როცა ადამიანს სურს საკუთარი თავის შეცვლა, ის ერთ შეცდომას უშვებს, რომელსაც წარსულში ღვთისმეტყველთა წრეებში და საკვირაო სკოლებშიც კი უშვებდნენ, ქადაგებდნენ რა მორალიზმს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც ვიღაც მიდის ტაძარში, ასეთი ქრისტიანები ეუბნებიან მას: „ცუდი საქციელი არ ჩაიდინო, ცუდ ადგილებში არ იარო, ცუდი სიტყვები არ თქვა“, – და სწორედ ამით არიან დაკავებულები. მაგრამ მთელი ეს მორალიზმი დაავადებულია, ეს რაღაც ანტიზნეობრივი, არამართლმადიდებლური, პურიტანელობაა, პიეტიზმია, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ გარეგან შედეგებზე. ეკლესიის მამები კი ამით არ იყვნენ დაკავებულნი, ისინი უყურებდნენ არსს.
როცა რომელიმე ადამიანი უამრავი პრობლემით მიდიოდა მათთან, ისინი არ იწყებდნენ საუბარს მხოლოდ გარეგან მოვლენებზე, – ცხადია არც გარეგანი ავიწყდებოდათ, – მაგრამ უმთავრესად ესაუბრებოდნენ მას ღმერთთან კავშირზე. ამიტომაც სახარებაში ქრისტე ამბობს, რომ პირველი და უმთავრესი მცნება ღვთისა არის არა „არა იპარო“, ან „არა იმრუშო“, – ეს მეორეხარისხოვანია – არამედ – ღმერთთან კავშირი, რომელიც გამოიხატება სიტყვებში „შეიყვარე უფალი“. თუ შენ გიყვარს ღმერთი, გაქვს ჯანსაღი და ცოცხალი სიყვარული მის მიმართ, მაშინ ყველაფერი დანარჩენი შედეგის სახით, თავისთავად მოდის. წინააღმდეგ შემთხვევაში კი შეიძლება აკეთო ყველაფერი დანარჩენი, გარდა იმისა, რომ გქოდნეს და გააღრმავო ღმერთთან ურთიერთობა.
მხოლოდ გარეგნული კეთილმოწესეობით, გახდები კარგი ადამიანი, შესანიშნავი ადამიანიც კი, მაგრამ არა ის, ვისაც აქვს ღმერთთან პიროვნული ურთიერთობა . ამიტომ თანამედროვე ქრისტიანებს, ჩემი ასაკისასაც კი, უკვირთ და ვერ იგებენ არსებით მოვლენებს ეკლესიაში. ისინი ამბობენ: „ განა საკმარისი არ არის ის, რომ მე ყველაფერი ეს აღვასრულე? კიდევ რა მომეთხოვება?“ მათ არ შეუძლიათ, მაგალითად, გაიგონ მონაზვნობის დანიშნულება და ამბობენ: „რატომ უნდა გავხდე მონაზონი? განა არ შეიძლება ვცხონდე, თუ ერში ვიქნები წარმატებული?“. რათქმაუნდა შეიძლება, მაგრამ ადამიანი მონაზონი არ ხდება იმიტომ, რომ ეს გადარჩენის ერთადერთი გზაა. ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან – ეს სიყვარულის საკითხია. ეს არ უნდა იყოს მოვალეობის საკითხი – იარო ტაძარში, მცნებები აღასრულო და იყო კარგი ადამიანი. აი მაგალითად, როგორც შეყვარებული, ყოველგვარი რაციონალური მსჯელობის გარეშე აიღებს გიტარას და მიდის შეყვარებულის სახლთან და მთელი ღამე მღერის, რომ თავისი სიყვარული გამოხატოს. ადრე ასე აკეთებდნენ, ახლა არ ვიცი, როგორ აკეთებენ, შეიძლება, e-mail-ს უგზავნიან…
ურთიერთობა ღმერთთან – ეს სიყვარულით ურთიერთობაა, უსაზღვრო სიყვარულით. ამას ვერ მოაქცევ სქემებსა და პროგრამებში, ეს არის ნაპერწკალი, რომელიც ღვივდება ადამიანში და ანთებს მას. ის არ არის დამოკიდებული გარეგნულ წესებზე. ისინი, კი, ვინც გარეგნულ წესებს ანიჭებენ არსებით უპირატესობას, ასევე იქცევიან ოჯახურ ურთიერთობებშიც და ანგრევენ თავიანთ ოჯახებს თავიანთი დამოკიდებულებით, იმიტომ, რომ ამბობენ: „ განა მე კარგი ქმარი არ ვარ? არ გაძლევ ფულს? არ გგზავნი სამოგზაუროდ ყოველ ზაფხულს? არ მოვდივარ სამსახურიდან პირდაპირ სახლში? მე არ ვამყარებ კავშირს სხვა ქალებთან, შეურაცხყოფას არ გაყენებ და არ გცემ“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათი აზრით არსებობს რაღაც წესების სია, რომელსაც თუ შევასრულებ კარგი ვხდები. და როცა ისინი ხედავენ, რომ რაღაც მომენტში მათი ოჯახური ურთიერთობები ინგრევა, რომ ერთი მათგანი მეორისგან უყურადღებოდ რჩება, ან მისი მეორე ნახევარი კავშირს ამყარებს ვიღაც სხვასთანაც, ისინი მწყობრიდან გამოდიან და სვავენ კითხვას: „რატომ?“. მათ არ ესმით, რომ მთელი ეს გარეგნული წესები, რასაც აღასრულებდნენ არ წარმოადგენენ რაღაც უნივერსალურ რეცეპტს. არ ხდება ასე, რომ რაღაც შეზღუდვების სიის და მხოლოდ გარეგნული წესების შესრულებით, ხდები „კარგი“. შენ შეიძლება დაიცვა ყველა ზნეობრივი თუ მორალური ნორმა, მაგრამ ეს არ კმარა. ფარისეველი, რომელიც ზედმიწევნით იცავდა ყველა წესსა და კანონს, და უარყოფილ იქნა ღვთის მიერ. მეზვერე კი, რომელიც არ ასრულებდა არაფერს რაც ეწერა კანონში, შეწყანერებული იქნა ღვთის მიერ.
აქედან გამომდინარე, არსებითია, ადამიანი როგორ წარსდგება ღვთის წინაშე, არსებობს თუ არა ის ცოცხალი ურთიერთობა ღმერთსა და მას შორის, რომელიც აღემატება (თუმცა არ უარყოფს) გარეგან წესებს.
თარგმნა: ლამარა რურუამ