You are currently viewing „თანამედროვე ქრისტეანებზე“

„თანამედროვე ქრისტეანებზე“

Download article eBook


   „თანამედროვე ქრისტეანებზე“
ბერი მოსე მთაწმინდელი

 

ბერი მოსე მთაწმინდელი, 25 წელი მოღვაწეობდა ათონის მთაზე. ის იყო ხატმწერი, პოეტი, კრიტიკოსი და მწერალი. ის არის 52 წიგნისა და 1000-ზე მეტი სტატიის ავტორი. მისი ნაშორმები თარგმნილი და გამოცემულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. იყო ათონის წმინდა მთის კინოტის უფროსი მდივანი. 25 წელი იყო კუთლუმუშის მონასტრის, წმინდა პანტელეიმონის სკიტის, წმ.იოანე ოქროპირის სენაკის სულიერი მოძღვარი. გარდაიცვალა 2014 წლის 1 ივნისს.
  როცა თანამედროვე ქრისტეანი საუბრობს ღმერთზე, ხშირად მას მხედველობაში აქვს რაღაც ისეთი, რაც არის შორს ზეცაში, უცნობი, გაუგებარი, შეუცნობი, მიუწვდომელი, ისეთი, რასაც ეთანხმება, სარგებელი აუცილებლობის ჟამს; ზოგჯერ მიაწერს მას ჯადოსნურ თვისებებს და ხშირად იმეორებს არამართლმადიდებლურს: „ირწმუნე და ნუ განსჯი“. მაგრამ ასეთ რწმენას ღმრთისა არ მოაქვს არსებითი ცვლილებები ქრისტეანის ცხოვრებაში. მას შეუძლია ზოგჯერ, კვიარობით იაროს ეკლესიაში, ჰქონდეს თავის ბიბლიოთეკაში თანამედროვე სასულიერო ლიტერატურა, მისაღებ ოთახში – ძველი ხატები, ხელში – სკვნილი, შესაძლოა გასცემდეს მცირეოდენ მოწყალებას. მაგრამ ის ბრაზობს, როცა ადამიანები ვერ ამართლებენ მის მოლოდინს, ხარბია, როცა საქმე ფულს ეხება, ჩაფლულია ეგოიზმში, კომფორტის წყურვილში, მოუსვენრობაში, კონკურენციაში. ეს არ არის ცხოვრება ქრისტეში. აქ სიკვდილის სუნი ტრიალებს. რითი განსხვავდება დღეს ქრისტეანი დანარჩენი ადამინებისაგან? თუ მას არ აქვს სულგრძელება, თვინიერება, სიხარული, უბრალოება და, განსაკუთრებით, სიმდაბლე, მაშასადამე, მას ვერაფერი გაუგია ქრისტესმიერ ცხოვრებაზე. ცხოვრებაზე, რომელიც ყოველდღიური სიძნელეების უღელქვეშაც განაახლებს, გარდაქმნის და აკეთილშობილებს ადამიანს.
 ასეთი ქრისტეანის ცხოვრება დაიყვანება უაზრო და სულელურ არსებობამდე. ადამიანი ხომ ვერ იცხოვრებს პენსიისთვის, მეორე ბინისა თუ ახალი მანქანისთვის. ჩვენ არ მოველით ძირეულ ცვლილებებს, ვცხოვრობთ იმედის გარეშე. ამით ვუქსოვთ სუდარას საკუთარ თავს. ვამბობთ ხოლმე: ცხოვრება თალხი და უხალისოა, ისევე ძველებურად მოსაწყენი, უფერული, რუტინულია. ქრისტეანი მოწოდებულია, უპირველეს ყოვლისა, ყური უგდოს სახარებას. სახარება კი ემუქრება მის თვითკმაყოფილებას, რომლითაც ამბობს ადამიანი: მადლობა ღმერთს, ჩვენში არ მოიპოვება ისეთი საშინელი და სამარცხვინო რამ, რასაც ყოველდღიურად ვხედავთ ტელევიზორით. ეს აზრი უფრო დემონებისაგან არის და თვითკმაყოფილება, რომელსაც ის ბადებს, სულაც არ არის კეთილი. ღმრთის წინაშე იქნება მოხსენიებული არა მხოლოდ არჩადენილი ბოროტება, არამედ ის სიკეთე, რომელიც არ გაგვიკეთებია, სათნოება, რომელიც არ შევიყვარეთ. ქრისტეანებს დღეს ორმაგი ცხოვრება აქვთ და ყოველთვის როდი ახასიათებთ პიროვნების მთლიანობა (ერთიანობა). ეს გაორება – დიდი ტკივილია. არ შეიძლება, ქრისტეანი ჩანდეს ერთი და იყოს მეორე, ამბობდეს ერთს და აკეთებდეს მეორეს. ეს მსახიობობა, კარგი თუ ცუდი, არ უნდა ახასიათებდეს ქრისტეანს. ნამდვილი ურთიერთობები ადამიანისა ღმერთთან ახასიათებენ მის ურთიერთობებს ადამიანებთანაც. ქრისტეანი კვირას და ქრისტეანი ყოველდღიურობაში არ უნდა იყოს სხვადასხვა. არსებობს, როგორც უკვე ვთქვი, კეთილზნეობითი მოჩვენებითობა. ადამიანი სრულყოფილი გარეგნულობისადმი სწრაფვაში შეპყრობილობამდე დავიდა და სახე ამისა არის ლეღვის ფოთლები, რომლებიც ფარავენ მის შინაგან სიცარიელესა და სიშიშვლეს. ძვირფას და ლამაზ სამოსს არ შეესაბამება შინაგანი სამყაროს მშვენიერება და სრულყოფილება. ქრისტეანი გატაცებულია უამრავი ცხოვრებისეული საჭიროებით, მრავალზე ზრუნავს, იფანტება წვრილმანებში, აზვიადებს უმცირესს, იწრაფვის სიამოვნებისა და აკრძალული ნაყოფისაკენ, რომელიც მას ლამაზად, ტკბილად და სასიამოვნოდ ესახება, არ სურს შეცვლა, არ სურს ბრძოლა, არ სურს საკუთარი თავისუფლების დაკნინება და შეზღუდვა. ბრუნდება ედემის ეშმაკი და სთავაზობს ბრჭყვიალას და არ ძვირფასს, მსუბუქად მისაღებს, იაფფასიანს, რეკლამირებულს, მასობრივად მოთხოვნადს, ყალბს. იმას, რისი შეძენა არ არის წარმატება, რაც არ არის ჭეშმარიტი, რაშიც არ არის ბრძოლა, შრომა, მოთმინება და სიყვარული. ამაში მდგომარეობს სიცრუე, დეზორიენტაცია, საეჭვო, ვერაგული, წუთისოფელთან დაახლოებისაკენ მიმართული დემონური ზნის მიმღებლობის საცდური. ამგვარი ხერხით ადამიანებს ეძლევათ ცრუ პრიორიტეტები, მომატყუებელი, გამოგონილი, დანაკუწებული ჭეშმარიტებები, მანკიერების განდიდება, საშიში განმხოლოება, არაჯასაღი ნარცისიზმი, პრობლემების გადადება, ცარიელი გარსის ჭრელი ფერები. ვაჭარბებ? დღეს ქრისტეანებს გვაქვს ჯადოსნური წარმოდგენები ეკლესიაზე. ვამბობთ: „თუ მოხვალ ეკლესიაში, შენი საქმეები კარგად წავა“. მაგრამ მორწმუნე ქრისტეანთა შორის არიან უმუშევრები, ახალგაზრდა მეცნიერები, რომელთაც ვერ პოვეს ადგილი, გაკოტრებული ვაჭრები. ჩვენ ვამბობთ: „თუ არ მოხვალ ეკლესიაში, ცუდად წაგივა საქმე“. მაგრამ, ქრისტე არ მძლავრობდა ცნობიერებაზე. ჩვენ არ გვაქვს უფლება დავემუქროთ, დავაშინოთ სამყარო, მით უმეტეს, ვადიდებდეთ არარსებულ ღმერთს, ან ღმერთს-დამსჯელს, შურისმაძიებელს, სასტიკს, არაკეთილმოსურნეს, მტრულს; ღმერთს, რომელიც არიგებს კარგ სამსახურებს, სოლიდურ ჯამაგირებს, მაღალ პენსიებს, შემწეობებს, კეთილდღეობას, დღეგრძელობასა და სხვას. ვემსგავსებით ახალი საქონლის რეკლამისტებს, დაჩაგრული ღმერთის დამცველებს. ჩვენ, თავნება მეოცე საუკუნის ქრისტეანებს ჯერაც ვერ გაგვიგია, რომ ეკლესია არის ქრისტე, რომელიც გადაარჩენს, მაგრამ არც ერთი ჩვენგანისაგან არ საჭიროებს გადარჩენას. ქრისტემ ბრძანა: თუ მთელი გულით გვსურს სრულყოფილება, გავყვეთ მას. თანამედროვე ქრისტეანები ვიქეცით პროკურორებად, მეფეებზე უდიდებულესებად, უგუნურ მოშურნეებად, ცრუ მისიონერებად. მაგრამ, ჩემო ძვირფასებო, ჩვენი ეკლესიის წმიდათა უმრავლესობა იყვნენ ავადმყოფი და ღატაკი ადამიანები, ხშირად დევნილნი, უძლურნი, შეურაცხნი; ისინი როდი მიიპყრობდნენ ჩვენს მზერას. ქრისტე გოლგოთაზე განდიდდა. ტანჯვა ჩვენი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრია. ქრისტეანობის სიმბოლო არის ჯვარი. არ გვაქვს მოტყუების უფლება. ეკლესიაში დღესაც არის ტკივილი, მაგრამ ამ ტკივილს აქვს საზრისი, აქვს გამოსავალი, მივყავართ აღდგომამდე. ჩვენ არ გვაქვს უფლება მოვატყუოთ ხალხი მიწიერი სამოთხის დაპირებით, როგორც ამას აკეთებენ პოლიტიკოსები არჩევნების წინ. ქრისტემ ბრძანა, რომ წუთისოფელში გვექნება მწუხარება. იგი არ უწოდებს ნეტარებს მათ, ვინც დროს გართობებში კარგავს. ჩვენ კი გვსურს შევქმნათ ნეოქრისტეანობა ჩვენებური საზომებით, საკუთარი საჭიროებებისათვის, უშრომელი, უშფოთველი, მოხერხებული, მსუბუქი, ყოველგვარი ღირებულების გარეშე, ანტიასკეტური, ბოლოს და ბოლოს – სახარების საწინააღმდეგო. ამ თვალსაზრისით საღმრთო ლიტურგია ტაძარში არის უბრალოდ სიტყვების სმენა, ქმედებების ყურება; შეიძლება მშვიდად სავარძელში ჯდომა და მისი ყურება ტელევიზორით, ან რადიოთი მოსმენა მანქანაში. არ არის მსხვერპლი, თანამონაწილეობა, მღვიძარება, მორწმუნეთა ლოცვითი ერთობა. ქრისტეანულ კრებულში უსახლკარო, გულფიცხელი, არამეგობრული, მარტოხელა და უბედური ადამიანი უნდა იქნეს გამთბარი სიყვარულითა და ჭეშმარიტებით. თუ ჩვენთან მოსულს ეგებება ჩვენი დაუდევრობა, არასტუმართმოყვარეობა, გულგრილობა, დაღლილობა, ეს დამღუპველია როგორც ჩვენთვის, ასევე მისთვის. თუ ჩვენ არ გვაქვს ნათელი და სიხარული, სულიერი გამოცდილება და სიცოცხლე, რა შეგვიძლია შევთავაზოთ? ამ ყველაფერს იგი იპოვის სხვა ადგილას და, შესაძლოა, უკეთესი სახითაც. თუ ჩვენ, ქრისტეანებს არ გაგვაჩნია ქრისტესთან პირადი შეხვედრის სიხარული, მაშ, რაშია ჩვენი ქრისტეანული იდენტურობისა და ეკლესიაში ფორმალური სიარულის აზრი? წმიდა გრიგოლ სინელი ბრძანებს: თუ ვერ გავიგებთ, როგორები შეგვქმნა ღმერთმა, ვერც იმას შევიმეცნებთ, როგორებად გვაქცია ცოდვამ. თუ ვერ შევიცნობთ საღმრთო მადლის ნათელს, ვიტყვით, რომ კარგად ვგრძნობთ თავს ბინდში. ნათელში ვლინდება ჩვენი სინამდვილე. ნათელში განცხადდება ჭეშმარიტება ეკლესიისა. ეკლესია არის არა ის, რაც ჩვენ წარმოგვიდგენია, რაც გვინდა რომ იყოს. ეკლესია დედის უბეა, რომელიც იფარებს ყველას, ვისაც სურს გადარჩენა. ის არ არის ინსტიტუტი, იდეოლოგია, ჯგუფი, სისტემა, პარტია. ეკლესია არ განსჯის, არ ასამართლებს, არ ეძებს მომხრეებს, არ იცვლება, არ ყოფს, არ იღლება, არ ისვენებს, არ ზრუნავს დამაჯერებელ არგუმენტებზე, არასდროს არ ცდილობს დამონებას, დამხობას. გთხოვთ, მიაქციეთ ამას ყურადღება. ქრისტეანები დღეს უნდა გავხდეთ წმიდა გამოცდილების ადამიანები, რათა ჩვენი ცხოვრება მეტყველებდეს ჩვენს სიტყვებზე მეტად, არ უნდა ვითხოვდეთ კადნიერებით სასწაულს, არ უნდა ვჩქარობდეთ ლოცვაში, უნდა ვუსმენდეთ სხვა ადამიანს, ვინც არ უნდა იყოს ის, ვითმენდეთ წინააღმდეგობას, ვთანამშრობლობდეთ ღმერთთან. ჩვენ ვწირავთ მას ჩვენს ნებაყოფლობით შრომას. ის ჩვენ – თავის მადლსა და წყალობას, რადგან ადამიანის ცხოვნება ყოველთვის არის საღმრთო მადლისა და კაცობრივი ძალისხმევის თანამოქმედება. ადამიანი შექმნილია ხატად ღმრთისა და მისი შექმნის მიზანი არის განღმრთობა, ეკლესიის მისია – სამყაროს გადარჩენა. საეკლესიო საიდუმლონი წმიდაყოფენ ადამიანს, რომელიც, განიწმინდება რა, გაცისკროვნდება და აღწევს განღმრთობას. ასეთია მართლმადიდებლური ღმრთისმეტყველება, ანთროპოლოგია, ეკლესიოლოგია და ასკეტიკა ჩვენი ეკლესიისა. ნუ ვეძებთ სხვა გზებს, როცა ერთია ცხოვნების, განღმრთობისა და სრულყოფილების გზა.
 თარგმნა: დეკანოზმა ანდრია კემულარიამ
წყარო: dekandria.blogspot.com
რუსულად – agionoros.ru
ბერძნულად – agioritikesmnimes.blogspot.ru