სოციალურ ქსელში წმინდა სინოდის სხდომაზე მიტროპოლიტი დიმიტრის (შიოლაშვილი) წარმოთქმულ სიტყვა ქვეყნდება:
თქვენო უწმინდესობავ, წმიდა სინოდის მღვდელმთავარნო!
თავს მოვალედ ვთვლი, განვაცხადო, რომ ამჟამად არ არის აუცილებლობა სრულიად მართლმადიდებლური კრების ჩატარებისა იმდენად, რამდენადაც მართლმადიდებლური დოგმატიკა, კანონიკა და წესდება დროშია შემოწმებული და ადგილობრივი ეკლესიების მიერ რეცეპტირებული.
ამჟამად სრულიად მართლმადიდებლური კრების ჩატარება გახდება პრეცენდენტი მსგავსი კრებების შემდგომი დაფუძნებისა მართლმადიდებლობის „გათანამედროვების მიზნით“, ანუ მორწმუნეთა ცნობიერებაში იმის დანერგვისა, რომ ეკლესია არის არაცოცხალი ღვთივსულიერი ორგანიზმი, არამედ ადამიანური ორგანიზაცია, რომლის პრინციპებისა და კანონების შეცვლა შესაძლებელია საზოგადო თათბირებზე, საღვთისმეტყველო კომისიებსა და ასამბლეებზე.
მომავალი კრების ჩატარების საკითხი არ განხილულა კლიროსსა და ერისკაცთა შორის, ანუ საკითხი არ დამდგარა ეკლესიის სავსების წინაშე, რითაც დარღვეულ იქნა იერარქთა და ერისკაცთა ერთობის პრინციპი. ეს საკითხი გადაწყდა უმაღლეს იერარქიაში, მორწმუნეები კი ფაქტის წინაშე დააყენეს. მართლმადიდებლური სწავლებით (1848 წ. კრება), თითოეული მორწმუნე არის მართლმადიდებლური სწავლებისა და წეს-ჩვეულებების დამცველი.
რა მიზნები შეიძლება დაისახოს მომავალმა კრებამ? როგორც ჩანს, დადგება კონსტანტინეპოლის პატრიარქის სტატუსის ამაღლებისა და უფლებამოსილების საკითხი, რათა ის, თანასწორ იერარქთა შორის პირველი პატრიარქი, მათზე უფროსი გახდეს. ეკლესიების მეთაურების შეხვედრაზე კონსტანტინეპოლში (2014 წლის მარტი) აღინიშნა კიდევაც, რომ სხვადასხვა ეკლესიების წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ თქვენ – მართლმადიდებლებს – ერთობა არ გაქვთ, რადგან არ გყავთ ერთი წინამძღვარი, ეს კი ნიშნავს იმას, რომ თითოეული ეკლესიის ძვირფასი მონაპოვარი – ავტოკეფალია – საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება, ან გამოიწვევს ავტოკეფალიის ეკლესიების უფლებების შეზღუდვას. კრების ერთ-ერთი მთავარი საკითხიც ხომ ეს გახლავთ, რომელსაც მსოფლიო საპატრიარქო წლების მანძილზე საგულდაგულოდ მალავდა. შესაძლოა, დადგეს დიასპორაში იერარქიული სტრუქტურის საკითხი კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსადმი მართლმადიდებლური დიასპორების პირდაპირი ან ირიბი დაქვემდებარების მიზნით ისე, რომ ანგარიში არ გაეწიოს ავტოკეფალური ეკლესიების ტრადიციებს, როგორც ჩანს, დაკანონდება ეკუმენიზმის პრინციპი, რომელთან დაკავშირებითაც შესაძლოა დამტკიცდეს ეკლესიის კანონებთან უთანხმოებაში მყოფი მთელი რიგი ე.წ. „რეფორმებისა“. ამ „რეფორმებს“ შერბილებული და დაფარული ხასიათიც რომ ჰქონდეთ, თავად მართლმადიდებლობის ევოლუციისა და მოდერნიზმის პრინციპი გახდება პრეცენდენტი იმისა, რომ შეიძლება ცვალო საეკლესიო კანონიკა და წესდება და მოახდინო საეკლესიო ტრადიციების იგნორირება.
სულ უფრო ძლიერად გაისმის ხმები ეკლესიოლოგიური დოგმატების რევიზიის შესახებ, უპირველესად ერთიანი ეკლესიის შესახებ დოგმატისა, რომელსაც სარწმუნოების სიმბოლო შეიცავს. ამით შებრკოლდება ეკლესიის ღვთივსულიერების რწმენა, მოხდება წმინდა გარდამოცემის იგნორირება და დაირღვევა საღვთისმეტყველო ტრადიცია, რომელიც დასაბამს მოციქულთა დროიდან იღებს. ერეტიკოსების, მონოფიზიტების, ნესტორიანელების, კათოლიკების, ანგლიკანებისა და სხვათა მოწყვეტა ერთიანი ეკლესიისგან წარმოჩნდება, როგორც გაუგებრობა, ანდა მიზეზი სიყვარულის დეფიციტისა ან ტერმინოლოგიური უზუსტობების შედეგი, შედეგი ურთიერთგაუგებრობისა, ურთიერთშეუთანხმებლობისა. დოგმატების აზრის დასაზუსტებლად იქნება მოწოდება ტერმინოლოგიური რევიზიისკენ, ეს მიგვიყვანს გადაწყვეტილებამდე, რომ ყველა ერეტიკული კონფენსია და დენომინაცია არსებითად იგივეა, რაც მართლმადიდებლობა და მისგან მხოლოდ ფორმით განსხვავდება. ამასთან გამოითქმება წუხილი იმის გამო, რომ ყველა კონფესია და რელიგია მრავალი საუკუნის მანძილზე ამპარტავნების, შეუწყნარებლობისა და თვითჩაკეტილობის გამო აღმოჩნდა გაყოფილი, უნივერსალურ სიყვარულად წარმოდგენილი ამგვარი გამაერთიანებელი ტენდენცია შესაძლოა გადაიქცეს თეოსოფიურ-გნოსტიკური ხასიათის ახალ ეკლესიოლოგოურ მწვალებლობად და ეკლესიისთვის სერიოზულ განსაცდელად იქცეს, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ნებართვა ქორწინებაზე მართლმადიდებელსა და უცხოდაღმსარებელს შორის ამახინჯებს თავად ქორწინების იდეას, როგორც სულიერი ერთობისა და მის საკრალურ ხასიათს ანადგურებს. აღმსარებლობებს შორის სხვაობა ეღობება ქორწინების საეკლესიო კურთხევას, ასევე მეუღლეთა ერთობლივი ლოცვის შესაძლებლობას (ოჯახი ვერ გახდება “საშინაო ეკლესია”).
და ბოლოს, ჩვენი ეკლესიისათვის მეტად მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საქართველოს ეკლესიის მთლიანობას ეხება: ათეული წლებია რუსეთის ეკლესიის მხრიდან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საზღვრები ირღვევა და სამღვდელო მსახურება უნებართვოდ აღესრულება, რაც არაერთხელ იქნა გაპროტესტებული, როგორც ზეპირად, ასევე წერილობით საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის მხრიდან, თუმცა ამას რუსეთის ეკლესიის მესვეურთა მხრიდან არანავითარი რეაგირება არ მოჰყოლია, უფრო მეტიც, რუსეთის ეკლესიის წინამძღოლი წლებია დაჟინებით ითხოვს, რომ მათ მივცეთ ერთგვარი ლეგიტიმაცია აფხაზეთში მოქმედებისა (თითქოს აქამდე რამე ხელს უშლიდა?) ამ ბოლო დროს აფხაზეთში ერთმანეთს დაუპირისპირდა ორი რელიგიური დაჯგუფება: ერთი მიემხრო მოსკოვის საპატრიარქოს (დეკანოზ ბესრიონ აფლის დაჯგუფება), ხოლო მეორე (არქიმანდრიტი დოროთე თბარი) – მსოფლიო საპატრიარქოს, რამაც ამ უკანასკნელის გააქტიურება გამოიწვია რეგიონში (არსებობს წერილი მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსისა აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ანქვაბთან მიწერილი, სადაც ითხოვს თავისი რეზიდენციის ახალი ათონის მონასტერში განთავსებას) მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ასევე ითხოვდა უფლებამოსილებას საქართველოს ეკლესიისაგან აფხაზეთში მოქმედებისა, რაზეც, როგორც მოსკოვის პატრიარქმა, ასევე მანაც უარი მიიღეს.
2013 წლის იანვარში კონსტანტინეპოლში შედგა სრულიად საქარველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის შეხვედრა მღვდელმთავრებსა და სამღვდელოებასთან ერთად. შეხვედრაზე ერთადერთი საკითხი იქნა განხილული და ეს საკითხი საქართველოს ეკლესიის მთლიანობას, კერძოდ, აფხაზეთის ეპარქიას ეხებოდა. მსოფლიო საპატრიარქო დაჟინებით ითხოვდა მისთვის უფლებამოსილების გადაცემას, როგორც თავად გვარწმუნებდა, დროებით, რაზეც საქართველოს ეკლესიამ მტკიცე უარი განუცხადა, თუმცა ყოველივე ამას მსოფლიო საპატრიარქოსთვის ხელი არ შეუშლია, აფხაზეთში ოდიკები გაეგზავნა და საქართველოს ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიაზე უკანონოდ ემოქმედა ამ შეხვედრის დროს მე დავუსვი კითხვა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს: აფხაზეთში ორი რელიგიური დაჯგუფების, (ერთი ე.წ. რუსული მხარე, მეორე – ბერძნული), მოსკოვისა და კონსტანტინეპოლის საპატრაირქოს წარმომადგენლები ჩვენთან გახეთქილებაში არიან. რუსეთის პატრიარქმა დეკანოზი ბესარიონი დააჯილდოვა წმიდა სერგი რადონეჟელის ორდენით, ხოლო ე.წ. ბერძნულ მხარეს, დოროთე თბარს, თქვენ არქიმანდრიტობა უბოძეთ იმის ნაცვლად, რომ მოუწოდოთ კანონიკური ეკლესიის მორჩილებისაკენ, თქვენ მათ აჯილდოვებთ, ახალისებთ, უფრო მეტიც, თქვენი მღვდელმსახური (არქიმანდრიტი დოროთე თბარი მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაშია) ჩვენი კანონიკური ეკლესიის საზღვრებში აარსებს მიტროპოლიას, რაც საეკლესიო კანონების უხეში დარღვევაა და თქვენ ამაზე არანაირი რეაგირება არ გაქვთ?! შეფიქრიანდა პატრიარქი, მიუბრუნდა თავის იერარქებს და ჰკითხა, ამიხსენით რა ხდებაო?.. რამაც მე, ერთ უღირს მღვდელმთავარს, შემიქმნა წარმოდგენა, რომ აქ სამართლის ძიება უშედეგოა.
როდესაც დაინიშნა კრების წინა მოსამზადებელი შეხვედრა შამბეზში ა.წ. 21-28 იანვარს, კიდევ მქონდა ილუზია იმისა, რომ ჩვენი წარგზავნილი დელეგატები ამ საკითხშიც გამოიჩენდნენ მათთვის ჩვეულ პრინციპულობას (რითაც მთელი საქრისტიანო აალაპარაკეს) და დააყენებდნენ საკითხს სულიერ ექსპანსიასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა.
ასე და ამრიგად, ჩემთვის საბოლოოდ დაკარგა აზრი ამ კრებაში მონაწილეობამ.
თქვენო უწმინდესობავ, ძვირფასო მეუფენო, მე გამოვთქვი შიში და მოსაზრება სრულიად მართლმადიდებლური კრების შესახებ, თუმცაღა ამასთანავე მწამს, რომ უფალი დაიფარავს თავის ეკლესიას და მეორედ მოსვლამდე დაიცავს წმიდად, ქველად და უმწიკვლოდ.
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დ ი მ ი ტ რ ი
წმიდა სინოდის სხდომა
10.06.2016წ.