You are currently viewing «შეურყეველის ძიებაში გამოვლენილი მერყეობები»
Архимандрит Софроний Сахаров, Archimandrite Sophrony (Sakharov), Elder Sophrony

«შეურყეველის ძიებაში გამოვლენილი მერყეობები»

Download article eBook

   წიგნიდან: „ღმერთი როგორიც არის“

 

 I თავი – «სიკვდილის ცოდნის (ხსოვნის) მადლი»
ΙΙ თავი – «ღვთისმოშიშების შესახებ»
ΙII თავი – «სინანულისა და აღსარების შესახებ»
IV თავი – «აღსარებისა და სულიერი ბრძოლის შესახებ»
V თავი – «სულიერი მგლოვარების შესახებ»

  VI თავი „შეურყეველის ძიებაში გამოვლენილი მერყეობები“
 

იესო ქრისტე – ცოცხალი ჭეშმარიტებაა: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“ (იოან. 14:6[1]). ყველასაგან და ყველაფრისგან შეუზღუდავია დაუსაბამო სიცოცხლე, ის არაფრით არის განპირობებული; მარადიულია მამასთან ერთად, მამისგან განუშორებელი და განუყოფელია. მისი სიყვარული და მისი ნათელი – მე ჩემი ცხოვრების ადრეულ წლებში შევიგრძენი. თუმცაღა უმყოფლობის უფსკრულში ჩაფლვას ვერც ამ მადლმა გადამარჩინა. მოწიფულობის ჟამს უმეცარი სიამაყით აღვსილმა უდიდესი ცოდვა ჩავიდინე: წარმოსახვითი ზეპიროვნული აბსოლუტით გატაცებულმა ჭეშმარიტება „მივატოვე”. უარი ვთქვი ჩემი ბავშვობის ღმერთისადმი ლოცვაზე და მთელი ჩემი არსება აბსოლუტურ ყოფიერების ძიებისკენ მივაპყარი. მეჩვენებოდა, რომ სხვადასხვა ხილულ და უხილავ, გრძნობად და მოაზრებულ ფორმებთან დაკავშირებული შედარებებით ვიყავი გატაცებული. იმისათვის, რათა ყოველივე წარმავალით გატაცებას იქამდე მივეყვანე, სადაც ვიღაცის ან რაღაცის მიერ ცვლადსა და მერყევს ტრანსცენდირების ზღვარი აქვს დადებული, სრული არცოდნის ბნელეთისაკენ შეუპოვრად მივექანებოდი. იყო შემთხვევები, როდესაც გარკვეულ „მყუდროებაში” ვექცეოდი და ამ მდგომარეობით არაგრძნობად-ხორციელ სიტკბოებას განვიცდიდი. გამოუთქმელ, სრულად ტრანსცენდირებულ მყოფობა-არმყოფობაში ჩემს გონებას ნათლის სახით ვხედავდი. მარადიულობას მხოლოდ ამ ქვეყანიერებაში ვეძებდი. პარალელურად მთელი მონდომებით ვცდილობდი თითქმის ყოველგვარი ბუნებრივი მოვლენის სილამაზე ჩემს მხატვრობაში ამესახა. მაშინ ჩემი ცხოვრების ის პერიოდი ვიღაცას შეიძლებოდა სრული შთაგონების პროცესად მოჩვენებოდა, მაგრამ მე ამ დროს ვერანაირ სიყვარულს ვერ ვგრძნობდი: შემდეგ მივხვდი, რომ იმ დროს მე თავისებურად სრული „განსვენებული” ვიყავი და მეტაფიზიკური თვალსაზრისით ეს მდგომარეობა ნამდვილი თვითმკვლელობა იყო.

ამ სიყალბიდან თვითონ ვერასოდეს გამოვიდოდი, მაგრამ, საბედნიეროდ, ბოლო მომენტში, როდესაც ბრძოლის უნარი აღარ გამაჩნდა, უფალმა ხელი გამომიწოდა და გამომიხსნა. მაშინ ღმერთმა ჩემდამი საოცარი გულმოწყალება გამოიჩინა. მოხდა ისე, რომ ჩემს გულს, რომელსაც ძალიან დიდხანს უგულებელვყოფდი, უფალი ეწვია! ვერ ვხედავ გზას და ძალას, რომელიც საშუალებას მომცემს, გადმოგცეთ ის სულიერი პროცესები, რომლებიც მაშინ ჩემში განვითარდა. იმ დროს სრულიად მოულოდნელად და ნათლად დავინახე, რომ ჩემი ხელოვნურად ჩაფლვა განყენებულად გონიერ სფეროში, ყოველივეს საწყისის ნამდვილი პირველსაწყისის შემეცნებამდე ვერ მიმიყვანდა. ყველაფერი შედარებითით ჩემი ასკეტიკური გატაცება საშუალებას არ მაძლევდა, რეალურად დავახლოებოდი ძიების მიზანს და ჩემი მისტიკური პრაქტიკა უარყოფითი ხასიათისა გახლდათ. მე თურმე არა „წმინდა მყოფობას”, არამედ მთელი ჩემი არსის სიკვდილისკენ, ჩემი პერსონალური საწყისის განადგურებისაკენ მივისწრაფოდი.
მცნება: „შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა, და მოყუასი შენი, ვითარცა თავი თვისი” (ლუკ. 10:27) ­- სრულიად მოულოდნელად, ჩემი გონების წინაშე სახარებისეულ კონტექსტში აღიმართა: ვიგრძენი, რომ ღმერთთან შერწყმა მხოლოდ სიყვარულით არის შესაძლებელი. მაშ რაღამ დამაშორა მე სახარებას: მე „მაშინ”, იმ უცნაურ წუთს მოსკოვის ერთ-ერთ ქუჩაზე სიტყვა „გიყვარდეს” უღირს ფსიქოლოგიზმად მომეჩვენა, „ახლა” ჩემს გულსა და გონებაში იგივე სიტყვა ჭეშმარიტების შემეცნებისკენ მიპყრობილი ნათელი გახდა: რეალური ერთობა მხოლოდ სიყვარულით შეიძლება განხორციელდეს. სიყვარულის სახარებისეული გაგება უფრო ღრმა და შორს მიმავალია, ვიდრე ჩვენი ფსიქიკური ან ხორციელი სიყვარული. ჩემს გონებაში ჩემი ბავშვობის ღმერთი ასე დაბრუნდა ნათელის სახით. ქრისტიანული ცხოვრება ორ: ღვთაებრივ – მარად ერთიან, და ადამიანურ – მერყევ ნებათა შესაყარზე ერთიანდება. ღმერთი ადამიანს მრავალგვარად, სხვადასხვა გზით წარმოუდგება. ის მოთმინებით გველის, ადამიანის ნების წინააღმდეგ არასოდეს ძალადობს. თუ მის მოახლოებას სიყვარულით ვხვდებით, ჩვენს პიროვნულ სულს, ის კვლავაც სიმშვიდითა და სიმდაბლით ეწვევა. როგორც ქრისტიანული რწმენის ისტორია გვიჩვენებს, შეიძლება უფალი ადამიანს დიდი ნათლის სახით წარუდგეს. როდესაც ადამიანის პიროვნული სული ქრისტეს სიყვარულს ნათელი სახით დაინახავს, ის ნათლისკენ, ანუ მისკენ მიილტვის; ამ დიდ სურვილზე მას არ შეუძლია და არც სურს უარი განაცხადოს. მაგრამ უფალი „ჩვენი ღმერთი არის შთანმთქმელი ცეცხლი”[2], ცოდვიანობის გამო მასთან მიახლოება ყოველთვის მტკივნეულია. თუმცა, ჩვენი დაცემული ბუნებისათვის ტკივილთან განშორება ბუნებრივია; და ამიტომ მუდამ ვმერყეობთ – არ ვიცით, გავყვეთ უფალს თუ არა. მეორე მხრივ, საშინელებაა მისი ნათლის მიღმა დარჩენა. ასევე დადგა საჩოთირო არჩევანის წინაშე ჩემი სულიც: არ ვიცოდი, დავრჩენილიყავი სიყალბეში, შევრეოდი ამასოფლის სინამდვილეს და ჩემთვის ხრწნადობის საბოლოო განაჩენი გამომეტანა, თუ მიმეღო ის საშინელი მოწვევა, რასაც ქრისტე მთავაზობდა. როდესაც მეორე ავირჩიე, მაშინ მოხდა ჩემი აღდგომა, და იმ გზაზე გადავედი, რასაც ცოცხალ ღმერთში ცხოვრებისაკენ მომავალი გზა ჰქვია. უფალმა იცის, რა დიდი იყო ჩემი შიში, როდესაც ამ აღსარებას ვწერდი. ჩემი ცხოვრების ბოლოს შემიძლია ვთქვა, 33-ე ფსალმუნის სიტყვები: „მან გლახაკმან ხმა-ყო და უფალმან ისმინა მისი და ყოველთა ჭირთა მისთაგან იხსნა იგი. დაიბანაკებს ანგელოზი უფლისა გარემოს მოშიშთა მისთა და იხსნნეს იგინი. განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი; ნეტარ არს კაცი, რომელი ესავს მას. გეშინოდენ უფლისა, ყოველთა წმიდათა მისთა, რამეთუ არა არს ნაკლულევანებაი მოშიშთა მისთა” (ფსალმ. 33:7-10). ძნელია და არც სასიხარულოა დაინახო საკუთარი „სიგლახაკე” და შეიგრძნო შენი სიბრმავე. უდიდეს ტკივილამდე ისმინო სიკვდილის განაჩენი იმის გამო, რომ ის ხარ, რაც ხარ. თუმცა ჩემი შემოქმედის თვალში ნეტარი სწორედ იმის გამო ვარ, რომ შევძელი ჩემი არარაობა დამენახა (მათ. 5:3[3]). დიდია მადლი, რადგან ეს სულიერი ხილვა „ცათა სასუფევლის” ჩვენთვის გახსნას უკავშირდება. იმისათვის, რომ ჩემი პიროვნება უფალს შევადარო, ქრისტე, „როგორიც არის”, ისეთი უნდა ვიხილო, რადგან სწორედ ამ შედარებამ უნდა დამანახოს ჩემი „არარაობა”. დიდი იყო და ახლაც დიდია ჩემი ზიზღი საკუთარი თავის მიმართ; მაგრამ, თუ ჩემ წინაშე არ არის მისი წმინდა ხატი, მე არ შემიძლია საკუთარ თავს ვხედავდე. მეორე მხრივ, ჩემში სწორედ ამ საშინელი შეგრძნებიდან აღმოცენდა ჩემი უკიდურესად სასოწარკვეთილი ლოცვა. მე ამ ლოცვამ ზღვა ცრემლი მომცა. მაშინ ჩემი გაჯანსაღების ვერანაირ გზას ვერ ვხედავდი; მიმაჩნდა, რომ ისეთი არარაობა, როგორიც მე ვიყავი, არ შეიძლება ღვთის გვერდით იყოს. და სწორედ ეს გადარეული ლოცვა, რომელიც მთელ ჩემს არსს ზარავდა, მაღალ ღმერთს იზიდავდა, და ჩემი არარაობის სიბნელე სწორედ მისი ნათლით განათდა. ღრმა მდუმარებაში მომეცა მისი მაღალი სიკეთის, მისი მაღალი სიბრძნისა და მაღალი სიწმინდის ჭვრეტის საშუალება. ჩემი უიმედობის ჯოჯოხეთი ზეციურმა თავის დაღწევამ გააქარწყლა. ჩემში ახალი ძალები, სხვა თვალსაზრისი, სხვაგვარად მიყურადება დამკვიდრდა. აღმქმელობით შესაძლებლობებს ენით აღუწერელი ბრწყინვალების ხილვის უნარი შეემატა. მაგრამ ეს შესაძლებლობები ჯერ „ჩემი” მაინც არ იყო: ეჭვები და რყევები ჩემს მყოფობაში არ იყო დასრულებული – მეკარგებოდა ზეყოფიერი ციალი და ისევ ჩემს სიგლახაკეს ვუბრუნდებოდი. მიუხედავად ამისა, უკვე ნათლად მქონდა გაცნობიერებული, რომ მარადიული რეალობაა ქრისტეს წმინდა ზეციური სასუფეველი და ეს რეალობა მხოლოდ ლოცვის ხანგრძლივი ღვაწლით მოიპოვება. არ მავიწყდებოდა, რომ „დღითგან იოვანე ნათლის-მცემლისაით ვიდრე აქამომდე სასუფეველი ცათაი იიძულების; და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი” (მათ. 11:12). ლოცვა-კურთხევას უნდა ვწირავდეთ უფალს, როდესაც ის, ერთი მხრივ, როგორც ცხადი და სამუდამო მოხმობა, ხოლო მეორე მხრივ, როგორც ენით აღუწერელი ღვთაებრივი ნათელი, გამოგვეცხადება. წმინდა წერილი მარადიული სატანჯველის შესახებაც საუბრობს, თუმცა რა იგულისხმება ამ სიტყვებში, ჯერ არ ვიცით, არც ის ვიცით, რა სახისაა ამ ქვეყნიდან ჩვენი გასვლის შემდეგ მოსალოდნელი სატანჯველები. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ წმინდა წერილი კვლავაც შემდეგნაირად გვაფრთხილებს: „ხოლო ძენი იგი სასუფეველისანი განითხინენ ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაი კბილთაი” (მათ. 8:12). მეც ასე ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ მარადიულ სატანჯველში ისეთი ჯოჯოხეთი კი არ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ბნელი და ბილწი არსებები, ცოდვილებს სადღაც ჯურღმულში ცოცხლად შეწვავენ, ეს ადამიანის ცოდვიანობის თანმდევი წარმოდგენაა, არამედ უფალი კვლავაც გვაფრთხილებს, რომ თუ ღირსნი არ ვიქნებით, ვერ შევალთ სიყვარულის ღმერთის წმინდა სასუფეველში. ამაზე ცუდი რა უნდა იყოს? „შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა” – ასეთია უფალი იესო ქრისტეს ქადაგების დასაწყისი (მათ. 4:17). ცხოვრების ძალა სინანულში ძლიერდება და პიროვნებაში ადამის დაცემულობის შედეგად დაკარგული ღირსების განახლება ხდება, ხოლო ჩვენი სინანულის გლოვაში ცოდვით ჩაკლული იმ უნარების აღდგენა მიმდინარეობს, რომლითაც წმინდა სამებისგან გამომავალ უქმნელ ნათელს უნდა შევეგებოთ. მაგრამ აი, რა მიჩვენა ჩემმა გამოცდილებამ: ჩემი შინაგანი მძორის და უსულობის გამო გოდებამ, ღმერთში ჩემ ურყევობას არაფერი შესძინა: ცოდვა ამა თუ იმ ფორმით მაინც მამარცხებდა და საცდურით ძლეულ ჩემ სულს მძიმე ნაღვლად აწვებოდა. გარდა ამისა, ძალიან ხშირად არ მესმოდა ჩემს რწმენასა და მოქმედებაში რამდენად მართალი ვიყავი ან რამდენად შორს იყო ჩემგან ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრება. ეს მძიმე შეგრძნებები ადამიანებთან კონფლიქტების შემთხვევებში მიმწვავდებოდა. ჩვენ მუდმივად თან გვდევს ჩვენივე არასრულყოფილების შეგრძნება და ამ გრძნობის გამო ღმერთს ასე მივმართავთ: შენი „მონანი ვართ უხმარნი” (ლუკ. 17:10). რა თქმა უნდა, იმისათვის, რათა ჩემი გონი ყოველთვის ჯოჯოხეთში მეპყრას, როგორც ბერი, ყველაფრის გამო თვითგვემისათვის მე მზად ვარ, მაგრამ ამას უდიდესი მოთმინება ესაჭიროება. თუმცაღა, მხოლოდ ამ გზით ვახერხებთ გულის და გონის შემაწუხებელი მერყეობისაგან გათავისუფლებას. სრული ურყეობა კი ჩვენი ღმერთისა და მაცხოვრის მიერ ჩვენთვის ბოძებული დამაგვირგვინებელი საჩუქარი იქნება. მიწიერ და ზეციურ ცოდნას მხოლოდ ქრისტე გვაძლევს. აი, ის ბრძანებს: „ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა” (ბერძნულად „კოსმოს”) (იოან. 16:33). მან, ყოვლის გამრიგემ, როგორც ღმერთმა კი არა როგორც კაცმა სძლია სოფელს. ამასთან, კოსმოსის მძლეველი „კაცი ქრისტე იესო” ზეკოსმიური გახდა და ჩვენც იქით გვიხმობს (1 ტიმ. 2:5). ამ გამარჯვების გზა სახარების ნეტარებებია და ამ სწავლებით ჩვენც – ადამიანებსაც შეგვიძლია ვძლიოთ სოფელს, გავხდეთ ზეკოსმიურები, ანუ ღმერთები. მაგრამ ეს მხოლოდ ღვთის ძალით, მხოლოდ უფალშია შესაძლებელი. მთელ სამყაროში ქრისტეს გარდა არავინაა, ვინც ჩვენთვის ყოფიერებისა და უსასრულობის საიდუმლოს ერთიანად წარმოდგენას შეძლებდა. არავინაა შემძლებელი მამის ერთარსი მხოლოდშობილი ძის გარდა, ცაც, დედამიწაც და ქვესკნელიც ერთიანობად წარმოაჩინოს. თუ ჩვენ მას მივსდევთ, მის სწავლებაში ღირსნი ვხდებით იმ წუთებისა, როცა ლოცვებში გაბრწყინებულებს მიწაც გვიპყრია, ქვესკნელიც, ზეცაც, მარადისობასაც ვეამბორებით. დაწერილია: „იესუ ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე” (ებრ. 13:8). სანუკვარი ზეციური ნათლით ტკბობის შემდეგ, ისე ხდება, რომ სიმძიმის შეგრძნება გვეუფლება: სულიწმიდა გვტოვებს და ჩვენი სულიერი საცხოვრისი ცარიელდება. აქამდე გვეგონა, რომ მივაკვლიეთ საძიებელს და ვფიქრობდით, რომ უკვე იდუმალებით მოცულ ღვთაებრივ სივრცეს ვჭვრეტთ… ჰოი, საკვირველებავ! ჩვენ კვლავ განძარცვულნი და უპოვარნი ვართ. თურმე ნეტარნი მაშინ ვყოფილვართ, როდესაც არცოდნის სიბნელიდან საუცხოო ნათელში გადავდიოდით; მაგრამ, როდესაც ამ მშვენიერებიდან ჩვენსავ ჩვეულ სიბნელეს ვუბრუნდებით, როდესაც კვლავ ამ ბნელში ვართ და ჩვენი ტანჯვა ისევ გაბევრდა, ახლა, ამ მდგომარეობაში, იმისათვის რათა უფლის გზამ ჩვენი გონება კვლავ გაანათოს, კიდევ მრავალმა ქარმა უნდა გადაგვიაროს. ჩვენ მიმართ თავისი უსაზღვრო სიყვარულის გამო უფალი თავის ღვთაებრივ სრულყოფილებას გვიზიარებს, მაგრამ ჩვენ, ჩვენი ბუნებრივი მიწიერი სინამდვილით ასეთ სისრულეში შესვლაზე ოცნებაც კი არ შეგვიძლია. თითქოს მუდმივად გახლეჩილ მდგომარეობაში ვიმყოფებით: მაგრამ კვლავაც და კვლავაც მთელი ძალით მარადისობისაკენ მივილტვით, თუმცა ჩვენი სხეულის უუნარობა მუდმივად გვარწმუნებს, რომ არ შეგვიძლია ვითვისებდეთ და ვიტვირთავდეთ ღვთის მიერ ბოძებული მარადიულობის სისრულეს. ისღა გვამშვიდებს, რომ რაღაც მომენტში, ღვთაებრივი ნათელი ჩვენს სულს უკიდეგანობაში გაახედებს და მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ კვლავ გაგვშორდება, სადღაც მაინც, ისე „როგორც მქრქალ სარკეში”, მყისიერი, მაგრამ თავისი არსით მარადიული მოვლენა, ჩვენი იპოსტასური მყოფო ბის სიღრმეში, მაინც ჩაიბეჭდება. უფალი აღსდგა, მისი სხეული განსულიერდა. ეს იმას ნიშნავს, რომ სანამ ჩვენ ჩვენს ფერისცვალებას არ გამოვივლით, ქრისტეს გზაზე მერყეობა არ მოგვშორდება. ჩემი ასაკის ადამიანისათვის, წერაზე უფრო შესაფერისი, სიკვდილისათვის მზადება იქნებოდა. ანდა ვინ ვარ მე, იმისათვის რომ ვისაუბრო იმის შესახებ, თუ როგორ განვლო ჩემმა სულმა თავისი ყოფა? უნდა ითქვას, რომ წარსულში ამგვარი იდეა არასოდეს აღძრულა ჩემში. უფრო მეტიც: ჩემი შინაგანი პროცესების სააშკარაოზე გამოტანა არასოდეს მომსვლია აზრად: მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ჩემი დაცემის შედეგი, რომელიც თავისი ინფერნალური (ჯოჯოხეთური) ბუნებით წარმომიდგა და ჩემი შინაგანი კონფლიქტის საგნად გადაიქცა, შეიძლებოდა სხვებისათვის ძალიან პრიმიტიული და სულელურიც ყოფილიყო, მაგრამ მე რაღაც ინტუიტურად ვგრძნობდი, რომ ჩემი შემთხვევა ბანალური ფსიქიატრიის საგანს ნამდვილად არ წარმოადგენდა. მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩემი მხრიდან მიუტევებელი პროფანაცია იქნებოდა, პროფესიონალი ექიმებისათვის მიმემართა. ჩემი ცხოვრების დღეები ძირითადად ფართე კონტაქტების გარეშე მიედინებოდა. შესაბამისად, დასკვნებსაც სწრაფად და ადვილად ვერ ვაკეთებდი. ახლა უკვე სერიოზული შეცდომების დაშვების აღარ მეშინია. ვფიქრობს, რომ ჩვენს სინამდვილეში მილიონობით არიან სხვადასხვა პლასტებისა და ეროვნებების ადამიანები, რომლებიც, ასე თუ ისე, შინაგან წინააღმდეგობათა ისეთივე წრებრუნვაში მოქცეულან, როგორშიც მე.

მიმაჩნია, რომ ჩემ კონკრეტულ შემთხვევასთან შეხვედრა ზოგიერთი მათგანისათვის სასარგებლოც კი შეიძლება იყოს.

ყოველი ქრისტიანის ცხოვრებაში სულიერი განვითარების პროცესი სპეციფიკური, მხოლოდ მოცემული პიროვნებისათვის დამახასიათებელი რიტმისა და თანმიმდევრობის მატარებელია. მაგრამ ყველაფრის საფუძველი მაინც ისევ სულია: „ნიჭი სხვადასხვაა, მაგრამ ერთია სული. და მსახურებაც სხვადასხვაა, მაგრამ ერთია უფალი. სხვადასხვაა მოქმედებაც, მაგრამ ერთია ღმერთი, ყოვლის მოქმედი ყველაში. ხოლო თითოეულ ჩვენგანს სასიკეთოდ ეძლევა სულის გამოვლენა. ზოგს სულისაგან ეძლევა სიბრძნის სიტყვა, ზოგს – ცოდნის სიტყვა იმავე სულით; ზოგს – რწმენა იმავე სულისაგან, ზოგს – ნიჭი მკურნალობისა იმავე სულით; ვის – სასწაულთმოქმედება, ვის – წინასწარმეტყველება, ვის – სულთა გარჩევა, ვის – სხვადასხვა ენა, ვის კიდევ განმარტება სხვადასხვა ენის. ხოლო ყოველივე ამის მოქმედია ერთი და იგივე სული, რომელიც იმას უწილადებს თითოეულს, რაც თვითონ ნებავს” (1 კორ. 12:4-11), ამიტომ, გვმოძღვრავს ამ საბოლოო მიზნიდან გამომდინარე, ქრისტეს მცნებებში ასახული დასკვნა: „იყავით სრულქმნილნი, როგორც სრულქმნილია თქვენი ზეციერი მამა” (მათ. 5:48). აქედან, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ერთი პიროვნების გზები, თუნდაც სხვა ეპოქასა, თუ სხვა შინაგან და გარეგან გარემოებებში, მაგრამ იმავე რწმენაში, შეიძლება მეორეს თანხვედრი იყოს. სრულქმნილების მცნება ყველა დროის, ადგილმდებარეობის, კულტურის, ეროვნულობისა და ნებისმიერი პირობითობის მიუხედავად ყოველი ადამიანისთვისაა ნათქვამი. სხვაგვარად, რომ ვთქვათ: ღვთის მცნებისათვის დამახასიათებელია აბსოლუტურობა.

ქრისტიანის სულიერი ცხოვრება დინამიკური ხასიათისაა. ის არასოდესაა სტატიკური: თავისი, ძალიან ბევრი მრავალმხრივი გამოვლინებებით. ერთი მხრივ ეს მისი სიმდიდრეა, ხოლო მეორე მხრივ, ის არის მაჩვენებელი ჩვენთვის ჯერ კიდევ მიუღწეველი სრულყოფილებისა: თავად ღმერთის – წმინდა სამების ცხოვრებაში, დინამიკური და სტატიკური მომენტები მიუწვდომელ ერთიანობაში ერთმანეთს ერწყმიან. სწორედ ამ „ერთობაშია” აღთქმული ურყეობა, რომელიც ეძლევა ყველა ჭეშმარიტ აღმსარებელს.

ჩვენი სამყაროს ყოფიერება იმ მომენტს უახლოვდება, როდესაც ყოველი ჩვენგანი „ერთ წამში, თვალის დახამხამებაში… შევიცვლებით” (1 კორ. 15:52); „როცა ცეცხლმოდებული ცანი დაიშლებიან და დადნებიან ალმოდებული სტიქიონები” (2 პეტ. 3:12), როდესაც „ერთხელ კიდევ გვაუწყებს შეძრულის, როგორც შექმნილის, შეცვლას, რათა უცვლელად ეგოს შეუძვრელი. ამიტომ, შეუძვრელ სასუფეველს რომ ვღებულობთ, გვქონდეს მადლი, რომლითაც სათნოდ ვემსახურებით ღმერთს, მოშიშებით და მოწიწებით” (ებრ. 12:26-28; გამოცხ. 21:1). ადამიანს მარადიულ ღვთაებრივობად უკიდურესად დინამიკური უძვრელობა მიეცემა. სწორედ ეს არის ჭეშმარიტად „მარადიული სიმშვიდე”.

არქიმანდრიტი სოფრონ სახაროვი
თარგმნა: როლანდ-რომილე ჩხეიძემ

თავი V –  „კურთხევაა იცოდე გზა“ (I ნაწილიII ნაწილი; III ნაწილი)
თავი VIII – «შეჯამებული სულიერი ცხოვრება»
თავი IX – «სულიერი თავისუფლების შესახებ»
თავი X – «შთაგონების შესახებ»
თავი XI – «დამაშვრალობისა და ღვთისაგან მიტოვების შეგრძნების შესახებ»
თავი XII – «თვითსიძულვილამდე სიყვარულის შესახებ»
თავი XIII – «უქმნელი ნათლის შესახებ»
თავი XIV – «პიროვნული საწყისები ღვთაებრივ მყოფობასა და ადამიანურ ყოფნაში»
თავი XV – «ლიტურგიული ლოცვა»
თავი XVI – «ლიტურგიული ენა»
თავი XVII – «გეთსიმანიის ლოცვა»
თავი XVIII – «ლოცვა, რომელშიც ღმერთი-ჭეშმარიტება ვლინდება»