You are currently viewing კრეტის კრებაზე მიღებული დოკუმენტი: „მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში“

კრეტის კრებაზე მიღებული დოკუმენტი: „მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში“

Download article eBook

   მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში

მართლმადიდებლი ეკლესიის წვლილი ერებს შორის მშვიდობის, სამართლიანობის, თავისუფლების, ძმობისა და სიყვარულის მისაღწევად,  რასობრივი დისკრიმინაციის, ასევე, სხვა სახის დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად

  

„რამეთუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თჳსი მხოლოდ-შობილი მოსცა მას, რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (იოან. 3.16[ახ.ქართ.]). ქრისტეს ეკლესია მყოფობს „ამ სოფელში’’, მაგრამ არ არის „ამ სოფლისაგან“ (შდრ. იოან. 17,11 და 14-15[1]).  ეკლესია, როგორც განკაცებული სიტყვა ღმერთის სხეული, არის ცოცხალი „მყოფობა”და ეკლესია არის სამპიროვანი ღმერთის სასუფევლის ნიშანი და ხატი ისტორიაში, რომელიც მახარებელია „ახალი ქმნილებისა“ (II კორ. 5,17[2]), „ახალთა ცათა და ახალსა ქვეყანასა… რომელსა შინა სიმართლე დამკჳდრებულ არს“ (II პეტრ. 3,13[ახ.ქართ.1]), ქვეყანისა, რომლისგანაც უფალმა „აჴოცოს ყოველივე ცრემლი თუალთაგან მათთა (ადამიანების) და სიკუდილი არღარა იყოს, არცა გლოვაჲ, არცა ღაღადებაჲ, არცა ტკივილი, რამეთუ პირველნი იგი წარჴდეს“ (აპოკ. 21, 4[ახ.ქართ.2] ).

ამ სასოებით ეკლესია უკვე ცხოვრობს და წინასწარ განიცდის მას, განსაკუთრებით – საღვთო ევქარისტიის აღსრულებისას, „შეკრებისას ერთად“ (1 კორ. 11:20) „შვილთა ღმრთისათა განბნეულთა” (იოან. 11:52), მიუხედავად რასისა, სქესისა, ასაკისა, სოციალური და სხვა მდგომარეობისა, ერთ სხეულად, სადაც „არა არს ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არცა აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა“ (გალ. 3:28[ახ.ქართ.3] შეად. კოლ. 3:11[3] შერიგების, მშვიდობისა და სიყვარულის  ერთ რეალობაში.

„ახალი ქმნილების“, სახეცვლილი სამყაროს წინასწარი განცდით ეკლესია ცხოვრობს, აგრეთვე, თავისი წმინდანების სახით, რომლებმაც თავიანთი მოღვაწეობით და სათნოებით ამ ცხოვრებაშივე გააცხადეს ღვთის სასუფევლის სახე, დაამტკიცეს და დაადასტურეს, რომ  მშვიდობის, სამართლიანობისა და სიყვარულის სასოება არის არა უტოპია, არამედ „აღსრულება მოლოდებადისა“ (ებრ. 11:1), რომელიც მიიღწევა ღვთის მადლითა და ადამიანის სულიერი ღვაწლით.

ღვთის სასუფევლის იმედითა და წინასწარი განცდით მუდმივად შთაგონებული  ეკლესია არც ერთ ეპოქაში არ რჩება უგულისხმო ადამიანის პრობლემებისადმი;  პირიქით, ის იზიარებს მის წუხილს და ყოფით პრობლემებს, უფლის მსგავსად, თავის თავზე იღებს ტკივილსა და წყლულებს, რომელთა მიზეზი ქვეყანაში არსებული ბოროტებაა და, კეთილი სამარიტელის მსგავსად, „მოთმინებითა მით და ნუგეშინისცემითა“ (რომ. 15:4, ებრ. 13:22) და ქმედითი სიყვარულით ასხამს წყლულზე  ზეთსა და ღვინოს (ლუკ. 10:34[4]). მის სიტყვას, ხალხისადმი მიმართულს, პირველ რიგში, მიზნად აქვს არა მათი განკითხვა და განსჯა (იხ. იოან. 3,17 და 12,47[5] ), არამედ შეთავაზება ღვთის სასუფევლის სახარებისა, ვითარცა გზამკვლევისა, რომ მისცეს მათ იმედი და დაარწმუნოს, რომ ბოროტებას, რა სახითაც უნდა ავლენდეს იგი თავს, არ აქვს საბოლოო სიტყვა ისტორიაში და არ უნდა მიეცეს იმის ნება, რომ წარმართოს მისი მსვლელობა.

სახარების გზავნილის გადაცემა ქრისტეს უკანასკნელი მცნების თანახმად, „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქუენ”. (მათ. 28,19) წარმოადგენს ეკლესიის მარადიულ მისიას.

ეს მისია უნდა აღსრულდეს არა ძალდატანებით  ან პროზელიტიზმის სხავადასხვა ფორმით, არამედ სიყვარულით, თავმდაბლობით და ყოველი ადამიანის იდენტობისა და ყოველი ერის პოლიტიკური განსაკუთრებულობისადმი პატივისცემით. ამ მისიის აღსრულების მცდელომაში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ.

ამ პრინციპებზე დაყრდნობით, აგრეთვე, მამათა, ლიტურგიული და ასკეტური გადმოცემის ერთობლივი გამოცდილებისა და სწავლების  საფუძველზე, მართლმადიდებელი ეკლესია იზიარებს თანამედროვე ადამიანის საზრუნავსა და წუხილს იმ ყოფითი პრობლემების გამო, რომლებიც აღელვებს თანამედროვე სამყაროს, სურს წვლილი შეიტანოს მათ გადაწყვეტაში, რათა ქვეყანაში დაისადგუროს „მშვიდობამ ღმრთისამან, რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა“ (ფილიპ. 4:7), შემრიგებლობამ და სიყვარულმა.

 

ა. ადამიანური პიროვნების ღირსება

1. ადამიანური პიროვნების ღირსება, გამომდინარე მისი ღვთის ხატად და მსგავსად შექმნიდან და ადამიანისა და სამყაროს შესახებ ღვთის განზრახვის აღსრულებაში მონაწილეობიდან, იყო ეკლესიის მამათა შთაგონების წყარო, რომლებიც უღრმავდებოდნენ საღვთო განგებულების საიდუმლოს. ნიშანდობლივია წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის გამონათქვამი ადამიანის შესახებ: „შემოქმედი ქმნის, როგორც მეორე სამყაროს, მცირედში დიდს, ადგენს სამყაროში სხვა ანგელოზს, სხვადასხვა (შერეული) ბუნებისგან შექმნილ თაყვანისმცემელს, ხილულ ქმნილებაზე მზრუნველს, მესაიდუმლეს გონებით განსაჭვრეტი ქმნილებისას, მეუფედ მათზე, რაც დედამიწაზეა… დაქვემდებარებულს ზენა მეუფებისა, ცოცხალ არსებას, რომელიც აქ ემზადება სხვა სამყაროში გადასანაცვლებლად (რაც საიდუმლოს დასასრულს წარმოადგენს), ღვთისკენ მისწრაფებით მიაღწევს განღმრთობას“ (გრიგოლ ღვთისმეტყველი, სიტყვა 45, წმინდა აღდგომას წარმოთქმული, 7. PG 36, 632). ღვთის სიტყვის განკაცების მიზანი არის ადამიანის განღმრთობა. ქრისტემ, რომელმაც თავის თავში განაახლა ძველი ადამი (შდრ. ეფ. 2:15[6]), „განაღმრთო თავის თავში ადამიანი, წყარო ჩვენი სასოებისა“ (ევსები კესარიელი, მტკიცებულება სახარების სასარგებლოდ, 4, 14. PG 22, 289).

როგორც ძველ ადამში შეკრებილი იყო მთელი კაცობრიობის მოდგმა, ასევე ახალ ადამში შეიკრიბება მთელი კაცობრიობა.  „მხოლოდშობილი გახდა ადამიანი, რათა… ხელახლა შემოკრიბოს ერთად და დააბრუნოს პირველქმნილ მდგომარეობაში წარსაწყმედად განწირული მოდგმა“ ე.ი. კაცობრიობა  (კირილე ალექსანდრიელი, იოანეს სახარების განმარტება, 9,  PG 74, 273D-275A). ეკლესიის ეს სწავლება არის უშრეტი წყარო ყოველგვარი ქრისტიანული მცდელობისა ადამიანის  ღირსებისა და სიდიადის დასაცავად.

2. ამის საფუძველზე, ადამიანის ღირსების დასაცავად და მშვიდობის შესანარჩუნებლად, აუცილებელია ქრისტიანული ურთიერთთანამშრომლობის განვითარება ყველა მიმართულებით, რათა ყველა ქრისტიანის სამშვიდობო ძალისხმევას ჰქონდეს მეტი წონა და ძალა.

3. ამ სფეროში უფრო ფართო თანამშრომლობის წინაპირობად შეიძლება მივიჩნიოთ ადამიანის პიროვნების მაღალი ღირსების საყოველთაო აღიარება. მართლმადიდებელი ეკლესიები მოწოდებულნი არიან, რათა თავიანთი წვლილი შეიტანონ რელიგიათშორის დიალოგსა და თანამშრომლობაში, ამის მეშვეობით კი – ფანატიზმის ნებისმიერი გამოვლინების დაძლევაში, ხალხთა შორის მეგობრობის, თავისუფლებისა და მშვიდობის განსამტკიცებლად მთელ მსოფლიოში, ყოველი ადამიანის სასიკეთოდ, რასისა და რელიგიის მიუხედავად. იგულისხმება, რომ ეს თანამშრომლობა გამორიცხავს როგორც სინკრეტიზმს, ასევე, რომელიმე ერთი რელიგიის ძალადობის მცდელობას სხვა რელიგიებზე.

4. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ, როგორც „ღმრთის თანაშემწეებს“ (1 კორ. 3:9), ძალგვიძს განვავითაროთ ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ერთობლივი მსახურება კაცობრიობის საკეთილდღეოდ კეთილი ნების მქონე ხალხებთან ერთად, რომლებიც ისწრაფვიან ღვთის სათნო მშვიდობისათვის, ადამიანთა შორის სიკეთისათვის ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. ეს მსახურება არის ღვთის მცნება (მათ. 5:9[7]).

ბ. თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის შესახებ

1. ერთ-ერთ უმაღლეს ნიჭთაგან, რაც ღვთის მიერ ებოძა ადამიანს, როგორც პიროვნული ღმერთის ხატის კონკრეტულ მატარებელს, ისე პიროვნებათა თანაზიარს, რომელიც ადამიანის მოდგმის ერთობაში მადლით აირეკლავს წმინდა სამებაში საღვთო პირთა ცხოვრებასა და თანაზიარებას, არის თავისუფლების ნიჭი. „შექმნა რა (უფალმა) ადამიანი დასაბამიდან, მისცა მას თავისუფლება და თვითუფლებრივობა და მხოლოდ თავისი მცნების რჯულით შემოზღუდა“(გრიგოლ ღვთისმეტყველი, სიტყვა მე-14, მოწყალების შესახებ, 25. PG 35, 892Α). თავისუფლება წარმოაჩენს ადამიანს შესაძლებლობის მქონედ, რათა წარემატოს სულიერი სრულყოფილებისაკენ; მაგრამ, ამავე დროს, იგი საკუთარ თავში შეიცავს ურჩობის,  ღვთის მორჩილებიდან გამოსვლის საფრთხეს და ამის შედეგად ცოდვით დაცემას, რისაგანაც არის კიდეც სამყაროში ბოროტების  ტრაგიკული შედეგები.

2. ამ ბოროტების შედეგი დღეს არის ის, რომ თანამედროვე ცხოვრებაში დომინირებენ არასრულყოფილებანი და ნაკლოვანებანი, როგორიცაა გამიწიერებული აზროვნება, ძალადობა, ზნეობრივი დაცემა, ისეთი ნეგატიური გამოვლინებანი, როგორიც არის ნარკოტიკული და სხვა სახის დამოკიდებულება, რაც შესამჩნევია თანამედროვე ახალგაზრდობის გარკვეულ ნაწილში, რასიზმი, გამალებული შეიარაღება, ომები და ამის შედეგად გამოწვეული  სოციალური უბედურებანი,  შევიწროება ცალკეული სოციალური ჯგუფებისა, რელიგიური საზოგადოებისა და მთელი ხალხებისა, სოციალური  უთანასწორობა;  ადამიანების უფლებების შეზღუდვა სინდისის, თავისუფლების სფეროში, კერძოდ, რელიგიური თავისუფლებისა, დეზინფორმაცია და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება, ეკონომიკური სიღატაკე, არათანაბარი განაწილება ან სრული  არარსებობა  აუცილებელი საარსებო პირობებისა, მილიონობით ადამიანის შიმშილი, მოსახლეობის იძულებთი გადაადგილება ან ადამიანებით უკანონო ვაჭრობა, ლტოლვილთა მოზღვავება, გარემოს განადგურება, გენეტიკური ბიოტექნოლოგიებისა და ბიომედიცინის უკონტროლო გამოყენება ადამიანის სიცოცხლის დასაწყისთან, ხანგრძლივობასა და დასასრულთან მიმართებით. ყოველივე ამას შემოაქვს დაუსრულებელი  სტრესი   თანამედროვე კაცობრიობის ცხოვრებაში.

3. აღნიშნული გარემოებების წინაშე, რამაც დეგრადაციამდე მიიყვანა წარმოდგენა ადამიანური პიროვნების შესახებ,  მართლმადიდებელი ეკლესიის მოვალეობა დღეს მდგომარეობს იმაში, რომ ქადაგების, ღვთისმეტყველების, ღვთისმსახურებისა და სამოძღვრო მოღვაწეობის მეშვეობით წარმოაჩინოს თავისუფლების ჭეშმარიტება ქრისტეში. „ყოველივე ჯერ არს ჩემდა, არამედ არა ყოველი უმჯობეს არს; ყოველივე ჯერ არს ჩემდა, არამედ არა ყოველი აღმაშენებელ არს. ნუვინ თავისასა ხოლო ეძიებნ, არამედ მოყვასისასაცა თითოეული… რამეთუ რაისათვის აზნაურებაი ჩემი განიკითხვის სხვისა იჭვისაგან?“ (1 კორ. 10:23-24, 29[8]). თავისუფლება პასუხიმგებლობისა და სიყვარულის გარეშე მიგვიყვანს თავისუფლების დაკარგვამდე.

 

გ. მშვიდობისა და სამართლიანობის შესახებ

1. მართლმადიდებელი ეკლესია ოდითგანვე აღიარებს და აცხადებს, რომ მშვიდობასა და სამართლიანობას ხალხთა ცხოვრებაში ცენტრალური ადგილი უკავია.  ქრისტეში ეს გამოცხადება ხასიათდება, როგორც „სახარება მშვიდობისა“ (ეფ. 6:15), ვინაიდან ქრისტემ „მშვიდობა-ყო სისხლითა მის ჯუარისა მისისაითა“ (კოლ. 1:20), „გახარა მშვიდობა თქვენ, შორიელთა და მახლობელთა“ (ეფ. 2:17). ის გახდა „მშვიდობაი ჩვენი“ (ეფ. 2:14). ეს მშვიდობა, „რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა“ (ფილ. 4:7), როგორც თავად უფალმა უთხრა თავის მოწაფეებს ჯვარცმის წინ, უფრო ფართო და არსებითია იმ მშვიდობაზე, რომელსაც აღგვითქვამს სოფელი: „მშვიდობასა დაგიტოვებ თქვენ, მშვიდობასა ჩემსა მოგცემ თქუენ, არა ვითარ სოფელმან მოსცის, მე მოგცემ თქუენ“ (იოან. 14:27). ქრისტეს მშვიდობა არის მწიფე ნაყოფი, რომელიც ყოველივეს შემოკრებს: ადამიანის პიროვნებას, როგორც ღვთის ხატების, ღირსებისა და ადამიანთა მოდგმისა და სამყაროს სიდიადის გამოვლინებას, საყოველთაობას მშვიდობის პრინციპებისა, თავისუფლებასა და სოციალურ სამართლიანობას და, ბოლოს, ადამიანებსა და მსოფლიოს ხალხთა შორის ქრისტიანული სიყვარულის ნაყოფის მოწევნას. ჭეშმარიტი მშვიდობა არის ნაყოფი ქვეყანაზე ყველა  ქრისტიანული პრინციპის განმტკიცებისა. ეს არის მშვიდობა ზეციდან, რისთვისაც მუდამ ლოცულობს მართლმადიდებელი ეკლესია თავის ყოველდღიურ ლოცვებში, შესთხოვს ყოვლისშემძლე ღმერთს, რომელიც ისმენს მის ლოცვებს, ვინც  რწმენით მიდის მასთან.

2. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან ცხადი ხდება, თუ რატომ ლოცულობს მუდამ ეკლესია, როგორც „ქრისტეს სხეული“ (1 კორ. 12,27), მთელი მსოფლიოს მშვიდობისათვის, რომელი მშვიდობაც, კლიმენტი ალექსანდრიელის თანახმად, არის სინონიმი სამართლიანობისა (სტრომატის 4,25.  ΡG 8, 1369B-72A); ხოლო ბასილი დიდი დასძენს: „არ ძალმიძს დავარწმუნო ჩემი თავი, რომ ურთიერთსიყვარულისა და ყველასთან მშვიდობის გარეშე, რამდენადაც მე ეს ძალმიძს, შეიძლება ვიწოდო იესო ქრისტეს ღირსეულ მონად“ (წერილი  203, 2. PG 32, 737). ეს არის, როგორც იგივე წმინდა მამა წერს, იმდენად ცხადი ქრისტიანისათვის, რომ „არაფერი არ არის ისე დამახასიათებელი ქრისტიანისთვის, როგორც მშვიდობის ქმნა“ (ეპისტოლე, 114. ΡG 32, 528B). ქრისტეს მშვიდობა  არის მისტიკური ძალა, რომელიც გამომდინარეობს ადამიანის შერიგებიდან  ზეციურ მამასთან, „იესოს განგებულებით, რომელიც ყოველსა შინა ყოველივეს აღასრულებს და ჰყოფს მშვიდობას, რომელიც არის გამოუთქმელი უწინარეს საუკუნეთა წინაგანსაზღვრული და რომელმაც შეგვარიგა ჩვენ მასთან და მის მიერ მამაში“ (დიონისე არეოპაგელი, „საღვთოთა სახელთათვის”, 11, 5, ΡG 3,953AB).

3. ამასთან ერთად საჭიროა აღნიშვნა იმისა, რომ მშვიდობისა და სამართლიანობის ნიჭი დამოკიდებულია ადამიანის თანამოქმედებაზეც. სულიწმინდა მოგვმადლებს სხვადასხვა სულიერ ნიჭს, როდესაც სინანულით ვეძიებთ ღვთის მშვიდობასა და სამართლიანობას. მშვიდობისა და სამართლიანობის ეს ნიჭები ჩნდება იქ, სადაც  ქრისტიანები ძალისხმევას არ იშურებენ ჩვენს უფალ იესო ქრისტეში რწმენის, სიყვარულისა და სასოების საქმეში (1 თეს. 1,3[9]).

4. ცოდვა არის სულიერი სნეულება, რომლის გარეგნული სიმპტომებია კონფლიქტები, უთანხმოებანი, სხვადასხვაგვარი დანაშაული და ომები, თანმდევი ტრაგიკული შედეგებით. ეკლესია ისწრაფვის აღმოფხვრას არა მარტო ამ დაავადების გარეგნული სიმპტომები, არამედ თავად სნეულება –  ცოდვა.

5. ამავდროულად, მართლმადიდებელი ეკლესია თავს მოვალედ მიიჩნევს მოიწონოს ყველაფერი, რაც ნამდვილად ემსახურება მშვიდობას (რომ. 14,19[10]), და ხსნის გზას სამართლიანობის, ძმობის, ჭეშმარიტი თავისუფლებისა და ურთიერთსიყვარულისკენ ერთი ზეციური მამის ყველა შვილს შორის, ასევე, ყველა ხალხს შორის, რომლებიც წარმოადგენენ ერთ ადამიანურ ოჯახს. იგი თანაუგრძნობს ყველა ხალხის სატკივარს, რომლებიც დედამიწის სხადასხვა კუთხეში მოკლებულნი არიან მშვიდობისა და სამართლიანობის სიკეთეს.

 

დ. მშვიდობა და ომის პრევენცია

1. ქრისტეს ეკლესია საზოგადოდ გმობს ომს და მიიჩნევს მას, როგორც შედეგს სამყაროში არსებული ბოროტებისა და ცოდვისა. ვინაჲ არიან ბრძოლანი და ლალვანი თქუენ შორის? ანუ არა მიერვე გულისთქუმათაგან თქუენთა, რომელნი განწყობილ არიან ასოთა შინა თქუენთა?“ (იაკობი 4,1[ახ.ქართ.4]) ნებისმიერი ომი ემუქრება განადგურებით ღვთის ქმნილებასა და სიცოცხლეს.

შედეგები განსაკუთრებით მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით წარმოებული ომების შემთხვევაში იქნება სასტიკად შემზარავი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი გამოიწვევენ ადამიანების გაუთვალისწინებელი რაოდენობით სიკვდილს, არამედ იმიტომაც, რომ, ვინც გადარჩება, მისი სიცოცხლე იქნება გაუსაძლისი. გაჩნდება უკურნებელი დაავადებები, წარმოიქმნება გენეტიკური ცვლილებები და სხვა უბედურებები, რომლებიც კატასტროფულ გავლენას იქონიებენ მომდევნო თაობებზე.

მეტად დიდ საფრთხედ წარმოგვიჩნდება არა მხოლოდ ბირთვული, ქიმიური, ბიოლოგიური, არამედ ყველა სახის შეიარაღება, რომლებიც მათ მფლობელებს უქმნიან უპირატესობისა და გარემო სამყაროზე ბატონობის ილუზიას. მსგავსი შეიარაღება ამკვიდრებს შიშისა და უნდობლობის ატმოსფეროს და მიზეზი ხდება  ახალი, გამალებული  შეიარაღებისა.

2. ქრისტეს ეკლესია, რომელიც ომს ოდითგანვე მიიჩნევდა სამყაროში არსებული ბოროტებისა და ცოდვის შედეგად, ხელს უწყობს, დიალოგისა და სხვა მისაღები საშუალებების გამოყენებით, ნებისმიერ ინიციატივასა და მცდელობას, მიმართულს მის თავიდან ასაცილებლად. იმ შემთხვევაში, თუ ომი გარდაუვალია, ეკლესია აგრძელებს ლოცვას და ახორციელებს სამოძღვრო მზრუნველობას თავისი შვილებისადმი, რომლებიც მონაწილეობენ საბრძოლო ოპერაციებში საკუთარი სიცოცხლისა და თავისუფლების დასაცავად, ამავე დროს, მიმართავს მთელ ძალისხმევას მშვიდობისა და თავისუფლების დაუყოვნებლივ აღსადგენად.

3. მართლმადიდებელი ეკლესია მკაცრად გმობს სხვადასხვა სახის კონფლიქტებსა და ომებს, რომლებიც გამოწვეულია ფანატიზმით და სათავეს იღებს რელიგიური პრინციპებიდან. ღრმა შეშფოთებას იწვევს ქრისტიანებისა და სხვა საზოგადოებების დევნის გამუდმებული და მზარდი ტენდენცია მათი რწმენის გამო ახლო აღმოსავლეთსა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ასევე, ქრისტიანობის აღმოფხვრის მცდელობა მისთვის ტრადიციული რეგიონებიდან. ამგვარად, საფრთხე ექმნება არსებულ რელიგიათშორის და ერთაშორის ურთიერთობებს, ხოლო ბევრი ქრისტიანი იძულებული ხდება მიატოვოს თავისი სამყოფელი. მართლმადიდებლები მთელ მსოფლიოში თანაუგრძნობენ თავიანთ ქრისტიან ძმებს და ყველას, ვინც იდევნება მოცემულ რეგიონში, და მოუწოდებენ გამოინახოს სამართლიანი და საბოლოო გადაწყვეტა რეგიონში არსებული გამოწვევებისა.

 ასევე იგმობა ომები, რომლებიც შთაგონებულია ნაციონალისტური მოტივით და მიზნად ისახავს ეთნიკურ წმენდას, სახელმწიფო საზღვრების შეცვლასა და ტერიტორიების  მიტაცებას.

ე. მართლმადიდებელი ეკლესია დისკრიმანაციის წინააღმდეგ

1. უფალი, როგორც სიმართლის მეუფე (ებრაელთა 7, 2-3[11]), უარყოფს ძალადობასა და უსამართლობას (ფსალმუნი 10,5[12]) და გმობს მოყვასის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას (მათ. 25, 41-46, იაკობი 2, 15-16[14]). ეკლესიაში, რომელიც უკვე მკვიდრობს ამ ქვეყანაზე და რომელიც არის ხატი მისი სასუფევლისა, არა აქვს ადგილი არც სიძულვილს, არც მტრობასა და არც შეუწყნარებლობას (ისაია 11,6.[15] რომ. 12,10[16]).

2. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მართლმადიდებელ ეკლესიას უკავია ნათელი პოზიცია. ეკლესიას სწამს, რომ ღმერთმა შექმნნა ერთისაგან სისხლისა ყოველნი ნათესავნი კაცთანი დამკჳდრებად ყოველსავე ზედაპირსა ქუეყანისასა“ (საქმენი 17,26[ახ.ქართ.5]) და რომ ქრისტეში „არა არს ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არცა აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესუჲს მიერ“ (გალ. 3,28[ახ.ქართ.6]). კითხვაზედა ვინ არს მოყუას ჩემდა?“ ქრისტემ უპასუხა კეთილი სამარიტელის იგავით (ლუკა 10, 25-37). ამგვარად, იგი ასწავლიდა ყოველგვარი მტრობისა და ცრუ რწმენისაგან გამიჯვნას. მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს, რომ თითოეული ადამიანი, განურჩევლად კანის ფერისა, რელიგიისა, რასისა, სქესისა, ეროვნებისა, ენისა, შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად და სარგებლობს თანაბარი უფლებებით საზოგადოებაში. ამ რწმენით, ყველა ზემოხსენებული მიზეზით, მართლმადიდებელი ეკლესია არ იღებს დისკრიმინაციას, რადგან იგი აღიარებს ადამიანთა შორის ღირსების მიხედვით განსხვავებას.

3. ეკლესია პატივს სცემს ადამიანის უფლებებს და თანასწორუფლებიან დამოკიდებულებას ადამიანებს შორის, აფასებს ამ პრინციპების გამოყენებას საიდუმლოებების შესახებ მისი სწავლების შუქზე, ოჯახის, ეკლესიაში ორივე სქესის წარმომადგენელთა მდგომარეობას და, მთლიანობაში, საეკლესიო ტრადიციაზე დაფუძნებულ ღირებულებებს. ეკლესიას უფლება აქვს დაამოწმოს თავისი სწავლება საზოგადოებრივ სივრცეში.

ვ. მართლმადიდებელი ეკლესიის მისია, როგორც მოწმობა სიყვარულისა მსახურებაში

1. მართლმადიდებელი ეკლესია, აღასრულებს რა თავის გამომხსნელობით მისიას მსოფლიოში, ქმედითად ზრუნავს, რათა შეეწიოს ყველა ხალხს, რომლებიც საჭიროებენ დახმარებას: მშივრებს, უსახსრობაში მყოფთ, სნეულთ, ინვალიდებს, მოხუცებს, დევნილებს, ტყვეობაში მყოფთ, პატიმრებს, უსახლკაროებს, ობლებს, საომარი კონფლიქტებისა და კატასტროფების მსხვერპლთ, ადამიანებით ვაჭრობისა და მონობის თანამედროვე სახის მსხვერპლთ. მართლმადიდებელი ეკლესიის მცდელობა სიღატაკისა და სოციალური უსამართლობის დასაძლევად არის მისი რწმენის გამოხატულება და უფლის მსახურება, რომელმაც თავისი თავი გააიგივა თითოეულ ადამიანთან, და უფრო მეტად კი მათთან, ვინც საჭიროებს დახმარებას: რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ (მათე 25, 40). ამ მრავალმხრივი საზოგადოებრივი მსახურებით ეკლესიას შეუძლია ითანამშრომლოს სხვადასხვა შესაბამის საზოგადოებრივ ინსტიტუტთან.

2. სამყაროში არსებული წინააღმდეგობა და მტრობა წარმოშობს უსამართლობასა და უთანასწორობას საღვთო შესაქმის სიკეთეებში ადამიანებისა და ხალხების მონაწილეობაში. მილიონობით ადამიანი მოკლებულია ელემენტარულ კეთილდღეობას, რაც იწვევს ადამიანური არსებობის დეგრადაციას, მოსახლეობის მასობრივ გადაადგილებას, აღვივებს კონფლიქტებს ეროვნულ, რელიგიურ და სოციალურ ნიადაგზე, რაც საფრთხეს უქმნის საზოგადოების შინაგან შეკავშირებულობას.

3. ეკლესიას არ ძალუძს გულგრილი დარჩეს ეკონომიკური მდგომარეობის მიმართ, რომელიც უარყოფითად მოქმედებს მთელ კაცობრიობაზე. იგი მოითხოვს უცილობელ აღსრულებას იმისა, რომ ეკონომიკა არა მხოლოდ ზნეობრივ საწყისებს ეფუძნებოდეს, არამედ მისი მეშვეობით ქმედითად ემსახურებოდეს ადამიანს, თანახმად პავლე მოციქულის სწავლებისა:„ …ესრეთ მშრომელთა მათ და ჯერარს შეწყნარებაჲ უძლურთა მათ და მოჴსენებად სიტყუაჲ იგი უფლისა იესუჲსი,რამეთუ თავადმან თქუა: ნეტარ არს მიცემაჲ უფროჲს მოღებისა (საქმ. 20,35[ახ.ქართ.7]). ბასილი დიდი კი წერს, რომ „თითოეულმა თავის საქმეში მიზნად უნდა დაისახოს საჭიროებაში მყოფთა დახმარება და არა მხოლოდ საკუთარი მოთხოვნილების დაკმაყოფილება” (საკითხი 42 PG 31, 1025 A).

4. ეკონომიკური კრიზისის გამო დრამატულად იზრდება უფსკრული მდიდართა და ღარიბთა შორის, რაც, ჩვეულებრივ, არის შედეგი დაუოკებელი სპეკულაციისა ფინანსური წრეების წარმომადგენელთა მხრიდან, მცირედთა ხელში სიმდიდრის დაგროვებისა და გაუკუღმართებული ეკონომიკური საქმიანობისა, რაც მოკლებულია სამართლიანობას, ადამიანურობასა და პასუხისმგებლობას და, რომ შევაჯამოთ, ყოველივე ეს არ ემსახურება კაცობრიობის ჭეშმარიტ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას. სიცოცხლისუნარიანი ეკონომიკა არის ის, რომელიც სოციალურ სოლიდარობასთან ერთად ითავსებს ეფექტიანობასა და სამართლიანობას.

5. ამ ტრაგიკული გარემოებების ფონზე აშკარაა ეკლესიის უდიდესი პასუხისმგებლობა მსოფლიოში შიმშილისა და სიღარიბის სხვა გამოვლინებების დასაძლევად. ის ფაქტი, რომ ამგვარ გამოვლინებებს ადგილი აქვს ჩვენ დროში, როდესაც ქვეყნები ცხოვრობენ გლობალიზებული ეკონომიკის პირობებში, აჩვენებს თანამედროვე სამყაროს იდენტობის სერიოზულ კრიზისს, რადგან შიმშილი არა მხოლოდ საფრთხეს უქმნის მთელი ერების სიცოცხლის საღვთო ძღვენს, არამედ იგი შეურაცხყოფს ადამიანური პიროვნების სიდიადესა და სიწმინდეს და, იმავდროულად, შეურაცხყოფს თავად ღმერთს. ამრიგად, თუ ჩვენ საკუთარ საკვებზე ზრუნვა მატერიალური საკითხია, მოყვასის საკვებისთვის ზრუნვა არის სულიერი საკითხი (იაკობი 2, 14-18). შესაბამისად, ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის მისიაა, სოლიდარობა გამოუცხადოს გაჭირვებაში მყოფ ძმებს და აღმოუჩინოს მათ ეფექტური დახმარება.

6. ქრისტეს წმინდა ეკლესია თავის კათოლიკე (საყოველთაო) სხეულში აერთიანებს დედამიწის ბევრ ხალხს, ემხრობა ზოგადსაკაცობრიო სოლიდარობის პრინციპს და მხარს უჭერს ხალხებისა და სახელმწიფოების უფრო მჭიდრო თანამშრომლობას კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაჭრის საქმეში.

7. ეკლესიის წუხილს იწვევს ის, რომ სამომხმარებლო ცხოვრების წესი, რომელიც მოკლებულია ქრისტიანულ ზნეობას, მუდმივად, სულ უფრო მეტი ინტენსიურობით ინერგება მსოფლიოში. ამ თვალსაზრისით, მომხმარებლობას, სეკულარიზებულ გლობალიზაციასთან ერთად, ხალხები მიჰყავს სულიერი ფასეულობების დაკარგვამდე, ისტორიული მეხსიერებისაგან დაცლამდე და ტრადიციების დავიწყებამდე.

8. საინფორმაციო საშუალებები არაიშვიათად ემსახურებიან ლიბერალური გლობალიზაციის იდეოლოგიის რეკლამირებას და ამ გზით ხელს უწყობენ მომხმარებლობისა და უზნეობის გავრცელებას. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს უპატივცემულობის შემთხვევები, მკრეხელური დამოკიდებულებანი რელიგიური ღირებულებებისადმი, რაც განხეთქილებისა და შფოთის პროვოცირებას ახდენს. ეკლესია აფრთხილებს თავის შვილებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ცნობიერებაზე ზემოქმედების საფრთხის შესახებ, რომელსაც იყენებენ არა ადამიანებისა და ხალხების დაახლოების მიზნით, არამედ მათით მანიპულირებისთვის.

9. ეკლესია, ქადაგებისა და კაცობრიობისადმი მსახურების თავისი მაცხოვნებელი მისიის აღსრულების გზაზე, სულ უფრო მეტად აწყდება სეკულარიზმის გამოვლინებას. რწმენაზე დაყრდნობითა და თავისი ჭეშმარიტი მისიის შეხსენებით, ღვთის სასუფევლის უწყებისა და თავისი სამწყსოს ერთიანობის შეგნებით აღზრდის გზით, ქრისტეს ეკლესია მოწოდებულია ხელახლა გამოხატოს წინასწარმეტყველური მოწმობა და გაუცხადოს იგი მსოფლიოს. ამრიგად, მისთვის იხსნება მოქმედების ფართო ასპარეზი, რადგან თავისი ეკლესიოლოგიური სწავლების არსებითი ელემენტის სახით იგი წარმოაჩენს თანამედროვე დაქუცმაცებული სამყაროს წინაშე ევქარისტიულ თანაზიარებასა და ერთობას.

10. კეთილდღეობის მუდმივი ზრდისა და თავშეუკავებელი მომხმარებლობის მისწრაფებას კაცობრიობა გარდაუვალად მიჰყავს ბუნებრივი რესურსების არაპროპორციულ გამოყენებასა და მის ამოწურვამდე. ღმერთის მიერ შექმნილი სამყარო, რომელიც მიეცა ადამიანს დასამუშავებლად და დასაცავად (იხ. დაბადებ. 2,15[17]), განიცდის ადამიანის ცოდვების შედეგის გავლენას: რამეთუ ამაოებასა დაემორჩილა დაბადებული არა ნებსით, არამედ მის მიერ, რომელმანიგი დაამორჩილა,სასოებით. რამეთუ თჳთ იგიცა დაბადებული განვეთავისუფლდეს მონებისაგან ხრწნილებისა აზნაურებასა მას დიდებისა შვილთა ღმრთისათა. უწყით, რამეთუ ყოველი დაბადებული ჩვენ თანა კუნესის და თანაელმის მოაქამდე“ (რომ. 8, 20-22[18]).

ეკოლოგიური კრიზისი, რომელიც უკავშირდება კლიმატურ ცვლილებებს და პლანეტის გლობალურ დათბობას, ავალდებულებს ეკლესიას, მის ხელთ არსებული ყველა სულიერი საშუალებით თავისი წვლილი შეიტანოს და უზრუნველყოს ღვთის ქმნილების დაცვა ადამიანური სიხარბის  შედეგებისაგან.

გაუმაძღრობა, გამოვლენილი მატერიალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, იწვევს ადამიანის სულიერ სიღატაკეს და გარემოს განადგურებას. არ უნდა დავივიწყოთ, რომ დედამიწის ბუნებრივი სიმდიდრე არის საკუთრება არა ადამიანისა, არამედ შემოქმედისა: უფლისაჲ არს ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი, სოფელი და ყოველნი დამკჳდრებულნი მას შინა  (ფსალმ. 23,1[ახ.ქართ.8] ).

ამრიგად, მართლმადიდებელი ეკლესია ადასტურებს ღმერთის შესაქმის დაცვის აუცილებლობას ადამიანის პასუხისმგებლობის გამოვლენით ღვთის მიერ ბოძებული გარემოს მიმართ, თავშეკავების სათნოებითა და თვითშემოზღუდვით. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ არა მარტო დღევანდელ, არამედ მომავალ თაობებსაც აქვთ უფლება  სხვადასხვაგვარ ბუნებრივ სიმდიდრეზე, რომლებიც შემოქმედმა გვიბოძა.

11. მართლმადიდებელი ეკლესიისათვის სამყაროს მეცნიერული გამოკვლევის შესაძლებლობა არის უფლის საჩუქარი ადამიანის მიმართ. ამასთან ერთად, ამ დადებითი მიდგომის მიუხედავად, ეკლესია მიუთითებს იმ საფრთხეთა შესახებ, რომლებიც ზოგიერთი მეცნიერული მიღწევის გამოყენებაშია. ეკლესია თვლის, რომ მეცნიერი თავისუფალია თავის კვლევებში, მაგრამ ვალდებულია შეწყვიტოს კვლევა, როდესაც ამით ირღვევა ძირითადი ქრისტიანული და ჰუმანური პრინციპები: ყოველივე ჯერარს ჩემდა, არამედ არა ყოველი უმჯობეს არს“ (1 კორ. 6,12), სიკეთე არ არის სიკეთე, თუკი იგი აღესრულება არაკეთილად“ (გრიგოლ ღვთისმეტყველი, სიტყვა საღვთისმეტყველო Α, 4, PG 36, 16C). ეკლესიის ეს პოზიცია მრავალმხრივ აუცილებელია – თავისუფლების საზღვრების განსასაზღვრად და მეცნიერების მონაპოვართა გამოსაყენებლად, რომლებისგანაც თითქმის ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი – ბიოლოგიაში, მოსალოდნელია როგორც წარმატებები, ასევე, საფრთხე. ამავდროულად, ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ადამიანური სიცოცხლის სიწმინდეზე მისი ჩასახვის მომენტიდან მის ბუნებრივ სიკვდილამდე.

12. ამ ბოლო წლებში შეიმჩნევა მკვეთრი განვითარება ბიოლოგიური მეცნიერებების და მათთან დაკავშირებული ბიოტექნოლოგიისა. თუმცა ბევრი ამ მიღწევათაგან მიჩნეულია ადამიანისათვის სასარგებლოდ, მაგრამ ზოგიერთი მათგანის გამოყენება ქმნის ზნეობრივ დილემებს, ზოგი კი უარსაყოფია. მართლმადიდებელ ეკლესიას სწამს, რომ ადამიანი არ არის უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების უბრალო ერთიანობა და არც განისაზღვრება მხოლოდ ბიოლოგიური ფაქტორებით. ადამიანი არის ღმერთის ხატისებრი ქმნილება (დაბ. 1,27[19]) და ამიტომაც მასთან მიმართებით აუცილებელია სათანადო პატივისცემის გამოჩენა. ამ ფუნდამენტალური პრინციპების აღიარებას მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ, როგორც მეცნიერული კვლევების დროს, ასევე, ახალი აღმოჩენებისა და გამოგონების პრაქტიკული გამოყენებისას, გვმართებს დავიცვათ ყოველი ადამიანის აბსულუტური უფლება მისდამი პატივისცემისა სიცოცხლის ყველა ეტაპზე.  ასევე, აუცილებელია პატივი ვცეთ ღვთის ნებას, როგორც ის ცხადდება ქმნილებაში. კვლევა უნდა ითვალისწინებდეს ზნეობრივ და სულიერ პრინციპებს და ქრისტიანულ დადგენილებებს. გვმართებს, სათანადო პატივისცემა მივაგოთ ღმერთის მთელ ქმნილებას, როგორც ადამიანის მიერ მისი გამოყენებისას, ისე კვლევების წარმოების შემთხვევაში, თანახმად ღვთის მიერ მისდამი მიცემული მცნებისა (დაბ. 2,15).

13. სეკულარიზაციის ამ ეპოქაში, სულიერი კრიზისის ფონზე, რაც დამახასიათებელია თანამედროვე ცივილიზაციისთვის, განსაკუთრებით თავს იჩენს საჭიროება, რომ წინა პლანზე წამოიწიოს ცხოვრების სიწმინდის მნიშვნელობა. თავისუფლების მცდარი გაგება, რომ ყველაფერი დასაშვებია, იწვევს დანაშაულის ზრდას, სიწმინდეების განადგურებასა და შებილწვას, მოყვასის თავისუფლებისა და  სიცოცხლის სიწმინდის უპატივცემულობას. მართლმადიდებლური წმიდა გარდამოცემა, ქრისტიანული ჭეშმარიტებების ცხოვრებაში განხორციელებით ჩამოყალიბებული, არის სულიერებისა და ასკეტური ხასიათის მატარებელი, რაც ჩვენ ეპოქაში განსაკუთრებით უნდა გამოიკვეთოს  და წარმოჩნდეს.

14. ეკლესიის განსაკუთრებული სამოძღვრო მზრუნველობა ახალგაზრდებზე, ხანგრძლივი და უცვლელი, გულისხმობს მათ აღზრდას ქრისტესში. თავისთავად, ეკლესიის სამოძღვრო პასუხისმგებლობის მასშტაბი ვრცელდება, ასევე, ღვთივმონიჭებული ოჯახის ინსტიტუტზე, რომელიც ყოველთვის და აუცილებლად ეფუძნებოდა ქრისტიანული ქორწინების წმინდა საიდუმლოს, როგორც მამაკაცისა და ქალის ერთობას, რაც გამოხატავს ქრისტესა და ეკლესიის კავშირს (ეფეს. 5,32). ეს აქტუალურია, თუ მხედველობაში მივიღებთ ზოგიერთ ქვეყანაში ისეთი თანაცხოვრების ფორმების ლეგალიზაციის მცდელობას, რაც ეწინაააღმდეგება ქრისტიანულ გადმოცემას და სწავლებას, და რის გამართლებასაც საღვთისმეტყველო საფუძველზე ცდილობენ ქრისტიანულ საზოგადოებებში. ეკლესია, რომელიც ესწრაფვის ქრისტეს სხეულში ყველას თავმოყრას, შეახსენებს ამქვეყნად მომავალ ყველა ადამიანს, რომ ქრისტე კვლავ მოვა მეორედ, „განსჯად ცოცხალთა და მკუდართა“ ( პეტრ. 1.4-5) და რომ „მისი სუფევისა არა არს დასასრულ“ (ლუკ. 10,33).

15. თანამედროვე ეპოქაში, ისევე, როგორც ყველა დროში, ეკლესიის წინასწარმეტყველური და სამოძღვრო ხმა მიმართულია ადამიანის გულისაკენ და, პავლე მოციქულთან ერთად, უხმობს მას მიიღოს და განიცადოს რაოდენი არს ჭეშმარიტ, რაოდენი პატიოსან, რაოდენი მართალ, რაოდენი წმიდა, რაოდენი საყუარელ, რაოდენი საქებელ, რაოდენი სათნო და რაოდენი ქებულ (ფილიპ. 4,8[ახ.ქართ.9]) ჯვარცმული უფლის მსხვერპლშეწირული სიყვარული, როგორც ერთადერთი გზა ადამიანებსა და ხალხებს შორის მშვიდობის, სამართლიანობის, თავისუფლებისა და სიყვარულის სამყაროსაკენ, იმ ერებში, რომელთა ერთადერთი და უკანასკნელი საზომი ყოველთვის არის მთელი სამყაროს სიცოცხლისათვის შეწირული უფალი (შდრ. აპოკ. 5. 12[20]). ეს არის უსაზღვრო სიყვარული სამპიროვანი ღმერთისა, მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, რომლისა არს დიდება და ძალი უკუნითი უკუნისამდე ამინ.

წყარო: patriarchate.ge