You are currently viewing «სასაცილო ადამიანის სიზმარი»

«სასაცილო ადამიანის სიზმარი»

Download article eBook

  „სასაცილო ადამიანის სიზმარი“ 

ფანტასტიკური მოთხრობა

I

 მე სასაცილო ადამიანი ვარ. ისინი უკვე შეშლილს მეძახიან. ეს წოდების ამაღლება იქნებოდა, ისევ ისეთივე სასაცილოდ რომ არ მთვლიდნენ, როგორც წინათ. ახლა კი არ მწყინს, ისინი ყველანი საყვარლები არიან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დამცინიან. თვითონაც ვიცინებდი მათთან ერთად, – საკუთარ თავზე კი არა, უბრალოდ მათი შემხედვარე, ვიცინებდი ასე დამწუხრებული რომ არ ვიყო მათი შემყურე. დამწუხრებული ვარ, რადგან მათ არ იციან ჭეშმარიტება, მე კი ვიცი. ოჰ, რა ძნელია მარტომ იცოდე ჭეშარიტება! მაგრამ ამას ისინი ვერ გაიგებენ. არა, ვერ გაიგებენ.

უმთავრესად იმის გამო ვიწყენდი, რომ სასაცილოდ ვჩანდი. მხოლოდ კი არ ვჩანდი, არამედ ვიყავი კიდევაც. ყოველთვის ვიყავი სასაცილო და ეს ვიცი, დაბადებიდანვე. უნივერსიტეტშიც რაც უფრო მეტს ვსწავლობდი და რაც უფრო ვუღრმავდებოდი სწავლას, მით უფრო მეტად ვხვდებოდი, რომ სასაცილო ვიყავი. ასე რომ, მთელი ჩემი უნივერსიტეტის განათლება საბოლოოდ იმას ემსახურებოდა, რომ ჩემთვის ჩემი კომიკურობა აეხსნა. ყოველ წელიწადს იზრდებოდა და მყარდებოდა იგივე შეგნება ჩემს სასაცილო იერზე, ყველანაირ ურთიერთობაში. ჩემზე იცინოდა ყველა და ყველგან. მაგრამ მათგან არცერთმა არ იცოდა და ვერც ხვდებოდნენ იმას, რომ თუ იქნებოდა მიწაზე ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად ეცოდინებოდა ის, რომ მე სასაცილო ვარ, მაშინ ეს ადამიანი თვითონ მე ვიქნებოდი, აი, ეს იყო ჩემთვის ყველაზე საწყენი, რომ მათ არ იცოდნენ ეს, მაგრამ აქ თვითონ ვიყავი დამნაშავე: იმდენად ამაყი ვიყავი, რომ არაფრის გულისთვის და არასოდეს არ ვუტყდებოდი ამაში ადამიანს. სიამაყე ჩემში წლებთან ერთად იზრდებოდა, და თუ მოხდებოდა ისე, რომ მე თავს უფლებას მივცემდი, ვინმეს რაიმეში გამოვტყდომოდი, რომ სასაცილო ვიყავი, მაშინ იმ წუთასვე, იმ საღამოსვე გავიხვრეტდი შუბლს რევოლვერით. ო, როგორ ვიტანჯებოდი ყრმობაში იმის გამო, რომ მეშინოდა ვერ გავძლებდი და გამოვუტყდებოდი მეგობრებს. მაგრამ მას შემდეგ, რაც მოზრდილი ადამიანი გავხდი, ყოველდღე კი ჩემს საშინელ მხარეზე უფრო მეტს და მეტს ვიგებდი, მაგრამ მაინც შედარებით მშვიდად ვიყავი. სახელდობრ რატომ და ჯერ კიდევ არ მაქვს განსაზღვრული თუ რატომ. შესაძლოა იმიტომ, რომ სულში იზრდებოდა საშინელი დარდი ერთ ვითარებაზე, რომელიც უკვე უსასრულოდ მაღლა იდგა ჩემზე: სწორედ ეს იყო, რამაც დამარწმუნა ერთ რამეში, იმაში რომ ქვეყნად ყველგან სულერთია. ძალიან დიდი ხნის წინ ვგრძნობდი ამას, მაგრამ სრულად ბოლო წლებში დავრწმუნდი, უცებ. უცებვე ვიგრძენი, რომ ჩემთვის სულერთია იქნებოდა თუ არა მსოფლიო ან ის, რომ არსად არაფერი არ იქნებოდა. მთელი ჩემი არსებით დავიწყე სმენა და შეგრძნება იმისა, რომ ჩემთან არაფერი არ იყო. შემდეგ მჯეროდა, რომ ჩემამდე უამრავი რამ იყო, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ჩემამდეც არაფერი ყოფილა და რომ მხოლოდ მეჩვენებოდა. თანდათან დავრწმუნდი, რომ არც არასოდეს იქნება რამე. მაშინ დავივიწყე ხალხზე გაბრაზება და თითქმის არც კი ვარჩევდი. სიმართლე ამოიცნობოდა ყველაზე პატარა წვრილმანებშიც კი: მე, მაგალითად, ხდებოდა, რომ მივდიოდი ქუჩაში და ვეჯახებოდი ხალხს; არა იმიტომ, რომ ჩაფიქრებული ვიყავი: რაზე უნდა მეფიქრა, საერთოდ შევწყვიტე მაშინ ფიქრი: ჩემთვის სულერთი იყო. კარგი იქნებოდა ამომეხნსა კითხვები, მაგრამ ო, არცერთი არ ამომიხსნია და თან რამდენი იყო! მაგრამ ჩემთვის სულერთი იყო და კითხვებიც გაქრა.
სწორედ ამის შემდეგ შევიცანი ჭეშმარიტება. ჭეშმარიტება გასულ ნოემბერს ვნახე, ზუსტად სამ ნოემბერს, და იმ მომენტიდან ჩემი ყოველი წამი მახსოვს. ეს იყო პირქუშ, ყველაზე პირქუშ საღამოს, რაც კი შეიძლება რომ იყოს. ღამის თერთმეტი საათისთვის სახლში ვბრუნდებოდი და ზუსტად მახსოვს, გავფიქირე, რომ შეუძლებელია ამაზე მეტად პირქუში დრო, ფიზიკურადაც კი. მთელი დღე წვიმდა და ეს იყო ყველაზე ცივი და შავად მოქუფრული წვიმა, რაღაცნაირი, ასე ვთქვათ, მრისხანეც კი. მე ეს მახსოვს, აშკარა მტრობით იყო ადამიანების მიმართ განწყობილი და უცებ, თერთმეტი საათისთვის შეწყდა და დაიწყო საშინელი სინოტივე, უფრო სველი და ცივი, ვიდრე წვიმის დროს და ყველაფერს რაღაც ორთქლი ასდიოდა, ყოველ ქვას ქუჩაზე და ყოველ გადასასვლელს. უცებ წარმოვიდგინე, უცებ ყველგან რომ გაზი ჩამქრალიყო, ყველაფერი ბუნებრივი გახდებოდა, გაზის გარეშე კი გული მოიწყენდა, იმიტომ, რომ ის ამ ყველაფერს ანათებს. ამ დღეს თითქმის არ მეჭამა და ადრიან საღამოს მერე ერთ ინჟინერთან შემოვრჩი, რომელთანაც ორი მისი მეგობარი იჯდა. მე სულ ვდუმდი და ვფიქრობ, მათაც მოვბეზრდი. ისინი რაღაც გამოწვევაზე საუბრობდნენ და უცებ გახურდნენ კიდევაც. მაგრამ მათთვის სულერთი იყო, ვხედავდი ამ ყველაფერს და ისინიც მხოლოდ ასე ხურდებოდნენ. მე კი უცებ განვუცხადე ამის შესახებ: „ბატონებო ხომ გეუბნებით თქვენთვის სულერთია“, არ გაბრაზებულან, ყველამ ჩაიცინა ჩემზე. ეს იმიტომ, რომ ყოველგვარი საბაბის გარეშე ვუთხარი და უბრალოდ იმიტომ, რომ სულერთი იყო ჩემთვის. მათ ვერ შეამჩნიეს, რომ ჩემთვის სულერთი იყო და გამხიარულდნენ.

როცა ქუჩაში გაზზე გავიფიქრე, ცას ავხედე. ცა საშინლად მუქი იყო, მაგრამ აშკარად შეიძლებოდა დაფლეთილი ღრუბლების გარჩევა, მათ შორის კი ღრმა შავი ლაქები მოჩანდა. უცებ, ერთ ამ ლაქათაგანში ვარსკვლავი შევამჩნიე და დაჟინებით დავუწყე ცქერა. ესეც იმიტომ, რომ ამ ვარსკვლავმა აზრი მომცა: ამ ღამეს გადავწყვიტე თვითმკვლელობა. ეს მყარად მქონდა გადაწყვეტილი ორი თვის წინათაც, თუმცა ღარიბი კი ვარ, მაგრამ მშვენიერი რევოლვერი ვიყიდე და იმ დღესვე გავტენე. და აი, ამჯერად ამ ვარსკლავმა მომცა აზრი და გადავწყვიტე, რომ ეს განზრახვა სისრულეში უთუოდ ამ ღამით უნდა მომეყვანა. მაგრამ ის, თუ რატომ მომცა ვარსკვლავმა აზრი – ეს არ ვიცი.
და აი, როდესაც ცას ვუყურებდი, იდაყვზე ჩამეჭიდა ერთი გოგო. ქუჩა უკვე ცარიელი იყო და თითქმის არავინ ჩანდა. მოშორებით ეტლზე მეეტლეს ჩასძინებოდა. გოგონა რვა წლის იქნებოდა, თავსაბურავსა და კაბაში, სულ მთლად სველი, მაგრამ განსაკუთრებით დამამახსოვრდა მისი სველი, დახეული ჩექმები, რომლებიც ახლა მახსოვს. მათ განსაკუთრებულად გაიელვეს ჩემს თვალებში. მან უცაბედად იდაყვზე მომქაჩა და მეძახდა. არ ტიროდა, მაგრამ რაღაცნაირად ამოქვითინებული წამოიყვირებდა რაღაც სიტყვებს. რომლის კარგად წარმოთქმაც არ შეეძლო, რადგან მთელი არსებით კანკალებდა. რაღაცისგან შეშინებული იყო და სასოწარკვეთილი ყვიროდა „დედიკო! დედიკო!“ სახე მისკენ შევაბრუნე, მაგრამ არაფერი მითქვამს და გზა გავაგრძელე, მაგრამ ის მომდევდა და მექაჩებოდა; უცებ მის ხმაში გაისმა ის ხმა, რომელიც სასოწარკვეთილ ადამიანებს აღმოხდებათ. მე ვიცი ეს ხმა. სიტყვა არ დაემთავრებინა, მაგრამ მივხვდი, რომ დედამისი სადღაც კვდებოდა ან რაღაც მოუვიდა და გამოქცეულიყო, რათა ვინმესთვის დაეძახა, ეპოვა რამე, რათა დედას დახმარებოდა. მაგრამ არ გავყევი, პირიქით, მისი განდევნის აზრიც დამებადა. თავიდან ვუთხარი, რომ მოეძებნა პოლიციელი. მაგრამ მან ხელები გადაიჭდო და აქვითინებული გვერდით მომდევდა, არ მტოვებდა. აი მაშინ გავცხარდი და დავუყვირე. მან მხოლოდ ეს იყვირა „ბატონო, ბატონო!…“- მაგრამ უცებ მიმატოვა და ქუჩა გადაირბინა: იქაც ვიღაც გამვლელი მოეჩვენა და ჩემგან მისკენ გაიქცა.
ავედი ჩემს მეხუთე სართულზე. დიასახლისისგან ცალკე ვცხოვრობ და ნომრები გვაქვს. ოთახი ღარიბული და პატარა მაქვს, ფანჯარა სხვენის, ნახევრად მრგვალი. კუბოკრული დივანი, მაგიდა, რომელზეც წიგნებია, ორი სკამი და მოსასვენებელი სავარძელი, უძველესია მაგრამ ვოტერულია. დავჯექი, სანთელი ავანთე და ფიქრი დავიწყე. გვერდით, მეორე ოთახში, ტიხარს მიღმა სოდომი გრძელდებოდა. მათთან ეს მესამე დღიდან გრძელდებოდა. იქ გადამდგარი კაპიტანი ცხოვრობდა, რომელსაც სტუმრები ჰყავდა – ექვსი კაცი სვამდა და ძველი კარტით შტოსს თამაშობდნენ. წინა ღამით ჩხუბი იყო და ვიცი, ორი მათგანი დიდ ხანს ათრევდნენ ერთმანეთს თმებით. დიასახლის უნდოდა ეჩივლა, მაგრამ კაპიტნის საშინლად ეშინოდა. სხვა მაცხოვრებელთაგან ჩვენთან იყვნენ ერთი სუსტი და პატარა ტანის ქალი, პოლკებიდან ჩამოსული, სამ პატარა და ავადმყოფ ბავშვთან ერთად, რომლებიც ჩვენს სახლში დაავადნენ. მასაც და ბავშვებსაც საშინლად ეშინიათ კაპიტნის და მთელ ღამეს ცახცახსა და პირჯვრის წერაში ატარებენ, ყველაზა პატარა ბავშვს კი შიშისგან რაღაც შეტევებიც ჰქონდა. ეს კაპიტანი, ალბათ ვიცი, სხვა დროს ნევსკაიაზე გამვლელებს აჩერებს და ფულს ეხვეწება სიღარიბის დასაძლევად. სამსახურში არ იღებენ, მაგრამ უცნაური საქმეა (ამიტომაც ხომ ვყვები), მთელი თვის განმავლობაში, რაც ჩვეთან ცხოვრობს, კაპიტანმა ჩემში ვერანაირი წყენა ვერ გამოიწვია. გაცნობას, რა თქმა უნდა, მაშინვე ავარიდე თავი, თვითონ ისიც იწყენდა ჩემთან პირველივე შეხვედრიდან, მაგრამ რამდენიც არ უნდა ეყვირათ ტიხარს იქით და რამდენიც არ უნდა ყოფილიყვნენ, ჩემთვის სულერთი იყო. მთელი ღამე ვზივარ და იმდენად ვივიწყებ მათ, რომ არც კი მესმის მათი ხმაური. მე ხომ ყოველ ღამეს გათენებამდე არ მძინავს და უკვე წელიწადია ასე გრძელდება. მთელი ღამე მაგიდასთან ვზივარ სავარძელში და არაფერს არ ვაკეთებ. წიგნებს მხოლოდ დღისით ვკითხულობ. ვზივარ და არც კი ვფიქრობ, ისე, რაღაც აზრები დახეტიალობენ, მე კი მათ ვათავისუფლებ. სანთელი ბოლომდე იწვის ერთ ღამეში. ჩუმად დავჯექი მაგიდასთან, ამოვიღე რევოლვერი და წინ დავიდე. როდესაც დავდე, მახსოვს, ჩემს თავს ვკითხე „ასე?“ და სრულებით დარწმუნებულმა ვუპასუხე – „ასე“. ანუ თავს მოვიკლავ. მე ვიცოდი, რომ ალბათ ამ ღამით ვესროდი ჩემს შუბლს, მაგრამ რამდენ ხანს ვიჯდებოდი იქამდე მაგიდასთან, ეს არ ვიცოდი. და რა თქმა უნდა, მოვიკლავდი კიდეც თავს, რომ არა ის გოგონა.

II

ხედავთ, ჩემთვის სულერთი იყო, მაგრამ მე ხომ ვიყავი, მაგალითად ვგრძნობდი. ვინმეს რომ დაერტყა, ტკივილს ვიგრძნობდი. ასევე ზნეობრივ მხარესაც: რამე ისეთი საცოდაობა რომ მომხდარიყო, შეცოდებას ვიგრძნობდი, ისევე, როგორც მაშინ, როდესაც ცხოვრებაში ყველაფერი სულერთი არ იყო ჩემთვის. მე შემეცოდა ბავშვი: უთუოდ შემეძლო დავხმარებოდი. რატომ არ დავეხმარე გოგონას? იმ არსებული ერთი იდეის გამო: როდესაც მექაჩებოდა, გონებაში დაიბადა კითხვა, რომელიც ვერ გადავწყვიტე. კითხვა ფუჭი იყო, მაგრამ გავბრაზდი. გავბრაზდი, რადგან თუ უკვე გადაწყვეტილი მქონდა მიმდინარე ღამეს მომეკლა თავი, მაშინ დედამიწაზე ყველაფერი უფრო მეტად სულერთი უნდა ყოფილიყო ჩემთვის, ვიდრე ოდესმე. რისგან ვიგრძენი უცებ, რომ ჩემთვის სულერთი არ არის და რომ მეცოდება გოგონა? მახსოვს რომ ძალზედ შემეცოდა; რაღაცნაირ უცნაურ ტკივილამდეც კი და ჩემთვის წარმოუდგენელ მდგომარეობაში. მართალია, უკეთ არ შემიძლია გადმოვცე ის წარმავალი შეგრძნება, მაგრამ გრძნობა სახლშიც გაგრძელდა, როდესაც მაგიდასთან ვიჯექი და ძალიან გაღიზიანებული ვიყავი, როგორც დიდი ხანია არ ვყოფილვარ. გააზრება გააზრებას მოსდევდა. ცხადი ხდებოდა, რომ თუ მე ჯერ კიდევ ადამიანი ვარ და არა არაფერი, სანამ ნულად არ ვიქეცი, მაშინ ვცოცხლობ, აქედან გამომდინარე, შემიძლია მტკიოდეს, მწყინდეს და ვგრძნობდე სირცხვილს საკუთარ საქციელზე, დაე. მაგრამ თუ თავს მოვიკლავ, მაგალითად ორი საათის შემდეგ, მაშინ რაა გოგონა და რა საქმე მაქვს სირცხვილთან და ყოველივესთან ამქვეყნად? მე ვიქცევი ნულად, აბსოლუტურ ნულად. და ნუთუ შეიძლება შეგნება იმის, რომ მე ახლა საერთოდ არ ვიქნები და ასევე არაფერი არ იქნება, უმცირესი შეგრძნებაც კი გოგონას შეცოდებისა, არც სირცხვილი ჩადენილი სიმხდალის გამო? მე ხომ იმის გამო გავუბრაზდი და დავუყვირე ველური ხმით უბედურ ბავშვს, რომ „განმეცხადებინა, მე არამარტო არ ვგრძნობ შეცოდებას, არამედ თუ არაადამიანურ ნაძირლობას ჩავიდენ, ახლა შემიძლია, რადგან ორ საათში ყველაფერი ჩაქრება“. გჯერათ, რომ ამის გამო დავუყვირე? მე უკვე თითქმის დარწმუნებული ვარ ამაში. ცხადად ვლინდებოდა, რომ ცხოვრება და მსოფლიო რაღაცნაირად დამოკიდებულია ჩემზე. ისეც შეიძლება ვთქვათ, რომ მსოფლიო მხოლოდ ჩემთვისაა შექმნილი: გავისვრი და მსოფლიო არ იქნება, ყოველივ შემთხვევისთვის, ჩემთვის არ იქნება. იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომ შესაძლოა, მართლაც არ იყოს არავისთვის ჩემს მერე, და მთელი მსოფლიო ხალხითურთ გაქრება ჩემთან ერთად, როგორც ჩემი ცნობიერების მოჩვენება – ერთადერთი მე ვარ. მახსოვს, რომ ვიჯექი და ვფიქრობდი ვუხმობდი ამ ახალ კითხვებს, რომლებიც ერთმანეთს ავიწროებდნენ, სხვა მხარეს ვიგონებდი, სრულიად ახალს. მაგალითად, უცებ ასეთი უცნაური რამ წარმოვიდგინე, რომ ადრე მთვარეზე ან მარსზე მეცხოვრა და ჩამედინა ყველაზე ცუდი და უღირსი საქციელი, ისეთი, წარმოდგენაც რომ არ შემიძლია და ამის გამო იქ დასჯილი და ღირსებააყრილი ვიყავი ისე, როგორც ამის გაგება და შეგრძნება მხოლოდ სიზმარში, საშინელ კოშმარებში შეიძლება. უცებ მიწაზე გამოღვიძებულს რომ შემძლებოდა შემეგრძნო და მცოდნოდა სხვა პლანეტაზე ჩემ მიერ ჩადენილი და თან მცოდნოდა, რომ უკან ვერასოდეს და არაფრის გულისთვის არ დავბრუნდებოდი, მიწიდან მთვარეზე შემყურესთვის – იქნებოდა ყოველივე სულერთი? ვიგრძნობდი თუ არა იმ საქციელის გამო სირცხვილს? კითხვები ფუჭი და ზედმეტი იყო, რადგან რევოლვერი უკვე ჩემ წინ იდო და მთელი არსებით ვიცოდი, რომ ეს იქნებოდა უეჭველად, მაგრამ ისინი მახურებდნენ და უძლური ვხდებოდი. უკვე რაღაცნაირად აღარ შემეძლო მოვმკვდარიყავი და რაღაც გადაუწყვეტელი დამრჩენოდა. ერთი სიტყვით, იმ გოგონამ გადამარჩინა, კითხვებით განვიშორე გასროლა. კაპიტანთანაც ამ დროში ყველაფერმა მიწყნარება დაიწყო: მორჩნენ კარტის თამაშს, დასაძინებლად მოეწყვნენ, ჯერ კი წრიალებდნენ და კამათს ასრულებდნენ. აი ამ მომენტში ჩამეძინა, რაც არასოდეს მომსვლია, მაგიდასთან, სავარძელში. ჩამეძინა ჩემთვის, სრულიად შეუფერებლად. სიზმრები, როგორც ცნობილია, საოცრად უცნაური რამაა: ზოგი საშინელი სიცხადით გესახება, ოქრომჭედლის გამოკვეთილი დეტალებით და შემდეგ მეორეში გადადიხარ იმის შეუმჩნევლად, რომ განზომილებასა და დროში გადაინაცვლე. გეჩვენება, რომ სიზმრებს არა გონება, არამედ სურვილი, არა თავი, არამედ გული წარმოსახავს და ამავე დროს მათ შორის რა ეშმაკური მახეები გადაულახავს ჩემს გონებას სიზმარში! ამასთანავე, სიზმარში, სრულიად მიუღწეველი მოვლენები ხდება. ჩემი ძმა მაგალითად, ხუთი წლის წინათ გარდაიცვალა. ხანდახან სიზმარში ვხედავ მას: ის მონაწილეობას იღებს ჩემს საქმეებში, ძალზედ დაინტერესებულნი ვართ თან ამ დროს და მთელი სიზმრის განმავლობაში სრულიად ვიცი, რომ ჩემი ძმა გარდაცვლილია და დამარხული. რაც არ უნდა ვარწმუნო ჩემს თავს, რომ ის მკვდარია, მაინც მუხთლად ჩემ გვერდით არ მოძრაობს? რატომ აძლევს ნებას ამ ყოველივეს ჩემი გონება? მაგრამ საკმარისია. ვუბრუნდები ჩემს სიზმარს. დიახ… მაშინ დამესიზმრა, ჩემი სამი ნოემბრის სიზმარი! ახლა უკვე მაჯავრებენ ისინი, რადგან ეს მხოლოდ სიზმარი იყო. მაგრამ განა სულერთი არაა სიზმარი იყო თუ ცხადი, თუკი ამ სიზმარმა ჭეშმარიტება მანახა? რადგან თუ ერთხელ ნახავ ჭეშმარიტებას, შემდეგ ყოველთვის იცი, რომ ეს ჭეშმარიტებაა და სხვა ვერ იქნება, არც ძალუძს, რომ იყოს, მიუხდავად იმისა, გძინავთ თუ რეალობაში ხართ. დაე, იყოს სიზმარი, იყოს, მაგრამ ეს ცხოვრება, რომელსაც ასე აღამაღლებთ, მე მინდოდა თვითმკვლელობით მომესპო, სიზმარმა კი, ჩემმა სიზმარმა, ო, მან მამცნო მე ახალი, დიადი, განახლებული და ძლიერი სიცოცხლე!
უსმინეთ.

III



ვთქვი, რომ ჩამეძინა შეუმჩნევლად, განსჯას კი ვაგრძელებდი იგივე მატერიალებზე. დამესიზმრა, რომ უცებ იარაღს ვიღებ და იქ, სადაც ვზივარ, გულზე ვიდებ ლულას, – გულში და არა თავში. მე ხომ თავიდანვე გადავწყვიტე, რომ უთუოდ თავში უნდა მესროლა, ზუსტად მარჯვენა საფეთქელში და არა გულში. გულზე მიბჯენილმა მოვიცადე ერთი თუ ორი წამი, სანთელი, მაგიდა და კედელი ჩემ წინ ამოძრავდნენ და აჭრიალდნენ. დაჩქარებულად გავისროლე.
სიზმარში თქვენ ხან სიმაღლიდან ვარდებით ან დანით გჭრიან, ან გირტყამენ, მაგრამ არასოდეს გრძნობთ, თუ თქვენ თვითონ, როგორმე ცხადში არ დაიზიანებთ თავს საწოლში, აქ თქვენ იგრძნობთ ტკივილს და თითქმის ყოველთვის ტკივილისგან გამოგეღვიძებათ. ასევე იყო ჩემს სიზმარშიც: ტკივილი არ მიგრძვნია, მაგრამ წარმოვიდგინე, რომ ჩემი გასროლით ჩემში ყოველივე შეიძრა, უცებ ჩაქრა და ჩემ ირგვლივ ყველაფერი შემზარავად გაშავდა. თითქოს დავბრმავდი და დავმუნჯდი. და აი, ვწევარ რაღაც მკვრივზე გაჭიმული, ვუცქერ სიბნელეს და ოდნავი მოძრაობის გაკეთებაც არ შემიძლია. ირგვლივ დადიან და ყვირიან, როხროხებს კაპიტანი, წიკვინებს დიასახლისი, და უცებ, ისევ შესვენება და უკვე მიმათრევენ დახურულ კუბოში მოთავსებულს. ვგრძნობ კუბოს ჭრაჭუნს და ვაანალიზებ ამას, უცებ პირველად მახსენდება – მე ხომ მკვდარი ვარ, ვიცი რომ მოვკვდი, ვერ ვინძრევი, ვერ ვხედავ და ამავდროულად შემიძლია ვიაზროვნო. მაგრამ უმალვე ვეჩვევი ამას და ჩვეულებისამებრ, როგორც სიზმარში, სინამდვილეს უდავოდ ვეგუები.
და აი, უკვე მმარხავენ მიწაში. ყველა მიდის, მე მარტო ვარ, სრულიად მარტო, ვერ ვმოძრაობ. ყოველთვის, როდესაც ადრე წარმოვიდგენდი თუ როგორ მმარხავენ საფლავში, ყოველთვის საფლავთან ნესტსა და სიცივეს ვუკავშირებდი. ასევე ახლაც ვიგრძენი, რომ ძალიან მცივა, განსაკუთრებით ფეხის თითებზე, მაგრამ მეტი არაფერი მიგრძვნია.ვიწექი და უცნაურია – არაფერს ველოდი, უდავოდ ვიღებდი იმ ვითარებას, რომ მკვდარი ვერ ელოდება ვერაფერს. მაგრამ ნესტი იყო. არ ვიცი რამდენი დრო გავიდა – საათები თუ რამდენიმე დღე. მაგრამ აი, ჩემს დახუჭულ მარცხენა თვალზე დაეცა კუბოში შემოპარული წყლის წვეთი, მას წუთის შემდეგ მეორე მოჰყვა, შემდეგ მესამე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მეორდებოდა ერთი წუთის ინტერვალით. ღრმა გულისწყრომა აენთო ჩემს გულში და უცებ მასში ფიზიკური ტკივილი ვიგრძენი: „ეს ჩემი ჭრილობაა – გავიფიქრე, – გასროლა, იქ ტყვიაა…“ წვეთი კი ისევ ვარდებოდა, ყოველ წუთს და პირდაპირ დახურულ თვალზე მეცემოდა. და უცებ შევძახე არა ხმით, რადგან უძრავი ვიყავი, არამედ მთელი არსებით, ჩემს ირგვლივ რაც ხდებოდა იმის მფლობელს: – ვინც არ უნდა იყო, და თუ შენ ხარ და არსებობს რაიმე უფრო გონივრული ვიდრე ის, რაც ახლა ხდება, მიეცი ნება რომ აქაც იყოს. თუ შენ შურს იძიებ ჩემზე ჩემი გაუცნობიერებელი თვითმკვლელობის გამო, უხამსობასა და უაზრობაზე ამგვარი ყოფით, მაშინ იცოდე, რომ არასოდეს და არანაირ წამებას, როგორიც არ უნდა ყოფილიყო ის ჩემთვის, ვერ შეედრება ეს სიძულვილი, რომელსაც მდუმარედ უნდა ვგრძნობდე, თუნდაც მილიონი წელი ამ წამებაში!
ამოვიძახე და დავდუმდი. თითქმის მთელი წუთი გრძელდებოდა ღრმა მდუმარება და ერთი წვეთიც დამეცა თვალზე, მაგრამ ვიცოდი, უსაზღვროდ ვიცოდი და მწამდა, რომ ახლა ყველაფერი შეიცვლებოდა. და უცებ, გაიხსნა ჩემი სამარე. არც კი ვიცოდი, გახსნეს ის თუ ამოთხარეს, მაგრამ ამიყვანა რაღაც შავმა და უცნობმა არსებამ, სულ სხვა განზომილებაში. უცებ ამეხილა თვალი: იყო უკუნი ღამე, და არასოდეს, არასოდეს ყოფილა ასეთი სიბნელე! განზომილებაში მივქროდით, შორს დედამიწისგან. არც ვეკითხებოდი ვის მივყავდი, არ ვეკითხებოდი არაფერს, ველოდი და ამაყი ვიყავი. ჩემს თავს ვარწმუნებდი, რომ არ მეშინოდა და აღფრთოვანებისგან ვშეშდებოდი, რომ არ მეშინოდა. არ მახსოვს, რამდენი ხანი მივქროდით, წარმოდგენაც არ შემიძლია: ყველაფერი ხდებოდა ისე, როგორც სიზმარში ხდება, როდესაც ყველაფერს სხვა განზომლებებიდან ახტები, არღვევ დროის, ყოფის და ცნობიერების კანონებს და ჩერდები მხოლოდ იმ წერტილებზე, რომლებზეც გული მიგითითებს. მახსოვს, რომ სიბნელეში უცებ ვნახე ერთი ვარსკვლავი. „ეს სირიუსია?“ – ვიკითხე, ვერ შევძელი თავი შემეკავებინა. – „არა ეს ის ვარსკვლავია, რომელიც შენ ნახე, როდესაც სახლში ბრუნდებოდი.“ – მიპასუხა არსებამ, რომელსაც მივყავდი. ვიცოდი, რომ რაღაც ადამიანური ჰქონდა. უცნაურია, არ მიყვარდა ეს არსება, ღრმა სიძულვილსაც კი ვგრძნობდი. ველოდი სრულყოფილ არყოფნას და ამიტომ ვისროლე მკერდში. და აი, აღმოვჩნდი იმ არსების ხელში, რომელიც ადამიანური არაა, მაგრამ რომელიც არის, არსებობს: „იქნებ სამარის შემდეგაც არსებობს სამყარო!“ – გავიფიქრე სიზმრის მსუბუქი აზრით, მაგრამ ჩემი გულის არსი სიღრმეში ჩემთან რჩებოდა: „და თუ უნდა მეცხოვრა – გავიფიქრე ისევ – ვინმეს უბერებელი სურვილისამებრ, მაშინ არ მინდა, რომ დამამარცხონ და დამამცირონ!“ – „შენ იცი, რომ მეშინია შენი და ამიტომაც გეზიზღები“ – ვუთხარი ჩემს თანამგზავრს და გულში ნემსივით ჩხვლეტა ვიგრძენი დამცირებისგან. ჩემს კითხვას არ უპასუხა, მაგრამ უცებ ვიგრძენი, რომ არ ვძულდი არავის და არ დამცინოდნენ, არც კი მიცოდებდნენ და რომ ჩვენს გზას აქვს მიზანი, უცნობი და საიდუმლო, რომელიც მხოლოდ მე მეხება. ჩვენ მივქროდით ბნელ და უხილავ განზომილებებში. დიდი ხანია თვალთაგან გაქრნენ ჩემთვის ნაცნობი თანავარსკვლავედები. ვიცოდი, რომ სხვა განზომილებებში არის ვარსკვლავები, რომელთა შუქიც დედამიწამდე ათასწლეულებისა და მილიონობით წლების შემდეგ ეფინებოდა. შესაძლოა ჩვენ უკვე გადავიფრინეთ ამ განზომილებაზეც. საშინელებას ელოდა მწუხარებით დატანჯული ჩემი გული. და უცებ, რაღაც ცნობილმა და ჩემზე ამაღლებულმა გრძნობამ შემარხია: უცებ ვიხილე ჩვენი მზე! ვიცოდი, რომ შეუძლებელი იყო ეს ჩვენი მზე ყოფილიყო, რომელმაც ჩვენი პლანეტა შვა და ვიცოდი, რომ ჩვენი მზიდან უსასრულოდ ვიყავით დაშორებულნი, მაგრამ მთელი არსებით ვიგრძენი, რომ ესეც სრულიად ისეთი მზეა, როგორიც ჩვენი, მისი ტყუპი და ასლი. ტკბილი, ამაღლებული გრძნობა შეირხა ჩემს გულში და გააცოცხლა ის, ამ დროს მე ვიგრძენი ცხოვრება, წინა ცხოვრება, ვიგრძენი პირველად ჩემი სამარის შემდეგ.
– და თუ ეს მზეა, თუ ეს სრულიად ისეთივე მზეა, როგორიც ჩვენი, – წამოვიძახე – მაშინ სად არის მიწა? – და თანამგზავრმა მიმითითა ელვარე ვარსკვლავზე, რომელიც წყვდიადში ბრწყინავდა. ჩვენ ზუსტად მისკენ მივქროდით.
– და ნუთუ შესაძლებელია სამყაროში ასეთი განმეორება? ნუთუ ასეთია ბუნების კანონი?… და თუ იქ დედამიწაა, ნუთუ ისეთივე მიწაა, როგორიც ჩვენია… სრულყოფილად ისეთივე, უბედური, ღარიბი, მაგრამ უძვირფასესი და მაინც სიყვარულით სავსე, რომელიც ასეთივე ტანჯვიან სიყვარულს შობს ყველაზე უმადურ მის შვილშიც, როგორც ჩვენი?… – შევყვირებდი ხოლმე შეძრული, მოუთოკავი სიყვარულით, იმ წინანდელი, ჩემი დედამიმიწის სიყვარულით, რომელიც მივატოვე. ჩემ წინ გაიელვა იმ საბრალო გოგონას გამოსახულებამ, რომელსაც ვაწყენინე.
– ყველაფერს იხილავ. – მიპასუხა თანამგზავრმა და სევდა შევნიშნე მის სიტყვაში.
მაგრამ ჩვენ სწრაფად ვუახლოვდებოდით პლანეტას. ის თანდათან იზრდებოდა, უკვე ვარჩევდი ოკეანეებს, ევროპის გამოსახულებას და უცებ, უცნაური, დიდი გრძნობით, წმინდა ეჭვიანობით აღივსო გული: „როგორ შეიძლება ამდაგვარი განმეორება და რისთვის? მე მიყვარს, მე შემიძლია მხოლოდ ის მიწა მიყვარდეს, რომელიც დავტოვე, რომელზეც დარჩა ჩემი სისხლის წვეთები, როდესაც მე უმადურმა, გულში ტყვია დავიხალე და ცხოვრება მოვისპე. მაგრამ არასოდეს, არასოდეს შემიწყვეტია იმ დედამიწის სიყვარული, იმ ღამითაც კი, როდესაც ვეთხოვებოდი მას, შეიძლება უფრო მეტი ტანჯვით მიყვარდა, ვიდრე ოდესმე. არის თუ არა ტანჯვა ამ ახალ პლანეტაზე? ჩვენს პლანეტაზე ჭეშმარიტად მხოლოდ ტანჯვაში შეგვიძლია გვიყვარდეს! რადგან სხვაგვარად არ შეგვიძლია გვიყვარდეს და არ ვცნობთ სხვა სიყვარულს. მე მინდა ტანჯვა, რათა მიყვარდეს. მე მინდა, მე მწყურია, ყოველ წამს, ყოველ წუთს ვკოცნო, ცრემლების ღვრით ვკოცნო მხოლოდ ის ერთი დედამიწა, რომელიც დავტოვე და არ მინდა, არ ვიღებ ცხოვრებას ნებისმიერ სხვა პლანეტაზე!…“
მაგრამ ჩემმა თანამგზავრმა უკვე მიმატოვა. უცებ, ჩემგანვე შეუმჩნევლად ვიდექი ამ სხვა მიწაზე, მზიან, სამოთხესავით ნათელ დღეს. ვიდექი ვფიქრობ ერთ-ერთ იმ კუნუძლთაგანზე, რომელისგანაც შესდგება საბერძნეთის არქიპელაგი ან რომელიმე მიწაზე, რომელიც ახლოსაა ამ არქიპელაგთან. ო, ყველაფერი ზუსტად იგივე იყო როგორც ჩვენთანაა, მაგრამ ყველგან ეფინა რაღაც საზეიმო, დიდებული, საბოლოოდ მიღწეული დღესასწაულის სხივები. მოლივლივე, აუღელვებელი ზღვა ნელა ეკვროდა ნაპირს და ასველებდა ცოცხალი, ხილვადი და თითქმის შეგნებული სიყვარულით. მაღალი, ლამაზი ხეები მთელი მათი სიდიადით, მრავალფეროვნად იდგა და მათი ურიცხვი ფოთლები დარწმუნებული ვიყავი მესალმებოდნენ ჩუმი, მოფერებითი შრიალით და თითქოს სიტყვებსაც წარმოთქვამდნენ ჩემთვის სიყვარულის გასაზიარებლად. მინდორი გადაპენტილი იყო სურნელოვანი ყვავილებით. ჩიტები სიხარულიდ დაფრინავდნენ ხიდან ხეზე და უშიშრად მაჯდებოდნენ ხელზე, მხრებზე და სიხარულით მეხებოდნენ თავიანთი პატარა, ლამაზი ფრთებით. და უცებ, ვნახე და ვიცანი ადამიანები ამ ბედნიერი მიწიდან. ისინი თავად მოვიდნენ, წრეში მომაქციეს, მკოცნიდნენ. მზის შვილები, შვილები საკუთარი მზის. – ო, რაოდენ მშვენიერნი იყვნენ! არასოდეს მინახავს ჩვენს მიწაზე ასეთი სილამაზე ადამიანში. მხოლოდ ჩვენს ბავშვებში, თავიანთი ასაკის პირველ წლებში შეიძლებოდა შეგემჩნია შორეული, მაგრამ მსგავსი სილამაზე. ამ ბედნიერი ადამიანების თვალები შუქით ბრწყინავდნენ. მათი სახე ანათებდა ცოდნით და რაღაც შეცნობილის შეგრძნებით, რომელიც მათ სახეს მშვიდს ხდიდა, მაგრამ ეს სახეები მხიარულნი იყვნენ; მათ ხმაში და სიტყვებში ბავშვური სიხარული ისმოდა. ო, მე იმწუთასვე, მათი დანახვისთანავე მივხვდი ყველაფერს! ეს იყო დედამიწა, რომელიც არ წაბილწულა დაცემული ცოდვით, მასზე ცხოვრობდა ხალხი, რომელთაც არ შეუცოდავთ, ცხოვრობდნენ ისეთივე მიწაზე, რომელზეც ჩვენი პირველი ადამიანები ცხოვრობდნენ შეცოდებამდე. ეს ადამიანები სიხარულით მეკვროდნენ და მეფერებოდნენ, ყოველ მათგანს უნდოდა დავემშვიდებინე. ო, ისინი არ მეკითხებოდნენ არაფერს, მაგრამ ყველაფერი ისედაც იცოდნენ, ასე მეჩვენებოდა და მათ სურდათ ჩემი სახიდან ტანჯვა მოეცილებინათ.

IV



ხედავთ, ისევ და ისევ: თუნდაც ეს სიზმარი იყო! მაგრამ ამ უცოდველი ადამიანების სიყვარულის შეგრძნება ჩემში საუკუნოდ დარჩა, და მე ვგრძნობ, რომ მათი სიყვარული იქიდან აქ მეღვრება. მე ვნახე ისინი, თვითონ, ისინი: შევიცანი და დავრწმუნდი, რომ მიყვარდა ისინი, ვიტანჯებოდი მათ გამო შემდგომში. ო, მაშინვე მივხვდი, რომ ბევრ რამეში სრულიად ვერ გავუგებდი მათ, მე, თანამედროვე რუსი პროგრესისტი და მოღუშული პეტერბურგელი, ამოუხსნელად მეჩვენებოდა მაგალითად ის, რომ მათ ამდენი რამის მცოდნეებს, არ აქვთ ჩვენი მეცნიერება. მაგრამ მივხვდი, რომ მათი ცოდნა სხვაგვარი სიღრმის იყო, ვიდრე ჩვენთან, მიწაზეა და მათი მიზნებიც სრულიად სხვაგვარი იყო. მათ არ სურდათ არაფერი და იყვნენ მშვიდად, არ იღწვოდნენ ცხოვრების შესაცნობად ისე, როგორც ჩვენ ვცდილობთ გავიაზროთ ის, რადგან მათი ცხოვრება შემდგარი იყო. მაგრამ მათი ცოდნა იყო უფრო ღრმა და ამაღლებული, ვიდრე ჩვენი მეცნიერების; რადგან ჩვენი მეცნიერება ეძებს ცხოვრების ახსნას, იღწვის მის შესაცნობად, რათა სხვებს ასწავლოს ცხოვრება; მათ ხომ მეცნიერების გარეშეც იცოდნენ, როგორ ეცხოვრათ და მე ამას მივხვდი, თუმცა, არ შემეძლო გამეგო მათი ცოდნა. ისინი მიმითითებდნენ თავიანთ ხეებზე და მე ვერ ვხვდებოდი ამ საფეხურს სიყვარულისას, რომლითაც ისინი უყურებდნენ ხეებს: ისინი უეჭველად საუბრობდნენ თავიანთ მსგავს არსებებთან. და იცით, მე შეიძლება არც შევცდები თუ ვიტყვი, რომ ისინი საუბრობდნენ მათთან! დიახ, მათ იპოვეს ხეების ენა და დარწმუნდნენ, რომ მათ ერთმანეთის ესმოდათ. ამდაგვარად უყურებდნენ ისინი მთელს ბუნებას – ცხოველებს, რომლებიც მათთან ერთად მშვიდობიანად ცხოვრობდნენ, თავს არ ესხმოდნენ და უყვარდათ ისინი, გამარჯვებულთ, თავიანთივე სიყვარულით. ისინი მიმითითებდნენ ვარსკვლავებზე და მესაუბრებოდნენ რაღაც ისეთზე, რაც არ მესმოდა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ მათ რაღაცნაირად აუხსნელად შეეძლოთ შეხებოდნენ ვარსკვლავებს, არა მხოლოდ აზრით , არამედ რაღაც ცოცხალი გზითაც. ო, ეს ხალხი არც ცდილობდა, რომ მე გამეგო მათი, მათ ამის გარეშეც ვუყვარდი, მაგრამ ვიცოდი ისიც, რომ ვერასოდეს გამიგებდნენ და ამიტომაც თითქმის არ ვესაუბრებოდი ჩვენი მიწის შესახებ. მე მხოლოდ ვკოცნიდი მათ წინაშე იმ მიწას, რომელზეც ცხოვრობდნენ და უსიტყვოდ ვაღმერთებდი მათ, ხედავდნენ ამას და საკუთარ თავს იმის უფლებას აძლევდნენ, რომ გამეღმერთებინა, მაგრამ დარცხვენით, რადგან ვაღმერთებდი მათ, ვისაც უფრო მეტად ვუყვარდი. ისინი არ იტანჯებოდნენ, როდესაც აცრემლებული, ხანდახან ფეხებს ვუკოცნიდი გულში იმ სიხარულის ცოდნით, რომ იგივე ძალის სიყვარულით მიპასუხებდნენ. ზოგჯერ გაკვირვებით ვეკითხებოდი ჩემს თავს, როგორ შეეძლოთ მათ შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ ჩემისთანა არსებისთვის, ერთხელაც არ აღძვროდათ ჩემდამი ეჭვის და შურის გრძნობა? ბევრჯერ ვკითხე ჩემს თავს: როგორ მოვახერხე მე, მოტრაბახემ და მატყუარამ, რომ არც კი მილაპარაკია მათთან ჩემს მიღწევებზე, რომლებზეც მათ რა თქმა უნდა, წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ არ მომსურვებია მათი გაკვირვება ან იქნებ მხოლოდ მათი სიყვარულის გამო? ისინი ცოცხლები და მხიარულნი იყვნენ, როგორც ბავშვები. დადიოდნენ თავიანთ ულამაზეს მინდვრებსა და ტყეებში, მღეროდნენ თავიანთ ულამაზეს სიმღერებს, საზრდოობდნენ მსუბუქი საკვებით, თავიანთი ხეების ნაყოფით, თავიანთი ტყის თაფლითა და საყვარელი ცხოველების რძით. საკვებისა და ტანსაცმლისთვის ცოტას შრომობდნენ; ჰქონდათ სიყვარული და იბადებოდნენ ბავშვები, მაგრამ მათში არასოდეს შემიმჩნევია იმ ცხოველური სიტკბოსმოყვარეობის მოზღვავება, რომელიც თითქმის ყოველ ჩვენგანს ფარავს ჩვენს მიწაზე და რომელიც თითქმის ყველა ცოდვის წყაროს ემსახურება კაცობრიობაში. ისინი შეჰხაროდნენ შვილებს, როგორც ახალ მონაწილეებს მათ ნეტარებაში. მათ შორის არ იყო კამათი და ეჭვიანობა და არც კი ესმოდათ თუ რას ნიშნავდა ეს. მათი შვილები ყველას შვილები იყვნენ, რადგან ერთად შეადგენდნენ ერთ ოჯახს. მათ შორის თითქმის არ იყო ავადმყოფობა თუმცა იყო სიკვდილი; მაგრამ მათი მოხუცნი კვდებოდნენ ჩუმად, თითქოს დაძინებასავით, გარსშემორტყმული გამოსათხოვრად მისული ხალხის თანხლებით, რომელსაც ლოცავდა, უღიმოდა და ასე, ნათელი ღიმილით აცილებდნენ. გლოვა, ცრემლები ამ დროს არ მინახავს, იყო აღმაფრენამდე მისული სიყვარული, მაგრამ გაოცებამდე წყნარი, სიმშვიდეში ცეცხლად ქცეული. შეიძლებოდა გეფიქრა, რომ ისინი გარდაცვლილს სიკვდილის შემდეგაც ეხებოდნენ და რომ მიწიერება მათ ამაში ხელს არ უშლიდა, რომ სიკვდილით არ წყდებოდა მათი კონტაქტი. მათ თითქმის არ ესმოდათ ჩემი, როდესაც სამუდამო სიცოცხლეზე ვეკითხებოდი, მაგრამ ჩანდა, რომ ამაში იმდენად იყვნენ დარწმუნებულნი, რომ კითხვად არ აღიქვამდნენ. მათ არ ჰქონდათ ტაძარი, მაგრამ ჰქონდათ იდეალური, გამორჩეული ერთობა მთელს სამყაროსთან, მათ არ ჰქონდათ რწმენა, მაგრამ ჰქონდათ მყარი ცოდნა იმისა, რომ როდესაც დასრულდებოდა ნეტარება მიწაზე, მათვისაც და გარდაცვლილთათვისაც კიდევ უფრო გაღრმავებული შეგრძნება იქნებოდა მთელს სამყაროსთან ერთობისა. ისინი ამ მომენტს სიხარულით ელოდნენ, მაგრამ არა სულსწრაფობით, კი არ იტანჯებოდნენ ამის გამო, არამედ უკვე ჰქონდათ მისი შეგრძნება საკუთარ გულებში, რომლის შესახებაც ერთმანეთს ამცნობდნენ. საღამოობით დასაძინებლად წასვლისას ტკბილხმიანი და მწყობრი გუნდების შექმნა უყვარდათ. ამ სიმღერებით ისინი გადმოსცემდნენ მთელ შეგრძნებებს, რაც მიმავალი დღისგან ჰქონდათ მიღებული, ადიდებდნენ და ემშვიდობებოდნენ მას. ადიდებდნენ ბუნებას, მიწას, ზღვას, ტყეებს. მათ უყვარდათ ერთმანეთზე სიმღერების აწყობა და ერთმანეთის ქება, უხაროდათ როგორც ბავშვებს, ეს იყო ყველაზე უბრალო სიმღერები, რომლებიც გულებიდან გადმოიღვრებოდა და ისევ გულებში იღვრებოდა. არა მხოლოდ სიმღერებში, თითქოს მთელს თავიანთ ცხოვრებას სიტკბოებასა და ერთმანეთის სიყვარულში ატარებდნენ. ეს იყო საერთოში გადაზრდილი ერთმანეთის სიყვარული. მათი სხვა საზეიმო და აღმაფრენით ნამღერი სიმღერების საერთოდ არ მესმოდა. სიტყვის გამგონე ვერანაირად ვერ ვახერხებდი მისი მნიშვნელობის გაგებას. ისინი ჩემი ტვინისთვის მიუღწევლად რჩებოდნენ, სამაგიეროდ ჩემი გული მათში აუხსნელად და უფრო და უფრო ღრმად ეფლობოდა. ხშირად ვეუბნებოდი, რომ მე ეს ყოველივე უკვე ვიგრძენი დიდი ხნის წინ, რომ მთელი ეს სიხარული და დიდება იგრძნობოდა ჯერ კიდევ ჩემს მიწაზე, მყვირალა ტანჯვაში, მაშინ, როდესაც გარდაუვალ გლოვას ვუახლოვდებოდი; რომ მე წინასწარ ვიგრძენი ისინი ყველა თავიანთი დიდებულებით, ჩემი გულის სიზმრებში და გონების ოცნებებში, რომ მე ხშირად არ შემეძლო მეჭვრიტა მზის ჩასვლისთვის ცრემლების გარეშე… რომ ჩემი სიძულვილი ადამიანების მიმართ ყოველთვის სევდისგან შედგებოდა ჩემს მიწაზე: რატომ არ შემიძლია, რომ მძულდნენ ისინი, როდესაც არ მიყვარდნენ და რატომ არ შემეძლო არ მეპატიებინა მათთვის და არ მყვარებოდნენ სევდით: რატომ არ შემიძლია მიყვარდნენ ისინი მათ მიმართ სიძულვილში? მისმენდნენ და ვიცოდი, ვერ წარმოიდეგნდნენ იმას, რასაც მე ვეუბნებოდი, მაგრამ არ ვნანობდი, რომ მათ ამას ვეუბნებოდი: ვიცოდი, რომ მათ ესმოდათ მთელი ჩემი სევდა მათ მიმართ, ვინც მივატოვე. დიახ, როდესაც ისინი მიცქერდნენ თავიანთი ჭკვიანი, სიყვარულით სავსე გამჭოლი თვალებით, როდსაც ვგრძნობდი, რომ მათთან ყოფნით ჩემი გულიც იგივე უსაზღვრო სიყვარულით ივსებოდა, როგორც მათ გულები, მაშინ არ ვნანობდი, რომ მათი არ მესმოდა. ცხოვრების სისრულის შეგრძნებისგან სული მევსებოდა და ჩუმად ვლოცულობდი მათთვის.ო, ყველანი იცინიან ჩემს თვალში და მარწმუნებენ, რომ სიზმარშიც კი შეუძლებელია ნახო ასეთი დაწვრილებით ყველაფერი, რასაც მე გადმოვცემ, რომ ჩემს სიზმარში მე ვიგრძენი ან ვიხილე მხოლოდ გრძნობა, ჩემი გულის ბოდვაში დაუფლებული, დეტალები კი თვითონ მოვიდა თავში გამოღვიძებისთანავე. როდესაც მათ გავუმხილე, რომ სინამდვილეშიც შეიძლებოდა ასეთ ყოფილიყო – ღმერთო ჩემო, როგორი ხარხარი დაიწყეს და რაოდენ დიდი მხიარულება მივიღე! ო, დიახ, მე ვიყავი დამარცხებული მხოლოდ იმ ერთი სიზმრით და მხოლოდ ის გადარჩა სისხლამდე დაჭრილ ჩემს გულში: მაგრამ სინამდვილეში ჩემი სიზმრის სახეები და ფორმები, ანუ ისნინი, რომლებიც მე სინამდვილედ ვიხილე ჩემს სიზმარში, იმდენად ამაღლებული იყო, იმხელა ჰარმონიამდე, რომ გამოღვიძებულს მათი გადმოცემა უბრალო, ადამიანური სიტყვებით არ შემეძლო. ასე, რომ ისინი უნდა ჩამეხშო გონებაში და იქნებ, შეიძლება ნამდვილადაც – მე თვითონ, გაუცნობიერებლად ვალდებული ვიყავი, გამესუფთავებინა დეტალები და რა თქმა უნდა მათი წარმოთქმით, განსაკუთრებით ასეთი ვნებიან სურვილის დროს, რათა რაც შეიძლება უცებ და სრულად გამომეხატა. თან როგორ არ უნდა მჯეროდეს რომ ეს ყველაფერი იყო? თუნდაც სიზმარი იყოს, მაგრამ ამ ყველაფერს არ შეეძლო რომ არ ყოფილიყო. იცით რა, საიდუმლოდ გეტყვით: ეს ყველაფერი შესაძლოა არც იყო სიზმარი, რადგან აქ მოხდა რაღაც ისეთ, რაღაც ისეთი საშინლად ჭეშმარიტი, რომ შეუძლებელი იყო სიზმარში მენახა. თუნდაც სიზმარი შეექმნა ჩემს გულს, განა მხოლოდ გულს ძალუძდა შეექმნა ის საშნელი სიმართლე, რომელიც მე შემემთხვა შემდეგ? როგორ შემეძლო მხოლოდ მე, ერთს გამომეგონებინა გულით? ნუთუ ჩემს მოკლე გულსა და წუწუნა, უბადრუკ გონებას შეეძლო ავეტაცე სიმართლის ამხელა სიმაღლეზე! ო, თვითონ განსაჯეთ: აქამდე ვმალავდი, მაგრამ ამჯერად ბოლომდე ვიტყვი სიმართლეს. საქმე იმაშია რომ მე… გავრყვენი ისინი ყველა!

V



დიახ, დიახ, დასრულდა იმით, რომ მე გავრყვენი ისინი! როგორ შეიძლებოდა ეს რომ მოხდარიყო – არ ვიცი, ცხადად არ მახსოვს. სიზმარმა გადაიფრინა ათასწლეულებში და დამიტოვა მხოლოდ მთლიანობის შეგრძნება. ვიცი, რომ ცოდვით დაცემის მიზეზი მე ვიყავი. როგორც საზიზღარი ჭია, როგორც ჭირის ატომი, რომელმაც მოწამლა მთელი სახელმწიფოები, ასევე მოვწამლე მთელი ის მიწა, ჩემამდე უცოდველი და ბედნიერი. მათ ისწავლეს ტყუილი, შეიყვარეს სიცრუე და შეიცნეს მისი სილამაზე. ო, შესაძლოა ეს უნებურად დაიწყო, ხუმრობიდან, სასიყვარულო თამაშიდან, მართლაც შეიძლება ატომიდან, მაგრამ ეს სიცრუის ატომი მათ გულებში შევიდა და მოეწონათ. შემდეგ მალევე იშვა სიტკბოსმოყვარეობა, რომელმაც შვა ეჭვიანობა, ეჭვიანობამ – სისასტიკე… ო, არ ვიცი, არ მახსოვს, მაგრამ მალევე, ძალიან მალე გადმოწვეთა სისხლმა: მათ გაიკვირვეს, შეეშინდათ და დაშლა დაიწყეს, მთლიანისგან გადიოდნენ. იქმნებოდა ერთობები, მაგრამ უკვე ერთმანეთის საწინააღმდეგოდ. დაიწყო დაცინვა, გამოკეტვა. გრძნობდნენ სირცხვილს და სირცხვილი სიკეთედ აღამაღლეს. იშვა წოდების საკითხი და ყოველ ერთობაში შეიქმნა თავისი ცოდნა. დაიწყეს ცხოველების წამება და ცხოველები ტყეში გაიქცნენ, მათ მტრებად იქცნენ. დაიწყო ბრძოლა განცალკევებაზე, ჩამოყალიბებაზე, პიროვნებაზე, ჩემსაზე და შენსაზე. დაიწყეს სხვადასხვა ენებზე საუბარი. შეიცნეს გლოვა და ამავე დროს შეიყვარეს იგი. სწყუროდათ ტანჯვა და ამბობდნენ, რომ ჭეშმარიტება ტანჯვით მოიპოვება. მაშინ მათ გამოეცხადათ მეცნიერება. როდესაც ბოროტებად იქცნენ, მაშინ დაიწყეს ლაპარაკი ძმობასა და ჰუმანურობაზე, გაიგეს ეს იდეები. როდესაც დამნაშავეებად იქცნენ, გამოიგონეს სამართალი და საკუთარ თავს მთელი კოდექსები მიაწერეს, რათა დაიცვან ის, ხოლო კოდექსის უზრუნველსაყოფად დადგეს გელიოტინა, ისინი მხოლოდ ოდნავ ხვდებოდნენ თუ რა დაკარგეს, არ სურდათ ამის გაგება, რომ ოდესღაც უმანკონი და ბედნიერნი იყვნენ. იცინოდნენ თუნდაც იმის შესაძლებლობაზე, რომ ასეთი ბედნიერება იქნებოდა და მას ოცნებას არქმევდნენ. არ შეეძლოთ წარმოედგინათ ის ფორმასა და სახეში, მაგრამ უცნაური და ჯადოსნური საქმეა: ყოველგვარი რწმენის დაკარგვის შემდეგ, ყოფილი ბედნიერების ოცნებად შერაცხვისას, მათ იმდენად მოუნდათ ყოფილიყვნენ ისევ უმანკონი და ბედნიერნი, რომ საკუთარი გულის სურვილის წინაშე დაემხნენ როგორც ბავშვები, გააღმერთეს ეს სურვილი, ააგეს ტაძრები და დაიწყეს საკუთარი იდეის მიმართ ლოცვა, საკუთარი „სურვილის“ მიმართ, ამავე დროს სრულებით სწამდათ მისი არასრულების და არარსებობის, მაგრამ ცრემლებით აღმერთებდნენ და ემორჩილებოდნენ. თუმცა კი, თუ შეიძლებოდა, რომ ასეც მომხდარიყო, რომ შეძლებოდათ აღედგინათ საკუთარი წარსული ბედნიერება ან ვინმეს ხელახლა ენახებინა მათი წინა მდგომარეობა და ეკითხა სურდათ თუ არა უკან დაბრუნება, – მაშინ ალბათ უარს განაცხადებდნენ. მათ მე მიპასუხეს: „თუნდაც ჩვენ ცრუნი ვართ, ბოროტები და უსამართლონი, ჩვენ ისიც ვიცით, რომ ვტირით ამის გამო, საკუთარ თავს ვტანჯავთ და ვანადგურებთ, ვსჯით საკუთარ არსებას მეტად, ვიდრე შეგვიძლია და ამასვე ვუშვრებით იმ მოწყალე მსაჯულს, რომელიც განგვსჯის და რომლის სახელიც უცნობია ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ გვაქვს მეცნიერება და ამით ისევ აღმოვაჩენთ ჭეშმარიტებას, მაგრამ მას უკვე შეგნებულად მივიღებთ. ცოდნა გრძნობაზე მაღალია, ცხოვრების შეგნება – ცხოვრებაზე მაღალია.. მეცნიერება მოგვცემს სიბრძნეს, სიბრძნე გახსნის კანონებს, ბედნიერების კანონების ცოდნა კი – ბედნიერებაზე მაღალია“. აი რას ამბობდნე ისინი და ამ სიტყვების შემდეგ თითოეულმა შეიყვარა საკუთარი თავი ყველაზე მეტად და არც კი შეეძლოთ სხვაგვარად მოქცეულიყვნენ. ყოველი მათგანი იმდენად ეჭვიანი გახდა საკუთარი პიროვნების მიმართ, რომ მთელი ძალით ცდილობდნენ მხოლოდ დაემცირებინათ საკუთარი თავი სხვების წინაშე და მთლიანად ამაში აქცევდნენ საკუთარ ცოხვრებას. გაჩნდა მონობა, გაჩნა ასევე ნებითი მონობა: სუსტები ემორჩილებოდნენ უძლიერესთ, რათა ეს უკანასკნელი მათვე დახმარებოდა, მათზე სუსტებზე ზეწოლის მოხდენაში. დნებოდნენ მართალნი, რომელნიც ამ ადამიანებთან აცრემლებულნი მიდიოდნენ და ესაუბრებოდნენ საკუთარ სიამაყეზე, ზომის და ჰარმონიის დაკარგვაზე, დაკარგულ სირცხვილის გრძნობაზე. მათ დასცინოდნენ ან ქვებით ქოლავდნენ. ტაძრების შესასვლელთან წმინდა სისხლი იღვრებოდა. სამაგიეროდ, გამოჩდნენ ადამიანები რომელთაც გამოგონება დაიწყეს: რათა ყველანი ისევ გაეერთიანებინათ, ისე რომ არცერთს არ შეეშალა სხვისთვის ხელი, თან ამავე დროს არ შეეწყვიტა საკუთარი თავის ყველაზე მეტად სიყვარული და ეცხოვრათ ასე, ყველას ერთად, როგორც შეთანხმებულ საზოგადოებას. ამ იდეისთვის მთელი ომები გაიმართა. ყოველ მეომარს სჯეროდა, რომ მეცნიერება სიბრძნეთა სიბრძნეა და რომ მას თვითშენახვის ინსტინქტთან ერთად შეეძლო საზოგადოება ექცია ურთიერთშეთანხმებულ საზოგადოებად, ამის დასაჩქარებლად კი „ბრძენნი“ იღწვოდნენ „ნაკლებადბრძენთა“ გასანადგურებლად, რომელთაც არ ესმოდათ მათი იდეები, იშორებდნენ, რათა ხელი არ შეეშალათ მათ ბატონობაზე. მაგრამ თვითგადარჩენის გრძნობამ მალევე დაიწყო შესუსტება. გამოჩნდნენ ამაყნი და ტკბილმოყვარულნი, რომელთაც პირდაპირ მოითხოვეს ყველაფერი ან არაფერი. ყველაფრის მოსახვეჭად ყაჩაღობას მიმართავდნენ და თუ არ გამოვიდოდა – თვითმკვლელობას უხმობდნენ. გამოჩნდნენ რელიგიები არყოფნის კულტებითა და თვითგანადგურებით, არარაობაში მოსვენებისათვის. ბოლოს და ბოლოს დაიღალა ეს ხალხი უაზრო შრომაში და მათ სახეზე ტკივილი გამოჩნდა. და ამ ადამიანებმა გაახმოვანეს, რომ ტანჯვა არის სილამაზე, რადგან მხოლოდ მასშია აზრი. სიმღერა დაიწყეს ტანჯვაზე. დავდიოდი მათ შორის თითების მტვრევით და ვტიროდი მათ გამო, მაგრამ მიყვარდა ისინი, შესაძლოა უფრო მეტადაც კი, ვიდრე ადრე, როდესაც მათ სახეებზე ჯერ კიდევ არ იყო ტანჯვა და როდესაც უმანკონი და მშვენიერნი იყვნენ. შევიყვარე მათ მიერ შელახული მიწა, იმაზე მეტად, ვიდრე მაშინ, როდესაც ის სამოთხე იყო, იმის გამო, რომ მასზე წარმოიშვა ტკივილი. სამწუხაროდ, მე ყოველთვის მიყვარდა ტკივილი და გლოვა, მაგრამ მხოლოდ ჩემთვის, ჩემთვის… მათზე ვტიროდი მხოლოდ მათივე სიბრალულის გამო. ვიშვერდი მათკენ ხელებს, სასოწარკვეთილი ვიხუტებდი და ვწყევლიდი საკუთარ თავს. ვეუბნებოდი, რომ ყოველივე ეს მე გავაკეთე, მე ერთმა, რომ მე მოვუტანე მათ გარყვნილება, ჭირი და ტყული! ვევედრებოდი, რომ ჯვარზე გავეკარი, მე ვასწავლიდი, როგორ დაეჭედათ ჯვარი. არ შემეძლო, არ ძალმიძდა თავი მომეკლა, მაგრამ მინდოდა მათგან სატანჯველი მიმეღო, მწყუროდა წამება, მწყუროდა, რომ ამ წამებაში დაღვრილიყო ჩემი სისხლი ბოლო წვეთამდე. მაგრამ ისინი დამცინოდნენ და საბოლოოდ ცრუდ ჩამთვალეს. ისინი მამართლებდნენ, ამბობდნენ, რომ მიიღეს ის, რაც უნდოდათ თვითონ და ის, რომ რაც არსებობს ახლა, არ შეიძლებოდა რომ არ არსებულიყო. საბოლოდ განმიცხადეს, რომ მათთვის საშიში ვხდებოდი და რომ საგიჟეთში მომათავსებდნენ თუ არ დავდუმდებოდი. მაშინ გლოვა ჩემს სულში გლოვა აღიძრა ისეთი ძალით, რომ გული შემეკუმშა და ვიგრძენი, რომ მოვკვდებოდი, და აქ… და აქ მე გამომეღვიძა.თენდებოდა, მაგრამ ჯერ ნათელი არ იდგა, დახლოებით ექვსი საათი იქნებოდა. ისევ იმ სავარძელში გავიღვიძე, ჩემი სანთელი ჩამწვარიყო, კაპიტანთან ეძინათ და ირგვლივ ჩვენი სახლისთვის იშვიათი სიჩუმე იდგა. პირველ რიგში უსაზღვრო გაკვირვებისგან წამოვხტი, არასოდეს მომსვლია ამგვარი რამ. არასოდეს არ ჩამძინებია ასე ჩემს სავარძელში. უცაბედად, როდესაც აზრზე მოვდიოდი, ჩემ წინ რევოლვერი შევამჩნიე, მომზადებული, გატენილი, მაგრამ წამშივე გავწიე ჩემგან! ო, აწი ცხოვრება და ცხოვრება! აღვაპრყე ხელები და მოვუწოდე სამუდამო ჭეშმარიტებას; კი არ მოვუხმე, არამედ ავტირდი, აღმაფრენა, შეუცვლელი აღმაფრენა აღამაღლებდა მთელ ჩემს არსებას. დიახ, ცხოვრება და ქადაგება! ო, ქადაგება მე იმ წუთასვე გადავწყვიტე და რა თქმა უნდა მთელი ცხოვრების მანძილზე! მივდივარ საქადაგებლად, მე მინდა ვიქადაგო – რა? ჭეშმარიტება, რადგან მე ვიხილე ის, ვიხილე საკუთარი თვალებით, მთელი მისი სიდიადით!და აი, ამის შემდეგ ვქადაგებ! ამასთანავე, ყველაზე მეტად მიყვარს ის, ვინც დამცინის. რატომაა ასე? – არ ვიცი და არც შემიძლია ავხსნა, მაგრამ დაე, ასე იყოს. ამბობენ, რომ მე უკვე ვცოტავდები და რა იქნება შემდეგ? სიმართლე, ჭეშმარიტება: მე ვიკლებ და შემდეგშიც უფრო უარესად იქნება ალბათ ყველაფერი. და რა თქმა უნდა, რამდენჯერმე შევეცდები, რათა ვიპოვო სწორი სიტყვები და ფორმა ქადაგებისა, ეს ხომ ძალზედ რთულია განსახორციელებლად. მე ამ ყოველივეს დღესავით ნათლად ვხედავ, მაგრამ მითხარით: ვინ არ დასრულებულა! ამავდროულად ყველანი საბოლოოდ ერთთან მიდიან, იღწვიან ერთისკენ – ჭეშმარიტებისკენ, აი სიახლე, ასე რომ ბოლომდე დასრულება არ შემიძლია. რადგან მე ვნახე ჭეშმარიტება, მე ვნახე და ვიცი, რომ ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ მშვენიერნი და ბედნიერნი, მიწაზე ცხოვრების საშუალების დაკარგვის გარეშე. არ მინდა, არ შემიძლია რწმენა იმისა, რომ ადამიანის ჩვეულებრივი მდგომარეობა შეიძლება ბოროტება იყოს. ისინი ხომ ამ ჩემს რწმენაზე იცინიან. მაგრამ როგორ არ მწამდეს: მე ვნახე ჭეშმარიტება – არა თუ გამოვიგონე გონებით, არამედ ვნახე, ვნახე და მისმა ცოცხალმა სახემ ჩემი სული საუკუნოდ აღავსო. მე ვიხილე იგი, ისეთ მთლიანობად შეკრული, რომ არ შემიძლია დავიჯერო, რომ ის ადამიანებს არ შეიძლებოდა ჰქონოდათ. მაშ ასე, როგორღა დავსრულდები? მოვიხრები, რა თქმა უნდა, რამდენჯერმეც კი და კიდეც შეიძლება სხვისი სიტყვებითაც ვილაპარაკო, მაგრამ არა დიდხანს: ცოცხალი სახე იმისა რაც ვნახე, მუდამ ჩემთან იქნება და ყოველთვის შემისწორებს და მიმითითებს. ო, მხნედ ვარ, მე ცოცხალი ვარ, მივდივარ და ვივლი თუნდაც ათასი წელი. იცით, მე თავიდანვე მინდოდა კიდევაც დამემალა ის, რომ გავრყვენი ისინი, მაგრამ ეს იყო შეცდომა – აი პირველი შეცდომაც! მაგრამ ჭეშმარიტებამ ჩამჩურჩულა, რომ ვცრუობ, დამიცვა და სიმართლის გზაზე დამაყენა. მაგრამ როგორ მოვაწყო სამოთხე – არ ვიცი, რადგან არ შემიძლია სიტყვებით გადმოცემა. ჩემი სისზმრის შემდეგ დავკარგე სიტყვა. თანაც ყველა მთავარი სიტყვა აუცილებელია. დაე, წავალ და ყველაფერს ვილაპარაკებ, დაუღალავად, რადგან მე მაინც ვნახე ის, თუმცა გადმოცემა არ შემიძლია თავიდან. აი ამისი არ ესმით სწორედ მათ, ვინც დამცინის: „ სიზმარი, ბოდვა ნახე, ჰალუცინაცია“. ეჰ! ძალზედ ბრძნული არაა? და ისინი ასე ამაყობენ! სიზმარი? რა არის სიზმარი? და ჩვენი ცხოვრება სიზმარი არ არის? მეტსაც ვიტყვი: დაე, დაე, არასოდეს ასრულდეს ეს და არ იყოს სამოთხე (ეს მე კარგად გამეგება) – მაგრამ მე მაინც ვიქადაგებ. ამასობაში რა უბრალოა ამის მოწყობა: ერთ დღეში, ერთ საათში – ყველაფერი უცებ მოეწყობოდა! მთავარია – გიყვარდეს სხვა ისე, როგორც საკუთარი თავი გიყვარს, აი ეს არის მთავარი და მორჩა, მეტი არაფერი არ უნდა: იმწუთასვე ნახავ, როგორ მოეწყობა. თანაც ეს ხომ მხოლოდ ძველი ისტორიაა! „ცხოვრების შეგნება – ცხოვრებაზე მაღალია, ბედნიერების კანონების ცოდნა კი – ბედნიერებაზე მაღალი!“ აი რასთან უნდა იბრძოლო! და ასეც ვიზამ. თუკი ყველანი მხოლოდ მოინდომებენ, ყველაფერი ახლავე მოიწყობა. ის პატარა გოგონა კი მოვძებნე…. და წავალ! წავალ!

თეოდორ დოსტოევსკი

თარგმანი: ირაკლი თორია
რედაქტორი: მიხეილ ჭაბუკაშვილი
წყარო
ორიგინალი