ერთ-ერთი გადაცემა დეკანოზ ალექსანდრე გალდავას საავტორო გადაცემათა ციკლიდან: „მარტივი კითხვები“
თემა – „უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია“
სტუმარი – დეკანოზი ლევან მათეშვილი
მამა ალექსანდრე: მოგესალმებით, დღევანდელი ჩვენი საუბარი შეეხება უკრაინის კანონიკური და არაკანონიკური ეკლესიებს. ისტორიულად მიმოვიხილავთ ავტოკეფალიისა და ავტონომიის ინსტიტუციას, ეკლესიის სამართლებრივ მხარეს, დღევანდელ უკრაინულ რელიგიურ მდგომარეობას. ეს თემა შევარჩიეთ იმიტომ, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები არის აქტუალური მისი პოლიტიკური და მძიმე საომარი მდგომარეობის გამო. ხშირად მედიაში ვხვდებით არაკომპეტენტურ განხილვას უკრაინის ეკლესიურ მდგომარეობაზე. უკრაინის საეკლესიო ლიდერად წარმოჩინებულია ცრუ პატრიარქი ფილარეტი, რომელიც სრულიად მართლმადიდებლური ეკლესიის მხრიდან ითვლება, როგორც განხეთქილების მომწყობი და იგი არის ანათემატიზირებული, განკვეთილია ეკლესიიდან და მას აყრილი აქვს საეპისკოპოსო და საბერო პატივი.
ამ თემაზე სასაუბროდ მოვიწვიეთ სტუმრად დეკანოზი ლევან მათეშვილი, რომელიც გახლავთ საბურთალოს პანთეონის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარი, ასევე ის არის ღვთისმეტყველების დოქტორი და ისტორიის მეცნიერების დოქტორი და პროფესორი.მოგესალმებით, მამა ლევან, მადლობა მობრძანებისთვის. გარკვეულ წილად დღევანდელი თემა თქვენს სპეციალობას ეხება. ისტორიაა… როგორ ფიქრობთ, სიდან დავიწყოთ უკრაინის ეკლესიის განხილვა? სრულიად რუსეთის ეკლესიის ნათლობიდან, შემდეგ კიევის რუსეთის გამოყოფიდან და შემდეგ მოსკოვში ტახტის გადაბრძანებიდან თუ პირდაპირ 90-იანი წლების სქიზმაზე ვილაპარაკოთ? როგორ ჩათვლით თქვენ საჭიროდ?
მამა ლევანი: მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისათვის, მამა ალექსანდრე. მართლაც, ურთულესი თემაა და თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ეს პოლიტიკას ეხება და მე აქვე დავძენ, რომ ჩვენ სახელმწიფოებს შორის პოლიტიკაზე არ ვილაპარაკებთ. ეს პოლიტიკური ანგაჟირებისგან განცალკევებული და სუფთა წყლის საეკლესიო სამართლის და კანონიკური სამართლის თემაა. განვიხილოთ, რომ ჩვენი მოსახლეობის და მაყურებლის აღქმაში სწორი აქცენტები გაკეთდეს, თუ როგორია საეკლესიო რეალობა უკრაინაში და როგორ ჩამოყალიბდა ეს რეალობა. დავიწყოთ 90-იანი წლებიდან, თუ როგორ მოვედით აქამდე. რა თქმა უნდა, ჩვენ მოვყვებით ისტორიასაც, თუ როგორ დაფუძნდა ეს ეკლესია.
მამა ალექსანდრე: მამა ლევან, უკაცრავად, რომ გაწყვეტინებთ. თავიდანვე თქვენ სწორი აქცენტები დასვით, რომ ვემიჯნებით პოლიტიკას და არ ეგონოს ვინმეს, რომ რუსული პოლიტიკის მხარდამჭერები ვართ, რახან არ ვაღიარებთ ფილარეტს, ცრუ ეკლესიას. ჩვენ ვსაუბრობთ წმინდა წყლის საეკლესიო სამართალზე, ეკლესიის ისტორიაზე და სამართლებრივ ნორმებზე. რა საეკლესიო ურთიერთობა უნდა გვქონდეს მართლმადიდებელ ეკლესიას მეორე მართლმადიდებელ ეკლესიასთან.
მამა ლევანი: 90-იანი წლები, ეს გარდაქმნის წლებია, ეს საბჭოთა კავშირის რღვევის პერიოდია, როდესაც რუსეთის პატრიარქი პიმენ II გარდაიცვალა და მისი მოსაყდრე, უფრო სწორად, ანდერძით მოსაყდრე გახლდათ ამჟამინდელი ცრუ პატრიარქი ფილარეტი. ცოტა წარმოდგენა რომ შეგვექმნას, თუ რა არის მოსაყდრეობა გეტყვით: მოსაყდრე არის ის ადამიანი, რომელიც საეკლესიო კრების მოწვევამდე, რომელიც აირჩევს ახალ პატრიარქს, არის ეკლესიის დროებითი მმართველი, ვიდრე არ ჩატარდება არჩევნები. თავის მხრივ, ეს ერთგვარი ფორაა და დიდი პრივილეგიაა. მას მეტი შანსი აქვს გახდეს პატრიარქი. (ის ანდერძით პიმენისგან არჩეულია მოსაყდრედ და არ არის დანიშნული). ეს იმ პერიოდში, როდესაც საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ არსებობს. ეს რომ მომხდარიყო თუნდაც 10 წლით ადრე, მაშინდელი მდგომარეობით, ეს ადამიანი, მოსაყდრე მღვდელმთავარი ფილარეტი, უკრაინის ეგზარხი, გარანტირებული პატრიარქი იქნებოდა შემდგომი რუსეთისა იმიტომ, რომ ეს არ ხდებოდა სახელმწიფო პოლიტიკის გარეშე და შეთანხმებული იქნებოდა, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ზემდგომ ორგანოებთან და ფაქტობრივად, მოსაყდრეობა ნიშნავდა გარანტირებულ პატრიარქობას, მაგრამ გავითვალისწინოთ ის რეალობა, როდესაც ეს მოხდა: 90-იანი წლებია, შესუსტებულია უკვე კომუნისტური რეჟიმი და აღარ არსებობს იმ ფორმით და იმ ძალმოსილებით, რაც მას ჰქონდა. სახელმწიფომ მიუშვა ეკლესია, ანუ ტოტალური კონტროლისგან გაათავისუფლა და გათავისუფლება ნიშნავს, რომ საშუალება მიეცათ მაშინდელ რუსეთის ეკლესიის მღვდელმთავრებს, რომ არჩევნები ჩაეტრაებინათ თავისუფალ გარემოს რეჟიმში და (ფილარეტს კარგი კავშირები ჰქონდა ლუკიანოვთან და სამთავრობო წრეებთან და იმდენად გარანტირებულად მიაჩნდა თავისი მომავალი პატრიარქობა და კიევიდან, რომლის ეგზარქიც ის გახლდათ, თავისი ნივთებით, თავისი ჩემოდნებით გადაბარგდა მოსკოვში პატრიარქის რეზიდენციაში), მოხდა ის, რაც მოხდა. რუსეთის საეკლესიო გაფართოებულმა კრებამ აირჩია არა ფილარეტი, არამედ ალექსი II.
მამა ალექსანდრე: სულ სამი კანდიდატი იყო. ერთ-ერთი იყო ვლადიმერ სობოდანი, რომელიც შემდეგ გახდა უკრაინის ავტონომიის მმართველი. ფილარეტმა მესამე ადგილი აიღო ძალიან ცოტა ხმით. სამჯერ უსწრებდნენ ალექსი II-ც და ვლადიმერიც.
მამა ლევანი: თუ რა სტრესი გადაიტანა ამ ადამიანმა, ეს ფსიქოლოგების თემაა. იგი მზად იყო უკვე პატრიარქობისთვის და არჩევნებში მიიღო ყველაზე ცოტა ხმა. ეს დაახლოებით შემიძლია შევადარო ლეონიდეს მდგომარეობას და სიტუაციას, როდესაც ჩვენთან ავტოკეფალია აღდგა. პრინციპში, ვერც მან გადაიტანა ეს. დაითმინა, მაგრამ ცნობილია ქიშპი. პატრიარქ კირიონს არ აწირინებდა თბილისში ლეონიდე. მე ვარო თბილელი მიტროპოლიტი და სიონის ტაძარში არ აწირინებდა. მართლაც, ფსიქოლოგიური დიდი დარტყმაა, მაგრამ ფილარეტის შემთხვევაში ამ სტრესმა უდიდესი დარტყმა მიაყენა მის პიროვნებას, რაც მის შემდგომ ნაბიჯებში აისახა და მოხდა ის, რაც მოხდა, ის წავიდა სქიზმაში და განაცხადა, რომ მე ვარო უკრაინის პატრიარქი. მოლაპარაკებების შემდეგ ის რამდენჯერმე დაპირდა, დაადასტურა ფიცით თუ არ ვცდები…
მამა ალექსანდრე: იქ ცოტა სხვა რამ იყო. სანამ წავიდოდა მოლაპარაკებებზე, მანამდე უკრაინის ეკლესიას სთხოვა, თავის სინოდს, საეგზარქოსო სინოდს, რომ დაეწერათ ავტოკეფალიის თხოვნა რუსეთის ეკლესიის მიმართ. ჯერ არ იყო “გამგელებული”, რადგენ ეგონა, რომ მიაღწევდა მხარდაჭერას უკრაინის ეკლესიაში და იქ მაინც გახდებოდა პატრიარქი.
მამა ლევანი: – ამ ადამიანს ჰქონდა ამბიციები და ამის საფუძველიც გააჩნდა, რა თქმა უნდა, მაგრამ რეალობა ვერ მიიღო ადამიანური სისუსტის გამო, როგორც ჩანს, და დაიწყო მცდელობა იმისა, რომ გამხდარიყო პატრიარქი არა რუსეთის ეკლესიის, არამედ უკრაინის ეკლესიისა, მაგრამ ავტოკეფალიის აღიარება, როგორც ეკლესიის უახლესი ისტორია გვიჩვენებს, არ მოხდა, თუმცა მან მაინც გამოიღო თავისი დადებითი ნაყოფი იმ გაგებით, რომ გაფართოებული ავტონომია მიანიჭეს, მაგრამ არა ფილარეტის მეთაურობით.
მამა ალექსანდრე: თავიდანვე იყო ამის მოთხოვნა რუსეთის ეკლესიიდან, რომ ავტონომიის ამ უდიდეს ფორმას მოგცემთ, ოღონდ შენ არ იქნები მეთაურიო იმიტომ, რომ არ უჭერდა მხარს თითქმის არცერთი ეპისკოპოსი თავის სამწყსოში, რადგან აგრესიული ადამიანი იყო და ხალხასც არ მოსწონდა. სულ საჩივრები იწერებოდა მის პირად ცხოვრებაზე (აქ არ დავიწყებთ ქექვას მისი პირადი ცხოვრების). ეს ძალიან არის გავრცელებული და ვერც იცავს თავს ამ მხრივ, მაგრამ იყო მოთხოვნა იმისა, რომ გაფართოებული ავტონომია ექნება. მხოლოდ მირონის ხარშვის უფლება არ ექნება. დანარჩენი სულ ყველაფრის უფლება აქვს: ის არის პირველი იერარქი და სიკვდილამდე იქნება პირველი იერარქი, წმინდანების კანონიზირება შეუძლია, ლიტურგიული ცვლილება შეუძლია, ახალი ტექსტების და ჰიმნოგრაფიის შექმნა შეუძლია. რუსეთის ეკლესიას არანაირი შესაძლებლობა არ აქვს კანონიკური ხელი “აფათუროს”, თუმცა რუსეთის ეკლესიის სინოდში მუდმივმოქმედი წევრები არიან უკრაინის ავტონომიური ეკლესიიდან. მათ შეუძლიათ გადაწყვეტილება მიიღონ რუსეთის პატრიარქის არჩევნებში. 51 ეპისკოპოსია და ეს 51 ხმა, თუ შემდეგ პატრიარქი ასარჩევი გახდებოდა, იქნებოდა ძალიან დიდი პლიუსი. ეს მართლაც ნონსენსია საეკლესიო პრაქტიკაში და რუსეთს თავის მხრიდან არანაირი ბერკეტი არ აქვს. ფილარეტმა ამ კრებაზე თქვა, სახარებას ადებს ხელს და, ეს ჩანაწერი youtube-შიც, რომ ის გადადგება და ჩაატარებს არჩევნებს ავტონომიისთვის და შემდეგ…
მამა ლევანი: – როგორც ეკლესიის ისტორიაში ბევრჯერ ყოფილა, მსგავსი პირობების რღვევა და საეკლესიო კანონიკის უარყოფა თუ ასე შემდეგ, მან ეს ფიცი დაარღვია და დაადგა იმ გზას, რასაც ჰქვია სქიზმის გზა, ეკლესიის გაყოფის გზა. სქიზმა არ არის, რა თქმა უნდა, მწვალებლობა. სქიზმა ნიშნავს განყოფას, მაგრამ მოძღვრებითი მხრივ, ლიტურგიკული მხრივ ეს მართლმადიდებლობის იდენტური არის, მართლმადიდებლური სწავლა-მოძღვრება არის, აზროვნება, მსოფლმხედველობა, მსოფლაღქმა, მსახურება, მაგრამ ის კანონიკურ ერთობაში არ არის დედა ეკლესიასთან და მსოფლიო ეკლესიასთან, მოკლებულია მადლმოსილებას იმიტომ, რომ ის განცალკევებულად დგას ქრისტეს სხეულისგან, ერთიანი ეკლესიისაგან, რომელიც მისტიური სხეულია ქრისტეს მიერ დაფუძნებული. მისგან გავიდა და მიზეზიც გასვლისა იყო არა დოგმატური, არა მოძღვრებითი, არამედ პირადი ამბიცია.
მამა ალექსანდრე: თან ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ცოდვა ძალიან მძიმე ცოდვაა და ბევრი წმინდა მამა ამას მკაფიოდ ამბობს, რომ მოწამეობრივი სისხლიც ვერ გამოისყიდის ამ უმძიმეს ცოდვას.
მამა ლევანი: ჩვენთვის ცნობილია ვინ ყოფს ეკლესიას – ბოროტი და ისიც ცნობილია ვინ აერთიანებს – ღმერთი. მან გაყო ფაქტობრივად ეკლესია და უამრავი ადამიანი ამ სქიზმაში ჰყავს, მოწყვეტილი მადლმოსილებას, რასაც ეკლესია ჰქვია. ეკლესია მთლიანი სხეულია ქრისტესი და ამისგან მოწყვეტა, რა თმა უნდა, მძიმე ცოდვაა. რუსეთის ეკლესიამ მიიღო საპასუხო ადეკვატური ზომები და ანათემიზირებულ ჰყო უკრაინის ყოფილი ეგზარქი. ანათემა არ ხდება უცებ. რამდენიმე საფეხური არის ეპიტიმიის, მაგრამ ადამიანი თუ არ ინანიებს,არ ჩერდება და აგრძელებს თავის მოღვაწეობას, ანათემა უკვე ბოლო სტადიაა. ეკლესიური ნებისმიერი ეპიტიმია არ არის სასჯელი, არამედ ეს არის ეპიტიმირებული ადამიანის მდგომარეობის განსაზღვრა, დაფიქსირება, თუ სად იმყოფება. კონსტატირებაა ფაქტის და ეს ან უშველის, მიახვედრებს მას რა მდგომარეობაში იმყოფება და შესაბამისად სინანულსაც გამოიღებს, ან კიდევ ეს კონსტატირებული ფაქტი დარჩება ფაქტად სხვების დასაცავად, იმ გაგებით, რომ სხვებიც არ მოხვდნენ ამ ადამიანის, ან ადამიანთა ჯგუფის მსხვერპლნი. ანათემა ეკლესიურ პრაქტიკაში ცნობილია მსოფლიო საეკლესიო კრებებიდან დაწყებული. ეს ეკლესიის ინსტრუმენტია და ეკლესიამაც გამოიყენა ეს ადეკვატური ბოლო იარაღი. სხვა საშუალება ეკლესიას არა აქვს. იძულებითი ან ძალოვანი სტრუქტურები ეკლესიას არ ჰყავს, რომ მოხდეს რეპრესიული ზომების გატარება. ეს არის ფაქტის კონსტატირება, რომ შენ ამ მდგომარეობაში ხარ და შეინანე. ფილარეტი არ ნანობს და ისევ აგრძელებს თავის მოღვაწეობას, მაგრამ ფაქტია, რომ ის პიროვნულად არის ერისკაცის დონეზე დაყვანილი და პლიუს ანათემიზირებული. ქრისტიანული მართლმადიდებლური კანონიკის კუთხით, და თუ ამ მდგომარეობაში დარჩა, როცა გარდაიცვლება, მასზე წესის აგებაც კი არ შეიძლება. ეს არის ის რეალობა, რომელიც შეიქმნა, რა თქმა უნდა, ამას დაერთო პოლიტიკური მოვლენები, პოლიტიკოსების მიერ ამ ადამიანის გამოყენება…
მამა ალექსანდრე: „დამოუკიდებელი უკრაინის სახელმწიფო, დამოუკიდებელი ეკლესია“. ასეთი ფორმულა იყო.
მამა ლევან, რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს ეკლესიამ, რომ მან მიიღოს ავტოკეფალია და ვისგან უნდა მიიღოს ეს? არსებობს თუ არა ასეთი კრიტერიუმები?
მამა ლევანი: ავტოკეფალიის თემა ძალიან დიდი თემაა. ეკლესიებს, რომელიც არსებობს სამყაროში, ვისაც აქვს ავტოკეფალია ამ ეტაპზე, თავისი ისტორიული კონტექსტიც აქვთ, რა თქმა უნდა. მოციქულთა მოღვაწეობა იქნება ეს თუ ისტორიულ ჭრილში ამა თუ იმ ეკლესიის დაწინაურება თუ სხვა. შეიძლება თუ არა უკრაინას ჰქონდეს ავტოკეფალურობა?! აკმაყოფილებს თუ არა ეს ეკლესია ამ მაღალი უფლების ქონას?! ავიღოთ ავტოკეფალიის მაქსიმალური სტანდარტი. მე შემოგთავაზებთ მედიაში და სოციალურ ქსელებში გავრცელებული აზრების მოკლე რეზიუმეს. მათი სულისკვეთება ამგვარია: „როგორ, კიევის რუსეთი განა პირველი არ იყო, რომელმაც მიიღო ქრისტიანობა რუსეთის მიწებში?! განა აქ არ უქადაგია მოციქულ ანდრიას?! აქ მოინათლა ვლადიმერი! აქ, რუსეთის მიწებში იყო ცენტრი ქრისტიანობის! აქედან გავრცელდა ქრისტიანობა აღმოსავლეთში და როგორ, ეს არ უნდა იყოს და მოსკოვს უნდა ჰქონდეს ავტოკეფალურობა და პატრიარქობის ტიტული და უკრაინას არა?!“ რა არგუმენტებიც ჩამოვთვალე, რა თქმა უნდა, ყველაფერი მართალია: აქ დაფუძნდა ქრისტიანობა, აქ მიიღო ვლადიმერმა 988 წელს სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა და მოინათლა, აქ იყო ცენტრი საეპისკოპოსო-სამიტროპოლიტო. ეს ყველაფერი ასეა, მაგრამ ჩვენ გვავიწყდება ერთი რამ, როდესაც მოინათლა ვლადიმერი, სწორედ მის მიერ დაფუძნებული ეკლესია იყო დაქვემდებარებული კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან. ის ბერძენი იყო. 1051 წელს პირველად ხდება ეროვნებით რუსი ილარიონ მღვდელმთავარი კიევის მიტროპოლიტი. შემდეგ ისევ ბერძნები ინიშნებიან. ჩვეულებრივი მიტროპოლია იყო, ხოლო შემდგომ, ქრონოლოგიას თუ გადავხედავთ, კონსტანტინოპოლის დაცემამდე რამდენიმე ხნით ადრე, 1448 წელს მიტროპოლიტმა იონამ მოიპოვა ავტოკეფალურობა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსგან, მაგრამ ეს უკვე ხდება მოსკოვში. კიევიდან მიტროპოლია მოსკოვში გადადის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ვითარების გამო. ამ პერიოდში მოსკოვის სამთავროს გავლენა იზრდება (რუსეთის მიწა დაყოფილია სხვადასხვა სამთავროებად: კიევის, სუზდალის, ვლადიმერის თუ მოსკოვის). პოლიტიკური სიტუაციის გამო, მონღოლთა დაპყრობების და შემოსევების შედეგად, როდესაც განადგურებულია და აღარ არსებობს ფაქტობრივად კიევი, ფიზიკურად ეს ტახტი, ეს კათედრა გადადის გეოგრაფიულად უფრო უსაფრთხო და უფრო ძლიერი სამთავროს დედაქალაქში – მოსკოვში. ანუ, კიევის მიტროპოლია კი არ გაუქმებულა, დარჩა და ის მაინც ექვემდებარებოდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს და მხოლოდ 1448 წელს, მიტროპოლიტ იონას მოქმედებით აღიარეს კიევის სამიტროპოლიტოს ავტოკეფალურობა, რომელიც მოსკოვში მდებარეობდა. ეს კათედრა არ გაუქმებულა ან ახალი არ შექმნილა მოსკოვში.
ანალოგიური შეიძლება ითქვას, როდესაც არაბების შემოსევის გამო მცხეთა დანგრეულია და აღარ არსებობს, სვეტიცხოველის მხოლოდ ნანგრევებია და იქ ბოსელია, თუ ჩვენ გავიხსენებთ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებას, ამ დროს საეკლესიო კრებები, საეკლესიო ცხოვრება გადასულია სამხრეთში, ჯავახეთში და იქ იმართება კრებებიც და იქ ირჩევენ კათალიკოსსაც. არსენ კათალიკოსი სწორედ ჯავახეთში იქნა არჩეული, მაგრამ ხომ არ შეიძლება ვთქვათ რომ, რახან ჯავახეთში არის კათედრა ამიტომ მცხეთა დამოუკიდებელი, სხვა ეკლესიააო, რა თქმა უნდა, არა. უბრალოდ, იმდროინდელი პოლიტიკური ვითარების გამო, რაც იყო არაბების დროს საქართველოში და კიევში მონღოლების დროს, კიევის კათედრა გადადის მოსკოვში, ჩვენთან კი – ჯავახეთში. ეს რეალობაა. პარალელი იმიტომ გავავლე, რომ მძიმე პოლიტიკური ვითარების გამო მოხდა ეს აქაც და იქაც. ერთი საუკუნის შემდგომ, უკვე 1588 წელს (ავტოკეფალურობის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ) თურქების ბატონობის ქვეშ მყოფმა კონსტანტინოპოლმა, მისმა პატრიარქმა და საპატრიარქომ სცნო რუსეთის საპატრიარქო ღირსებაც და მეხუთე ადგილიც დიპტიხშიც.ეს მოკლე ისტორია იმიტომ მოვიყვანეთ, რომ მოსკოვის დღევანდელი პატრიარქი არის კანონიკური საეკლესიო წესების მიხედვით, არის სრულუფლებიანი მემკვიდრე იმ კიევის მიტროპოლიტებისა ვლადიმერიდან მოყოლებული, რომელსაც წყვეტა არ ჰქონია და ის არის სრული უფლების მატარებელი, რომ იყოს პატრიარქი და ამ ყველა მემკვიდრეობის მტარებელი თავისი სამწყსოსთვის.
მე ისევ იმ კითხვას დავუბრუნდები: კარგით, ეს ისტორიაა, ეს რეალობა იყო ასეთი, მაგრამ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე აქვს თუ არა უფლება უკრაინის ეკლესია იყოს ავტოკეფალური? დიახ, რა თქმა უნდა, რახან ის დამოუკიდებელი სახელმწიფოა საეკლესიო კანონიკიდან გამომდინარე მას აქვს უფლება. ვიმეორებ, საეკლესიო კანონებიდან გამომდინარე, შეიძლება, რომ ჰქონდეს თავისი დამოუკიდებელი, თვითმმართველი, თვითმყოფადი ავტოკეფალური ეკლესია, მაგრამ როგორ, როდის და რა ფორმებით? ეს ფორმები ზუსტად ისეთივეა, როგორიც მოიპოვა თავის დროზე რუსეთის სამიტროპოლიტომ, როდესაც დედა ეკლესიამ (დედა ეკლესია იყო კონსტანტინოპოლის ეკლესია) აღიარა მისი შვილობილი ეკლესიის ავტოკეფალურობა. ეს მოთხოვნა აუცილებელი და მთავარია. რა თქმა უნდა, უფლება აქვს, რომ ჰქონდეს ავტოკეფალური ეკლესია, მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს გაფართოებული ავტონომია და ლამის იმაზე მეტი მდგომარეობა რაც კი ავტოკეფალურ ეკლესიას შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ეს უფლება, ეს სტატუსი უნდა მიანიჭოს დედა ეკლესიამ და დედა ეკლესია კი, უდავოდ არის მოსკოვის საპატრიარქო.
მამა ალექსანდრე: ახალა კი ერთი პატარა გადახვევა გავაკეთოთ. მხედველობაში მაქვს შეთანხმება სამართლმადიდებლო სამყაროში ავტოკეფალურობის სტატუსის მინიჭებისა, რომელიც არ მომხდარა. რუსეთის ეკლესია და გარკვეული ეკლესიები ამბობენ, რომ დედა ეკლესიამ უნდა მიანიჭოსო ეს სტატუსი, მაგრამ კონსტანტინოპოლი ამბობს, რომ მარტო მე უნდა მივანიჭოო. მოდით ვაღიაროთ, რომ ეს ნონსენსი გვაქვს დღეს მართლმადიდებელ ეკლესიაში. იმიტომ, რომ ორი დიპტიხი არსებობს. ეს არის კონსტანტინოპოლის მიერ აღიარებული და სლავური, რუსეთის მიერ აღიარებული. რუსეთი აღიარებს 15 ავტოკეფალურ ეკლესიას, კონსტანტინოპოლი არ ცნობს რუსეთის მიერ აღიარებულ 2 ეკლესიას: ამერიკის ავტოკეფალურ და იაპონიის ავტონომიური ეკლესიებს. ეს არის ორ ეკლესიას შორის დავის საგანი, რომელიც ალბათ მომავალ კრებაზე გადაწყდება საბოლოოდ.
დავუბრუნდეთკრიტერიუმებს. მინდა, რომ კარგად, სათითაო მუხლად ჩამოვყვეთ რის შემდეგ შეუძლია ეკლესიას მოითხოვოს ავტოკეფალია. მე ჩამოვთვლი და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი: 1. სახელმწიფოს სრული ან ნაწილობრივი დამოუკიდებლობა.
სახელმწიფო აუცილებლად შემდგარი უნდა იყოს. სრული დამოუკიდებლობა შეიძლება არ ჰქონდეს, მაგრამ ნაწილობრივი უნდა ჰქონდეს. ამ შემთხვევაში უკრაინას აქვს დამოუკიდებლობა. ამას უკრაინა აკმაყოფილებს); 2. ეთნიკურ-ენობრივი განსხვავება.
უკრაინა და რუსეთი სლავები არიან და ლიტურგიაზე ერთ ენაზე ლოცულობენ, მაგრამ უკრაინული ენა მაინც განსხვავდება რუსულისგან. ლიტურგიკული ენა ერთი აქვთ ბულგარელებს და სერბებს, მაგრამ ავტოლეფალური ეკლესია აქვთ. ასევე – ბერძნებს, იერუსალიმსა და ალექსანდრიასაც. ამასაც აკმაყოფილებს უკრაინა); 3. გეოგრაფიული დაშორება დედაეკლესიისგან.
კიევი რუსეთისაგან ნამდვილად დაშორებულია. სხვათა შორის ეს კრიტერიუმი იყო მაშინაც, რუსეთი კონსტანტინოპოლს რომ სთხოვდა ავტოკეფალიის მინიჭებას. ის პრობლემას მიუთითებდა, რომ 4000 კმ-ია მოსკოვიდან კონსტანტინოპოლამდე და ამის გადალახვა ურთიერთობისთვის რთული იყო. თან კონსტანტინოპოლი დაპყრობილი იყო თურქების მიერ, რაც კიდევ უფრო ართულებდა და საშიშს ხდიდა. ეს იყო ყველაზე მძიმე არგუმენტი, რის გამოც მიიღო მან თანხმობა ავტოკეფალიაზე); 4. მთელი ერის (მრევლის) სურვილი.
ამაში პრობლემა აქვს უკრაინას, რადგან ამ საკითხში ერთიანობა არ არის მრევლში.
ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ჯერ არ არის გადაწყვეტილი ვინ უნდა მიანიჭოს ავტოკეფალია და რა საფეხურები უნდა გაიაროს ქვეყანამ. კრიტერიუმები, რაც ვთქვით აკმაყოფილებს, მაგრამ საფეხურები, რომელიც გასავლელი აქვს მას, ეს არის სწორედ მისი ავტონომიურობა. ის ფაქტობრივად მისულია ზღვრამდე, მაგრამ ახლა სჭირდება ცოტა დრო და არა ასეთი რადიკალური, სქიზმატური, ფსევდონაციონალური და ფილიტეისტური განცხადებები ქვემეხებით და ზარბაზნებით, არამედ უნდა იაროს იმ სვლით, რომლითაც ჯერჯერობით კანონიკური ეკლესია დადის. უნეტარესი მიტროპოლიტი ონოფრე, დღეს უკვე ახლადარჩეული, ვინაიდან ვლადიმერი გარდაიცვალა. მიტროპოლიტი ონოფრე არ არის პრორუსული ორიენტაციის, ის არის უკრაინის შვილი და უკრაინელად თვლის თავის თავს და ის კანონიკურ ეკლესიაში იმყოფება, ევქარისტიულ კავშირშია მთელ მსოფლიო მართლმადიდებლობასთან. ამიტომ ის არ დგამს რადიკალურ ნაბიჯებს. თუმცა თავის დროზე, ალბათ, როცა ყველაფერი ჩაწყნარდება, დამშვიდდება და არ იქნება ქვემეხების სროლა, გადაწყდება ეს საკითხი.
არიან თეოლოგები რუსეთში, რომლებიც დედა ეკლესიას მოუწოდებენ, რომ უკრაინის კანონიკური ეკლესიას მიანიჭოს ავტოკეფალია, რომ არ მოხდეს საბოლოო ჩამოშორება და არ აღირიოს ეს ორი დაპირისპირებული მხარე. უმადლო ეკლესია და ცრუ პატრიარქი არ გაიგივდეს ჭეშმარიტ ეკლესიასთან. ისინი ამბობენ: „ჯობს, რომ ვაღიაროთ მისი ავტოკეფალია და ამ მხრივ მოგვარდება საკითხი. ცრუ ეკლესია დარჩება გარეშე და ვინც შეინანებს დაბრუნდება ამ ეკლესიაში და ის იქნება ავტოკეფალური ეკლესიის ნაწილი“.
დღევანდელი ქართული მედია აჭრელებულია მისი ფოტოებით და მის განცხადებებით. მასთან სააკაშვილი ჩადის ხოლმე, ჩვენი ქართველი პოლიტიკოსები ჩადიან მასთან და უშუალო კავშირი აქვთ. რამოდენიმე ქართველიც აკურთხეს სასულიერო პირად. ასევე, ამ ცრუ პატრიარქს აქვს ამერიკის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა. ჯონ მაკ-კეინი დაასაჩუქრა, დააჯილდოვა. ის პოლიტიკოსია ამავე დროს და კარგად იყენებს უკრაინელი ხალხის დამოუკიდებლობის ნაციონალურ განწყობებს. ამას აიგივებინებს ეკლესიასთან, ამით მოგებული რჩება დასავლეთთანაც და სხვა პარტნიორებთანაც. „მე მინდა დამოუკიდებლობა, რუსეთიდან გამოყოფა და ასევე მინდა გამოყოფა ეკლესიისა“– ო. აცხადებს იგი.
მთელი მართლმადიდებლური სამყარო უჭერს მხარს მიტროპოლიტ უნეტარეს ონოფრეს. ის ევქარისტიულ ერთობაშია საერთო მართლმადიდებლურ ეკლესიასთან და ამას ადასტურებს ახალი ინტერვიუები და გამონათქვამები. აი, მაგალითად: „კონსტანტინოპოლის საპატრიარქოდან წარდგინებულმა მიტროპოლიტმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინელი ხალხი უნდა იყოს თავისი ეკლესიის წიაღში უნეტარეს ონოფრესთან“. ასევე, ათონის წმინდა მთაზე ვატოპედის მონასტრის წინამძღვარმა ეფრემმა განაცხადა, რომ ( მისი სიტყვის კანონიკურ მნიშვნელობაზე არ ვსაუბრობ. ის ავტორიტეტია მართლმადიდებლურ სამყაროში, უბრალოდ პიროვნული დიდი ღვაწლი აქვს), „არ არსებობს უკრაინის და კიევის საპატრიარქო“.
მამა ლევანი: ამ მხრივაც, ამ სქიზმამ უდიდესი გათიშვა და დაბნეულობა გამოიწვია უკრაინულ მოსახლეობაში. წარმოიდგინეთ: აქეთ ავტონომიური გაფართოებული ეკლესია; მეორეს მხრივ სქიზმაში გასული დამოუკიდებელი საპატრიარქო; კიდევ უნიატური ეკლესია; კიდევ გრეკოლათინური ეკლესია და კიდევ ოთხი სხვა ეკლესია. ვინც ჩავა უკრაინაში, ეკლესიაში უნდა იკითხოს თუ რომელ მღვდელმთავარს ემორჩილებიან. ისე, გარეგნულად, მოწყობით ვერ შეატყობ არის თუ არა მართლმადიდებლური ტაძარი.
მამა ალექსანდრე: ამიტომ არის ყველაზე მძიმე და საშინელი ცოდვა ერესისგან განსხვავებით იმიტომ, რომ ერესს თავის დამახასიათებელი, არა მარტო საღვთისმეტყველო ნიშანი აქვს, არამედ განსხვავდება თავისი გარეგნული ფორმითაც. მონოფიზიტურ ტაძარში, რომ შეხვალ და ხატს ვერ დაინახავ, მიხვდები, რომ მთლად მართლმადიდებლური ვერ არის. ან კათოლიკურ ტაძარში შეხვალ და იქ რეალისტურ მხატვრობას ნახავ, იქაც მიხვდები, რომ ისე ვერ არის საქმე. პროტესტანტულში თუ შეხვალ, საერთოდ ვერ მიხვდები ტაძარში ხარ თუ საკონფერენციო დარბაზში, მაგრამ აქ, როცა ასე ძალიან ჰგავს ორი ეკლესია ერთმანეთს, ვერ ხვდები, მაგ: ორი კვერცხივით, გარეგნულად იდენტურია, მაგრამ ერთი ლაყე და უკვე დაზიანებულია, საშინელება ხდება შიგნით და მეორე, ჯანმრთელი და სიცოცხლის მომცემელია.
მოვუწოდოთ ჩვენი მედიის თანამშრომლებს, ჟურნალისტებს, რომ უფრო კვალიფიციურად გააშუქონ, გაერკვნენ სიტუაციაში, არ აურიონ ყველაფერი ერთმანეთში იმიტომ, რომ ეს არ არის პოლიტიკა ეკლესიის სფეროში. ამ მხრივ, ეკლესიას თავისი მკაცრი ჩარჩოები აქვს.
მამა ლევანი: და არ შეიძლება პოლიტიკური კონიუნქტურის გამო ჩვენ უპირატესობა მივანიჭოთ იმ ორგანიზაციას, რომელსაც ეწოდება „დამოუკიდებელი ავტოკეფალური ეკლესია უკრაინისა“ და ნამდვილი ეკლესია არ ვაღიაროთ ან არ გავაშუქოთ.
მამა ლევანი: თქვენ ახსენეთ, რომ ქართველი ერისკაციც ჰყავს ნაკურთხი სასულიერო პირად და ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ფილარეტი კანონიკურად, ეკლესიური ყველა წესის დაცვით დაყვანილია ერისკაცის ხარისხზე და შემდეგ შეჩვენებულია. ანათემიზირებულიც რომ არ იყოს, ის არის დაყვანილი ერისკაცის ხარისხზე და მას არანაირი უფლებამოსილება, ძალმოსილება და მადლმოსილება არა აქვს, რომ აკურთხოს და მღვდელმოქმედება ჩაატაროს (მღვდლის კურთხევა მოგეხსენებათ ერთ-ერთი დიდი საიდუმლოთაგანი არის), ამიტომ მის მიერ აღსრულებული საიდუმლოებები არ ითვლება აღსრულებულ საიდუმლოებებად.
მამა ალექსანდრე: ისევე, როგორც საქართველოშიც არიან ყოფილი სასულიერო პირები, რომლებიც არიან განკვეთილები და არც მათი მღვდელმოქმედება არის მადლმოსილი. ამიტომაც ვიყოთ ფრთხილად.
საქართველოში გადარჩენილები ვართ ამ მხრივ. გახსოვთ ალბათ, 90-იანი წლების ბოლოში იყო მცდელობა ამის, მაგრამ საქართველომ გადაიტანა და მოინელა ეს მისი უწმინდესობის და ქართული ეკლესიის ერთგულებით რწმენისა და ეკლესიურობის მიმართ.
ფილარეტის ეკლესიას აქვს მესამედი ეკლესიებისა და მონასტრებისა ნამდვილი ეკლესიისგან განსხვავებით. მთელი უკრაინის მოსახლეობის მესამედი, საეკლესიო ნაწილი ეპისკოპატიის, ეპარქიებისა და ტაძრებისა მის ხელშია.
მამა ლევანი: ეს დიდი ნაწილია, რა თქმა უნდა. ამიტომ ყველას მოვუწოდებთ, უკრაინაში ჩამსვლელი იქნება ეს თუ მედიასაშუალება, რომელიც აშუქებს ამ თემას. ძალიან გთხოვთ, იყავით კომპეტენტურები, და ნუ გააიგივებთ ეკლესიას და პოლიტიკას და ნუ გააშუქებთ ეკლესიას პოლიტიკური თამაშების ჭრილში.
მამა ალექსანდრე: და რუსეთის სიძულვილმა არ უნდა მიგიყვანოს ფილარეტის სიყვარულამდე.
დიდი მადლობა მობრძანებისათვის და ძალიან საინტერესო საუბრისთვის. ამით ვასრულებთ ძვირფასო ტელემაყურებლებო ჩვენს დღევანდელ ტელე-ეთერს.
დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ღმერთმა დაგლოცოთ… სპეციალურად გვერდისთვის მოამზადა მაგდა ჭიკაძემ