You are currently viewing «შინაარსი ჭეშმარიტ მოქალაქეობის – „მამაო ჩვენოს“ განმარტება»

«შინაარსი ჭეშმარიტ მოქალაქეობის – „მამაო ჩვენოს“ განმარტება»

Download article eBook
    შინაარსი ჭეშმარიტ მოქალაქეობის
„მამაო ჩვენოს“ განმარტება
[*]  

„და ჰრქვეს მოწაფეთა იესოს: „უფალო, გვასწავლე ჩვენ ლოცვა, ვითარცა იოანემ ასწავლა მოწაფეთა თვისთა“.
ხოლო მან ჰრქვა მათ, როდესაც ილოცევდით სთქვით: მამაო ჩვენო,
რომელი ხარ ცათა შინა,
წმიდა იყავნ სახელი შენი,
მოვედინ სუფევა შენი,
იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა ეგრეთცა ქვეყანასა ზედა!
პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს
და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა,
და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა,
არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
რამეთუ შენი არს სუფევა, ძალა და დიდება უკუნისამდე. ამინ.“
(ლუკა 11, 1-4; მათე 6, 9-13)

„და ჰრქვეს მოწაფეთა იესოს: „უფალო, გვასწავლე ჩვენ ლოცვა, ვითარცა იოანემ ასწავლა მოწაფეთა თვისთა“ (ლუკა: 11,1).

წარსულ სიტყვაში[**] ამ ორი თვის წინად, მივაქციე თქვენი ყურადღება იმ განცდებისკენ, რომელიც უნდა ჰქონოდა ყოველ მორწმუნე ქართველს, ერთგულ წევრს ჩვენი ეკლესიის, ათი წლის განმავლობაში წირვის ქართულად მოუსმენლობის შემდეგ. სიტყვის მეორე ნაწილში გადაგიშალეთ წინ ჩემი პროგრამა თქვენ შორის მოქმედების, პროგრამა რომელიც ნაკარნახევია ჩემთვის პირველ რიგში, როგორც მართლმადიდებელ ქრისტეანის, მეორე როგორც წევრის საქართველოს ეკლესიის და შემდეგ როგორც წევრის ემიგრაციის. დღეს ჩემი მოვალეობაა ახლო მანძილიდან გადავხედო იმ ობიექტს, რომელშიაც და სადაც მიხდება ამ პროგრამის აღსრულება. ეს ობიექტია მრევლი პარიზში ე. ი. ხართ თქვენ.

ვის ან რას უნდა შევადარო ეს მრევლი, რა მაგალითი ან რა იგავი უნდა ავიღო მისთვის?

ჩვენ ყველანი ვართ მიწის შვილნი. გუთანი და ვენახი, ცხვარი და საქონელი იყო ჩვენი უწმინდესი და უკეთილშობილესი მუშაობა ჩვენს ქვეყანაში – ამოდენა უძილო ღამეებმა და ბენზინის სიმყრალემ ველების და ტყეების სუნი, რომელიც ჩვენ, ჩვენი ქვეყნიდან უცხოეთში მოვიტანეთ, მაინც ვერ მოგვაშორეს.

ჩემი მრევლი ედარება იმ ვენახს, რომელშიაც უკვე 10 წელიწადია არც უმარგლიათ და ვაზთა შორის უბარნიათ, არც უსხლიათ არც გოგირდი და შაბიამანი შეუყრიათ ვაზებისთვის, რომ მეტი ნაყოფი გამოეღოთ, არც ჭიგოები შეუყენებიათ ვაზებისთვის, რომ არ დაცემულიყვნენ. იმ ვენახს, რომელსაც ღობე შემოაცვდა და შემოეგლიჯა და რომელსაც ყოველი: მოყვარეა იგი თუ მტერი, შინაური თუ გარეული ცხოველი თავისუფლად ყოველ კუთხიდან ესტუმრება. როგორ უნდა მოიქცეს ის, ვისაც ეს ვენახი ჩააბარეს? მან უნდა რასაკვირველია პირველად შემოარტყას ამ ვენახს ღობე და გაუკეთოს ერთი კარები, რომ ამ კარებიდან ყოველი ის შედიოდეს და გამოდიოდეს, ვისაც რამე საქმე აქვთ ვენახთან.

ყოველი ვაზი ამ ვენახის, რომელიც მაინც არ დაეცა და მტრის მიერ საკორტნი და სათელი არ გახდა. ყოველი ის ვაზი, რომლის ფესვებიდან ის მტევანი აღმოსცენდა – შემდეგ ღვინოდ გადაწურული მტევანი, რომელიც არა ერთხელ ზედაშედ – სისხლად შეიწირა ჩვენი ეკლესიის წმ. საკურთხეველზე; ეს ვაზნი უნდა შემოერტყან ამ ვენახს სულიერ ზღუდეთ.

ამ ვენახში არიან კიდევ სხვა ვაზები, რომელთაც სინაპოხიერობის, მაგრამ მოუვლელობის გამო ვეგეტიურს ზრდას მიჰყვეს ხელი; ბრტყელი ფოთლებით, გაბარდნულნი დგანან იგინი იქ და პირველ შეხედვისთანავე ისეთ შთაბეჭდილებას ახდენენ, ვითომ ბევრ ნაყოფს – ბევრ მტევნებს იღებდნენ. უნდა განისვენოს და დაიძინოს მევენახემ ამათ ფოთლების ჩრდილში, თუ უნდა შეარხ-შემოარხიოს ფოთლები ნაყოფის ძებნაში და თუ რაიმე ნაყოფის ჩანასახი იპოვა, არ უნდა მოსჭრას ზედმეტი ფოთლები და ყლორტები, რომ მისცეს ნაყოფს მეტი მზე, სითბო, სინათლე, ჰაერი და თავისუფლება!

და არიან კიდევ სხვა ვაზები ამ ვენახში მომეტებული წილი ვაზთა – დავარდნილნი, დაცემულნი აკვრიან მიწას – მტვერში და ტალახში. ღვარძლი აწევს მათ სამარის ლოდივით, ჭია და მატლი დანავარდობენ მათზედ.

უნდა მევენახემ გვერდი აუხვიოს ამისთანა ვაზებს თუ უნდა მეტი სიყვარულით, მეტი მოთმინებით და მეტი მუშაობით მიადგეს მათ.

რომელ ვაზს უნდა მოჰკიდოს პირველად ხელი იმან, ვისაც ეს ვენახი ჩააბარეს – იმას, ვინც ნაყოფს ისხამს მაგრამ მოუვლელს და თვით ვაზს დაღლილობა ემჩნევა, იმას ვინც შრიალებს და ფოთოლთა შრიალში ჰგონია ახალ განცხადებებს იღებდეს და ავრცელებდეს, თუ იმას ვინც მიწაზედ გდია – მაგრამ თუ აიმართა და წამალი ეშოვა ათწილად და ასწილად გამოიღებს ნაყოფს.

და ჰრქვეს მოწაფეთა იესოს: „უფალო გვასწავლე ჩვენ ლოცვა“.

ლოცვა! ჩემი იარაღი ხელში არის და იქნება მხოლოდ ლოცვა და ამაზე უკეთესი იარაღი ჩემთვის არც არსებობს და არც მესაჭიროება; ლოცვა არის არა მხოლოდ ღობე და კარები ამ ვენახის – არა მხოლოდ წამალი, რომელიც სპობს ვაზებზედ ფილოქსერას; არა მხოლოდ ის მაკრატელი, რომელიც აჭრის ამ ვაზებს ზედმეტ ყლორტებს, არა მხოლოდ ის ბარი, რომელიც უვლის ვაზის ძირს, არა მხოლოდ ის ჭიგო, რომელსაც გარს ევლება ვაზი.

ლოცვა არის ქვეყანა, სამყარო თავისთვის და ყოველი ვისაც ამ ქვეყანაში ბინა აქვს, იცის რომ ულოცვოდ არსებობა – ადამიანური სულიერი არსებობა ისევე შეუძლებელია, როგორც ხორციელი ცხოვრება უპუროდ და უჰაეროდ და ის ადამიანი, რომელიც არ ლოცულობს ან მისთვის არ ლოცულობენ მოისპობა – მოიკრუნჩხება, დაეცემა და გახდება მსხვერპლი წარმავალის და მტვრის, „უფალო გვასწავლე ჩვენ ლოცვა“.

მაგრამ რას ნიშნავს ეს: „გვასწავლე ჩვენ ლოცვა“. სხვა სიტყვებით რომ ვსთქვათ, ეს ადგილი ჰგულისხმობს ამას: დაგვეხმარე, რომ სიტყვებით გამოვთქვათ ყველა ის გრძნობანი, რაც ჩვენშია ჩამარხული. ჩვენ მიერ შემეცნილნი თუ შეუმეცნელნი, დაგვეხმარე რომ ჩვენ მკაფიოდ და ნათლად შევსწვდეთ და გავიგოთ ის, რაც ჩვენ გვაშფოთებს, გვაღელვებს და მოსვენებას გვიფრთხობს. „უფალო გვასწავლე ჩვენ ლოცვა“ ჰგულისხმობს იმავე პროცესს, რომელიც ყოველ ხელოვანს, ყოველ ადამიანს განუცდია, რომელსაც რაღაცის შექმნა სურს, რაღაცა აზრი უდგას თვალწინ პირველხანებში ჯერ დაბნეულად და არეულად. „უფალო გვასწავლე ჩვენ ლოცვა“ ნიშნავს სხვა სიტყვებით მოგვეცი ჩვენ მანიფესტი, პროგრამა ჩვენ რელიგიური ცხოვრების და მოქმედების, იმ ჩანასახთა მიხედვით, რომელიც ჩვენშია, ისე როგორც იოანემ მისცა თავის მოწაფეებს პროგრამა მათი რელიგიური ცხოვრების და მოქმედების.

ჩვენ ყველამ ვიცით ცხოვრებიდან, რომ რომელიმე ადამიანნი, რომელთაც რაღაცის გაკეთება სურთ ან რამე მიზანს ისახავენ, ან რაიმე მოვლენა ცხოვრებაში მათ არ აინტერესებთ და სურთ რომ ეს მოისპოს, აარსებენ ერთგვარ საზოგადოებას, რომელსაც ისინი პარტიას ან კავშირს უწოდებენ. იქმნება პროგრამა მათი მოქმედების, მაგრამ თვით ამ პროგრამის შედგენის წინ ისინი ითვალისწინებენ ჯერ მას რაც უკვე აქვთ ე.ი. ცხოვრებაში კი არაა განხორციელებული, არამედ მათ წევრთა უმრავლესობას ესმის – მათ მიერ მისაღებია და ზოგადია. მათ შორის და ჩვენც ჩვენი საქმის წინ უნდა გავითვალისწინოთ ჯერ ის რაც გვაქვს – რაც ზოგადია ყოველი ჩვენში, ეს არაა პროგრამა და სტატუსები ჩვენი მრევლის, ესენი შეიცავენ ჩვენი მრევლის ფინანსიურ ან ადმინისტრატიულ მხარეს; ჩვენ შიგ ეკლესიაში გვჭირდებიან სულ სხვა სტატუსები – რელიგიური ცხოვრების სტატუსები, მისწრაფებანი ჩვენი როგორც ქრისტიანების, როგორც მორწმუნე და მლოცველ ერის. ჩვენი მიზანია ვთხოვოთ დღეს უფალს, შეგვაგნებინოს ჩვენ დღეს ეს ზოგადი რელიგიური საუნჯე, ის რაც ჰკვებას და ასაზრდოვებს ამ ვენახს, ის რელიგიური განძი, რომელიც კიდევ არსებობს ჩვენში – თვითეულ ჩვენთაგანში; შეგვაგნებინოს ჩვენ მან ეს მკაფიოდ და ნათელ სიტყვებით, რომ ამაზედ შეგვეძლოს ჩვენ შენება და წარმატება.

2000 წელიწადი გვაშორებს ჩვენ იმ დროიდან, როს მეთევზურნი მივიდნენ ქრისტესთან და სთხოვეს მას რელიგიური პროგრამის მიცემა. 2000 წელიწადია მას შემდეგ; იმ ხნიდან ბევრი გამოიცვალა, ძლიერ ბევრი; თვით ჩვენი ცხოვრება დილიდან-საღამომდისინ და საღამოდან დალამდისინ სრულიად განსხვავდება მათ ცხოვრებიდან. ვინც 2000 წლის წინეთ მივიდნენ ქრისტესთან და სთხოვეს მას მათთვის რელიგიური პროგრამის მიცემა.

ისინი სცხოვრობდნენ თავიანთ სამშობლოში – მუდამ ლაჟვარდ გალილეის ცის ქვეშ; დიდი ზრუნვა მათ არ აწუხებდათ იმ პიროვნების გარშემო. რომელიც თვით ღმერთი იყო განკაცებული და რომელთანაც ერთად ყოფნა ყოველ სულიერ და ხორციელ სნეულებათ ჰკურნავდა. ჩვენ ვცხოვრობთ უცხოეთში, უცხო ცის ქვეშ, რომელიც ჩვენთვის ყოველთვის მონისლულია – მთელი ჩვენი ცხოვრება სავსეა ბრძოლით და ზრუნვით ლუკმა პურისთვის; მთელი ცხოვრება მათი იყო რელიგიური მოტივებით გათვალისწინებული. რელიგიური მომენტი იყო მათი არსებობის დასაწყისი და დასასრული. ჩვენ ცხოვრებაში კი რელიგიური მომენტი თუ უკანასკნელი არაა, მაინც ერთი უკანასკნელთაგანია.

და ამის გამო ჩვენი ლოცვა დღეს ე.ი. ის ზოგადი რელიგიური, რომელიც ჩვენ დღეს კიდევ გვაქვს, არ იქნება ისეთი ცეცხლით სავსე, როგორც იყო ერთ დროს ლოცვა მოციქულთა, რომელმაც გადასწვა მთელი მაშინდელი სამყარო და რომლის ნაპერწკლებიც ჩვენ ქვეყანამდისაც ჩამოცვივდნენ. რა უყოთ, რომ ჩვენ დღეს არ ვართ ცეცხლის მატარებელნი, რომ ჩვენ აღარ ვართ ძლევისა გალობისა მგალობელნი, განა ჩვენი ბრალია თუ ჩვენი ლოცვა იქნება დაღლილი, თუ ეს ლოცვა იქნება სევდიანი, გაუბედავი და ღარიბი! თუ ეს არ იქნება ჰიმნი ძლევის და გამარჯვების, არამედ სულ უბრალო და მარტივი სიმღერა, სულ უბრალო და მარტივი ღიღინი. განა ეს ყველაფერი დანაშაულია ჩვენი თაობის? და მაინც ამ თაობის დანაშაულობა იქნება თუ ლოცვას, ამ უკანასკნელს რაც კიდევ ჩვენ გვაქვს, ჩაჰკლავს და გასაქანს არ მისცემს იმ დროს, როდესაც ცხოვრებაში ყოველ სიბილწეს და უზნეობას ფართო ასპარეზს და გასაქანს აძლევს – ჩვენი დანაშაული იქნება, თუ ამ ლოცვას ამირანის სიმღერად გადავაქცევთ, რომლის ხმა ვერვინ გაიგო – ჩვენი სიმღერა კი უნდა გაისმას, რომ მოყვარემ ბანი მოგვცეს, მტერმა კი ამ სიმღერის ხმა გაიგოს. ამინ.


„ხოლო მან ჰრქვა მათ, როდესაც ილოცევდით სთქვით: „მამაო ჩვენო“ (ლუკა 11.2; მათე 6.9)

იმ ვენახს, რომელიც წარსულ ქადაგებაში თქვენ სულიერი თვალების წინ დაგიხატეთ და რომელსაც ჩემი მრევლი შევადარე, სურათი მთლად არ იქნებოდა თუ ერთ მცირე დეტალს არ დავძენთ. ჩვენ ვართ ამ ვენახის წევრი, მაგრამ სად იღებს ეს ვენახი თავის დასაწყისს – სად არის ამ ვაზების დედა ან ძირი საძებნი; ზვარი მშობელი ამ ვენახის არის ჩვენი ქვეყანა და ჩვენ ვართ წევრნი მისი სხვა და სხვა კუთხეების.

ჩვენი სამშობლო ქვეყანა, ჩვენი მამების და ჩვენი საკუთარი ქვეყანაა! რომელი ქართველის გული და სისხლი არ უნდა ატოკდეს ამ სიტყვების გაგონებაზედ – სამშობლო. სადაც არიან საფლავნი ჩვენი წინაპრების – სადაც არიან ჩვენთვის ძვირფასნი არსებანი, რომელთათვის ჩვენ, ჩვენ სიცოცხლეს და ყველაფერს მივცემდით. სამშობლო! ამის თქმაზედ ჩვენ გვიდგება თვალწინ ცა, რომელიც საქართველოს დასცქერის – მთები, ტყეები, ველები და მინდვრები. მისი სოფლები და ქალაქები, მისი საუცხოვო მონასტრები, თუ გინდ დაშთენილნი და დარღვეულნი და ციხე-კოშკები.

მაგრამ რისთვის გვიზიდავს ჩვენ ეს ცა და ტაძარ-კოშკები ან და მისი ტყე-ველნი და მდინარენი. განა უცხოეთში ცა იგივე არ არის – ლამაზი ქალაქები და ტაძრები არ ამკობენ ამ უცხო ქვეყანას? განა მზე საქართველოს აქ ისევე არ გვინათებს და გვათბობს; განა მთვარე უცხოეთში ნაკლებად ლამაზია ან და ნაკლებად არიან ვარსკვლავები ცაზედ? არა. თუმცა ჩვენი ქვეყანა ლამაზია და მოხდენილი. ბუნებით და მოხდენით ბევრ ქვეყანას უსწრებს და აღემატება; მაგრამ ყოველ სამშობლოს აქვს აგრეთვე თავისი საკუთარი სილამაზე, სულიერი უხილავი სილამაზე, რომელსაც მხოლოდ ის გრძნობს და ჰხედავს, განიცდის და იცის, ვისიც ეს სამშობლოა და ეს სულიერი უხილავი, გამოუთქმელი უბრალო სიტყვით, მაგრამ გამოთქმული პოეზიაში, მითოსში, გარდმოცემებში და ლეგენდებში. ე.ი. განსპეტაკებულ-აღმაღლებულ ღვთაებრივ ენით ეს გვიზიდავს. აიღეთ სულ უბრალო რამ მაგალითი, აიღეთ ცა საქართველოსი, ცა იგივეა, როგორც სხვა ბევრი ქვეყნების, ხან მოწმენდილი, ხან ღრუბლიანი, ხან მონისლული, ხან მზე გვიცინის ჩვენ იქიდან, ხან თოვლს და სეტყვას გვიშენს თავზედ და მაინც იმ დროს, როდესაც ცა პარიზის ქართველის გრძნობას და გონებას არაფერს ეუბნება, ცა ჩვენი ქვეყნის არა „სულ სხვაფრად გაბრწყინვებული და სულ სხვა გვარად დამშვიდებული“ (ილია ჭავჭავაძე); ცა, რომელიც ტფილისის მთაწმინდას დასცქერის, შეადარა ერთმა მგოსანმა, ძვირფას ქვა-ფირუზს (აკაკი); ცა, რომელიც ტფილისს თავზედ დასცქერის, შედარა მეორე ქართველმა კანკელს ე. ი. მას, რაც ეკლესიაში ხატებითაა მოჭედილი და რომელსაც მორწმუნენი სანთლებს უნთებენ და ემთხვევიან.

„თავზედ გადგია, როგორც კანკელი
ცა მოელვარე და აჟღერილი“
(პაოლო იაშვილი)

თუშ-ფშავეთ-ხევსურეთის ცა შვიდწელიწადში ერთხელ იხსნება და რასაც მაშინ ინატრებ, ყველაფერი იქნება და გურიის მოწმენდილ ცაზედ ერთმა ქართველმა თვით ანგელოზების დანახვაც კი შესაძლებლობად აქცია.

„ცა ისეა მოწმენდილი, ცა ისეა შეუმკრთალი,
რომ ანგელოზს დაინახავს მოდარაჯე კაცის თვალი“
(გალ. ტაბიძე)

თუ ეს ცა, რომელიც ესეა დაშორებული მიწიდან, რომელიც თვის ბუნებით „ცივია და უგრძნობი“ ჩვენ ქართველ გრძნობას და გონებას იმდენს ეუბნება, რამდენის თქმა შეუძლიან მისთვის თვით დედამიწას, რომელზედაც ჩვენ ყველანი დავდივართ, რომელიც გამთბარია ჩვენი ლოცვით, საკუთარი სუნთქვით, ჩვენი ცრემლით და ჩვენი საკუთარი სისხლით. ციხე-კოშკები მოგვითხრობენ ჩვენ, ჩვენი წინაპრების გმირობას, მათ მოუდრეკელ სიყვარულს თავისუფლებისადმი – მათ ბრძოლებს თავის სამშობლოსათვის. ტაძრები და მონასტრები გვიამბობენ ჩვენ წინაპრების სულიერ ძიებას, მისწრაფებას ღვთისკენ – ჩვენ წარსულ კულტურულ ცხოვრებაზედ; ტყეებში და ღრეებში არის ჩარჩენილი ხმა და ამოძახილი მათი, ვინც მტრის შემოსევის დროს იქ სახლდებოდა, რომ თავისი თავი მაინც გადაერჩინა სამშობლოსთვის. მთელი ამეტყველებული ბუნება ჩვენი ქვეყნის და ქვათა ღაღადი არის მეორე მატიანე ჩვენი ქვეყნის, უფრო ქართული ენით დაწერილი, უფრო ვრცელი, უფრო მოხდენილი, უფრო ლამაზი, ვიდრე თვით „ქართლის ცხოვრება“. ალაპარაკებული ბუნება არის ფილოსოფია, პოეზია, რელიგია ჩვენი წარსულის – დაწერილი მატიანე კი არის, მხოლოდ ქრონოლოგია, ენციკლოპედია და მშრალი ისტორია.

ცენტრი, ძარღვი უმთავრესი, რომელზედაც ეს სამშობლო და ეს გარდმოცემანი ტრიალებენ, რომელიც ამათ ქმნის არის თვით ადამიანი – ამ ადამიანმა შექმნა ეს ტაძრები და ციხე-კოშკები, მან შემოახვია თავის მოქმედებით სულიერი და ფიზიკური გმირობით შარავანდედი მთელ მიდამოს; მან ჩასძახა და ჩასწერა ბუნებაში ის, რაც სხვისთვის, უცხოსთვის წიგნია შვიდ ბეჭდით დაბეჭდილი, გაუგებარ ასოებით დაწერილი და რასაც იგი ესე ადვილად და თავისუფლად კითხულობს და მღერის.

ეს ადამიანი მთელი თავის არსით, სისხლით, უკანასკნელ ძარღვით მიჯაჭვულია ისე, როგორც ამირანი კავკასიონის ქედზედ თავის სამშობლოზედ და ეს მიჯაჭვა არის უფრო მტკიცე, ორგანიული, განუყრელი, განუშორებელი, თანაარსი; ის განიცდის თვისში მთელ წარსულს და „როს დადის მშობლიურ მიწაზედ, გრძნობს წინაპართა ძვალთა მსხვრევას“. სისხლი მის წინაპრების მასში მჩქეფარე არის იმავე დროს ანდერძი მის წინაპრების მისდამი; ის თვისში ატარებს ყველა იმ კეთილს, რაც ჩვენში დროთა ვითარებაში შეიქმნა და ყველა იმ ბოროტს, რომლის წინააღმდეგ უკეთესნი შვილნი ჩვენი ერის, ჩვენი ეკლესიის წინამძღოლობით ებრძოდნენ – ეს არის ცოცხალი. განსახიერებული, ხელით მოსაკიდი და თვალით დასანახი ჩვენი ქვეყნის წარსული, ჩვენი აწმყო და ჩვენი მომავალი.

როდესაც ეკლესია ლოცულობს ან ლაპარაკობს სამშობლოზედ, ის არ ჰგულისხმობს პირველ რიგში ტაძრებს, ან საქართველოს მზეს ან მთებს და ველებს, არამედ იმ ადამიანს და მის კეთილდღეობას, რომელიც ყველა ამათ ჰქმნის, სდარაჯობს, სულს უდგამს, ინახავს და იცავს. და როდესაც ეკლესია ლაპარაკობს ადამიანზედ, მას აქვს პირველად ყოვლისა ის სახეში, რომელიც გრძნობს წინაპრების ანდერძს და ესმის ენა თვისი ქვეყნის, რომელმაც იცის პასუხისმგებლობა თვისი ცხოვრების, ამ ანდერძის წინაშე და სცდილობს შეძლებისდაგვარად ერთი ნაბიჯი მაინც წინ წადგას ამ პასუხისმგებლობის გამართლებაში და ეკლესია უდგას გვერდით ამ ადამიანს და ეხმარება მას ამ ანდერძის აღსრულებაში და ეს ანდერძია: ძიება ღვთის და ძიება ღვთის სასუფევლის და ღვთის სიმართლის ამ ქვეყანაზედ – ბრძოლა უფლებისათვის, თავისუფლებისათვის და განვითარებისათვის.

ამ ანდერძის ასრულებისათვის ჩვენ არ ვართ შეზღუდულნი ჩვენი სამშობლოთი; ეს ანდერძი დღის პირველ რიგში სულიერ-რელიგიურ-კულტურულ ხასიათისაა და ამას ჩვენ აქ ისევე შეგვიძლიან ვემსახუროთ და შეიძლება უკეთ შეგვიძლიან ვემსახუროთ, ვიდრე ჩვენს სამშობლოში. ერთი არ უნდა დაგვავიწყდეს: არაა ის გამორიყული და საბრალო, რომელმაც სამშობლო დასტოვა; ეს ადამიანი არაა გამორიყული და საბრალო. არა საბრალოა ის და თვით ნიცშეც თავის „საბრალოა ვისაც სამშობლო არა აქვს“, ჰგულისხმობს იმ ადამიანს, რომელიც აღარაა შესისხლხორცებული ორგანიულად თავის ძარღვით, სისხლით და ხორცით თავის სამშობლოსთან. რომელიც თვისში ანდერძს, თვის წინაპრებს აღარ გრძნობს, რომელსაც ბუნება აღარაფერს აღარ ეუბნება; ამისთანა ადამიანს შეუძლია ისევე კარგად იცხოვროს ტფილისში, როგორც უცხოეთში. ჩვენში კი ამოდენა ტანჯვამ და წვალებამ სულ სხვა ძარღვები აალაპარაკა ან და უნდა აელაპარაკებინა.

„მამაო ჩვენო“ იესო ქრისტეს ლოცვის პირველი სიტყვა იყო მამა ე. ი. ღმერთი, ჩვენი ლოცვის პირველი სიტყვა კი არის ანდა ჩვენდა მესვეურთა და ბელადთა სწავლებით უნდა ყოფილიყო სამშობლო. იესო ქრისტეს ლოცვის პირველი სიტყვა იყო ღმერთი და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არა გვაქვს უფლება, როგორც ქრისტიანებს, სამშობლო გავიხადოთ და დავისვათ კერპად. მხოლოდ და მხოლოდ სამშობლოს წარმატებისათვის და დიდებისათვის ვიცხოვროთ და ვიბრძოლოთ. არამედ სუბიექტი ჩვენი მისწრაფების უნდა იყოს ღმერთი, და ისე კი არა ღმერთი და სამშობლო, ღმერთი ეკლესიაში და სამშობლო ეკლესიის გარედ ანდა უკეთ სამშობლო ეკლესიაში და სამშობლო ეკლესიის გარეთ, არამედ ღმერთი სამშობლოში უკეთ სამშობლო ღმერთში.

და ამისთანა დიდ კონცეპციაში დიდ ხაზების შორის ჩაყენებული ჩვენი პატარა ქვეყანა შემოფარგლული ირგვლივ საზღვრებით, ჩვენი პატარა სურვილები, შემოფარგლულნი ირგვლივ, ჩვენი მისწრაფებანი, ჩვენი ტანჯვა, ჩვენი აქ ყოფნა, ყველაფერი რაც მოხდა და ხდება მიიღებს სულ სხვა მნიშვნელობას და სხვა სახეს და შეიძლება ჩვენთვისაც ცოტათი მაინც ცხადი შეიქმნას დანიშნულება და მოწოდება ჩვენი ერის.

ემიგრაციაში ყოველთვის ჯამი კეთდება ერის სულიერ ცხოვრების. აიღეთ ქართველი ემიგრაცია მოსკოვში, რომელთაც ჩვენ ერს აჩუქეს ბიბლია – კულტურული მიღწევა XVIII საუკუნის, რომელიც დღევანდლამდისინ უბადლოა მთელ ჩვენ ცხოვრებაში და რომელთანაც შედარებით მთელი მუშაობა და მომუშავენი შეიძლება შევადაროთ „მშვილდთა ბედითთა ყმაწვილთა მონადირეთა“. ებრაელებმა ბაბილონის ტყვეობაში აჩუქეს თავის ერს კანონი ძველი აღთქმის ე. ი. ჯამი გაუწიეს მთელ კულტურულ მუშაობას წინა ეპოქის; ბერძნებმა თვისი ფილოსოფია შექმნეს უცხოეთში და ესეც ემიგრაციამ, განთავისუფლებული მითოლოგიურ წარმოდგენებიდან თავიანთი ქვეყნის, რომელიც ადამიანის თავისუფალ აზროვნებას გასაქანს არ აძლევდა, შექმნეს უცხოეთში ის, რამაც ბერძნები უკვდავ ჰყო შემდეგში. ემიგრაციას არა აქვს პოტენცია შემოქმედებითი, იგი არის ჯამის შედეგები სინტეზის გაწევა, ყველა იმ მუშაობის, რაც კეთდებოდა მის ქვეყანაში, მის წინ.

რა დიდი სულიერი მუშაობა სწარმოებდა ჩვენ ერში, რომ დღეს ჩვენ მას სინტეზი გაუწიოთ? რა საუნჯენი მოვიტანეთ ჩვენ, ჩვენი ქვეყნიდან აქ, რომ დღეს ესენი სისტემატიურად დავალაგოთ და თაიგულად შევკრად, რას წარმოადგენდა ჩვენი ქვეყნის – ჩვენი პატარა სურვილები. ვიწრო აზროვნება, რომელიც აქამდისინაც არ მოგყვა და ეს მიტომ, რომ სუბიეკტად ჩვენი სურვილების იყო ან სამშობლო ან ამ სამშობლოს და მის შვილთა ეკონომიური წარმატება და არა ღმერთი. და ამიტომაც დღეს ვსხედვართ აქ ბაბილონის მდინარეზედ – შევცქერივართ ერთმანეთს, წვრილ ინტრიგებში ამოგვდის სული და ერთი-მეორეს ხელს უშლის თუ მას რაღაცის გაკეთების სურვილი აქვს. აქ ემიგრაციაში მაინც ჩვენს აზროვნებას უნდა ფართო ჰორიზონტი მიეცეს, რომ რაღაცა გავაკეთოთ, რომ სრულიად უმიზნოდ და უშედეგოდ, უკვალოდ არ გაჰქრეს ჩვენი ცხოვრება აქ ამ ჩვენს ერის მოწოდების დანიშნულების ცხადყოფად ვართ ჩვენ აქ დღეს, რომ ვებრძოლოთ ღმერთს, ვილოცოთ, ვიმუშაოთ და ვიფიქროთ – ღმერთს თვითეულ ჩვენგანს განუნათლოს გონება ამ მხრივ. ამინ.

„რომელი ხარ ცათა შინა“ (ლუკა 11.2; მათე 6.9)

წარსულ ქადაგებიდან დავინახეთ ჩვენ, რომ პირველი სიტყვა იესო ქრისტეს ლოცვის იყო ღმერთი და აგრეთვე პირველი სიტყვა იესო ქრისტეს მრევლის უნდა იყოს ღმერთი ე.ი. მიზანი მოქალაქის ცხოვრების და მოქალაქეობის უნდა იყოს ღმერთი. ისიც დავინახეთ, რომ თუ ამ ადამიანის ან ერის ლოცვის პირველი სიტყვა სხვა რამეა და არა ღმერთი და გინდაც რომ ეს სხვა რამე იყოს ისეთი რამ, როგორიც სამშობლოა. პატრიოტიზმი, ბრძოლა და მუშაობა ერის თავისუფლებისათვის და ეკონომიურ განვითარებისათვის; რომ ეს პირველი სიტყვა მისი ლოცვის არ კმარა, რომ მისი ცხოვრება და კეთილდღეობა – აგრეთვე კეთილდღეობა და წარმატება მისი ქვეყნის იყოს მადლიანი და ჭეშმარიტი ან ხანგრძლივი, რომ ადამიანმა თავისი მისწრაფებანი უნდა დაუმორჩილოს უმაღლეს პრინციპს. და ეს უმაღლესი პრინციპი ამ შემთხვევაში ღმერთია, რომ მან თვისი ცხოვრება უნდა ჩააყენოს დიდ კონცეპციებში. მისი მოქმედება და ცხოვრება დაუმორჩილოს ისეთ დიდ რამეს, რომლის მადლს და ძლიერებას არც არავითარი საზღვარი აქვს, რომლის ცა მთელ მსოფლიოს ჰფარავს, რომელიც ადამიანის ყოველ მიზანს და მისწრაფებას რაც გინდა ლოკალური იყოს იგი და ადგილობრივად განსაზღვრული და შემოზღუდული. უნივერსალურს და წარუვალ მნიშვნელობას აძლევს. ის ადამიანი და ის ერი, რომელიც ესე ჰმოქმედობს, პოულობს ცხოვრების მიზანს და მოღვაწეობის მიზანს იმ საზღვრების გარედაც, რომელსაც იგი სტოვებს. ამ ერის მსოფლმხედველობა და თვალსაზრისი ამაღლებულია სიწვრილმანიდან და მეორე ხარისხოვნიდან და ეს ამაღლებული მსოფლმხედველობა ამაღლებს და აპატიოსნებს თვით ცხოვრების სიწვრილმანეს და მეორე ხარისხოვანს ყოველმა ადამიანმა, ყოველმა ერმა, რომელსაც სურს რაიმე წარუვალი ნაყოფი თავის ცხოვრების, არ უნდა დაახურდაოს და შესცვალოს ქრისტეს ლოცვის პირველი სიტყვა „მამაო ჩვენო“ ე.ი. ღმერთი სხვა სიტყვებზედ, რომელნიც ჩვენი ქვეყნის ერთი საზღვრიდან მეორე საზღვრამდისინ ვერც კი სწვდებიან.

ყოველ ერის ცხოვრებას ჰქმნიან არა მასსები, არამედ რამოდენიმე ადამიანი, რომელთაც საერთო სახელით პიროვნებას ეძახიან და ქართველი ერი ამისთანა პიროვნებებს მადლიან ადამიანებს უძახის. და ეს ცნება „მადლიანი“ არის ცნება რელიგიური და იმაზედ გვითითებს, რომ ამისთანა ადამიანის ცხოვრების ორიენტაცია არის მადლის მოპოება ღვთისგან ან და ღვთისგან მადლ მოპოებულს. ამისთანა საკრალურ მნიშვნელობით იხმარებოდა ეს სიტყვა ყოველთვის და იხმარება დღესაც და ვინც სხვა მნიშვნელობით ხმარობს ამ სიტყვას, იგი ატყუებს მხოლოდ თავის საკუთარ თავს. იესო ქრისტეს სიტყვაც ჩავარდნილი მასსებში, არ ეძებს მასსებს, არამედ მხოლოდ ამისთანა მადლიან პიროვნებებს და ეს პიროვნებანი, რომელნიც გაცილებით მეტს გრძნობენ, ვიდრე სხვები, რომელთა სული და გული გამთბარია ამ ჭეშმარტებით. ესეთი პიროვნებანი ჰქმნიან ეკლესიას; ამათზედ დამყარებული ეკლესია არის მტკიცე საფუძვლებზედ აშენებული და მას ვერც ჯოჯოხეთი დაანგრევს და ვერც სხვა რამე ძალა. იესო ქრისტეს სიტყვა იყო მიმართული მხოლოდ რამოდენიმე პიროვნებისადმი. ის ყოველთვის არჩევდა ხალხს – მასებში დაეძებდა თავისთვის შესაფერ და თვის სიტყვებისათვის შესაფერ ადამიანს, და მისი სიტყვის მქადაგებელს უნდა ეს მაგალითი ქრისტესი ყოველთვის ჰქონდეს სახეში. ეკლესიის დაღუპვის დღე დადგა იმ მომენტიდან, როდესაც მის მსახურებმა ამ სიტყვას უღალატეს და ეკლესიის კარები გაუღეს მასსებს. ჩვენ დღეს ისეთ არაჩვეულებრივ მდგომარეობაში ვცხოვრობთ, რომ უნდა დავუბრუნდეთ ამ პირვანდელ ქრისტიანობას, ღარიბს, დევნილს, მაგრამ სულით მტკიცეს და მდიდარს. ისეთ ბილიკებზედ უხდება დღეს ეკლესიას სიარული, სადაც მას მასსა ვეღარ მოჰყვება, არამედ მხოლოდ რჩეულნი, ვინც გრძნობენ თვისში ქრისტეს ცეცხლს და მთელი დასკვნანიც გამოქვთ ამ ცოდნიდან. გზა ეკლესიის დღეს არის სავსე ეკლით და ქვეწარმავლებით და ამ გზაზედ სიარული არ არის საქმე ყოველ-დღიურ ადამიანის.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა! ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მამა არ არის არც ადამი, არც აბრაჰამი და არც ქართლოსი, არამედ ის, რომელიც ცაშია ე.ი. ღმერთი. თვით ცა არ არის ცნება ბუნებისმეტყველური ესე იგი ის ცა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, არამედ რელიგიური და ნიშნავს: რომელიც ამაღლებულ ხარ, მაღლა სდგეხარ დედამიწაზედ, რომელზედაც ჩვენ დავდივართ, რომელიც მხოლოდ მისი ქმნილებაა, ისე როგორც ადამიანი მაღლა სდგას ყველა იმ ქმნილებაზედ, რომელიც მან შეჰქმნა, თუ გნებავთ პოტენციალურად ე.ი. მას უკეთესის შექმნა შეეძლო ან და საერთოდ მას ვერ შეუძლია გახდეს მონა მისი, რაც შექმნა თუნდაც რომ თვის ქმნილებაზედ კმაყოფილებას და სიხარულს განიცდიდეს.

ის ადამიანი რომელიც მასსიდან არის ამოგლეჯილი და მასსიურ ფსიხიკიდან განთავისუფლებული, ის უკვე მასსაზედ მაღლა სდგას, ის აზროვნობს და ფიქრობს იმ კედლების იქითაც, რომელიც მასსას აზროვნებას უსაზღვრავს, ის მუშაობს და მოქმედობს იმ საგნისათვის, რომელიც მას აკმაყოფილებს, რომელსაც იგი თვის სიკვდილამდის არ უღალატებს, იმ დროს, როდესაც მასსა ერთ ბელადიდან მეორე ბელადისკენ გარბის და თვის წინამძღვარს სწორეთ მაშინ სტოვებს, როცა იგი (ე. ი. მასსა) საჭიროა, თუ უკან მათრახებით არ დაუდექ, რომელიც დღეს ყვავილებს უგებს ვისმეს და მეორე დღეს „ჯვარს აცვი იგი“ გაიძახის. ამ პიროვნების ცხოვრება და აზრი ცხოვრების ერთი და იგივეა და ის ატარებს პასუხისმგებლობას თვის ცხოვრების წინაშე. მასსას არა აქვს ეს პასუხისმგებლობა და მასსაზედ არაფრის აშენება და დამყარება არ შეიძლება. ეს პიროვნება ჰქმნის უკვდავ ღირებულებას წარმავალში და ყოველ დღიურ ჭირ-ვარამში ეძებს წარუვალს. იმ დროს, როდესაც მასსა მხოლოდ მომენტით სცხოვრობს ჭუჭყში და მტვერში, მხოლოდ წარმავალით საზრდოობს.

ეს პიროვნება არ არის ამაღლებული არა მხოლოდ იმ მასსაზედ და წრეზედ, რომელიც მან დასტოვა, ეს პიროვნება არის ამაღლებული იმავე დროს თვით დედამიწაზედ, რომელიც მან დასტოვა. ეს მას არ ნიშნავს, რომ მას უკვე აქვს ბინა ცაში, არა ის სცხოვრობს დედამიწაზედ და პური, ჰაერი და ყველაფერი რაც სხვებს სჭირიათ, სჭირია მასაც, არამედ ეს იმას ნიშნავს, რომ იგი სულ სხვა საზომით და კრიტერიუმით უდგება მიწას; იგი არაა მონა ამ მიწის, არამედ პური ან ფული მის ხელში ჩავარდნილი და ღვთიურ აპსექტის ქვეშ გათვალისწინებული იღებს სულ სხვა დანიშნულებას და ხდება საშუალებად და იარაღად ღვთის მცნებათა აღსასრულებლად.

ყოველი აზრი, რომელიც კი ოდესმე ადამიანთა შორის შობილა მოითხოვს ადამიანისაგან ამაღლებას დედამიწისაგან; ყოველი აზრი ადამიანში ჰხედავს ამ ადამიანში შესაძლებლობას, იდგეს მაღლა იმ წრეზედ, რომელშიც იგი სცხოვრობს, დედამიწის მონა აღარ იყოს იგი, არამედ იმ პრინციპის ასპექტის ქვეშ განიცადოს დედა-მიწა და დღიური ცხოვრება თვით უკიდურესნი მატერიალისტური მიმართულებანი მოითხოვენ ადამიანისაგან ამისთანა თავგანწირვას და ნუთუ იესო ქრისტეს – მის სახარებას და მის ეკლესიას არა აქვს უფლება, იგივე მოთხოვნილებანი წარუყენონ ადამიანს!

ყველა აზრი, რომელიც კი ოდესმე ადამიანთა შორის შობილა ან მათ შორის ჩავარდნილა, მოითხოვს ადამიანისაგან დისციპლინის დათმობას, სურვილთა. თავის საკუთარ მოთხოვნილებათა შეკვეცას, ასკეტიზმს – თვისი ცხოვრების შეწირვას მომავლისთვის და ეს მომავალი უმეტეს შემთხვევაში ფიქტიური და უტოპიურია; თვით უკიდურესი მატერიალისტური მიმართულებანიც კი თხოულობენ ადამიანისაგან ამისთანა იდეალიზმს და ნუთუ იესო ქრისტეს, მის სახარებას და მის ეკლესიას არა აქვს უფლება იგივე მოთხოვნილება წარუყენოს და პირველ რიგში თვის წევრს?

მიმართულებანი თხოულობენ ამ მსხვერპლს ხვალისთვის და ხანდისხან ეს ხვალე ისე არ გამოიყურება, როგორც რეზოლუციებში გათვალისწინებული იყო და დღევანდელი მსხვერპლი იკარგება სულ ტყუილად, სულ უბრალოდ, ფანატიზმი, სისხლი, ცხოვრება. დათმობა ყველაფრის, ერის ენერგია, ერის ძალა და ერის ქონება – მსხვერპლს კი რომელსაც ყოველი ადამიანი იღებს ეკლესიისთვის, იღებს ეს მსხვერპლი თვის ნაყოფს არა მომავალში, არამედ დღეს – მის საკუთარ ცხოვრებაში და მის ყოველ-დღიურ ცხოვრებაში; ეს მსხვერპლი აძლევს მას სხვა სულიერ სიმდიდრესთან ერთად მასაც, რაც ჩვენ დღეს ემიგრაციაში ყველაზედ ძლიერ გვჭირდება: კეთილშობილებას.

გგონიათ, რომ ეს ყველაფერი იყოს ცარიელი ფრაზა, სიტყვის მასალა ან და მხოლოდ იარაღი ხალხის, მასსის ხელში დასაჭერად, როდესაც ამბობენ, რომ ეკლესია ადამიანს აფაქიზებს, ამაღლებს, აკეთილშობილებს, გგონიათ რომ მღდელს სხვა არაფერი საქმე არა აქვს რა, გარდა იმ საგნებზედ ლაპარაკის, რომელიც ისე პრიმიტიულნი და ელემენტარულნი არიან, რომ მათზედაც ლაპარაკი ძნელია, ძნელია ვინაიდან ეს ცხოვრებაა და ცხოვრება და მოქმედება მათი, ვინც თვისში ამ ცეცხლს ატარებს, უნდა ღაღადებდეს – ეს არის ის უხილავი ნათელი კულისებში, რომელიც მთელ ადამიანის ცხოვრების სცენაზედ ანათებს, ეს არის ის უხილავი რამ, რომელიც მთელ ადამიანის ცხოვრებას ტონს აძლევს და ამოქმედებს და გონიათ, რომ ეს ადამიანს არ ემჩნევა მის ცხოვრებიდან და მოქმედებიდან? და განა ის თაობა, ის ერი, რომელიც ამ ქრისტეს ლოცვას „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა“ თვის ცხოვრებაში არ იყენებს, განა ეს ამ თაობას, ამ ერს ამ ემჩნევა! განა ამ ერს არ აკლია მაშინ ის ნათელი, რომელიც მას უნდა უნათებდეს. ის მარილი, რომელიც მის ცხოვრებას უნდა ამარილებდეს! საფუე და დედაცომი, რომელიც მთელ მის ცხოვრებას უნდა აფუებდეს, სიმტკიცე ცხოვრებაში, დასაყრდნობი ცხოვრებაში, ძვალი და ძალა!

ჩვენ დღეს ვცხოვრობთ უცხოეთში, ქვეყანაში, სადაც სულ სხვანაირად აზროვნებენ, ვიდრე ჩვენში; სხვანაირი საზომია ცხოვრების და მოქმედების, ვიდრე ჩვენში. ეგოისტურ ქვეყნებში ვცხოვრობთ ჩვენ დღეს. რომელთა დამარცხება შეიძლება ან ფულით, ან ხიშტით, ან განათლებით ან სხვა რაიმე სულიერი ძალით. სხვა კიდევ რით? არაფრით. ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ ჩვენ დღეს, სადაც გვცემენ პატივს მხოლოდ იმ ძალის და გავლენის მიხედვით, რაც ჩვენ ან ზურგს გვიმაგრებს ან ჩვენშია, და სადაა ეს ძალა თუ არ ეკლესიაში! საიდან უნდა ამოიღოთ ეს ძალა და სიმტკიცე, თუ არა ეკლესიიდან – რით უნდა ვაიძულოთ და ვძლიოთ ეს ცივი ქვეყანა, თუ არა იმ ძალით, რომელმაც ეს ცივი ქვეყანაც დაამარცხა და მასში თვის სიმბოლო და დროშა ჯვარი აღმართა. საჭიროა, რომ ყოველი ქართველი ჩაუფიქრდეს ამას, საჭიროა მთელი ჩვენი თავმოყვარეობა და ჩვენი ერის საუკეთესო თვისებანი მოვიხმაროთ დღეს მისთვის, რომ არ გავხდეთ მხოლოდ უბრალო სტატისტები, არამედ აქტიურნი წევრნი ჩვენი მრევლის, შიგ ეკლესიაში და ეკლესიის გარეთ; საჭიროა შევქმნათ ისეთი სულიერი ძალა, რომ ეს ძალა ჩვენ გვამოქმედებდეს; საჭიროა, რომ ამ ძალით ელაპარაკებოდეს მღდელი ყოველ ჩვენ საქმის მტერს პირველ რიგში, არა რუსებს, არამედ ქართველებს, რომელნიც თაკილობენ ჩვენ სიღარიბეს, ჩვენ მოუწყობლობას და დარბიან სხვებთან; საჭიროა მღდელს ჰქონდეს ძალა და ეს ძალა სულიერი თქვენ უნდა მისცეთ მას, თქვენი წრიდან; ეკლესიის მწუხარება და შეურაცხყოფა უნდა იყოს თქვენი, საკუთარი პიროვნების და თქვენი ქართული ოჯახის მწუხარება და შეურაცხყოფა. მეტი დისციპლინა, მეტი შეგნება, მეტი სიყვარული, მეტი ლოცვა. მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა. ამინ.

„წმიდა იყავნ სახელი შენი“. (ლუკა 11.2; მათე 6.9)

იმ ადამიანს, რომელზედაც წინა სიტყვებში მქონდა საუბარი, არა აქვს არა მხოლოდ სამშობლო, რომელიც არაა განსაზღვრული გეოგრაფიულად, არამედ რომელსაც ყოველი ჩვენგანი თვისში ატარებს, სამშობლო უფრო ფაქიზი და მოსავლელი და ვინც თავის-თავს იცავს და უფრთხილდება, ის იცავს და უფრთხილდება თავის სამშობლოსაც. ამ ადამიანს არა აქვს მხოლოდ რელიგიური მოწოდება, ღვთის სუბიექტად გახდენა, თვის ცხოვრების და მოქალაქეობის დიდ ხაზების ქვეშ, თავის პატარა ცხოვრების გათვალისწინება. არა ამ ადამიანს მოაქვს ამ სოფლად თან სხვა საუნჯენიც, სხვა სიმდიდრენიც და ერთი სიმდიდრე ამ სიმდიდრეთა შორის არის მისი ენა. ქართული ენა დედა-ენა! რამდენი დაწერილა ამ თემაზედ და ყველა ამ ნაწერებს, ცოტაოდენი გამონაკლისით, თავი რომ მოუყაროთ და სასწორზედ დავდვათ და მეორე მხარეზედ მხოლოდ ერთი სიტყვა ამ ენის – ეს ერთი სიტყვა, თვის სიმძიმით და შინაარსით ბუმბულივით აისვრიდა ცაში ყველა ამ ნაწერებს. ლაპარაკობენ: ტკბილი, მშვენიერი, საამური, ლამაზი, ფაქიზი, სადა, მარტივი, მდიდარი, მოხდენილი და კიდევ ღმერთმა იცის, კიდევ სხვა რა სახელწოდებით იხსენიებენ ამ ჩვენ ქართულ ენას. ჩვენი ეკლესია და ჩვენი ერი კი ამ ენას უფრო მაღალი სახელწოდებით იხსენიებს. ეკლესიისათვის ეს ენა, ეს სიტყვა არის ღვთიური დასაწყისის „პირველიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იგი ხორციელ იქმნა“; ჩვენი ერისთვის სიტყვა ნიშნავს იმავე დროს აზროვნებას, რომელიც მას არჩევს პირუტყვისაგან. სიტყვა არის ერთი სასწაულთაგანი და მადლი ღვთისა კაცისადმი და მხოლოდ ორ მეცნიერებას კულტურულ ერთა შორის აქვთ საღმრთო, საკრალური ხასიათი, ესაა: თეოლოგია და ფილოლოგია და როგორც ასეთი, ჩემთვისაც ვალდებულებაა ეს სიტყვა ისე ვიხმარო, როგორც ღვთიური რამ, როგორც სიწმიდე, როგორც სახელი ღვთისა. წმინდა იყავნ სახელი შენი!

მაგრამ პირადათ მე სიტყვას იმიტომ კი არ ვაფასებ, რომ იგი ლამაზია, მოხდენილი ან კეთილ-ხმოვანი, არამედ რომ იგი არის გასაღები დაკეტილის; მისი შემწეობით ჩვენ შეგვიძლია გავაღოთ დაკეტილი, როგორც ილია იძახდა, შევიჭრათ მის გულში, ავხსნათ ფსიქოლოგიური პროცესი განცდის – ეს სიტყვა ეკლესიას დიდათ უწყობს ხელს და ეხმარება ადამიანის შესაგნებლად, მის სულიერი ცხოვრების ანალიზისთვის. მთელი ერის სულიერ ცხოვრების, აზროვნების მხარის გასაგებად, მისი წარსული სულიერი ნამუშევარი და მემკვიდრეობა ჩვენთვის დღეს ამ სიტყვაშია. ჩვენ გვაქვს სიტყვა განცდილი, გამომუშავებული. ჩვენი წინაპრების მიერ ნაფიქრი და ნააზრევი, ერის მიერ შექმნილი და ამიტომაც არის, რომ ქართული სიტყვა, 2000 წლის, დღეს ჩვენთვის ისევე გასაგებია, როგორც იყო გასაგები ამ ორი ათასი წლის წინეთ. „ჩვენ გვაქვს ძლიერ უცნაური და საცნაური ენა. ჯერ ქართული ენის ფილოსოფია, ფსიქოლოგია და ისტორია არაა დაწერილი, მაგრამ ის ბედნიერი მკვლევარი, რომელსაც ეს ბედნიერება წილად ერგება, ბევრს ძლიერ რამ საინტერესოს აღმოაჩენს“ (გრ. რობაქიძე, სილოვან ხუნდაძის შესახებ. ქართული მწერლობა 6-7 (1928) 225-227) და დღეს მე მიხარია, რომ როდესაც ამ ქართულ სიტყვაზედ მიხდება ლაპარაკი არა ისეთი გადაღეჭილ ცნებების ახსნა მიხდება, როგორცაა ძმობა, ერთობა, ან თავისუფლება ან სიყვარული, არამედ მძიმე და შინაარსიან სიტყვებით ვიწყობ ქართულ სიტყვაობას და ეს სიტყვებია: წმიდა და სახელი, წმიდა იყავნ სახელი შენი.

წმიდა ნიშნავს დღესაც მას, რასაც იგი ნიშნავდა „მამაო ჩვენო“ ქართულად რომ სთარგმნიდნენ მეოთხე საუკუნეში თუ ადრე არ. „წმიდა“ ნიშნავს მას, რასაც ვულგარულ ცხოვრებაში სუფთას ვეძახით და მისი საწინააღმდეგო ცნება არის უსუფთაო. ეს სიტყვა უკვე ეუბნება ყოველ ქართველს, ყველა იმას, რაც ამაშია ნაგულისხმევი – ჩვენთვის ეს თავისთავად ცხადია დღეს და ამის გამო იმრიგად აღარა ვფიქრობთ, მაგრამ სხვა ერების ენებთან რომ შევადაროთ, დავინახავთ, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მოვლენას ჩვენთვის და რა დიდი გავლენა მოახდინა მან ჩვენ რელიგიურ ცხოვრების ფსიქოლოგიაში. შედარებით სხვა ერებთან, ჩვენ დავინახავთ ამას. აიღეთ მაგალითად რუსული  “свят“ და “святится имя твое“. თვით ეს სიტყვა თავისთავად განათლებულ რუსსაც კი არაფერს ეუბნება, მიტომ, რომ ეს სიტყვა არაა რუსული, არამედ უცხოა ფილოლოგიურად და ეტიმოლოგიურადაც უდრის ჩვენ სპეტაკს, როდესაც რუსი ამას ლოცულობს და რადგან მას ეს სიტყვა თავისთავად არაფერს ეუბნება ამ სიტყვების გასაგებად ფიქრობს იმ ხალხზედ, რომელთაც ეპიტეტი აქვთ წმიდანი და ის რაც ამ წმინდანებზედ აქვს წაკითხული ან გაგონილი გადააქვს ამ სიტყვის შინაარსზედ და ამ მოვლენას აქვს რელიგიურ ცხოვრებისთვის დიდი საფრთხე. წმიდანები იყვნენ ასე რომ ვთქვათ, არა ბუნებრივი პიროვნებანი, რელიგიური გენიოსები. ისინი ვინც ღვთის მიერ უხვად, მადლით იყვნენ დაჯილდოვებულნი, გამონაკლისნი და ისეთ საქმეთა შესრულება შეეძლოთ, რომელიც ყოველ-დღიურ ადამიანისთვის შეუძლებელია და როდესაც ეს ყოველ-დღიური ადამიანი ლოცულობს „წმიდა იყვენ სახელი შენი“ და ეს სიტყვა არ ესმის და ფიქრობს წმიდანებზედ – მათი ცხოვრების წარმოდგენიდან სცდილობს ამ სიტყვის გაგებას და თვის ცხოვრებაში განხორციელებას და ეს ადამიანი კი არის მხოლოდ ყოველ-დღიური პატიოსანი ადამიანი. მისთვის ყოვლად შეუძლებელია ისე გაიჭიმოს, როგორც ამას ეს წმიდანი თხოულობს. ბუნებრივი დასკვნა: ერთის მხრივ წმიდანური მისწრაფებანი, უნებური ფარისევლობა და მეორე მხრივ ველურობა და არა ქრისტიანული სული. ჩვენში კი სულ სხვა რამეა. ჩვენ გვესმის ეს სიტყვა „წმიდა“ და ამის გამო ჩვენთვის საჭირო არაა ვიფიქროთ წმიდანებზედ; ჩვენ ვიცით, რომ ძარღვი ამ სიწმიდის არის სისუფთავე და ამიტომ ჩვენ ვცდილობთ (ე.ი. ჩვენი წინაპრები სცდილობდნენ) ამ ცნების და ამ შეგნების მიხედვით მათი ცხოვრებაც აგებულიყო. საფუძველი ჩვენი ცხოვრების არის სიწმიდე და ამის გამო არაბუნებრივობისაკენ არ ილტვის ქართული სული, ამის გამო ჩვენ რელიგიურ ცხოვრებაში ბერვას და ფარისევლობას მას, რაც ჩვენ არ გვაქვს და გვსურს რომ გვქონდეს, არა აქვს ადგილი. აი ამ ერთ სიტყვას მხოლოდ, რა დიდი და ღრმა მნიშვნელობა აქვს ჩვენს ცხოვრებაში და უფრო არა ნაკლები ღრმა მნიშვნელობა აქვს მეორე სიტყვას „სახელი“; ჩვენ ვიცით ყველას აქვს სახელი და ზოგს გამოცვლილიც, ამასთან ერთად დღეს სახელს არქმევენ ბავშვს კალენდრის ან და წინაპართა, ისტორიულ პირთა მიხედვით, ისე რომ სახელთა შერჩევაში შემოქმედებას აღარა აქვს ადგილი (ეს შემოქმედება არის მხოლოდ დარჩენილი ე. წ. გამოცვლილ სახელწოდებაში), მაგრამ იყო დრო, როდესაც შერჩევა სახელის იყო შემოქმედება და ინტუიცია. ცდა. ერთი სიტყვით მის გამოთქმის რაც მაძიებელთა ან წრის აზრით ბავშვის მოწოდებას შეადგენდა და მაშინ ეს სახელი იყო თვით ადამიანი. განსახიერებული პიროვნება ამ ადამიანის და ვინც ამ სახელს პირში იდებდა ის იმავე დროს ფიქრობდა იმ ადამიანზედ, რომელიც ამ სახელს ატარებდა და სახელი იყო ატრიბუტი ამ ადამიანის ხელის ე. ი. მისი ფიზიკური ძალის, რადგან მაშინ მხოლოდ მის ფიზიკურ ძალაზედ იყო დამყარებული მისი არსებობა.

„წმიდა იყავნ სახელი შენი“ ნიშნავს ეს მას, რომ ღმერთი არის ჩვენი მამა. და იმავე დროს მთელი ქვეყნის მფლობელი და პატრონი და როდესაც ჩვენ მას ვევედრებით, საჭიროა ჩვენთვის ერთგვარი კულტურა, მეტი ზრდილობა, პატივი, თავაზიანობა და მოწიწება. „წმიდა იყავნ სახელი შენი“ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ უნდა გავაუპატიუროთ და წავბილწოთ ღვთის სახელი. ჩვენი წვრილმანით სავსე ყოველ-დღიურ ცხოვრებაში ხსენებით და ხმარებით. ჩვენ თვითეულს გვაქვს იმდენი ძალა და უნარი, და საშუალებანიც ღვთის მიერ მოცემული, რომ ჩვენ, ჩვენ თავს მოუაროთ და ღვთის ძალას, ღმერთს ეძახდნენ დედამიწაზედ მხოლოდ მაშინ, როდესაც საშინელი უსამართლობა და ცინიზმი ამ ქვეყანაზედ თარეშობდნენ, როდესაც ადამიანი თავის საკუთარი ძალით უმწეო იყო, ჯოჯოხეთის წინ იდგა და როდესაც სიბნელე, საშინელი უკუნეთი მთელ მსოფლიოს და ადამიანს გზას ურევდნენ.

ღვთის სახელს ხმარობს მღდელი ყოველ წირვაზედ და ამ წმიდა სახელის დახმარებით პური და ღვინო თქვენ მიერ მოტანილი იქცევა ჩვენი მაცხოვრის ხორცად და სისხლად. ღვთის სახელით ახლად დაბადებული, განსპეტაკებული და განწმედილი პირველ ცოდვისაგან სდგამს ფეხს ცხოვრებაში. ღვთის სახელის ხსენებით, ვინც ცოდვებისაგან იტანჯება, სვინდისი ჰქენჯნის და წარსულის შეცოდებანი მოსვენებას არ აძლევენ ამ წმ. ღვთის სახელის ხსენებით, მას არა მხოლოდ ეძლევა. პატიება ცოდვათა, არამედ აგრეთვე მტკიცე ნიადაგი ფეხქვეშ, ღვთის სახელით ორი ახალგაზრდა არსება შეერთებულნი სიყვარულით აშენებენ ოჯახს – კერას კეთილ და პატიოსან მოქალაქეობის. ღვთის სახელით მასაც, ვინც ცხოვრების საზღვარზედ სდგას და ემშვიდობება წარმავალს, ძალა ეძლევა არა მხოლოდ წყნარი და მშვიდობიანი სიკვდილის, არამედ აგრეთვე ღვთის საშინელი ტახტის წინაშე წარდგომის.

ამ მიზნებისთვის ხმარობს წმ. ეკლესია ღვთის სახელს, ამ საშინელ და შემაძრწუნებელ ღვთის სახელს და მე ვიხმარე ეს სახელი ჩვენ პირველ წირვაზედ[1] იმ დარბაზში, რომელშიაც გუშინ ცეკვამდნენ და სვამდნენ და ჩვენ წასვლის შემდეგაც დალევენ და იცეკვენ ჩვენ სიღარიბის წინაშე, ჩვენ საშინელ სულიერ და რელიგიურ სიღარიბის წინაშე ვახსენე სახელი ღვთისა იმ წრეში, სადაც მამაკაცები მამაკაცობენ და მანდილოსნებიც მამაკაცობენ და უფრო მეტ მამაკაცობას იჩენენ; ვახსენე ღვთის სახელი სულ სხვა მიზნისთვის და დანიშნულებისთვის და ეს ნიშნავს მას, ჩვენ უნდა ვეცადოთ თვითეული ჩვენთაგანი, რომ ამ ღვთის სახელის ხსენების ღირსეულნიც შევიქნეთ, რომ მივაღწიოთ და შევასრულოთ ის, რისთვისაც ეს სახელი იყო ნახმარევი და მოწოდებული. ღვთის სახელი დღეს ჩვენ ქვეყანაში კი არა მხოლოდ, არამედ მთელ სამყაროშიც იბილწება – ჩვენ მაინც აქ, ჩვენში უცხოეთში, მისი სახელი უნდა შევინახოთ სიწმიდით. ამინ.

„მოვედინ სუფევა შენი“ (ლუკა 11.2)

ყოველ ადამიანს მომავალს ამ სოფლად მოაქვს როგორც საუნჯე უმთავრესად სამი რამ. პირველი ესაა მის წინაპრების მიერ მოპოებული, დაცული და მათი გმირულ შარავანდედით შემოსილი სამშობლო, ეს არის მეორე მასში ჩანერგილი პოტენცია, ამაღლება დღიურ ჭირ-ვარამიდან თვისი ცხოვრების უმაღლეს აზრისადმი დასამორჩილებლად და მესამე სინტეზი განცდათა, სამშობლოს გარშემო და სამშობლოსადმი სამსახურის გარშემო და ჩვენ ამას დავარქვით სახელად ენა – ამ უმთავრესად სამი დიდი საუნჯით დაჯილდოვებული მოდის ყოველი კაცი ამ ქვეყნად და მისი მოვალეობაა ამ ქვეყნად მოქალაქეობა.

მოქალაქე არ ნიშნავს პირველ რიგში ქალაქის მცხოვრებს, არამედ ყოველ შეგნებულ წევრს სამშობლოსი, გინდ იყოს ეს ქალაქელი, გინდ სოფლელი, გინდ მუშა. მოქალაქე არ ნიშნავს მას, ვისაც რაიმე კერძო საკუთრება აქვს თვის გარეშე. არამედ მას, ვინც გრძნობს უდიდეს საკუთრებას: ცხოვრებას, მის მნიშვნელობას და პასუხისმგებლობას. ამისთანა კაცს ჰქვიან ქართულად მოქალაქე და მის ცხოვრებას ჰქვიან მოქალაქეობა. ეს სიტყვაც არის მძიმე და შინაარსიანი და ეს სიტყვა სხვა ერებს არა აქვთ და ამის გამო ყოველი ქართველი მოვალეა ზედმიწევნით ჩაუკვირდეს ამ სიტყვის მნიშვნელობას და აგრეთვე განითვალისწინოს ის სიტყვები სხვა ერის, რომელნიც ჩვენ „მოქალაქეს“ ან „მოქალაქეობას“ ენათესავებიან, მაგრამ მაინც მთლად არ ამოსწურავენ. თუ ვისმეს თქვენგანს სადმე წმინდანის ცხოვრება უნახავს და სათაურისთვის ყურადღება მიუქცევია, დაინახავდა „ცხოვრება და მოქალაქეობა“ ამა თუ იმ წმიდანის; ესაა სათაური ყოველ წმიდანის ცხოვრების. სიტყვა „ცხოვრება“ უთითებს მხოლოდ გარეგან მხარეებს ამ წმიდანის ცხოვრების, დაბადება, დრო, ქვეყანა, მშობლები, პირობები და სხვა ამგვარი; სიტყვა „მოქალაქეობა“ კი ჰგულისხმობს ამავე წმიდანის სულიერ ცხოვრებას, მის ბრძოლას თავის თავთან, თავის წრესთან და სიბნელესთან იმ აზრების და პრინციპების განხორციელებისთვის, რომელნიც მას აღელვებენ და რომელთა განხორციელება მათ თვისი ცხოვრების მიზნად დაუსახავს. სხვა ვარიანტი ამ „მოქალაქეობის“ არის „მოღვაწეობა“ ან „ცხოვრება და ღვაწლი“ ამა თუ იმ წმიდანის. მე მგონია ეს უკვე ერთგვარი ცდაა რუსულის მიხედვით შესწორება, რომელსაც სიტყვა „მოქალაქეობა“ არა აქვს ან და გართულება და ბუმბერაზულად დასახვა წმიდანის პიროვნების, რადგან „მოღვაწეობა“ უფრო რიხიანია და რთული, ვიდრე „მოქალაქეობა“ და ისეთივე განსხვავებაა როგორც ამ უბრალო მოქალაქის და „საზოგადო მოღვაწის“ შორის; ჩვენს ერს კი სწორედ ამისთანა უბრალო და მარტივი მოქალაქენი სჭირდებიან – თვით მნიშვნელობა „ღვაწლის“ სრულიად გათვალისწინებისთვის საჭიროა ეს მოქალაქეობა, რადგან ეს ღვაწლი – სწორედ შედეგია იმ მოქალაქეობის; ჩვენ კი რასაკვირველია ყოველთვის რთული და ძნელი რამე გვიტაცებს და სახლის შენება გვიყვარს არა საძირკველზედ, არამედ ღრუბლებში.

არა მხოლოდ მოქალაქეობა ყოველ წმიდანის არის ბრძოლა თავის წრესთან, დროსთან ან თავის-თავთან, არამედ მოქალაქეობა ყოველ მოქალაქის არის ბრძოლა თავის წრესთან, თავის დროსთან და თავის-თავთან. მოქალაქეობა მოითხოვს შეგნებას, პატიოსნებას, მოითხოვს აზროვნებას, ფიქრს, მხნეობას, ჭკუას; მოქალაქეობა მოითხოვს ნათლიან თვალით საგნების დანახვას, წინ დახედულებას, აუჩქარებლობას, სიმდაბლეს, რომელიც არაა მონის მაჩვენებელი, არამედ განათლებულ ადამიანის, სხვის აზრის გაგონებას და ადამიანში ადამიანის ძებნას და დაფასებას. ესაა შინაარსი ჩვენი სიტყვის მოქალაქეობა. მოქალაქეობა არის მსხვერპლის გაღება. თვისი საკუთარი თავის დაწვა სხვისთვის გასანათლებლად. ქართული მოქალაქეობა არც მაშინ გაურბის მსხვრეპლს – როდესაც სხვები სიბნელეში და ჭაობში ყოფნას არჩევენ, ქართველი მოქალაქე მაინც მოქალაქეობს ვინაიდან მისი ჰორიზონტი გაცილებით შეუზღუდველია, ვინემ მისი ვინც სიმინდზედ ზევით აღარაფერს ჰხედავს. მან იცის, რომ თუ დღეს არა ხვალ მაინც და „ტყუილად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულის კვეთება“.

შინაარსი მოქალაქეობის არის ცხოვრება და ცხოვრება აწმყოში და იესო ქრისტე მიტომ მოვიდა ამ ქვეყნად, რომ ადამიანისთვის ეს ცხოვრება და ეს სარგებლობა აწმყოთი ესწავლებინა, ის ეთქვა ადამიანისთვის, რაც ორი სიტყვით გამოითქმება, რაც ჩვენმა წინაპრებმა ინტუიციით შეიგნეს და რაც დღეს ყოველ ქართველმა თვის შუბლზედ უნდა დაიწეროს, და ესაა: „ვინც ამ ქვეყნის მოქალაქედ არ ვარგა (მოქალაქედ იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობითაც იგი მე ვიხმარე), იგი არც იმ ქვეყნის მოქალაქედ გამოდგება“.

ეს იყო ერთი მიზანთაგანი ღვთის განკაცების. მან ეს აზრი გამოსთქვა ბევრჯელ და დღევანდელ ლოცვაში „მოვედინ სუფევა შენი“ არის ეს აზრი ჩამარხული, სხვა მრავალ აზრებთან ერთად – ეს ერთი აზრიც, რომელიც შეიძლება ჩვენ დღეს უფრო მეტად გვჭირდება, ვიდრე ოდესმე.

„მოვედინ სუფევა შენი“ ესაა კარდინალური და ცენტრალური წერტილი კაცობრიობის, იესო ქრისტეს მოსვლის და განკაცების მიზანი. რა ადვილად გასაგებია ეს სიტყვა ყველა ჩვენთვის და რა ძნელად გვეჩვენება ჩვენ მისი ასრულება. ნაწილაკი „მო“ გვითითებს მასზედ, რომ ამ ღვთის სუფევის დამყარება და გამეფება უნდა მოხდეს ამ ქვეყნად. ჩვენ შორის, ამ მიწაზედ და ეს მოწოდება, ეს ლოზუნგი არაა მიმართული მასსებისადმი, არამედ ყოველ ქრისტიანულ პიროვნებისადმი. „მოვედინ სუფევა შენი“, იმ დღიდან, რაც ეს სიტყვა ადამიანთა შორის ჩავარდა, საუკეთესო შვილნი ყველა ერების და საუკეთესო შვილნი ჩვენი ქვეყნის დარაზმდნენ, რათა შეეწირათ თავიანთი საუკეთესო ძალა ამ ქრისტეს სუფევისთვის, ვის შეუძლიან განითვალისწინოს სხვადასხვანაირი საშუალებანი და ხატებანი, ყველა იმ ურიცხვ პიონერთა! უდაბნოში ცხოვრება, ოჯახის დატოვება, მოქალაქეობრივ ცხოვრებაზედ ხელის აღება ან და მოქალაქეობა მოქალაქეთა შორის და თვის დღიურ ჭირ-ვარამის ლოცვით და მოთმინებით ზიდვა – ესაა წიგნი ცხოველი საღმრთო წერილის თქმით, ვინაიდან ვინც ამ წიგნში მოხვდა იგი სიკვდილის გემოს არ იგემებს, არამედ გარდაიცვლება სიკვდილისაგან ცხოვრებად და ესაა შავი წიგნი ჩვენი აზრით, წიგნი შავყდიანი და შავ ფურცლებიანი; მაგრამ თუ ჩვენ ქვეყანაში არსებობს ის შავი წიგნი, რომელზედაც ერთ დროს ერთმა ქართველმა მგოსანმა ჰკითხა ქართველ საზოგადოებას:

ვის უნახავს შავი წიგნი?
წიგნი წითელ ასოებით?
დაწერილი სისხლის წვეთით,
დაწერილი სასოებით.

ეს ის წიგნია, „მოვედინ სუფევა შენი“, ეს ნიშნავს ღვთის სუფევას, ღვთის მეუფების დამყარებას ამ ქვეყანაზედ და დღეს როდესაც ადამიანს სურს თავისი საკუთარი ძალით ბატონობა, როდესაც ადამიანი ისეთი სიმწვავით გრძნობს თავის პიროვნებას და არავის უფლებას არ აძლევს, მის ცხოვრებაში გაერიოს ან უკარნახოს, დღეს მოდის ეკლესია ამ ადამიანთან და ეუბნება ამ ადამიანს: იცხოვრე, იმუშავე, ღვთის საბატონებლად. ღვთის მეუფებისთვის – ამ სიტყვას ამბობს ეკლესია იმ დროს, როდესაც ქვეყნის მეფეებს ტახტებს უნგრევენ; და არის დღეს თუ არა დრო, ამგვარ მიზნებისთვის და მისწრაფებისთვის, არის თუ არა დღეს დრო ყველა ამისთვის?

და მაინც ვინც ღრმად ჩაუკვირდება ჩვენ დღევანდელ დღეს, ის დაინახავს, რომ ჩვენი დრო არის სიბნელით და განსაცდელით სავსე. განსაცდელით თვითეულისთვის და მთელი ერისთვის. ეკლესიის მსახურს არა აქვს რასაკვირველია უფლება ის გაიმეოროს, რასაც დროს დახასიათებაში პარტიის წარმომადგენელნი ამბობენ – ეკლესია მოვალეა ყოველთვის შეიგნოს ის ძალები, რომელნიც მოქმედობენ: ძალები, რომელნიც ანგრევენ და ძალები, რომელნიც აშენებენ და შეეცადოს ეკლესიურ სულით და უკვდავებით, რომელიც ასე საჭიროა ყოველ ამშენებლობისთვის, შემოსოს ეს ამშენებლობა, რათა აღშენებულს ჰქონდეს მადლი და კურთხევა. ჩვენ დროს უფრო ელემენტები დანგრევის ახასიათებენ, ვიდრე ელემენტები აღმშენებელნი და ამისთანა ქვეყანაში ისმის ხმა: „მოვედინ სუფევა შენი“. სასაცილოა დილემა – ამისთანა ბელადები, რომელნიც ანგრევენ, ადამიანი, რომელიც სიბნელეში რაღაცას ეძებს, ჩხირკედელაობს და წვალობს თუ ღმერთი, რომელმაც ქაოსიდან შეჰქმნა ქვეყანა, რომელიც თვით ნათელია და ბრწყინვალეა, სასაცილოა ამისთანა კითხვის დასმა. მაგრამ ჩვენი ცხოვრება დღეს ისეა დახურდავებული, უვიცი და შეუგნებელი ისეა ჩვეული კითხვის დასმას და პასუხის გაცემას, რომ ამისთანა კითხვაც უნდა დაისვას და ის, რომელიც ღვთის სახლისთვის გადასწყვეტს, უნდა კიდეც სერიოზულად მოჰკიდოს ხელი მუშაობას. ამინ.

 „იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა ეგრეთცა ქვეყანასა ზედა!“ (ლუკა 11.2; მათე 6.10)

ცხოვრებას აქვს ერთი ულმობელი, მაგრამ სამართლიანი კანონი, რომელსაც ყოვლის ცხოვრება ემორჩილება, ეს კანონი არის ერთი წინასწარმეტყველის მიერ გამოთქმული ლამაზ და სხარტ სურათით. ებრაელები იცავენ იერუსალიმს, მტერი უკვე დიდი ხანია რაც არტყია ქალაქს – სურსათი აღარაა ქალაქში – სიმშილი, სიგიჟე და სიმწარე აღწევს თავის სიმაღლეს და ამ საშინელ ტანჯვაში რამოდენიმე პიროვნებანი, რომელთათვის ეს ყველაფერი არის სასჯელი ცოდვებისთვის და რომელნიც ამ ცოდვებს თვის თაობაში არ პოულობენ, ეკითხებიან წინასწარმეტყველ იერემიას: „რისთვის ხდება ეს, თუ ჩვენი წინაპრები ოდესღაც ისვრიმს სჭამდნენ უდაბნოში, ჩვენ მათ მაგიერ რათ გვეჭრება დღეს კბილი?“ და მაინც ეს ცხოვრების კანონია. წინაპრების მიერ ჩადენილი ცოდვები, შვილი-შვილებს გზაზედ ხვდება და მათგან პასუხს ითხოვს. ჩვენში ამას „ცოდვის კითხვა“-ს ეძახიან და ეს ცოდვის კითხვა დღეს დახვდა ყოველ ჩვენგანს თვის ცხოვრების გზაზედ და მოელის მისგან პასუხს და პასუხია ამ კითხვის: ჩვენი ტანჯვა და უცხოეთში ყოფნა, ჩვენი ქვეყნის ტანჯვა და სიმწარე. მიზეზები შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ პირველი გზა, რომ ეს მიზეზები შეგნებულ იქმნას, რომ საკითხი არ გართულდეს და არ დაიკვანძოს, არის ის, რომ თითოეულ ჩვენთაგანმა უნდა მოსძებნოს ამისთანა მიზეზი თავის ცხოვრებიდან და თვის წინაპართა ცხოვრებიდან და როდესაც ამ მიზეზებს გაითვალისწინებს, შეიძლება მისთვისაც ცხად იქმნას, რომ ის სასჯელი მაინც და მაინც დიდი არაა იმ დანაშაულთან შედარებით, რომელიც მას ან მათ მიუძღვით.

ყოველი სასჯელი წარსულში, თუ გნებავთ ჩვენი ისტორიიდან, თუ გნებავთ სხვა ერების ისტორიიდან, თუ გნებავთ რომელიმე ადამიანის ცხოვრებიდან, ყოველი სასჯელი ნიშნავს მისთვის თვალის ახილვას. გადაბრუნებულ ურემთან ხედავს გლეხი გზას და მისთვის ნათლად ხდება, რომ სხვა გზით რომ გაევლო, ისე რომ არ მოქცეულიყო, როგორც ის მოიქცა – არც ის თავზედ დაატყდებოდა, რაც მას დაატყდა. ყოველ სასჯელს მოსდევს შედეგათ მოქცევა ე. ი. თავის საკუთარ თავში ჩახედვა სინანული. ყოველი ემიგრაცია ყოველთვის განიცდიდა ამ სინანულს. საჭირო არაა მაგალითების მოყვანა, მხოლოდ საღმრთო წერილიდან – ყოველთვის ჰქონდა ამისთანა სინანულს ადგილი. ამისთანა სინანულს არა აქვს ადგილი დღეს ჩვენ ემიგრაციაში, და რა ადგილი უნდა ჰქონდეს ამ სინანულს ჩვენ ცხოვრებაში, როდესაც ჩვენ, იმ მაიმუნისა არ იყოს, სარკეში ჩვენი საკუთარი სახე, ჩვენი მოყვარის სახედ მიგვაჩნია: როდესაც თვითეული ჩვენთაგანი დანაშაულს სხვებს თავზედ ახვევს და თავისი თავიუ დანაშაულო მსხვერპლად მიაჩნია.

სინანული! ჩვენი ეკლესია საქართველოს დამოუკიდებლობის მოსპობის შემდეგ იყო დამონებული და ეს არის, რომელიც ამსუბუქებს მის დანაშაულს და სასჯელს, მაგრამ ეს მოვლენა მას არ გაამართლებს და არც გაამართლა. რა მისცა ჩვენმა ეკლესიამ ჩვენ ერს წარსულ საუკუნეში? ერს, რომელსაც სიცოცხლე სურდა და სიმართლეს ეძებდა, რომელსაც ეკლესია უყვარდა და ეკლესიის მსახურს პატივსა სცემდა, იმათ, ვის ძვალზედ და სისხლზედაა აშენებული ეკლესია. მათ, ვინც ყველაზედ ძლიერ უსამართლობას გრძნობენ და იბრძვიან და რომელთა წრიდან და საშოდან გამოდის და იბადება ყოველთვის ცხოვრება. მათ ლტოლვას ვერ აუღო ალღო ჩვენმა ეკლესიამ და გადასცა ისინი სხვებს, რომელნიც დღევანდლამდისინ ამ ძიებას ცხოვრების სიმართლის უდაბურ რიყით და უგზო-უკვლობით ატარებენ, არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენ ორი რამ, გინდაც რომ დაგვიანებულიც იყოს (თუმცა დაგვიანებული არაა) – ერი, როგორც ასეთი, თავის უმაღლეს ფენებში ისე არა როგორც უმდაბლეს განიცდის სიმართლეს და ეძებს სიმართლეს – ე. წ. განათლებულ სფეროში. ეს ძიება სიმართლის არის მეტოდიური და უკვე ერთგვარი დისციპლინით – კაცი იქ აზროვნებს ისტორიულად, ლოღიკურად და მისი აზროვნება არის არტისტულ გემოვნებით – მას ესმის დასაწყისი, ან სურს შეიგნოს დასაწყისი და ეს ცნება ამართლებს მასში ბევრ რამეს – გინდაც უსამართლოთ ქმნილს აკეთილშობილებს ამ ადამიანის ფსიქიკას და ართმევს მას ფანატიზმს – ერი კი დაბალ ფენებში ეძებს სიმართლეს. იგი არ ფიქრობს ისტორიულად – მისთვის ირაკლი და მაჰმად-ხანი ერთი და იგივეა. იგი არ აზროვნებს ლოღიკურად და მისი გემოვნება არაა არტისტული – ამისთანა სტიქიას უნდა აღზრდა, თორემ თუ მოედვო დურუჯივით მოვლილ ყანებს წალეკავს და სრულიად გაანადგურებს მათ და მეორე არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენ არასოდეს ქართული სიბრძნე: როგორიც ბერი, ისეთი ერიც; ჩვენი ერის აზროვნება არაა მატერიალისტური, არამედ იდეალისტური ე.ი. რა სიმაღლეზედაც იდგება სამღვდელოება, თვით მატარებელნი მორალურ-ზნეობრივ-რელიგიურ პრინციპის, მისი ყოველგვარ მნიშვნელობით ამ სიმაღლეზედ იდგება თვით ერიც, რასაკვირველია ჩვენ ეკლესიას ჰყვანდნენ ბრწყინვალე პიორვნებანი მე-19 საუკ. მაგრამ ისინი საკმარისი არ არიან მის დანაშაულის გამართლებისთვის. მთელ ამ წარსულს ტრაღიკას ისეთი სიმწვავით არვინ გრძნობს – როგორც ის, ვისაც ეს ეკლესია უყვარს და მისი არსებობის მიზანი ცხადია და ნათელი და ვისაც ეს „ცოდვის კითხვა“ წარსულის ხვდება, როგორც გზა სავსე ქვებით და ეკლით, როგორც ბილიკი რაიმე, რომელიც მას აქვს გასავლელი და ყოველ მხრივ ამ ბილიკზედ მას მკვდრები, მკვდრები და მკვდრები ეგებებიან.

„იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა ეგრეთცა ქვეყანასა ზედა“ ჩვენ შევცოდეთ შენი ნების წინაშე და ჩვენი ბრძოლა ამ შენი ნების გულისთვის ადამიანის ნებასთან, რომელიც აქ სუფევდა, ძლიერ სუსტი და უმნიშვნელო იყო. ჩვენ დაგვავიწყდა, რომ მიზანი ჩვენი იყო შენი ნების ამ ქვეყანაზედ გაბატონება. ისე, როგორც ის ბატონობს ცაში ანგელოზთა და წმიდანთა შორის – ჩვენ უნდა დაგვევიწყა, რადგანაც ნაწილევს „მო“ აქ ყურადღებას არ ვაქცევდით; შენი სუფევა იყო ცაში და იქითკენაც ხალხი მიგყავდა და მიტომაც იყავნ ნება შენი ჩვენთვის არ არსებობდა – იქ ღმერთი ბატონობს და სუფევს უმღვდლოთაც შემოსილი მშვენიერებით.

ადამიანის ფსიქიურ მოვლენათა არც ერთი მისი თვისების ისე ძნელი არაა დამორჩილება და მოდრეკა, როგორც ამ ნების და მეორეს მხრივ, ისეთი რთული და პრობლემებით სავსე, როგორც ეს ნება და ამ ღვთის ნებას უნდა დაუმორჩილოს ადამიანმა თავისი ნება – ეს მოითხოვს მაშ მორჩილებას – ჩვენ საუკუნეს ისე არ სძულს არაფერი, როგორც მორჩილება და სიდაბლე და არც ერთი საუკუნე არ იყო შეიძლება იმდენი მონებით სავსე, როგორც ჩვენი, უმაღლეს ნებისყოფისადმი თვის ნების დამორჩილება – თავისი ჟინის „გაიტანე რაც დაიჟინო“-სი განწირვა არის და იყო საუკეთესო თვისებათაგანი ქრისტიანე მოქალაქის, რომელიც თვის მოქალაქეობისთვის იღებდა მაგალითს იესო ქრისტეს ცხოვრებიდან და ეს ცხოვრება იყო დასაწყისიდან დასასრულამდენ. სიმდაბლით და მორჩილებით სავსე თავისი მამისადმი „მორჩილ იქმნა სიკვდილამდისინ და სიკვდილამდისინ ჯვარზედ“.

ვინც ჩვენ ემიგრაციის ცხოვრებას თვალს გადაავლებს, ის შეიძლება დარწმუნდეს, რომ სინანულს ე. ი. მოქცევას, დაბრუნებას სახლში აქვს ადგილი ჩვენ ცხოვრებაში; ჩვენ ვეძებთ მაგალითს ჩვენ წარსულში, ისეთ ადამიანს – მადლიან პიროვნებას საორიენტაციოდ და მასზედ დასამყარებლად და ესაა ჩვენთვის დღეს შოთა რუსთაველი; მაგრამ შოთა არაა საკმარისი – დასაწყისისთვის შეიძლება კმაროდეს, ეს არაა სათავე – ჩვენ კი უნდა შევეცადოთ და გავიგნოთ გზა სათავისაკენ, რომლიდანაც იღებდა თვით შოთა რუსთაველიც და ეს სათავეა იესო ქრისტე, – მისი ცხოვრება და სიკვდილი ჩვენთვის – ესაა მისი ანდერძი და სახარება, დატოვილი ჩვენი ცხოვრების ორიენტაციისთვის, ჩვენი ცხოვრების ბნელის გასაფანტად. ჩვენთვის მკვიდრ და მტკიცე დასაყრდნობის მისაცემად. „იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა ეგრეთცა ქვეყანასა ზედა“. ამინ.

„პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს“ (ლუკა 11.3; მათე 6.11)

ის სამი მუხლი ამ ლოცვის, რომელნიც ჩვენ აქამდის განვიხილეთ: „წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი და იყავნ ნება შენი“ არის იდეალი და მისწრაფება ადამიანის – ანდერძი ქრისტესი, რომლის ასრულებისთვის უნდა შეეწიროს მსხვერპლად ყოველი ადამიანის ცხოვრება და რომლის აღსრულებისათვის ვერც ერთი თაობა და ვერც ათასი წელია საკმარი – ეს სამი იდეალი იქნება ყოველთვის იდეალი ყოველ ადამიანურ საზოგადოების განუსაზღვრელი დროით, სივრცით და ამ საზოგადოების კულტურული განვითარებით – პირიქით, რაც უფრო მაღლა იდგება ეს საზოგადოება, მით უფრო საშინელ სიმწვავით იქნება მასში განცდილი ეს იდეალები. თვით გრამმატიკული ფორმაც ორჯერ „იყავნ“ და ერთხელ „მოვედინ“ არის ოპტატიური ე.ი. ნატვრითი ფორმა: ნეტავ იყოს, ნეტავ მოვიდეს; და ეს ნეტავ არაა რაიმე ზღაპრული, უიმედო კილო „ნეტავი რადმე მაქცია“, არამედ ესაა ნატვრა და ოხვრა მთელ კაცობრიობის, მუშაობა და ბრძოლა მთელ ქრისტიანობის – იდეალი და მისწრაფება ყოველ შეგნებულ წევრის, ქრისტეს ეკლესიის.

და დღევანდელ თხოვნით „პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს“ ვტოვებთ ჩვენ ამ იდეალებს და გადავდივართ ცხოვრებაში, რომელისათვისაც ადამიანს სჭირია პური, არა მხოლოდ იმ დიდ მიზნების ასრულებისთვის, არამედ საერთოდ არსებობისთვის, და ეს ადამიანი მიდის ღმერთთან, რომელიც მისი მამაა – ქრისტეს სწავლით და როგორც შვილი ბრძანების კილოთი ეუბნება მას: პური მომეც ჩვენ, პური არსობისა, პური ჩვენი.

„მომეც ჩვენ“, ჩვენი ქართული გამოთქმა ამ აზრის არის უბადლო ე. ი. მე და იმას, თვითეულ ჩვენგანს; აქ სდგას ადამიანი მტკიცედ გადახლართული მეორე ადამიანთან – საზოგადოებასთან და ეს ადამიანი სთხოვს ღმერთს ამ პურს თავისთვის და სხვისთვისაც – მან იცის, და თუ არ იცის, ლოცვა უნდა ეუბნეოდეს – რომ თუ მხოლოდ მას ერთს აქვს ეს პური და სხვას არა, თუ მეორე მშიერია, არც იმ პურს, რომელიც მას აქვს ბარაქა და მადლი და ღვთის კურთხევა ექნება. ჩვენმა ქართულ ენის ელასტიკამ, ინტუიციამ და სიმდიდრემ აქ ისე ცხადათ და ნათლად დაგვიხატა „მომეც ჩვენ“-ში, თუ ქრისტე რას ჰგულისხმობს – რუსებისთვის ან სხვებისთვის, საჭირო იყო განმარტება, თვითეულ ქართველისთვის კი ეს აზრი აქ ცხადია.

მეორე აზრიცაა დღეს ჩვენთვის აქ საინტერესო. იესო ქრისტე ასწავლის ადამიანს, ბრძანებით კილოთი უთხრას ღმერთს: „მომეც ჩვენ“ იმ ღმერთს, რომელმაც არა მხოლოდ დაწყევლა ადამიანი და უთხრა: „ოფლითა შენითა სჭამდე პურსა შენსა“-ო და მიწას უბრძანა მისთვის ანწლი, ეკალი, კუროსთავი და შხამიანი ბალახი მიეცა ოფლის წილ; და ამ ღმერთმა მისცა უფლება დედამიწასა და უსამართლობას, ადამიანის სიბოროტეს და ეშმაკს ეს ოფლით გაჟღენთილი პური, ადამიანის ყოფილიყო გაჟღენთილი „ადამიანის სისხლით, ჩაშავებული სისხლით ადამიანის“ – დედა-მიწაზედ მდგომი ადამიანი ეუბნება ამას ღმერთს „მომეც ჩვენ“, რომელმაც უფლება მისცა დედამიწის ვაკხანალიას, სადაც თვით ადამიანი, ამ პურის მომცემად გახდა და ამ დღიურ ლუკმას მუშტით ცხვირის წინ უჭერს და მის მაგივრად თხოულობს მის სულს და მის პატიოსნებას, ამცირებს და ჭუჭყში სვრის ადამიანის ღირსებას. და დღეს მოდის ეს ადამიანი ღმერთთან და ბრძანების კილოთი ეუბნება: „შენ ხარ ჩვენი მამა, შენ შეგვქმენ ჩვენ და მოგვეც მიზანი განუსაზღვრელი და დაუსრულებელი – შენი ვალიცაა რომ მოგვცე საზრდო, რომ ეს მიზანი შევასრულოთ აქ, დედა-მიწაზედ, ჩვენი ძალის და ღონის მიხედვით“.

მაგრამ მითხარით: აქვს ადამიანს უფლება ასეთი ბრალდება წარუდგინოს ღმერთს? გვაქვს ჩვენ დღეს ეს უფლება? რა გავაკეთეთ ჩვენ იმ სამი მუხლის აღსრულებისთვის, რომ დღეს ჩვენ ბრძანებით კილოთი ვთხოვდეთ ღმერთს ამ პურს? – გულუბრყვილო იქნებოდა ფიქრი, რომ ღმერთი ზეციდან ჩამოგვიყრის საზრდოს ან და როგორც უსუსურ ბავშვებს პირში უდებენ საჭმელს, ისე ჩაგვიდებდა. ჩვენ ვართ აქ მუშაობისთვის და საბრძოლველად და ჩვენ ნამუშევარს ბარაქა და კურთხევა ექნება მაშინ, როდესაც ღვთის კურთხევა იქნება მასზედ: მთელი ჩვენი მუშაობა დამოკიდებულია ჯანსაღობაზედ, ამინდზედ და ამას სთხოვს კაცი ღმერთს და მას, რასაც იღებს, – და რა გვაქვს ჩვენ თვითონ, რაც ღვთისგან მომადლებული არ იყოს – ვალდებულია მისცეს სხვებსაც – ვისაც არა აქვს, რადგან მხოლოდ ამ პირობით გამოითხოვა ღვთისგან და ამ პირობითაც მიიღო მან.

და მესამე აზრი, ჩვენთვის დღეს საჭირო არის „დღეს“ პური ჩვენი არსობის მომეც ჩვენ დღეს და ეს ნიშნავს მას, რომ პურისთვის არსებობა და ცხოვრება არ უნდა იყოს იდეალი ადამიანის; „დღეს“ ნიშნავს იმას, რომ მუშაობა პურისთვის არის განსაზღვრული და ყველა პროგრამები, რომელნიც ამ პურის საკითხს შეეხებიან არიან წარმავალნი და განსაზღვრულნი ამ დღით ე. ი. მომენტით; გუშინ შექმნილი პროგრამა დღეს უკვე დაძველებულია ახალი მანქანის შექმნით ან და ახალი კუნძულის აღმოჩენით იგი შეიძლება სრულიად უვარგისად იქცეს, და ის, რომელიც მაინც ამ პროგრამას ებღაუჭება და მაინც ქაფიან პირით ამ პროგრამის შესრულება სურს, მას უფრო მეტი ზიანი მოაქვს საზოგადოებისთვის, ვიდრე სარგებლობა, რომელიც ამ პროგრამით იყო ნავარაუდევი; ხვალინდელ დღეს სულ სხვა კონცეპცია და სულ სხვა პროგრამა ესაჭიროება.

იესო ქრისტე არ მოვიდა მისთვის ამ ქვეყნად, და მიტომ არ შექმნა თავისი ეკლესია, რომ იგი ამისთანა წარმავალ და განსაზღვრულ რამეზედ, რომელიმე ბანკირის და სახელმწიფოს ჟინზედ ან გუნებაზედ ყოფილიყო დამყარებული – ეს ეძებდა ადამიანში უკვდავ ღირსებას და ადამიანის სულის უკვდავ ღირებულებას და ღვთაებრივობას, რომელიც არაფრითაა განსაზღვრული და არვისგან გარდა ღვთის დამოკიდებული. ამისთანა უკვდავ საძირკველზედ ააგო მან ეკლესია და იგი უკვე 2000 წელიწადია რაც არსებობს და იარსებებს კიდევაც, მიუხედავათ ყოველგვარი ცდის ჯოჯოხეთისა და სიბნელის მის წინაღმდეგ. იესო ქრისტე არ იყო პირველ რიგში ნაციონალ-ეკონომი, მაგრამ ეს მას არ ნიშნავს, რომ მას პურის საკითხი არ აინტერესებდა, თვითონ იგი, როგორც სახარებიდან ვიცით, სჭამდა და სვამდა, ქორწილშიაც კი იყო და როდესაც მას სადილს უმართავდნენ, ყოველთვის მიდიოდა; იესო ქრისტე აძლევდა ღარიბებს მოწყალებას და კასსაც კი ჰქონდათ მის მოწაფეებს ღარიბებისთვის; უკანასკნელ საღამოს თვისი ამ ქვეყნად ცხოვრების – გაუმართა თვის მოწაფეებს სერობა გამოსათხოვარი და თვის პროგრამმაში „პურის საკითხი“ სხვებზედ (თანანადები და განსაცდელი) წინ დააყენა.

ჩვენ ვართ უცხოეთში საშინელ ნივთიერ გაჭირვებაში და ლუკმა პურზედ ზრუნვა, შინაარსია მთელი ჩვენი ცხოვრების; ჩვენ გვჭირია სიჯანსაღე ამ პურის მოპოებისთვის და სწორედ დღეს აქ გვმართებს ჩვენ, აქ გულმოდგინეთ ლოცვა „პური ჩვენი არსოების მომეც ჩვენ დღეს“ ბარაქა და მადლი ამ ოფლით მოპოებულზედ და ფიქრიც მასზედ, რომ ამ პურით სხვებსაც დავეხმაროთ. ამინ.

„და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა[2]“ (მათე 6.12; ლუკა 11.4)

მოქალაქეობა ადამიანის სწარმოებს არა ტყეებში და ღრეებში, არამედ ადამიანთა შორის. თვით სიტყვა „მოქალაქე“, რომელზედაც ჩვენ გვქონდა საუბარი, ჰგულისხმობს ქალაქს ე. ი. შემოღობილ, შემოზღუდულ ადგილს. „ქალაქი“ პირველ ხმარებით ნიშნავს ციხეს (საპყრობილეს კი არა, არამედ ციხეს) და ამ ციხეში, რომ მტრები არ დაესიონ, სცხოვრობს ეს მოქალაქე; როგორც ყოველ ციხეში ცხოვრება და მოქმედება ჯარისკაცის მტკიცედ არის შეკავშირებული მეორე ჯარისკაცის ცხოვრებასთან და მოქმედებასთან და თუ ერთი ჯარისკაცი ისე არ იქცევა, როგორც მას დისციპლინა მოსთხოვს და თვის ცხოვრებით სხვებს რყვნის და ჰბილწავს – თუ იგი გარეგნულად და სულიერად საქმისადმი ისეთ განწყობილებას არ აჩვენებს, როგორც მას მისი უფროსი ან საქმე მოითხოვს, ასეთი ჯარი ვერ გაუძლებს მტრის შეტევას – ასევეა ამ შემოზღუდულ ციხეში ცხოვრება მოქალაქის გადაკვანძული ცხოვრებასთან მეორე მოქალაქის; ეს კავშირი შეიძლება პირველ შესახედავათ უხილავი და უგრძნობია, და თუ მისი წევრნი არ გრძნობენ ამას, იგრძნობენ უთუოდ განსაცდელის დღეს – თუ ერთი და იგივე სულიერი განწყობილება არ არსებობს ამ წევრთა შორის, თუ ერთი დიდი აზრი და იდეია არ აღფრთოვანებს ამ საზოგადოებას, და ერთ დიდ იდეალს ყოველივე თვის წვრილმანს არ უმორჩილებს – თუ ერთი ცისკენ იწევს, მეორე ზღვისკენ და მესამე უკან იხედება (როგორც ერთ არაკშია), ამისთანა საზოგადოების დასასრული დაღუპვაა – არა მხოლოდ მისი, ვინც დამნაშავეა, არამედ მისიც, ვისაც თავი განზედ უჭირავს (შეგნებით თუ შეუგნებლობით), და გაიძახის: „მე ვარ და ჩემი ნაბადი“-ო და ამ ნაბდის გარდა მას არაფერი არც სწამს და არც აინტერესებს – საზოგადო დაღუპვა, რომელიც აუცილებელი შედეგია ამისთანა საზოგადოებრივ ცხოვრების, იმსხვერპლებს მეთაურებსაც და ამ ნაბდის პატრონსაც.

ასეთი სიმწვავით ამას ისე ვერვინ განიცდიდა წარსულში, როგორც ჩვენ ეკლესია და ერი – და ამ განცდას ჩვენმა ერმა აღუმართა ძეგლი თვის ენაში – ჩვენ უკვე დავინახეთ „მომეც ჩვენ“ და აქ „მომიტევენ ჩვენ“ და ეს უთითებს მასზედ, რომ ქართველი ერი, ერთი მუჭა ხალხი, გარშემო შემოფარგლული მტრებით, გრძნობდა ყოველთვის სიმწვავეს განცალკევებისას; გრძნობდა, რომ ერთის ცხოვრება არაა კეთილდღიური და ბედნიერი, თუ მეორესი არ იქნება ბედნიერი; ერთის არ იქნება მშვიდობიანი და მყუდრო, თუ მეორეს ელის რაიმე განსაცდელი.

წარსულ ქადაგებიდან ჩვენ დავინახეთ, რომ ადამიანი ვალდებულია გაუნაწილოს თვისი პური მეორეს, რადგან მისთვისაც გამოითხოვა იგი ღვთისგან და ამისთანა პირობითაც მიიღო არა როგორც მადლი და ნასუფრალი, არამედ როგორც მოვალეობა. აქ გვქონდა ჩვენ საკითხი, თუ გსურთ სოციალურ-ეკონომიური და დღეს ჩვენ გვაქვს საქმე მეორე დარგთან საზოგადოების ცხოვრების, რომელიც აგრეთვე მრავალმნიშვნელოვანია და ესაა სოციალურ-ეთიური „მომიტევენ ჩვენ“-ით გამოთქმულია, რომ თვითეულ ადამიანს აქვს თვისი პირადი ეთიური ღირებულება და ფასი ღვთის წინაშე, ყოველი ადამიანი და თვითეული მოვალეა გაუსწოროს ამას ანგარიში. აქ ჩვენ წინ დგება კაცი, როგორც მოვალე. ვალით სავსე ღვთის წინაშე და მართლაც, რით შეუძლიან დაიკვეხნოს ადამიანმა, რომ რაიმე მისი საკუთარია – რა მოიტანა მან ამ ქვეყნად? მისი ვალი ღვთის წინაშე დიდია და ამ ვალის გადახდა მისთვის ძნელია, ღმერთი შეუმსუბუქებს მას ამ ვალს და მიუტევებს მხოლოდ იმ პირობით, თუ მან თავის მხრივ მიუტევა ის ვალი თვის მოძმეს, რომელიც მას მისადმი მართებს. აქ ვალი არაა მხოლოდ ნივთიერი ხასიათის – „თანანადები“ – უთითებს სულიერ მხარესაც, რაც ადამიანს თან აქვს, თან დააქვს, რაცაა მასში: განწყობილება, აზროვნება, მოფიქრება, რომელიც ყოველთვის (ჩვენში სამწუხაროდ ამას არა აქვს ხშირი ადგილი) წინ უნდა უძღოდეს საქციელს. ანგელოზი ადამიანთა წრეში იშვიათი მოვლენაა – ყველას მიგვიძღვის დანაშაული და პირველი ვალდებულება ყოველ მოქალაქის სათნოება პატიების თვის ცხოვრების პრინციპად გაიხადოს მით უმეტეს თუ იგი ქრისტიანია – ჩვენი სჯული ებრძვის „სისხლის აღებას“ და ეკლესია აძლევს თვის წევრს უდიდეს მაგალითს ამ პატიების, იგი იმ შემთხვევებშიც კი ასრულებს ქრისტეს ამ ძნელ მცნებას, როდესაც ადამიანის გონება და მთელი მისი სულიერი თუ ფიზიკური არსება ეწინააღმდეგება მას.

დღეს არის არა ჩვეულებრივი დღე ჩვენი ემიგრაციისთვის. დღეს ვახსენებთ მათ, ვინც ჩვენ ქვეყანაში აჯანყების და არეულობის დროს დაიღუპნენ და რომელთა სისხლი, ჩვენი ყველასი რწმენით, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოთ და წარმატებისთვის დაიღვარა. ამ გუნდში ერია არა ერთი და ორი სამღვდელო პირიც. დღეს ჩვენ თვალწინ გაივლიან ყველა ესენი, ახალგაზრდები და მოხუცებულნი; ისინი, ვისი გულიც გამთბარი იყო და ღვიოდა ცეცხლი მათში სამშობლოს სიყვარულის. თქვენ გქონდათ ყოველთვის ტრადიცია ამ დღეს თავის მოყრის, რომელიმე დარბაზში და იქ ისმენდეთ მოხსენებებს ამათ ცხოვრებიდან და ღვაწლიდან. შარშანაც ესე მოიქეცით და დღეს კი მოსაწონია თქვენი საქციელი, რომ ეკლესიაში, წირვაზედ მობრძანდით და გსურთ იესო ქრისტეს შეავედროთ მათი სული. ამაზედ უკეთეს სამსახურს და მადლობას თქვენ განსვენებულთ და მოწამეთ ვერ უძღვნით და ჩემი მოვალეობა იყო დღეს (რადგან ეს პირველი შემთხვევაა ჩემთვის), რაიმე მეთქვა თქვენთვის – მათი ხსენების ღირსი და ჩვენთვისაც სასარგებლო. მოვალეობა იყო ძნელი, რადგან საერთოდ მე, საჯაროდ გამოსვლას ჩვეული არ ვარ და მრწამს, რომ ღვთის განგება დამეხმარა – ქადაგებათა ციკლის „მამაო ჩვენოზე“ რიგზედ იდგა „და მომიტევენ ჩვენ“ და თვით სახარებაც დღევანდელი, რომელიც ჩემ მიერ ამორჩეული არაა, არამედ ეკლესიის მიერ დაკანონებული იყო ის. წმიდა და ღრმა შინაარსიანი ამბავი, რომელიც ყველა თვითეულმა თქვენგანმა ესეთი სასოებით და სიმდაბლით მოისმინა. გავიხსენოთ მოკლედ. იესო ქრისტესთან (მათე 9. 1-8[3]) მოჰყავთ განრღვეული, მისი სნეულება, მაშინდელ თვალსაზრისით იყო ცოდვების შედეგი – მისი განკურნება: მისი ცოდვების პატიება იყო, ხსნა მისი იმ კრულვიდან, რომელიც იყო მიზეზი მისი უბედურებისა. იესოც ეუბნება: „გეპატიოს შენ ცოდვანი შენნი“ და შემდეგ „აღსდეგ აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე“. ფარისეველთა შორის განგაშია, და იესო უსვამს მათ კითხვას: „რაა უფრო ადვილი სათქმელად: „მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი“ თუ „აღსდეგ აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე“. ჩვენი ერიც ემსგავსება ამ განრღვეულს, ამ ლოგინზედ მიჯაჭვულ უბედურს და ეს სენი ჩვენი ერის ცოდვის შედეგია და ამ სენიდან იხსნის ჩვენ ერს პატივება მის ცოდვათა.

ჩვენი ერის და თვითეულ ჩვენთაგანის ცოდვები ისე არასდროს არ ღაღადებდნენ ღვთისადმი, როგორც დღეს ჩვენ ვსხედვართ აქ უცხო ქვეყანაში, უცხოთა შორის – განა ჩვენ ზრუნვა და ტანჯვა გვაკლია, რომ ისიც, რაც საჭირო არაა დღეს ჩვენთვის – რაც წარსულს ეკუთვნის – ისიც მძიმე ლოდივით თან გულზედ გვედოს! არა სჯობია ჩვენთვის ეს მოვიშოროთ, გადავაგდოთ – განა ჩვენი ცხოვრება დღეს არაა ისედაც ძნელი, ბნელი და მძიმე, რომ ისიც თან ვათრიოთ, რაც ჩვენ არ გვჭირია. რაც უმიზეზოდ გვღლის – უაზროდ ჰორიზონტს გვიბნელებს, აზრს და მიზანს გვიხლართავს და ისედაც რთულ ცხოვრებას, სრულიად უსარგებლოდ გვირთულებს. მე არ ვიხმარებ აქ სიტყვის გაბედვას და ვიტყვი: რადგან სიმწარე ბევრ ჩვენგანს ნებას არ აძლევს ხელი გააწვდინოს იქით და მისცეს მათ; მაგრამ აქ მაინც, ჩვენ შორის უნდა ვასრულებდეთ ამ ცნებას – საჭიროა ვითომ ამოდენი ქიშპობა, შური და ბოროტება, რომელიც დღეს ჩვენ შორის სუფევს. ერთმა მეორეს უნდა შეუნდოს აქ დანაშაული, რადგან უდანაშაულო, უთანანადებო, უცოდველი აქ ჩვენ შორის არვინაა – და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. ამინ.

„და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა“ (ლუკა 11.4; მათე 6.13)

წარსულ სიტყვებიდან ჩვენ დავინახეთ, რომ თვითეული ადამიანი არის მტკიცედ გადახლართული და გადაბმული მეორე ადამიანთან, რომ ერთს, მხოლოდ ერთს ვერაფრის გაკეთება ვერ შეუძლიან, თუ მეორე მას არ დაეხმარება, იმ მიზნების მისაღწევად კი არა მხოლოდ, რომელნიც ჩვენ ზევით განვიხილეთ, არამედ თვის მოქალაქეობის წარმატებისთვის. ის სთხოვს ღმერთს პურს თვისთვის და სხვისთვისაც და თუ მასში ეს შეგნება არაა, რომ ეს პური სხვისთვისაც გამოითხოვა და მოვალეა ამის გამო მისცეს სხვასაც, შედეგათ გამოიწვევს საშინელ ეკონომიურ კრიზის – ერთის მხრივ რამდენიმეს ხელში ეს პური და მეორე მხრივ მშიერი მასსა – ის სთხოვს ღმერთს მიუტოვოს მას ცოდვანი (და უცოდვილი ამ ქვეყანაზედ არავინაა); ქართულად თანანადები ე.ი. ვალი, ჩვენ ყველანი ვართ ვალით სავსე ღვთის წინაშე, რადგან ყველაფერი, რაც გვაქვს – მისგანაა. ამისთანა ვალით დატვირთულ ადამიანს მხოლოდ მით შეუძლიან თავი იმართლოს, თუ ის იმ კაცს, რომელსაც მისიც რაიმე მართებს, შეუნდობს და აპატიებს და თუ ადამიანი ესე არ მოიქცა, შედეგია საშინელი სულიერ განხრწნილება. სათავე, საიდანაც გამომდინარეობს ყოველ-გვარი უბედურება მოქალაქეთა ცხოვრებისთვის და დღეს იგივე ადამიანი გადახლართული მეორე ადამიანთან, სთხოვს ღმერთს: „და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა“ ე.ი. მე და მას თვითეულ წევრს საზოგადოების.

დღეს ჩვენ გვაქვს საქმე იმისთანა რამესთან, რომელიც გარედან ადგება საზოგადოებას – სურათით: ცხოვრების ზღვაზედ ნავით ადამიანი და ტალღები და ეს ტალღები სცემენ ამ ნავს და სურთ მისი დაღუპვა. ესაა განსაცდელი და ეს ადამიანი სთხოვს ღმერთს არიდოს მას და სხვასაც ცხოვრების ზღვაზედ ის მორევი, სადაც ესე თავისუფლად შეუძლიან მის ნავს დაღუპვა – ტრაღიკა საშინელი ადამიანის ცხოვრების. გვატარე ისეთი გზებით, სადაც ჩვენ შეგვიძლიან სიარული. ბილიკებით, სადაც იმდენი ეკალი, გესლიანი ბალახი და შხამიანი პირუტყვები არ არიან, გვარიდე აღმართი, რომელიც გვღლის და სუნთქვას გვიპყრობს – ნუ აგვკიდებ მეტ ტვირთს, მის გარდა, რის ზიდვაც შეგვიძლიან! და ეს მორევი, ეს ბილიკი, ეს აღმართი არიან მით უფრო საშინელნი, რომ იგინი არ გვანან ბარათაშვილის ბილიკს, რომელიც ერთის მიერ მეორესთვის იტკეპნება, მეორეს გზას უხსნის და უადვილებს და ის პირუტყვი, რომელმაც პირველი მოსწამლა, მეორეს გასვლის დროს გამაღძარია და ისვენებს ანდა იმ ეკალს უკვე თვის წვეტი მოწყვეტილი აქვს და აღარავითარ საშიშრობას აღარ წარმოადგენს. ან და ის მორევი უკვე გვამებით სავსეა; არა, ეს ბილიკი არის გაუმაძღარი და მეორეს, მეათეს, მეათასეს იგივე განსაცდელი მოელის, რომელიც პირველს გზაზედ დახვდა. ადამიანი თავის სისუსტეს ისე არსად არ განიცდის, როგორც აქ თავის ადამიანობას, რომელსაც მფარველი სჭირია, მტკიცე ხელი, როგორც ბავშვს უფროსის ხელი ატარებს, რომ ეს ბავშვი ქუჩაში არ დაიკარგოს, არ გაიჭყლიტოს და არ გადიჩეხოს. ეს ადამიანი სთხოვს ღმერთს ამისთანა ხელს, რომ იგი ცხოვრების გზაზედ არ დაიკარგოს, არ გაიჭყლიტოს და არ გაისრისოს: „და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა“.

და ეს სამი რამ: პური, თანანადები და განსაცდელი არიან ორგანიულად ერთმანეთთან გადახლართულნი და გადაბმულნი, და თვით ეს მისი მაჩვენებელია, რომ ადამიანი თვის მოქალაქეობისთვის საჭიროებს არა მხოლოდ პურს ე.ი. თუ გსურთ ეკონომიურ საკითხის გადაწყვეტას მხოლოდ, არამედ ამ ორ რამესაც – სულიერ ჰარმონიას და ურთიერთბას და გარედან ერთგვარ ზღუდეს, მხოლოდ ერთის მიღწევით და მეორე ან მესამეს დატოვებით არ არის ადამიანის ცხოვრება სრული და ნამდვილი; არც კურთხეული და არც ადამიანური, არც რაიმე ნაყოფის მომცემი – და შემდეგ ეს პური, ეს თანანადები, ეს განსაცდელი არაა ისეთი რამ, რომელიც ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ხდება, არამედ მეორდება ყოველთვის, ყოველ დღეს და ყოველ საათს და თვით გრამატიკული ფორმაც უთითებს ამაზედ და ეს მას ნიშნავს, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს ყოველთვის ყური აცქვეტილი და თვალი მომარჯვებული და სწორედ ესეთი ყურის აცქვეტა, თვალისმომარჯვება და წინ დახედულება ჩვენ ისე არსად არ გვმართებს, როგორც აქ, უცხოეთში, ადამიანს ელის განსაცდელი, მუდამ კი არა, არამედ მომეტებულ წილად როდესაც ის მარტოა, ცალკე, გადმოვარდნილი ერთ დიდ კავშირიდან. ბავშვს ელის განსაცდელი მაშინ, როდესაც იგი თავის დედას ხელს უშვებს და სავსე ხალხით ქუჩაში მარტოდ სდგას. დღეს ჩვენ ვართ აქ ამისთანა მდგომარეობაში – თვითეული სდგას თავისთვის და თვითეულის გამოცდილებაზედ, უნარზედ და მომზადებაზედაა დამყარებული ეს პასუხი განსაცდელისადმი. განსაცდელში ვართ ჩვენ აქ, როგორც წევრნი ჩვენი ეკლესიის და როგორც წევრნი ჩვენი სამშოლოსი.

ჩვენ ვართ მართლმადიდებელნი, ჩვენი ქართული კულტურა არის მართლმადიდებლური და ჩვენ გვიხდება, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ არამართლმადიდებლურ ქვეყნებში ცხოვრება – ჩვენი მოვალეობაა შევინარჩუნოდ ჩვენი რელიგიური სახე და ერთგულობა ჩვენი ეკლესიისადმი და როგორც წევრნი ჩვენი ქვეყნის, დღეს თვითეული ჩვენთაგანი ასისხლხორცებს ამ სამშობლოს – ჩვენი სხეული ეკუთვნის ამ სამშობლოს და ჩვენი ღონე და ძალა და სხეული არ უნდა გავყიდოთ რაღაცა წარმავალ ქონებათა გულისთვის; უნდა დავიცვათ ღირსეულად ჩვენი თავი და დავანახოთ სხვებსაც ღირსება ქართველ კაცის. სამშობლო ჩვენი საკუთარი თავია და ეს თავი უნდა ყოველთვის მაღლა გვეჭიროს და სასოწარკვეთილებამ იმ ზომამდის არ უნდა მოიპოვოს ჩვენზედ უფლება, რომ თავი მოვიკლათ. ჩვენ ყველას გვაქვს მოსახდელი ვალი, ჩვენი სამშობლოს წინაშე და ის ვაჟკაცი არაა, რომელიც გაურბის ამ ვალს ან სრულიად გამოფიტული და ძალამიხდილი მივა თავის ბატონთან სამუშაოდ.

ყოველ განსაცდელს კაცი უნდა უფრთხილდეს და განზედ უნდა დაუდგეს, და როდესაც ჩვენ ვლოცულობთ: „და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა“, ეს ნიშნავს იმასაც, რომ ჩვენ თვითონ, ჩვენი მოქმედებით სხვები არ უნდა შევიყვანოთ განსაცდელში: მდიდარმა ღარიბი, ძლიერმა უძლური, მაძღარმა მშიერი. მან ვისაც ჰგონია, რომ იგი წინ-წაწეულია ჩამორჩენილი, დიდმა პატარა, თვითეულმა თავისი თავი უნდა დაიფაროს და სხვებიც დაიფაროს. თუ ჩვენი მისწრაფება და გულის-ყური ერთ მთავარ მიზნისკენ იქნება მისწრაფებული და ეს მიზანი ყოველთვის თვალწინ გვედგება, მაშინ უფრო ადვილად შევებრძოლებით და გაუმაგრდებით ამ განსაცდელს.

„და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა“. ამინ.

„არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან“ (ლუკა 11.4; მათე 6.11)

თავის მიზნის მისაღწევად (და ესაა: ღვთის სახელის წმიდა-ყოფა, ღვთის სუფევის დასამყარებლად ამ დედამიწაზედ ბრძოლა და ღვთის ნებისთვის, თავის ნების დამორჩილება ადამიანს სჭირია, როგორც საშუალება პური ე.ი. არსებობა, ისეთი შინაგანი სულიერი განწყობილება, რომელიც ყოველგვარ ინსტიქტებზედ ან ჯინზედ მაღლა უნდა იდგეს. მას სჭირია გარდა ამისა მაგარი და მტკიცე ზღუდე, რომ ქარიშხალმა ან რაიმემ არ დასცეს იგი, ტალღებმა არ შთანთქონ მისი ნავი, რაიმე მოულოდნელმა რამემ არ მოსპოს მისი მიღწევა სულიერი, ერთი დღის, ერთი წლის თუ ერთი ეპოქისა.

მაგრამ რისთვის ხდება ეს ყველაფერი, რაა მისი მიზეზი, რომ ადამიანი იმ პურს, რომელიც სხვისთვისაც გამოითხოვა და სხვისთვის გადასაცემად მიიღო, იტოვებს თავისთვის და რომ ამ ადამიანის ყოველ-დღიური ცხოვრება პატიება და სიყვარული კი არაა, არამედ შური და მტრობა – სხვის თვალში უბრალო ბეწვს ამჩნევს და თვისში კი დვირეს არ გრძნობს და მთელი ჩვენი ცხოვრება ემსგავსება იმ ზღაპარს, რომელშიაც ერთ-ერთ მის გმირისთვის გზის ჯვარედინზედ წარწერააა: „თუ პირდაპირ წახვალ უბედურებას შეემთხვევი, თუ მარცხნივ წახვალ მგლის ლუკმად იქცევი და თუ მარჯვნივ, არც იმ გზაზედ რაიმე ხეირი დაგემართება“-ო, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ამ ცხოვრების გზაზედ ეს წარწერა არაა და ადამინი მოუმზადებელი, მოულოდნელად ხდება განსაცდელის მსხვერპლად.

„არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან“ და არის, არსებობს რაღაცა ბოროტი, რომლისაგან სთხოვს ხსნას ადამიანი, რომელმაც იგი ისე დააბა-შეკვანძა – მიიპყრო თვისკენ პური სხვისთვის გამოთხოვილი – კედელი დაუდგა წინ ადამიანის სულიერ განვითარებას და ნუთუ შეუძლიან შემდეგ, ამისთანა შებოჭილ-შეკვანძულ ადამიანს კიდევ რაიმე ბრძოლის წარმოება განსაცდელთან!

ამ ლოცვის სათავეში იდგა მამა ე.ი. ღმერთი – ამ ლოცვის ბოლოს სდგას ეს ბოროტი; აქედან შეცდომა იქნებოდა იმ დასკვნის გამოტანა, ვითომ იესო ქრისტეს აზროვნება იყო დუალისტური: ერთის მხრივ ღმერთი ე.ი. კეთილი, ნათელი, მეორე მხრივ ბოროტი და სიბნელე.

სუბიექტი ამ მუხლში „არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან“ არის იგივე ღმერთი, რომელსაც აქვს გაცილებით მეტი ძალა ამ ბოროტზედ და რომელსაც შეუძლიან ადამიანის ხსნა ამ ბოროტისაგან. ამ ბოროტს აქვს უფლება ადამიანზედ, მაგრამ ღმერთთან შედარებით იგი სუსტია.

მაგრამ რაა ეს „ბოროტი“? სიტყვა ბოროტი ჩვენთვის ცნობილია. ჩვენ ვამბობთ მაგ. ბოროტი ადამიანი, ბოროტი სული – ბოროტი არის ერთგვარი კონკრეტიული რამ, ე.ი. ერთგვარი რამ, რომელიც არსებობს არა აზროვნებაში და წიგნში, არამედ ცხოვრებაში და სინამდვილეში, ესეცაა ნაყოფი ჩვენი ენის გენიის. ლათინურად და ბერძნულად მაგ. დღესაც ღვთის-მეტყველთა შორის დავაა, რაა ნაგულისხმევი: აბსტრუქცია „ბოროტება“ თუ კონკრეტი რამ, „ბოროტი“, ერთგვარი რამ, რომელიც შხამავს და ურევს ჩვენ ყოველ-დღიურ ცხოვრებას და რომელსაც ქართულად ჰქვიან სხვანაირად ეშმაკი, ესაა ერთგვარი გულუბრყვილობა, როდესაც ამ ეშმაკს ყველაფერს აბრალებენ, რასაც ადამიანში ან ახსნა ვერ შეუძლიანთ ან ვერ გაუბედიათ, ან და ეშინიათ – ან „აქაო შენ ეშმაკი ხარ, ბოროტი და მტერი კაცთა ნათესავისა“ და ყველაფერი მას ბრალდება, ისე როგორც ჩვენში დღეს ბევრნი ბევრ სისაძაგლეს ჩვენი ქვეყნის ცხოვრებიდან მე-19 საუკუნეში მხოლოდ რუსებს აბრალებენ – ამისთანა აზროვნებით კი ადამიანი თავის სულიერ ცხოვრებაში ნაბიჯს წინ ვერ წარსდგამს. ჩვენი მოვალეობაა, პირველად ვიცნოთ ჩვენი საკუთარი დანაშაული და ჩვენი ბრალი თუ გვსურს რაიმეს მივაღწიოთ. ეშმაკი არის ძლიერ რთული არსება, მისი სავსებით შეგნება შეუძლიან მხოლოდ მას, ვისაც სულიერ ცხოვრებაში უკვე ნაბიჯი აქვს წინ წამდგარი – ვერც თქვენ და ვერც მე არ ვართ დღეს ისე წინ წაწეული ამ სულიერ პნევმატიურ ცხოვრებაში, რომ ამ ფენომენის შეგნება შეგვეძლოს სავსებით და შეიძლება არც დროა დღეს ჩვენთვის ამისი – დღეს სცენაზედ სდგას ისევ ეს მოქალაქე და მასთან მთელი ანგარიში არაა გასწორებული.

მაგრამ რას ნიშნავს ეს სიტყვა „ბოროტი“; ეს პირველი და ერთად-ერთი უცხო სიტყვაა ამ ლოცვაში და იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობითაც იგი იხმარება დღეს ჩვენში. შესაძლებელია რომ იმ მნიშვნელობით იგი არ იხმარებოდა იმ ერთა შორის, სადაც ეს სიტყვა იშვა ან და თვით იესო ქრისტეს ხმარებაში დღესაც ამ სიტყვას სომხებთან მაგალითებრ, თავის ძველი მნიშვნელობა არ დაუკარგავს და ესაა ის სენი კეთრი, რომელსაც უცხო ენაზედ ლეპრა ჰქვიან. ესაა საშინელი ავადმყოფობა, გამოურკვეველი დღესაც; ამ სენით შეპყრობილს – აგდებდენ სახლიდან, სოფლიდან და ქალაქიდან სადმე უდაბნოში, სადაც ესენი სიკვდილის მოლოდინში, საშინელ ტანჯვაში და გაჭირვებაში სცხოვრობდნენ – ვინმე მოწყალე ხელი უზიდავდა მათ სანოვაგეს იქ, სადაც საზღვარი სოფლის თავდებოდა და ეს უდაბნო იწყობოდა – არავინ არ ეკარებოდა მათ. ანტიურ ადამიანისთვის, ყოველი სნეულება იყო ეშმაკის, ბოროტი სულის ნაქნარი და ამ საშინელ სენში ხედავდა იგი ამ ბოროტის სულის უდიდეს და უსაშინელეს ინკარნაციას. დღესაც ხვედრი ამისთანა სენით შეპყრობილის არაა უკეთესი; დღესაც ვინც ამ სენით შეპყრობილია, რომელიმე კუნძულზედ ასახლებენ, რომელიც განმარტოვებულია და დაშორებულია. სადღაც ოკეანეში და მათ მოწყალე ხელი და ქველმოქმედება, მთელ კაცობრიობის, ინახავს; ამ საბრალოებს სიცოცხლეშივე ალპებათ სხეულის ნაწილები და სიკვდილის გახწნა, რომელიც ყოველ ადამიანს სიკვდილის შემდეგ ესტუმრება, ესენი სიცოცხლეშივე თავიანთ საკუთარ სხეულზედ ხედავენ, გრძნობენ და განიცდიან.

ვინც ზერელედ დაუკვირდება ჩვენ ცხოვრებას, ის მადლობას შესწირავს ღმერთს, რადგან მისი აზრით ამ საშინელ სენიდან ჩვენი კურთხეული ქვეყანა თავისუფალია; მაგრამ ეს არაა სინამდვილეში – ეს სენი არსებობს ჩვენს ქვეყანაში და ეს ის სენია, რომელიც უსპობს ჩვენ ქვეყანას გზას წარმატებისაკენ – აგლეჯს მის სხეულს ჯანსაღ ნაწილებს, სწამლავს და ალპობს მის ერთეულს და ამსგავსებს მას, როგორც რაიმე ჩონჩხს, ლანდს, უღონო რაიმე არსებას. ესაა ჩვენი ერის და ჩვენი აქ ქიშპობა, პარტიებად დაყოფა, რაღაცა „პრინციპების“ წინაშე კულტი, აუცილებლობა „ჩემი შენსა სჯობს“ – ეშმაკს, ბოროტ სულს, ამ სენით ჰეგემონია უჭირავს ჩვენ ერზედ და აფერხებს ყოველ მის წინსვლას და ცხოვრებას. ჩვენი ერი ე.ი. ჩვენი წინაპრები გრძნობდნენ და განიცდიდნენ ამ საშინელ სენს – მათ კარგად იცოდნენ, რომ მხოლოდ ჯანსაღ ადამიანს, ერთეულს და განუყოფელს შეუძლიან მხოლოდ გამარჯვება და თვის გენიაში, რომელიც ჩვენი ენაა, დაგვიტოვეს ეს ჩვენ მათ ანდერძათ. მაგალითებრ, სისრულე, რომელიცაა უმაღლესი წერტილი ქრისტიანულ ეთიკის „იყავით ისე სრულნი, ვითარცა მამა თქვენი ზეციური სრულ არს“ ჰგულისხმობს ამ გვარ ადამიანს, რომლის სული, გულისყური, აზროვნება ერთ რომელიმე საგნისადმია მიმართული. ეკლესიის მტერს ე.ი. სეკტებს ჩვენი ეკლესია ეძახის მწვალებლებს ე.ი. წვალება ნიშნავს განყოფას, მათ ვინც ამ ეკლესიის ერთეულს რაღაც თვის მიერ მოწონილ მოძღვრებით ან დოქტრინებით არღვევენ.

დღესაც ჩვენი ქვეყანა მოითხოვს ერთ მიზნით, ერთ სულით და გულით შეერთებულ ერს, და ჩვენი ეკლესიაც მოითხოვს ამგვარ მრევლსაც. თუ მთელი ემიგრაცია ამ მიზანს არ დაისახავს და ამ მიზნით არ აღიჭურვება, თუ მხოლოდ ორიოდე კაცს მიანდობენ ეკლესიის საქმეს და სხვები, როგორც სეირის მაყურებელნი გარედ იდგებიან, მერწმუნეთ იმ მიზანს, რა მიზანიც ჩვენ აქ დაგვისახნია, ვერ მივაღწევთ. მანამ ჩვენ ეს ყველას, ეს ერთი აზრი არ შეგვკრავს და არ შეგვაერთებს, მანამდისინ მხოლოდ ცარიელი სიტყვა იქნება, ჩვენი ქვეყნის განვითარება, კეთილდღეობა და წარმატება, და ვინც ლოცულობს „არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან“ უნდა სახეში იქონიოს, რაც ხრწნის, არღვევს და შხამავს ჩვენ მთლიანობას და ღმერთს სთხოვოს დახმარება ამათ წინააღმდეგ. „არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან“. ამინ.

„რამეთუ შენი არს სუფევა, ძალა და დიდება უკუნისამდე“[4]. ამინ

უკვე თითქმის ორი წელიწადია, რაც დავიწყე ამ წმიდა ადგილიდან „მამაო ჩვენო“-ს განმარტება და დღეს ჯვარცმულ ქრისტეს გვამის წინ მიხდება მისი დასრულება. ჩვენ დავინახეთ, რომ „მამაო ჩვენო“ არაა მხოლოდ ლოცვა ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით, არამედ იმავე დროს პროგრამაა, მოქმედება ყოველი წევრის ქრისტეს ეკლესიის – ესაა მანიფესტი ჩვენი სარწმუნოების, ესაა ანდერძი იესო ქრისტესი, მოცემული მის მიერ და სწორედ ამ ანდერძის წაკითხვა და მასში ღრმად ჩახედვა და დაფიქრება ვალია თვითეულ ჩვენთაგანის, ამ ანდერძის მომცემელის, თვითეულ ჩვენთაგანის ცხოვრების და ხსნის გულისთვის ტანჯული და ჯვარცმული გვამის წინაშე.

ჩვენ დავინახეთ თუ როგორი უნდა იყოს ცხოვრება და მოქმედება ჭეშმარიტ ქრისტიან მოქალაქის. ამ სიტყვა „მოქალაქე“-მ გამოიწვია ზოგიერთ მსმენელთა შორის უსიამოვნება და დაბრკოლება. მათი შეხედულებით ეს ტერმინი შექმნილია რევოლუციის დროს ან მის ზეგავლენით; სინამდვილეში კი ეს ტერმინი გაცილებით ძველია და იმ შინაარსის, რომელსაც ეს ცნება თვისში ატარებს, იმ სიდიადის, იმ სიწმიდის და იმ სისპეტაკის და კეთილშობილობის, რომელიც ამ ცნებაშია ჩაქსოვილი, მოსპობა ვერ შესძლო რევოლუციამ (და ან რისთვის უნდა მოესპო?).

აქამდისინ გვქონდა საქმე იესო ქრისტეს აუტენტიურ სიტყვებთან, დღეს კი „რამეთუ შენი არს“ და სხვა… უკვე ეკლესიის მიერ ჩამატებულთან, რათა ადამიანს ყოველთვის იმ მიზნების აღსასრულებლად, რომელთა შესახებ ჩვენ უკვე ხშირად გვქონდა საუბარი და რომელნიც ამ ადამიანისავე ხშირი თქმით აღემატებიან მის საკუთარ ძალას და ღონეს – ამ ადამიანს მიმართული ჰქონდეს გონების თვალი მისკენ, ვის ხელშიცაა სუფევა, ძალა და დიდება, და რომელიც მის გულწრფელ განზრახვათა და წადილთ ყოველთვის დაეხმარება.

ეს მუხლი „რამეთუ შენი არს“ არაა ქრისტეს მიერ ნათქვამი, არამედ წირვიდანაა გადასული სახარებაში. მოგეხსენებათ, რომ პირველმა ქრისტეანებმა შეითვისეს ებრაელებიდან მათი წირვა და შემდეგ იგი წმ. მამათა მუშაობით განვითარდა და ჩამოსცილდა მას ებრაული ელემენტები – ზოგი კი დარჩნენ და ამათ შორის „რამეთუ შენი არსიც“, მხოლოდ გაქრისტიანებული. ჩვენ აქ გვაქვს სამჯერსამი ე.ი. წმ. სამების სამჯერ ხსენება – სუფევა, ძალა და დიდება, შემდეგ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა და ბოლოს აწ მარადის და უკუნითი უკუნისამდე – ესე გამოიყურება ეს მუხლი დღეს.

ჩვენთვის შეიძლება გაუგებარი იყოს „უკუნითი-უკუნისამდე“, ესაა ძველი ქართული ბრუნვის დაბოლოვება და დღეს იქნებოდა „უკუნიდან-უკუნემდის“ ე.ი. სიბნელიდან-სიბნელემდის – ერთ წერტილიდან მეორე წერტილამდის. ამ ორ წერტილ, ამ ორ სიბნელეთა შორის არის ჩაყენებელი ჩვენი ქვეყანა, მთელი სამყარო. დასაწყისი მისი ქაოსია, სიბნელით მოცული, გაუგებარი და გაურკვეველი და დასასრული მისიც იგივე ქაოსია, სრული დანგრევა და სიბნელე. ამ ორ ბნელ წერტილ შორის არის ჩაყენებული ცხოვრება და მოქმედება ყოველ მოქალაქის: საიდამ მოდის იგი მან არ იცის და სად წავა როცა იგი მოკვდება და ფიზიკურად მოისპობა, მან არც ეს იცის. იესო ქრისტე და ეკლესია არ გვაძლევენ ჩვენ აქ მის განმარტებას, თუ რა იყო ჩვენ წინ ან და რა იქნება ჩვენ შემდეგ. ასეთ განმარტებებს იძლევიან ლოცვები ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით, აქ არის პროგრამა მოქმედების მორწმუნე ადამიანისთვის, მისთვის, ვინც ერთ სიბნელიდან გამოსულა, სცხოვრობს და მოქმედობს მეორე სიბნელით განსაზღვრული და სცდილობს, რომ მისი ცხოვრება ამ ორ წერტილთა შორის არ იყოს ქაოტური, სიბნელით მოცული, შეუგნებელი, უხეში და ბოროტი, რომ მის ცხოვრებას უნათვიდეს ღვთის ნათელი და ეს ნათელი გაჰყვეს და გაუძღვეს მას იქაც სიკვდილის შემდეგ.

„რამეთუ შენი არს“-ში ჩაქსოვილია აგრეთვე მეორე აზრიც წარმმავლობა ჩვენი ცხოვრების: „წუთი სოფლის სტუმრები ვართ, ჩვენ წავალთ და სხვა დარჩება“ და დასკვნაც „თუ ერთმანეთს არ ვარგევით, ამის მეტი რა შეგვრჩება!“.

და არა მხოლოდ მთელი ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ყოველდღიურობაც არის სიმბოლო და აჩრდილი ამ ორ ბნელ წერტილის შორის მდგარი არსებობისა. ამის გამო ყოველი ქრისტიანი მოვალეა, ყოველ დღე, დილით გაიმეოროს გულდასმით ეს ქრისტეს ანდერძი „მამაო ჩვენო“ იმ იმედით, რომ ის ამ ერთი დღის განმავლობაში გააკეთებს და აასრულებს – გინდაც სულ მცირე რამეს ქრისტეს ამ ანდერძიდან და ყოველ საღამოს, მეორე სიბნელის წინ ღმერთს მადლობა უძღვნას, რომ მან მიუხედავად საშინელი გაჭირვების და აუტანელ პირობების, რომელშიაც იგი იმყოფება, მაინც შესძლო რაღაცის გაკეთება. ყოველი დღე ამით დაარგე, აბა მე დღეს ვის რა ვარგე! ამინ.

 წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე