You are currently viewing „სარწმუნოება და სულიერი ფსიქოთერაპია“

„სარწმუნოება და სულიერი ფსიქოთერაპია“

Download article eBook

  „სარწმუნოება და სულიერი ფსიქოთერაპია“ 

მეცნიერება და რელიგია სინამდვილეში კი არ უპირისპირდება, არამედ ავსებს და ამდიდრებს ერთმანეთს. რწმენა არ გამორიცხავს მეცნიერებას: პირიქით, მის მიღწევებსა და მტკიცებულებებს იყენებს და ახალი აღმოჩენებისათვის თვითონაც იღწვის.  უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 1988 წლის საშობაო ეპისტოლეში აღნიშნავს: „თავისთავად მეცნიერება ღვთისგან ნაკურთხია. იგი ადამიანის ინტელექტის, ადამიანის, როგორც ღვთის ხატების, მიღწევაა. ამიტომაც მეცნიერების მონაპოვარი დალოცვილია და უნდა გამოიყენებოდეს პიროვნების სულიერი და ფიზიკური კეთილდღეობისათვის მხოლოდ და არა მის დასათრგუნად.“  ტრადიციულად ფსიქოთერაპია, როგორც მედიცინის და პრაქტიკული ფსიქოლოგიის დარგი, მეცნიერებას განეკუთვნება, თუმცა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებისგან გასხვავებით, ის უფრო ახლო ჰუმანიტარულ მეცნიერებებთან და რელიგიასთან დგას, რადგანაც მისი კვლევისა და ზემოქმედების საგანს ადამიანი, მისი ფსიქიკური და სულიერი კეთილდღეობა წარმოადგენს. ადამიანის გაუცხოება, მისი გადალახვის გზები და ცხოვრების საზრისის ძიება, ანუ პიროვნების სრულყოფილება მის მთავარ ამოცანას წარმოადგენს. სიღრმის ფსიქოლოგია, თანამედროვე ფსიქოანალიზი და სულიერი ფსიქოთერაპია პიროვნების ფსიქო-ფიზიკური და სულიერი კეთილდღეობის მიღწევაზე, ცხოვრების ჭეშმარიტი ფორმების მიგნებასა და ადამიანის თვითრეალიზაციაზეა მიმართული. იგი ცდილობს პასუხი გასცეს იმ მარადიულ კითხვებს, რომლებიც საკუთარი თავის ძიების პროცესში მყოფ ადამიანში აუცილებლად წამოიჭრება: ვინ ვარ, რატომ ვარ დედამიწაზე, რა დანიშნულება აქვს ჩემს ცხოვრებას? რა არის ჩემი მოწოდება?  1985 წლის საშობაო ეპისტოლეში უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II წერს: „ღვთისმეტყველთა განმარტებითა და ქრისტიანთა შეხედულებით, ადამიანი ღვთის იდეა და ქმნილებაა ამქვეყნად, ყველაზე სრულყოფილი, მაგრამ მაინც განვითარებადი. სრულქმნის პროცესი პიროვნების თავისუფალი ნებით იწყება დედამიწაზე და შემდეგ მარადიულ სამყოფელში გრძელდება. კაცს აქვს თავისი დანიშნულება საწუთროში და ღვთის ნების განსახორციელებლად გააჩნია კიდეც შესაბამისი სასიცოცხლო სწრაფვა და მოთხოვნილება, ოღონდ ამისთვის საჭიროა მთელი ჩვენი შესაძლებლობების გამოყენება, ნიჭისა და მადლის გამომზეურება“. ზემოაღნიშნული, ფსიქოლოგიის ენაზე, თვითრეალიზაციას გულისხმობს, რაც მეტამოთხოვნილებების (ჭეშმარიტების, მშვენიერების, შემოქმედების და რელიგიური მოთხოვნილებების და სხვ.) დაკმაყოფილებაში გამოიხატება.  პიროვნების სრულყოფილების განხილვისას ეკლესიური სწავლება ვნებებისგან გათავისუფლებაზე საუბრობს. ვნებები ადამიანს იპყრობს და თავისუფალ ნებას აკარგვინებს. ეს თვალსაჩინოა ფსიქიკური დაავადებების დროს. ვნებების რელიგიურ ცნებას ფსიქოანალიზში კომპლექსების ცნება შეესაბამება. სიღრმის ფსიქოლოგია ფსიქიკური დაავადებების წარმოშობაში, განვითარებასა და მკურნალობაში გადამწყვეტ როლს კომპლექსებსა და მათი უარყოფითი ზეგავლენის დაძლევა-აღმოფხვრას ანიჭებს.  ეს მოხსენება რელიგიური და მეცნიერული, კერძოდ, ფსიქიატრიული, ფსიქოთერაპიული მიდგომების დაახლოვებას ისახავს მიზნად. იგი ვნებების, მათგან გათავისუფლების შესახებ რელიგიურ მოძღვრებისა და კომპლექსების და მათი გადალახვის გზების შესახებ ფსიქოლოგიური თეორიის შედარებითი ანალიზსა და თანამედროვე ჭრილში გაშუქების მცდელობას წარმოადგენს; მოხსენებაში. აგრეთვე, ასახულია სულიერი განზომილების და სულიერებაზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ძირითადი პრინციპები.  მოხსენებაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მართლმადიდებლურ ფსიქოთერაპიას. მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია, მსგავსად სხვა ფსიქოთერაპიული მიდგომებისა, ინტერდისციპლინურ ხასიათს ატარებს. მოხსენებაში განხილულია მართლმადიდებლური ფსიქოთერაპიის დეფინიცია, მისი ფორმები და პიროვნების მისეული მოდელი, ძირითადი პრინციპები და ის თავისებურებები, რომელიც მას განსხვავებს სულიერებაზე ორიენტირებული სხვა ფსიქოთერაპიული მიმართულებებისგან.  ფსიქოანალიტიკოსების უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ კომპლექსის ტერმინის დამკვიდრებას ციურიხის ფსიქოანალიტიკურ სკოლას (ე. ბლეილერი, კ.გ. იუნგი) უნდა ვუმადლოდეთ. გთავაზობთ კომპლექსების რამოდენიმე განმარტებას: 1. კ.გ.იუნგის თანახმად, კომპლექსი არის აფექტურად დამუხტული წარმოდგენების ერთობლიობა (Gefuhlsbetonter Vorstellungs Komplex). ეს არის ძლიერი აფექტური ძალის მქონე იდეებისა და მოგონებების ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც ნაწილობრივ ან მთლიანად არაცნობიერია. ისინი ყალიბდება ბავშვობაში ინტერპერსონალური ურთიერთობების საფუძველზე და ზემოქმედებენ ადამიანის ფსიქიკის ყველა დონეზე: ემოციებზე, აზრებზე, განწყობასა და ქცევაზე (J. Laplanche, J.B.Pontalis, 1988). კომპლექსების აღმოსაჩენად იუნგმა შექმნა ასოციაციური ექსპერიმენტი. ასოციაციური ტესტით იუნგმა კომპლექსების არსებობა ემპირიულად დაასაბუთა და სიღრმის ფსიქოლოგიას და ფსიქოსომატიკას ექსპერიმენტული საფუძველი ჩაუყარა.  კომპლექსის გამოვლინებებია:
1. წაცდენები/შეცდომები;
2. საკუთარ თავზე არასწორი წარმოდგენა და საგნებისა და მოვლენების გაუკუღმართებული, მცდარი ხედვა;
3. პიროვნებაზე ზემოქმედების უნარი – ის გვფლობს ჩვენ და არა ჩვენ – მას;
4. ემოციური ძალა – კომპლექსს ახასიათებს ძლიერი ემოციური მუხტი.  კომპლექსი შეიძლება იყოს ცნობიერი, არაცნობიერში განდევნილი (ერთ დროს იყო ცნობიერში და მერე განიდევნა იქიდან) და არაცნობიერი.  ჩ. ბოდუინი (Baudouin C.1933) განასხვავებს კომპლექსების 3 ჯგუფს:
1. ობიექტ-კომპლექსებს, რომლებიც გარეგანი ობიექტების ფლობის სურვილით ხასიათდება;
2. ეგო-კომპლექსებს, რომლებიც ადამიანის მე-სთან, მის მნიშვნელობასა და დანიშნულებასთანაა დაკავშირებული;
3. ქცევის კომპლექსებს, რომლებშიც ცხოვრებისეულ პრობლემებზე ინდივიდის რეაგირების ტიპი, მათთან გამკლავების ჩამოყალიბებული ფორმები იგულისხმება.  სიღრმის ფსიქოლოგიის განვითარების პროცესში გამოიკვეთა კომპლექსის ტიპები. ჩამოვთვლით ზოგიერთ მათგანს:

1.
კაენის კომპლექსი – გულისხმობს ბავშვის დამოკიდებულებას ახალშობილი და-ძმის მიმართ. ამ დროს ბავშვი შიშობს, რომ მათი გაჩენით ის ჩამოგდებული იქნება იმ პრივილიგირებულ ტახტიდან, რომელზედაც მისი მშობლების განსაკუთრებულმა სიყვარულმა აიყვანა. ის ჩანაცვლებული იქნება და-ძმით, ამით კი დაკარგავს ყურადღებას და სითბოს დედის მხრიდან. ამ შიშზე ბავშვი რეაგირებს ინტენსიური სიძულვილით მისი და-ძმის მიმართ და მათი გაქრობის სურვილი ებადება. ეს კომპლექსი წარმოშობს და-ძმებს შორის პაექრობას, შურის გრძნობასა და და-ძმაზე გამარჯვების, მათი გასწრებისა და უკან მოტოვების სურვილს;
2. ოიდიპოს კომპლექსი – სიყვარულის გრძნობა დედის მიმართ და სიძულვილი მამის მიმართ, მისი გაქრობის სურვილი. ხშირად ის სრულად წარმართავს ბავშვის ქცევას 5 წლამდე. პაექრობის, მეტოქეობისა და სიძულვილის ეს გრძნობები მოგვიანებით, მოზრდილ ცხოვრებაში გადაინაცვლებს ყველა იმ ადამიანზე, ვინც მამის პოზიციას დაიკავებს, მაგ., მასწავლებელი, უფროსი ან ხელმძღვანელი; ეს კომპლექსი ქმნის მეამბოხე რევოლუციონერს, რომელიც ყოველთვის უპირისპირდება ავტორიტეტსა და ძალაუფლებას; ქალებში – ელექტრას კომპლექსი – მამისადმი სიყვარული და დედისადმი სიძულვილი;
3. დესტრუქციული კომპლექსი გულისხმობს სისასტიკის ინსტინქტს და ვლინდება ნგრევის იმპულსებში. ბავშვის ორალური კანიბალისტური ტენდენცია მიმართულია საკვების დაქუცმაცებისკენ. როდესაც ორალური ფაზა ჩაივლის, დესტრუქციული კანიბალიზმი გრძელდება, ოღონდ მიმართულია არა საკვებზე, არამედ გადაინაცვლებს სხვაზე. ამ ეტაპზე სადიზმი მაზოხიზმთან კომბინაციაში წარმოჩინდება. ბავშვი, რომელიც ტკბებოდა დესტრუქციითა და სხვებისადმი ზიანის მიყენებით, ამჟამად ტკბება აუტოაგრესიით. სუბლიმირებული ფორმით ის წარმოშობს ქირურგებს, გამოჩენილ გენერლებს, ხოლო მაზოხისტური ფორმით ქმნის ”ნევროზულ ასკეტიზმს”;
4. დაზიანების, კასტრაციის კომპლექსი – როგორც კი ბავშვი ანატომიურ სქესობრივ განსხვავებას აღმოაჩენს, იმ დასკვნამდე მიდის, რომ ქალი არ არის სრულყოფილი და კასტრირებული ჰგონია. ის უშვებს შესაძლებლობას, რომ მასაც იმავეს გაუკეთებენ, რაც აშინებს. ეს შიში აყალიბებს კასტრაციის კომპლექსს. გოგონებიც განიცდიან საკუთარ „არასრულფასოვნებას“. ამ დროს ბიჭი ამაყობს თავისი სქესით და ამ უპირატესობის დაკარგვის ეშინია, ხოლო გოგონა აცნობიერებს თავის ”არასრულფასოვნებას”, კაცად გახდომის სურვილი უჩნდება და ცდილობს, აჯობოს მამაკაცებს, ან არაცნობიერად იგივდება კიდეც მათთან. ამას დიანას კომპლექსს, ან ამორძალის კომპლექსს ეძახიან. კასტრაციის კომპლექსის სუბლიმირებას ბიჭებში ლიდერად ქცევის გზით საკუთარი უპირატესობის აღიარებისა და შენარჩუნებისაკენ მივყავართ, ხოლო გოგონებში – ისეთი ტიპის ქალამდე, რომელიც სულ ეჯიბრება კაცებს, იქნება ეს სპორტი, ბიზნესი, პოლიტიკა თუ ხელოვნება;
5. დაბადების კომპლექსი – მას წარმოქმნის მშობიარობის ტრავმა. დაბადებისას ბავშვის მიერ განცდილი შფოთვა და ტკივილი ყველა მომავალი შფოთვისა და ტკივილის ბაზისურ მოდელს ქმნის. ეს კომპლექსი აგრეთვე ინფანტილური ცნობისმოყვარეობის ფორმას წარმოადგენს. ადრე თუ გვიან ბავშვი ინტერესდება ბავშვების დაბადების საკითხით და მალე რამდენიმე თეორიას ავითარებს. ამ თეორიებს დიდი ზეგავლენა აქვთ მის ქცევაზე. ის ფიქრობს, რომ ბავშვები ჩნდებიან დიგესტიური აპარატიდან – პირიდან, მუცლიდან და სხვ. დაბადების კომპლექსი ვლინდება პროტექციის, დედის წიაღში დაბრუნების და იქ განსვენების სურვილში და იღვიძებს მაშინ, როცა ადამიანი ცხოვრებისეულ სიძნელეებს უპირისპირდება;
6. დედასთან განშორების კომპლექსი – დაბადების შემდგომ ყველაზე დიდ ტრავმას დედასთან, მის ძუძუსთან განშორება წარმოადგენს. ფსიქიკურ ფენომენთა ერთობლიობა, რომელიც ჯგუფდება და ერთიანდება დედისგან განშორების განცდის გარშემო, ქმნის დედისგან განშორების კომპლექსს. ამ კომპლექსის აქტივაცია შესაძლებელია მოხდეს იმ სიტუაციებში, რომლებიც ამ განშორებას მოაგონებს ადამიანს. მაგ., საბავშვო ბაღში და სკოლაში წასვლა, ოჯახთან განშორება და დაქორწინება. ბავშვს, რომელშიც დომინირებს ეს კომპლექსი, უნარი არ შესწევს ადვილად შეეგუოს ახალ ვითარებებს და ახალ ცხოვრებისეულ სტილს. ამ დროს ვლინდება ექსცენტრულობა საკვებთან მიმართებაში – გაუმაძღრობა, სიხარბე, რომელიც შემდგომში გადაინაცვლებს მენტალურ სფეროში და იწვევს უკიდურეს ამბიციებს და სურვილს, თავი აარიდოს რეალობას;
7. გაქცევის/განრიდების კომპლექსი – ვლინდება იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვი და, შემდგომში, ზრდასრული აღმოჩნდება ახალი გარემოებების წინაშე, რომლებიც მან უნდა გადალახოს და გადავიდეს ერთი საფეხურიდან მეორეზე. ამ დროს ის ახლის მიმართ შიშს განიცდის და უჩნდება გაქცევის რეაქცია. იმპულსმა, შესაძლოა, წარმოშვას ნოსტალგია წარსულისადმი, ხოლო ამ ნოსტალგიას რეგრესისკენ მივყავართ. მისი ინტერესი შიგნით წარიმართება და ის საკუთარ თავზე ცენტრირებული ხდება, თვითშეყვარებულ მარტოობაში აღმოჩნდება და ხშირად ნარცისიზმში ეუფლება. ამ ფენომენს ხშირად ვხვდებით მოზარდებთან;
8. არასრულფასოვნების კომპლექსს შემდეგი ფაქტორები ქმნის:
ა) ორგანოთა დეფექტი – იგულისხმება ბავშვის სხეულის რომელიმე ნაწილის ან ორგანოს თანდაყოლილი თუ შეძენილი დეფექტი;
ბ) აღზრდა – აქ აღინიშნება ორი უკიდურესობა: მეტისმეტი სიმკაცრე და სიზარმაცის წამქეზებელი განებივრება. ბავშვი აღზრდის ამ ფორმებს ორგვარ შედეგამდე მივყავართ:
1. „სამაგალითო“ ბავშვი, რომლის ქცევაში წამყვანია კონფორმიზმი და უსიტყვო მორჩილება. ასეთ ბავშვი მოზრდილ ასაკში უინიციატივო ხდება და უჭირს ცხოვრებისეულ სიძნელეებთან ბრძოლა და მათი გადალახვა;
2. მეამბოხე, დაუმორჩილებელი ბავშვი, რომელშიც მკვეთრადაა გამოხატული ამბიცია, სიჯიუტე და გადაჭარბებული მგრძნობელობა მარცხისადმი. ასეთ ბავშვებს მოზრდილ ასაკშიც, მიზნის მიუღწევლობის შემთხვევაში, აღენიშნებათ გადაჭარბებული არასრულფასოვნების განცდა;
3. განებივრებას ყოვლისშემძლეობის გრძნობამდე მივყავართ. ასეთი ადამიანები მკაცრ ცხოვრებისეულ რეალობასთან შეხებისას, რომელიც ვერ აკმაყოფილებს მათ სურვილებსა და მოლოდინებს, დეპრესიისკენ არის მიდრეკილები;
გ) ოჯახური კონსტელაცია – მასში იგულისხმება ბავშვის ადგილის, როლის და სტატუსის თავისებურება (ობოლი, ერთადერთი ბავშვი, უმცროსი, ოჯახის მამაკაცების გარემოცვაში გაზრდილი ერთადერთი გოგონა და, პირიქით, და არასასურველი ბავშვი) და მისი ზეგავლენა ბავშვისა და მოზრდილის ხასიათის ჩამოყალიბებაზე;
დ) სქესობრივი განსხვავება დიდ როლს თამაშობს არასრულფასოვნების კომპლექსის გაძლიერებაში. შეგნებულად ან შეუგნებლად, პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალი ნაკლებად ფასობს. სქესობრივი განსხვავების სპეციფიკური დატვირთვა (მამაკაცური=ძლიერი, ფასეული; ქალური = სუსტი, ნაკლებადფასეული) წარმოშობს მამაკაცში ტენდენციას, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს, თავისი უპირატესი პოზიცია შეინარჩუნოს, რასაც ყოველთვის თან ახლავს მამაკაცური პოზიციის დაკარგვის შიში, ხოლო ქალებში იმპოტენტურ შურს და მასკულინურ პროტესტს აღძრავს. ამ უკანასკნელში იგულისხმება ქალის გაქცევა ქალურობისაგან და მისი მისწრაფება, გაუტოლდეს მამაკაცის, მამაკაცურ როლებს, რაც ვლინდება მამაკაცთან განუწყვეტელი შეჯიბრითა და პაექრობით. კომპლექსები განცალკებებულად კი არ მოქმედებენ, არამედ ქმნიან ერთმანეთთან დაკავშირებულ მთლიან ენერგეტიკულ ქსელს.  ფსიქოანალიზის სხვადასხვა სკოლა, აგრეთვე, განასხვავებს: დედის, მამის, გმირის, ფულის, ფარისევლის, მეზვერის, განტევების ვაცის, ესავის, იუდას, უძღები შვილისა და სხვ. კომპლექსებს.  ჩვენი კომპლექსის გამოსაცნობად საჭიროა დავაკვირდეთ საკუთარ ემოციებს და გავარკვიოთ:
1. თუ რა იწვევს ჩვენში ძლიერ ემოციებს;
2. როდის ვაკონტროლებთ ზედმეტად სხვა ადამიანებს;
3. რა პირობებში გადავდივართ უსაფუძვლო თავდაცვით პოზიციაში;
4. რომელ იდეას ვაქცევთ რიგიდულ დოგმად;
5. ვის და რის მიმართ ვართ ფანატიკურად განწყობილი;
6. როდის ვართ ზედმეტად ჯიუტი და ბრმად შეუვალი;
7. ვინ გვიყვარს, ვინ გვძულს და რა თვისებების გამო;
8. როდის ვხდებით შეუსაბამო და არაადექვატურები;
9. რის მიმართ ვავლენთ მოუთმენლობას, დაუფიქრებლობას და ვიქცევით ნაჩქარევად;
10. როდის ვართ ზედმეტად თავდაჯერებულები და არ ვუსმენთ სხვის აზრს;
11. რის მიმართ ვავლენთ ეიფორიას და როდის ვხდებით უკიდურესად რომანტიკულები;
12. რა ცხოვრებისეული გამოწვევა/პრობლემა გვანგრევს;
13. როდის ვხდებით აგრესიულები;
14. რა გვაიძულებს მოვიქცეთ ირაციონალურად, მაგ., ფულის უაზრო ფლანგვა, საკუთარ თავთან ლაპარაკი.  კომპლექსი არღვევს ჩვენს ინტერპერსონალურ ურთიერთობებს, აუკუღმართებს მოვლენებისა და საკუთარი თავის ხედვას და ხელს გვიშლის მიზნის მიღწევაში.  კომპლექსი შეესაბამება ვნებებს, მაგ., კაენისა და დესტრუქციის კომპლექსები – მრისხანების,
დედისგან განშორების კომპლექსი – შიშის და სასოწარკვეთის,
იუდას კომპლექსი – სასოწარკვეთისა და ღალატის,
ფარისეველის კომპლექსი – ნაყროვანების,
ხოლო დედის კომპლექსის ზოგიერთი ფორმა – მრუშობის ვნებებს.  რაში მდგომარეობს მათი მკურნალობა, როგორ უნდა გავთავისუფლდეთ ვნებებისგან და კომპლექსებისგან? რელიგია გვთავაზობს სულიერ მოღვაწეობას, ან შინაგან მღვიძარებას. ამ უკანასკნელს ფსიქოლოგიაში ფხიზელი, ნათელი ცნობიერება, გაცნობიერებისა და ნებელობის უნარები შეესაბამება.  კომპლექსის უვნებელსაყოფად უნდა:
1. გავაცნობიეროთ კომპლექსი, ანუ მოვახდინოთ მისი იდენტიფიცირება, რაც ხელს შეუწყობს მის ინტეგრაციას, ანუ დაუფლებას, ხოლო, საბოლოო ჯამში-პიროვნულ ზრდას;
2. მისი უკუპროეცირება უნდა მოვახდინოთ, ანუ ის უნდა დავაბრუნოთ ცნობიერებაში;
3. გავაცნობიეროთ, თუ რა მიზნებს ემსახურება კომპლექსი;
4. მოვახდინოთ კომპლექსის ტრანსფორმირება, ცნობიერი და ემოციური ძალისხმევითა და
5. გავაფართოვოთ ჩვენი პიროვნება კომპლექსების ინტეგრაციის გზით.  ამ მიზნების მისაღწევად გამოიყენება განსხვავებული მიმართულების ფსიქოთერაპია. ფსიქოთერაპიის განვითარების თანამედროვე ეტაპზე სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა პიროვნების სულიერ განზომილებასა და პიროვნების ზრდაზე მიმართულ მიდგომებს. ამის დამადასტურებელ თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს ფსიქიკურ დაავადებათა ახალი კლასიფიკაცია, რომელიც გლობალიზაციით გამოწვეული ფსიქიკური ხარვეზების აღმოფხვრაზეა მიმართული და რომელიც მზადდება მსოფლიო ფსიქიატრიული ასოციაციის მიერ და პიროვნებაზე მიმართული ფსიქიატრიის სახელწოდებით იქნება ცნობილი.  პიროვნებაზე მიმართული ფსიქიატრია (Psychiatry for the Person) შემდეგ პრინციპებს ეფუძნება (Mezzich J.E. E. 2007):
1. იგი მიმართულია პაციენტის მთელ პიროვნებაზე, მის როგორც ავადმყოფურ, ასევე ჯანსაღ ნაწილზე;
2. მკურნალობის პროცესში ჩართული უნდა იყოს ფსიქიატრის პიროვნება მთელი მისი ადამიანური რესურსითა და პოტენციალით და არამარტო მისი ის ნაწილი, რომელიც აბსტრაქტულ-განყენებული, საჭირო ინფორმაციით აღჭურვილ ტექნიკოსთან ასოცირდება;
3. მკურნალობის პროცესი პიროვნებაზე უნდა იყოს მიმართული, პაციენტის თვითრეალიზაციას უნდა უწყობდეს ხელს;
4. მკურნალობა პაციენტის პიროვნებასთან ერთად, სამკურნალო პროცესში მისი აქტიური ჩართვით უნდა ხორციელდებოდეს. რაც გულისხმობს მკურნალობის პროცესში პაციენტთან პატივისცემით აღსავსე თანამშრომლობას და მის დახმარებას.  J. Hiatt-ის მიხედვით (Hiatt J. 1986), სულიერი განზომილება შემდეგი პრინციპებით ხასიათდება:
1. იგი განეკუთვნება პიროვნების იმ ინსტანციას, რომელიც საზრისისა და მნიშვნელობის, ჭეშმარიტების, საგნებისა და მოვლენების არსის წვდომითაა დაკავებული; ანუ აქვს ნოეტური ფუნქცია;
2. ეს მნიშვნელობა უხილავი, არაცნობიერი სფეროდან მომდინარეობს და ფსიქოთერაპია მიმართულია სწორედ ამ უხილავი საზრისის წვდომასა და გაცნობიერება-გაშუქებაზე, ანუ აქვს ჰერმენევტიკული ხასიათი; 3. ეს სულიერი განზომილება ძირითადად განცდაში გვეძლევა და მას უფრო ინტუიციური, ვიდრე ცნებით-ლოგიკური, ხასიათი აქვს;
4. ის სტატიკურობას მოკლებული დინამიკური პროცესია და წარმოადგენს უფრო უწყვეტ ნაკადს, ვიდრე სტრუქტურას;
5. ეს ნაკადი ევოლუციურია, მიისწრაფის სრულყოფისაკენ, ანუ აქვს ტელეოლოგიური ხასიათი;
6. სულიერი განზომილება ვლინდება პიროვნების სპეციფიკურ ქცევასა და კონცეპტუალურ სისტემებში. მათ სპეციფიკურ შინაარსზე დიდწილად მოქმედებს ადრეული გამოცდილება, რის გამოც ისინი კარგავენ ცოცხალ კავშირს და ვეღარ ასახავენ სულიერ რეალობას. ისინი უნივერსალური პროცესის ობიექტურ მანიფესტაციას წარმოადგენენ და სულიერი ზრდის საშუალებად შეიძლება იქცნენ. მაგრამ აქ არის ერთი საშიშროება, კერძოდ, ის, რომ მათი დოგმატიზაციის შემთხვევაში, ეს ობიექტივირებული ფსიქოლოგიური განცდები სულიერი ზრდის არა მხოლოდ საშუალებად განიხილება, არამედ ჭეშმარიტების საბოლოო ინსტანციის სახეს ღებულობს. მეორე საშიშროება მათი სხვა ფსიქოლოგიურ პროცესებთან აღრევაში მდგომარეობს, რასაც შედეგად მათი გაქრობა მოყვება;
7. პიროვნების სულიერ ასპექტს ინდივიდზე ზემოქმედების მაინტეგრირებელი, სინთეზური ფუნქცია აქვს. ის თავს უყრის პიროვნების განცალკევებულ ნაწილებს, განცდათა ფრაგმენტებს და მათ ერთ მთელში მოაქცევს. იგი აღიქმება აგრეთვე, როგორც პიროვნების სრულყოფისა და სამყაროსთან მისი ჰარმონიული ურთიერთობისაკენ მიმართული მამოძრავებელი ძალა. საზრისისა და მნიშვნელობის მასაზრდოებელი გამთლიანების ეს უნარი იზიდავს ადამიანს და პიროვნებაც მისკენ მიისწრაფის.  ამას აღწერს ერიკ ერიქსონი „მე-ს მთლიანობის“ (Ego integrity) ცნებაში (E.Ericson 1959), რასაც კ.გ. იუნგის ცენტრისკენვერსიის (Centroversion) ცნება (C. G. Jung 1966). შეესაბამება სულიერი განზომილების ფენომენოლოგიური გამოვლენა ხდება ამ სფეროსთან უშულო შეხების დროს, რაც არის ხანმოკლე, მოულოდნელი და ხშირად გამოუცნობი რჩება. იგი გარკვეული წვრთნის (მედიტაცია, ლოცვა) შედეგად მიიღწევა, ან შეიძლება მძაფრ, ემოციურად დამუხტულ და ეგზისტენციალურად მნიშვნელოვან სიტუაციებში (მაგ., სიკვდილის საშიშროება) გამოვლინდეს.  მასლოუ აღწერს ე.წ. „პიკურ განცდებს“ (Maslow A. 1968). ამ განცდისას ადგილი აქვს დაინტერესებულ ჭვრეტას (Being Cognition), რომლის დროსაც ჩვენ საგნებსა და ადამიანებს უანგაროდ, ყოველგვარი პირადი დაინტერესების გარეშე ვუყურებთ. ამ დროს პიროვნებას უკიდურესი ბედნიერების განცდა ეუფლება.ამ განცდებს ადგილი შეიძლება ჰქონდეს რელიგიურ-მისტიკური, ან ესთეტიკური, შემოქმედებითი აღმაფრენის, ინტელექტუალური ინსაიტების და სხვ. დროს. პიკურ განცდებს ხშირად თან ახლავს საკუთარი მე-ს საზღვრების დაკარგვა. ყველა ეგზალტირებული განცდა როდი მიეკუთვნება პიკურ განცდას. მაგ., სპორტსმენის სიხარული დიდი გამარჯვების გამო არ წარმოადგენს პიკურ განცდას, რადგანაც ის აღიარების მოთხოვნილების დაკმაყოფილებით არის გამოწვეული. პიკური განცდისას აღქმული ობიექტი განიცდება, როგორც უნიკალური და დასრულებული. პიკური განცდა ერთიანობის ტიპიურ განცდას წარმოადგენს, რომლის დროსაც ჩვენ საკუთარ თავს ერთი მთლიანის ცალკეული ასპექტად აღვიქვამთ, იმ მთლიანის, რომლის ცალკეული ნაწილები ჰარმონიულ ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან. ერთიანობის ამ მდგომარეობაში ყველა აშკარა დიქოტომია გადალახულია და შერიგებულ თანხმობაში იმყოფება.

უ. ჯეიმსს (James W. 1902) რომ დავესესხოთ, ამ დროს სამყაროში არსებული ყველა წინააღმდეგობა და კონფლიქტი, რომელიც ყველა ჩვენი უბედურების მიზეზია, თითქოს ერთ გამთლიანებულ რეალობაში ქრება. სულიერი განზომილების მქონე ადამიანის შესახებ ახალი მოდელის და რედუქციონისტური სამედიცინო მოდელის შეთანხმება, მათი თანაარასებობა გარკვეულ სიძნელეებს ქმნის. დასავლური მეცნიერული მიდგომა იმ პოსტულატს ეყრდნობა, რომლის თანახმადაც, ობიექტური დაკვირვება შესაძლებელია და განსხვავება დამკვირვებელსა და დაკვირვების ობიექტს შორის აშკარაა. ეს მიდგომა სამყაროს, აბსოლუტურ დროსა და სივრცეში მექანიკური კანონებით მოქმედ მანქანად აღიქვავს, რომელშიც ნაწილაკები ერთმანეთისგან ცარიელი სივრცითაა განცალკევებული. მიუხედავად იმისა, რომ კვანტური ფიზიკა და ფარდობითობის თეორია აბათილებს ამ პოსტულატებს, მეცნიერება და მედიცინა მაინც ეყრდნობა მათ. სუბატომურ და ვარსკვლავთაშორის დონეზე, დრო და სივრცე აბსოლუტური, ხოლო მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ლინეარული აღარაა, ელემენტარული ნაწილაკების ნაცვლად ადგილი აქვს პროცესებს, ხოლო მატერია ენერგიას წარმოადგენს. სამყარო წარმოადგენს უწყვეტი ენერგიის მოძრავ ველს, რომელშიც მატერია, ამ ენერგიის კონდენსაციის გზით, განუწყვეტლივ იქმნება, ტრანსფორმირდება და შემდგომში ქრება. ამ სამყაროში ნაწილები ურთიერთდაკავშირებულია, სადაც დამკვირვებელი, სუბიექტი განუყოფელია დაკვირვების ობიექტისგან. აქედან გამომდინარე, დამკვირვებელი მოქმედებს საკვლევ ობიექტზე.  თანამედროვე მეცნიერული ჰიპოთეზის თანახმად, სამყარო ცნობიერებისგან დამოუკიდებლად არ არსებობს, ამიტომ ნებისმიერი თეორია ფიზიკური სამყაროს შესახებ ცნობიერების თეორიასაც უნდა ითვალისწინებდეს. სიღრმის ფსიქოლოგიაში არაცნობიერი წარმოადგენს გონების და ფსიქიკის იმ ნაწილს, რომელზედაც ევკლიდური სივრცე, ლინეარული დრო და კაუზალობა, სუბიექტ-ობიექტის განსხვავება არ ვრცელდება და რომელშიც ადგილი აქვს ობიექტთა იდენტურობისა და ურთიერთცვლილების განუწყვეტელ ნაკადს. კვანტურ-ფარდობითობის, ფსიქოდინამიკური და სულიერი მოდელების თანხვედრა მიგვითითებს იმაზე, რომ ფენომენალურ სამყაროს საფუძვლად ენერგიის დინამიკური ველი უდევს. აღმოსავლური და დასავლური ანტიკური სულიერი ტრადიციები იზიარებდნენ ამ თვალთახედვას და თვლიდნენ, რომ ხილული სამყაროს საფუძველში ღვთაებრივი ენერგიაა.  სულიერებაზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია შემდეგ პრინციპებს ეყრდნობა:
1. ყოველ ჩვენგანს სულიერი მომწიფების, თვითრეალიზაციის (Maslow A. 1954), ინდივიდუაციის (Jung С. 1966) უნარი აქვს;
2. სულიერი სიმწიფე და ზრდასრულობა გულისხმობს ჩვენს იდენტიფიცირებას საკუთარ აუტენტურ მე-სთან, თვითობასთან;
3. ადრინდელი ფსიქოანალიტიკური მოდელისგან განსხვავებით, რომელიც მე-ს კონფლიქტურ და ნევროტულ ინსტანციად განიხილავდა, სულიერებაზე ორიენტირებული მოდელის თანახმად, ჩვენი აუტენტური მე უკონფლიქტო, ჯანმრთელ, გამთლიანებულ ცენტრს წარმოადგენს;.
4. ადრინდელი ფსიქოანალიტიკური მოდელისგან განსხვავებით, სულიერებაზე ორიენტირებული მოდელის მიხედვით, ჩვენი მე არსებობს და ფუნქციონირებს ცნობიერ, არაცნობიერ და უფრო ღრმად განდევნილი აუტენტური მე-ს დონეზე;
5. ძველი მოდელისგან განსხვავებით, რომელიც მიიჩნევს, რომ დაავადება გამოწვეულია კონფლიქტით, ახალი მოდელის თანახმად, ავადმყოფობა გამოწვეულია აუტენტური მე-სგან დაცილებითა და დაშორებით და მასთან იდენტიფიცირების გაძნელებით;
6. მკურნალობის პროცესი მდგომარეობს პაციენტის მცდარ მე-სთან განშორების, დეზიდენტიფიცირებისა და აუტენტურ მე-სთან იდენტიფიცირების პროცესის ხელშეწყობაში.  ამ მხრივ საინტერესოა, თუ როგორ განიხილავს სულიერი ფსიქოთერაპია ეგოიზმს. საკუთარი თავის სიყვარული, ანუ სიყვარული, რომელიც მიმართულია საკუთარი თავისკენ, ხშირად ეგოიზმთან, ანუ ნარცისიზმთან არის გაიგივებული, რაც საკუთარი გარეგნობის, ანუ ნიღბის (იუნგი) სიყვარულს ნიშნავს. საკუთარი თავის სიყვარულის დროს აუცილებელია განვასხვავოთ ის, თუ როგორ გვიყვარს და რა გვიყვარს საკუთარ თავში. ეგოიზმს ადგილი აქვს მაშინ, როცა ადამიანს უყვარს ტკბობის, ფლობის და დომინირების ასპექტები საკუთარ თავში. მაგრამ თუ ადამიანს უყვარს ის, რაც ადამიანში უმაღლესი და არსებითია, ის, რაც მას ცხოველისგან განასხვავებს და ადამიანად აქცევს, მისი იდეალური ღვთაებრივი პლასტი, მაგ., თუ უყვარს საკუთარ თავში სულიერი ზრდისა და განვითარების ტენდენცია, შემოქმედების უნარი და სხვებთან ჭეშმარიტი ურთიერთობა, მაშინ ასეთი სიყვარული ეგოიზმს მოკლებულია და ზრდის ცხოვრების ხარისხს. ამ დროს ჩვენ უფრო მაღალი ხარისხის ცხოვრებით ვცხოვრობთ. ასეთი სიყვარული მოყვასისადმი სიყვარულის დაბრკოლებას კი არ წარმოადგენს, არამედ, პირიქით, აძლიერებს მას. ეგოისტი ვერ საზღვრავს საკუთარი თავის ფარგლებს და საკუთარი პრიზმიდან უყურებს მთელს სამყაროს, რაც ფსიქიკური ინფლაციის ნიშანია.  სულიერი ფსიქოთერაპიის განსხვავება ფსიქოთერაპიის სხვა მიმართულებებისგან შესაძლებელია განვიხილოთ ფროიდის და იუნგის მიდგომის ზოგიერთი ასპექტების ანალიზის საფუძველზე. ფროიდის მიდგომა ანალიტიკურ-რედუქციონისტულია, ანუ მას რთული მარტივამდე დაჰყავს. მაგ., სიყვარული – სქესობრივ ინსტინქტამდე, განსხვავებით იუნგისგან, რომელიც სულიერ ინსტინქტზე, ანუ ადამიანის თანდაყოლილ სულიერებაზე ლაპარაკობს. ფროიდის მიხედვით, რელიგია კოლექტიური ნევროზის ფორმას წარმოადგენს, ხოლო იუნგის მიხედვით – ადამიანის მეტამოთხოვნილებას. ფროიდის მეთოდი კაუზალურია, ანუ ის დაავადების მიზეზის გამოაშკარავებით შემოიფარგლება, ხოლო იუნგის მეთოდი არა მარტო მიზეზზე, არამედ დაავადების მიზანზეცაა ორიენტირებული. ანუ იგი ტელეოლოგიურია, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩავწვდეთ პიროვნების არსს, მისი დაავადების მნიშვნელობასა და საზრისს, როდესაც გამოვარკვევთ, თუ რისკენ მიისწრაფვის ავადმყოფის პიროვნება. იუნგი არაცნობიერ სფეროს განიხილავს, როგორც მიზნების განხორციელებისაკენ მიმართულ სისტემას; ხოლო დაავადებას, არა მარტო როგორც დარღვევასა და დეზადაპტაციას, არამედ – როგორც დადებითი ასპექტების მქონეს, რომელშიც თვითრეალიზაციის შესაძლებლობას ხედავს.  ამგვარად, სულიერი განზომილება წარმოადგენს პიროვნების იმ ასპექტს, რომელიც ჰერმენევტიკულ-სინთეზური და ნოეტური ფუნქციის მატარებელია და მიისწრაფვის აბსოლუტური ჭეშმარიტებისაკენ, თუმცა, არცერთ რელიგიურ სისტემას არ მიეკუთვნება.  სულიერი ფსიქოთერაპიის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია, რომელიც მრავალსაუკუნოვან მართლმადიდებლურ ტრადიციას ეფუძნება. მოკლედ შევჩერდებით მის ძირითად პრინციპებზე.  მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია ფსიქიკის მკურნალობის მეთოდთა და ფსიქოლოგიურ მიდგომათა იმ ერთობლიობას წარმოადგენს, რომელიც მართლმადიდებლურ რწმენას და ერთიანი სამოციქულო ეკლესიის სულიერ, ასკეტურ და სალიტერატურო გამოცდილებას ემყარება. დამოუკიდებელ მიმართულებად მისი ჩამოყალიბება განპირობებულია რელიგიურ-კონფესიური ელფერით, რადგანაც მას საფუძვლად უდევს:
1. მართლმადიდებლური ანთროპოლოგიის და ჰომილევტიკის თეორიული ცოდნა და გამოცდილება;
2. წმიდა მამათა ასკეტური გამოცდილება და მათი სწავლება სულიერი ცხოვრების შესახებ;
3. წმიდა მამათა სწავლება ვნებების, როგორც დაავადების გამომწვევი მიზეზისა და სულიერი მოღვაწეობის, ღვაწლის შესახებ.
4. ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება სულისათვის ზრუნვის საქმეში;
5. წმიდა წერილზე დამყარებული ქრისტიანულ-ზნეობრივი მოვალეობის გაგება.  მართლმადიდებლური ფსიქოთერაპიის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ მიმართულია რა ადამიანის ადაპტაციასა და სულიერ ხსნაზე, ინტერდისციპლინური პრობლემის გადაწყვეტას სამედიცინო, სოციალური და სოტეროლოგიური ასპექტების გათვალისწინებით ცდილობს.  მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია ემყარება წმიდა მამათა სწავლებას:
1. ადამიანის ტრიქოტომული აგებულების შესახებ;
2. ადამიანის, როგორც ღვთის ხატისა და მსგავსების შესახებ;
3. მადლის, სულიერი მღვიძარების და განმღრთობის შესახებ.
პიროვნების ქრისტიანული გაგება პიროვნების განუმეორებლობას, მის ღვთაებრივ წარმომავლობას ეფუძნება. იგი განსხვავდება იუდეური ანთროპოლოგიისაგან, სადაც პიროვნება განიხილება, როგორც მხოლოდ ერის, საზოგადოებისა და მთლიანის ნაწილი. პიროვნების გაგება მართლმადიდებლობაში არის აბსოლუტური, პერსონალისტური და იპოსტაზური, ანუ თვითმყოფადი არსებობის მქონე. რაც იმას ნიშნავს, რომ იგი არ დაიყვანება ინდივიდის, როგორც გვარის ცალკეული, კონკრეტული ნაწილის ცნებამდე (Хоружий С.С 1994).  გამოყოფენ მართლმადიდებლური ფსიქოთერაპიის ორ ფორმას:
1. ეკლესიურს;
2. მეცნიერულ-პრაქტიკულს.
პირველი გულისხმობს საეკლესიო წესების, რიტუალების, ლიტურგიისა და საეკლესიო საიდუმლოებათა ფსიქოთერაპიულ, სამკურნალო ზემოქმედებას; მეორე კი – ფსიქოთერაპიული დახმარების სახეებს (დიაგნოსტიკა, კონსულტაცია, პროფილაქტიკა, მკურნალობა), რაც ექიმ-ფსიქოთერაპევტებისა და ფსიქოლოგების მიერ ხორციელდება. ეს უკანასკნელი კი არ ჩაანაცვლებს საღმრთო ლიტურგიის და წმიდა საიდუმლოთა ფსიქოთერაპიულ ზემოქმედებას, არამედ ავსებს მათ. თუ ლიტურგიას განვიხილავთ მისი მისტიკური არსის გარეშე, მაშინ ის წარმოადგენს ისეთ ხელოვნებათა სინთეზს, როგორებიცაა: სახვითი, სიტყვიერ-პოეტური და მუსიკალური. თითოეული მათგანის ფსიქოთერაპიული ეფექტი, ლიტურგიის რითმული სტრუქტურა, მგალობლებისა და მრევლის მონაწილეობა, ემოციური დატვირთვა, ყველაფერი ეს მიმართულია ერთადერთი მიზნისაკენ – უარყოფითი აფექტების განტვირთვისაკენ, ანუ კათარზისისაკენ. პავლე ფლორენსკი (Андроник игумен, 1986) რითმს, ტემპსა და ინტონაციას ლიტურგიის არსებით ნაწილად მიიჩნევდა. თუ რითმი, ტემპი და ინტონაცია დაცულია, მაშინ ლოცვა და გალობა ადამიანთა სამშვინველზე განმწმენდ ეფექტს ახდენს, მიუხედავად იმისა, რომ ლიტურგიის შინაარსი ქვეცნობიერ დონეზე აღიქმება. ამ გაგებით, ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ რიტუალურ მხარეზე, როგორც არტთერაპიაზე, კერძოდ, მუსიკოთერაპიასა და ბიბლიოთერაპიაზე.  მართლმადიდებლური ფსიქოთერაპიის ამოცანაა, პაციენტს გაუწიოს დახმარება:
1. მონანიებამდე მიყვანაში;
2. ავადმყოფობის გამომწვევი ვნებების პათოლოგიური მექანიზმის გაცნობიერებაში;
3. მნიშვნელოვანი ემოციური განცდების აქტივაციასა და პოტენციურად მთვლემარე სარეზერვო შესაძლებლობების გამოღვიძებაში. მისი საბოლოო მიზანია ღვთის ხატის აღდგენა. ეს კი ათანასე დიდის შემდეგ პრინციპს ეყრდნობა: “ღვთის ხატად ყოფნა ეს ჩემი გონიერი არსებობაა, ხოლო ღვთის მსგავსად – ეს ჩემი ქრისტიანად გახდომის შესაძლებლობაა”.  მართლმადიდებლური ფსიქოთერაპიის ორი ფორმის არსებობის გამო მისი მნიშვნელობის შეფასება ორი პოზიციიდან ხდება:
1. ოფიციალური მედიცინის და მართლმადიდებელი ფსიქოთერაპევტის, როგორც ექიმის მხრიდან. ფსიქოთერაპევტის და ექიმის დახმარება არის ძირითადი, ხოლო ეკლესია მისი რიტუალებით, ლიტურგიით და საიდუმლოებებით სარეაბილიტაციო ეტაპს წარმოადგენს;
2. ეკლესიისა და მორწმუნე ექიმის პოზიციიდან ფსიქოთერაპია მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს, პირველ საფეხურს პაციენტის გაეკლესიურების გზაზე. მეორე ეტაპი კი ქრისტეში ცხოვრებაა.  ლოგოთერაპია. ზოგიერთი ღვთისმეტყველი თვლიდა, მიუხედავად იმისა, რომ წმიდა მადლი ადამიანის სულზე უხილავად, უსიტყვოდ მოქმედებს, ამას უნდა დაემატოს დამატებითი საშუალება, სიტყვა, მისი მნიშვნელობა და საზრისი, ანუ ქადაგება. ჩვენს სულთან მსგავსების გამო სიტყვა, ლოგოსი ჩვენს შინაგან სამყაროში აღწევს და აცოცხლებს სულს კეთილი, სულიერი საქმეებისათვის. სიტყვის მასტიმულირებელი ძალა მით უფრო შედეგიანია, რაც უფრო მთლიანობითად მოქმედებს ადამიანზე – ბგერა – სმენაზე, აზრი – სამშვინველზე, ხოლო სიტყვის, საზრისის უხილავი ენერგია – სულზე. პრინციპული განსხვავება აქ არის ის, რომ ეს სიტყვიერი ზემოქმედება მართლმადიდებელი ფსიქოთერაპევტის მიერ ხორციელდება.  მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია ქრისტეცენტრულია, რითიც ის განსხვავდება ჰუმანისტური ფსიქოთერაპიისაგან. მისთვის უცხოა:
1. ანთროპოცენტრული ჰუმანიზმი, სადაც სამყარო მხოლოდ ადამიანის სამფლობელოდ განიხილება, ხოლო ადამიანი მხოლოდ ადამიანურობამდე დაიყვანება;
2. ფსიქოლოგიური მონოფიზიტიზმი, რომელიც უკიდურესი ასკეტიზმით ხასიათდება და ამქვეყნიურ სამყაროსა და ადამიანურ ასპექტებს უარყოფს (Хоружий С.С 1998). მას მკურნალობის პროცესში შემოჰყავს სახარების ჭეშმარიტებანი და წმიდა მამათა სწავლება ადამიანის შესახებ. ანთროპოცენტრიზმი, ადამიანურის გაღმერთება მართლმადიდებლობაში არსებული განმღრთობის ცნების აბსოლუტურად საპირისპიროა. მეორე განსხვავება ხსნის იმ გაუგებრობას, რომელიც წარმოიშვება მეცნიერულ ფსიქოთერაპიასა და იმ საეკლესიო პრაქტიკას შორის, რომელიც ეკლესიურ ცხოვრებას განიხილავს, როგორს ამ ქვეყნიერის უარყოფას, ეყრდნობა რა ცრუ ასკეტიზმის ცნებას. წმიდა მამათა ასკეზა მიმართულია ადამიანის ბუნებრივი ძალების დაუფლებაზე. შინაგანი მღვიძარება არის გონებისა და სხეულის აღზრდა. მას არაფერი საერთო არა აქვს სხეულის დამარხვასა და განადგურებასთან. წმიდა მამათა ასკეზა მიმართულია მთლიანად ადამიანის, მისი სხეულის, სამშვინველისა და სულის აღზრდაზე, მის გარდაქმნაზე. ეს კი ხდება ასკეტური ღვაწლის საშუალებით. სულიერი ღვაწლი არის სამშვინველის თერაპია და ჰიგიენა. ასკეზის მიზანია არა სხეულის გვემა, არამედ ადამიანის ბუნებრივი მონაცემების ადაპტირება ღვთაებრივი მადლის მისაღებად (ვლახოსი ი. 2008).  სახარებაში ექიმის ხატი და მკურნალობის ხელოვნება ხშირად გამოიყენება, როგორც დადებითი მეტაფორა. ქრისტიანული აღმოსავლეთის წმინდანები პანტელეიმონი, კოსმა და დამიანე მღვდელმსახურები არ იყვნენ.  მღვდელი და ექიმი კი არ გამორიცხავენ, არამედ ავსებენ ერთმანეთს და, ამგვარად, ღვთის მსახურები არიან. მართლმადიდებელი ფსიქოთერაპევტი დაჯილდოებულ უნდა იყოს ქრისტიანული მოწყალებით, კაცთმოყვარეობით, ქრისტეს სიყვარულით, სამედიცინო და ფსიქოთერაპიული ცოდნის ეფექტური გამოყენების უნარით.  ფსიქოთერაპევტს უპრეცენდენტო პასუხისმგებლობა აქვს დაკისრებული. იგი სამკურნალო დაწესებულებაში იურიდიულადაა პასუხისმგებელი პაციენტებზე, კონფესიური მიკუთვნებულობის განურჩევლად. მართლმადიდებლური ფსიქოთერაპიის მიერ დაცემული ადამიანისაგან ახალი ადამიანის დაბადება, ტრანსფორმაცია სამ ეტაპად განიხილება:
1. საწყისი მოღვაწეობისაკენ მოწოდება;
2. მადლისა და ღვთისგან მიტოვებულობის განცდის ეტაპი, რომლის მიზანია, მოღვაწეს თავისუფალ ნებაზე დაფუძნებული ღვთის ერთგულების გამოვლენის საშუალება მისცეს;
3. მადლის მეორადი მოხვეჭის ეტაპი, რომელიც ღვთის გონიერ შემეცნებაზეა აგებული.  მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია ჰოლისტურია. სულიწმიდის ღვთიური მადლით უნდა გაიმსჭვალოს არა მარტო ადამიანის გონება, არამედ მთელი მისი ფსიქო-ფიზიკური არსება. ადამიანი ამ დროს მთელი თავისი არსებით ღვთაებრივ ნათელში ეფლობა, რის შედეგადაც მისი მთლიანი განახლება ხდება. სხეული, გრძნობა, გონება და ნებელობა თანამშრომლობენ ადამიანის განღმრთობის პროცესში.  და ბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ წმიდა მამები არ ახსენებდნენ მართლმადიდებლურ ფსიქოთერაპიას, როგორც ასეთს, მაგრამ დღეს ის არსებობს, როგორც პასუხი დროის მოთხოვნაზე. 

პროფესორი რეზო კორინთელი


ლიტერატურა

1. Андроник (Трубачев) игумен Священник Павел Флоренский – профессор Московской Духовной. Академии – В кн.: Московская Духовная Академия Богословские труды. Юбилейный сборник. М., 1986, с.; 2. Bauldouin C. The Mind of the Child. International Journal of Psychoanalysis 1934 15:477-478
3. Варнава (Беляев) Епископ, Основы Исскуства Святости,Т. 1-3.–Нижний Новгород 1995-1997;
4. Eriksen E., Identity and Life Cycle. Psychological Issues. New York, International University Press.,Vol. 1 No 1 1959;
5. Hiatt j., Spirituality ,Medicine and Healing Southern Medical Journal Vol 79 N 6 736-743;
6. James W., The Varieties of Religious Experiences. New York. Longmans green and Co, 1902;
7. Jung C.G. , Two Essays On Analytical Psychology. The Collected Work of Carl Gustav Jung Princeton NJ Princeton University Press, Vol. 7 , 1966;
8. Jung C.G., Conscious , Unconscious, and Individuationю The Archetypes and the Collective Unconscious. CW of Carl Gustav Jung. Princeton NJ Princeton University Press, Vol. 9 , 1966;
9. Киприан (Керн) 7. Архиманд.Антропология св.Григория Паламы М. 1996;
10. Laplanche J., Pontalis J.B., The Language of Psychoanalysis, Institute of Psychoanalysis 1988;
11. მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი, მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია, თბილისი, 2008;
12. Maslow A., Motivation and Personality (2 nd ed.) New York; Harper & Row 1954;
13. Maslow A., Toward a Psychology of Being ( 2nd Ed.) Princeton ,N.J.: van Nostrand,1968;
14. Mezzich J.E., Globalization and Psychiatry for the Person. WPA regional Conference/CSP Annual Congress. Shanghai 2007;
15. Хоружий С.С., Аналитический словарь исихастской антропологии М. 1994;
16. Хоружий С.С, К феноменологии аскезы. М. 1998. .