჭიროებისათვის, ჩემი კითხვებისა და ჩემი ძიებისთვისაა შედგენილი. და, ამავდროულად, იგი მარადიული და უცვლელია თავისი არსით და ყოველთვის მოგვიწოდებს მთავარის, მარადიულისა და უმაღლესისაკენ.
 იმისათვის, რომ გაიგონო საუფლო ლოცვა და შენი გახდეს იგი, საჭიროა, უპირველესად, საკუთარ თავში დაძლიო ის შინაგანი გაფანტულობა, ყურადღების დანაწევრება, ის სულიერი მიშვებულობა, რომელშიც თითქმის ყოველთვის ვცხოვრობთ. ალბათ, ჩვენში ყველაზე საშინელი რამ არის ის, რომ ყოველთვის ვიმალებით ყოველგვარი ამაღლებულისა და სულიერად მნიშვნელოვანისაგან. ჩვენ, თითქოსდა, ქვეცნობიერად ვირჩევთ წვრილმანსა და ზედაპირულს: ასე ცხოვრება ადვილია. გახსოვთ, ტოლსტოისთან, „ანა კარენინაში”, სახე სვიაჟსკისა, რომელსაც, თითქოსდა, ყველაფერი ესმოდა და ყველაფერზე შეეძლო მსჯელობა, მაგრამ როგორც კი საუბარი იწყებოდა მთავარზე, ცხოვრების აზრის შესახებ საკითხებზე, მასში რაღაც იხურებოდა და ამ დამცავი ზღურბლის მიღმა იგი არავის უშვებდა. ეს ტოლსტოის მიერ გენიალური სიზუსტითაა შენიშნული.
 მართლაც, ძალიან ბევრი ძალისხმევაა ჩვენში მიმართული, რათა ჩავახშოთ შინაგანი ხმა, რომელიც გვეძახის მთავართან შესახვედრად! მაშ ასე, აუცილებელია თუნდაც მინიმალური ძალისხმევა, რათა მოიპოვო ის ჰარმონია, სულისა და გონების ის განწყობა, რომელშიც ეს ლოცვათა ლოცვა არა მხოლოდ იწყებს “ხმოვანებას”, ჩვენთვის ჟღერას, არამედ იხსნება თავისი უღრმესი მნიშვნელობით და ხდება საარსებო წყარო, სულის საზრდო.
 ამგვარად, როგორც კარგად ამბობენ, მოვიკრიბოთ სულიერი ძალ-ღონე და დავიწყოთ. დავიწყოთ ამ მოკლე მიმართვით, რომელიც ერთდროულად არის მოწოდებაცა და მტკიცებაც: “მამაო ჩუენო.” პირველი, რასაც გამოუცხადებს ქრისტე იმათ, ვინც მას თხოვს ლოცვის სწავლებას, პირველი, რასაც იგი უტოვებს, როგორც შეუფასებელ ძღვენსა და ნუგეშს, სიხარულსა და შთაგონებას, არის შესაძლებლობა, დაუძახო ღმერთს „მამა”, შეიმეცნო იგი როგორც „მამა”. რას აღარ ფიქრობდა ადამიანი ღმერთზე, რა თეორიები არ შექმნა! რა არ უწოდა მას – „აბსოლუტი” და „პირველმიზეზი”, „უფალი” და „ყოვლისმპყრობელი”, „შემოქმედი” და „შურისმგებელი”, „უზენაესი არსება” და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ. და თითოეულ ამ თეორიაში, თითოეულ ამ სახელდებაში, რა თქმა უნდა, არის ჭეშმარიტების მარცვალიც, ნამდვილი გამოცდილებაც, მჭვრეტელობის სიღრმეც. მაგრამ, აი, ერთი სიტყვა „მამა” და მასზე დართული „ჩუენო” თავის თავში მოიცავს ყველა ზემოთქმულ განსაზღვრებას და ამავდროულად წარმოგვიდგენს მას, როგორც სიახლოვეს, როგორც სიყვარულს, როგორც ერთადერთ, განუმეორებელ და სასიხარულო კავშირს. „მამაო ჩუენო“ – აქ არის სიყვარულის ცოდნაც, სიყვარულზე პასუხიც, აქ უკვე არის სიახლოვის გამოცდილებაცა და ამ გამოცდილების სიხარულიც, აქ რწმენა იქცევა ნდობად, დაქვემდებარება გარდაიქმნება თავისუფლებად, სიახლოვე წარმოჩნდება სიხარულად. ეს უკვე აღარ არის ვარაუდები ღმერთზე, ეს უკვე ღმერთის ცოდნაა, სიყვარულში, ერთობასა და ნდობაში ღმერთთან ურთიერთობაა. რადგან თვით ქრისტემ თქვა: „და ესე არს ცხორებაჲ საუკუნო, რაჲთა გიცოდიან შენ მხოლოჲ ჭეშმარიტი ღმერთი” (იოანე, 17:3[1]).
 ეს მიმართვა, შესაბამისად, არის არა მხოლოდ დასაწყისი, არამედ ნამდვილი საფუძველიც მთელი ლოცვისა – ის, რაც შესაძლებელს ხდის ყველა სხვა თხოვნის აღსრულებას და რაც ამ თხოვნებს შინაარსით აღავსებს. ქრისტიანობა არის რელიგია მამობისა, ამ სიტყვის ყველაზე ღრმა და პირველადი მნიშვნელობით, და ეს ნიშნავს, რომ იგი ეფუძნება არა გონებისმიერ ვარაუდებსა და ფილოსოფიურ მტკიცებებს, არამედ იმ სიყვარულის (და, ამასთანავე, როგორც პირადი სიყვარულის) გამოცდილებას, რომელსაც ვგრძნობთ როგორც ჩვენს ცხოვრებაზე გარდამომდინარეს.
 ყველაფერი ეს ნათქვამია, ყველაფერი ეს ფესვგადგმულია, ყოველივე ეს ცოცხლობს საუფლო ლოცვის საწყის მიმართვაში: „მამაო ჩუენო.” ამ მიმართვის წარმოთქმის შემდეგ ვუმატებთ:

 „რომელი ხარ ცათა შინა”

რომელიც ხარ ცაში. და ამით მთელი ლოცვა (ხოლო ლოცვაში მთელი ჩვენი ცხოვრებაც) მიმართულია ზევითკენ, აღმართულია ზეცისკენ, რადგან ზეცა, ცხადია, – ის ვერტიკალური განზომილებაა ცხოვრებისა, სულიერისა და ამაღლებულისადმი ადამიანის ის მიმართებაა, რომელიც ასე სძულთ იმათ და რომელზედაც ასე ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით მასხარაობენ ისინი, რომლებსაც ადამიანი დაჰყავთ მხოლოდ ცხოველურ და მატერიალურ არსებამდე. ეს არ არის ფიზიკური ან ასტრონომიული ზეცა, როგორც ამის დამტკიცებას მუდამ ცდილობენ უღმერთობის სახაზინო პროპაგანდისტები, – ესაა ზეცა, როგორც ადამიანის სიცოცხლის უმაღლესი პოლუსი: მამაო, რომელი ხარ ცათა შინა. ეს არის ადამიანის რწმენა საღმრთო სიყვარულისადმი, რომელიც განვრცობილია მთელ სამყაროში და რომლითაც განმსჭვალულია მთელი სამყარო. ესაა რწმენა იმ სამყაროსი, რომელიც არის ასახვა, პასუხი, ანარეკლი ამ ღვთაებრივი სიყვარულისა; ესაა რწმენა ზეცისა, რომელიც არის ადამიანის დიდებისა და ღირსების საბოლოო მოწოდება, რომელიც არის მარადიული სახლი ადამიანისა. ყოველივე ამის სასიხარულო მტკიცებით, ყოველივე ამისადმი სასიხარულო მიმართვით იწყება ლოცვა, რომელიც თვით ქრისტემ დაგვიტოვა როგორც გამოხატულება ჩვენი ღვთისძეობისა. „მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა”.

„წმინდა იყავნ სახელი შენი” 

 საზეიმო, სიხარულითა და სიყვარულით აღსავსე მიმართვას – „მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა”, მოჰყვება პირველი თხოვნა, რომელიც ასე ჟღერს: „წმინდა იყავნ სახელი შენი.” რაზე ვლოცულობთ, რას ვითხოვთ, რა გვინდა ამ სიტყვების წარმოთქმით? რას ნიშნავს ღმერთის სახელის წმინდად ყოფნა?
 დარწმუნებული ვარ, სამწუხაროდ, მორწმუნეთა უმრავლესობა ამ სიტყვების წარმოთქმისას საერთოდ არ ფიქრობს მათზე. რაც შეეხება ურწმუნოებს, ისინი, ალბათ, კიდევ ერთხელ აიჩეჩავენ მხრებს ამ გაუგებარი სიტყვების მოსმენისას. ოდითგანვე ადამიანი „წმინდას” უწოდებდა იმას, რასაც აღიარებდა, როგორც უმაღლეს ღირებულებას, რომელიც მოითხოვდა თაყვანისცემას, აღიარებას, აღტაცებას, მადლიერებას, და რომელიც, ამასთანავე, მიიზიდავდა მისკენ, რომელიც იწვევდა სწრაფვას დაუფლებისა და სიახლოვისაკენ. ჩვენ ვსაუბრობთ სამშობლოს „წმინდა გრძნობაზე”, მშობლებისადმი „წმინდა სიყვარულზე”, სილამაზის, სრულყოფისა და მშვენიერებისადმი „წმინდა თრთოლვაზე”. წმინდა, შესაბამისად, ესაა ამაღლებული, სუფთა, რაც მოითხოვს ადამიანში არსებულ ყოველივე საუკეთესოს – საუკუთესო გრძნობების, საუკეთესო მისწრაფებებისა და იმედების ძალისხმევას. და განსაკუთრებულობა იმისი, რასაც ვუწოდებთ “წმინდას”, სწორედ იმით გამოიხატება, რომ სიწმინდე ჩვენგან მოითხოვს არა მხოლოდ აღიარებას, არამედ სიწმინდესთან შესატყვის ცხოვრებასა და მოქმედებასაც. იმის აღიარება, რომ ორჯერ ორი ოთხია, ან იმისი, რომ წყალი დუღდება რაღაც ტემპერატურაზე, ჩვენ არ გვაქცევს არც უკეთესებად, არც უარესებად. ეს შეიძლება აღიაროს მართალმაც და არამზადამაც, გენიოსმაც და სულელმაც. მაგრამ თუ აღმოვაჩინეთ სიწმინდე სილამაზის სახით, ან ზნეობრივი სრულყოფილების სახით, სამყაროს არსის სიღრმისეული ინტუიციის სახით, ეს აღმოჩენა ჩვენგან დაუყოვნებლივ მოითხოვს რაღაცას, რაღაცას ახდენს ჩვენში, გვავალდებულებს, სადღაც გვეძახის, გვიტაცებს.
 ამის შესახებ ასე მშვენივრად და, ამასთანავე, ასე უბრალოდ წერდა პუშკინი თავის სახელგანთქმულ ლექსში „მე მახსოვს წამი, წამი გრძნეული…” პოეტს დაავიწყდა „წამიერი ხილვა”, რადგან

„… Бурь порыв мятежный
Рассеял прежные мечты.”
მაგრამ შემდეგ:
„Душе настало пробужденье:
И вот опять явилась ты,
как мимолетное виденье,
как гений чистой красоты.
И сердце бьеться в упоенье,
И для него воскресли вновь
И Божество, и вдохновенье,
И жизнь, и слезы, и любовь.”


 აქ აღიწერება სიწმინდის, როგორც მშვენიერის განცდა. ეს განცდა ცვლის მთელ ცხოვრებას, აღავსებს მას, როგორც ამბობს პუშკინი, საზრისითა და აღმაფრენით, სიხარულითა და ღმრთეებით.
 რელიგიური განცდა არის განცდა სიწმინდისა ამ სიწმინდის ყველაზე წმინდა სახით. ყოველმა, ვისაც ასე თუ ისე მიეცა ეს განცდა, იცის, რომ ეს სიწმინდე მოითხოვს ცვლილებასა და შინაგან ფერისცვალებას და მსჭვალავს მთელ ცხოვრებას. მაგრამ ასევე ცნობილია, რომ ეს მოთხოვნა ეჯახება ჩვენი არსების ინერტულობას, სისუსტეს, წვრილმანობასა და, უპირველესად, თითქმის ინსტინქტურ შიშს სიწმინდის (ე. ი. ყველაზე ამაღლებულის, წმინდისა და ღვთაებრივის) წინაშე, რომლის შესახებაც მე უკვე აღვნიშნე წინა საუბარში. სული და გული, თითქოსდა, განმსჭვალულია ამ სიწმინდით, მათში აღინთება აღმაფრენა – მისწრაფება, მთელი ცხოვრება გახადო ამ სიწმინდის შესატყვისი. მაგრამ აი, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ჩვენში აღმოვაჩენთ კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება ამ მისწრაფებას (იხ.: რომ. 7:23[2]).
 „წმინდა იყავნ სახელი შენი” – ესაა ღაღადება ადამიანისა, რომელმაც დაინახა და შეიმეცნა ღმერთი და რომელმაც იცის, რომ ამ ხილვაში, ამ ცოდნაში არის სწორედ ჭეშმარიტი ცხოვრება, და ჭეშმარიტი შთაგონება, და ჭეშმარიტი ბედნიერება.
 „წმინდა იყავნ სახელი შენი” – ნიშნავს: დაე, ყოველივე სამყაროში და, უპირველესად, მთელი ჩემი ცხოვრება, ჩემი საქმენი, ჩემი სიტყვანი იყოს ასახვა ამ წმინდა და ზეციური სახელისა, რომელიც გვეუწყა და მოგვენიჭა ჩვენ. დაე, კვლავ გახდეს ცხოვრება სინათლისაკენ აღმასვლა და თრთოლვა, სიკეთის განდიდება და ძალმოსილება. დაე, ყოველივე აღივსოს საღმრთო საზრისითა და საღმრთო სიყვარულით.
 „წმინდა იყავნ სახელი შენი” – ეს არის, აგრეთვე, ვედრება ამ აღმასვლისა და ფერისცვალების ძნელ ღვაწლში დასახმარებლად, რადგან ყოველმხრივ გარს გვარტყია და ჩვენშიც გვძლევს სიბნელე, ღვარძლი, წვრილმანობა, ზედაპირულობა, ამაოება. ყოველ აღმასვლას დაცემა მოჰყვება, ხოლო ყოველ ძალისხმევას – სისუსტისა და უიმედობის ისეთი შეტევა, რომელზედაც მწარედ თქვა ოდესღაც ტიუტჩევმა: „Жизнь, как подстреленная птица, подняться хочет – и не может”.
 განცდა სიწმინდისა – ეს იდუმალი „შეხება სხვა სამყაროსთან”, ეს „ხანმოკლე ხილვა… წმინდა სილამაზისა” – კი არ აადვილებს, არამედ აძნელებს ცხოვრებას, და მაშინვე გეუფლება შური იმ ადამიანებისა, რომლებიც მარტივად და მხნედ ცხოვრობენ, რომლებიც ჩაფლულნი არიან ამაოებაშიცა და ცხოვრების წვრილმანებშიც, ყოველგვარი შინაგანი ბრძოლების გარეშე. თუმცა მხოლოდ ამ ბრძოლაში აღასრულებს ნამდვილად ადამიანი თავის მაღალ მოწოდებას, მხოლოდ აქ, ამ ძალისხმევაში, ამ აღმასვლებსა და დაცემებში შეიძლება იგრძნო თავი ადამიანად.
 აი, ყოველივე ამის შესახებ არის საუფლო ლოცვის პირველი თხოვნა. ასეთი მოკლე, ერთდროულად ასეთი სასიხარულოცა და ძნელიც: „წმინდა იყავნ სახელი შენი.” ჩემში არსებული ყველაფერი საუკეთესო არა მხოლოდ წარმოთქვამს ამ სიტყვებს, არამედ ჭეშმარიტად ცხოვრობს ამ სიტყვებით; ყოველივეს, ჩემში არსებულს, სურს ახალი ცხოვრება, ცხოვრება, რომელიც ანათებს და იწვის, როგორც წმინდა ცეცხლი, რომელიც წვავს ყველაფერს უწმინდურს, უღირსს, რომელიც შეუფერებელია ჩემთვის მონიჭებული ხილვისათვის და რომელიც ქვემოთ მიმათრევს. ღმერთო ჩემო, როგორი მძიმეა ეს თხოვნა, როგორი მძიმე უღელი დაგვაკისრა ქრისტემ, დაგვიტოვა რა იგი და გამოგვიცხადა, რომ იგია ერთადერთი საკადრისი, და, ამიტომაც, ჩვენი უპირველესი ლოცვა ღმერთისადმი! როგორ იშვიათად წარმოვთქვამთ ამ სიტყვებს ამის გაცნობიერებით; და მაინც, კარგია, რომ მას კვლავ და კვლავ ვიმეორებთ, რადგან მანამ, სანამ სამყაროში ისმის – „წმინდა იყავნ სახელი შენი,” სანამ არ არის დავიწყებული ეს სიტყვები, ბოლომდე არ განიძარცვება ადამიანი ადამიანობისაგან, ბოლომდე არ უღალატებს ადამიანი იმას, რისთვისაცაა მოწოდებული და რისთვისაც შექმნა იგი ღმერთმა. 


„მოვედინ სუფევაჲ შენი”

 საუფლო ლოცვის მეორე თხოვნა ასე ჟღერს: „მოვედინ სუფევაჲ შენი.” ისევე როგორც პირველ თხოვნასთან – „წმინდა იყავნ სახელი შენი” – დაკავშირებით, აქაც გონივრულია კითხვის დასმა: რას გულისხმობს ამ სიტყვებში ადამიანი, ქრისტიანი, მორწმუნე ამ ლოცვის წარმოთქმისას, რაზე და რისკენაა მიმართული ამ წუთებში მისი ცნობიერება, მისი იმედი და მისი სურვილი? ვშიშობ, რომ ამ კითხვაზე პასუხი ისევე ძნელია, როგორც წინა – პირველ თხოვნასთან დაკავშირებულ კითხვაზე.
 ოდესღაც, ქრისტიანობის დასაწყისში, ამ თხოვნის არსი მარტივი იყო, უფრო სწორად, შეიძლება ითქვას, იგი იყო ქრისტიანთა რწმენასა და იმედში მთავარი არსის ხორცშესხმა და გამოხატვა. რადგან საკმარისია სახარების ერთხელ წაკითხვა, რათა დარწმუნდე, რომ ქრისტეს ქადაგებისა და მოძღვრების გულისგულში დგას ღვთის სასუფევლის ცნება. მოვიდა ქრისტე სასუფევლის ხარების საქადაგებლად და თქვა: „შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაჲ” (მათე, 4:17). ქრისტეს თითქმის ყველა იგავი ღვთის სასუფევლის შესახებაა. ქრისტე სასუფეველს ადარებს
 საგანძურს, რომლის შესაძენად ადამიანი ჰყიდის ყველაფერს, რაც აბადია; ადარებს მარცვალს, რომლისგანაც იზრდება ჩრდილისმომცემი ხე; ადარებს საფუარს, რომელიც აფუებს მთელ ცომს. ყოველთვის და ყველგან ეს არის ერთდროულად იდუმალი და მიმზიდველი შეპირება, უწყება, მიწვევა ღვთის სასუფეველში. „ხოლო თქუენ ეძიებდეთ პირველად სასუფეველსა ღმრთისასა…” (მათე, 6:33), იყავით „ძენი სასუფეველისანი” (მათე, 13:38, იოანე, 12:36).
 ამიტომ, შესაძლოა, ქრისტიანობის ხანგრძლივ ისტორიაში ყველაზე საოცარი ისაა, რომ დღეს გვიხდება ამ გულისგულის, ცენტრალური ცნების, სახარებისეული ქადაგების ამ უმთავრესი შინაარსის ერთგვარად ხელახლა გაგება, თითქოს დავივიწყეთ ან სადღაც გზად დავკარგეთ იგი. მაგრამ როგორ ვილოცოთ ღვთის სასუფეველზე, როგორ ვუთხრათ ღმერთსა და საკუთარ თავს: „მოვედინ სუფევაჲ შენი”, თუკი ჩვენ თვითონ არ ვიცით კარგად, რას ნიშნავს ეს სიტყვები?
 სირთულე აქ, უპირველესად, ისაა, რომ თვით სახარებაში სასუფევლის ამ ცნებას ორმაგი მნიშვნელობა აქვს. ერთი მხრივ, სასუფეველი, თითქოს, მიემართება მომავალს, დასასრულს, მიღმიერს; იგი, თითქოსდა, შეესაბამება იმას, რასაც ქრისტიანობის შესახებ საუბრობენ მისი მტრები – უღმერთობის პროპაგანდისტები, კერძოდ, რომ ქრისტიანობას სიმძიმის ცენტრი გადააქვს სხვა, იმქვეყნიურ სამყაროში და ამიტომ გულგრილი რჩება ამქვეყნიური ბოროტებისა და უსამართლობისადმი, ამიტომ ქრისტიანობა, თითქოს, არის იმქვეყნიური სამყაროს რელიგია. თუ ეს ასეა, მაშინ ლოცვა – ,,მოვედინ სუფევაჲ შენი” – არის ლოცვა სამყაროს დასასრულზე, მის გაქრობაზე, ლოცვა სწორედ ამ მიღმიერი, იმქვეყნიური სამყაროს დადგომაზე.
 მაგრამ მაშინ რატომ საუბრობს ქრისტე იმის შესახებაც, რომ სასუფეველი მოახლოვდა, ხოლო თავის მოწაფეთა კითხვაზე პასუხობს, რომ სასუფეველი მათ შორისაა და მათშია (იხ. ლუკა, 17:21)? ხომ არ მიუთითებს ეს იმაზე, რომ სასუფევლის ცნება არ შეიძლება გაიგივდეს იმქვეყნიურ სამყაროსთან, რომელიც უნდა დადგეს მომავალში, ჩვენი მიწიერი სამყაროს კატასტროფული დასასრულისა და დაქცევის შემდეგ?
 სწორედ აქ ვუახლოვდებით მთავარს. რადგან თუ გადავეჩვიეთ სასუფევლის ხარების გაგებას და არ ვიცით, რას ვლოცულობთ საუფლო ლოცვის სიტყვების წარმოთქმით – “მოვედინ სუფევაჲ შენი,” ეს იმიტომ, რა თქმა უნდა, რომ ვივიწყებთ და, რატომღაც, არ გვესმის ეს სიტყვები მთელი სისრულით. ჩვენ ყოველთვის ვიწყებთ საკუთარი თავიდან, საკუთარი თავის შესახებ კითხვებით, თვით ეგრეთ წოდებული “მორწმუნე” ადამიანი ხშირად რელიგიით დაინტერესებული ჩანს იმდენად, რამდენადაც რელიგია პასუხობს კითხვებს მის შესახებ: “უკვდავია თუ არა ჩემი სული, ნუთუ სიკვდილით ყველაფერი მთავრდება, ან, შესაძლოა, არის თუ არა რაიმე იქ – უცნობ სამყაროში საშიში და იდუმალი ნახტომის შემდეგ?” მაგრამ სახარება ამის შესახებ არაფერს ამბობს. იგი სასუფეველს უწოდებს ადამიანის შეხვედრას ღმერთთან, რომელიც არის ჭეშმარიტი სიცოცხლე და ყოველი სიცოცხლის სიცოცხლე, რომელიც არის ნათელი, სიყვარული, გონება, სიბრძნე, მარადიულობა. სახარება ამბობს, რომ სასუფეველი მოდის და იწყება მაშინ, როცა ადამიანი ხვდება ღმერთს, შეიმეცნებს მას და სიყვარულითა და სიხარულით უძღვნის თავის თავს ღმერთს. სახარება ამბობს, რომ ღვთის სასუფეველი მოდის მაშინ, როცა ჩემი ცხოვრება სრულად ივსება ამ ნათლით, ამ ცოდნით, ამ სიყვარულით და, ბოლოს, სახარება ამბობს, რომ ადამიანისათვის, რომელმაც განიცადა ეს შეხვედრა და ამ საღმრთო სიცოცხლით აღავსო თავისი სიცოცხლე, ყველაფერი, თვით სიკვდილის ჩათვლით, ახლებურად წარმოჩინდება, რადგან იგი, რასაც ადამიანი ხვდება, და იგი, რითიც აღივსება ადამიანის სიცოცხლე აქ, ახლა, დღეს, არის თვით მარადიულობა, თვით ღმერთი.
 რის შესახებ ვლოცულობთ, როცა წარმოვთქვამთ ამ შეუდარებელ სიტყვებს მთელ სამყაროში: „მოვედინ სუფევაჲ შენი”? უპირველესად, რა თქმა უნდა, იმის შესახებ, რომ ეს შეხვედრა შედგეს ახლა, ამქვეყნად, რათა ამ გარემოებებში, ჩემს ამ ყოველდღიურობასა და რთულ ცხოვრებაში გაისმას: „მოახლოებულ არს თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲ” (ლუკა, 9:11) და რათა გაბრწყინდეს ეს ჩემი ცხოვრება სასუფევლის ძალითა და ნათლით, რწმენის ძალითა და ნათლით, რწმენით, სიყვარულითა და იმედით. ვლოცულობთ იმის შესახებ, რომ მთელმა ქვეყნიერებამ, რომელიც ასე ცხადად ძევს და მყოფობს ბოროტებასა და შიშში, სევდასა და ამაოებაში, დაინახოს და აღიქვას ეს ნათელი, რომელიც ამქვეყნად გაბრწყინდა ორი ათასი წლის წინ, როცა რომის იმპერიის შორეულ განაპირა მიწაზე გაისმა ის მარტოდმღაღადებელი, მაგრამ დღემდე მჟღერი ხმა: „შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაჲ” (მათე, 4:17). და კიდევ ვლოცულობთ, რომ დაგვეხმაროს ღმერთი, არ ვუღალატოთ ამ ნათელ სასუფეველს, არ განვუდგეთ მას ყოველ ჟამს, არ ჩავიძიროთ სიბნელეში, რომელიც მუდმივად გვითრევს; და ბოლოს, ვლოცულობთ, რომ მოვიდეს იგი, ეს სასუფეველი ღვთისა, „ძალითა“ (მარკოზ, 9:1[3]) – როგორც ამბობს ქრისტე.
 დიახ, ქრისტიანობაში ყოველთვის არის სწრაფვა მომავლისაკენ, მოლოდინი საყვარელის, იმედი საბოლოო ზეიმისა ქვეყანასა და ზეცაში: „…იყოს ღმერთი ყოვლად ყოველსა შინა” (შდრ.: 1 კორინთ. 15:28). „მოვედინ სუფევაჲ შენი”. ეს ლოცვაც კი არ არის: ეს გულისცემის რიტმია ყველასი, ვინც ცხოვრებაში ერთხელ მაინც იხილა, იგრძნო, შეიყვარა ნათელი და სიხარული ღვთის სასუფევლისა, ყველასი, ვინც იცის, რომ იგი არის დასაწყისი და დასასრული ყოველივე ცოცხალისა.

„იყავნ ნებაჲ შენი”

იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა” – დაე, იყოს შენი ნება როგორც ქვეყნად, ისე ზეცად. ასეთია საუფლო ლოცვის მესამე თხოვნა.
 ყველა თხოვნას შორის ეს თხოვნა გამოიყურება როგორც ყველაზე მარტივი, ყველაზე გასაგები. მართლაც, თუ ადამიანს სწამს ღმერთი, თითქოსდა, იგი, ცხადია, ემორჩილება ღმერთის ნებას და იღებს ამ ნებას, და სურს, რომ ღმერთის ნება უფლობდეს მის ირგვლივ, დედამიწაზე ისე, როგორც სავარაუდოდ უფლობს იგი ცათა შინაც. სინამდვილეში კი, რა თქმა უნდა, ეს თხოვნათა შორის ყველაზე ძნელი თხოვნაა. მე ვიტყოდი, რომ სწორედ ეს თხოვნა – „იყავნ ნება შენი” შეიცავს რწმენის მთავარ საზომს – საზომს, რომელიც გვაძლევს საშუალებას (უპირველესად საკუთარ თავში) განვასხვავოთ ნამდვილი რწმენა არანამდვილისაგან, ჭეშმარიტი რელიგიურობა ყალბისაგან. რადგან რეალურად მორწმუნე ადამიანსაც კი ძალიან ხშირად, თუ ყოველთვის არა, ღმერთისაგან, რომელიც (მისი მტკიცებით) სწამს მას, სურს და ელის, ითხოვს იგი თავისი, სწორედ თავისი და სრულიადაც არა ღმერთის ნების აღსრულებას. უფრო მეტიც, მხოლოდ ამიტომაც სწამს (ან ამბობს, რომ სწამს) ღმერთი.
 ამის საუკეთესო მტკიცება თვით სახარებაა, თხრობა ქრისტეს ცხოვრების შესახებ. ხომ დაჰყვება თავდაპირველად ქრისტეს ურიცხვი ხალხი? და იმიტომ ხომ არ დაჰყვება, რომ ქრისტე სწორედ მათ ნებას ასრულებს? კურნავს, ეხმარება, ანუგეშებს… მაგრამ როგორც კი ქრისტე იწყებს საუბარს მთავარზე – იმაზე, რომ მისმა მიმდევარმა უნდა უარყოს თავისი თავი, რომ უნდა უყვარდეს მტერი და უნდა დადოს თავი ძმათათვის, – როგორც კი მისი მოძღვრება ხდება მსხვერპლის გაღებისაკენ მოწოდება და იქცევა „შეუძლებლის” მოთხოვნად, როგორც კი, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქრისტე იწყებს სწავლებას, თუ რა არის ღმერთის ნება, ადამიანები ტოვებენ მას, უფრო მეტიც, მის მიმართ ღვარძლითა და სიძულვილით იმსჭვალებიან. ჯვართან ბრბოს ეს სისინი, ეს გაცოფებული ყვირილი: „ჯვარს-აცუ ეგე, ჯვარს-აცუ ეგე“ (ლუკა, 23:21) – განა იმის გამო არაა, რომ ქრისტემ არ აღასრულა ადამიანთა ნება? მათ სურდათ მხოლოდ განკურნება და დახმარება, ხოლო იგი საუბრობდა სიყვარულსა და მიტევებაზე. მათ სურდათ გადამთიელთა უღლისგან გათავისუფლება და მტერთა შემუსვრა, ხოლო იგი საუბრობდა ღვთის სასუფეველზე. მათ სურდათ, რომ ქრისტეს დაეცვა ადამიანური აკრძალვები, ხოლო იგი არღვევდა მათ, ჭამდა და სვამდა მეზვერეებთან, ცოდვილებთან და მემრუშეებთან. განა აქ – ქრისტეთი იმედგაცრუებაში არ არის იუდას ღალატის ფესვი და მიზეზი? იუდა ელოდა, რომ ქრისტე აღასრულებდა მის ნებას, ქრისტემ კი „ნებაყოფლობით”, ე.ი. თავისი ნებით მისცა თავი შეურაცხყოფისა და სიკვდილისათვის.
 ეს ყველაფერი სახარებაშია. მაგრამ შემდეგაც, ქრისტიანობის თითქმის ორიათასწლოვანი ისტორიის მანძილზე, თვით ჩვენს დრომდე, განა იგივეს არ ვხედავთ? რა გვინდა და რას ველით ქრისტესაგან ჩვენ ყველანი ერთად და თითოეული ჩვენგანი? ვაღიაროთ: ჩვენი ნების აღსრულებას. ჩვენ გვსურს, რომ ღმერთმა უზრუნველყოს ჩვენი ბედნიერება. ჩვენ გვინდა, რომ მან შემუსროს ჩვენი მტრები. ჩვენ გვსურს, რომ მან აღასრულოს ჩვენი ოცნებები და რომ მან სწორედ ჩვენ გვაღიაროს კარგებად და კეთილებად. და როცა ღმერთი არ აღასრულებს ჩვენს ნებას, ჩვენ აღვშფოთდებით და გაოცებას ვეძლევით და მზადა ვართ, კიდევ და კიდევ განვუდგეთ ღმერთს. „იყავნ ნება შენი,” მაგრამ რეალურად ვგულისხმობთ: „იყავნ ნება ჩვენი”, და ამიტომ საუფლო ლოცვის ეს მესამე თხოვნა არის, უპირველესად, ერთგვარი მსჯავრი ჩვენზე, ჩვენს რწმენაზე. ნამდვილად გვინდა თუ არა ღვთისა? ნამდვილად გვსურს თუ არა მივიღოთ ყოველივე საძნელო, რაც ასე ხშირად შეუძლებლად გვეჩვენება და რასაც ითხოვს ჩვენგან სახარება?
 და ეს თხოვნა ასევე არის შემოწმება ჩვენი სურვილისა და ცხოვრებისეული მისწრაფებისა: რა გვინდა? რა არის ჩვენი ცხოვრების მთავარი, საბოლოო ღირებულება, სწორედ ის საუნჯე, რომელზედაც თქვა ქრისტემ, რომ სადაც იქნება ეს საუნჯე, იქ იქნება ჩვენი გული? და თუ ქრისტიანობის ისტორია სავსეა ღალატით, ეს ღალატი არა იმდენად ადამიანთა ცოდვებსა და დაცემებშია (რადგან ცოდვილს ყოველთვის შეუძლია მოინანიოს, დაცემულს ყოველთვის ძალუძს წამოდგეს, ავადმყოფს ყოველთვის შეუძლია განიკურნოს), რამდენადაც ღმერთის ნების ჩვენი ნებით, ან შეიძლება ითქვას, ჩვენი თვითნებობით შეცვლაშია. სწორედ აქ იქცევა რელიგია ჩვენს ეგოიზმად და იგი სავსებით იმსახურებს ბრალდებებსა და მხილებებს.
 მაშინ იგი ხდება ფსევდორელიგია და, ალბათ, არ არსებობს დედამიწაზე უფრო საშინელი რამ, ვიდრე ფსევდორელიგიაა, რადგან სწორედ ამ ფსევდორელიგიამ მოკლა ქრისტე. ადამიანები, რომლებიც დასცინოდნენ ქრისტეს, რომლებმაც ჯვარცმასა და სიკვდილს მისცეს იგი, გულწრფელად თვლიდნენ საკუთარ თავს რელიგიურ ადამიანებად. მაგრამ მათგან ერთნი რელიგიაში ხედავდნენ ნაციონალურ აღმატებულობას, და ქრისტე, რომელიც საუბრობდა მტრებისადმი სიყვარულზე, მათთვის სახიფათო რევოლუციონერი იყო. მეორენი რელიგიაში ჭვრეტდნენ მხოლოდ სასწაულსა და გარეგან ძალას, ხოლო ჯვარზე გაკრული და გლახაკი მოძღვარი სამარცხვინო იყო ამგვარი რელიგიისთვის. და ბოლოს, მესამენი, იმედგაცრუებულნი იყვნენ ქრისტეთი, რადგან იგი ასწავლიდა არა იმას, რისი მოსმენაც მათ სურდათ. და ასე, ვიმეორებ, ხდებოდა და ხდება ყოველთვის. ამიტომ საუფლო ლოცვის მესამე თხოვნა ასე უსაზღვროდაა საჭირო.
 „იყავნ ნებაჲ შენი” – ეს ნიშნავს: მომეც ძალა, შემეწიე, რათა გავიგო, რა არის შენი ნება, შემეწიე დავძლიო შეზღუდულობა ჩემი გონებისა, ჩემი გულისა, ჩემი ნებისა, რათა განვასხვავო გზანი შენნი; შემეწიე, რათა მივიღო შენს ნებაში ყველაფერი, რაც ძნელად, აუტანლად და შეუძლებლად მეჩვენება; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შემეწიე, მოვინდომო ის, რაც გსურს შენ. სწორედ აქ იწყება ადამიანისათვის ის ვიწრო გზა, რაზედაც საუბრობდა ქრისტე. რადგან საკმარისია, მოინდომო ღმერთის, ანუ საძნელო და ამაღლებული ნების აღსრულება, რომ ადამიანები ზურგს გაქცევენ, მეგობრები გღალატობენ; და ადამიანი რჩება მარტო, დევნილი და უარყოფილი. მაგრამ ეს ყოველთვის ნიშანია იმისა, რომ ადამიანმა მიიღო ღმერთის ნება; და ეს ყოველთვის არის დაპირება იმისა, რომ ამ ძნელსა და ვიწრო გზას აგვირგვინებს გამარჯვება – არა ადამიანური, დროებითი და წარმავალი, არამედ გამარჯვება ღმერთისა. 

„პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს”

 დღეს ჩვენ ვაგრძელებთ განმარტებას ლოცვისა „მამაო ჩვენო”, ანუ, როგორც მას ქრისტიანებმა თავიდანვე უწოდეს, საუფლო ლოცვისა.
 „პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს”. ასეთია მეოთხე თხოვნა – არსობის პურის შესახებ. „არსობა” ნიშნავს არსებითს, სიცოცხლისათვის აუცილებელს. და ამიტომ ეს სიტყვა ასევე ითარგმნებოდა როგორც „ყოველდღიური”, ყოველდღიურად ჩვენთვის საჭირო. თუ პირველი სამი თხოვნა მიემართებოდა ღმერთს და გამოხატავდა ჩვენს სურვილს, რომ წმინდა იყოს მისი სახელი, მოვიდეს მისი სუფევა, მისი ნება აღსრულდეს არა მხოლოდ ცათა შინა, არამედ დედამიწაზეც, ახლა ამ მეოთხე თხოვნით ჩვენ ერთგვარად გადავდივართ ჩვენს საკუთარ საჭიროებებზე, ვიწყებთ საკუთარი თავისთვის ლოცვას. ამ თხოვნაში „პური” აღნიშნავს, ცხადია, არა მხოლოდ პურს, როგორც ასეთს, და არა ზოგადად საჭმელსაც კი, არამედ ყველაფერს იმას, რაც ჩვენ გვჭირდება სიცოცხლისათვის, ყოველივეს, რაზედაც დამოკიდებულია ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი არსებობა დედამიწაზე.
 მაგრამ იმისათვის, რომ გავიგოთ ამ თხოვნის მთელი სიღრმე, მთელი არსი, უპირველესად, უნდა გავიხსენოთ ყველაფერი ის, რაც ბიბლიაში დაკავშირებულია საკვების სიმბოლოსთან, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში აღარ არის ეს თხოვნა, თუ შეიძლება ასე ითქვას, შემოფარგლული მხოლოდ ადამიანის ფიზიკური სიცოცხლით და მხოლოდ ამ შემთხვევაში ცხადდება ამ თხოვნის ნამდვილი მნიშვნელობა.
 საკვების როლი ვლინდება ბიბლიის პირველივე თავში – ადამიანის შექმნის შესახებ თხრობაში. შექმნა რა სამყარო, ღმერთი ადამიანს საკვებად აძლევს ამ სამყაროს და პირველი, რაც აქედან გამომდინარეობს, – არის ადამიანის სიცოცხლის დამოკიდებულება საკვებზე და, შესაბამისად, სამყაროზე. ადამიანი ცხოვრობს საკვებით, გარდაქმნის საკვებს თავის სიცოცხლედ. ადამიანის დამოკიდებულება გარეგანისაგან, მატერიისაგან, სამყაროსაგან იმდენად ცხადია, რომ მატერიალისტური ფილოსოფიის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა ადამიანი მოათავსა სახელგანთქმულ ფორმულაში – „ადამიანი არის ის, რასაც ჭამს.” მაგრამ ბიბლიის სწავლება და გამოცხადება არ ამოიწურება ამ დამოკიდებულებით. საკვებს, ესე იგი, თვით სიცოცხლეს, ადამიანი იღებს ღმერთისგან. ესაა ღვთის საჩუქარი ადამიანისათვის, და ადამიანი ცხოვრობს არა იმისათვის, რომ ჭამოს და, ამგვარად, დაამტკიცოს თავისი ფიზიოლოგიური არსებობა, არამედ იმისათვის, რომ თავის თავში განახორციელოს ღვთის ხატება და მსგავსება. ამგვარად, თვით საკვები არის სიცოცხლის საჩუქარი, როგორც ცოდნისა, თავისუფლებისა და სილამაზისა. საკვები გარდაიქმნება სიცოცხლედ, მაგრამ სიცოცხლე თავიდანვე წარმოჩენილია, როგორც გამარჯვება მხოლოდ საკვებისაგან დამოკიდებულებაზე, იმაზე, რაც მარტოოდენ საკვებია. რადგან შექმნა რა ადამიანი, ღმერთი მას აძლევს მცნებას, ეუფლოს სამყაროს.
 ამრიგად, ღმერთისგან საკვების მიღება, როგორც ღვთის საჩუქრის მიღება, ნიშნავს ადამიანის აღვსებას ღვთაებრივი სიცოცხლით. ამიტომ ბიბლიური თხრობა ადამიანის ცოდვით დაცემაზე დაკავშირებულია საკვებთან – აკრძალულ ნაყოფთან, რომელიც ადამიანმა შეჭამა ღმერთისგან მალულად, რათა გამხდარიყო „ვითარცა ღმერთი”. ამ თხრობის არსი მარტივია – ადამიანმა ირწმუნა, რომ მხოლოდ საკვებისაგან, ე.ი. მხოლოდ საკვებზე დამოკიდებულებით მიიღებს იგი იმას, რისი მოცემაც შეუძლია მხოლოდ ღმერთს. საკვების მეშვეობით მას სურდა ღმერთისგან გათავისუფლება, და ამან მიიყვანა ადამიანი საკვების მონობამდე, სამყაროს მონობამდე, ადამიანი გახდა მონა სამყაროსი. მაგრამ ეს, ასევე, ნიშნავს იმას, რომ ადამიანი გახდა სიკვდილის მონაც, რადგან საკვები ადამიანს აძლევს ფიზიკურ არსებობას, მაგრამ საკვებს არ შეუძლია ადამიანს მისცეს სამყაროსა და სიკვდილისაგან ის თავისუფლება, რომლის მიცემაც შეუძლია მხოლოდ ღმერთს. საკვები – სიმბოლო და საშუალება სიცოცხლისა – გახდა ასევე სიმბოლო სიკვდილისა. რადგან თუ ადამიანი არ ჭამს, იგი კვდება. მაგრამ თუ ჭამს, ასევე კვდება, რადგან თვით საკვები არის თანაზიარი მოკვდავობისა და სიკვდილისა. და ბოლოს, სწორედ ამიტომაც ხსნაც, და აღდგენაც, და მიტევებაც, და თვით აღდგომაც სახარებაში კვლავ და კვლავ საკვებთანაა დაკავშირებული.
 უდაბნოში გამოცდის შესახებ თხრობის მიხედვით, როცა ქრისტეს მოშივდა, ეშმაკმა მას ქვების პურად გადაქცევა შესთავაზა. ქრისტემ უარყო ეს შეთავაზება და თქვა: „არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი”. ქრისტემ გადალახა და უარყო ის სრული დამოკიდებულება ადამიანისა „მხოლოდ პურზე” (ე.ი. ფიზიკურ სიცოცხლეზე), რომელშიც ბიბლიის სიმბოლური თხრობის შესაბამისად ჩაიგდო თავი პირველმა ადამიანმა. ქრისტემ გაითავისუფლა თავი ამ დამოკიდებულებისაგან და საკვები კვლავ გახდა საჩუქარი ღმერთისა, ზიარება ღვთაებრივ ცხოვრებასთან, თავისუფლებასა და მარადიულობასთან და არა დამოკიდებულება მოკვდავ სამყაროზე. რადგან ასეთია სიღრმისეული არსი იმ ახალი, საღმრთო საკვებისა, რომელიც ქრისტიანობის პირველი დღეებიდანვე არის მთავარი სიხარული, ქრისტიანული ეკლესიის მთავარი საიდუმლო, რომელსაც ქრისტიანები უწოდებენ „ევქარისტიას”, რაც „მადლიერებას” ნიშნავს.
 ევქარისტიით, ახალ საკვებთან, ახალ და ღვთაებრივ პურთან ზიარების რწმენით მთავრდება ქრისტიანული გამოცხადება საკვების შესახებ. და მხოლოდ ამ გამოცხადების ნათლით, ამ სიხარულით, ამ მადლიერებით შეიძლება გაიგო ნამდვილად მთელი სიღრმე საუფლო ლოცვის მეოთხე თხოვნისა: „პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს” – მოგვეც ჩვენ დღეს ჩვენთვის აუცილებელი საკვები! დიახ, რა თქმა უნდა, ეს, უპირველესად, თხოვნაა იმისა, რაც ჩვენ გვჭირდება სიცოცხლისათვის – ყველაზე მარტივის, აუცილებლისა და არსებითის შესახებ: პურის, საკვების, ჰაერისა და ყოველივე იმისა, რომელთანაც ზიარება ჩვენს სიცოცხლედ იქცევა. მაგრამ ეს არ არის ყველაფერი. „მომეც ჩუენ” ნიშნავს, რომ ყოველივე ამის საბოლოო წყარო ჩვენთვის არის თვით ღმერთი, მისი სიყვარული, მისი ზრუნვა ჩვენზე; ასე რომ, ვისგანაც უნდა მივიღოთ ძღვენი – ყველაფერი ღმერთისგანაა. მაგრამ ეს იმასაც ნიშნავს, რომ ამ ძღვენის საბოლოო საზრისიც თვით ღმერთია. ჩვენ ვიღებთ პურს, ჩვენ ვიღებთ სიცოცხლეს, მაგრამ იმისათვის, რომ ცხადვყოთ ამ სიცოცხლის საზრისი. და საზრისი ამ სიცოცხლისა არის ღმერთში, ღმერთის შეცნობაში, ღმერთისადმი სიყვარულში, მასთან ურთიერთობაში, მის სიხარულით სავსე მარადიულობაში, მის იმ ცხოვრებაში, რომელსაც სახარება „ცხოვრებაზე უმეტესს” უწოდებს (იოანე, 10:10).
 ღმერთო ჩემო, რა შორსა ვართ იმ პატარა და ბრმა თხუნელასაგან, რომლის სახელია ფოიერბახი. დიახ, რა თქმა უნდა, „ადამიანი, როგორც იგი ამბობდა, – არის ის, რასაც ჭამს”. მაგრამ ადამიანი ჭამს ღვთაებრივი სიყვარულის ძღვენს; და ეზიარება ნათელს და დიდებას და სიხარულს; და ცხოვრობს ყოველივე იმითი, რაც უძღვნა მას ღმერთმა. „პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს” – მოგვეც ჩვენ დღეს შენს სიყვარულში ყოველივე ეს, შეგვეწიე, რათა არა მხოლოდ ვიარსებოთ, არამედ ვიცხოვროთ – იმ სავსე, გააზრებული და ზღვრული ღვთაებრივი, მარადიული სიცოცხლით, რისთვისაც შეგვქმენი, რაც გვიძღვენი და რასაც მარად გვიძღვნი და რაშიც შეგიმეცნებთ, გვიყვარხარ და გმადლობთ შენ, უფალო.

„და მომიტევენ ჩუენ თანა-ნადებნი ჩუენნი”

 „და მომიტევენ ჩუენ თანა-ნადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანა-მდებთა მათ ჩუენთა”. ასე ჟღერს მეხუთე თხოვნა მთავარი ქრისტიანული ლოცვისა, რომელსაც ჩვენ სახარებაში ვხვდებით და რომელიც თვით ქრისტემ დაუტოვა თავის მიმდევრებს. ეს თხოვნა შეიძლება ასე გამოითქვას: „და გვაპატიე ჩვენ ჩვენი ცოდვები, როგორც ჩვენ ვპატიობთ იმათ, ვინც შესცოდა ჩვენ წინაშე.”
 თავიდანვე შევნიშნავთ, რომ ამ თხოვნაში შეერთებულია ორი აქტი – ღმერთისაგან ჩვენი ცოდვების პატიება დაკავშირებულია ჩვენ მიმართ ჩადენილი ცოდვების პატიებასთან. ქრისტე ამბობს: „რამეთუ უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან. ხოლო უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი” (მათე, 6:14-15). და რა თქმა უნდა, სწორედ აქ, ამ კავშირში, ამ შეერთებაშია უღრმესი აზრი საუფლო ლოცვის ამ თხოვნისა.
 თუმცა, შესაძლოა, სანამ ამ კავშირზე დავფიქრდებით, აუცილებელია შევჩერდეთ ცოდვის ცნებაზე, რადგან იგი სავსებით უცხო გახდა თანამედროვე ადამიანისათვის. მან იცის დანაშაულის ცნება, რომელიც დაკავშირებულია, უპირველესად, რომელიმე კანონის დარღვევასთან. დანაშაულის ცნება შეფარდებითია. ასე მაგალითად, ერთ ქვეყანაში შეიძლება დანაშაული იყოს ის, რაც დანაშაულად არ ითვლება მეორე ქვეყანაში. რადგან თუ არ არის კანონი, არ არის დანაშაულიც. დანაშაული არა მხოლოდ მიემართება კანონს, არამედ, განსაზღვრული ხარისხით, წარმოქმნილია კანონით. ხოლო კანონი, თავის მხრივ, უპირველესად, სოციალური მოთხოვნებითაა წარმოშობილი. მას არ აქვს შეხება და არც შეიძლება ჰქონდეს შეხება იმასთან, რაც ხდება ადამიანის ცნობიერების სიღრმეებში. მანამ, სანამ ადამიანი არ არღვევს საზოგადოების მშვიდობიან ცხოვრებას და არ აყენებს აშკარა ზიანს სხვებს, ან კიდევ დადგენილ წესრიგს, ეს დანაშაული არ არის, ისევე როგორც არ არის კანონი. სიძულვილი, მაგალითად, არ შეიძლება ქმნიდეს „დანაშაულის შემადგენლობას” მანამდე, სანამ არ გამოიწვევს რაიმე მოქმედებას: დარტყმას, მკვლელობას, ძარცვას. მეორე მხრივ, კანონმა არ იცის პატიებაც, რადგან მისი დანიშნულება სწორედ ისაა, რომ დაიცვას და შეინარჩუნოს წესრიგი ადამიანთა საზოგადოებაში – წესრიგი, რომელიც ეფუძნება კანონის მოქმედებას.
 ამიტომ ასე მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ, როცა ვსაუბრობთ ცოდვაზე, ჩვენ ვსაუბრობთ დანაშაულის სოციალური გაგებისაგან თავისი არსით მეტად განსხვავებულ მოვლენაზე. თუ დანაშაულის შესახებ ჩვენ ვიგებთ კანონისაგან, ცოდვის შესახებ გვეუწყება სინდისისაგან. და თუ იგი არ არის ჩვენში, ან თუ სინდისის ცნება ან, უკეთ რომ ვთქვათ, სინდისის უშუალო განცდა ქრება ადამიანთა საზოგადოებაში, მაშინ უცხო, გაუგებარი და უსარგებლო ხდება ცოდვის რელიგიური გაგება და მასთან დაკავშირებული პატიების ცნება.
 რა არის სინდისი? რა არის ცოდვა, რომელზედაც გვესაუბრება, რომელსაც ააშკარავებს ჩვენი სინდისი? ეს არის არა უბრალოდ ერთგვარი შინაგანი ხმა, რომელიც გვეუბნება, რა არის ცუდი და რა არის კარგი. ეს არა მარტო თანდაყოლილი ადამიანური უნარია სიკეთისა და ბოროტების გარჩევისა, ეს რაღაც უფრო ღრმა, უფრო იდუმალი რამაა. ადამიანმა შეიძლება მტკიცედ იცოდეს, რომ ცუდი არაფერი ჩაუდენია, არაფერში დაურღვევია კანონი, არავისთვის მიუყენებია ვნება, და მაინც შეიძლება არ ჰქონდეს სუფთა სინდისი.
 „სუფთა”, „არაწმინდა” – ეს ჩვეული განსაზღვრება, შესაძლოა, ყველაზე უკეთ გამოხატავს სინდისის იდუმალ ბუნებას. დოსტოევსკის ივან კარამაზოვმა იცის, რომ მას არ მოუკლავს მამა და ასევე მტკიცედ უწყის, რომ დამნაშავეა ამ მკვლელობაში. სინდისი არის გულის სიღრმეში ბრალის სწორედ ეს განცდა, გაცნობიერება თავისი მონაწილეობისა არა დანაშაულში, როგორც ასეთში, არამედ ამ სიღრმისეულ შინაგან ბოროტებაში, იმ ზნეობრივ ხრწნაში, რომლისგანაც ამოიზრდება ყველა დანაშაული ამ ქვეყნიერებაზე და რომლის მიმართაც უძლურია ყველა მიწიერი კანონი. და როცა დოსტოევსკი წარმოთქვამს თავის ცნობილ ფრაზას იმის შესახებ, რომ „ყველა ყველას მიმართ ყველაფრისათვის დამნაშავეა,” ეს არის არა რიტორიკა, არა ბრალის განცდის ავადმყოფური გაძლიერება, არამედ სინდისის სიმართლე. რადგან საქმე სულაც არ არის ის, რომ თითოეული ჩვენგანი, ზოგი იშვიათად, ზოგი ხშირად, არღვევს ამა თუ იმ კანონს, ბრალეულია დიდ თუ, უფრო ხშირად, მცირე დანაშაულთა ჩადენაში, საქმე ისაა, რომ თითოეულმა ჩვენგანმა თავისთავად ბუნებრივ ნორმად მიიღო ის შინაგანი განყოფა, ის შინაგანი დაპირისპირება ერთმანეთისადმი, ცხოვრების ის დანაწევრება, ის უნდობლობა, ის სიყვარულისა და სოლიდარობის არარსებობა, რომელშიც ცხოვრობს სამყარო და რომლის უსამართლობასაც ამხელს ჩვენი სინდისი.
 რადგან სიცოცხლის ჭეშმარიტი კანონი სრულებითაც არ არის ის, რომ არ აკეთო ბოროტება, არამედ ისაა, რომ აკეთო სიკეთე, ეს კი ნიშნავს გიყვარდეს, ნიშნავს სხვის მიღებას, ნიშნავს იყო იმ ერთობაში, რომლის გარეშეც ყველაზე კანონიერი საზოგადოებაც კი ჯოჯოხეთად იქცევა. ამ კანონის მიუღებლობა არის სწორედ ცოდვათა ცოდვა, რომლის პატიებისათვის ვლოცულობთ საუფლო ლოცვის მეხუთე თხოვნაში.
 მაგრამ სხვათაგან განყოფის, როგორც ცოდვის, გაცნობიერება უკვე ნიშნავს ამ განყოფის დაძლევისაკენ მისწრაფებას, და ეს უკვე ნიშნავს პატიებას. რადგან პატიება საიდუმლო აქტია, რომელშიც აღდგება დაკარგული მთლიანობა და მყარდება სიკეთის მეუფება და რომელიც არის არა კანონისმიერი, არამედ ზნეობრივი არჩევნის საქმე. კანონის შესაბამისად, ჩემ მიმართ ყოველი შემცოდე უნდა დაისაჯოს, და სანამ არ დასჯილა, კანონიერება არ არის აღდგენილი; ხოლო სინდისის შესაბამისად, ზნეობრივი კანონის შესაბამისად, მნიშვნელოვანია არა კანონიერების, არამედ მთლიანობის, ერთიანობისა და სიყვარულის აღდგენა, რაც არ ძალუძს არცერთ კანონს. ეს შეუძლია მხოლოდ ურთიერთპატიებას. თუ ჩვენ ერთმანეთს შევუნდობთ, ღმერთიც შეგვინდობს, და მხოლოდ ჩვენი და ზეციურ შენდობათა ამ ურთიერთკავშირით განიწმინდება სინდისი და იწყება ნათლის მეუფება, რაც გულის სიღრმეში სწყურია ადამიანს. რადგან მისთვის რეალურად მნიშვნელოვანია არა გარეგანი წესრიგი, არამედ სუფთა სინდისი – ის შინაგანი ნათელი, რომლის გარეშეც არ არსებობს ნამდვილი ბედნიერება. ამიტომ „და მომიტევენ ჩუენ თანა-ნადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანა-მდებთა მათ ჩუენთა” – ეს არის ვედრება ზნეობრივი განწმენდისა, რომლის გარეშეც ამ სამყაროში ვერანაირი კანონიერება ვერ გვიშველის.
 და, შესაძლოა, საშინელი ტრაგედია ჩვენი საზოგადოებებისა სწორედ ისაა, რომ ბევრს საუბრობენ კანონიერებასა და სამართლიანობაზე, მაგრამ, ამასთანავე, მათში სრულიადაა დავიწყებული მიტევების ზნეობრივი ძალმოსილება და მშვენიერება. აი, ამიტომაც ლოცვა ჩვენგან იმათი ცოდვების მიტევების შესახებ, ვინც ჩვენ მიმართ შესცოდა, და ვედრება ღვთის მიმართ ჩადენილი ჩვენი ცოდვების შენდობის შესახებ უნდა გახდეს ცენტრალური მომენტი იმ ზნეობრივი აღორძინებისა, რომლისკენაცაა მოწოდებული თანამედროვე კაცობრიობა.

„და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა,
არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან”

 მთავარი ქრისტიანული ლოცვის – „მამაო ჩვენოს” ბოლო თხოვნა (რომელიც ოდითგან განიმარტებოდა სხვადასხვანაირად) ასე ჟღერს: „და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან” (მათე, 6:13).
 უპირველესად, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ,,ნუ შემიყვანებ”? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ თვით ღმერთი გვაცთუნებს, ღმერთი გვიგზავნის იმ ტანჯვას, გამოცდას, განსაცდელსა და ეჭვებს, რითიც აღსავსეა ჩვენი ცხოვრება და რაც ჩვენს ცხოვრებას ასე მტანჯველად აქცევს? ან სხვაგვარად: ნუთუ თვით ღმერთი გვტანჯავს, თუნდაც იმისათვის, რომ საბოლოოდ ამ ტანჯვამ, ასე ვთქვათ, განგვანათლოს და გვიხსნას? შემდეგ, რაზეა საუბარი, როცა ვლოცულობთ, რომ ღმერთმა გვიხსნას ბოროტისაგან? ამ სიტყვას ასევე თარგმნიდნენ და თარგმნიან, უბრალოდ, როგორც „ბოროტებას”: „მიხსნენ ჩუენ ბოროტებისაგან”, რადგან ბერძნული ორიგინალი (ajpo; tou` ponhrou`) შეიძლება ითარგმნოს როგორც „ბოროტისაგან”, ისე „ბოროტებისაგან”.
 ასეა თუ ისე, საიდან მომდინარეობს ეს ბოროტება? თუ არის ღმერთი, რატომ ზეიმობს სამყაროში ყოველთვის ბოროტი და რატომაა ბოროტ ძალთა არსებობა ამდენად უფრო ცხადი ღმერთის ძალმოსილების არსებობაზე? თუ არსებობს ღმერთი, რატომ უშვებს ყოველივე ამას? და თუ მე ღმერთი მიხსნის ბოროტებისაგან, რომელიც მემუქრება, რატომ არ იხსნის იგი ყველას, ვინც ასე აშკარად იტანჯება და იღუპება ირგვლივ?
 თავიდანვე ვიტყვით, რომ ამ კითხვებზე ადვილი პასუხი არ არსებობს ან, უფრო ნათლად რომ ვთქვათ, მათზე საერთოდ არ არის პასუხი, თუ პასუხში ვიგულისხმებთ რაციონალურ და ეგრეთ წოდებულ „ობიექტურ” ახსნას. ყოველი მცდელობა ყბადაღებული „თეოდიციისა”, ესე იგი ყოვლისშემძლე ღმერთის არსებობის პირობებში სამყაროში ბოროტების არსებობის რაციონალური ახსნისა, იყო წარუმატებელი და არადამაჯერებელი. ამ განმარტებათა წინააღმდეგ თავის სრულ ძალმოსილებას ინარჩუნებს ივანე კარამაზოვის ცნობილი პასუხი დოსტოევსკისთან: „თუ მომავალი ბედნიერება თუნდაც ერთი ბავშვის ცრემლს ემყარება, მე უდიდესი მოწიწებით ვაბრუნებ ამგვარ ბედნიერებაზე დასასწრებ ბილეთს.”
 მაგრამ მაშინ რა არის პასუხი? იქნებ, სწორედ აქ იწყება “მამაო ჩვენოს” ბოლო თხოვნის არსი, და არა იმდენად არსი, რამდენადაც შინაგანი ძალა: „და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.” რადგან ბოროტება, უპირველესად, მოდის, სწორედ, როგორც განსაცდელი, როგორც ეჭვები, რწმენის რღვევა, სიბნელის გამეფება, ცინიზმი და ზნეობრივი უძლურება ჩვენს სულში.
 ბოროტების საშინელი ძალა არა იმდენად თავად მასშია, რამდენადაც სიკეთისადმი ჩვენი რწმენის რღვევაში, ბოროტებაზე სიკეთის აღმატებულობის რწმენის დაკარგვაში. ბოროტების ძლევამოსილების აღიარება არის, სწორედ, განსაცდელი. და თვით ბოროტების ახნის მცდელობა, ამ ახსნის დაკანონება, თუ შეიძლება ასე ითქვას, რაღაც რაციონალური განმარტებებით არის, ასევე, იგივე განსაცდელი, ანუ შინაგანი კაპიტულაცია ბოროტის წინაშე. რადგან ბოროტების ქრისტიანული გაგება ეფუძნება იმას, რომ ბოროტებას, როგორც ღმერთისგან და ჭეშმარიტი ცხოვრებისაგან განდგომას, არა აქვს რაიმე გამართლება, და ღმერთი არ გვიცხადებს ბოროტების წყაროებსა და წარმოშობას, არამედ გვაძლევს ძალას, ვებრძოლოთ ბოროტს და დავამარცხოთ იგი. და ეს გამარჯვება, კვლავ და კვლავ, ის კი არ არის, რომ გავიგოთ და განვმარტოთ ბოროტება, არამედ ის, რომ დავუპირისპიროთ მას რწმენის, იმედისა და სიყვარულის მთელი ძალმოსილება, რადგან მათშია პასუხი განსაცდელზე, გამარჯვება განსაცდელზე და ამიტომ – გამარჯვება ბოროტებაზე.
 და სწორედ ეს გამარჯვება მოიპოვა ქრისტემ, რომლის მთელი ცხოვრება იყო ერთი მთლიანი დაძლევა განსაცდელისა. მის ირგვლივ ყოველთვის ზეიმობდა ბოროტება ყველა სახით, დაწყებული უდანაშაულო ჩვილების მოწყვეტით ქრისტეს შობისას და დამთავრებული ფიზიკური ტანჯვითა და სამარცხვინო სიკვდილით.
 თვით სახარება, გარკვეული აზრით, არის თხრობა ბოროტების ზეიმზე და გამარჯვებაზე, რომელიც ქრისტემ მოიპოვა ბოროტებაზე, როგორც განსაცდელზე.
 ქრისტეს არასდროს განუმარტავს და ამიტომაც არცერთხელ არ გაუმართლებია და დაუკანონებია ბოროტება, პირიქით, ბოროტებას იგი ყოველთვის უპირისპირებდა რწმენას, იმედსა და სიყვარულს. მან არ მოსპო ბოროტება, მაგრამ მან მოავლინა ბოროტებასთან ბრძოლის ძალა და ეს ძალა დაგვიტოვა ჩვენ; სწორედ მასზე, ამ ძალაზე ვლოცულობთ ყოველთვის, როცა ვამბობთ: „და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა.”
 სახარებაში ქრისტეს შესახებ ნათქვამია, რომ როცა ღამის ლოცვისას ბაღში „იწყო მწუხარებად და ურვად” (მათე, 26:37), როცა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას თავს დაატყდა განსაცდელის მთელი სიმძიმე, „…ეჩუენა მას ანგელოზი ზეცით და განაძლიერებდა მას” (ლუკა, 22:43).
 აი, ამ საიდუმლო შეწევნის შესახებ ვლოცულობთ ჩვენც, რათა ბოროტებაში, ტანჯვასა და განსაცდელში არ შეირყეს ჩვენი რწმენა, არ შესუსტდეს იმედი, არ დაიშრიტოს სიყვარული, რათა ჩვენს სულში არ გამეფდეს ბოროტების წყვდიადი და თვით ჩვენი სული არ გახდეს წყარო ბოროტებისა. ვლოცულობთ იმაზე, რომ ჩვენც ისე მივენდოთ ღმერთს, როგორც მიენდო ქრისტე; ვლოცულობთ, რომ ქრისტეს ძალაზე, რომელიც მცნებად დაგვიდგინდა ჩვენ, დაიმსხვრეს ყველა განსაცდელი.
 ჩვენ ასევე მოგვეცა მცნება, ვილოცოთ, რომ ღმერთმა გვიხსნას ბოროტისაგან, და აქ მოცემულია კიდევ ერთი რამ – არა ახსნა, არამედ გამოცხადება ბოროტების პიროვნულ ხასიათზე, პიროვნებაზე, როგორც ბოროტების მატარებელსა და წყაროზე. არ არსებობს დამოუკიდებელი არსი, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ სიძულვილი, მაგრამ იგი ვლინდება მთელი თავისი საშინელი ძალით, როცა არის ადამიანი, რომელსაც სძულს; არ არსებობს ტანჯვა, მაგრამ არსებობს ტანჯული; ყველაფერი ამ სამყაროში, ყველაფერი ამ ცხოვრებაში პიროვნულია, და ამიტომ საუფლო ლოცვაში ვლოცულობთ არა რაღაც უპიროვნო ბოროტებისაგან, არამედ ბოროტისაგან ხსნაზე. ბოროტების წყარო ბოროტ ადამიანშია, ე. ი. ადამიანში, რომლისთვისაც ბოროტება, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, რაოდენ საშიშიც უნდა იყოს ეს, გახდა სიკეთე და რომელიც ცხოვრობს ბოროტებით. და, შესაძლოა, სწორედ ბოროტის შესახებ ამ სიტყვებით გვეძლევა ერთადერთი შესაძლებელი ახსნა ბოროტებისა, რადგან სწორედ აქ წარმოჩნდება ბოროტი არა როგორც უპიროვნო არსება, სამყაროში ჩაღვრილი, არამედ როგორც ტრაგედია პირადი არჩევნისა, პირადი პასუხისმგებლობისა, პირადი გადაწყვეტილებისა.
 და სწორედ ამიტომაც მხოლოდ პიროვნებაში და არა განყენებულ სტრუქტურებსა და დაწესებულებებში მარცხდება ბოროტი და ზეიმობს სიკეთე. ამიტომაც ვლოცულობთ, უწინარესად, ჩვენივე თავისთვის, რადგან ყოველ ჯერზე, როცა დაიძლევა განსაცდელი, როცა ვირჩევთ რწმენას, იმედს, სიყვარულს და არა ბოროტების წყვდიადს, სამყაროში იწყება გამარჯვების ახალი მიზეზობრივი წყება, ახალი შესაძლებლობა; აი, საფუძველი ჩვენი ლოცვისა: „და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან.”

„რამეთუ შენი არს სუფევაჲ”

 ამ საუბრით ვასრულებთ ძალიან მოკლე და, რა თქმა უნდა, ფრიად არასრულ განმარტებას საუფლო ლოცვისა – „მამაო ჩუენო”. ჩვენ დავინახეთ, რომ ამ ლოცვის ყოველი სიტყვით, ყოველი თხოვნით ცხადდება მთელი სამყარო სულიერი რეალობებისა, სულიერი ურთიერთობებისა, რომელზეც არასოდეს ვფიქრობთ, რომელიც დავკარგეთ ყოველდღიური ყოფის ქაოსში. ამ თვალსაზრისით, ლოცვა „მამაო ჩუენო” უფრო მეტია, ვიდრე ლოცვა; ესაა წარმოჩინება და გამოცხადება იმ სულიერი სამყაროსი, რომლისთვისაც ვართ შექმნილი, ღირებულებათა იმ იერარქიისა, რომელიც ერთადერთი იძლევა საშუალებას, ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერს თავისი ადგილი მივუჩინოთ. თითოეულ თხოვნაში მთელი პლასტია ჩვენი საკუთარი ცნობიერებისა, მთელი გამოცხადებაა თვით ჩვენ შესახებ.
 „მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა! წმიდა იყავნ სახელი შენი!” – რადგან ჩემი სიცოცხლე მიემართება უმაღლესსა და ღვთაებრივს, აბსოლუტურ ყოფიერებას, და მხოლოდ ამ მიმართებაში ჰპოვებს ეს სიცოცხლე თავის საზრისს, თავის ნათელს, თავის მიმართულებას.
 „მოვედინ სუფევაჲ შენი” – რადგან ჩემი სიცოცხლე განკუთვნილია იმისათვის, რომ იგი აივსოს სიკეთის, სიყვარულისა და სიხარულის სასუფევლით, რათა მასში შემოვიდეს ძალა სასუფევლისა, რათა იგი განათლდეს იმ სასუფევლის ძალით, რომელიც ადამიანებს გამოგვიცხადა და გვიძღვნა ღმერთმა.
 „იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა” – რათა ამ კეთილი ნებით შევაფასო და განვსაჯო ჩემი ცხოვრება, რათა მასში ვიპოვო უცვლელი ზნეობრივი კანონი, რათა მის წინაშე მორჩილვყო ჩემი თვითნებობა, ჩემი ეგოიზმი, ჩემი ვნებანი, ჩემი უგუნურება.
 „პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს” – რათა მთელი ჩემი ცხოვრება, ამ ცხოვრების მთელი სიხარული და აგრეთვე მისი მწუხარება, მთელი სილამაზე და, აგრეთვე, ტანჯვა მივიღო, როგორც ძღვენი ღმერთის ხელიდან, მივიღო მადლიერებითა და კრძალვით, რათა ვიცხოვრო მხოლოდ არსებითით, ე. ი. მთავრითა და უმაღლესით და არა იმით, რაზედაც ხურდავდება ეს ფასდაუდებელი ძღვენი.
 „და მომიტევენ ჩუენ თანა-ნადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანა-მდებთა მათ ჩუენთა” – რათა ჩემში ყოველთვის იყოს მიტევების სული, მზადყოფნა იმისა, რომ მთელი ჩემი ცხოვრება დავაფუძნო სიყვარულზე, რათა ჩემი ცხოვრების ყველა ნაკლოვანება, ყველა ვალი, ყველა ცოდვა, ე. ი. თანანადებნი ჩემნი, წარიხოცოს ღმერთის ნათელი შენდობით.
 „და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩუენ ბოროტისაგან” – რათა შევძლო, ღმერთის შეწევნით, ამ იდუმალი, მაგრამ მისი ნათელი ნებისადმი მინდობით დავამარცხო ყოველი განსაცდელი, და, ყველაზე მთავარი, ყველაზე საშინელი მათ შორის – სიბრმავე, რაც გვართმევს სამყაროში ღმერთის მყოფობის დანახვის შესაძლებლობას, რაც უარყოფს სიცოცხლეს, როგორც ღმერთის ძღვენს და რაც სიცოცხლეს აქცევს ბნელ და ბოროტ სიცოცხლედ; რათა არ დავემორჩილო ბოროტი ადამიანის ძალასა და მომხიბვლელობას, რათა არ იყოს ჩემში ორაზროვნება და მზაკვრობა ბოროტისა, რომელიც ყოველთვის იფარება სიკეთის ნიღბით, ყოველთვის იღებს ნათლის ანგელოზის სახეს.
 საუფლო ლოცვა გვირგვინდება საზეიმო სადიდებლით: „რამეთუ შენი არს სუფევაჲ და ძალი და დიდებაჲ…” – ბიბლიის სამი საკვანძო სიტყვა და ცნება, რომელიც თავის თავში მოიცავს ქრისტიანული რწმენის სამ მთავარ სიმბოლოს.
 პირველი სიმბოლო – სუფევა„სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს” (ლუკა, 17:21), „მოვედინ სუფევაჲ შენი” (მათე, 6:10), ლუკა, 11:2), „მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ” (მათე, 4:17), „ხოლო თქუენ ეძიებდეთ პირველად სასუფეველსა ღმრთისასა…” (მათე, 6:33); ეს სასუფეველი მოახლოვდა, მოვიდა, გაცხადდა. როგორ? – იესო ქრისტეს ცხოვრებაში, სიტყვებში, მოძღვრებაში, სიკვდილში და, ბოლოს, აღდგომაში. ამ ცხოვრებაში, რომელიც აღვსებულია ასეთი ნათლითა და ასეთი ძალით, სიტყვებში, რომელსაც ავყავართ ასე მაღლა, მოძღვრებაში, რომელიც პასუხობს ჩვენს ყველა კითხვას და, ბოლოს, ამ დასასრულში, რომელიც გახდა ახალი ცხოვრების დასაწყისი. როცა ვსაუბრობთ ღვთის სასუფეველზე, შესაბამისად, ვსაუბრობთ არა რაღაც გამოუცნობ-განყენებულ, არა სხვა – „იმქვეყნიურ” სამყაროზე, არა იმაზე, თუ რა იქნება სიკვდილის შემდგომ, არამედ იმაზე, რაც გვაუწყა თვით ქრისტემ, რაც მოგვცა მან, რასაც დაგვპირდა იგი – ვინც გვწამს და ვინც გვიყვარს. და ამას ჩვენ ვუწოდებთ სასუფეველს იმიტომ, რომ სხვა არაფერი უკეთესი და მშვენიერი, სრული და სასიხარულო არ იყო გამოცხადებული და მოცემული ადამიანისათვის. და ამიტომ ვამტკიცებთ: „რამეთუ შენი არს სუფევა…”
„… და ძალა“ – ვამბობთ შემდეგ და აქაა მეორე სიმბოლო. მაგრამ რა ძალა აქვს ძეს კაცისას, რომელიც მარტომყოფი მოკვდა ჯვარზე, რომელსაც არასდროს დაუცავს თავი და რომელსაც არ ჰქონდა ადგილი, სადა თავი მიედრიკა? მაგრამ შეადარეთ იგი ნებისმიერ ძლიერს: რაოდენ ძლიერნიც უნდა იყვნენ ისინი, როგორც უნდა თრთოდნენ მათ წინაშე სხვები, გარდაუვლად დგება ჟამი, როცა მათი ძალა ეცემა და ნაცარტუტად იქცევა. ხოლო ქრისტე ცოცხლობს მარადიულად, და არაფერს, არანაირ ძალას არ ძალუძს ამოშალოს იგი ადამიანის სულიდან. ადამიანებს იტაცებთ სხვა სიტყვები, სხვა სწავლებანი, სხვა დაპირებანი, მაგრამ ადრე თუ გვიან ისინი უბრუნდებიან პაწია წიგნს, რომელმაც აღბეჭდა იგი, ვინც ამბობს: „სჯად სოფელსა ამას მოსრულ ვარ მე, რაჲთა, რომელნი არა ხედვიდეს, ხედვიდენ, და რომელნი ხედვიდეს, დაბრმენ” (იოანე, 9:39), „მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას” (იოანე, 13:34); და ბოლოს: „მე მიძლევიეს სოფელსა” (იოანე, 16:33).
 ბოლოს, „და დიდებაჲ” – მესამე სიმბოლო. ამქვეყნად ყოველგვარი დიდება მოჩვენებითი, ხანმოკლე და მყიფეა. და, ჩანს, ქრისტე ყველაზე ნაკლებად დიდებას ეძებდა. თუკი არსებობს ნამდვილი და წარუვალი დიდება, ეს მხოლოდ ის დიდებაა, რომელიც იფეთქებს და იწვის ყოველგან, სადაც მყოფობს იგი, და ესაა დიდება სიკეთისა, რწმენისა, სიყვარულისა, იმედისა. და მისგან მომდინარე დიდების მსგავსი არაფერია ქვეყნიერებაზე. ვხედავთ რა მას, გასაგები ხდება, რას ნიშნავს პოეტის სიტყვები სამყაროს შესახებ, რომელიც “იწვის ვარსკვლავური დიდებით და პირველქმნილი მშვენიერებით!” უცებ ჩვენ ვიგებთ, არა გონებით, არამედ მთელი არსებით, ასე მძაფრად რას ეძებს ადამიანი და რა სწყურია მას აქეთ-იქით ხეთქებისა და შფოთვისას. ეძიებს, რათა აინთოს ეს ნათელი და მთელი ზეციური მშვენიერებით განათდეს ყოველი, ამ ღვთაებრივი დიდებით გაბრწყინდეს ყველაფერი.
„რამეთუ შენი არს სუფევაჲ და ძალი და დიდებაჲ საუკუნეთა მიმართ” – ასე მთავრდება საუფლო ლოცვა. და სანამ არ დაგვვიწყებია იგი, სანამ ვიმეორებთ მას, ჩვენი სიცოცხლე მიმართულია სასუფევლისაკენ და იგი აღვსებულია ძალით, განათებულია დიდებით, და ამის წინააღმდეგ უძლურია წყვდიადი, სიძულვილი და ბოროტება.

 პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი
თარგმნა: ოთარ ზოიძემ

 
ნახვა