You are currently viewing საშინელი სამსჯავრო (ხორციელის კვირიაკე)

საშინელი სამსჯავრო (ხორციელის კვირიაკე)

Download article eBook

 

საშინელი სამსჯავრო (ხორციელის კვირიაკე) პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი

 „უძღები შვილის“ კვირის შემდგომ კვირადღეს ხორციელის (ხორცის აღებისა) ეწოდება, რადგანაც მის შემდგომ შვიდეულში ეკლესია მოითხოვს ნაწილობრივ მარხვას, ანუ ხორცის ჭამისაგან თავის შეკავებას. ეს მოთხოვნა უნდა განვიხილოთ იმის გათვალისწინებით, რაც უკვე ითქვა მარხვისათვის მომზადების შესახებ. ეკლესია უკვე ამთავრებს მორწმუნეთა მომზადებას იმ მოსაგრეობისათვის, რომელიც გველის შვიდი დღის შემდეგ. ეკლესიას თანდათანობით შევყავართ ამ მოსაგრეობის დასაწყისში, რადგანაც იცის ჩვენი არამდგრადობის შესახებ და წინასწარ ჭვრეტს ჩვენს სულიერ უძლურებას.

წინა დღეს, ხორციელის შაბათს, ეკლესია აღასრულებს „სასოებითა მკუდრეთით აღდგომისა და საუკუნოჲსა ცხორებისაჲთა გარდაცვალებულთა“ („მკვდრეთით აღდგომისა და მარადიული ცხოვრების იმედით გარდაცვლილთა“) საყოველთაო მოხსენიებას. ეს ეკლესიის გარდაცვლილ წევრთათვის საყოველთაო ლოცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა. იმისათვის, რომ ჩავწვდეთ გარდაცვლილთა მოსახსენებელი ლოცვისა და დიდი მარხვის ურთიერთკავშირს, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიხსენოთ, რომ ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა. ქრისტემ მოციქულებს უქადაგა მოძღვრება არა პირად, ცალკეულ ცხონებაზე, არამედ მისცა მათ ახალი მცნება: „იყუარებოდით ურთიერთას“. და დასძინა, რომ სწორედ ამ ურთიერთსიყვარულით სცნობენ ადამიანები მათში ქრისტეს მიმდევრებს. ამგვარად, სიყვარული საფუძველია და თვით საეკლესიო ცხოვრებაა, რომელიც წმინდა ეგნატე ანტიოქიელის სიტყვისაებრ არის „სარწმუნოებისა და სიყვარულის კავშირი“. ცოდვა კი, ამის საპირისპიროდ, ყოველთვის სიყვარულის ნაკლებობაა, ყველასგან განყოფა, გამოცალკევება, ყველას ომია ყველას წინააღმდეგ. ქრისტეს მიერ ბოძებული და ეკლესიის მიერ გადმოცემული ახალი ცხოვრება, უპირველეს ყოვლისა, არის შერიგების ცხოვრება, „ქვეყნად განბნეულთა ერთად შემოკრებაა“, ცოდვით დანგრეული სიყვარულის აღდგინებაა. მაგრამ განა შეგვიძლია ჩვენ, საფუძველი დავუდოთ ღმერთთან დაბრუნებას, მასთან შერიგებას, თუ თვითონ არ დავუბრუნდებით სიყვარულის ამ ერთადერთ ახალ მცნებას? გარდაცვლილთათვის ლოცვაში ეკლესია, უპირველეს ყოვლისა, თავის სიყვარულს გამოთქვამს. ჩვენ ვთხოვთ ღმერთს, ახსოვდეს ისინი, ვისაც ჩვენ მოვიხსენიებთ, ხოლო მათ იმიტომ მოვიხსენიებთ, რომ გვიყვარს. როცა მათთვის ვლოცულობთ, ჩვენ ქრისტეს მიერ ვხვდებით მათ, ხოლო ქრისტე თვით სიყვარულია, რომელმაც დათრგუნა სიკვდილი, განყოფისა და განშორების ეს უმაღლესი საფეხური. ქრისტესთვის არ არსებობს განსხვავება ცოცხალთა და მკვდართა შორის, რადგანაც მისთვის ყველა ცოცხალია. იგი თვითაა ცხოვრება და ეს ცხოვრება არის „ნათელ კაცთა“ (იოან. 1,4). ქრისტეს სიყვარულით ჩვენ გვიყვარს ყველა, ვინც კი მის მიერ განისვენებს, ხოლო მასში განსვენებულთა სიყვარულით ჩვენ თვით ქრისტე გვიყვარს. ეს საეკლესიო კანონია და გარდაცვლილთათვის ლოცვის აშკარა განმარტება. ქრისტეს მიმართ ჩვენი სიყვარულის წყალობით ისინიც ქრისტეს მიერ ცხოველნი (ცოცხალნი) არიან და როგორ ცდებიან, როგორ უიმედოდ ცდებიან ის დასავლელი ქრისტიანები, რომლებსაც გარდაცვლილთათვის ლოცვა ან კანონიერი „ღვაწლისა“ და „ანაზღაურების“ შესახებ დაჰყავთ, ან უბრალოდ უარყოფენ მას უსარგებლობის საბაბით. ხორციელის შაბათს გარდაცვლილთა სულების მოსახსენებელი ღვთისმსახურება (პარასტასი) ნიმუშია ყველა სხვა მსგავსი ხასიათის ლოცვისათვის და აღესრულება დიდი მარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათსაც.

ხორციელის კვირიაკის თემა, როგორც ვთქვით, სიყვარულია. ამ დღის სახარების საკითხავად დადებულია მაცხოვრის იგავი საშინელი სამსჯავროს შესახებ (მათ. 25,31-46[*]. რა კანონის მიხედვით განგვსჯის ქრისტე, როცა ეს დღე მოვა? იგავი გვპასუხობს: სიყვარულის კანონით; არა ანონიმური ღარიბების მიმართ განყენებული სამართლიანობისათვის, ჰუმანიტარული ზრუნვის, არამედ ადამიანის, ღვთის ნებით ჩვენი ცხოვრებისეული გზის განმავლობაში შემხვედრი ყოველი ადამიანის მიმართ პირადი კონკრეტული სიყვარულის კანონით. ეს განსხვავება მეტად მნიშვნელოვანია, რადგანაც დღეს ქრისტიანები სულ უფრო და უფრო მიდრეკილნი არიან იმისკენ, რომ გააიგივონ ქრისტიანული სიყვარული ადამიანებზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ზრუნვასთან. სხვა სიტყვებით, ისინი ერთ ადამიანზე, მის პირად ბედზე ზრუნვას ცვლიან ზრუნვით ანონიმურ არსებებზე, რომლებიც რომელიმე „კლასს“, „ეროვნებას“ ან სხვა რამ ჯგუფს მიეკუთვნებიან. ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ ამგვარი ზრუნვა საჭირო არ არაა. ცხადია, რომ სამოქალაქო ან პროფესიული პასუხისმგებლობით აღჭურვილი ქრისტიანები თავიანთი შესაძლებლობებისა და გაგების ფარგლებში უნდა ზრუნავდნენ, რომ საზოგადოებრივი ცხოვრება უფრო სამართლიანი, თანასწორი და, საერთოდ, უფრო ჰუმანური გახდეს. უეჭველია, ყველა ეს ცნება ქრისტიანული ფესვებიდან მომდინარეობს და, როგორც ეტყობა, ქრისტიანობითაა შთაგონებული. მაგრამ ქრისტიანული სიყვარული, როგორც ასეთი, სულ სხვა რამაა და ეს განსხვავება უნდა შევიგნოთ და შევინარჩუნოთ, თუკი ეკლესიას სურს თავისი ერთადერთი განსაკუთრებული მისიის განგრძობა და არ სურს, დაემსგავსოს უბრალო „სოციალურ სააგენტოს“, როგორადაც იგი არასოდეს გადაიქცევა.

ქრისტიანული სიყვარული სხვა ნებისმიერ ადამიანში ქრისტეს ხილვის „შეუძლებელი შესაძლებლობაა“. თუნდაც ამ ადამიანის შემოყვანა ჩემს ცხოვრებაში ღმერთმა თავისი იდუმალი განგების თანახმად სულ რამდენიმე წამით ინება არა მარტო როგორც „კეთილი საქმის“ ან ფილანტროპიაში ვარჯიშის საბაბი, არამედ როგორც თვით ღმერთთან სამარადისო ურთიერთობის დასაწყისი. სინამდვილეში, სწორედ სიყვარულია ის იდუმალი ძალა, რომელიც სხვა ადამიანში ყოველივე გარეგნულისა და შემთხვევითის – მისი გარეგნობის, სოციალური მდგომარეობის, ეთნიკური წარმოშობის, ინტელექტური უნარის – გავლით აღწევს სულს, ადამიანური არსების ერთადერთ პირად „ფესვს“, მასში ღვთის ნაწილაკს. ღმერთს ყოველი ადამიანი უყვარს, რადგანაც მხოლოდ იგი იცნობს სულს – ფასდაუდებელ და აბსოლუტურ საუნჯეს, ადამიანის „პიროვნებას“, რომელიც მან ყველა ადამიანს მოჰმადლა. ამგვარად, ქრისტიანული სიყვარული იქცევა ამ საღვთო ცოდნაში მონაწილეობად და საღვთო სიყვარულის ნიჭად. სიყვარულს არ შეუძლია იყოს „უპიროვნო“, რადგანაც სიყვარული სწორედ პიროვნების სასწაულებრივი გამოცხადებაა ერთ ადამიანში, პირადისა და ერთადერთისა, ყოველივე საზოგადოსა და ჩვეულებრივს შორის. ეს გამოცხადებაა იმისა, რაც კი ადამიანში სიყვარულის ღირსია, რაც ღვთის მიერაა მონიჭებული.

ამ თვალსაზრისით, ქრისტიანული სიყვარული ზოგჯერ დაპირისპირებულია „სოციალურ მოღვაწეობასთან“, რომელთანაც მას დღეს ხშირად აიგივებენ თვით ქრისტიანები. „სოციალური მოღვაწეობისათვის“ სიყვარულის საგანი „პირონება“ კი არაა, არამედ ადამიანი, განყენებული ერთეული, რომელიც არანაკლებ განყენებული კაცობრიობიდანაა აღებული. ამის საწინააღმდეგოდ, ქრისტიანს უყვარს ადამიანი, რადგან იგი პიროვნებაა. ერთგან პიროვნება ადამიანადაა მიღებული, მეორეგან ადამიანია განიხილება პიროვნებად. სოციალურ მოღვაწეს პიროვნება სრულიად არ აინტერესებს, იგი პიროვნებას ხშირად „საზოგადო ინტერესებს“ სწირავს. არცთუ უსაფუძვლოდ შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ქრისტიანი საკმაოდ სკეპტიკურადაა განწყობილი განყენებული „კაცობრიობის“ მიმართ, მაგრამ იგი საკუთარ თავს ღალატობს და მომაკვდინებელ ცოდვას სჩადის ყოველთვის, როცა ცალკეული პიროვნებისათვის ზრუნვასა და მისდამი სიყვარულს უგულებელყოფს. სოციალური აქტივისტის მიდგომა ყოველთვის „ფუტურისტულია“, იგი ყოველთვის სამართლიანობის, წესრიგის, მომავალში მისაღწევი საყოველთაო ბედნიერების სახელით მოქმედებს. ქრისტიანობა ნაკლებად ზრუნავს გამოუცნობი მომავლისათვის, არამედ მთელს თავის ძალას აწმყოში გადამწყვეტ მომენტზე მიმართავს, როცა საჭიროა სიყვარულის გამოვლინება. ეს ორი მიდგომა ერთმანეთს არ გამორიცხავს, მაგრამ მათი ერთმანეთში არევა მართებული არაა. უეჭველია, რომ ქრისტიანები პასუხს აგებენ „მიწიერი ცხოვრებისათვის“ და ეს პასუხისმგებლობა უნდა აღარსულონ. მაგრამ სოციალური აქტივისტის მოღვაწეობა მთლიანად „მიწიერ ცხოვრებაში“ მოთავსებული, ქრისტიანული სიყვარულის მიზანი კი „მიწიერი ცხოვრების“ მიღმაა. ქრისტიანული სიყვარული თვითონაა ღვთის სასუფევლიდან მომავალი სხივი. ის მიწიერი სამყაროს ყველა შეზღუდვასა და პირობითობას სძლევს, რადგანაც ღმერთშია მისი მამოძრავებელი ძალა. მიზანი და აღსრულება. ჩვენ ვიცით, რომ ერთადერთი მუდმივი და განმაახლებელი გამარჯვება ამ ქვეყანაში, რომელიც „ბოროტსა ზედა დგას“, ეს სიყვარულის გამარჯვებაა. ეკლესიის ნამდვილი და ჭეშმარიტი მისიაა – გაახსენოს ადამიანს ეს პირადი სიყვარული და მისი მოწოდება, რათა სიყვარულით აღავსოს ცოდვილი ქვეყანა.

საშინელი სამსჯავროს იგავი ქრისტიანულ სიყვარულზე მოგვითხრობს. ყოველი ჩვენგანი არაა მოწოდებული იმისათვის, რომ „კაცობრიობისათვის“ იღვაწოს, მაგრამ ყოველ ჩვენგანს აქვს მიღებული ქრისტესმიერი სიყვარულის ნიჭი. ჩვენ ვიცით, რომ ყველა ადამიანს სჭირდება ეს პირადი სიყვარული, აღიარება მისი პირადი განსაკუთრებული სულისა, რომელშიც განსაკუთრებულად აირეკლება ღვთის მთელი ქმნილება. ჩვენ ისიც ვიცით, რომ ქვეყნად არსებობენ სნეულნი და მშიერნი, რომელთაც სწორედ ეს პირადი სიყვარული დააკლდათ. და, საბოლოოდ, ისიც ვიცით, რომ, რაც უნდა ვიწრო და შეზღუდული იყოს ჩვენი საკუთარი არსებობა და მისი შესაძლებლობები, ყოველ ჩვენგანს აკისრია პასუხისმგებლობა ღვთის სასუფევლის უმცირეს ნაწილაკზე სწორედ იმის წყალობით, რომ ჩვენ ქრისტესმიერი სიყვარული გვაქვს მონიჭებული. ამგვარად, ჩვენ განგვსჯიან იმის მიხედვით, მივიღეთ ჩვენს თავზე ეს სიყვარული, თუ უარვყავით იგი. რადგანაც „რავდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ“ (მთ. 25,40).

წიგნიდან დიდი მარხვა – მოგზაურობა აღდგომისაკენ
თარგმნა ექვთიმე კოჭლამაზიშვილმა