You are currently viewing «სახელმწიფოს მართვა მოსეს კანონმდებლობის მიხედვით»

«სახელმწიფოს მართვა მოსეს კანონმდებლობის მიხედვით»

Download article eBook

   „სახელმწიფოს მართვა მოსეს კანონმდებლობის მიხედვით“  


გიორგი გვასალია
ისტორიის მაგისტრი
თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის ლექტორი 

ისრაელი, რომელიც თორმეტი დამოუკიდებელი ტომისაგან შედგებოდა, წარმოადგენდა ერთგვარ ორგანიზებულ კავშირს, რომელიც თეოკრატიული საწყისებით, პოლიტიკური ინტერესებითა და სისხლისმიერი ნათესაობით იყო გაერთიანებული. ისტორიულად ჩამოყალიბებულ ამ კავშირში ცალკეულ ტომებში არსებული წარმომადგენლობითი მმართველობა ისეთი ფორმის იყო, რომ ეს ტომები ინარჩუნებდნენ რა საკუთარ მმართველობით თავისთავადობას, თავიანთი წარმომადგენლების საშუალებით ხალხის საერთო მართვაშიც იღებდნენ მონაწილეობას. საერთო სახალხო საკითხები ყველა ტომის წარმომადგენელთა კრებაზე წყდებოდა, რომელსაც ყველა თავ-თავის ტომში ირჩევდა. მოსესეული სახელმწიფოს წარმომადგენლობითი სისტემა, ისტორიული მოთხოვნების შესაბამისად, თანდათან ყალიბდებოდა, თუმცა ეს პროცესი ყოველთვის ხალხისათვის მიცემული კანონის ჩარჩოებში თავსდებოდა და სამართლებრივ ნორმებს ექვემდებარებოდა. ამიტომაც ეს სისტემა მჭიდროდ უკავშირდება ერის შინაგან ორგანიზაციას. ერის 12 ტომად დაყოფის შესაბამისად, ერის სათავეში ამ ტომების თითო-თითო წარმომადგენელი იდგა. მათ რიცხვში არ შედის ლევის ტომი, რომელიც თავისი განსაკუთრებული მსახურების გამო მონაწილეობას არ იღებდა ერის პოლიტიკურ ცხოვრებაში.[1] ამ ტომებიდან არჩეულ 12 პირს ეწოდებოდა „წოდებულნი საზოგადოებიდან თავთავის მამათა შტოების თავკაცები, ისრაელის ათასისთავთაგანნი.”[2] თითოეული მათგანი საკუთარ ტომში მთავრის სტატუსით ცხოვრობდა, ხოლო მთელი ერისათვის თავისი ტომის წარმომადგენლის პოზიცია ეკავა. ამ პირთა კრებული პირველ, უმაღლეს კრებულს წარმოადგენდა, რომელიც ერს მართავდა. მათი მოწვევა იმგვარი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად ხდებოდა, რომელიც მთელ ერს ეხებოდა ( რიცხვ. 1, 2-4[3]). ერის წარმომადგენელთა მეორე ჯგუფს 70 რჩეულთა კრებული წარმოადგენდა. მათ შესახებ „რიცხვთა” წიგნშია მოთხრობილი. აქ პირდაპირ არის ნათქვამი, რომ 70 რჩეულის შეკრება უშუალოდ ღვთის მითითებით მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი ცნობილი ბიბლეისტი ამ 70 კაციან კრებულს უშუალოდ მოსეს უახლოეს გარემოცვად მიიჩნევს,[4] ეს მოსაზრება მაინც ვერ გამორიცხავს იმ ვერსიას, რომ ეს კრებული ერისაგან რჩეულებს წარმოადგენდა. შესაძლებელია მოსესთან მათი დაახლოება სწორედ ერისაგან მათი რჩეულობით იყო განპირობებული. ეს 70 კაციანი კრებული მუდმივმოქმედ სენატს წარმოადგენდა, რომელიც მუდამ მოსეს გვერდით იდგა მრჩევლებისა და დამხმარეების სახით. ამგვარი დაწესებულება აბსოლუტურად შეესაბამება მოსეს კანონმდებლობას. უხუცესთა და ერის წარმომადგენელთა თანხმობა და ნდობა, რომელითაც ისინი აღჭურავდნენ მესე რჯულმდებლის მიერ გატარებულ ზომებს, ხალხისათვის დიდი ზნეობრივი და სულიერი მნიშვნელობის უნდა ყოფილიყო. მათ, რომლებიც კარგად იცნობდნენ ხალხს და რომლებმაც კარგად იცოდნენ ხალხის საჭიროება, მათი ინტერესების საუკეთესო გამომხატველი იქნებოდნენ; ეს მხარე კი რჯულმდებელს აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინა სახელმწიფოებრივი მიზნების მისაღწევად.  საბოლოოდ, მესამე და ხალხის ყველაზე მრავალრიცხოვანი წარმომადგენლები იყვნენ ე. წ. „მთავრები” ან „მსაჯულები”. ეს თანამდებობა მოსეს მიერ უდაბნოში, იოთორის რჩევის შედეგად იქნა დაწესებული, რათა მოსესათვის ერის მართვის სიმძიმე შემსუბუქებულიყო. იოთორმა იხილა, რომ მოსე იძულებული იყო დილიდან საღამომდე წვრილმანი საქმეებით დაკავებულიყო და ყველა დეტალს თავად გაცნობოდა, ამ დროს კი შესაძლებელი იყო მოსეს ერისათვის უფრო მნიშვნელოვანი გამორჩენოდა. ამიტომაც იოთორმა მოსეს ურჩია ამოერჩია (ხაზს ვუსვამთ – აერჩია) ღვთისმოშიში, ანგარების მოძულე, მართალი ადამიანები და დაედგინა ერის ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად და ათისთავებად და დაედგინა ისინი. ამგვარი რჩევის შედეგი კი უნდა ყოფილიყო ხალხის საბოლოო მიზნამდე მისვლა, ეს მიზანი კი ქვეყნის შენება გახლდათ. მოსემ დაუჯერა რჩევას. მან ხალხს შესთავაზა ამ საქმის აღსრულება. ხალხმა მოიწონა მოსეს შეთავაზება და მიცემული უფლების თანახმად, აირჩია თავთავიანთ ტომებში ბრძენი, გონიერი და გამოცდილი კაცები (რიცხვ. 1, 5-15). ამ ამორჩეულ ადამიანებს წვრილმანი საქმეები უნდა გაერჩიათ, თუმცა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმის გარჩევა ხდებოდა იერარქიულად მაღალ საფეხურზე მდგარ სხვა მთავრებთან. მმართველობითი ამ ჯგუფის შინაარსის გასაგებად, მნიშვნელოვანია მივმართოთ ერის ბუნებრივ გრადაციას. თუკი პირველი ორი მმართველობითი ორგანო შეესაბამებოდა ტომსა და გვარს, მაშინ ხომ შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ეს მესამე მმართველობითი სისტემა ოჯახს შეესაბამებოდა? მოსეს კანონმდებლობაში ამის შესახებ პირდაპირი მოწმობა არა გვაქვს. ამასთან, მოცემული მმართველობის ათობითი სისტემის მათემატიკური წყობა შეუძლებლად გვისახავს ამ მესამე ჯგუფის წარმომადგენლებში ოჯახის მეთაურები ვიგულისხმოთ. მიუხედავად ყველაფრისა, ეს მესამე მმართველობითი ჯგუფი საკმაოდ ახლოს დგას ერის გარდაციის მესამე ნაწილთან – ოჯახთან. თითოეულ ოჯახს ჰყავდა თავისი წარმომადგენელი, ე. წ. „უხუცესი“, რომელიც აღნიშნული მესამე სისტემის ჩამოყალიბებამდე კონკრეტული ოჯახის საქმეებს განაგებდა ისე, რომ მისი საქმიანობა კანონისაგან რაიმე მოთხოვნით არ იყო განსაზღვრული. ოჯახების სიმრავლის შესაბამისად, ამ უხუცესთა რიცხვიც დიდი იყო. მაგალითად, კორახის აჯანყებაში ასეთი 250 ადამიანი იღებდა მონაწილეობას (რიცხვ. 16, 2.[5]) როდესაც ხალხს შესთავაზეს, აერჩიათ მთავრები, მათ საკუთარი არჩევანი მიმართეს უხუცესების მისამართით, რადგან მიჩვეულნი იყვნენ სწორედ მათში ეხილათ ბრძენი, გონიერი და გამოცდილი კაცები. მოსე ხომ სწორედ ასეთი თვისებებით შემკულთა არჩევას სთავაზობდა მათ! თუკი უხუცესთა რაოდენობა საკმარისი ვერ იქნებოდა იმისათვის, რომ ახალი ადგილები შევსებულიყო, მაშინ ამ ადგილებისათვის ამოირჩევდნენ უბრალო ადამიანებს, რომლებიც გარკვეული თვისებებით იქნებოდნენ შემკულნი[6]. უკვე აღნიშნულიდან კარგად ჩანს, თუ როგორი მწყობრი მმართველობითი სისტემა იქნა შემოღებული მოსეს მიერ. მისი საშუალებით მთელი ერი (ამ სიტყვის თითქმის ბუკვალური გაგებით) მართავდა თავის სახელმწიფოს. ისრაელიანთა მმართველობის ხასიათს უფრო კარგად დავინახავთ, თუ ყურადღებას მიცაქცევთ არჩეული მმართველობითი ორგანოს ფართო დომინირებას. ასეთი სურათი სახეზე იყო მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი თავისი განვითარების ჯერ კიდევ იმ საფეხურზე იდგა, როდესაც გვაროვნული მმართველობა უფრო დომინირებდა, სადაც პიროვნება ფასდებოდა არა თავისი ღირსებებით, არამედ მოცემულ გვარში მოპოვებული მდგომარეობით. მიუხედავად ამისა, ხალხის ცალკეულ ნაწილებს მაინც ღირსეული ადამიანები მართავდნენ და ებრაული სახელმწიფოს ბრძენმა დამფუძნებელმა და კანონმდებელმა შეძლო სწრაფად აეყვანა თავისი ერი განვითარების ახალ საფეხურზე: მან ხალხს საკუთარი წარმომადგენლების არჩევანის აბსოლუტური თავისუფლება მიანიჭა; ამასთან, ეს არჩევანი, აუცილებლოის შემთხვევაში, როგორც ზემოთ უკვე ვნახეთ, გვაროვნული საზღვრების გადალახვასაც ითვალისწინებდა. არჩევა ეხებოდათ არა მარტო დაბალ მმართველობით ორგანოებს, არამედ ტომთა მაღალ მეთაურებსაც. მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს პირდაპირი მოწმობა იმასთან დაკავშირებით, რომ ტომთა წარმომადგენლები არჩევნების შედეგად ინიშნებოდნენ, მათი დასახელება წოდებულნი საზოგადოებიდან (რიცხვ. 1, 16[7] სწორედ ამას გვავარაუდებინებს. აქ მოყვანილი სიტყვა „წოდებულნი,” ნიშნავს არა მარტო ხარისხობრივად უკეთესს, როგორც ეს ასახულია ვულგატაში (ნობილისსიმი), სირიულ თარგმანში (პრაეცლერისსიმი), არაბულ თარგმანში (ნომინალისსიმი), არამედ – გამორჩეულს, ამ სიტყვის საკუთრივი მნიშვნელობით, როგორც ეს გვხვდება სეპტუაგინტაში (ე პი/კლჰტოი), ონკელოსის თარგუმში (ნუნცუპატი) ანუ ებრაულ-სამარიულ ტექსტში – დეპუტატი ა ცონგრეგატიონე. ბიბლიაში არც 70 უხუცესის არჩევის შესახებ არის ცხადად ნათქვამი, რომლებიც მმართველობით მეორე ჯგუფს წარმოადგენდნენ. შესაძლებელია, ხალხის მიერ არჩევა იმდენად ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმებოდა, რომ მის შესახებ აღნიშვნა აღარ იყო საჭირო (რიცხვ. 11, 16-17[8]). სწორედ ამის მსგავსად არის აღწერილი მცირე თავკაცთა არჩევაც. ახალი თანამდებობის პირის დანიშვნის შესახებ თხრობისას არაფერია ნათქვამი ხალხის მიერ მათი არჩევის შესახებ. პირიქით, გამორჩევა თუ დანიშვნა მხოლოდ მოსეს ინიციატივას მიეწერება (გამოს. 18, 25[9]), როგორც ეს 70 უხუცესის ამორჩევის დროს მოხდა. თუმცა, მეორე რჯულის წიგნის I, 13-ში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ თავკაცების არჩევა ხალხის მიერ უნდა მოხდეს[10]. ყოველ შემთხვევაში, თუკი მოსეს პირადად, ხალხის არჩევანის გარეშე ნიშნავდა გარკვეულ ადამიანებს თანამდებობებზე, ამ არჩევანის მართებულობა უკვე იმით იყო განპირობებული, რომ ისინი მოსეს მიერ უხუცესთაგან და რჩეულთაგან იყვნენ გამორჩეულნი. ასეთი მდგომარეობა კი მათ, უდავოა, ხალხისაგან ჰქონდათ მიღებული. „ამოირჩიეთ თითოეული შტოდან ბრძენი, გაგებული და გამოცდილი კაცები და თავკაცებად დაგიყენებთ” – ეუბნება მოსე ხალხს. თვითონ მოსეს შეეძლო მხოლოდ ამორჩეულთა დანიშვნა თანამდებობებზე. ის თითქოსდა გაკეთებულ არჩევანს ამტკიცებდა.  ამგვარია მოსეს სახელმწიფოს მმართველობითი სისტემა. ამ მწყობრ სისტემაში ორი მთავარი პირობაა დაცული, რომელიც აუცილებელია ერის ორგანიზმის ნორმალური განვითარებისათვის: 1) ერთი მთლიანის სიმტკიცე და ერთობა და 2) მისი ცალკეული ნაწილების თავისთავადობა.  ერის ორგანიზმის ცალკეული ნაწილების თავისთავადობა განპირობებული იყო როგორც თავისი წარმოშობის, ასევე ერთმანეთისაგან მკაცრი გამიჯვნის კვალობაზე. ცალკე თითოეული ტომი ერთგვარ დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენდა, რომელსაც თავისი გამოკვეთილი მთავრობა, თავისი განსაკუთრებული საზოგადოებრივი ცხოვრება და თავისთვის  დამახასიათებელი ურთიერთობები და ინტერესები გააჩნდა. მის თავში იდგა ტომის მმართველი, რომელიც ხალხის მიერ იყო არჩეული (რიცხვ. 1, 4,16[11]). ტომის ეს მმართველი დამოუკიდებელი მთავარი იყო თავისი დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულისა, თუმცა, იმდენად, რამდენადაც ტომის მმართველი არჩეული იყო და ტომის ქვედა მმართველობითი ორგანოების წინაშე იდგა, მისი ძალაუფლება შეზღუდული იყო: ის ტომს მართავდა როგორც მისგან არჩეული და არა როგორც ამ ტომის თვითუფლებრივი მფლობელი. მისი ძალაუფლება ტომის უხუცესთა მიერ იზღუდებოდა, რომლებიც გვარებისა და ოჯახების მმართველობით ორგანოებს წარმოადგენდნენ. ამდენად, თითოეული ტომის მართვა ხდებოდა მისი ყველა ნაწილის წარმომადგენლის მიერ – გვარებისა და ოჯახების უხუცესებისა და ათობითი სისტემის მმართველების, ანუ ათასისთავების, ასსისთავებისა და ათისთავების მიერ. ყველა ერთად ტომის სახალხო კრებულს წარმოადგენდა, რომელსაც ტომის მეთაური ხელმძღვანელობდა[12]. ამგვარი კრება განაგებდა იმ საქმეებს, რომლებიც მათ ტომს ეხებოდა, ამ კუთხით ტომს აბსოლუტური დამოუკიდებლობა ჰქონდა მინიჭებული. ჩვენ ისტორიაში რამდენიმე მაგალითი გვხვდება იმასთან დაკავშირებით, რომ ტომის საერთო კრება გარშემო მყოფ ხალხებთან მიმართებაში თავისი ტომის საომარ საკითხებს წყვატდა და ზოგადად, მათთან ურთიერთობის საკითხებს განიხილავდა. ასე მაგალითად, როდესაც ეფრემისა და მანასეს ტომის დეპუტატებმა (ძენი იოსებისანი) იესო  ნავეს-ძეს მიმართეს, რომ მათთვის გამოყოფილი სამკვიდრო საკმარისი არ იყო, მან ამ დეპუტატაციას მიუგო, რომ მათ თავად მოეპოვებინათ თავიანთთვის მიწები მეზობელი ხალხების დაპყრობის საშუალებით (იესო. 17, 14-18[13]). ცალკეული ტომების მიერ დამოუკიდებლად ომის წარმოების მაგალითებს ვხვდებით სხვაგანაც: აღმოსავლეთ იორდანის ნაპირებზე დასახლებულმა ტომებმა, საულის მეფობის პერიოდშიც კი დამოუკიდებლად აწარმოეს მნიშვნელოვანი ომი; სხვა ტომები ამ ომში არ მონაწილეობდნენ, მხოლოდ მიეხმარნენ მათ მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში. შესაძლებელია ვიგულისხმოთ, რომ ეს დახმარება იმ სახით იყო გამოხატული, როგორც ერთი სახელმწიფო ეხმარება მეორეს. 1 ნეშტთა წიგნში მოთხრობილია ომის შესახებ, რომელსაც მარტო სიმონის ტომი აწარმოებდა (I ნეშტ. 4, 41-43[14]).  ამდენად, 12 დამოკიდებელი პოლიტიკური ერთეული შეადგენდა ერთ სახელმწიფოს, ერთ საერთო სახალხო ორგანისმს. ამ თავისუფალ კრებულთა ერთობას მტკიცე საფუძველი გააჩნდა როგორც ნათესაობითი კავშირის, ასევე ერთად გადატანილი საკმაოდ მდიდარი მოგონებების სახით: მათ ერთად გადაიტანეს მონობა და ერთად მიიღეს თავისუფლება. მათი უზენაესი დამაკავშირებელი თეოკრატიული პრინციპი გახლდათ, რომელიც თანახმადაც ყველა ტომი „უფლის სამეფოდ,” ღვთის ერთ ერად იქცა. ღმერთმა სწორედ მათთან დადო აღთქმა, რომელიც ყველა ტომს ერთიდაიგივე მოვალეობას აკისრებდა და ერთსა და იმავე უფლებებს აძლევდა, კრავდა მათ ერთიანი სულიერი და მატერიალური ინტერესებით. ყველა ამ პირობის კვალობაზე, რომლითაც ერთიანობის შეგნებას ეფუძნებოდა, ისრაელის ერი, მიუხედავად მის ცალკეულ ნაწილებში არაჩვეულებრივად განვითარებული დამოუკიდებლობისა, ყოველთვის აცნობიერებდა თავის ერთობას და ყოველთვის ცოცხლად რეაგირებდა იმ მოვლენების მისამართით, რომელსაც არა მხოლოდ ერთიან ქვეყანას, არამედ ცალკეული ტომებსაც ეხებოდა. ასე მაგალითად, ეფრემის ტომი გულდაწყვეტილი იყო იმით, რომ იორდანის აღმოსავლეთ სანაპიროზე არსებულმა ტომებმა ამონიტელთა წინააღმდეგ ისე აწარმოეს ომი, რომ ეფრემის ტომისათვის არ მიუმართავთ (მსჯ. 8,1; 12,1-3[15]). ყველა ტომისათვის საერთო დამაკავშირებელი ელემენტი სახალხო კრება იყო, რომელიც მთელი ერისათვის საჭირობოროტო საკითხების გადასაწყვეტად იკრიბებოდა.  სახალხო კრებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა თეოკრატიულ სახელმწიფოში. ის ხალხის ნების უზენაესი გამომხატველი გახლდათ და ძლიერ კარგად შეესაბამებოდა სახალხო ორგანიზმის ძირითად წყობას. მოსეს სახელმწიფო, როგორც ზემოთ იყო ნაჩვენები, დამოუკიდებლად მცხოვრები ელემენტების ერთობისაგან შედგებოდა, რომლებიც დამოუკიდებლადვე წყვეტდნენ საკუთარ საქმეებს. იყო ისეთი საქმეებიც, რომლებიც ერთდროულად ყველა ტომს ეხებოდა და შესაბამისად მისი გადაწყვეტა ყველას, მთელი ერის მიერ იყო საჭირო. იმისათვის რომ ასეთი საკითხი გადაწყვეტილიყო, აუცილებელი იყო ყველა ტომის ნების ცოდნა, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მათ მოცემული საკითხისადმი; სხვაგვარად რომ ვთქვათ, უნდა სცოდნოდათ ერის ნება. სწორედ ამ ნების გამომხატველი იყო სახალხო კრება. რჯულში ამ კრების იურიდიული განსაზღვრება არა გვაქვს: ის ებრაელი ხალხისათვის იმდენად ბუნებრივი იყო, რომ მსგავს განსაზღვრებას არ საჭიროებდა. კანონი ამ კრებას აბსოლუტურად უტოვებდა იმ უფლებებს, რაც მისთვის ტრადიციულად იყო განკუთვნილი. კანონი მხოლოდ კრების წევრების მოწვევას არეგულირებდა (რიცხვ. 10, 1-4[16])  სახელმწიფოს მმართველობის ზემოთ განხილული მაგალითებიდან აშკარად ჩანს, რომ ერს ყველა საშუალება ჰქონდა მიცემული თავისუფალი პოლიტიკური განვითარებისათვის. საერთო სახალხო კრებულის სახით, რომელსაც უზენაესი სახელმწიფოებრივი და იურიდიული მნიშვნელობა ენიჭება, თვითონ ერი წარმოდგება და ისე რომ არ არის შეზღუდული გარეშე ძალთაგან, დამოუკიდებლად წყვეტს საკუთარ პოლიტიკურ ხვედრს. აღნიშნული თვითმმართველობითი სისტემა იმდენად იყო ფესვგადგმული ისრაელიანთა შორის, რომ ნებისმიერი სხვა მმართველობითი სისტემა წარმოადგენდა მხოლოდ ერის მმართველობის გარეგნულ მხარეს, შინაარსობრივად კი ერის მართვის ყველა ფორმა აღნიშნული სისტემის არსს იზიარებდა და ითვალისწინებდა. იქნებოდა მსაჯულთა თუ მონარქთა ხანა, თვითმმართველობა იურიდიულად ძალმოსილი რჩებოდა და თუ ეს მმართველობა რაიმე ფორმით იზღუდებოდა, ამისი უწინარესი მიზეზი იყო არა სახელმწიფო მმართველობითი სისტემის პროტესტი ერის თვითმმართველობისადმი, არამედ თვითონ თვითმმართველობით სისტემაში ხელისუფლების ბოროტად გამოყენება. ამასთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესი მოვლენაა აღწერილი იესო ნავეს-ძის წიგნში. აქ ვკითხულობთ, რომ გაბაონელებს სურთ მოატყუონ ისრაელის ერის წინამძღვარი და ამ გზით დადონ მათთან მშვიდობიანი ხელშეკრულება. აი, ამ ადგილას, ვკითხულობთ, რომ გაბაონელები „მივიდნენ იესოსთან გილგალის ბანაკში და მოახსენეს მას და მთელს ისრაელობას“ (იესო. 9, 6); გაბაონელებსაც პასუხს „ისრაელიანები” აძლევენ[17]. ამის შემდეგ ხელშეკრულებას დებს უშუალოდ იესო ნავეს-ძე და თავკაცები (იესო. 9, 15[18]). როდესაც გაბაონელების სიცრუე გაცხადდა, მაშინ უკვე თავკაცებს მთელი საზოგადოება უპირისპირდება. აქ აშკარად ვხედავთ, რომ კრებული, რომელიც უზენაეს მმართველობით ორგანოს წარმოადგენს, კატეგორიულად ითხოვს თავკაცებისაგან გამოასწორონ თავიანთი შეცდომა, რომელიც მათ გაბაონელებთან ხელშეკრულების გაფორმების დროს დაუშვეს.  ასევე ძალიან საინტერესოა ისიც, რომ ისრაელის უკანასკნელ მსაჯულს, სამოელს მონარქიის დადგენას მოსთხოვს „ისრაელის უხუცესობა” (1 მფ. 8, 4[19]) ამ კრებულს ცოტა ქვემოთ (1 მფ. 8. 7,10[20]) „ერი” ეწოდება, რაც შეიძლება იმას გულისხმობდეს, რომ ეს კრებული სწორედ ერის სურვილს გამოხატავდა. ამ კრებულის მოთხოვნას რომ უმნიშვნელოვანესი და პრინციპული იურიდიული მნიშვნელობა ჰქონდა იქიდანაც ჩანს, რომ მიუხედავად წინააღმდეგობისა, სამოელი იძულებულია დათმოს მათი მოთხოვნის წინაშე. ზემოთ უკვე ნათქვამის მნიშვნელოვან დადასტურებად მიგვაჩნია ის ფაქტიც, რომ ბიბლიურ თხრობაში მეფეების დავითის, იერობოამის, იოსიას, იოაქაზის, იოსიასა და სხვათა კურთხევისას სწორედ ერის კრებულია მიწვეული.  ამდენად, მოსეს კანონმდებლობით მმართველობის ძირითად ფორმად, მიუხედავად გარეგნული სახესხვაობებისა, უნდა მივიჩნიოთ სახალხო თვითმმართველობა, რომელიც ერის წარმომადგენელთა მიერ იყო არჩეული. როგორც ზემოთ უკვე ვნახეთ, ქვეყნის მართვაში მონაწილეობას იღებდა მთელი ერი, თუმცა არა უშუალოდ, არამედ თავიანთი წარმომადგენლების სახით. ამ შემთხვევაში კი ყველაფერი იმაზე იყო დამოკიდებული, თუ ერის წარმომადგენელი რამდენად ასახავდა იმ პრობლემებს, საზრუნავსა თუ გასაჭირს, რაც ერის წიაღში მოქმედებდა და რაც მათი ყურადღების უმთავრესი საგანი უნდა ყოფილიყო.     წყარო: „ქრისტიანობის კვლევები“, VI, თბილისი 2011.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წმინდა გრიგოლ ფერაძის სახელობის ქრისტიანობის კვლევების სამეცნიერო ცენტრი.