You are currently viewing „სახელის ძალა“ (I ნაწილი)

„სახელის ძალა“ (I ნაწილი)

Download article eBook

   გთავაზობთ მიტოპოლიტი კალისტე უეარის მცირეტანიან წიგნს იესოს ლოცვის შესახებ, სახელწოდებით –  „სახელის ძალა“.

 ავტორის მცირე ბიოგრაფია.
კალისტე დიოკლიის ეპისკოპოსი (ტიმოთე უეარი) – (1934 – ) – დაიბადა ინგლისში. განათლება მიიღო თავდაპირველად ლონდონის უესტმინსტერის სკოლაში, შემდეგ ოქსფორდის უნივერსიტეტში, სადაც იგი სწავლობდა კლასიკურ ენებს, ფილოსოფიასა და თეოლოგიას. აქვე მას მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. მართლმადიდებელ ეკლესიას შეუერთდა 1958 წელს. 1966 წელს ხელდასხმულ იქნა მღვდლად და აღიკვეცა ბერად წმ. იოანე ღვთისმეტყველის მონასტერში კუნძულ პატმოსზე, საბერძნეთში. 1966 წლიდან იგი გახლავთ ოქსფორდის უნივერსიტეტის ლექტორი აღმოსავლეთის ეკლესიის მამების დარგში. იგი იყო ოქსფორდის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი დამაარსებელი, სადაც დღემდე განაგრძობს მოღვაწეობას. 1982 წელს გახდა დიოკლიის ტიტულარული ეპისკოპოსი კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოში (აღნიშნული ინფორმაცია აღებულია საიტიდან orthodoxtheology.ge). 

წიგნი სპეციალურად გვერდისთვის ითარგმნა რუსთავის მე-17 საპატიმროში.
რუსული ენიდან თარგმნა ზურაბ გორგაძემ.
რედაქტორი – გიორგი გელაშვილი. 

  ნაწილი I

„ლოცვა და მდუმარება“

ლოცვისას მდუმარე იყავი. „თავად დადუმდი, დე ლოცვამ ისაუბროს“ – წერს მართლმადიდებელი ავტორი[1]. მდუმარების მიღწევა – ყველაზე რთული და გადამწყვეტია ლოცვის ხელოვნებაში. სიჩუმე – არა მხოლოდ უარყოფითი მდგომარეობაა (პაუზა სიტყვებს შორის, მეტყველების დროებითი შეჩერება) არამედ დადებითი – ეს ლოდინი და ყურადღებიანი სიფხიზლის მდგომარეობაა. ისიხასტი  არის ის, ვინც შინაგანი მდუმარება მოიხვეჭა.  ის ლოცვის ხმას გულში ისმენს და ამავდროულად აღიქვამს, რომ ეს ხმა ეკუთვნის იმას, ვინც მასში მკვიდრობს. განვიხილოთ ოთხი შემთხვევა და ჩვენთვის უფრო ნათელი გახდება, თუ როგორ ურთიერთქმედებს ლოცვა და მდუმარება. დასაწყისისთვის „ოქსფორდის მცირე ლექსიკონს“ მივმართოთ. აქ ნათქვამია, რომ ლოცვა – ეს „….ღვთისადმი მიმართული სადღესასწაულო თხოვნაა… ლოცვითსიტყვაობაში გამოყენებული ფორმულა“. რადგან ამ განმარტებაში, მხოლოდ მოვლინებული მადლის სიტყვები და თხოვნები იგულისხმება, ანუ გარეგანი და არა შინაგანი ლოცვა, ეს განმარტება ნაკლებად დამაჯერებელია.

258
წმინდა თეოფანე დაყუდებული

ლოცვის ძალის შინაგანი ასპექტის უფრო ფართო განმარტებას, გასული საუკუნის ერთ-ერთი მოძღვარი გვაძლევს. „მთავარია გონებით წარვსდგეთ გულში ღვთის წინაე და ასე გაუნძრევლად იდგე დღე და ღამე, ცხოვრების ბოლომდე“წერს ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული (1815-1894)[2]. ლოცვა ამ განმარტების თანახმად შესაძლოა თხოვნის გარეშე, სიტყვის უთქმელადაც. აქცენტი მოქმედებიდან დროის გარკვეულ მონაკვეთში, ხანგრძლივ მდგომარეობაზე გადაიტანება. ილოცო ნიშნავს მოელოდე ღმერთს პირად და უშუალო ურთიერთობაში; იცოდე მთელი შენი არსებით – როგორც ინტუიციით,  ასევე რაციონალურად, რომ ჩვენ ღმერთში ვართ და ჩვენში არის ღმერთი. ადამიანების ურთიერთობები არ ღრმავდება, მხოლოდ იმიტომ, რომ განუწყვეტლივ კითხვით რეჟიმში ვართ, ან სულაც განუწყვეტლივ ვსაუბრობთ. პირიქით, რაც უფრო უკეთესად ვიცნობთ ან უფრო ძლიერად გვიყვარს ერთმანეთი, მით უფრო არ არის იმის საჭიროება, რომ ერთმანეთს ჩვენი დამოკიდებულება შევახსენოთ. სწორედ ასე იგება პირადი ურთიერთობაც ღმერთთან.

ზემოთ არნიშნულ ორივე განმარტებას ერთი საერთო აქვს: ისინი უფრო ადამიანურ ქმედებებს გადმოგვცემენ, ვიდრე ღვთაებრივს, მაგრამ ლოცვითი ურთიერთობის ინიციატივა ეკუთვნის ღმერთს და არა ადამიანს. აქ ყველაფერი მის ქმედებას ეყრდნობა. ნაწყვეტში, რომელიც წმ. გრიგოლ სინელის (+1346) ნაშრომებიდან ავიღეთ, სწორედ ამაზეა საუბარი: „რაღა ბევრი ვისაუბროთ? ლოცვა ღმერთია, ყველაფერში ყველაფერის მამოძრავებელი“[3], – ამბობს ის და მრავალგვარი ეპითეტებით გონიერი ლოცვის არსის წარმოჩენას ცდილობს.  ლოცვა ღმერთია: მე არ ვქმნი მას, მაგრამ ვერწყმი,  არ ვმოქმედებ – ღმერთი მოქმედებს ჩემში. „ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე“,- წერდა პავლე მოციქული (გალ. 2:20[ახ.ქართ.1]).  წმ. იოანე წინამორბედის სიტყვები ქრისტეზე  „მისა ჯერ-არს აღორძინებად, ხოლო ჩემდა მოკლებად“ (იოანე 3.30[ახ.ქართ.2]) ზუსტად გადმოგვცემს გონიერი ლოცვის გზას. სწორედ ასეთი გაგებით ლოცვა ნიშნავს მდუმარების შენარჩუნებას. „დადუმდი, დაე ლოცვამ ისაუბროს შენში“ – უფრო სწორედ, დე ღმერთმა ისაუბროს შენში. სულით ლოცვის არსი მდუმარებასა და ღვთის მოხმობაშია, რომელიც შენს გულში უსიტყვოდ გეზრახება, საკუთარი ქმედების შეწყვეტასა და მთლიანად ღვთის მოქმედებაზე მინდობაშია. ბიზანტიური ლიტურგიის მიხედვით, დასაწყისში, როდესაც ყველაფერი მზადაა ევქარისტიისთვის, დიაკონი მღვდელთან მიდის და წარმოთქვამს: „დროა ღმერთმა იმოქმედოს“. ასეთი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს  არამარტო ევქარისტიის, არამედ ნებისმიერი – პირადი თუ საზოგადო ლოცვის მიმართ.

85c62eae876bde9d68ebf5556214a394
ღირსი გრიგოლ სინელი

მეოთხე განმარტება, რომელიც ასევე წმ. გრიგოლ სინელს ეკუთვნის, გვიხსნის თუ როგორ მოქმედებს ღმერთში ჩვენში. „ლოცვა ნათლისღების მადლის აღმოჩენაა“ – წერს წმინდანი. ღმერთი ნამდვილად არ მოქმედებს მხოლოდ მონათლულებში, არამედ ყველა ადამიანზე ერთნაირად ზრუნავს, რადგან ყველა ადამიანი მის ხატად არის შექმნილი. ცოდვით დაცემამ ნათლისღებისას მიღებული მადლის ჩაახშობა გამოიწვია, მიუხედავად ამისა ის არ ტოვებს ადამიანს. ნათლობის საიდუმლოში ადამიანის პირვანდელი სილამაზითა და დიდებულებით აღდგომა ხდება და როგორც წმიდა მამები ამბობენ ამ დროს ქრისტე და სულიწმიდა „ადამიანის გულის წმიდათაწმიდაში მკვიდრდებიან“.  უმრავლესობას არც კი ახსოვს ბავშვობაში მიღებული ნათლობის მადლი. მიუხედავად იმისა, ქრისტე, რომელსაც ნათელღებული შეიმოსავს და ნუგეშინისმცემელი, რომელიც ნათელღებულზე მირონცხებით გადმოდის, არც ერთი წამით არ წყვეტენ ადამიანში მოქმედებას, მაგრამ ჩვენ, ძალიან იშვიათი გამონაკლისით იგნორირებას ვუკეთებთ მას. ჭეშმარიტი ლოცვით საკუთარ თავში ხელახლა განვიცდით ნათლისღების მადლს. წინათ ჩვენ წარმოდგენაც არ გვქონდა საკუთარ გულში საიდუმლოდ მცხოვრები მადლის შესახებ, ახლა კი გონიერი ლოცვის მეშვეობით პირდაპირ და უშუალოდ შინაგანად ვჭვრეტთ, შევიცნობთ და შევიგრძნობთ ღვთაებრივი მადლის მოქმედებას. XIV საუკუნის წმინდანები, კალისტე და ეგნატე ქსანფოპულოები გვმოძღვრავენ, რომ „მთელი ძალისხმევით ვეცადოთ ვიცხოვროთ მაცხოვრის ღვთიური მცნებების მიხედვით, რათა მათი დაცვის მეშვეობით ავმაღლდეთ იმ სრულყოფილ სულიერ-მადლისმიერ მდგომარეობამდე, რომელიც ემბაზში მეორედ შობისას მოგვენიჭა…“

ლოცვის  არსი შეიძლება ერთ ფრაზაში გამოიხატოს: „გახდი ის, ვინც ხარ“. გაცნობიერებულად და რეალურად გახდი ის, ვინც პოტენციაში ხარ. შენ ხომ ღმრთის ხატად და მსგავსად ხარ შექმნილი და ნათლისღებისას ხელმეორედ შობილხარ. გახდი საკუთარი თავი; უფრო სწორად – დაუბრუნდი საკუთარ თავს, აღმოაჩინე ის, ვინც უკვე შენშია და მიაყურადე მას, რომელიც განუწტვეტლივ გესაუბრება გულში. დაეუფლე მას, ვინც იმ მომენტში შენ გეუფლება. ყველას, ვისაც ლოცვა სურს, ღმერთი ეუბნება: „ჩემს ძებნას არ დაიწყებდი, უკვე რომ არ გეპოვნე“.

რითი დავიწყოთ? როგორ ვილოცოთ საკუთარ შინაგან სენაკში ჩაკეტილებმა, არამხოლოდ წიგნებიდან ამოკითხული სიტყვებით, არამედ სულით? როგორ შევწყვიტოთ საუბარი და ვისწავლოთ მოსმენა? როდის გახდება ჩვენი ლოცვა, ღვთის ჩვენთან საუბარი და არა მცდელობა მასთან ხმის მიწვდენისა? როგორ გადავიდეთ სიტყვიერი ლოცვიდან, მდუმარე ლოცვაზე, ძალისხმევის საჭიროების მქონედან – „თვითმოქმედ“  (ეპისკოპოსი თეოფანის გადმოცემით) ლოცვამდე, ჩემი ლოცვიდან, ქრისტეს ჩემში ლოცვამდე?

ერთ-ერთი გზა გულისგულისკენ, სახელის მოხმობაა.

„უფალო იესო…“ 

რა თქმა უნდა, სხვა გზებიც არსებობს. ჭეშმარიტი ადამიანური ურთიერთობები თავისუფლებისა და უშუალობის გარეშე ვერ ეწყობა და მითუმეტეს მათ გარეშე ვერც სულიერი ლოცვა იშვება. მათზე ვინც ლოცვას ეძებს, არ მოქმედებს წინასწარგანსაზღვრული და შეუცვლელი წესები; და ვერავითარი ხერხი – ხორციელი თუ ფიქიკური – ვერ აიძულებს უფალს გამოგვეპასუხოს. მისი მადლი გადმოდის ჩვენზე როგორც თავისუფალი საჩუქარი. ვერანაირი მეთოდი ან ხერხი ავტომატურად ვერ მიიზიდავს მას. ღმერთის და ადამიანის ყოველი შეხვედრა ადამიანის გულის სამეფოში, სხვადასხვანაირია. მართლმადიდებელ ეკლესიაში არიან მოღვაწეები, რომლებიც ცოტას საუბრობენ იესუს ლოცვაზე და ისეთებიც, რომლებიც მასზე საერთოდ არაფერს ამბობენ. შინაგან ცხოვრებაზე მას არ აქვს გადამწყვეტი მონოპოლია, მაგრამ ამასთან, აგერ უკვე რამდენი საუკუნეა უამრავი აღმოსავლური ტრადიციის ქრისტიანი მისი დახმარებით იხვეჭს სამეუფო გზას. თუმცა არა მხოლოდ აღმოსავლური, უკანასკნელი 70 წლის განმავლობაში მართლმადიდებლობის შესახებ დასავლეთშიც გაიგეს და მისი მემკვიდრეობიდან არაფერს ისეთი ინტერესი არ გამოუწვევია, როგორც იესუს ლოცვას. არცერთ წიგნი არ სარგებლობდა იმხელა პოპულარობით როგორც „მწირის გულახდილი საუბრები“. არამართლმადიდებელ სამყაროში ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა ამ უცნობმა წიგნმა და მას შემდეგ რაც  20-იან წლებში  გამოჩნდა, მრავალ ენაზე ითარგმნა.

7142

მაშ რითია ასე მიმზიდველი იესუს ლოცვა და რატომაა იგი ასეთი ძლევამოსილი? ეს ყველაფერი მისი ოთხი ძირითადი თვისებით ხომ არ აიხსნება? პირველი რიგში – სიმარტივით და ხელმისაწვდომობით; მეორე – შინაარსის სისავსით; მესამე – სახელის ძალით; მეოთხე – ხშირი გამეორებით, შეძენილი შინაგანი დისციპლინით. განვიხილოთ თვითოეული ჩამოთვლილი თანმიმდევრობით.

„სიმარტოვე და ხელმისაწვდომობა“ 

ლოცვა სახელის მოხმობით, ერთის მხრივ ძალიან ადვილი და ხელმისაწვდომია ყველა ქრისტიანისთვის, მეორეს მხრივ – ჭვრეტის საიდუმლო სიღრმეებში შევყავართ. მან, ვინც გადაწყვიტა იესუს ლოცვის  ყოველდღიური, ხანგრძლივი გამოყენება ან უფრო მეტიც, ცდილობს სუნთქვას ან სხვადასხვა გარეგნულ რიტმს შეუთავსოს, აუცილებლად უნდა იპოვოს გამოცდილი სულიერი მოძღვარი, თუმცა ჩვენს დროში ეს ძალიან ძნელია. მათ კი ვისაც არ აქვთ გამოცდილ მოძღვართან კავშირი, შეუძლიათ შიშის გარეშე მცირედით დაიწყონ: 10-15 წუთიანი უწყვეტი იესუს ლოცვით.

დარიგება დამწყებთათვის: უბრალოდ დაიწყე. „პირველი ნაბიჯის გარეშე ვერ გაივლი და თუ არ ჩაყვინთე ვერ გაცურავ“. იგივეა სახელის მოხმობისასაც. დაიწყე სიყვარულით და მოწიწებით, იყავი მტკიცე. არ იფიქრო მხოლოდ იმაზე, რომ უფლის სახელს უხმობ, არამედ იმაზე თუ რას წარმოადგენ მის წინაშე. სახელი მშვიდად, ხმადაბლა და აუჩქარებლად წარმოთქვი. ლოცვის სიტყვების სწავლა რთული არ არის. ყველაზე ხშირად მას ასე წარმოთქვამენ: „უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე“. მაგრამ ერთფეროვნება არ არის აუცილებელი, ზოგჯერ „შემიწყალე მე“-ს ანაცვლებენ „შეგვიწყალენ ჩვენ“ს, ან ამოკლებენ ლოცვას „უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე“, ან კიდევ „უფალო, იესუ“, მთლად უკანასკნელი კი – „იესუ“. ზოგიერთნი პირიქით ამატებენ „მე ცოდვილი“ („უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“), და ამით ლოცვაში სინანულის ასპექტს აძლიერებენ. ან, თუ გავიხსენებთ მოციქულ პეტრეს აღიარებას კესარია ფილიპეს გზაზე,  ამბობენ „ძეო ღმრთისა ცხოველისაო“. ზოგჯერ იესუს ლოცვაში იყენებენ ვედრებას ღმრთისმშობლის ან რომელიმე წმინდანისადმი. მაგრამ ლოცვის ძირითადი არსი – სახელი „იესუ“ ყოველთვის არის მასში.  შეგვიძლია სიტყვათა სხვადასხვა წყობაც ვცადოთ და ავარჩიოთ მათ შორის ის, რომელიც უფრო ახლოსაა ჩვენთან. ერთხელ უკვე არჩეული სიტყვათა ფორმა დროთა განმავლობაში შეგვიძლია ვცვალოთ, მაგრამ ხშირად არა. „როგორც მცენარე ვერ იდგამს ნიადაგში ფესვს ხშირი გადარგვით, ასევე ლოცვა ვერ იდგამს გულში ფესვს ლოცვის სიტყვების ხშირი ცვლილებით“,– გვასწავლის წმ. გრიგოლ სინელი.

plant-growing

 იესუს ლოცვას სხვადასხვა გარემოებებში იყენებენ. ვისაც ლოცვის დაწყება სურს, არჩევანის წინაშე დგას: ილოცოს „თავისუფლად“ ან „კანონით“.


„თავისუფლად“- ნიშნავს ყოველდღიური საქმიანობის მოწყვეტის გარეშე. რამდენად ხშირად ვმოქმედებთ თითქმის ავტომატურ რეჟიმში, როცა კარგად ნაცნობ მრავალჯერად ქმედებებს აღვასრულებთ: ვიცვამთ, ვბანაობთ, წინდს ვკემსავთ, ბოსტანს ვუვლით, ვმგზავრობთ ან ვმართავთ ავტომობილს, ვუცდით ტრანსპორტს გაჩერებაზე ან ავტომობილს საცობში. ჩვენ გვაქვს დრო, როდესაც შესაძლებლობა გვეძლევა მძიმე შეხვედრის წინ სიჩუმეში ვიჯდეთ, როცა არ გვეძინება ან უკვე გავიღვიძეთ, მაგრამ ჯერ არ გამოვფხიზლებულვართ. იესუს ლოცვა კარგია თავისი სიმოკლითაც. როცა ძნელია კონცენტრირება, დაძაბულნი ვართ, ძალიან ვღელავთ, ის უბრალოდ შუცვლელია.

იესუს ლოცვა გვეხმარება აღვაშენოთ ხიდი ყოველდღიურ ყოფიერებასა, ღვთისმსახურებას და პირად ლოცვით მცდელობებს შორის.  „მოუკლებლად ილოცვიდეთ“ (1 თესალ. 5.17) – გვმოძღვრავს პავლე მოციქული, მაგრამ განა შესაძლებელია  ეს, როცა ამდენი გვაქვს მოსასწრები და საკეთებელი? პასუხს ეპისკოპოსი თეოფანე გვაძლევს: „ხელებით საქმე აკეთეთ, ხოლო გონებით და გულით კი ღმერთთან იყავით“. იესუს ლოცვის დაუღალავი გამეორებით, მასთან შერწყმით და ჩვენს ცნობიერებაში მისი ჩანერგვით შევიგრძნობთ ღმერთს ყველგან: ტაძარში, განმარტოებისას, სამზარეულოში, ცეხში ან ოფისში. ჩვენ ვემსგავსებით ძმა ლორენცოს, რომელიც „ღმერთთან ყოველდღიური საქმიანობის დროს უფრო ახლოს იყო, ვიდრე სულიერი ვარჯიშებისას“.„დიდი შეცდომაა – წერდა ის – ის შეხედულება, რომ თითქოს ლოცვის დრო განსაკუთრებულია, ჩვენ მოწოდებულნი ვართ ვიყოთ ღმერთთან, როგორც საქმიანობისას, ასევე ლოცვისას“[4]. იესუს ლოცვა უფრო ქმედითი და სრულია, არა მხოლოდ მაშინ როდესაც, მივმართავთ იმ დროს როცა მოგვესურვება, არამედ მაშინაც, როდესაც ის კანონის სახეს იღებს, მთელი ყურადღების ლოცვაზე გამახვილებით და ყოველგვარი მოქმედების შეწყვეტით. სახელის მოხმობას უთმობენ „ლოცვის განსაკუთრებულ“ დროს, იმ დროს რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვუთმობთ ღმერთთან ურთიერთობას. ზოგადად, იესუს ლოცვის გარდა მლოცველთა ნაშრომებს, ფსალმუნებს, ნაწყვეტებს წმინდა წერილიდან და ლოცულობენ სხვებისთვის. ძალიან ცოტა თუ გრძნობს მოწოდებას, რომ მთლიანად იესუს ლოცვას მიეცეს. ის, ვინც უპირატესობას ანიჭებს იესუს ლოცვის „თავისუფალ“ გამოყენებას და ასევე „კანონის სახით“, არაფერს აშავებს და არა აქვს მიზეზი აღელვებისთვის (ორი გზა ერთმანეთისგან დამოუკიდებელია.).

არ არსებობს მკაცრი წესები იესუს ლოცვის „თავისუფალი“ და „კანონის სახით“ გამოყენებას შორის. სხეულის მდგომარეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. მართლმადიდებლური ტრადიციით ლოცვას ხშირად მჯდომარე ამბობენ, მაგრამ დგომითაც შეიძლება და თუ უძლურება ან გადაღლილობა გვძლევს მწოლარეც. როგორც წესი სიბნელეში ან თვალდახუჭული და არა კანდელით განათებული ხატების ან სანთლის შუქზე. წმინდა სილუან ათონელი (1866-1938) ლოცვისას ყურადღება რომ არ გაფანტვოდა საათს კარადაში მალავდა, ხოლო თვალებსა და ყურებზე სქელ შალის სკუფიას იფარებდა.

stsilouantheathonite

სიბნელე თავისთავად მოქმედებს და ძილისკენ მივყავართ! თუ ლოცვისას ძილისკენ წაგვიღებს, უნდა წამოვდგეთ, გამოვისახოთ პირჯვარი, შენდობა ვითხოვოთ და ქედი მოვიხაროთ, ისე რომ მარჯვენა ხელი იატაკს შევახოთ (მცირე მეტანია). შესაძლებელია დიდი მეტანიის გაკეთებაც, მუხლმოდრეკითა და შუბლის იატაკზე შეხებით. სკამი, რომელზეც ლოცვისას ვზივართ არ უნდა იყოს მომადუნებელი, კარგია თუ სახელურები საერთოდ არ ექნება. მართლმადიდებლურ მონასტრებში როგორც წესი, დაბალ უზურგო სკამს იყენებენ. ლოცვა ხელაპყრობით დგომითაც შეიძლება. იესუს ლოცვისას ხშირად იყენებენ სკვნილს. ამას არა დათვლის გამო აკეთებენ, არამედ ყურადღების მოსაკრებად და რითმის შესანარჩუნებლად. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ როდესაც ხელები დაკავებულია სხეულის დამშვიდება და ლოცვაზე კონცენტრირება უფრო მარტივია. რაოდონობრივობაზე ზედმეტი ყურადღების გამახვილება, ლოცვისას არამიზანშეწონილია. „მწირის გულახდილ საუბრებში“ ბერმა მკაცრად მიუთითა თუ რამდენჯერ უნდა გაემეორებინა დღის განმავლობაში იესუს ლოცვა: თავიდან – 3 ათასი, შემდეგ – 6 ათასი და ბოლოს 12 ათასი, არც მეტი არც ნაკლები. ეს სრულიად განსხვავებული ყურადღებაა რაოდენობაზე. როგორც ჩანს აქ საქმე მხოლოდ რიცხვებში არაა, არამედ მწირის შინაგან მდგომარეობაზე: ბერს მისი მორჩილების გამოცდა უნდოდა, რომ ენახა მზად იყო თუ არა უყოყმანოდ აღესრულებინა მისი ყოველა მითითება. ჩვენ კი ეპისკოპოს თეოფანეს რჩევა უფრო გამოგვადგება: „თქვენ ამბობთ, რომ ხანდახან გავიწყდებათ სკვნილზე  წარმოთქმული ლოცვების რაოდენობა. ამაში საგანგაშო არაფერია, რადგან ღვთისადმი კრძალვით და სასოებით აღვლენილი ლოცვა უფრო ღირებულია, ვიდრე ლოცვების რაოდენობა“. ზოგჯერ იესუს ლოცვას ერთობლივად ამბობენ, მაგრამ ყველაზე ხშირად მარტო, ხმამაღლა ან ჩუმად თავისთვის. მართლმადიდებლები ლოცვას წამღერებით არ ამბობენ. არ არის აუცილებელი სიტყვების ზედმეტად გამოკვეთილად წარმოთქმა და ნებისმიერი შინაგანი დაძაბულობა ზედმეტია. დაე ლოცვამ თვითონ გამოიმუშაოს თავისი რიტმი და აქცენტები.  დროთა განმავლობაში ლოცვა თვითონ „ამღერდება“ ჩვენში. ბერი პარფენი კიეველი იესუს ლოცვის მდინარებას, ანკარა წყაროს რაკრაკს ამსგავსებს.

ყოველივე აღნიშნულიდან სრულიად ნათელია, რომ სახელის მოხმობა  ნებისმიერ გარემოებაშია შესაძლებელი. იესუს ლოცვა ხელმისაწვდომია ყველასთვის, ყველგან და ნებისმიერ დროს. ის მისაღებია დამწყებთათვისაც და გამოცდილებისთვისაც. მისი წარმოთქმა შეიძლება ერთობლივადაც და განმარტოებითაც. ის მისაღებია უდაბნოშიც და ქალაქშიც, სიჩუმესა და სიმყუდროვეში, დიდ ხმაურსა და ქაოსშიც. ის ყველანაირ გარემოებას ერგება.

ნაწილი II