26/04/2016 კატეგორია: მარხვა, ქადაგებები,

„ვნების შვიდეული“

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

vnebis-shvideuli
გადმოწერა:

  ვნების შვიდეული

 

 ეკლესია ღმერთთან შეხვედრის და ღმერთთან ერთობის შესაძლებლობაა. ღმერთკაცობრივი ორგანიზმია. ამიტომ, ყველაფერი, რაც აღესრულება ეკლესიაში, ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას შევხვდეთ ღმერთს და გვქონდეს ცოცხალ ღმერთთან პიროვნული ურთიერთობა.

   ვნების შვიდეული, რომელიც ქრისტეს უკანასკნელ დღეებს ეხება დედამიწაზე, ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ გვაძლევს საშუალებას შევხვდეთ, განვიცადოთ, თანავუგრძნოთ ადამიანად მოსულ ღმერთს თავის ტკივილებში.

    
 ორშაბათი – დიდ ორშაბათად იწოდება ეს დღე. ამ დღეს, მრავალ სწავლებასთან ერთად უფალი ასეთ რამეს მოიმოქმედებს – მიდის ლეღვის ხესთან და ნაყოფი არ არის, ჟამი არ დამდგარა, მხოლოდ ფოთლები აქვს გამოღებული. უფალი შერისხავს ხეს და ხე გახმება (მათე 21. 18-22). ამით უფალი გვასწავლის, რომ ჩვენ, ადამიანებს ყოველთვის უნდა გვქონდეს ღმერთთან შეხვედრის მზაობა. არასოდეს არ უნდა გვეგონოს, რომ ღმერთთან შეხვედრის ჟამი არ დამდგარა. ამავე დროს, ჟამის დადგომა ნიშნავს იმას, რომ ყოველ წამს ველოდებოდეთ მას და ნაყოფი უნდა გვქონდეს გამოღებული  (რა თქმა უნდა ხვდებით, რომ სულიერი ცხოვრების ნაყოფი იგულისხმება). ჩვენი ცხოვრების საზრისის გააზრება, ღმერთთან ყოფნის სურვილი, უნარი და შესაძლებლობა – ეს არის ყველაზე უმთავრესი, რითაც ადამიანი ხდება ადამიანი და იგი უბრალო ბიოლოგიურ არსებობაზე მაღლა დგება.113575.b

   სამშაბათს ასევე ძალიან ბევრ რამეს გვასწავლის უფალი. სხვადასხვა იგავური სახეები აქვს მაცხოვარს მოცემული იმის სასწავლებლად, თუ როგორ ვიცხოვროთ. ერთ-ერთი არის იგავი ტალანტების შესახებ (მათე, 25. 14-30): ბატონი ურიგებს თავის მსახურებს ტალანტებს. შემდეგ ბატონი მიდის. რომ ბრუნდება, მათგან მონაგებს ითხოვს. ვისაც ორი მიეცა – ოთხი დაახვედრა, ვისაც ხუთი მიეცა – დამატებით კიდევ ხუთი დაახვედრა და ვისაც ერთი მიეცა, იმან არაფერი დაახვედრა. საოცარი სწავლებაა.1348891757_pritcha-o-zaryvshem-sokrovischa

 თითოეულ ადამიანს ღმერთი ნიჭს გვაძლევს, მაგრამ ეს ნიჭი აუცილებლად უნდა გავამრავლოთ. ძალისხმევა კი უნდა იყოს იმის შესაბამისი რა ნიჭიც მოგვეცა. ეს მხილებაა ყველა იმ ვითომ ქრისტიანისა, რომელნიც ფიქრობენ, რომ ყველაფერი ღვთის ნებაა და მე არაფერი უნდა გავაკეთოო. შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის გარეშე შენს საკუთარ ღირსებას ვერ აღიდგენ, რასაც ღვთის ხატობა და მსგავსება ჰქვია.

   ოთხშაბათი ეს საოცარი დღეა. ამ დღეს უფალი სვიმონ კეთროვანის სახლში მიდის, სადაც ცოდვილი დედაკაცი ძვირფას ჭურჭელში მოთავსებულ სამასი დრაჰკანის ღირებულების ნელსაცხებელს (ფაქტობრივად მთელ თავის მონაგებს სწირავს) მაცხოვარს დაასხამს (მათე 26. 6-13). მერე უფალი ხსნის, თუ რატომ გააკეთა დედაკაცმა ეს – იწინასწარმეტყველა, რომ უფალი უნდა გარდაიცვალოს. მოციქულები დაწყნარდებიან იმიტომ, რომ მათ მაცხოვარი უყვართ. იუდა კი ვერ წყნარდება.01405-A-600x535


   ოთხშაბათი დღე ასევე იუდას მიერ უფლის ღალატის გადაწყვეტილებაცა. დედაკაცი ქრისტეს შეხვდა. რა საოცარია. ეს ცოდვილი დედაკაცი  ქრისტეს შეხვდა და მისგან შენდობა მიიღო. ამ დროს იუდა, რომელიც მისი მოწაფეა, მოციქულია, მასთან ერთად სვამს და ჭამს, მისი ძალით სასწაულებს ახდენს, მაგრამ ვერ ხვდება  ქრისტეს. იგი, როგორც მაცხოვარს არ შეხვედრია. თუმცა კი ფიზიკურად მასთან იყო. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.jotto

   შეიძლება ფიზიკურად იყო ეკლესიაში, იყო აღმსარებელი და მაზიარებელი, მაგრამ თუ სამყაროს არ უყურებ ქრისტეს თვალებით, შენ რომ შეხვდები ქრისტეს,  ვერ იცნობ და ყოველთვის, როცა დაგიდგება განსაკუთრებული მდგომარეობა, ექსტრემალური შემთხვევა, შენში ყოველთვის იქნება მზაობა,  იუდასავით გასცე მაცხოვარი.

   ხუთშაბათი – მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა (მათე 11, 29). მაცხოვარი ამ სიტყვებს თავის თავზე ამბობს. სიმდაბლე, როგორც ღმერთის თვისება, ჩვენი გადარჩენისა და ღმერთთან მყოფობისთვის აუცილებელია. იმისათვის, რომ ადამიანმა მარადისობაში ღმერთთან დაიმკვიდროს და იმისათვის, რომ ღმერთთან გვქონდეს პიროვნული ურთიერთობა, მას უნდა ჰგავდე. მას უნდა დაემსგავსო და გასაღები ამ მსგავსებისა არის სიმდაბლე. უფლის სიმდაბლის ერთ-ერთი გამოვლინება არის ის, რომ იგი თავის მოწაფეებს ფეხებს ბანს (იოანე 13. 4-15). ამით გვაძლევს მაგალითს და გვასწავლის, თუ როგორ ვიცხოვროთ, როგორ გვიყვარდეს მოყვასი და რას ნიშნავს იყო იერარქიულად მაღალ საფეხურზე მდგომი.  ეს ნიშნავს იყო სხვისი მსახური, გიყვარდეს თითოეული ადამიანი, როგორც ქრისტეს შვილი.56660.b

   ხუთშაბათი არის დღე საიდუმლო სერობისა. ზიარების დაბადების დღე. როდესაც პურისა და ღვინის სახით ჩვენ, ქრისტიანები მკვდრეთით აღმდგარი, ადამიანად მოსული ღმერთის ხორცსა და სისხლს ვეზიარებით. ეს იცით რას ნიშნავს?  ეს ნიშნავს იმას, რომ ჩემთვის ცხონება არის ღმერთთან ურთიერთობა, ოღონდ ეს ურთიერთობა არ არის გადადებული მომავლისათვის (გარდაცვალების შემდეგ). თუ შენ ახლა არა ხარ ღმერთთან, ნუ გაქვს იმედი, რომ მასთან გარდაცვალების შემდეგ იქნები. ღმერთთან მყოფობა არის ჩემი პიროვნული არჩევანი. ღმერთთან მყოფობა ჩემი მდგომარეობაა, რომელიც აუცილებლად გამოვლინდება გარდაცვალების შემდეგ, მაგრამ ის აუცილებლად ვლინდება აქვე, ამ სოფელში და მორწმუნენი ამიტომაც ხშირად (ოღონდ, სწორედ ასეთი განწყობით) უნდა  ვეზიარებოდეთ.  ხუთშაბათს სწორედ ამის დაბადების დღეა.  მართლაც  „არც ერთი წამი ქრისტეს გარეშე“.56662.b

 პარასკევი – ადამიანად მოსული ღმერთი ჩვენთვის კვდება. ამის ბოლომდე ლოგიკური გააზრება აბსოლუტურად შეუძლებელია. სამყაროს შემოქმედი ძე ღმერთი, მამისა და სულიწმიდის თანაარსი, იღებს ადამიანურ ბუნებასაც (ღვთაებრივი ბუნება მას თავისთავად ცხადია აქვს), ადამიანურ ხორცს, ადამიანურ სულს და თავისი ადამიანური ღვაწლით განწმენდს ადამიანურ ბუნებასაც. განწმენდა ხდება ბოროტებასთან ბრძოლით და უზნეობასთან გამარჯვებით. ანუ ზნეობრივი გამარჯვებით. თან ისე, რომ ღმერთი თავისი ძალმოსილებით თავისსავე ადამიანურ ბუნებას არ ეხმარება. ჩვენ რომ ბოლომდე გავიაზროთ ეს რას ნიშნავს, ყველა ადამიანს გული აუჩვილდება იმიტომ, რომ ეს ენით აუწერელი, ჩვენი გონებისათვის მიუწვდომელი რამ ჩავიდინეთ ადამიანებმა.

a96170cd3163

   საოცარია ჯვარცმული ავაზაკის მდგომარეობა. ჯვარცმული ავაზაკი სიმართლისა და სიყვარულის ძალმოსილებაში, რაც ჯვარცმულ მაცხოვარში ვლინდება, ღვთაებრივ ძალმოსილებას განჭვრეტს და სიმდაბლით ევედრება: მომიხსენე, შენს სასუფეველში. განსაცვიფრებელია ჯვარცმული ავაზაკის რწმენა. ეს ჩვენთვის, ყველასთვის მაგალითია, რომ სიმართლეში და სიყვარულში დავინახოთ ძალმოსილება.ο πρώτος εν τω παραδείσω

   დიდი შაბათი – გარდაცვლილი მაცხოვარი, როგორც ადამიანი სხეულით დაიდება საფლავში, სულით ჩადის ჯოჯოხეთში. სასუფევლის კარი ადამიანისათვის გახსნილი არ არის და მაცხოვარი ადამიანურ გზას გადის ისე, როგორც ადამიანი. თავისი ადამიანობით ყველაფერს აღავსებს (როგორც ბასილი დიდის წირვის საიდუმლო ლოცვებში ვკითხულობთ) – ყველაფერს აღავსებს, მათ შორის ჯოჯოხეთსაც.

   ჯოჯოხეთზე ხშირად ამბობენ,  რომ იქ ადამიანს ღმერთი აგზავნის, თითქოს სჯის. ეს არის ცილისწამება ღმერთზე. იმ ღმერთზე, რომელიც სიყვარულად იწოდება. მას არ შეუქმნია ჯოჯოხეთი. ჯოჯოხეთს თავად ადამიანი ქმნის, როდესაც იგი უარს ამბობს ღმერთთან, სიცოცხლის წყაროსა და სიყვარულთან პიროვნულ ერთობაზე და არის რა შემოქმედი, იგი თავის წარმოსახვაში ქმნის საკუთარ სამყაროს, სადაც ცხოვრობს მუდმივად საკუთარი სიმართლით, სადაც ღმერთისათვის ადგილი არ მოიძებნა (იმიტომ, რომ თავად ადამიანს არ უნდა) არის სწორედ  ჯოჯოხეთი.56694.b

   ღმერთი კი არასოდეს არ ძალადობს ჩვენზე. ეს საღვთო თვისებაა.  ყოველი ადამიანის გულთან  ვდგავარ  და ვრეკ, ეგების ვიღაცამ მისმინოს-ო მაცხოვარი ამბობს გამოცხადების წიგნში და ეს ჩვენ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ. ჩვენ თვითონ ვიქმნით ჩვენს მომავალს და ღმერთი, თუ ჩვენს ნებას მივცემთ, ჩამოვა ჩვენთან, ჩვენს ჯოჯოხეთში, ჩვენი სულის უფსკრულებში და იქიდან აღმოგვიყვანს, გადაგვარჩენს და მთელ ჩვენს არსებას განწმენდს.

   თუ ამ მაგალითებით ვიცხოვრებთ, თუ ჩვენი ცხოვრების საზრისი და მიზანი იქნება ცოცხალი ღმერთი, ადამიანად მოსული ღმერთი, ჩვენი უფალი იესუ ქრისტე, მაშინ იქნება შესაძლებლობა, რომ მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარის ამბავი, ამბავი კი არ იყოს მხოლოდ (რომელიც ორი ათასი წლის წინ მოხდა), არამედ ის ჩვენთვის მუდმივ არსებულ რეალობად გადაიქცეს. ოღონდ არა ჩემ გარეთ, არამედ ჩემ შიგნით არსებულ რეალობად. როგორც უფალი ამბობს: „თქვენ შიგნით (გულში) მეძებეთ“_ო,  ანუ სასუფეველი გულში ეძებეთო.4PiqgLA

    რა არის აღდგომა? – აღდგომა ეს არის სიმართლის გამარჯვება უსამართლობაზე. ეს არის სიხარულის გამარჯვება მწუხარებაზე. სიცოცხლის გამარჯვება სიკვდილზე. სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე. ეს ყველაფერი ხელშესახები გახდა მოციქულთათვის და ეს ყველაფერი ხელშესახები გახდება ჩემთვისაც. ადამიანი დაიბადა ბედნიერებისათვის. თუ ჩვენ ვიცხოვრებთ სწორად, გააზრებული გვექნება ცხოვრების საზრისი,  რომ არ ვიყოთ არც ერთი წამი ქრისტეს გარეშე, რომ სამყაროს ვუყურებდეთ მაცხოვრის თვალებით, მაშინ  ჩვენს გულში იქნება მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი, გვექნება ყოველთვის მასთან ურთიერთობა, ვიქნებით მარად გახარებულნი. ეს იქნება ჩვენი შინაგანი მდგომარეობა და ვიქნებით ბედნიერნი – ამისათვის დავიბადენით. ქრისტე აღდგა!

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

 
ნახვა