You are currently viewing „თუ ადამიანი გულწრფელად ლოცულობს, მისი ძლევა არავის და არაფერს არ შეუძლია“ (სახარების განმარტება – დიდი მარხვის მე-4 კვირა)

„თუ ადამიანი გულწრფელად ლოცულობს, მისი ძლევა არავის და არაფერს არ შეუძლია“ (სახარების განმარტება – დიდი მარხვის მე-4 კვირა)

Download article eBook

  სახარების განმარტებადიდი მარხვის მე-4 კვირა 

„ …მი-ვინმე-უგო მას ერთმან მის ერისაგანმან და ჰრქუა: მოძღუარ, მოვიყვანე ძე ჩემი შენდა, რომლისა თანა არს სული უტყუებისაჲ. და სადაცა დააპყრის იგი, დააკუეთის, და პეროინ და იღრჭენნ კბილთა და განჴმებინ. და უთხარ მოწაფეთა შენთა, რაჲთამცა განკურნეს, და ვერ შეუძლეს. მიუგო იესუ და ჰრქუა: ჵ ნათესავი ურწმუნოჲ! ვიდრემდე ვიყო თქუენ თანა? ვიდრემდე თავს-ვიდებდე თქუენსა? მომგუარეთ მე იგი აქა!და მოჰგუარეს იგი მას. და იხილა რაჲ იგი, მეყსეულად სულმან არაწმიდამან დააკუეთა იგი; და და-რაჲ-ეცა ქუეყანასა, გორვიდა და პეროოდა. და ჰკითხა იესუ მამასა მისსა: რაოდენი ჟამი აქუს, ვინაჲთგან შეემთხჳა ესე? ხოლო მან ჰრქუა: სიყრმითგან.და მრავალ-გზის ცეცხლსა შთააგდო ეგე და წყალსა, რაჲთამცა წარწყმიდა ეგე, არამედ რაჲ ძალ-გიც, შემეწიე ჩუენ და წყალობა-ყავ ჩუენთჳს. ხოლო იესუ ჰრქუა მას: უკუეთუ ძალ-გიც რწმუნებად, ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა. და მეყსეულად ჴმა-ყო მამამან მის ყრმისამან და ჰრქუა ცრემლით: მრწამს, უფალო, შემეწიე ურწმუნოებასა ჩემსა. და ვითარცა იხილა იესუ, რამეთუ შეკრბებოდა ერი მის ზედა, შეჰრისხნა სულსა მას და ჰრქუა უტყუსა და ყრუსა სულსა: მე გიბრძანებ შენ: განვედ მაგისგან და ნუღარა შეხუალ მაგისა! და ღაღატ-ყო და ფრიად გორვიდა და განვიდა მისგან; და იქმნა იგი, ვითარცა მკუდარი, ვითარმედ მრავალნი იტყოდესცა, ვითარმედ: მოკუდა. ხოლო იესუ უპყრა ჴელი მისი და აღადგინა იგი, და აღდგა. და ვითარცა შევიდა იესუ სახიდ, მოწაფეთა მისთა თჳსაგან ჰკითხეს მას: რაჲსათჳს ჩუენ ვერ შეუძლეთ განძებად მას? ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: ესე ნათესავი ვერ შესაძლებელ არს განსლვად, გარნა ლოცვითა და მარხვითა. და მიერ განვიდეს და წარმოჰვლიდეს გალილეასა; და არა უნდა, რაჲთამცა აგრძნა ვინ. რამეთუ ასწავებდა მოწაფეთა თჳსთა და ეტყოდა მათ, რამეთუ: ძე კაცისაჲ მიეცემის ჴელთა კაცთასა, და მოკლან იგი; და, მო-რაჲ-კუდეს, მესამესა დღესა აღდგეს“ (მარკ. 9. 17-31).[1]

სახარებისეული სწავლებით ეს კაცი რწმენაში ძალზე სუსტი იყო, და ეს მთელი რიგი გარემოებებითაც დადასტურდა: ერთი იმით, რომ ქრისტემ მას უთხრა: „ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა“ (მარკ. 9, 23); მეორეც: ამ კაცმა იმ წამსვე ცრემლმორეულმა შესძახა: „მრწამს, უფალო, შემეწიე ურწმუნოებასა ჩემსა!“ (მარკ. 9, 24) მესამე: ისიც კი, რომ ქრისტემ ბოროტ სულს ამ კაცის შვილში შესვლა სამუდამოდ აუკრძალა; და მეოთხე: ამ კაცმა იესოს თხოვნით ასე მიმართა: „რაჲ ძალ-გიც, შემეწიე ჩუენ“ (მარკ. 9, 22). მეტყვი: თუ კი ბავშვის მამას, ანუ ამ კაცის ურწმუნოება იყო მიზეზი იმისა, რომ, მოწაფეებს ბოროტი სული ბავშვიდან ვერ გამოჰყავდათ, ქრისტემ მოწაფეები რატომღა დაადანაშაულაო? იესომ ამით უჩვენა, რომ მათ რწმენით შეუძლიათ ავადმყოფთა განკურნება თვით შუამავალთა – ავადმყოფის პატრონთა დაუხმარებლადაც კი. ხშირად შუამავლის რწმენა საკმარისია ხოლმე იმისათვის, რომ თვით ჩვენი მცირე თანამოძმეებისგანაც მივიღოთ სასურველი შედეგი; მაგრამ სასწაულმოქმედების ძალაც აგრეთვე ხშირად საკმარისი აღმოჩნდება ხოლმე სასწაულის მოსახდენად, თუნდაც მასთან დახმარების სათხოვნელად მოსულებს რწმენა საერთოდ არ ქონდეთ, და სახარება ორივე ამ შემთხვევას ადასტურებს. კორნელიუსის ოჯახის წევრებმა თავიანთი რწმენით სულიწმიდის მადლი მიიღეს, და ელისემ მიცვალებულის გაცოცხლება შეძლო მაშინ, როცა ამისა არავის სჯეროდა, რადგან იმათ, ვინც გარდაცვლილი მიატოვეს, ეს გააკეთეს არა ურწმუნოების, არამედ – შიშის გამო; გვამი დაუდევრად მიატოვეს და შიშისაგან თავზარდაცემულებმა მოკურცხლეს. მიტოვებული უკვე გარდაცვლილიყო, მაგრამ მარტოოდენ წმიდა სხეულის ძალით ეს მიცვალებული გაცოცხლდა[2]. ბავშვიდან ბოროტი სულის გამოდევნისას მოწაფეები სუსტები იყვნენ, მაგრამ არა – ყველანი: განსხმის მცდელობისას  მოციქულთა შორის ბურჯნი ადგილზე არ იყვნენ.

   მაგრამ ამ კაცის უგუნურება სხვა გარემოებებიდანაც ჩანს: იგი ხალხის წინაშე უჩიოდა მოწაფეებს ქრისტესთან: მოვჰგვარე იგი მოწაფეთა შენთა, და ვერ შეუძლეს განკურნებად მისა“ (მათ. 17, 16).იესომ მოწაფეებისთვის წაყენებული ბრალდება ხალხის წინაშევე უარყო და მკურნალობის წარუმატებლობაში თავად ეს კაცი დაადანაშაულა. „ჰოი ნათესავი ურწმუნო და გულარძნილი, ვიდრემდის ვიყო თქუენ თანა? ვიდრემდის თავს-ვიდებდე თქუენსა?“(მათ. 17, 17). იმისათვის რომ ეს კაცი არ შეეშინებინა, უფალმა ამ ბრალდება-საყვედურით მარტოოდენ მას კი არა, მასთან ერთად იქ მოსულ ხალხსაც მიმართა, რადგან აშკარაა, რომ იქ მყოფთაგან ბევრნი შეცდნენ და მოწაფეებზე ცუდის ფიქრი დაიწყეს. როცა იესომ თქვა: ვიდრემდის ვიყო თქვენ თანა?“ ამაში იგულისხმა: ჩემთვის სიკვდილი სანატრელია, აქედან გადასახლება ჩემთვის ნატვრაა, და ჩემთვის თავის დადება და დაღუპვა კი არაა მძიმე და ძნელი, არამედ – თქვენთან ერთად ცხოვრებაო; შემდეგ ამ ბრალდებით აღარ შემოიფარგლა, და რა თქვა? მომგუარეთ მე იგი აქა“. ბავშვი მიუყვანეს. ქრისტემ თვითონ ჰკითხა მამას: შენი ვაჟი რამდენი წელია, რაც ასე იტანჯებაო; ამითი თავისი მოწაფეების ავტორიტეტიც დაიცვა, და თავად ამ კაცშიც გამოაღვიძა იმედი და რწმენა: ჩემი ვაჟი ამ სენისგან განთავისუფლდებაო. იესომ ცოტა ხანს კიდევ აცალა ბოროტ სულს ბავშვის წვალება, მაგრამ არა იმისათვის, რომ განკურნებით მეტი შთაბეჭდილება მოეხდინა. არა, როგორც კი დაინახა, რომ ხალხი მორბოდა, უფალმა ბოროტი სული მაშინვე შერისხა, იესომ ეს გააკეთა თავად ბავშვის მამისათვის, რათა მას საკუთარი თვალით ენახა ეშმაკის ძრწოლა, წრიალი, შფოთვა და ბორგვა მარტოოდენ იესოს სიტყვების ზემოქმედებითაც კი, და შემდეგ დაეჯერებინა განკურნების სასწაული, რომელიც მის თვალწინ მოხდა. ქრისტესათვის მთავარი იყო არა ხორციელ დაავადებათა განკურნება, არამედ – ადამიანში ჩანერგვა ღვთისადმი ღრმა რწმენისა, რომლის საშუალებითაც შემდეგ ადამიანი თვითონვე განიკურნებოდა. ამიტომ იყო, რომ მამის ვედრებაზე: ბავშვი პატარაობიდან იტანჯება და „ რაიცა ძალ-გიც, შემეწიე ჩუენ“ (მარკ. 9, 21-23), მაცხოვარი პასუხობს: ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა“. და ამით კიდევ ერთხელ უსაყვედურა, ასეთი ურწმუნოები რადა ხართო. როცა კეთროვანმა უთხრა: უფალო, უკეთუ გინდეს ძალ-გიც განკურნებად ჩემდა“. რითაც ქრისტეს ძალაუფლება აღიარა, მაშინ უფალმა თავისი პასუხით იგი შეაქო და მისი სიტყვები დაადასტურა: მნებავს, განიწმინდე“! – და კეთროვანი მაშინვე განიკურნა კეთროვანებისაგან; ამ კაცმა კი პირიქით, არაფერი თქვა ისეთი, რაც მაცხოვრის ძლევამოსილების ღირსი იქნებოდა, და მხოლოდ ბავშვის ხორციელი სხეულის განკურნებას ეხვეწებოდა: „ რაიცა ძალ-გიც, შემეწიე ჩუენ“. და დააკვირდი, როგორ გამოასწორა ქრისტემ მისი ცდომილება. რა უთხრა? ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა“. ანუ: მე იმდენი ძლევამოსილება მაქვს, რომ შემიძლია სხვებიც სასწაულმოქმედებად ვაქციო; და ამიტომ, როცა შენ ისე იწამებ, როგორც საჭიროა, თვითონ შეძლებ განკურნო როგორც შენი ვაჟი, ისე მრავალი სხვაცო. იესომ ეს თქვა, და შემდეგ განკურნა ავი სულით შეპყრობილი ეს ბავშვი. ამ ეპიზოდიდან უნდა დაინახო არამარტო ქრისტეს საქველმოქმედო მოღვაწეობა, არამედ ღმერთის ნებაც – განგებულება, რომელმაც მოზარდის სხეულში დემონის ჩასახლება დაუშვა, და ამავე დროს ბოროტ სულს ბავშვის მოკვლა არ დაანება, რომ არა განგებულება ღმრთისა, ამდენი ხნის ავადმყოფი ადრევე უნდა გარდაცვლილიყო. სახარება გადმოგვცემს, რომ ბოროტი სული ბავშვს აგდებდა ცეცხლშიც და წყალშიც, და თუკი იგი ამდენი ძალისა და შეძლებისა იყო, ბავშვს აუცილებლად მოკლავდა, „მაშინ მოწაფეებმა ჰკითხეს  იესო: რატომ ჩვენ ვერ შევძელით მისი განდევნა“?(მათე. 17, 19)ჩემი აზრით, ისინი შეშინდნენ: ხომ არ დავკარგეთ მადლი, რომელიც გადმოგვეცაო; იესოსაგან მათ გადაეცათ ძალაუფლება არაწმინდა სულებზე, და ახლა, როცა ასეთ სულთან მორიგ შეტაკებაში დამარცხდნენ, ამის გამო ქრისტეს საიდუმლოდ ჰკითხეს. მათი ეს სიფრთხილე არ იყო გამოწვეული სირცხვილით, რადგან უკვე შერცხვნენ სახალხოდ, როცა ბავშვს ვერ უშველეს, და ამისი სიტყვიერად აღიარებისა უკვე აღარ ეშინოდათ; განმარტოებულად შეხვედრა ქრისტესთან მათ დასჭირდათ იმისთვის, რომ მისთვის უმნიშვნელოვანესი და საიდუმლოსაგნის შესახებ ეკითხათ. რა უპასუხა ქრისტემ? –  ესე ნათესავი არარაჲთ განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა“ (მთ. 17,21). გამონათქვამში ესე ნათესავი იესომ იგულისხმა არა მარტო შეპყრობილთა სხეულებში ჩასახლებული ბოროტი სულები, არამედ  – საერთოდ დემონებიც. აქედან ჩანს, რომ ქრისტიანისათვის, თვით მოციქულისთვისაც მარხვა აუცილებელია. ძალზე იშვიათია შემთხვევები, როცა ეშმაკთა და ბოროტ სულთა განდევნას და ავადმყოფთა შველას ახერხებდა ადამიანი, რომელიც არ მარხულობდა. შეიძლება, მოინახოს თითო-ოროლა პიროვნება, რომელიც სულიერად ისე წმინდაა, რომ მას უმარხველადაც შეუძლია უწმინდურ სულებთან გამკლავება, მაგრამ ყოვლადშეუძლებელია, რომ ადამიანმა, ვინც სიამეში ცხოვრობს, და უხვი და რჩეული საკვებით იკვებება თავისგან ან სხვისგან ასეთი უბედურების გამოდევნა შეძლოს. პირიქით: იმას, ვინც საკუთარი თავისგან ან სხვისაგან ავ სულთა გამოდევნას ცდილობს, მარხვა განსაკუთრებით სჭირდება, რადგან რწმენასთან ერთად იგი სულსა და სხეულს უდიდეს სიმტკიცესა და ძლიერებას ანიჭებს. იგი ადამიანში სიყვარულსა და სიბრძნეს ნერგავს, ადამიანს ანგელოზს ამგვანებს და უსხეულო ძალებთან ბრძოლის ძალასა და უნარს აძლევს. მაგრამ იმისათვის, რომ ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი მოგვცეს, მარხვასთან ერთად აუცილებელია ლოცვაც. ლოცვის გარშე მარხვა სარგებელს კი არა ზიანს მოგიტანს. ამიტომ მარხვის დროს ლოცვა აუცილებელია და კიდევ მეტი: ლოცვა მარხვას წინ უნდა უძღოდეს.

   ავ სულებთან და უსხეულო ბოროტ ძალებთან გამკლავების უნარის გარდა, ლოცვა და მარხვა ადამიანს მრავალ სიკეთეებსაც აძლევენ. მაგალითად: ის, ვინც ლოცულობს შეძლებისდაგვარად სათანადოდ, წმიდა მამათა სწავლების და გამოცდილების თანახმად და თან მარხულობს, ხორცის გაუმაძღრობისაგან თავისუფლდება და ცოტაღა სჭირდება საარსებოდ; ვისაც ცოტა სჭირდება, ის ანგარებიანი, ხარბი და მომხვეჭელი აღარაა, მასში ადამიანებისადმი სიყვარული და დახმარების სურვილი იზრდება, და მას უყვარს მოწყალების გაცემა და გაჭირვებაში მათთვის დახმარება; მეორე: ვინც მარხულობს, ის მსუბუქი და ფრთაშესხმული ხდება, მხნედ ლოცულობს, ბოროტ ვნებებს იხშობს, ღვთის წყალობის ღირსი ხდება და თავის ქედმაღლობას მოათვინიერებს და დააცხრობს ხოლმე. ამიტომაც იყო, რომ მოციქულები გამუდმებით მარხულობდნენ. ვინც ლოცვასთან ერთად მარხულობს, იმას ორი ფრთა აქვს, თვით ქარზედაც უმსუბუქესი. ასეთი ადამიანი არ თვლემს, ბევრს არ ლაპარაკობს, ლოცვის დროს არაა მოდუნებული და ღონემიხდილი, როგორც ეს ბევრს მოსდის ხოლმე. იგი ცეცხლზე სწრაფი და მიწაზე მაღალია, და იქცევა დემონთა ყველაზე საშიშ მტრად და მათი ყველაზე ძლიერ მოწინააღდეგედ, რადგან თუკი ადამიანი გულწრფელად ლოცულობს, მისი ძლევა არავის და არაფერს არ შეუძლია.