07/03/2016 კატეგორია: ინტერვიუ,

„თუ ღვთის შვილები არ ვართ,მაშინ სრულიად არაფერს წარმოვადგენთ ამქვეყნად!“

სქემარქიმანდრიტი იოაკიმე პარი

tu-gvtis-shvilebi-ar-vart-mashin-sruliad-arafers-warmovadgentarafer-amqveynad-iaokime-pari
გადმოწერა:

 „თუ ღვთის შვილები არ ვართ, მაშინ სრულიად  არაფერს წარმოვადგენთ ამქვეყნად!“



ნიუ-იორკის წმინდა მარიამ ეგვიპტელის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, ცნობილი მქადაგებელი და მისიონერი სქემარქიმანდრიტი იოაკიმე პარი პასუხობს სემინარიის სტუდენტების კითხვებზე და საუბრობს ბერმონაზონთა მოღვაწეობის შესახებ მეგაპოლისებში. გთავაზობთ კითხვა-პასუხის III ნაწილს.

 Ι ნაწილი –  „ადამიანები ვერ ხედავენ ქრისტეს, რადგან ჩვენ ვერ ვუჩვენებთ მას”
II ნაწილი –  „როგორ ვისწავლოთ ქრისტეში ცხოვრება?“

  – ზოგჯერ ადამიანს დიდ სიყვარულს უჩვენებ, მას კი ჰგონია, რომ ამას კაცთმოთნეობით იქმ და სიყვარულზე სიყვარულითვე არ გპასუხობს. როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ასეთი ადამიანის მიმართ?

ერთადერთი, ვისაც მთელ თქვენს სიყვარულს უნდა სწირავდეთ, მხოლოდ უფალია! თუკი უფალი არ გიყვარს, მაშინ სხვა ადამიანის შეყვარებაც არ შეგიძლია. მხოლოდ გეჩვენება, რომ ვიღაც გიყვარს, სინამდვილეში კი მხოლოდ საკუთარი თავი გიყვარს.

სხვა ადამიანებთან ურთიერთობისა და მათი სიყვარულის მიზეზი არის ჩვენი სიყვარული უფლისადმი. ადამიანების სიყვარული ღვთის სიყვარულის გაგრძელებაა ჩვენში.

შეუძლებელია ვინმეს ისეთი რამ მისცე, რაც მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას დაკარგავ. არავის ძალუძს უყვარდეთ თქვენ სრულყოფილი სიყვარულით – ეს მხოლოდ ღმერთს შეუძლია! დედამიწის მოსახლეობიდან უკლებლივ ყველას, 7 მილიარდ 200 მილიონ ადამიანსაც რომ მთელი გულით უყვარდეთ, ეს სიყვარული ერთად აღებული მაინც ვერ აღემატება ღმერთის სიყვარულს თავისი ქმნილების მიმართ. გარდა ამისა, თქვენ ვერასდროს შეძლებთ თქვენი თავის რეალიზებას ვერც ერთ ცოცხალ არსებაში – ეს შესაძლებელია მხოლოდ უფალში.

ღვთისადმი სიყვარული რომ ყველა სიყვარულს აღემატება, ეს უნდა გვახსოვდეს ქორწინებაშიც. მეუღლე ძალიან ახლობელი ხდება, შენი მეორე ნახევარია, მაგრამ ღვთისადმი სიყვარული არც მშობლისადმი, არც მეუღლისადმი და არც შვილისადმი სიყვარულმა არ უნდა გადაფაროს. და თუ გადაფარავს, იცოდეთ, რომ თქვენი სიყვარული ყალბია, მოჩვენებითი, ხორციელი და ეგოისტური! მაშინ არც უფალი და არც არავინ გიყვართ, საკუთარი თავის გარდა.

თუკი ადამიანს ყველაზე მეტად უფალი უყვარს, მაშინ მას ყველა უყვარს, ყველას სათანადო ყურადღებით ეპყრობა და ჰარმონიული ურთიერთობა აქვს სამყაროსთან. ასეთ ადამიანს ნებისმიერი ცხოვრებისეული სიძნელის ატანა ადვილად შეუძლია და ამგვარ საფუძველზე დამყარებული ოჯახი ყველა ქარტეხილს უძლებს. სხვა შემთხვევაში კი ოჯახი ადვილად ინგრევა, რაგდან სიყვარულის ადგილს ეგოიზმი იკავებს.

ბევრმა ჩვენგანმა არ იცის, რატომაა ამქვეყნად მოვლენილი. გეკითხებით:„ვინ ხართ? თქვენ იცით, ვინ ხართ?” ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, რადგან რასაც ფიქრობთ საკუთარი თავის შესახებ, იქიდან გამომდინარე მოქმედებთ. თუ ბავშვს ეტყვით: „ბრიყვი, სულელი და მახინჯი ხარ, არაფრის გაკეთება არ შეგიძლია!” – ბავშვი ამას დაიჯერებს, ამის შესაბამისი იქნება მისი საქციელიც და ამ მიმართულებით განვითარდება მისი პიროვნება; მაგრამ თუ ბავშვს ჩააგონებთ: „მშვენიერი ხარ, ძალიან გონიერი, შეგიძლია აკეთო ყველაფერი, რასაც მოისურვებ!” – ბავშვი ამასაც ადვილად დაიჯერებს და შესაბამისად მოიქცევა; მაგრამ არც ერთი და არც მეორე არ ასახავს რეალობას – განსხვავებულია ის, რასაც ვფიქრობთ საკუთარ თავზე და რაც ვართ სინამდვილეში.

ერთხელ რაღაც შეხვედრაზე ვიყავი, სადაც ბევრი ხალხი ირეოდა; კურთხევის ასაღებად ჩემთან დათვივით დიდი, ზორბა კაცი მოვიდა. ვკითხე: „ვინ ხართ?” მან უბრალოდ მიპასუხა: „მე ღვთის შვილი ვარ”. აი, პასუხი კითხვაზე: „ვინ ხარ?” – ჩვენ ღვთის შვილები ვართ! და თუ ღვთის შვილები არ ვართ, მაშინ სრულიად  არაფერს წარმოვადგენთ ამქვეყნად! ვარსებობთ მხოლოდ იმიტომ, რომ ღმერთმა გვაჩუქა სიცოცხლე და შეგვიძლია გვიყვარდეს მხოლოდ იმიტომ, რომ პირველად მან შეგვიყვარა! აი, ვინ ვართ სინამდვილეში! და თუ ეს არ ვიცით, მაშინ „ადამიანის დანიშნულებაზე” სულ ამაოდ  ვიმსჯელებთ, ამაოდ ვიფიქრებთ და ვეცდებით რამით შევავსოთ ჩვენი შინაგანი სიცარიელე. მაშინ პორნოგრაფიასაც ვუყურებთ, საეჭვო ღირებულების „ხელოვნებითა” და „მუსიკით” დავინტერესდებით და მუდამ ვეცდებით, როგორმე დავტვირთოთ ჩვენი გონება, რომ ღვთის მადლისგან განძარცვული სულის სიცარიელე შევავსოთ. ამ ყველაფრის მიზეზი კი ის არის, რომ უბრალოდ არ ვიცით, ვინ ვართ!

– თეორიულად ვიცით, რომ სულიერ გზაზე დამდგარი მორწმუნე უნდა განეშოროს ამასოფელს და მიუახლოვდეს უფალს,  მაგრამ პრაქტიკულად როგორ უნდა განვახორციელოთ ეს?

თქვენთვის გასაგებ ენაზე რომ ვიუსაუბროთ, შესადარებლად ასეთ მაგალითს მოგიყვანთ: თუ გყავთ შეყვარებული, გამუდმებით მასთან ყოფნის სურვილი გაქვთ. მთელი დღე მასზე ფიქრობთ და სულ მის გვერდით ყოფნა გსურთ. განა მას ჰკითხავთ: „რამდენი საათი უნდა ვიყო შენ გვერდით?” რა თქმა უნდა, არა! თქვენ სულ სხვა კითხვას დასვამთ: „კიდევ რამდენ ხანს შემიძლია შენთან დავრჩე? არ წახვიდე! არაუშავს, თუ ძილი დამაკლდება. მოდი, ცოტა კიდევ ვისაუბროთ, ცოტა ხანს კიდევ ვისეირნოთ!” როდესაც ვინმე გიყვარს, არასდროს ითვლი, რამდენი დრო დაახარჯე მას; მაგრამ თუკი მხოლოდ საკუთარი თავი გიყვარს, მაშინ ითვლი, რამდენი დრო შეგიძლიადაუთმო სხვა ადამიანს. მაშ, თუ უფალი გიყვარს, როგორღა ვკითხულობთ, რამდენი დრო უნდა გამოვუყოთ მას დღეში?!

როდესაც ცხოვრებაში სიყვარულს ვსწავლობთ, ამის შესაბამისად გამოვიმუშავებთ ნებისყოფასა და მორჩილებას, ვიმეცნებთ, როგორ მივყვეთ ღვთის ნებას და არ ვიყოთ თვითნებურები. ჩვენი სურვილი, როგორმე ვაამოთ საკუთარ თავს, სიყვარულისკენ მიმავალ გზას ეღობება.

როდესაც ახალგაზრდა წყვილს ვესაუბრები, მუდამ ვეკითხები, რა თვისებებს ეძებენ, რა იზიდავთ თავის შეყვარებულში, როგორი უნდათ, რომ იყოს იგი? და ჯერ არ მახსოვს, რომელიმე ვაჟს ამ კითხვაზე ეპასუხოს, რომ სურს გვერდში ჰყავდეს ისეთი სათნოებებით შემკული მეუღლე, როგორიც ღვთისმშობელი იყო. ისინი სულიერად არ მსჯელობენ და მხოლოდ მიწიერი ტრფობით შემოიფარგლებიან: „მინდა იყოს მიმზიდველი, მგრძნობიარე, სათნო, მოსიყვარულე”. როდესაც ქალიშვილებს ვეკითხები, როგორ მეუღლეზე ოცნებობენ, არც ისინი მპასუხობენ, რომ თავის მეუღლეში უფალს მიმსგავსებული სათნოებების ხილვა სურთ, არამედ კვლავ მშვინვიერ გრძნობებზე საუბრობენ. ახალგაზრდებო, სადღაა თქვენი სულიერება? თქვენ მხოლოდ გრძნობად სიამეებზე ფიქრობთ და ამიტომ ვერ ქმნით მყარ ოჯახს! თქვენ მეორე ადამიანი კი არა, – მხოლოდ საკუთარი თავი გიყვართ! არ გაფიქრებთ ის, თუ რა მოგელით, როდესაც გაივლის ამაღელვებელი ვნება? ამით თქვენი ურთიერთობა დასრულდება, რადგან იგი მარტოოდენ გარეგნულზე ააგეთ, შინაგანი და სულიერი კი დაივიწყეთ!

– როგორ უნდა იპოვოს სემინარიის სტუდენტმა თავისი მომავალი მეუღლე და საერთოდ უნდა ეძებოს თუ არა იგი?

ძალიან ხშირად ახალგაზრდები მეკითხებიან: „როგორ ვიპოვო კარგი, მორწმუნე გოგო/ვაჟი?” მე ასე ვპასუხობ ხოლმე: „ძალიან მარტივად. შენ თვითონ გახდი კარგი და მაშინ ის თავად გიპოვის”. ნუ გამოედევნებით გარეგნულს, ეძებეთ შინაგანი. თქვენი რჩეული უნდა იყოს კეთილი, ღვთისმოსავი ადამიანი და ამგვარი ძიების გზაზე უფალი შეგეწევათ და მოგცემთ ისეთს, როგორსაც იმსახურებთ.

– ერთმა ჩვენმა სტუდენტმა იპოვა მშვენიერი, მორწმუნე, ღვთისმოსავი ქალიშვილი; მაგრამ ის ამბობს, რომ ჯერ მზად არ არის ქორწინებისთვის, რადგან სწავლობს და კიდევ რაღაც სხვა პრობლემები აქვს. როგორ უნდა მოიქცეს ის სემინარისტი: დაელოდოს მას თუ სხვა საცოლე მოძებნოს?

თუ მშვენიერი მარგალიტი იპოვეთ, დაელოდებით იმ მომენტს, როდესაც შესაძლებელი იქნება მისი ამოღება, თუ სხვა მარგალიტის ძებნას შეუდგებით?

– რა პოზიცია უნდა დაიკავოს ბავშვმა, როდესაც მისი მშობლები განქორწინების ზღვარზე არიან?

მშობლები უნდა გიყვარდესდა არ უნდა განიკითხავდე მათ. ორივე თანაბრად უნდა გიყვარდეს, მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც ერთ-ერთი მათგანი გამოკვეთილად არამართებულად იქცეოდეს.

თუ თქვენი მშობლები უკვე განქორწინების ზღვარზე დგანან, ისინი ემსგავსებიან იმ პაციენტს, რომელიც ექიმს დაწყლულებული ფეხით მიმართავს. წყლული თავიდან უბრალო წითელი წერტილით დაიწყო, რომელიც თანდათანობით გაიზარდა და ბოლოს დიდ წყლულად იქცა.  დახედავთ წყლულს და იტყვით: „ექიმს უნდა მივმართო!” ექიმი კი შეიცხადებს: „აქამდე სად იყავით? 10 წელი რას ელოდებოდით? ახლა ერთადერთი გამოსავალი ფეხის ამპუტაციაა, რომ როგორმე სიცოცხლე შეგინარჩუნოთ!” ასეა მშობლების შემთხვევაშიც: მათ დიდი ხნის წინ უნდა ეზრუნათ ურთიერთობების მოგვარებაზე. ახლა უკვე რადიკალური ჩარევაა საჭირო, რადგან, როგორც ჩანს, არც ერთ მათგანს არ ესმის სიყვარულის არსი. რადიკალური ოპერაციული ჩარევა მათ შემთხვევაში არის ის, რომ როგორმე შევაჩეროთ მათი ეგოისტური სიყვარული საკუთარი თავის მიმართ! ადამიანმა უნდა შეძლოს ამის შეგნება და შენდობის თხოვნა იმის გაცნობიერებით, რომ ასეთ შემთხვევაში ორივე დამნაშავეა. თუ ადამიანი ამპარტავანია, ეს ძალიან ძნელი საქმეა და თითქმის შეუძლებელი, თუკი სინამდვილეში არც არასდროს გყვარებია მეორე ადამიანი, თუ მხოლოდ საკუთარი თავი გიყვარდა! ლტოლვა და ვნება, რომელსაც დასაწყისში განიცდიდი, სიყვარული არ ყოფილა! აი, ასე ინგრევა ოჯახები. მიზეზი კი ყოველთვის ერთია – ეგოიზმი და უსიყვარულობა!

– რამდენად საპასუხისმგებლოა ნათლიობა?

ნათლია უნდა იყოს ის, ვინც სულიერად ცოცხალია და განუცდია სულიწმინდის მადლის მოქმედება. მას შეუძლია „ატაროს ჩვილი მღვრიე წყლებში”.
ნათლულის მშობლების გარდაცვალების შემთხვევაში, ნათლიამ მშობლის ფუნქცია უნდა იტვირთოს.
ნათლია მოწოდებულია, სასუფევლის კარამდე მიიყვანოს თავისი ნათლული.

– რა საფრთხეები უკავშირდება ინტერნეტს? როგორ დავიცვათ სული ამ საფრთხეებისგან?

ინტერნეტი – ეს არის ინსტრუმენტი და როგორც ნებისმიერი ინსტრუმენტი, ის უნდა იყოს სათანადოდ გამოყენებული, მისი დანიშნულებისამებრ. ნებისმიერ ინსტრუმენტს შეუძლია გაგანადგუროთ. სკალპელი აუცილებელია ოპერაციის ჩასატარებლად, მაგრამ თუ ქირურგი არ ხარ და არ იცი, როგორ გამოიყენო იგი, ის შეიძლება სასიკვდილო იარაღად იქცეს თქვენს ხელში. ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ სკალპელი თავისთავად ცუდი რამაა? ინტერნეტი მეტად სახიფათო ინფორმაციებსა და ცდუნებებს შეიცავს, მაგრამ მხოლოდ მომხმარებლის ნება ანიჭებს მათ არსებობას ფატალურობას.  ინტერნეტში მრავლად არის სხვადასხვა სახის ნაგავი: გონების გასაფანტი, გასართობი, მაგრამ ერთად იქ მუდამ არის მდიდარი ინფორმაცია ნებისმიერ დარგში. გააჩნია, თქვენ რა გაინტერესებთ, გააჩნია, რას ეძიებთ. ინტერნეტი ვერ გაცხონებთ, მაგრამ შეუძლია დაგეხმაროთ ცხონებაში, თუკი წმინდა მამების სწავლა-დარიგებებს ამოიკითხავთ. მაგრამ თუკი გრძნობთ, რომ იტნერნეტი თქვენთვის ისეთ ცდუნებად იქცა, რომელსაც ვერ უმკლავდებით, მაშინ ნუ ისარგებლებთ ინტერნეტით.

რაც შეეხება სოციალურ ქსელებს, ვფიქრობ, ისინი სრულებით არ არის საჭირო. ადამიანები მის გარეშეც სიცრუით არიან აღვსილნი; ადამიანები ქსელების გარეშეც ბევრ ისეთ სისულელეს გიამბობენ, რაც ყურადღებას უსარგებლო საგნებზე გადაიტანს და გონებას გაგიფანტავთ. ვირტუალურ შეხვედრებს ყოველთვის რეალური შეხვედრები  ამჯობინეთ. სოციალური ქსელები ფანტაზიის წყაროდ იქცევა, ის გონებას ადუნებს და ართობს, ეს კი ხელს უშლის ლოცვას, რადგან თქვენს გონებას ბევრი უსარგებლო ნაგვით ავსებს. და მერე ადამიანებს უჭირთ ლოცვა, რადგამ გონება აქვთ დაქანცული და ამაო ინფორმაციით გამოტენილი.

 

მოამზადა მარიამ გაგუამ
საპატრიარქოს უწყებანი N 7 2016 წ.
ორიგინალი – pravoslavie.ru

 

 
ნახვა