გთავაზობთ, ათონელი მამის, არქიმანდრიტი სოფრონ სახაროვის წიგნს: „ღმერთი როგორიც არის“.
დიდ მადლობას ვუხდით: მთარგმნელს – ბატონ როლანდ-რომილე ჩხეიძეს წიგნის უსასყიდლოდ მოწოდებასა და გამოქვეყნების უფლებისათვის.
წიგნი ასევე ქვეყნდება მთარგმნელის ვებ-გვერდზე: romile.ge
წიგნი შედგება 18 თავისგან. საიტზე განვათავსებთ ეტაპობრივად, კვირაში ერთხელ შემოგთავაზებთ თითო თავს.
გთავაზობთ მთარგმნელის შესავალ ნაწილს
შესავალი
არქიმანდრიტი სოფრონი (სერგეი სემიონის ძე სახაროვი) დაიბადა მოსკოვში მორწმუნე, შეძლებულ და განათლებულ ოჯახში 1896 წლის 22 სექტემბერს. მისი ძიძა ეკატერინე ღრმად და გულმოჯერედ მლოცველი იყო. ტაძარში ის დიდხანს ლოცულობდა, ამ დროს მის ფეხთით პატარა სერგეი იჯდა ხოლმე… ცხოვრების პირველ წლებში სერგეის სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა, ის ხშირად ავადმყოფობდა. თანდათანობით ლოცვისა და ძიძასთან სეირნობის შედეგად მის ჯანმრთელობას გამოსწორება დაეტყო.
ჩვიდმეტი წლის ასაკამდე სერგეი აქტიური მლოცველი იყო. მას ხატვაც უყვარდა და ბევრს ხატავდა. მისი შემოქმედებითი ნიჭით არაერთი სპეციალისტი იყო დაინტერესებული. ამ პერიოდში ახალგაზრდა ქრისტიანი მისტიკური ლიტერატურითაც დაინტერესდა. 1921 წელს სერგეი სახაროვმა რუსეთი დატოვა და როგორც ემიგრანტმა, ჯერ რამდენიმე წელი იტალიაში გაატარა, შემდეგ ბერლინში გადავიდა და ბოლოს პარიზში დასახლდა. ემიგრაციის დროს სახაროვმა მსხვილი სამხატვრო გამოფენებიდან არაერთი მიწვევა მიიღო, მაგრამ სერგეის ეს ყოველივე სიხარულს არ ჰგვრიდა, მისი სული მაინც ღმერთის ძიებაში იყო. 1924 წელს, აღდგომის დღესასწაულზე, ღვთის მადლით მას საოცარი გამოცხადება ჰქონდა, სერგეიმ უქმნელი ნათელი იხილა.
ნანახის გამო შთაბეჭდილება იმდენად დიდი იყო, რომ სერგეიმ სიმშვიდე დაკარგა, ხატვა მიატოვა და მხოლოდ იმის შემდეგ დამშვიდდა, როდესაც გადაწყვიტა, თავისი ცხოვრება ღმერთისათვის მიეძღვნა. 1925 წელს ის პარიზის წმინდა სერგის საღვთისმეტყველო ინსტიტუტში ჩაირიცხა. სწავლის პროცესში სერგეი სახაროვი დიდი მასწავლებლების ცხოვრებას, მნიშვნელოვან თარიღებს, ეკლესიის ისტორიულ სირთულეებს და ქრისტიანობასთან დაკავშირებულ სხვა მასალებს ეცნობოდა, მაგრამ ეს ყველაფერი მას მაინც არ აკმაყოფილებდა, სერგეის სურდა მარადიულობას მიახლოებოდა. ვინაიდან დღისით და ღამით ადამიანი ღმერთს მხოლოდ მონასტერში ემსახურება, რაღაც მომენტში მან აშკარად შეიგრძნო, რომ მისთვის ერთადერთი გამოსავალი სამონასტრო ცხოვრების დაწყება იყო. საკმაოდ მალე გაჩნდა შესაძლებლობა და სერგეი ჯერ იუგოსლავიაში გაემგზავრა, ხოლო იქიდან ათონის მთაზე გადასახლდა.
გარკვეული დროის შემდეგ სერგეი წმინდა დიდმოწამე პანტელეიმონის რუსულ მონასტერში სოფრონის სახელით ბერად აღიკვეცა.
1930 წლის გაზაფხულზე მის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა – მამა სოფრონი უხუცეს სილუანე ათონელს შეხვდა. ღირსი სილუანე ახალგაზრდა ბერის მოძღვარი გახდა და მამა სოფრონმა, როგორც თავად იტყოდა, ბევრ „სასოწარკვეთილ“ კითხვაზე, რომელიც მთელი ცხოვრება აწუხებდა, პასუხი სწორედ მოძღვრის დახმარებით იპოვა. ღირსი სილუანეს სწავლება ის პირველი და მთავარი დასაყრდენი გახდა, რაზედაც მამა სოფრონმა მთელი თავისი ცხოვრება ააგო. 1932 წლის 30 აპრილს ბერი სოფრონი იეროდიაკვნად ააკურთხეს.
1935 წელს იეროდიაკონი სოფრონი მძიმედ დაავადდა, პრაქტიკულად სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იყო. ბევრი, მათ შორის თავად მამა სოფრონი, დარწმუნებული იყო, რომ მცირე ხნის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ ღვთის მადლით და ღირსი სილუანეს ლოცვით მამა სოფრონს კიდევ მრავალი წლის სიცოცხლე მიეცა.
1938 წლის 24 სექტემბერს უფლისად მიიცვალა მამა სოფრონის მოძღვარი და მესაიდუმლე ღირსი სილუანე. სიკვდილის წინ მიძღვარმა მამა სოფრონს საკუთარი ჩანაწერები გადასცა. ამ მასალის მნიშვნელოვანი რედაქტირების შემდეგ მამა სოფრონმა საყოველთაოდ ცნობილი თხზულება -„უხუცესი სილუანე“ შეადგინა.
მოძღვრის განსვენების შემდეგ მამა სოფრონი მონასტრის წინამძღვრის კურთხევით „უდაბნოში“ გადასახლდა. ერთხანს ის ჯერ კარულისა და შემდეგ ათონის სხვა სკიტებში იღვწოდა.
1941 წლის თებერვალში მამა სოფრონი მღვდელმონაზვნად აკურთხეს და ამ მომენტიდან ათონზე მისი სულიერი მსახურება დაიწყო. მალე მამა სოფრონი წმინდა პავლეს მონასტრის მოძღვარი გახდა.
ომის შემდეგ სხვა რუს ბერებთან ერთად, პოლიტიკური მოსაზრებებით, მამა სოფრონი ათონის მთიდან გაასახლეს. 1947 წელს მღვდელმონაზონი სოფრონი საფრანგეთში ჩავიდა, სადაც მას სენტ ჟენევიევ დე ბუდას სასაფლაოზე წმინდა მიძინების ტაძარში მსახურება დაევალა.
ერთი წლის შემდეგ, 1948 წელს, მამა სოფრონმა პირველი რონეოციპული (ფოტოთი გამრავლებული ხელნაწერი) წიგნი „უხუცესი სილუანე“ 500 ეგზემპლარად გამოსცა (ამჟამად ეს წიგნი ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა).
1952 წელს პარიზში გამოვიდა პირველი ტიპოგრაფიულად გამოცემული „უხუცესი სილუანე“, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ ამ წიგნის (ოდნავ შემოკლებული) ინგლისურენოვანი ვარიანტი დაიბეჭდა.
თანდათანობით მამა სოფრონის გარშემო მონაზვნობის მოსურნე მოწაფეებმა და სულიერმა შვილებმა მოიყარეს თავი. 1956 წელს საეკლესიო იერარქების ლოცვა-კურთხევით მამა სოფრონმა საფრანგეთში, კოლარის ფერმაში სამონასტრო თანამეგობრობა ჩამოაყალიბა.
უკვე ამ პერიოდში მამა სოფრონი მართლმადიდებლური მონასტრის დაფუძნებაზე ოცნებობდა. მას სურდა, ღირსი სილუანეს მცნებები ახალ მონასტერში განხორციელებულიყო. საფრანგეთში ასეთი მონასტრის ორგანიზება არ მოხერხდა და 1958 წლის ნოემბერში, თავის რამდენიმე სულიერ შვილთან ერთად, მამა სოფრონი დიდ ბრიტანეთში, ესექსის საგრაფოში გადავიდა. აქ მათ შეიძინეს მიწა, რომელზეც წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრის მშენებლობას შეუდგნენ. შემდგომში ეს მონასტერი გახდა ინგლისელი მართლმადიდებლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი თაყვანისცემის ადგილი. აქ, ამ მონასტერში, ღირსი სილუანეს სულიერ საზრდოსთან ზიარების მსურველნი მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან.
სიცოცხლის ბოლომდე მამა სოფრონი იოანე ნათლისმცემლის მონასტერში ჯერ წინამძღვარი იყო, ხოლო 1974 წლიდან მონასტრის უხუცესად მოღვაწეობდა.
1993 წლის 11 ივლისს ესექსის იოანე ნათლისმცემლის მონასტერში არქიმანდრიტი სოფრონი მშვიდად მიიცვალა.
მამა სოფრონის წიგნები მრავალ ენაზე ითარგმნა. ყველასათვის კარგადაა ცნობილი მისი „უხუცესი სილუანე“. სხვა ნაწარმოებთა შორის მრავალ ენაზეა თარგმნილი მისი „ლოცვის შესახებ“ და „იხილეთ ღმერთი, როგორიც არის“. ამ უკანასკნელი წიგნის შესახებ მამა სოფრონი წერდა: „ …აქ ჩემი სრული აღსარებაა და ჩემი ცხოვრება სრულად არის აღწერილი. აქ მოცემულია ყველაფერი და რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, ეს არის ჩემი უფალში ცხოვრება…“
იმისათვის, რომ ადამიანებმა, რომლებსაც საკუთარი პიროვნება ურწმუნოდ მიაჩნიათ, ყველაფერი ადვილად გაიგონ, მამა სოფრონი უფალში თავისი ცხოვრების შესახებ უბრალო, ჩვეულებრივი სიტყვებით მოგვითხრობს. მთელი სამყაროსა და ყოველი ცალკეული ადამიანის მომცველმა „მაცხოვრის სიყვარულის“ ცეცხლით მოქმედმა თავისუფალმა სიტყვამ ღმერთის შესახებ საუბარში არავითარი რელიგიური, ფილოსოფიური და პოლიტიკური საზღვრები არ იცის. როგორც თავად არქიმანდრიტი სოფრონი წერს, „ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის, უცხო და შეუფერებელია ყოველგვარი შეზღუდვა, ყოველგვარი ჩაკეტვა და ყოველგვარი შიში“. „ყოველი ადამიანისადმი, როგორც ერთადერთისა და განუმეორებელი ფასეულობისადმი“, მამა სოფრონის უსაზღვრო სიყვარული აღავსებს ყოველ მის სიტყვას, ვისი მისამართითაც არ უნდა იყოს ეს სიტყვა წარმოთქმული. არქიმანდრიტი სოფრონი თავისი ცოცხალი მაგალითით გვიჩვენებს, „როგორ დგას ყოველი ჩვენგანი აუცილებლობის წინაშე „გახსნას ყველაფრისათვის“ და ყველასათვის საკუთარი პიროვნება, იმისათვის, რომ თვითონ გახდეს ნამდვილი ქრისტიანი“.
თავი I – „სიკვდილის ცოდნის (ხსოვნის) მადლი“
თავი II – «ღვთისმოშიშების შესახებ»თავი III – «სინანულისა და აღსარების შესახებ»
თავი IV – «აღსარებისა და სულიერი ბრძოლის შესახებ»
თავი V – «სულიერი მგლოვარების შესახებ»
თავი VI – «შეურყეველის ძიებაში გამოვლენილი მერყეობები»
თავი V – „კურთხევაა იცოდე გზა“ (I ნაწილი; II ნაწილი; III ნაწილი)
თავი VIII – «შეჯამებული სულიერი ცხოვრება»
თავი IX – «სულიერი თავისუფლების შესახებ»
თავი X – «შთაგონების შესახებ»
თავი XI – «დამაშვრალობისა და ღვთისაგან მიტოვების შეგრძნების შესახებ»
თავი XII – «თვითსიძულვილამდე სიყვარულის შესახებ»
თავი XIII – «უქმნელი ნათლის შესახებ»
თავი XIV – «პიროვნული საწყისები ღვთაებრივ მყოფობასა და ადამიანურ ყოფნაში»
თავი XV – «ლიტურგიული ლოცვა»
თავი XVI – «ლიტურგიული ენა»
თავი XVII – «გეთსიმანიის ლოცვა»
თავი XVIII – «ლოცვა, რომელშიც ღმერთი-ჭეშმარიტება ვლინდება»