You are currently viewing ეკლესიურობა თუ იდეოლოგია?

ეკლესიურობა თუ იდეოლოგია?

Download article eBook

  ეკლესიურობა თუ იდეოლოგია? 

მამა ალექსანდრე შმემანი თავის «დღიურებში» ასე განსაზღვრავს იდეოლოგიას: ,,იდეოლოგია – ეს არის ქრისტიანობა მოწყვეტილი ქრისტეს და ამიტომაც აღმოცენდა და მეფობს «ქრისტიანულ სამყაროში»“.

1. 
აქვს თუ არა თანამედროვე იდეოლოგიას რელიგიური ფესვები? უნდა ავიღოთ თუ არა ქრისტიანებმა საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა «ქრისტიანობის იდეოლოგიურ მეტამორფოზებზე»?

2. როგორი უნდა იყოს ეკლესიის ურთიერთობის ენა გარესამყაროსთან, რომ ეს არ იქცეს იდეოლოგიის ენად?

პირველ კითხვას ჩამოვაყალიბებდი ასეთი სახით : თანამედროვე ეკლესიური ცხოვრების ზოგიერთ მხარეს ხომ არ აქვს მეტი იდეოლოგია, ვიდრე ჭეშმარიტი ეკლესიური აზრი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას თავს უფლებას მივცემ განვავრცო თვალთახედვა და რამდენიმე სიტყვით დავახასიათო თანამედროვე კულტურის მდგომარეობა. ჩემი აზრით, ეს მდგომარეობა ზუსტად შეაფასა ო.ა. სედოკოვამ თავის ინტერვიუში (გაზეთი „კულტურა“,N4,2008).

რამოდენიმე ამონარიდი ინტერვიუდან:
„ … ლევი სტროსმა, შეძლო არქაული კულტურის რთული სამყაროს აღწერა, რომელიც ჩვენი სამყაროსგან სრულიად განსხვავებულია. ის ფიქრობდა ადამიანურ სამყაროზე, პირველ რიგში როგორც აზრების, ნიშნების, სიმბოლოების, მნიშვნელობების სამყაროზე. სწორედ ამას შეისწავლიან ჰუმანიტარული მეცნიერებები. შეისწავლიან ადამიანს და მის დამოკიდებულებას მნიშვნელოვან თემებთან, ანთროპოლოგიას, ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით. თანამედროვე ცივილიზაცია თითქოს არ ფიქრობს ამ საკითხებზე, მან თითქმის სრულიად დაივიწყა ადამიანი. ადამიანი – მწარმოებელი, ადამიანი – მომხმარებელი, ადამიანი  ბიოლოგიურ და სოციალურ ურთიერთობებში – ამაზეა «პროგრესის» ყურადღება მიმართული. ადამიანს უკეთ კურნავენ, სიცოცხლეს და ახალგაზრდობას უხანგრძლივებენ, ართობენ, ასაქმებენ, ტვირთს უმსუბუქებენ, სულ ეს არის, მაგრამ რას წარმოადგენს ადამიანი, გრძნობს თუ არა ის თავს კარგად ტექნიკის ასეთ განვითარებაში, ასეთი სოციალური ურთიერთობის და არჩევანის, მრავალფეროვანი, წარმოუდგენელი თავისუფლების პირობებში? მისაღებია თუ არა მისი ასეთი არსებობა, თუ კიდევ რაიმეს ელიან მისგან?
გარემოს ტექნიკური დაპყრობის დაუოკებელი იდეა (უკვე ადამიანური მოცემულობისაც: გენური ინჟინერია) უკვე ყველაფერს მართავს,მას არასოდეს განიხილავენ ჰუმანიტარული თვალსაზრისით. არც ის აინტერესებთ, თუ რად დაუჯდება ადამიანს მისი ახალი სახის კომფორტი. ჩვენ, ახლა ბევრად ნაკლები ფიზიკური ძალისხმევა გვჭირდება, ვიდრე სულ ცოტა ხნის წინ, მაგრამ ჩვენი სმენა, ჩვენი მხედველობა, მთლიანად ჩვენი აღქმა განიცდის ისეთ აგრესიას, რომელიც ცოტა ხნის წინათ ადამიანისათვის უცნობი იყო. ამის გამო აღქმის უნარი მრუდდება და სუსტდება. იმისათვის, რომ ცხოვრებას აზრი ჰქონდეს ადამიანის სიცოცხლისათვის აუცილებელია დახვეწილი და განვითარებული აღქმის უნარი. ეს «არაჰუმანიტარული» ცივილიზაციის, მხოლოდ ერთი თვისებაა – როგორ იოლად შესწირავს ადამიანის ფსიქიკას, თავის მატერიალურ ყოფას. ცალმხრივი ტექნოკრატული და უტილიტარული განვითარება ემუქრება ადამიანს, როგორც სახეობას და მასთან ერთად მთელ ბუნებას…
თვით ჰუმანიტარულ მეცნიერებებშიც კი, ცოტა დარჩა ჰუმანიტარული. ის რაც უშუალოდ ეხება ადამიანის არსებას, როგორც HOMO SAPIENS. ისინიც აშკარად ტექნიკური მხარისაკენ მიილტვიან. ისინი აღწერენ მათი საგნების მატერიას (ლინგვისტი – ენის «მატერიალურ სხეულს», მუსიკათმცოდნე – მუსიკის და ა.შ), ისე რომ,მათი გააზრების საკითხიც არ დგას. უფრო მეტიც, ასეთი კითხვები «არამეცნიერულად»  ითვლება…
დღევანდელი ჰუმანიტარების აზროვნება თავისი სწორხაზოვნებით გვაგონებს XIX საუკუნის პოზიტივისტებს. ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან დარჩა მხოლოდ ორი – «სოციოლოგია და ფსიქოლოგია». ყველაფერი განიხილება სოციოლოგიური და ფსიქოლოგიური კუთხით. კითხულობ ნაშრომს შექსპირზე, იქ კი სოციოლოგიური კვლევაა, ან გენდერული ურთიერთობები, ან ფსიქოანალიზი – შექსპირის კომპლექსების კვლევა და ა.შ. მახსოვს საბჭოთა ხელოვნების და ლიტერატურის ისტორიის საშინელი მდგომარეობა, როდესაც ყველაფერი კლასობრივი ბრძოლის ენაზე ითარგმნებოდა, მაგრამ ფროიდის ან საბაზრო სტრატეგიის და გენდერული კვლევის ენა, სულაც არ არის მასზე უფრო მდიდარი“.

ავტორის ამ სიტყვებში ჩანს  დღევანდელი კულტურული სივრცის პრობლემა. კულტურა აღარ აწარმოებს ჰუმანიტარულ აზრებს – ანუ, აზრებს რომლებიც ასახავენ სიღრმეს, ადამიანის პიროვნების უნიკალურ და ინტიმურ მხარეებს, მის  დამოკიდებულებას ღმერთთან, სამყაროსთან, საკუთარ თავთან, სხვა ადამიანებთან. ეს ჩაანაცვლა უტილიტარულობამ, მასობრიობამ, ტექნოლოგიურობამ, გაშუალედებამ. ეს თვისებები მდარე ცივილიზაციის შედეგებია (ამ თემას მიეძღვნა ო.ა. სედოკოვას ცნობილი ლექცია). ცალკეულ ადამიანს აქვს რწმენა, გააჩნია თავისი ჩვეულებები, შეხედულებები, გემოვნება. თუ ეს ყველაფერი ნაზიარებია ჰუმანიტარულ აზრებს, ეს ხდის ადამიანს ნამდვილ ღირსეულ პიროვნებად. ადამიანში ჰუმანიტარული აზრების განვითარება გარკვეული იმუნიტეტიც არის იდეოლოგიის დასამარცხებლად. მისი არ არსებობის შემთხვევაში კი, პიროვნება გარდაიქმნება ბრბოს რიგით წევრად. მასში წარმოქმნილ სიცარიელეს ავსებს იდეოლოგია, როგორც გაშუალების პირდაპირი შედეგი, რომელიც ჯოგურობასთან არის შერწყმული.

ჰუმანიტარული აზროვნების საძირკველი ქრისტეს სახარებაა. სწორედ მან წარმოაჩინა ღვთაებრივი პიროვნების ფასეულობა და ღირსება, რომელიც ეზიარება თვით ქრისტეს და ემსგავსება მას. ეკლესია თვითონაა სახარების აღმსრულებელი, ჰუმანიტარული აზრების დამბადებელი –  ამას აკეთებდა წარსულში. აყალიბებდა და ხვეწდა ზნეობას, ანაყოფიერებდა და ქმნიდა ევროპულ ცივილიზაციასა და კულტურას.

დღესდღეობით (უფრო ზუსტად – უკვე დიდი ხანია), საზოგადოება არ არის იერარქიულად დამოკიდებული ეკლესიაზე, არც მის სულიერ და კულტურულ იმპულსებს ღებულობს, პირიქით – ეკლესია გახდა დამოკიდებული საზოგადოებაზე, მასში გაბატონებულ სულზე და მის ყოველმხრივ პარადიგმებზე. ამის გამო ეკლესია თანამედროვე ცხოვრების მსგავსად,  «ამოვარდნილია» ნამდვილი სახარებისეული კულტურის სივრციდან და აღარ აწარმოებს ჰუმანიტარულ აზრებს. ამ მდგომარეობის შედეგია ის, რომ თანამედროვე ეკლესიური კულტურა იძულებული ხდება დაიკავოს «თავდაცვითი პოზიცია». ის, თავის მხრივ, გამოუვალი მდგომარეობის გამო, თვითმიზნად ისახავს წარსულის ეთნოგრაფიულ რეკონსტრუქციას. სწორედ ამას განიცდიდა და ბევრს წერდა ამაზე მამა ალექსანდრე.

ამ მდგომარეობის შედეგია  ნომინალიზმი – ის, რაც მამა ალექსანდრეს განრისხებას იწვევდა. რა არის ეს (ეკლესიის აღქმა სოციალურ და კულტურულ კონტექსტში)?

ადამიანები ხედავენ, რომ ხშირად  სამრევლო ცხოვრებას ახასიათებს ისეთივე სისუსტე, როგორიც სოციუმს, კერძოდ: მერკანტილიზმი, საზოგადოებრივი ინტერესების არქონა, უკულტურობა, ობსკურანტიზმი, ზნეობრივი რელატივიზაცია, შეუწყნარებლობა და ა.შ. და როგორია ჩვენი «შიდაეკლესიური რეაქცია» ამ კრიტიკაზე? როგორი სიტყვებითაც არ უნდა შეიმოსოს ეს კრიტიკა, ის მაინც ორი რამით გამოიხატება:
1. «ჩვენ კი ცოდვილნი და უუნარონი ვართ, მაგრამ ეკლესია თავისთავად წმინდა და უბიწოა».
2. «და თუ ხალხი  ამას ვერ ხედავს და ვერ გრძნობს –  ეს მათი ბრალია».

სინამვილეში, თუ საღვთისმეტყველო ჭრილში განვიხილავთ «ჩვენი ცოდვები ეკლესიის სიწმინდეს ვერ შებღალავენ», მაგრამ სოციალური თვალსაზრისით, დღევანდელ ეკლესიას პირდაპირ ეხება მოციქული იაკობის სიტყვები: „რადგან, როგორც სხეულია მკვდარი სულის გარეშე, ასევე რწმენაა მკვდარი საქმეთა გარეშე“ (იაკ. 2.26). მოციქულები დაჟინებით ითხოვენ, რომ ჩვენი რწმენა გამოვავლინოთ საქმეებით (იაკ.2.18), რომ იგი სიყვარულით მოქმედებდეს (გალ.5.6). ქრისტიანები მოწოდებულნი ვართ იმისათვის, რომ ჩვენი რწმენის განძი ცხოვრებაში გამოვლინდეს, თუნდაც არასრულად, თუნდაც არც ისე ძლიერად, მაგრამ მაინც…  „ეგრეთ ბრწინევდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რაითა იხილონ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეცათასა“ (მთ.5,16). ჩვენ კი ასე გამოგვდის: თავს ვაფარებთ მოხერხებულ სწავლებას, რომ «ჩვენი ცოდვების მიუხედავად, ეკლესია მაინც წმინდაა», ამით ჩვენ ვაუქმებთ ზნეობრივ და კულტურულ ენერგიას და სასიცოცხლო ძალებს ამ სამყაროში კარგად მოწყობის სურვილის განსახორციელებლად ვიყენებთ, რითაც არაფრით არ განვსხვავდებით დაცემული სოციუმისაგან, როგორც მისი საწყისებით განმსჭვალულნი. გამოდის, რომ ეკლესიის განძი ჩვენთან ინახება, მაგრამ ცხოვრებაში (არა კერძოდ ერთი ქრისტიანის ცხოვრებაშ,ი არამედ ზოგადეკლესიურში) არ არის რეალიზებული. მოცემულ კონტექსტში ზუსტად ეს არის ნომინალიზმი – «იდეის თვითღირებულება, იდეის განუხორციელებლობა». მართლმადიდებელი ეკლესია ფლობს ჭეშმარიტების სისავსეს, მაგრამ ეს არ ვლინდება ჩვენს ცხოვრებაში.

ნომინალიზმს, თავისი არსით მივყავართ სამ საკითხთან:
1.
უხილავი ეკლესიის სწავლებასთან, ჩვენ პროტესტანტებს განვიკითხავთ ამის გამო. (გასაგებია რაზეც არის ლაპარაკი, ხილული ეკლესია ისეთივეა, როგორც სოციუმი, ხოლო სიწმინდეთა ღვთისმეტყველური განმარტებანი სიწმინდეზე, მიეკუთვნება ისეთ ეკლესიას, როგორსაც ვერავინ ხედავს და არც უნდა ხედავდეს, რადგან ეს «ხიბლის» მდგომარეობა იქნება);
2. ჩვენ შევადგენთ რა ეკლესიას, ნაკლებად ვართ არსით ეკლესიურნი, რადგან ჩვენი ეკლესიურობა გამოიხატება გარეგნული მხარეებით და არა ღმერთთან ურთიერთობით.
3. ამ მდგომარეობის გამართლება, ანუ – ზნეობრივი ადეკვატურობის დამახინჯება. ჩვენ არ გამოვხატავთ აღშფოთებას, პირიქით თავს ვიწყნარებთ იმით, რომ «ჩვენ ცოდვილი ადამიანები» ვართ.

სწორედ ეს არის იდეოლოგია – იდეის რეალობიდან მოწყვეტა «ქრისტიანობას ქრისტესგან მოწყვეტა» და მისი მცნებებისგან, რომლებიც არა მხოლოდ პირადი, სულიერი ცხოვრების სიღრმეებს ეხება, არამედ სოციალურ და კულტურულ მოვლენებსაც. სამწუხაროდ დღეს ბევრი ქრისტიანის ცხოვრება სწორედ იდეოლოგიით განისაზღვრება და არა მხოლოდ ნომინალიზმით, რომელიც რწმენის იდეოლოგიით ჩანაცვლების ღრმა საფუძველს წარმოადგენს. მას მიიჩნევენ ამა, თუ იმ სახის იდეოლოგიად : წმინდა მამების ტიპიკონის, წმინდა რუსეთის «სულიერების», ათონის, ბიზანტიის, ეთნოგრაფიის და ა.შ.. ამაზე სულ საუბრობს მამა ალექსანდრე თავის  «დღიურებში».

ამის კიდევ ერთი კულტურული გამოვლინებაა – «მართლმადიდებლობის ლექსიკის რელიგიად გადაქცევა» – მთავარია, სწორი ტერმინოლოგიითა და გამართულად ლაპარაკი. დღევანდელი ეკლესიური სუბკულტურის ლექსიკის დარღვევა მიიჩნევა პირდაპირ თავდასხმად მართლმადიდებლურ საფუძვლებზე. ვინაიდან ეკლესია, როგორც ვთქვი, უკვე დიდი ხანია კულტურულ პროცესებს აღარ მართავს, პირიქით, ემორჩილება მათ, ეკლესიაში მთელი ძალით შემოიჭრა პოსტმოდერნისტული რეალობა: სრულიად არაფერი არ დგას ამ ლექსიკის მიღმა. ტკბილად და ძალიან სწორად ვსაუბრობთ, ჩვენ ვცხოვრობთ როგორც ყველა. ამ პირობებში სიტყვა და აქედან გამომდინარე, აზრების მთელი ფენა, რომლებისკენაც ეს სიტყვები გვიბიძგენებ, აუცილებლად გარდაიქმნებიან  იდეოლოგიად.

ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე, ზედმეტია ლაპარაკი იმაზე, ვართ თუ არა, ამგვარ მდგომარეობაზე პასუხისმგებელნი ქრისტიანები. უდავოდ პასუხისმგებელნი ვართ თითოეული და ყველა ერთად. ვისაც მეტი მიეცა, მეტს მოსთხოვენ და ვისაც მეტს მიანდობენ, მას მეტსაც მოჰკითხავენ (ლკ.12,48), ასეა ნათქვამი სახარებაში და ჩვენ მოგვეცა მაქსიმალურად ბევრი – «ქრისტეს ეკლესია».

ახლა კი მოკლე პასუხი მეორე კითხვაზე, თუ «როგორი უნდა იყოს ეკლესიის ურთიერთობის ენა გარესამყაროსთან, რომ ეს არ იქცეს იდეოლოგიის ენად»?

ეკლესიის ადამიანებთან ურთიერთობის ენა არ უნდა იყოს ლექსიკა. ლექსიკა, როგორც ახლა ვთქვი, გადაიქცა იდეოლოგიად და მასთან გაიგივდა. დღეს ურთიერთობის ენა მხოლოდ აზრობრივი, რეალური უნდა იყოს. ეს ნიშნავს იმას, რომ რასაც ამბობს ეკლესია (აქ მე ვგულისხმობ ეკლესიის ორგანიზმის სოციალურ – კულტურული ცხოვრების მხარეს, არ შევეხები მის სულიერ შინაარსს, ქრისტეში პიროვნების ერთობას), აუცილებლად უნდა დაასაბუთოს ხილული საქმეებით, სხვა სიტყვებით რომ ვთქვა – იმისათვის, რომ ადამიანებს ადეკვატურად ესაუბროს, «ეკლესია უნდა დარჩეს ეკლესიად და არ უნდა იქცეს იდეოლოგიად», არამედ სახარებისეულად უნდა შექმნას მისი შინაგანი ცხოვრება. თუ ეკლესიამ, ცნობილი ისტორიული მიზეზების გამო ჯერ ვერ მოახდინა ძალების მობილიზება შიდაეკლესიური სრულფასოვანი მოღვაწეობისათვის, თუ მისი წევრების უმრავლესობა არ წარმოადგენს ზნეობრივი ცხოვრების ნიმუშს, ჩემი აზრით, მან არ უნდა იჩქაროს საზოგადოების მხილება, პრეტენზიების და მოთხოვნების წამოყენება.

რა არის ამისათვის საჭირო? მე ადრეც მიხდებოდა ამაზე საუბარი და წერაც. ყოველი ეკლესიური ქმედება იწყება ადამიანის გულიდან. იდეოლოგიასთან დაპირისპირება შეიძლება მხოლოდ პიროვნულად. «ქრისტიან და ჭეშმარიტად კულტურულ პიროვნებად ჩამოყალიბება» –  ეს არის ერთადერთი გზა ამ პრობლემის გადაწყვეტისა. როდესაც ეკლესიურ ორგანიზმში «კრიტიკული მასა»  ასეთი პიროვნებებისგან იქნება შემდგარი, ეკლესია აუცილებლად მოძებნის საზოგადოებასთან ურთიერთობის ადეკვატურ მეთოდს და კვლავ შეძლებს «ჰუმანიტარული აზრების» წარმოქმნასა და  საზოგადოებისათვის მიწოდებას, რაც ასე აუცილებელია დღევანდელ დღეს. რისი არქონაც ყოველგვარი იდეოლოგიის წარმოშობისათვის ნაყოფიერ ნიადაგს წარმოადგენს.

იღუმენი პეტრე მეშჩერინოვი