კიკეთის ეკლესიამ 50 ადგილობრივ ოჯახს მოსაშენებლად ხბოები უყიდა. როგორც „კენოზისს“ კიკეთის წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის ტაძრის წინამძღვარმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა, მათ სხვადასხვა სოფლებიდან 50 სხვადასხვა ჯიშის ხბო შეიძინეს და საქონლის მოშენების მსურველებს დღეს (29 მარტი) კიკეთში, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე გადასცეს.
„საქონელი დანომრილია და ვინმეს გული რომ არ დაწყდეს, ყველა ოჯახს კენჭისყრით შეხვდათნომრის შესაბამისი საქონელი. ერთადერთი პირობა, რაც მათ უნდა შეასრულონ არის ის, რომ უნდა იზრუნონ საქონლის გამრავლებაზე და არ დაკლან და სხვა მიზნებისთვის არ გამოიყენონ. გაამრავლებენ და რძის პროდუქტით ისარგებლებენ. კიკეთის მოსახლეობა ტრადიციულად მესაქონლეობას მისდევდა. სოფელი ამით ცხოვრობდა და იქ ადრე მეურნეობაც იყო. რაღაც პერიოდში სოფელში მოსახლეობაც შემცირდა და საქონელიც გაწყდა. დარჩენილი ნაწილი, ვისაც კიდევ ჰყავს საქონელი, გვინდა რომ გაძლიერდეს შარშან მოსახლეობან ტაძრისაგან საჩუქრად მიიღო 33 ხბო. მოსახლეობამ კარგად მოუარა საქონელს, მატებაც აქვთ სულადობაში, წელს მსურველთა რაოდენობა გაიზარდა. ამჯერად უკვე 50 ოჯახამა მიიღო საჩუქარი. ვეცდებით მსგავსი აქციები მომავალშიც გაგრძელდება.
სამომავლოდ, როგორც დაგვპირდნენ, პარლამენტის „რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის“ დახმარებით, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების პროგრამით, სოფლის მოსახლეობის რაიმე კოლექტიური საქმიანობა გახდება შესაძლებელი. მადლიერია მოსახლეობა ეკლესიის, მისი უწმინდესობის (მოგეხსენებათ, რომ მისი უწმინდესობა მუდმივად შეგვახსენებს, რომ სოფლის მეურნეობას დიდი ყურადღება მივაქციოთ). მოსახლების ნაწილმა გამოთქვა სურვილი, რომ ნამატიდან, ნაჩუქარი დეკეულის პირველი მოგებული ხბო, თავად გადასცეს საჩუქრად, სოფლის იმ მოსახლეს ვისაც ამის სურვილი ექნება. კიკეთის მოსახლეობას იმედი გაუჩნდა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა ექნება წამოწყებულ საქმეს“, – განაცხადა მამა ანდრიამ.