თავდაპირველი დაკრძალვის „ფორმა“: პარალელები დიდ შაბათთან („სიკვდილის ლიტურგია და თანამედროვე კულტურა“. ლექცია II, ნაწილი II)

sikvdilis-liturgia-da-tanamedrove-kultura-2
გადმოწერა:

   „სიკვდილის ლიტურგია და თანამედროვე კულტურა“ 

 1 (ნაწილი I; ნაწილი II)
ლექცია 2 (ნაწილი I)

  ლექცია 2

ნაწილი II

თავდაპირველი დაკრძალვის „ფორმა“: პარალელები დიდ შაბათთან

დაკრძალვა, როგორც პროცესია: სიკვდილის ადგილიდან განსვენების ადგილისაკენ 

ახლავე მინდა ვთქვა, თუ რას მივიჩნევ ამ მეორე სტადიის, ჩვენი მართლმადიდებლური დაკრძალვის მეორე „ფენის“ „გასაღებად“, მისი ლიტურგიკული, საღვთისმეტყველო და სულიერი გაგების „გასაღებად“. უდავოდ, ეს „გასაღები“ მდგომარეობს იმ კავშირში, რომელიც არსებობს ამ მეორე „ფენასა“ და დიდი შაბათის ლიტურგიას შორის, უფრო კონკრეტულად კი ჭეშმარიტად უნიკალური   „კურთხეული შაბათის“ –  მეშვიდე დღის – ცისკარს შორის, იმ დღისა, როცა სიკვდილში ჩასვლით სიკვდილის დამთრგუნველმა ქრისტემ (და აქ მე ვციტირებ დიდი შაბათის სტიქარონს) შრომათაგან დაისვენა: „დღეს შეიცავს საფლავი დამბადებელსა და ხელითა შემცველსა დაბადებულთასა, და მშვენიერებითა დამფარველსა ცათასა დაჰფარავს ლოდი იგი უნდო საფლავისა; დაიძინებს ცხოვრება და ძრწის ჯოჯოხეთი და ადამ საკრველთაგან განიხსნების…“ (დიდი შაბათი, აქებდითსა ზედა, ხმა 7).

არც დრო მაქვს და არც საჭიროება, რომ ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი კითხვები დავსვა: თუ როდის და როგორ ჩამოყალიბდა ეს მსახურება, როგორ ვითარდებოდა და ა. შ. ჩვენთვის მხოლოდ ერთი რამაა მნიშვნელოვანი: მას მერე, რაც დაკრძალვის მსახურების შესრულება ეკლესიაში დაიწყო (უფრო ადრე თუ უფრო გვიან ამას არა აქვს დიდი მნიშვნელობა), მან ღამისთევის ლოცვის ფორმა მიიღო, რომელიც თავისი სტრუქტურით, სულისკვეთებითა და შინაარსით ახლოს დგას იმ მსახურებასთან, რომელსაც ეკლესია აღასრულებს triduum paschale-ის  მეორე დღეს. არ დაგვავიწყდეს, რომ „პასექი“ ადრეულ ეკლესიაში სამ დღეს ეწოდებოდა: პარასკევს, შაბათსა და კვირას. პირველი დღე, პარასკევი,  ჯვრის პასექია, pascha stavrôsimon; მესამე – აღდგომის პასექი, pascha anastásimon, მათ შორის კი დიდი და წმიდა შაბათია, „კურთხეული შაბათი“, კურთხეული განსვენება, როცა ქრისტე სიკვდილში ჩავიდა. და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს  გაიგივება ჩვენი სიკვდილისა დიდ შაბათთან.

ამ დაკრძალვის ღამისთევის ლოცვის სხვადასხვა ელემენტის ჩამოთვლისა და განმარტებისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ქრონოლოგიურად მეორე ფენას არავითარ შემთხვევაში არ გაუუქმებია პირველი, რომელიც მიცვალებულის სახლში აღესრულებოდა, სასაფლაოსაკენ პროცესიით გრძელდებოდა და სრულდებოდა მიცვალებულის უფლისათვის საზეიმო მიბარებით. ახალი ღამისთევის ლოცვა ეკლესიაში ეს უფრო „შესვენებაა“, პაუზაა იმაში, რაც არსებითად რჩება პროცესიად, მოძრაობად, გადასვლად. და აქ ჩვენ კიდევ ერთ გაუგებარ წესს ვაწყდებით, ამჯერად წესს, რომელიც მსახურების დასაწყისშია, იმ მომენტში, როცა გარდაცვლილს ეკლესიაში გადაასვენებენ.

ეს წესი მოსდევს მოკლე მსახურებას, რომელსაც სახლში ასრულებენ და რომელიც სინამდვილეში საფუძვლად უდევს ძველ ქრისტიანულ დაკრძალვას: „წმიდაო ღმერთო…“, „უფალო სულთაო და ყოვლისა ხორციელისაო…“, რის შემდეგაც იწყება პროცესია. დღეს ჩვენ ამ მსახურებას დამკრძალავ სახლში ვასრულებთ, რუსები მას ლიტიას უწოდებენ: ცხედრის კმევას მოსდევს „წმიდაო ღმერთო…“, „ყოვლადწმიდაო სამებაო…“, „მამაო ჩვენო…“, ტროპარი „სულთა თანა…“, კვერექსი, ლოცვა „ღმერთო სულთაო…“ და განტევება. ამის შემდეგ კი ჩვენს ლიტურგიკულ წიგნებში ვხედავთ წესს, რომლის შესახებაც დავიწყე ლაპარაკი: „თუკი მზად არის ყოველივე წესი მიცვალებულისა, მღვდელი აკურთხებს და მოვა და დაიწყებს: „კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი…“ და გალობით იტყვის „წმიდაო ღმერთოს…“ შიშით და ყოველი მოწიწებით და ავიღებთ მიცვალებულს და მივალთ ეკლესიაში მღვდელთა და დიაკონთა წინაძღომით, ლამპრებითა და საკმევლით. ხოლო როცა მივალთ ეკლესიაში, დავასვენებთ მიცვალებულს სტოვაში და იწყებენ…“[1]

აქ გავწყვეტ ციტატას – უფრო სწორად, ტექსტის არასწორ თარგმანს, რადგან სინამდვილეში არანაირი ახალი დასაწყისი არ არსებობს. ტექსტი ამბობს: „იწყებენ“, მაგრამ დასაწყისი არ არის! შემდეგ უბრალოდ ნათქვამია: „და იწყებენ: რომელი დამკვიდრებულ არს…“[2]

ჩვენ აქ სამი დასაწყისის გაუგებრობას ვხედავთ: პირველი მთელი ამ მსახურების დასაწყისია; შემდეგ დასაწყისი, რომელიც მოსდევს სიტყვებს „თუკი მზად არის ყოველივე წესი მიცვალებულისა, მღვდელი აკურთხებს და მოვა და დაიწყებს…“, და ბოლო, არარსებული დასაწყისი „როცა მივალთ ეკლესიაში…“ სიტყვების შემდეგ. და სწორედ ამის ახსნასა და შეერთებას ცდილობდა „მეორე შემდგენელი“ (პირობითად ბ) ამ იდუმალ წესში.

რას ვიწყებთ ყოველ ჯერზე? ჯერ ერთი (და აქ ყველაზე მარტივი ახსნა მომყავს), სახლში „წმიდაო ღმერთოს“ გალობა გვიანდელი ჩამატებაა, რადგან „წმიდაო ღმერთო“ ეს უკვე პროცესიის ნაწილია. ცხედრის განბანა და მომზადება რიტუალი რომც ყოფილიყო, საშინაო საქმედ მიიჩნეოდა, არა მხოლოდ ოჯახის წევრებისათვის განკუთვნილ კერძო, საიდუმლო საქმედ, როგორც დღესაა, თუმცა – არც ლიტურგიკულად, წმინდა ლიტურგიკული აქტის ვიწრო მნიშვნელობით –  ლოცვად ღვთისმსახურთა მონაწილეობით. ასე რომ,  საშინაო ლიტურგია ცხედრის განბანა და მომზადებაა. და აი, მაშინ, როცა, როგორც წესი გვამცნობს, „მზადაა ყოველივე“, ჩნდება ეკლესია, მოდის მღვდელი, დიაკვანი. მღვდელი წარმოთქვამს: „კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი,“ და იწყება დაკრძალვის ლიტურგიკული ნაწილი, რომელიც სასაფლაოზე მთავრდება.

დღეს ის გვაწუხებს, რომ დაკრძალვის მსახურება, როგორც ერთიანი მსახურება, პროცესია, ნაწილებადაა დაშლილი და შედეგად გაუთავებლად გვაქვს დასაწყისები და განტევებები. დაკრძალვის მანძილზე ჩვენ საკუთარ თავს სამგზის „განვუტევებთ“და ვერაფრით ველევით ვერც მიცვალებულს და ვერც ერთმანეთს! ყოველ ჯერზე თავიდან ვიწყებთ იმას, რაც ჯერაც არ დაგვისრულებია. ამიტომ თუნდაც სულ უბრალო, ფორმალურ დონეზე მაინც უნდა გავერკვეთ ამ გაუგებრობაში. მე იმედი მაქვს, რომ ეკლესიის ისტორიაში ჩვენი სემინარი შევა, როგორც არასაჭირო დასაწყისებისა და  დასასრულების დამგმობი! რადგან სხვაგვარად ჩვენ მხედველობიდან ვუშვებთ „დასაწყისისა“ და „დასასრულის“ ქრისტიანულ, თავისი არსით სულიერ და კოსმიურ იდეას, რომელიც ჩვენს ლიტურგიაშია ასახული. ამ იდეის გარეშე ლიტურგია „ლიტურგიკულ ამაოებად“ იქცევა.

მე ვამტკიცებ, რომ თავიდან ბოლომდე, სახლიდან საფლავთან ბოლო „ამინამდე“, ჩვენ გვაქვს ერთი მსახურება, ერთიანი მსახურება შესვენებული მონისა თუ მხევლისა ან უფრო მეტი: მასთან ერთად ჩვენი შესვლა ქრისტეს უკვდავ სიკვდილში. და ამ საზეიმო შესვლის ტონალობას (აქ ჩვენ ვუახლოვდებით ეკლესიაში ღამისთევის ლოცვის ელემენტებს) თავიდანვე განსაზღვრავს საგალობელი, რომელსაც ვგალობთ ცხედრის სახლიდან ეკლესიაში გადასვენებისას: „წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალე ჩვენ!“ შექმნისთანავე ეს გალობა ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ეკლესიისათვის. ჩვენ მას ვგალობთ მიცვალებულის გადასვენებისასა ეკლესიაში, შემდეგ სასაფლაოსაკენ მიმავალ გზაზე. ამასთან ჩვენ გვახსოვს, რომ მასვე ვგალობთ დიდი შაბათის ცისკრის ბოლოს, როცა გარს ვუვლით ტაძარს, ვდღსასწაულობთ რა ქრისტეს ჩასვლას სიკვდილში დ ადამისა და ევას განთავისუფლებას ტყვეობისა და ხრწნილებისაგან. ამრიგად, „ნომერ პირველი“ ანალოგია დიდ შაბათთან გამარჯვებული ქრისტეს ჰიმნია: „წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ!“

 მსახურება ეკლესიაში

ფსალმუნება

და აი, ჩვენ ვდგავართ ეკლესიაში, მიცვალებულის გარშემო და ვიწყებთ ფსალმუნებას. თანამედროვე წესით 90-ე ფსალმუნით ვიწყებთ. მაგრამ მრავალი მიზეზის გამო, რომელთა განხილვაც აქ შეუძლებელია, პირადად მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გვიანდელი დამატებაა, როგორც ჩანს, მონასტრული წესის აგებიდან ნასესხები. მაგრამ, როგორც უნდა იყოს, უეჭველია, რომ ის ფსალმუნი, რომელიც წარმოადგენს მსახურების ლიტურგიკულსა და საღვთისმეტყველო საფუძველს, მისი გაგებისათვის ჭეშმარიტ გასაღებს, 118-ე ფსალმუნია: „ნეტარ არიან უბიწონი…“ იმის ასახსნელად, თუნდაც მოკლედ, თუ რა უნიკალური ადგილი და ფუნქცია აქვს ამ ფსალმუნს მართლმადიდებელურ ღვთისმსახურებაში, რამდენიმე საათი მაინც დაგვჭირდებოდა, რაც ჩვენ, სამწუხაროდ, არ გაგვაჩნია. (სხვათაშორის, დღეისათვის ჩვენი დრო თითქმის ამოიწურა, მე კი ჯერაც შორს ვარ დასასრულისაგან!). ასე რომ, მხოლოდ მოკლედ შემიძლია გითხრათ. ასეთი განმარტების გარეშე შეიძლება ვერც კი შევნიშნოთ მართლმადიდებლური სიკვდილის ლიტურგიის მთავარი აზრი.

ყველამ, ვისაც ერთხელ მაინც წაუკითხავს ეს ფსალმუნი, იცის (ამაში დარწმუნებული ვარ), რომ იგი ერთი მთლიანი სიყვარულის მისწრაფებაა საღვთო რჯულის მიმართ, ღვთის მაცხოვნებელი მცნებების განდიდებაა: „შენთა მცნებათა გზაზე ვხარობდი, ვითარცა მთელ ქონებაზე. შენს მცნებებზე ვილაპარაკებ და დავუკვირდები შენს გზებს. შენი წესებით გავიხარებ, არ დავივიწყებ შენს სიტყვას“ (14,16). ეს არა უბრალოდ იმ ადამიანის სიტყვებია, ვინც უფლის ბრძანებებს ასრულებს, არამედ ნეტარებასაც პოულობს მათში. მისთვის ღვთის რჯული სიცოცხლე და სინათლეა, ცხოვრების შინაარსი და აზრია. სწორედ ეს ფსალმუნი, ფორმალურად თუ ვიტყვით, განადიდებს იმას, რაც ძველი – და არა ახალი – აღთქმის ცენტრშია – „რჯულს“. და სწორედ ეს ფსალმუნი გაიგო ეკლესიამ და გამოიყენა (და ახლაც იყენებს) ქრისტეს სიკვდილის მაცხოვნებელი და მარადიული აზრის გამოსახატავად.

ჭეშმარიტად ეს ფსალმუნი პასუხობს კითხვას: „რა არის ქრისტეს სიკვდილი?“ რადგან ეკლესიამ მასში გაიგონა (და ჩვენც გვასწავლა ამის მოსმენა) უნიკალური, ყოვლისმომცველი, ყოვლისშთანმთქმელი სიყვარული ღვთის მიმართ, და პირველ რიგში, უპირველესად – იესო ქრისტეს სიყვარული მამისადმი და, როგორც ამ სიყვარული აღსრულება, მისი სრული მორჩილება მამისადმი. გიყვარდეს ღვთის მცნებები, მისდევდე მათ, მათში პოვებდე სიცოცხლის ნეტარებას, ნიშნავს გიყვარდეს ღმერთი, რადგან ის საკუთრ თავს მცნებებსა და სიყვარულში ავლენს. ამრიგად, ამ ჭეშმარიტად უნიკალურ ფსალმუნში მარადიულად გიზგიზებს და ანათებს და ცხადდება ადამიანის სიყვარული ღვთისადმი, მისი წყურვილი ღვთისა, რომელშიც (ღმერთში) მდგომარეობს მთელი ნათელი, მთელი სიბრძნე, მთელი სილამაზე და მთელი სიხარული. სწორედ იმიტომ, რომ ქრისტეს უყვარს მამა და ისმენს მისას, იგი ნებაყოფლობით იღებს სიკვდილს – იგი, ვისაც, როგორც ძე ღვთისას, როგორც ახალ ადამს, თავისთავში არა აქვს არც ცოდვა, არც სიკვდილი, არც ხრწნილება – პირველი ურჩობის ნაყოფები. დიდ შაბათს კითხვაზე, რომლითაც მას მივმართავთ ღვთისმსახურების დასაწყისში: „ცხოვრებაო, ვითარ მოკვდები?“ იგი საფლავიდან 118-ე ფსალმუნის სიტყვებით გვპასუხობს.

ეს ფსალმუნი იმაზე მეტყველებს, რომ ეს ნებაყოფლობითი სიკვდილი, რომელიც მხოლოდ სიყვარულია, მხოლოდ მორჩილებაა, მხოლოდ ღვთის მცნებათა უმწვერვალესი აღსრულებაა, წარმოადგენს „უკვდავ სიკვდილს“, სიკვდილს, რომელიც იმარჯვებს და ამარცხებს ღმერთის უკანასკნელ, მთავარ მტერს. ასე აიხსნება ამ ფსალმუნის განსაკუთრებული მდგომარეობა საეკლესიო ღვთისმსახურებაში. ჯერ ერთი, ჩვენ იგი გვესმის ყოველ კვირა დღეს ღამისთევის ლოცვაზე, როცა ეკლესია უფლის დღეს აღნიშნავს. სამწუხაროდ, რაც დარჩა ამ ფსალმუნისაგან ჩვენს შეკვეცილ კვირის ცისკრის მსახურებაში, ეს ე. წ. „ნეტარარიანის“ შემდგომი ტროპრებია, რომლებიც იწყება სტროფით: „კურთხეულ ხარ შენ, უფალო, მასწავე მე სიმართლენი შენნი.“ ეს ტროპრები აღდგომის სიხარულით აღბეჭდავს სიკვდილისა და ქრისტეს აღდგომის აზრს, რომელიც ფსალმუნშია გამოხატული. შემდეგ, როგორც უკვე ვთქვით, ეს ფსალმუნი ჟღერს დიდი შაბათის ცისკარზე, ასევე, ლაზარეს შაბათის ცისკარზე. დაბოლოს, ეს ფსალმუნი იგალობება მიცვალებულის მსახურებისას. 118-ე ფსალმუნის ფუნქცია ყველა ამ მსახურებაზე ერთნაირია: იგი არა მხოლოდ „მიაკუთვნებს“ ამ მსახურებებს ქრისტიანული სარწმუნოებისათვის უმნიშვნელოვანეს და გადამწყვეტ მოვლენას – ქრისტეს სიკვდილს, არამედ წარმოაჩენს ამ სიკვდილს თავად მის საკუთარ რეალობაში, მის ჭეშმარიტად მარადიულ რეალობასა და მნიშვნელობაში ეკლესიისათვის, ეკლესიის მეშვეობით კი მთელი სამყაროსა და ყოველი ჩვენგანისათვის.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, როგორ შეიძლება განვსაზღვროთ 118-ე ფსალმუნის სპეციფიკური ფუნქცია ჩვენს მიცვალებულის მსახურებაში? პასუხი საკმაოდ მარტივია, თუმცა, შესაძლოა, არც თუ მთლად ისეთი, როგორსაც რიგითი მართლმადიდებელი ადამიანი ელოდება. მისი (ფსალმუნის) ფუნქციაა ამ კონკრეტული მიცვალებულის (მონისა თუ მხევლის) გაიგივება თავად ქრისტესთან, მიცვალებულის სიკვდილის გაიგივება ქრისტეს სიკვდილთან. რადგან, აბა სხვა რას უნდა ნიშნავდეს ის, რომ ჩვენ „ვკვდებით ქრისტეში“, თუ არა იმას, რომ მისი სამყაროში ერთადერთი სიკვდილი, ერთადერთი უკვდავი სიკვდილი ჩვენც გვეძლევა, როგორც ჩვენი სიკვდილი? ჩვენი სიკვდილი, ქრისტეს სიკვდილში მიღებული,  განიწმინდება, იკურნება და თავისუფლდება სიკვდილისაგან – სიკვდილისაგან, როგორც დამახინჯებისა და განშორებისაგან, სიკვდილისაგან, რომლის ნესტარიც ცოდვაა (შეად. I კორ. 15, 56), რათა სიკვდილი გახდეს არა სიკვდილში შებიჯება, არა რაღაც იდუმალი „არსებობა“, არამედ ქრისტესთან ერთობა (რომელიც მთელი სიცოცხლის სიცოცხლეა), ცოცხალთა სამყაროში შესვლა, „ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანვილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა…“, ქრისტეს ნათელში ყოფნა, იქ, სადაც „წმიდანი და მართალნი ბრწყინვენ, ვითარცა მნათობნი“.[3]

ეს ფსალმუნი გვეუბნება, რომ ყოველი სიკვდილი არის შესვლა დიდი და წმიდა შაბათის, კურთხეული შაბათის ვრცელსა და ნათელ სიმშვიდეში; შესვლა ღვთის სასუფევლის დაუვალი დღის ნათელში.  ამრიგად, ის, რაც ძველმა ეკლესიამ იცოდა და განიცდიდა იმთავითვე, რის შესახებაც ამოწმებდა და ამტკიცებდა მრავლისმეტყველი წარწერებით საფლავებზე: „იგი ცოცხალია“, ახლა იქცა თავისი სიღრმითა და სილამაზით უნიკალურ ლიტურგიკულ ზეიმად.

ფსალმუნის ყოველ მუხლს ეკლესია „ალილუიას“ გალობით პასუხობს (ამჟამად მეორე ნაწილის გარდა). და რადგანაც „ალილუია“ მართლაც ერთერთი საკვანძო სიტყვაა დაკრძალვის მსახურებაში, მართლმადიდებელთა უმრავლესობა მას აღიქვამს, როგორც მაინცდამაინც დაკრძალვასთან დაკავშირებულ, თუ მთლად ტრაგიკულ არა, ყოველ შემთხვევაში, სევდიან სიტყვად. არადა მისი ჭეშმარიტი მნიშვნელობები და ფუნქცია სრულიად საპირისპიროა. „ალილუია“ ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე სასიხარულო სიტყვაა. იგი სასიხარულო შეძახილია ღვთის არსებობის პასუხად, თავის მოყვარულებთან მისი მოსვლის პასუხად.  სხვა სიტყვით რომ ვთქვათ, „ალილუია“ თავად უფლის ყოფნაა გალობით გამოხატული. და თუკი იგი ასე ხშირად ისმის მიცვალებულის მსახურებისას, ეს მიუთითებს დაკრძალვის რეალურობაზე, რომელიც ქრისტიანულ  დაკრძალვად გარდაიქმნება, სიკვდილის ზეიმზე, როგორც ცოცხალი ღმერთის სასუფეველში შესვლაზე, რომელიც ცოცხალთა ღმერთია, და არა მკვდართა. ქრისტიანული დაკრძალვის მნიშვნელობა, კონდაკის სიტყვებით, იმაში მდგომარეობს, რომ იგი საფლავზე გოდებას სასიხარულო ალილუიად გადააქცევს: „დაფლვისა ჩვენისა გოდებასა ვგოდებთ და გალობით ვღაღადებთ…. ალილუია, ალილუია, ალილუია.“[4]

ისევე, როგორც კვირის ღამისთევის ლოცვაზე, 118-ე ფსალმუნს საგანგებო ტროპრები მოსდევს, რომლებიც, როგორც უკვე ვთქვი, ნიშნავს, ან უკეთესი იქნება თუ ვიტყვით, რომ „გამოხატავენ“ ეკლესიის მიერ 118-ე ფსალმუნის მიღებას, მათი საზეიმო და სიხარულიანი „ამინია“  იმის მიმართ, რასაც ის (ფსალმუნი) გამოხატავს და ამტკიცებს. წესის აგების ტროპრები თუმცა კი განსხვავდება მათგან, რომლებსაც კვირის ღამისთევაზე ვგალობთ, მათი ტონალობა, ხედვა იმისა, რასაც ისინი განადიდებენ და ამტკიცებენ, იგივეა, კერძოდ: ქრისტეს გამარჯვება, რომლითაც ადამიანი აღდგენილია თავისი პირვანდელი სილამაზით,  ღვთის „გამოუთქმელი დიდების“ ხატებით, გამარჯვება, რომლის მეშვეობითაც ადამიანი პოულობს „ცხოვრების წყაროს“, ან როგორც ტროპარში იგალობება, „საწადელ მამულს“. და ვიდრე გუნდი ამ ჭეშმარიტად ტრიუმფალურ ჰიმნებს გალობს, მღვდელი აკმევს ცხედარს, საკურთხეველსა და ყველა დამსწრეს, აღავსებს რა ტაძარს სული წმიდის სურნელებით, რომელიც არის სიცოცხლის სუნთქვა, რომლის მოსვლაც ყოველთვის წარმოადგენს parousía,-ს, მომავალი სამყაროს მოსვლასა და მყოფობას აქ და ახლა.

ისევე, როგორც დიდი შაბათის ცისკარზე, დაკრძალვის მსახურებაზეც 118-ე ფსალმუნსა და ტროპრებს მოსდევს სინანულის 50-ე ფსალმუნი: „მიწყალე…“, შემდეგ 9 ოდიანი კანონი თავისი ტრადიციული შემადგენლობით; შემდეგ იქ, სადაც ჩვეულებრივ ცისკარზე აქებდითი იგალობება, რვა სტიქარონია, რომლებიც იოანე დამასკელს მიეწერება; შემდეგ „ნეტარარიანი“, თავისი საკუთარი ტროპრებით, სამოციქულოსა და სახარების კითხვა, დაბოლოს, მსახურების ბოლო ნაწილი – უკანასკნელი „ამბორისყოფა“. ყველა ამ ელემენტიდან მხოლოდ 50-ე ფსალმუნი, ნეტარებების მცნებები (შესაძლოა), და მკაფიოდ წმიდა წერილის კითხვა, როგორც მე მეჩვენება, ეკუთვნოდა დაკრძალვის მსახურების თავდაპირველ ordo-ს, იმ დროიდან, რაც მისი შესრულება ეკლესიაში დაიწყო. ყველა სხვა ელემენტი, რომელიც, ისევ ხაზს ვუსვამ, ეკუთვნის მუსიკალურ, ჰომნოგრაფიულ ჟანრს, მიეკუთვნება გვიანდელ ფენას, რის შესახებაც ხვალ ვისაუბრებთ. ისინი განასახიერებენ იმისაგან არსებითად განსხვავებულ მიდგომას, ტონალობას, რომელიც მე ახლა გავაანალიზე და რაც უმთავრესად 118-ე ფსალმუნითაა გამოხატული.

კიდევ ერთი მოკლე შენიშვნა 50-ე ფსალმუნის შესახებ. ისევე, როგორც 118-ე ფსალმუნს, მასაც განსაკუთრებული ადგილი უკავია ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში. და ეს განსაკუთრებული ადგილი იმით დაიმკვიდრა, რომ  ეკლესია მასში ხედავს რაღაც აბსოლუტურად არსებითს, ცენტრალურს თავისი სარწმუნოებისათვის. რა არის ეს?  უთუოდ, ეს მეტია, ვიდრე უბრალოდ სინანული, რომელთანაც, ჩვეულებრივ, აიგივებენ ამ ფსალმუნს; უფრო ზუსტად, ეს არის სინანული, მაგრამ გაგებული და განცდილი, როგორც სიცოცხლისადმი დამოკიდებულების სრული და რადიკალური ცვლილება; ცვლილება, რომელიც გამოიხატება ბერძნული სიტყვით metánoia, „გარდაქმნა“, „ფერისცვალება, “ ადამიანის მიერ თავისი ცხოვრების სრული გადაფასება. „მოინანიეთ, მოახლოვდა ღმრთის სასუფეველი.“ (შეად, მარკ. 1,15). სინანული აქ, უპირველეს ყოვლისა, „მოქცევაა“ და ეს მოქცევა შესაძლებელი გახდა, რადგან ცათა სასუფეველი მოახლოვდა, რადგან იგი უკვე გამოგვეცხადა, გამოვლინდა ქრისტეს მოსვლაში. და სწორედ ეს მოქცევა – მოქცევა, საიდანაც „აღმოცენდება“ მთელი ცხოვრება, რომელსაც ეფუძნება მთელი ცხოვრება – ესმის ეკლესიას 50-ე ფსალმუნში. ეს არის სინანულის ჭეშმარიტი შინაარსის საუკეთესო, უსრულესი, უმწვერვალესი გამოხატულება, უფრო სწორად, აღსარება. სინანულის საზრისის, როგორც უწინდელი „უსჯულოებათა შინა მიდგომილი და ცოდვათა შინა შობილი“ ცხოვრებიდან ახალ, სიხარულითა და ლხენით აღსავსე ცხოვრებაში გადასვლის, გამოხატვაა. ერთი სიტყვით, იგი არის სარწმუნოების აღსარება, როგორც მტკიცე რწმენა იმისა, რომ მონანულები იღებენ ქრისტეს, სწამთ მისი, მიეტევებათ ცოდვები და უბრუნდებიან ღვთის წიაღს. ეს ფსალმუნი არა მხოლოდ იმ მსახურებებში გვხვდება, რომლებიც შეიძლება დავახასიათოდ როგორც „სინანულისა“ (მაგ. აღსარების საიდუმლოება), არამედ ყველა მსახურებაში, და ყველგან ის აღიარებს ახალ ცხოვრებას, რომელიც ეკლესიაში გვებოძება, და მადლობს ამისთვის. გარკვეული აზრით, დაკრძალვის მსახურებაში, მოსდევს რა 118-ე ფსალმუნს, 50-ე ფსალმუნი, მარტივად რომ ვთქვათ, აღდგომის აღსარებაა: „მასმინო მე გალობა და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი.“ (ფს. 50;10).

 ღვთის სიტყვა

და ახლა ჩვენ ღვთისმსახურების მწვერვალს მივუახლოვდით – ღვთის სიტყვის გამოცხადებას (ეს ნიშნავს – მას, ვის transitus-ს, ვის შესვლასაც ცოცხალთა ქვეყანაში ზეიმობს ეკლესია). საჭირო არ არის ამ „გამოცხადების“ შესახებ ბევრი ლაპარაკი, საკმარისია მისი მოსმენა, და პირველ რიგში, წარდგომის მოსმენა, რომლის ფუნქციაც სიტყვის ლიტურგიისათვის „ტონის“ მიცემაა. აი, ეს წარდგომა: „ნეტარ არს გზა ეგე, რომელსა წარმართებულ ხარ შენ დღეს, რამეთუ ადგილი განსასვენებელი მიგელის შენ.“ სიკვდილი აქ განმტკიცებულია, როგორც „ნეტარება“, სიკვდილში შესვლა – როგორც „ნეტარი გზა“. ეს მტკიცება შემზადებულია მთელი  ღვთისმსახურებით და წარმოადგენს მის მწვერვალს, მის კულმინაციას. თქვენ გახსოვთ, რომ მსახურება დაიწყო შემდეგი სიტყვებით: „ნეტარ არიან უბიწონი, რომელნი ვლენან შჯულსა უფლისასა“ (ფს. 118). ჩვენ მოვისმინეთ „ნეტარებები“, როცა თავად ქრისტე ადასტურებს ნეტარებას, რომელიც მიელის მათ, ვინც ამქვეყნად მისი მცნებებით ცხოვრობს. ახლა კი გვესმის უმაღლესი, საზეიმო და სასიხარულო დასტური ჩვენი რწმენისა:  სიკვდილი აღარ არის და ნეტარია გზა, რომელსაც ქრისტესთან მივყავართ.

მაგრამ (და ამაშია მომდევნო მუხლის აზრი „შენდამი აღვიხილენ თვალნი ჩემნი“) ეს ნეტარება მოიპოვება მხოლოდ ღმერთში, მხოლოდ ქრისტეში. გზა ნეტარია, რადგან იგი ღვთისაკენ მიმავალი გზაა. ღვთის გარეშე ნებისმიერი „სიკვდილის შემდგომი არსებობა“ მაინც სიკვდილია, მაინც წყვდიადში დანთქმაა. მაგრამ სიკვდილი, თუნდაც დამარცხებული და გარდაქმნილი, განადგურებული, როგორც ღვთისაგან და ამიტომ  სიცოცხლისგანაც განშორება, და ნეტარებად გარდაქმნილი მაინც არ არის საბოლოო აღსრულება, მიზანი. ის ჯერ კიდევ „გზაა“, გზა აღდგომისაკენ, ღვთის სრული გამარჯვებისაკენ, ახალი ცისა და ახალი დედამიწისაკენ, ღვთის სასუფევლის აღსრულებისაკენ, როცა ღმერთი იქნება „ყველაფერი ყველაფერში“. და აი, ამ საბოლოო გამარჯვებას ელოდება ეკლესია. თავად ეს მოლოდინია მისი ცხოვრება და ამ მოლოდინში მონაწილეობს მისი ყველა წევრი, როგორც ცოცხალი, ისე მიცვალებული.

 სამოციქულოს კითხვა

ამრიგად, ღვთისმსახურების დასასრულს, ღვთის სიტყვაში ჩვენ ვისმენთ ამ საბოლოო გამარჯვების გამოცხადებასა და აღსრულებას. „რადგანაც თუ გწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, მაშინ ღმერთი იესოში განსვენებულთაც მოიყვანს მასთან ერთად. … ვინაიდან თვით უფალი, მბრძანებლური სიტყვით, მთავარანგელოზის ხმობითა და ღვთის საყვირის ხმით, გადმოვა ზეცით, და პირველნი აღდგებიან ქრისტეში განსვენებულნი. შემდეგ კი ჩვენც, ცოცხლად შთენილთაც, აგვიტაცებენ ღრუბლებს ზემოთ, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და, ამრიგად, სამუდამოდ უფალთან ერთად ვიქნებით. (I თეს. 4:14, 16-17). ჩემი სტუდენტობიდან არ მახსენდება პავლე მოციქულის ამ ტექსტის სამეცნიერო განმარტება. (მეჩვენება, რომ სრულიად დემითოლოგიზებული უნდა იყოს, მაგრამ მაშინაც კი არ ექნება აზრი „თანამედროვე ადამიანისათვის“.) რა არის ამ უცნაური სიტყვების აზრი: მთავარანგელოზის ხმა, ღვთის საყვირი? რატომ ღრუბლები? რა ღრუბლები? იქნებ რაიმე უძველესი მითოლოგიაა? არ ვიცი. მაგრამ ერთი რამ ვიცი ზუსტად. მე ვიცი, რომ, ყოველ ჯერზე, როცა კი ვკითხულობ ან ვისმენ ამ ტექსტს, განსაკუთრებით დაკრძალვაზე, მე იმ ადამიანის ხმა მესმის, რომელმაც ნახა, იცის რაღაც ისეთი საკვირველი, ისეთი წარმოუდგენელი და თავზარდამცემი, ისეთი გამოუთქმელი, სასიხარულო და მშვენიერი, რომ მას უბრალოდ არ ჰყოფნის სიტყვები, გადმოსცეს, რაც იხილა, რადგან ასეთი სიტყვები უბრალოდ არ არსებობს. როგორც ბავშვი, შთაბეჭდილებებით სავსე, იყენებს ადამიანის მწირ ლექსიკას და ფიქრობს, რომ ისინი რაიმენაირად მაინც გადმოგვცემენ მის სიხარულსა და ზეიმს. ასევე ვიცი, რომ მთელი ცხოვრება შეიძლება მიუძღვნა „ქრისტიანული სიკვდილის იდეის“, „აღდგომის ქრისტიანული დოქტრინის“ შესწავლას და წერო ამის შესახებ წიგნები და ვერ ხვდებოდე, რომ ყველაფერი უკვე ნათქვამია, გამოცხადებულია, მოცემულია ერთხელ და სამუდამოდ უბრალო, ბავშვურ წინადადებაში: „მაინც ხომ ყოველთვის უფალთან ვიქნებით.“ ესაა მთელი ქრისტიანობა.

 სახარება

„ალილუია, ალილუია, ალილუია!“ სტროფით, რომლითაც მთავრდება წარდგომა: „ნეტარ არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე, უფალო!“ და ამის შემდეგ სახარების კითხვა, რომელიც თეორიულად მაინც, ასრულებს დაკრძალვის საეკლესიო ნაწილს. მიცვალებულთან გამოთხოვებისა და საფლავისაკენ პროცესიის შესახებ შემდეგ ლექციაზე ვილაპარაკებ, მართლმადიდებლური დაკრძალვის მეორე, ჰიმნოგრაფიული ფენის კონტექსტში, რომელსაც ჩვენ „სიკვდილის ლიტურგიის“ სხვა განზომილებაში გადავყავართ, იქ, სადაც ჩვენ ვლოცულობთ მიცვალებულთათვის. თუმცა ეკლესიაში, ამ შესვენებისასა დაკრძალვის შუაში, მანამ, ვიდრე კუბოს სასაფლაოზე წავასვენებთ, უკანასკნელი სიტყვები, რომლებიც ჩვენ გვესმის, ქრისტეს სიტყვებია: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და სწამს იგი, ვინც მომავლინა, აქვს საუკუნო სიცოცხლე და არ წარუდგება სამსჯავროს, არამედ უკვე გადავიდა სიკვდილიდან სიცოცხლეში. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღმერთის ძის სიტყვას, და ვინც მოისმენს, ცხონდება. “ (იოანე 5: 24-25). ეს დაკრძალვის მსახურების ის ფენაა, რომელსაც მე დაკრძალვის „დიდი შაბათის“ ფენას ვუწოდებ. 

პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი

თარგმნა ხათუნა ფანცულაიამ
ტექსტის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით მონაზონ რაქილ ბუაძეს

 
ნახვა 462