არქიმანდრიტი ანდრია კონანოსი – თეოლოგი, მისიონერი.
1970 წელს დაიბადა მიუნხენში, 1977 წლიდან ცხოვრობს ათენში.
დაამთავრა კლასიკური ლიცეუმი და ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტი.
1990 წელს აკურთხეს ბერ-დიაკვნად, 2000 წელს – მღვდელ-მონოზვნად; მოგვიანებით მიანიჭეს არქიმანდრიტის წოდება.
2006 წლიდან მამა ანდრია თანამშრომლობს პირეის სამიტროპოლიტოს რადიოსთან და უძღვება გადაცემას „უხილავი გასავლელი”.
2006 წელს მამა ანდრიამ დაიწყო ერთ-ერთი მართლმადიდებლური რადიო-გადაცემის წაყვანა სახელად „უხილავი გასავლელი“. უკვე მრავალი წელია რაც მამა ანდრიას საუბრები მოგზაურობენ მსმენელთა გულებში რადიო სიხშირის გავლით. რადიო ერთი უსახური პროცედურაა, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიკროფონს მიღმა ადამიანი ფლობდეს თანაზიარების, თანაგრძნობის ნიჭს მსმენელების გულებთან. მან დაამსხვრია და დააპატარავა ყინულოვანი ცივი დისტანცია, რომ წარმოექმნა შინაგანი კავშირი და ერთობა მსმენელთა სულებთან. უსახურ გულგრილ საუბრებს, თბილი, მეგობრული და პიროვნული ურთიერთობების სახე მისცა, რამაც ასევე ხელი შეუწყო რადიოგადაცემის წარმატებას… მან შეამცირა მანძილი ქრისტესა და ადამიანს შორის; ქრისტესი, რომელიც არ გვეცხადება როგორც მსაჯული, არამედ როგორც თანამგრძნობი მეგობარი ჩვენი ბედისა და ტკივილისა…
გთავაზობთ ერთ-ერთ საუბარს ამ გადაცემათა ციკლიდან.
„რატომ არ ისმენს ღმერთი ჩვენს ლოცვას?“
როგორ ვევედროთ ღმერთს ახლობლებისთვის
შენთან ერთი კითხვა მაქვს: როდესაც ღმერთს ესაუბრები, მას ესმის შენი? ან როდესაც რაღაცას სთხოვ, გისრულებს? მაგალითად ჩემი, ყოველთვის არ ესმის. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ის ყურადღებასაც არ აქცევს ჩემს ძახილს და ლოცვას. ჩვენ ვლოცულობთ, დავდივართ ტაძარში, მაგრამ რაღაც ვერ ვგრძნობთ, რომ მივიღეთ რასაც ლოცვაში ვითხოვდით.
მოდით ვნახოთ ამის მიზეზი. რატომ არ გვაძლევს ქრისტე პასუხს? რა ვქნათ? როგორ წარვსდგეთ მის წინაშე, როგორ ვევედროთ მას? რა არის მთავარი წინაპირობა იმისა, რომ ჩვენი ლოცვა შესმენილი იყოს?
დღევანდელი ჩვენი საუბრის თემაა – ლოცვა მოყვასისთვის. მაგალითისთვის მოვიყვან ერთ მონათხრობს მათეს სახარებიდან – ამბავი ქანაანელი ქალისა. ეს შემთხვევა ზუსტად აღწერს დღევანდელი მშობლის მდგომარეობას, რომელიც შვილისათვის ლოცულობს. მშობელთა უმრავლესობას თუ ვკითხავთ, თუ რას ითხოვენ ისინი ლოცვებში თავიანთი შვილებისთვის, აღმოჩნდება, რომ თითქმის ყველას ერთნაირი სათხოვარი აქვს: შვილის გამოჯანმრთელება, ნორმალური განვითარება, კარგი ყოფაქცევა, გონიერება, გამოსწორება, სახლში დაბრუნება, ცუდი გარემოცვიდან წამოსვლა და ა.შ… მშობლებს, რომლებიც ამ ტკივილს გულით ატარებენ უნდათ, რომ ღმერთმა ყველაზე მეტად შვილისთვის ლოცვა შეისმინოს.
ვფიქრობ, რომ ეს ქანანელი ქალი, რამოდენიმე საიდუმლოს გაგვიხსნის. შეგახსენებთ ამ ეპიზოდს სახარებიდან: „და დედაკაცი ქანანელი საზღვართა მათთაგან გამოვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისო, რამეთუ ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს. ხოლო თავადმან არა მიუგო მას სიტყუაჲ. და მოუჴდეს მას მოწაფენი და ეტყოდეს მას და ჰრქუეს: განუტევე ესე, რამეთუ შეგჳდგს ჩუენ და ღაღადებს. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა ვიდრე მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა. ხოლო იგი მოუჴდა, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: უფალო, შემიწყალე მე! ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მას: არა კეთილ არს მოღებაჲ პურისაჲ შვილთაგან და დადებად ძაღლთა. ხოლო მან ჰრქუა: ჰე, უფალო, და რამეთუ ძაღლნიცა ჭამედ ნაბიჭსა გარდამონაცჳვნებსა ტაბლისაგან უფალთა მათთაჲსა. მაშინ მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ჵ დედაკაცო! დიდ არს სარწმუნოებაჲ შენი; გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს. და განიკურნა ასული იგი მისი მიერ ჟამითგან“(მათე. 15. 22-28).
ამ დედაკაცის შვილი დემონისგან იყო შეპყრობილი. ერთის მხრივ, განა ყველა ადამიანური ვნება დემონური არაა? შეიძლება შენი შვილი ისეთი არ არის, როგორიც ქანანელი დედაკაცის, მაგრამ სვავდეს. განა მემთვრალეობა არ არის დემონური? ან აზარტული თამაშები, მუდმივად ფსონის დადება – ეს ყველაფერი არაჯანსაღი, ეშმაკისეული საქმეებია.
როდესაც ეს დედაკაცი ღაღადებდა, უფალმა მას არ უპასუხა. საერთოდ არაფერი უპასუხა. დუმილი! ზეცა დახშულია! ტკივილისაგან ტანჯული ადამიანი ევედრება უფალს, ის კი არაფერს პასუხობს, ყურადღებასაც არ აქცევს! მოწაფეები მიდიან მასთან და ეუბნებიან: „გაუშვი ეგ, რადგანაც ჩვენ მოგვყვირის.“. ამ შემთხვევაზე არ შევჩერდებით, მხოლოდ დასკვნა გამოვიტანოთ. ქრისტე ეუბნება: „სხვას როდი მოვვლენივარ, არამედ მხოლოდ ისრაელის სახლის დაღუპულ ცხვრებს.“.
ქანანელი ისმენს ამ საწყენ და თავზარდამცემ სიტყვებს. თითქოს ამ სიტყვებით ქრისტემ უთხრა: „ ნუ გაქვს იმედი, აქ შენთვის არ მოვსულვარ, მე მხოლოდ სხვებისთვის აღვასრულებ სასწაულებს„ მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად: „იგი მოუჴდა, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა: უფალო, შემიწყალე მე!“
უფალი მის თხოვნას კვლავ უპასუხოდ ტოვებს, აწყენინებს და თითქოს იმედის გარეშე ტოვებს. ის ეუბნება: „არა კეთილ არს მოღებაჲ პურისაჲ შვილთაგან და დადებად ძაღლთა“. უფალი დედაკაცს ხელს კრავს, ის კი ებღაუჭება მის ამ სიტყვებს და ლოცვად გარდააქცევს მათ. სასოწარკვეთილების ნაცვლად ის პასუხობს: „დიახ, უფალო ეს ისეა, როგორც შენ ბრძანებ, მე არ ვეწინააღმდეგები და არ უარვყოფ ამას, შენ ამის თქმის სრული უფლება გაქვს. მივხვდი რასაც შენ ამბობ. შენ მე ძაღლი მიწოდე – დიახაც, მე ძაღლი ვარ, უსახლკარო, მაწანწალა ძაღლი, დამცირების და გამაგდბის ღირსიც ვარ. დე იყოს ასე! მაგრამ მერე ამბობს: „კი, მაგრამ ქუჩაში ძაღლსაც ხომ შეიძლება ნამცეცი შეხვდეს. იქნებ მეც მომცე პატარა ნამცეცი.. არ გთხოვ კარგ საჭმელს. შენ მას შენს შვილებს მისცემ. მე მხოლოდ ნამცეცი მინდა“.
უფალმაც მიჰხედა მას. ის ღმერთი, რომელიც არაფრის საჭიროებას არ განიცდის, ყოვლისმპყრობელია, რომელიც ყველაფერს თავისი სურვილისამებრ იქმს, რომელსაც ყველაფერი ემორჩილება, ემორჩილება ამ დედაკაცს. დიახ, უფალი ჩვენი იესუ ქრისტე ემორჩილება ამ დედაკაცს და უკვირს თავისი ქმნილების. გაოცებული და გაკვირვებული ეუბნება მას: „ჵ დედაკაცო! დიდ არს სარწმუნოებაჲ შენი“! საოცარო ქმნილებავ, საოცარო სულის პატრონო, საოცარო ადამიანო, ულამაზესი გულის პატრონო, დიდ არს სარწმუნოებაჲ შენი! შენ კიდევ გჯერა ჩემი? შენ კიდევ გიყვარვარ და არ უარმყოფ? მე შენ გდევნი, ხელს გკრავ, გამცირებ, შენ კიდევ გჯერა ჩემი. რა დიდებულია შენი რწმენა! ყოჩაღ! „გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს“ შვილის გამოჯანმრთელება გინდოდა?. დე იყოს ასე! სახარება გვიამბობს, რომ: „განიკურნა ასული იგი მისი მიერ ჟამითგან“. საოცარი შემთხვევაა, ბედნიერი დასასრული – მისი ასული განიკურნა.
შეადარე შენი ცხოვრება, შენი პრობლემა და ლოცვა ამ ქალის ლოცვას, დაუკავშირე ერთმანეთს და თქვი: ბევრ რამეში ვგავართ, ბევრში კი – არა. მეც ვცდილობ ღმერთთან შეხვედრას, ვცდილობ რაღაცის კეთებას, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ჯერ არ გაჟღერებულა ის შესანიშნავი ფრაზა, მე ვერც წარმოვთქვავ მას. რომელი? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მეც რომ მეთქვას: „ვილოცე ჩემი შვილისათვის და ის განიკურნა! რა კარგია! ჩემი შვილი დაბრუნდა სახლში, ის შეეშვა ნარკოტიკებს, შექმნა ბედნიერი ოჯახი და აღარ იკარგება უგზო-უკვლოდ, აღარც მე მტანჯავს და აღარც საკუთარ თავს“. ჩვენი კი საქმეები მთლად ასეც არ მიგვდის. ჩვენ სადღაც ვკარგავთ ლოცვის მიმართულებას და ყველაფერს ვაფუჭებთ. მაშ როგორ მიუახლოვდეთ ქრისტეს? როგორ მიუახლოვდეთ მას სწორად? რომ ის რასაც ჩვენ მას ვთხოვთ, შეისმინოს და სასწაული მოხდეს? სად წყდება კავშირი ჩვენსა ღმერთს შორის? სად უშვებთ შეცდომას? დღეს მე სწორედ ამაზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას.
მოდით, ცოტა ხნით შევჩერდეთ და დავფიქრდეთ. რატომ არ ისმენს უფალი ჩვენს ლოცვას?
ვფიქრობ პირველი უმთავრესი პირობა, რომ უფალმა შეისმინოს შენი ლოცვა შვილზე, ქმარზე ან ცოლზე – არის უიმედობა. როდესაც შენ აღარ გექნება შენი ფულის, ჭკუის, სილამაზის, თანამდებობის და ა.შ იმედი და როდესაც „სასოწარკვეთილებას“ მიუახლოვდები ვფიქრობ, რომ სწორედ მაშინ წარიმართება შენი ლოცვა სწორი გზით. იმედდაკარგული ადამიანების ლოცვა არის ყველაზე ძლიერი იმიტომ, რომ მათ ყველაფერი დაკარგეს და აღარაფრის იმედი აქვთ. აღარც ექიმის, ფსიქიატრების, ფილოსოფოსების, ადვოკატების, გავლენიანი ნაცონობების. მისი იმედი ამ სამყაროში დასაყრდენს ვეღარ პოულობს და სხვა სამყაროში იწყებს ძიებას.
მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ არ დაგვიკარგავს საკუთარი თავის იმედი. ვეყრდნობით ჩვენს თავს, ჩვენს შესაძლებლობებს, საბანკო დანაზოგებს, კარგ სახლს, ქონებას და ყველაფერს გარდა ღმერთისა.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სამყაროში აღარაფერს დაეყრდნო, რადგან ამ სამყაროში ვერ იპოვი იმას რასაც ეძებ. ამიტომ საჭიროა ყოველგვარი ამსოფლიურის იმედი წარიკვეთო და უთხრა საკუთარ თავს:
„მორჩა, დამთავრდა. მხოლოდ ღმერთს შეუძლია ჩემი შველა. უფსკრულის პირას ვარ, სრულ სასოწარკვეთილებაში!“ და როდესაც იტყვი: „მე არ მაქვს იმედი“ – მაშინ იწყებ ღმერთის ძიებას. მაშინ დგება უფლის დრო.
ერთი რამ მითხრა ჩემმა პარალიზებულმა მეგობარმა პავლემ, რომელმაც 45 წლის ასაკში დატოვა ეს სამყარო. როდესაც ის სრულ სასოწარკვეთილებაში იყო (სულიერ, ემოციური ასპექტში) მაშინ მეუბნებოდა: „მეტი აღარ შემიძლია, სასოწარკვეთილი ვარ. ეს უფლის დროა!“. ასე მეუბნებოდა:
– ადრე თუ გვიან ჩემს ცხოვრებაში სასწაული მოხდება!
– საიდან იცი?
– იმედი დავკარგე, სწორედ აქედან მივხვდი.
როდესაც ადამიანების შესაძლებლობებს აღარ ეყრდნობი, მაშინ უფალი ხდება შენი იმედი, სრულ სხვა მიმართულებით იწყებ სვლას. მიაპყრობ თვალს ზეცას და მთელი ძალით შეჰღაღადებ, ხოლო ეს ღაღადისი, ეს ტირილი შეარყევს მთელ ზეცას.
ჩვენ უმრავლესობას, ჯერ კიდევ გვაქვს რაღაცის იმედი. მახსენდება ხანძარი საბერძნეთში, როდესაც ადამიანები სასოწარკვეთილებაში ვარდებოდნენ. მახსოვს მაშინ ქვეყნიერების სხვადასხვა მხარეებში ქარიშხლები, ტორნადოები და წყალდიდობები მძვინვარებდა და სასოწარკვეთილი ადამიანები სახურავებზე დიდი ასოებით წერდნენ: „უფალო, დაგვეხმარე, უფალო დაგვეხმარე, ჩვენ დავკარგეთ ადამიანების იმედი. ვერავინ ვერ გვიშველის, შენს მეტი!“
თუ შენ სწორად შეხვდები ამ განცდას, შენს უიმედობას და კარგი კუთხით შეხედავ, არ ჩაიძირები საკუთარ ეგოში, დეპრესიაში, სასოწარკვეთილებაში, არამედ მზერას მიაპყრობ ქრისტეს, მაშინ იგრძნობ მის შეხებას, მის ნუგეშს.
ყველაზე ძალმოსილი, ძლიერი ტკივილით და უიმედობით აღვსილი ადამიანის გულიდან აღვლენილი ლოცვაა.
შეიძლება ფული გაქვს, მაგრამ არ შეიძლება მასზე იმედის დამყარება. ფულით რისი გაკეთება შეიძლება? განა შეუძლია ფულს დამიბრუნოს სიხარული და ჯანმრთელობა?
ფულს არ შეუძლია, არც ადამიანებს და მაშ ვის?
შენ, რომელსაც გაქვს ფული, კარგი სახლი, სილამაზე და ა.შ, საკუთარ თავს ეუბნები: „ფულით უამრავი რამ შემიძლია, მაგრამ რასაც ახლა ვითხოვ ამას ვერავინ შემისრულებს“.
– სწორედ ესაა კარგი შენს მდგომარებაში. იმედგაცრუება სამყაროსადმი, შენ ყველაზე დიდი იმედი გახდება. დადგება მომენტი, როდესაც იტყვი: „დამტოვეთ, გადით ყველანი, მინდა ვესაუბრო. ახლა მივმართავ იმას, ყველგანმყოფს, იმ ერთადერთს, რომელსაც სასწაულის მოხდენა შეუძლია.
ამრიგად, იმისთვის რომ ჩვენი ლოცვა შესმენილი იყოს, უპირველეს ყოვლისა საჭიროა, რომ არ დავამყაროთ იმედი არაფერზე ამ სამყაროში, რაც არ უნდა იყოს ის.
ამიტომაც, რთულია იმ ადამიანის მგომარეობა, რომელიც ნუგეშს თავის სიმდიდრეში ეძევს, რომელსაც საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს. ეს ადამიანი თავდაჯერებულია, მიდრეკილია საკუთარი თავის გამართლებისკენ, მარტოც კარგად გრძნობს თავს და ამიტომაც აღარ სჭირდება დახმარების ძიება. ყველაფერში უნდა რომ თვითონ იყოს. მისი დევიზია – „ყველაფერში მე“. „რამე რომ მოუვიდეს ჩემს შვილს საავადმყოფიში დავაწვენ, მე ხომ ფული მაქვს“.
ის ცდილობს „თავისით“ პრობლემის გადაჭრას. მაგრამ როდესაც ყველა იმედი გადაიწურება, მაშინ ის იწყებს დაფიქრებას, უკვირს და ამბობს:
– მე კიდევ მილიონები მაქვს თუ საჭიროა კიდევ გადავიხდი!
ექიმები ეუბნებიან:
– საქმე მილიონებში არაა, ჩვენ ამ შემთხვევაში უკვე უძლურები ვართ.
– რატომ მე ხომ ბევრი ფული მაქვს ?
– შენი ფული ავადმყოფს ვერ წამოაყენებს.
ხოლო მეორე ნაბიჯი, მეორე საფეხური უფლისკენ, – არის ის რომ შენი სასოწარკვეთილება დეპრესიაში არ გადაიზარდოს, არ მოახდინოს შენი „მე“-ს პარალიზება. არ გაჩერდე! არ დაიხიო უკან! დაე ეს იყოს ბიძგი ქრისტესკენ!
მრავალი ადამიანი კარგავს იმედს და უნდათ, რომ ვინმეს მიმართონ შველისთვის, მაგრამ არ მიმართავენ თავად სიცოცხლის წყაროს – ღმერთს. ეს უნდა შევიგრძნოთ და შევღაღადოთ: „უფალო შემიწყალე!“. შენ აქ უკვე უბრალოდ არ ეძახი, უბრალოდ არ თხოვ, არამედ შეჰღაღადებ ქრისტეს. შენ არ გესმის, ვერ ხედავ მის გარდა ვერავის.
შენ დადიხარ მაგებთან, მკითხავებთან, მე ესეც გამიგია გატანჯული დედებისაგან: „სად არ ვყოფილვარ, სატანისტებთან, მკითხავებთან, შემლოცველებთან, მაგებთან“. დადიხარ ყველგან სადაც კი რაიმე იმედისმაგვარს იგრძნობ. ამ დროს გახსოვდა უფალი? ამბობდი „უფალო, მხოლოდ შენ?“
შეხედე, პირველი შენ უკვე გააკეთე – დაკარგე იმედი, მაგრამ მეორეს არ აკეთებ სწორად. შენ იქ არ ეძებ შველას, სადაც ის არის, შენ მას სიბინძურეში ეძებ, იმ ადგილებში სადაც შენ ვერ დაგეხმარებიან. შენ არ მიდიხარ ქრისტესთან. აბა დაფიქრდი, ქანანელი ქალი იმ წუთებში მოციქულების წინაშე იდგა, შესაძლოა იქ სხვა მნიშვნელოვანი ადამიანებიც იყვნენ მაგალითად: რჯულისმოძღვარნი და სხვა კეთილი, ნიჭიერი, ჭკვიანი ადამიანები. მაგრამ საით მიაპყრო მზერა ამ დედაკაცმა? საით? ესაუბრა იგი რომელიმე მოციქულს? ან მიმართა ვინმე სხვას? არა მან გვერდი აუარა ყველას „გამატარეთ!“ აი აქ წმინდა მოციქული თომა, ანდრია, წმინდა… მაგრამ ის მაინც: „გამატარეთ გევედრებით, გამატარეთ! საით გაგიწევია? – ეკითხებიან მას, – მე უფალთან მივდივარ!. მხოლოდ ის მჭირდება, მხოლოდ ის მომცემს იმას რასაც ვეძებ. მე მივეახლები მუხლის მოდრეკით უფალს და ვეტყვი: „უფალო მხოლოდ შენ! მხოლოდ შენ ერთი!“
და შენ გითქვამს ეს? – „იესო მხოლოდ შენ!“
ადამიანი ადამიანია და კარგია, რომ გვეხმარებიან, კარგია, რომ არ გვღალატობენ, მაგრამ სწორად გამიგეთ – ადამიანები ვერ მოგცემენ იმას, რაც შენ გინდა ჩემო ძვირფასო ადამიანო, იმიტომ, რომ ის რაც შენ გინდა – ძალიან მნიშვლელოვანი, უსაზღვრო და განუზომელია. შენ სრულყოფილება გინდა, რაც ადამიანს არ გააჩნია, ის მხოლოდ უფალ იესო ქრისტეს საკუთრებაა.
არა რაღაც ზებუნებრივი ძალა, არა რაღაც საერთო ამქვეყნიური სიკეთე, არამედ მხოლოდ „იესუ ქრისტე“.
თარგმნა: ნინო ასათაინმა
წყარო: pravoslavie.ru
ნაწილი II – „იყავი სხვისი ტკივილის თანამონაწილე“