You are currently viewing „მონანული ბებო“
SONY DSC

„მონანული ბებო“

Download article eBook

  წლების წინ, წირვის შემდეგ მთხოვეს სნეულის ზიარება. ვიკითხე, ვინ არის, რა სჭირს, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა სარწმუნოებასთან, ეკლესიასთან. აღმოჩნდა, რომ ეს იყო მოხუცებული, „ხალხურად“ მორწმუნე, ანუ ეკლესიის, აღსარება-ზიარების გარეშე. გავყევი. გზად დავიწყე გამოკითხვა, ვინ არის, როგორ იცხოვრა და ა.შ.

ადამიანი, თუ ეკლესიის გარეთ ცხოვრობს, წლების მანძილზე იძენს, აგროვებს ცოდვებს, ვნებებს, ხევდება და ნაკლებმიმღები ხდება სული. ძალიან ძნელი ხდება გულის გათბობა, სინანულის ბიძგის მიცემა. მით უფრო, თუ პატიოსნად, შრომაში გაატარა ცხოვრება. ჯებირივით აღმართული მართალი ადამიანის თვითშეგრძნება მიუვალს ხდის ადამიანის გულს.

მეც, სანამ დრო მქონდა, ვფიქრობდი, საიდან მივდგომოდი, როგორ ამეხსნა, რომ ქრისტესთან მხოლოდ მონანული მივა. ვფიქრობ და თან ღმერთს ვევედრები, მომცეს სიბრძნე და ძალა და იმ ადამიანსაც გაუხსნას გული. შევედი. სათნო მოხუცებული, ბებო, როგორიც გვიყვარს ყველას. აღმოჩნდა, რომ ბებოს სმენაც დაქვეითებული ჰქონდა. აქ უკვე არ ვიცოდი, რა მექნა. მაგრამ, იმან, რაც შემდგომ მოხდა, ყოველგვარ მოლოდინსა და ვარაუდს გადააჭარბა: მოხუცმა ერთი სქელი რვეული გამოიტანა სასთუმლიდან, აი, საერთო რვეულს რომ ვეძახდით ბავშვობაში და მომაწოდა. „ეს ჩემი აღსარებაა“! მეგონა მომესმა და ვკითხე: როგორ? ვკითხე, მაგრამ სანამ მიპასუხებდა, უკვე ვკითხულობდი. „დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი!“ დადის ადამიანი რამდენიმე წელი, თითქმის ყოველკვირა საუბრობ, მოუწოდებ, აკითხებ და მაინც ვერ უთბება გული, ვერ იხსნება უფლისთვის. აქ კი, ადამიანი, რომელსაც არც სმენია რამე, მხოლოდ პატარობისას იყო ნაზიარევი, ისეთ აღსარებას წერს, რომლის მსგავსი არც მსმენია. არ ვიცი, რომელი საქმე, სურვილი, ძალისხმევა შეუწირა ღმერთმა, რა ღვაწლისთვის მიემადლა სულიერი თვალის ახელა და მსგავსი განცდა ცოდვისა, მაგრამ ლოცვის გარდა სხვა არაფერი მითქვამს. ვაზიარე და, მგონი მე უფრო ვხარობდი. დღესაც მახსენდება ეს შემთხვევა და დღესაც მიხარია და გულს მითბობს. რამდენჯერმე ვიყავი და ვაზიარე მას შემდეგ. მშვიდობით მიიცვალა. მართალთა თანა დააწესოს უფალმა.

ზოგჯერ არჩევანის წინაშე ვდგებით: იქნება ოდნავ დავუთმოთ იმას, რაც გვსიამოვნებს. კი გვამხელს სინდისი – არ უნდა იყოს ეს საქმე მთლად კეთილი, მაგრამ შინაგანი სასწორი „აიწონა-დაიწონას“ ემსგავსება და ასეთ ქანქარს მეტწილად სინდისის დადუმება მოჰყვება. დღეს, ხვალ, ზეგ და მერე შინაგანი მსაჯული, ღმრთის მიერ მოცემული, ყუჩება, ადამიანი კი „გონივრულ ახსნას“ უძებნის დათმობებს. ვფიქრობ, იმ ბებომ არ წაუყრუა სინდისის ხმას, არ ეურჩა და მან შემოქმედამდე, ყოველი სიკეთის წყარომდე – ღმერთამდე მიიყვანა, არ უტევა უზიარებლად გასვლა.