You are currently viewing „სიტყვა ლაზარეს აღდგინებასა და ბზობაზე“

„სიტყვა ლაზარეს აღდგინებასა და ბზობაზე“

Download article eBook

              „ქადაგება ბზობის კვირიაკეს“
თავმდაბლობის შესახებ

        ჰოი, რაოდენ საკვირველ და დიდებულია სიხარულის ნიშნები, რომელნიც ეჩვენა დღეს იერუსალიმს უფლის იესო ქრისტეს შესვლისას!

       იგი იღებს მას, როგორც გამარჯვებულს! მთელი ქალაქი გამოსულია მის შესახვედრად. მთელი ერი და ხალხის სიმრავლე, ყველა ასაკის ადამიანი თავმდაბლობით თაყვანს სცემს მას. ყველა მას აქებს და ადიდებს. ზოგი საკუთარ სამოსელს უფენს მიწაზე, რომ მასზე გადაიაროს, ზოგიერთები კი ხეების ფოთლებით უმკობენ მას გზას, მას ყვავილებით წინ მიუძღვებიან, პალმის ტოტებით მოყვებიან, ადიდებენ მას, როგორც დავითის ძეს: „ოსანა ძესა დავითისასა“. ხოლო სხვები ქადაგებენ მასზე, როგორც ისრაელის მეფეზე: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, მეუფე ისრაელისა“.

      და ეს სიხარული რომ უფრო მეტად საკვირველი იყოს, უმანკო ყრმებიც ტოტებით ხელში ადიდებენ მას: „ოსანა მაღალთა შინა“.

     ნეტავ საიდან მოდის ამდენი მხიარული ხმა? საიდან ამდენი ოსანა? რა მიზეზითაა ამხელა სიხარული ხალხში და ამხელა პატივი მაცხოვარ იესო ქრისტეს მიმართ? ამაზე გვპასუხობს წმ. მოციქული იოანე დღევანდელ სახარებაში: „ამიტომაც შეეგება მას ერი, რადგან გაიგო, რომ აღასრულა ეს ნიშანი“! ლაზარეს ხორციელმა აღდგენამ მიზეზი მისცა ერს, ასე განსაკუთრებულად დახვედროდნენ ქრისტეს. სირბილით და მიუყვებოდნენ მას, ხის ტოტებით ხელში და ადიდებდნენ: „ოსანა ძესა დავითისა“.

     და აღდგომის შესახებ ჩემი საიდუმლო ფიქრი მაიძულებს დღეს, ჩემო საყვარელნო, რომ გითხრათ ეს სიტყვები და განგიმარტოთ, ვის განასახიერებს ეს ლაზარე და რამდენი წყალობაა საჭირო, რომ აღადგინოს ის, ვინც, როგორც ლაზარე, ოთხი დღის განმავლობაში მკვდარი წევს საფლავში. მომისმინეთ სიყვარულით, თუ გნებავთ, რომ სულიერი სარგებელი ნახოთ.        

     არა მგონია, რომ მათ შორის, ვისაც სახარების თუნდაც მცირე ცოდნა აქვს, მოიძებნებოდეს ისეთი ვინმე, რომელიც, დიდი განმარტების გარეშე, თვითონ ვერ ხვდებოდეს, ვის განასახიერებს ლაზარე, რომლის შესახებაც დაწვრილებითაა მოთხრობილი იოანეს სახარებაში. ვერ ხვდებოდეს, რომ ცოდვა არის სულის სიკვდილი, რომ მკვდარი, რომელიც ოთხი დღის განმავლობაში წევს საფლავში და ყარს, არის ცოდვილი ადამიანი, რომელიც თითქოს ცოცხალია, ლაპარაკობს, ხარობს და მუდმივად დროს ატარებს – სინამდვილეში მკვდარია! რადგან მისი სული, რომელიც პიროვნების ყველაზე გამორჩეული და მბრძანებელი ნაწილია – მკვდარია! რადგან მას აკლია ღვთის მადლი, რომელიც ჭეშმარიტი ცხოვრების მომცემია და ამ მცირე სიტყვებიდანაც ყველასთვის გასაგები ხდება, ვის განასახიერებს ლაზარე. მაგრამ თუ კონკრეტულად ლაზარეს შემთხვევაში მეტ-ნაკლებად ყველაფერი გასაგებია, ზოგადად ლაზარეს აღდგინების მთელ ამბავში ბევრი მიზეზი გვაქვს ფიქრისა და გაკვირვებისა, რადგან აქ ვხედავთ განსხვავებულ ნიშნებს როგორც ქრისტეს ქმედებაში, ასევე ხალხის რეაგირებაშიც,  რასაც ვერ ვხედავთ ქრისტეს მიერ მკვდართა აღდგენის სხვა შემთხვევებში, და არც მოთხრობილია რომელიმე სხვა მახარებლის მიერ.

     ჩვენ ვიცით, რომ აღადგინა ორი სხვა მიცვალებულიც, როგორც ეს ჩანს მათეს სახარების მე-9 თავში[1], და ლუკას სახარების მე-7 თავში[2] . ერთი იყო იაიროსის ქალიშვილი და მეორე ქვრივი ქალის ძე: ერთი მოხდა კაპერნაუმში, მეორე ქალაქ ნაინში; ერთი იყო 12 წლის, მეორე ასევე ახალგაზრდა ასაკის. ერთი იყო მხოლოდშობილი, მეორეც ასევე დედისერთა; ერთი მოხდა თავის მამის სახლში, ხოლო მეორე ქალაქის შესასვლელში. არცერთ შემთხვევაში – არც მკვდრეთით აღდგენილი გოგოსა და არც ბიჭის შემთხვევაში, ერს არ გამოუჩენია რაიმე განსაკუთრებული რეაგირება, როგორც ეს მოხდა დღეს ლაზარეს აღდგინების შემთხვევაში: არ გამოსულან არც ხის ტოტებითა და ყვავილებით ხელში ქრისტეს შესახვედრად; არც ყრმებისა და არც მოზრდილების არ უძახებიათ: „ კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, ოსანა მაღათა შინა“.

     ნეტავ რატომ არსებობს ეს განსხვავება ამ ორი მიცვალებულის აღდგენის ამბავსა და ამ მესამე ამბავს შორის? განა ის ორი შემთხვევაც არ იყო სასწაული, როგორც ეს მესამე? განა ეს ორი მკვდარი და ეს მესამეც იმავე ქრისტესმ არ აღადგინა? ნეტავ, რატომ მოჰყვა ლაზარეს აღდგინებას ამხელა სიხარული, პატივი და დიდება, ხოლო იმ ორი მიცვალებულის შემთხვევაში მოხდა მხოლოდ  მადლობის შეწირვა უფლისადმი და სხვა არაფერი? ამ სიტყვების საიდუმლოსა და ამ მიცვალებულის ამბავს რომ ჩავწვდეთ, იგი უნდა განვმარტოთ არა მარტო სახარების სიტყვებით, არამედ სახარებისეული აზრითა და სულით.

    წმინდა მამები ერთ აზრზე დგანან, როდესაც ამბობენ, რომ პირველი ორი განასახიერებს ცოდვილს ისევე, როგორც ლაზარე, როგორც უკვე ვთქვი, მაგრამ სამივე მიცვალებული არ განასახიერებს მხოლოდ ერთ ცოდვილს, არამედ ცოდვილთა სხვადასხვა სახეებს, რადგან ცოდვილთა სხვა ტიპს განასახიერებს იაიროსის ქალიშვილი, სხვა ტიპს ქვრივის ძე და სულ სხვას ლაზარე. იაიროსის მიცვალებული ქალიშვილი, რომელიც გარდაიცვალა სახლში, განასახიერებს ადამიანს, რომელიც სცოდავს თავისი გონებითა და ნებით, ანუ რომელსაც გააჩნია ცოდვის ნება, მაგრამ ის ცოდვა ვერ გამოავლინა საქმეში: ან იმის გამო., რომ მას არ მიეცა შესაბამისი დრო, ან იმის გამო, რომ მას არ მიეცა საშუალება განეხორციელებინა ის, რაც სურდა. ასევე განასახიერებს იმას, ვინც არცოდნის, გაუფრთხილებლობის, ახალგაზრდული სულისკვეთების, ან ადამიანური ბუნების სისუსტის გამო, მოულედნელად ებმევბა ცოდვის მახეში, როგორც ამას განმარტავს ნეტარი თეოფილაქტე.  ასევე განასახიერებს იმას, ვინც ნამდვილად შესცოდა, მაგრამ მისი ცოდვა, ვთქვათ ასე, არის დამალული სახლში, არ განაცხადა და არ გახდა ცნობილი ხალხისათვის.

     ხოლო ქვრივი ქალის ძე, რომელსაც საკაცით მიასვენებდნენ ქალაქგარეთ, განასახიერებს იმ ადამიანს, რომელმაც ჩაიდინა ცოდვა: დატკბა ნაყროვანებით, ან მრუშობით, ან უკუღმართობით, ან სხვა რაიმე მსგავსი ცოდვით. განასახიერებს ასევე იმასაც, ვინც პირველ ცოდვას დაამატა მეორე, ღვთის ერთი მცნების დარღვევით არშეშინდა და დაარღვია მეორეც და მესამეც, თან არა ფარულად როგორც პირველმა, არამედ ურცხვად და უტიფრად შუა ქალაქში ხალხის დაბრკოლებით და თავისი მეზობლებისათვის ზიანის მიყენებით.

     მესამე მიცვალებული, ანუ ლაზარე განასახიერებს ადამიანს, რომელიც დაბერდა ცოდვაში, მიეჩვია ბოროტებას და არასდროს არ ზრუნავს თავისი სულის ცხონებისთვის, ყოველდღე მრუშობს, სიძვას სჩადის, იპარავს, იტაცებს, არ რცხვენია ადამიანების, არ ეშინია ღმერთის და ყურად არ იღებს სწავლებებსა და რჩევებს. გაჭირვებულები ტირიან მის წინაშე, მაგრამ მას ისინი არ ეცოდება; ისმის ქვრივთა ღაღადისი, რადგან არ ზრუნავს მათზე და არ აღასრულებს მათზე სამართალს; კვნესის მეზობელი, რადგან უსამართლოდ ექცევა და არ უსმენს მას. ეს ცოდვილი არა მხოლოდ დამარხულია ცოდვის საფლავში მეტყველების, სუნთქვის, გრძნობისა და ცხონების იმედის გარეშე, არამედ ლაზარესავით სახვევებით დაბმული აქვს ხელები და ფეხები, ანუ მაგრად არის შეკრული მისი ცოდვებით, როგორც ეს არის ნათქვამი სულიწმიდის მიერ, იგავთა მე-5 თავში: თითოეული იკვრება თავისი ცოდვების ღვედებით ისე, რომ აღარც შეუძლია რაიმე სიკეთისა ან ღვთისთვის სათნო საქმის გაკეთება.

      მისი სახე სუდარითაც იყო დაფარული, რადგან დაბრმავებულია თავისი ცოდვების გამო, ვერ აცნობიერებს თავის საცოდავ მდგომარეობას, ვერ ხედავს იმ უფსკრულს, რომელშიც იმყოფება და არ ფიქრობს იმ მარადიული ტანჯვაზე, რაც მას ელის. წევს და ზემოდან ადევს მძიმე ქვა, რომელიც ბოროტ ჩვევას განასახიერებს. ჩვევა, რომელიც აწვება და ამძიმებს მის სულს, არ აძლევს მას საშუალებას წამოდგეს თავისი დაცემის სამარიდან და არც ამოსუნთქვის საშუალებას.

      როგორც მართას უთქვამს ლაზარეს შესახებ: „უფალო ყარს“, ასევე სრულიად მართებულად, ჩვენც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი ცოდვილიც ნამდვილად ყარს, რადგან არა მხოლოდ ოთხი დღე, არამედ კვირების, თვეებისა, წლების და მრავალი ხნის განმავლობაში წევს დამარხული ცოდვის სამარეში. ახლა შეგვიძლია ნათლად დავინახოთ, თუ რატომ მოჰყვა ასეთი დიდი სიხარული ლაზარეს აღდგინებას, რადგან მსგავსი არამ არ მომხდარა პირველი ორი მიცვალებულის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთისათვის ყველაფერია შესაძლებელი, ადამიანური გაგებისთვის უფრო ძნელი და საკვირველი ჩანს ისეთი მიცვალებულის აღდგინება, რომელიც ოთხი დღის განმავლობაში იწვა საფლავში, აყროლებული , როგორც ლაზარე, ვიდრე ისეთი მიცვალებულის აღდგინება , რომელიც მიყავდათ დასამარხად, როგორც ვაჟის შემთხვევაში. ან მიცვალებული, რომელიც რამდენიმე წუთით ადრე გარდაიცვალა, როგორც იაიროსის ქალიშვილის შემთხვევაში. ეს ყველაფერი ასე მოხდა იმისათვის, რომ დაინახოს იმ ცოდვილმა, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება გაატარა ცოდვაში, დაბერდა ბოროტებაში, სრულიად დაშორდა ღვთის მადლს, გახდა ცოდვების მსახური და ეშმაკის მონა, რაოდენ ძნელია მისი მობრუნება ბოროტი ჩვევის უფსკრულიდან და რომ შეუძლებელია მისი აღდგენა, თუ არა დიდი ღვაწლით, უზომო სინანულითა და ღვთის განსაკუთრებული წყალობით. თუ თქვენ ჩაუღრმავდებით ყველაფერ იმას, რაც ვთქვით, გთხოვთ, დაუფიქრდეთ, რა გააკეთა ქრისტემ, როდესაც აღადგინა ის სამი მიცვალებული და თქვენ მიხვდებით ჭეშმარიტებას.

       პირველი მიცვალებულის, იაიროსის ქალიშვილის შემთხვევაში, როგორც მოგვითხრობს მათე მახარებელი, როდესაც მივიდა მასთან მაცხოვარი იესო ქრისტე, არ წარმოთქვა არც ერთი სიტყვა, არამედ ხელი შეეხო მიცვალებული გოგონას ხელს და გოგონაც მაშინვე წამოდგა.

      მეორე მიცვალებულის, ანუ ქვრივის ვაჟის შემთხვევაზე მოგვითხრობს ლუკა მახარებელი. შეეხო თუ არა მაცხოვარი მიცვალებულის საკაცეს, უთხრა მას: ჭაბუკოო აღსდეგ! და მიცვალებულიც მაშინვე წამოჯდა.

      მესამის, ანუ ლაზარეს შემთხვევაში, რას არ ამბობს და რას არ აკეთებს იესო ქრისტე, რომ აღადგინოს ის. წაიკითხეთ იოანეს სახარების მე-11 თავში. პირველად ნათქვამია: „შეწრწუნდა სულითა, ვითარცა რისხვით“, მეორედ მისი ღვთაებრივი თვალებიდან ცრემლები გადმოდინდა: „ და ცრემლოოდა იესუცა““, მესამედ: „აღიხილნა თუალნი ზეცად და თქუა: მამაო გმადლობ შნ, რამეთუ ისმინე ჩემი. რის შემდეგაც საშინელი ხმით, რომლითაც აღაშფოთა მთელი ჯოჯოხეთი ამოიყვანა ლაზარე სიკვდილის წყვდიადიდან ცხოვრების ნათელზე: და ესე ვითარცა თქუა, ხმითა დიდითა ღაღად-ყო: ლაზარე, გამოვედ გარე!

     ახლა მითხარით, რას განასახიერებს ეს ყველაფერი? რას გვასწავლის ეს განსხვავებულობა, რომლითაც ქრისტემ აღადგინა სამი მკვდარი? პირველს ხელის შეხებით, მეორეს – უბრალო სიტყვით, ხოლო მესამეს – ცრემლებით, ლოცვითა და დიდი ხმით?

    ღვრთივგანბრძნობილი ოქროპირიი, წმინდა თეოფილაქტე და წმინდა სახარების განმარტებელნი გვეუბნებიან, რომ სიცოცხლისა და სიკვდილის უფალს, მაცხოვარ იესო ქრისტეს, ამით ჩვენთვის უნდა  ესწავლებინა, რომ ცოდვილი, რომელიც მკვდარია ღვთის მადლის დაკარგვის გამო, რადგან შესცოდა უყურადღებობითა და ბუნების სისუსტის გამო, შედარებით იოლად აღსდგება, მიატოვებს ცოდვას და მოვა ღვთის მადლის შეხებით სინანულში.

       ასევ სხვაც, რომელიც დაშორდა ღვთის სიყვარულს, ორჯერ თუ სამჯერ, მაგრამ ჯერ კიდევ ახალგაზრდაა ბოროტებაში, ესეც ღვთის შეწევნით და სახარების სწავლებით თუ არ შეინანებს დღეს, შეინანებს ხვალ, მიატოვებს ბოროტებას და მოუბრუნდება ცხონების გზას.

       ხოლო მესამე, რომელიც დაბერდა ცოდვაში და სრულიად მიეჩვია ამა სოფლის ამაოებასა და ბოროტ სურვილებს, მისთვის არ არის იოლი მობრუნება, არამედ რჩება სინანულის გარშე და კვდება ცოდვაში, როგორც ამას ამბობს დავით წინასწარმეტყველი: „შორსაა ცოდვილთაგან ცხონება“. რადგან მთელი თავისი ცხოვრებიის განმავლობაში არ უძებნია ღვთის გზა და იმისათვის რომ მოვიდეს სინანულში მას სჭირდეება დიდი ზეციური დახმარება, ღვთის ცოცხალი სიტყვა, რომელიც სრულიად აღადგენს მას ცოდვისაგან, როგორც აღადგინა ლაზარე საფლავიდან.

        და რადგან მსგავსი რამ არ ხდება არასდროს, ან ხდება ძალზედ იშვიათად, რადგან ღმერთი არ არის ვალდებული, რომ ვინმეს აცხოვნებდეს ძალით, ამიტომაც, როდესაც ხდება მსგავსი სასწაული, ანუ, როდესაც ცოდვაში დაბერებული მოვა სინანულში, როდესსაც ოთხი დღის მკვდარი აღსდგება მკუდრეთით, როდესაც უძღები შვილი დაუბრუნდება მამის სახლს, როდესაც მოიძებნება დაკარგული ცხვარი და დრაქმა, ჭეშმარიტად, ღვთის წყალობის ამ სასწაულს დიდი სიხარული მოაქვს როგორც ზეცაში, ასევე დედამიწაზეც და ამ სიხარულის განსახიერებაა ის სიხარული, რომლითაც შეეგებნენ იესოს იერუსალიმში ლაზარეს აღდგინების შემდეგ. უხარია ღმერთს, უხარია ანგელოზებს, უხარია მთელ ეკლესიას, რადგან მოიპოვა ხელახლა თავისი საყვარელი ძე, რომლის ცხონების იმედიც არ არსებობდა. აი, რაოდენ სირთულეს, ბრძოლასა და დაბრკოლებას გულისხმობს იმ ადამიანის სინანული, რომელიც ცოდვაში დაბერდა.

        ჩემო საყუარელნო, ნეტავ თუ შეიძლება ვიფიქრო მე, რომ ჩემს პირმეტყველ სამწყსოში არიან ასეთი გზააბნეული ცხვრები, ასეთი ლაზარეები, ასეთი გულგაქვავებული და სინანულის არ მქონე ცოდვილები? თქვენი დიდი რწმენა არ მაძლევს საშუალებას, რომ მსგავსი რამ ვიფიქრო. მაგრამ თუ ისე მოხდება, რომ ღმერთთან დაშორების გამო, აღმოჩნდება ვინმე ასეთ საცოდავ და სავალალო მდგომარეობაში, დიდი გულის ტკივილით ვეტყვი მას იმავე სიტყვებს, რაც უთხრა ქრისტემ ჰურიებს ლაზარესათვის: „სადა დასდევით იგი?!“ სად დასდევ, ჰოი ცოდვილო, შენი მშვენიერი, საკვირველი და პატიოსანი სული?! სად დამარხე შენი პიროვნების ყველაზე გამორჩეული ნაწილი, ღვთაებრივი ძალის ყველაზე გონიერი ქმნილება?! სად არის ღვთის ხატების მშვენიერება?! სად არის ღვთის მადლის სამკაული?! სად არის დიდება?! სად არიან საკვირველნი საუნჯენი, რომლებიც მზეზე ძლიერად კაშკაშებენ?!

         და ასე, ყოველგვარი ზრუნვის გარშე, მიანდე შენი სული ცოდვას და მან განაბნია ის, როგორც ქარმა მტვერი, მაგრამ როგორ არ გეცოდება შენი თავი? როგორ არ დასტირი შენს უბედურებას? შენ დაგტირის მთელი ეკლესია! ტირიან მართალნი, ტირის შენი სულის მფარველი ანგელოზი, რადგან ცხადად ხედავს შენს დაღუპვას. ხოლო შენ ერთ ცრემლსაც არ ღვრი, არ წუხხარ და არც სინანულში მოდიხარ. ჰოი, ჩემო მკვდარო შვილო, ამ უგრძნობლობის საფლავში დამარხულო, ლაზარევ, გამოვედ გარეთ! გონს მოდი, დაინახე შენი საცოდაობა, დატოვე შენი ბოროტი ჩვევები ცოდვის მიმართ, რომელმაც მოგკლა და დაგაშორა შენს შექმნილ ღმერთს: „მობრუნდით ჩემსკენ და მეც თქვენსკენ მოვტრიალდები“ ამბობს ღმერთი მალაქია წინასწარმეტყველის პირით ყველა ცოდვილის მიმართ!

        შვილნო ჩემნო, ჭეშმარიტად მოწყალეა ღმერთი და დიდად მომთმენი და ყველა ადამიანის მობრუნება და ცხონება სურს და ამიტომ მიიღო კიდევაც ჯვარი და სიკვდილი. მხოლოდ ერთი რამაა საჭირო, რის გარეშეც შეუძლებელია როდესმე ცოდვილი მოვიდეს სინანულში. ის, რაც არც არის ნაჩვენები ქრისტეს მიერ ლაზარეს აღდგინებაში. მართალია, მაცხოვარს შეეძლო აღედგინა ლაზარე ისე, როგორც იყო ის ჩაკეტილი საფლავში, მაგრამ არ ინება, პირველად ბრძანა, რომ გადაეგორებინათ საფლავის ქვა და მხოლოდ ამის შემდეგ აღადგინა მიცვალებული, მაგრამ, იცით რატომ გააკეთა ასე? იმიტომ, რომ გაიგოს ყველა ცოდვილმა, თუ მათგან არ გადააგორებენ ბოროტი ჩვევის ქვას, შეუძლებელი იქნება აღდგინება და სინანული. „გადააგორეთ ქვა!“ ეს ქვა თავისი გულიდან უნდა აიღოს ვერცხლისმოყვარემ და დააბრუნოს სხვისი ნივთი, არავინ არ შეავიწროვოს და არავინ გაძარცვოს, ხოლო თუ ამას არ იზამს, ვერ აღსდგება.

       ეს ქვა უნდა მოიხსნას მრუშობის მოყვარემ, ანუ უნდა მიატოვოს ბოროტი ჩვევა და ხორციელი სურვილი, ხოლო თუ ამას არ იზამს, ვერ აღსდგება. ეს ქვა უნდა გადააგოროს შურიანმა, დამსმენელმა, ამპარტავანმა და ცილისმწამებელმა კაცმა. იგი არ უნდა შეურაცხყოფდეს ცილისწამებებით თავის ძმას, არ უნდა ინახავდეს მტრობას გულში, არ უნდა უსურვოს სხვას ბოროტება და არ უნდა ქედმაღლობდეს სხვათა მიმართ. თუ ამას არ იზამს, ვერც ცხონებას მიიღებს და ვერც აღსდგება ცოდვის საფლავიდან.

       მაგრამ, რა უნდა ვთქვა? მე მეშინის, რომ ჩვენ შესახებ იქნება ნათქვამი ისაია წინასწარმეტყყველის წიგნის მე-6 თავში გამოთქმული სიტყვა: „გაუსქელდათ გული, ყურებით ძნელად იგებენ და მათი თვალები დხშულია“ ეს არის ჩემი შიშის მიზეზი!

     როდესაც დავითმა გოლიათთან ბრძოლა გადაწყვიტა, მან არ წაიღო არც ერთი იარაღი გარდა შურდულისა და მდინარიდან აღებული ხუთი ქვისა. და რა მოხდა?! როგორც ნათქვამია წმინდა წერილში, კერძოდ, მეფეთა პირველი წიგნის მე-17 თავში, ისროლა რა პირველივე ნატყორცნი ქვა, დამპყრობელს შუბლში მოახვედრა, იგი ძირს დაანარცხა და მოკლა. გოლიათი განასახიერებს ცოდვას; დავითი, რომელიც ებრძვის ცოდვას, განასახიერებს სახარების მქადაგებელს; ქვები განასახიერებენ ღვთის სიტყვებს, ხოლო შურდული ღვთის მადლის ძალას.

      ამ გოლიათს, ჰოი, რამდენი დავითი, ანუ სახარების რამდენი მქადაგებელი შეებრძოლა სული წმინდის ძალით, ძველად და ჩვენს დროშიც, ცოდვას ესროლეს არა მხოლოდ სახარების ერთი სიტყვა, არა მხოლოდ ერთი ქვა, როგორც ეს გააკეთა დავითმა, არამედ მრავალი და მრავალგვარი სიტყვა და სწავლება.

    იმ დროს, როდესაც წმინდა წერილი არ მცონარებს და სახარების ქადაგება არ წყდება, მერე რა? განა დაეცა ამით გოლიათი? განა მოკვდა თქვენში ცოდვა? სად არის თქვენი ცხონების ნიშნები, სად არის ძლევის ნიშნები?

    ვიცი, რომ დღეს ყველამ მიიღეთ ეკლესიიდან მცენარეთა მწვანე რტოები, რომლებიც ძლევას განასახიერებენ, ვხედავ, რომ ხელთ  იპყრიათ ისინი; რადგან ამ დღეებში თქვენ დაამარცხეთ თქვენი მტრები, ანუ ეშმაკი და ცოდვა.

     მაგრამ, ეს ყველაფერი მართლა ასეა? ღმერთმა ქნას, რომ ეს მართალი იყოს! ჰოი, რა დიდი სიხარული იქნებოდა თქვენს გამო ზეცაში! მაგრამ სინამდვილეში გამარჯვებულია ეშმაკი, რადგან ვერ ვხედავ თქვენში სინანულს, ვერ ვხედავ გულწრფელ აღსარებას, ვერ ვხედავ სიკეთეს, რომელიც ახარებს ანგელოზებს და მწუხარებაში აგდებს ეეშმაკს.

     ჩემო საყვარელნო შვილნო! ჯერ კიდევ გაქვთ ცხონებისთვის დრო, თქვენ კიდევ გაქვთ ვნების შვიდეულის მაცხოვნებელი დღეები, რომლის დროსაც თქვენი სულების ცხონებისათვის ძე ღვთისამ დაათხია თავისი წმინდა სისხლი. მაშასადამე, ამ წმინდა დღეებში გამოასწორეთ ის, რაც უდებებისა ან ბოროტს ცდუნების გამო ვერ გააკეთეთ ამ წმინდა მარხვის განმავლობაში, მიატოვეთ მტაცებლობა, მიატოვეთ სხვების შევიწროება, მტრობა, ცილისწამება და მრუშობა.

    წინასწარმეტყველი იოანა, როდესაც ნინევიელებს უქადაგებდა სინანულს ეუბნებოდა: „სამი დღეღა დარჩა“: ორშაბათი, სამშაბათი და ოთხშაბათი; ვინც ამ სამ დღეში  არ შეინანებს და არ იტყვის აღსარებას ქრისტიანულად, სინანულითა და გულის შემუსვრით და ვნების ხუთშაბათს არ ეზიარება ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს, ჭეშმარიტად, ასეთი ადამიანისათვის ძალზედ მცირე იქნება ცხონების იმედი.

    თითოეულმა დიდი ყურადღებით იფიქროს იმაზე, რაც  ვთქვი და ღმერთმა გაანათლოს თითოეულის გონება, რომ შეასრულოთ ყველაფერი, რაც აუცილებელია თქვენი სულების საცხოვნებლად. თარგმნა ალექსი ქშუტაშვილმა
ქადაგება აღებულია წიგნიდან: „ანთიმოზ ივერიელი დიდაქეები და სხვა თხზულებები“